საქმის ნომერი: 2/6273-13
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2/6273-13 (2013-08-01), www.temida.ge
საქმის № 2/6273-13

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       01 აგვისტო, 2013 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
დიანა ბერეკაშვილი

სხდომის მდივანი: ნათია ქავთარაძე-გელაშვილი
მოსარჩელე: ს. ყ.
წარმომადგენლები: გ. მ.
მოპასუხე: დ. კ.
წარმომადგენლები: მ. ბ., თ.ქ., ნ.ჩ.
დავის საგანი: გარიგების ბათილად ცნობა და მოსარჩელეზე საკუთრების უფლების აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი ს. ყ.-სა და დ. კ.-ს შორის 2012 წლის 22 ოქტომბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და სადავო უძრავი ქონება - ქ. თ., ს. დ. (საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX.XXX) აღირიცხოს მოსარჩელის საკუთრებაში.

სარჩელის საფუძვლები

1.2. აღნიშნული ხელშეკრულება დადებულია მოსარჩელის - ს. ყ.-ს მოტყუებით.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

შესაგებლის საფუძვლები:

2.2. სადავოდ ქცეული ხელშეკრულება შეესაბამება ს. ყ.-ს გამოვლენილ ნებას და შესაბამისად მოტყუებით დადებული გარიგება სახეზე არ გვაქვს.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები


3.1.1. უძრავი ქონება მდებარე ქ. თ., ს. დ.-ში (დაზუსტებული ფართობით 928 კვ.მ. საკადასტრო კოდით №XX.XX.XX.XXX/XXX) 2012 წლის 15 ოქტომბერს აღირიცხა ს. ყ.-სა და ვ. ბ.-ს სახელზე. 2012 წლი 19 ოქტომბერს, მესაკუთრეთა განცხადების საფუძველზე განხორციელდა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაყოფა და ს. ყ.-ს ინდივიდუალურ საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ნივთი დაზუსტებული ფართობით 707.00 კვ.მ და მიენიჭა სარეგისტრაციო კოდი №XX.XX.XX.XXX.XXX:

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 53, 59);

3.1.2. 2012 წლის 22 ოქტომბერს ს. ყ.-სა და დ. კ.-ს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის თაობაზე ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ს. ყ.-ს საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონება გადავიდა დ. კ.-ს საკუთრებაში. ამავე წლის 23 ოქტომბერს მომზადდა შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესრიდან, რომელშიც უძრავი ქონების მესაკუთრედ მიეთითა დ. კ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2012 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულება (ს.ფ. 63);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 66);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 2012 წლის 22 ოქტომბერს ს. ყ.-სა და დ.კ.-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშკრულება არ წარამოადგენს მოტყუებით დადებული გარიგებას.

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

მოსარჩელე სადავო გარიგებების ბათილად ცნობის მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ იგი არი უსინათლო და სმენადაქვეითებული შესაბამისად, ხელშეკრულებას ისე მოაწერა ხელი, რომ არ გასცნობია მის შინაარს, ხოლო მოპასუხემ მოატყუა , განუმარტეს რომ მას გამიჯვნის ხელშეკრულებებზე უნდა მოეწერა ხელი. ამ გარემოებების დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ჯანმრთელობის ცნობა და მოწმის სახით დაიკითხა მოსარჩელის დისშვილი და ძმისშვილი. სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებლებები არ არის საკმარისი მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეზე წარმოადგენილია ასევე სხვა ხელშეკრულებები სადაც ასევე ხელი მოპასუხემ თავად მოაწერა, არ გამოთქვამს პრეტენზიას იმის შესახებ, რომ უსინათლობის ან სმენის დაქვეითების გამო არ შეუძლია ხელშეკრულებების შინაარსის აღქმა. საქმეზე მოწმედ დაკითხულმა მოსარჩელის ნათესავებმა მხოლოდ ის აღნიშნეს რომ მოსარჩელეს სურდა სახლის გაყიდვა და სხვაგან გადასვლა და მას ბინა როგორც თავად მოსარჩელემ უთხრა გაქირავებული ჰქონდა მოპასუხის ოჯახზე, რომლებმაც სახლს მართლაც ჩაუტარეს სარემონტო სამუშაოები და დააყენეს ალაყაფის კარი.

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს. განსახილველ შემთხვევაში, რაიმე სახის მტკიცებულებები, რომლითაც დადასტუდებოდა, რომ სადავო გარიგებაზე მისი ხელმოწერით გამოვლენილი ნება არ შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას, მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა.

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სასამართლო მიიჩნევს რომ, ვინაიდან სახეზე არ გვაქვს მოტყუებით დადებული გარიგება, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე; 81-ე მუხლი.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მოცემული ნორმის როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე სისტემური განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების ამოსავალი პრინციპი ნების გამოვლენაა, ხოლო თუ ნების გამოვლენა ხარვეზიანია, კანონმდებელი ასეთი შემთხვევებისათვის შესაბამის იურიდიულ შედეგებს ითვალისწინებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდიდიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, ძილში, ჰიპნოზურ მდგომარეობაში გამოხატული ნება და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას მართოს ნების გამოხატვის ფორმები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება, ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევებში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანმდევი შედეგებისაგან. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე 2012 წლის 22 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნების არანამდვილობაზე აპელირებს იმის გამო, რომ არ იცოდა რა შინაარსის დოკუმენტს მოაწერა ხელი. აღნიშნული ფაქტობრივი მდგომარეობის სამართლებრივი კვალიფიკაციის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია იმ ფაქტი დადგენა, თუ რა სახის მოტყუება წარმოადგენს გარიგების ბათილობისა და მისი ყველა თანმდევი შედეგის ანულირების საფუძველს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლში მოცემულია ე.წ. „თვალსაჩინოების სტანდარტი“, რაც გამოხატულებას პოულობს ნორმის ფრაზაში - „აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა“. ამდენად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენაში ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოცემულ შემთხვევაში, დოკუმენტში, რომელსაც ს. ყ.-მ ხელი მოაწერა, დეტალურად, გარკვევით, თანმიმდევრულად აღწერილი იყო გარიგების შინაარსი. შესაბამისად, მას ჰქონდა დოკუმენტში აღწერილი და მის მიერ გამოსავლენი ნების შეცნობის ობიექტური შესაძლებლობა (აქვე აღსანიშნავია, რომ გარემოება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის უუნარობას აღექვა და გონივრული ანალიზი გაეკეთებინა დოკუმენტისათვის - მიმდინარე სამართალწარმოებით არ გამოკვეთილა). რაც შეეხება მოტყუებას და მოტყუების საფუძველზე არანამდვილი ნების გამოვლენას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ქმედუნარიან ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი ქმედუნარიანი ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, ს. ყ.-მ იმ დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომელშიც აღწერილი იყო მის მიერ გამოსავლენი ნების შინაარსი, რის შესახებაც, მისი განმარტებით, ინფორმირებული არ იყო, ვერ განიხილება მოტყუებად გარიგების შინაარსში: სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს ჰქონდა დოკუმენტის შინააარსის გაცნობის შესაძლებლობა, ხოლო თუ დავუშვებთ, რომ იგი მართლაც არ გასცნობია ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს ნდობით განპირობებულ უხეშ გაუფრთხილებლობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კი ითვალისწინებს გარიგების ბათილობას იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო, რაც გამოიხატება ნების გამომვლენის მიერ დოკუმენტის ხელმოწერაში მისი შინაარსის გაცნობის გარეშე. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარეემოებაზე რომ საქმეში წარმოდგენილია სხვა ხელშეკრულებები მათ შორის საკრედიტო ხელშკრულებები სადაც სადავო გარიგების დადებიდან იმავე დროის გონივრულ მონაკვეთში მოპასუხე გამოხატავს სხვადასხვა გარიგების დადების ნებასაც, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის მოსარჩელის ჯანმრთელობის (მხედველობისა და სმენის) პრობლემების გამო მის ქმედუნარიანობაში ეჭვისა შეტანის რწმენის საფუძველს. აღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას ნასყიდობის თანხის გადაუხდელობის და შეუსაბამისობის გამო გარიგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებითაც, რადგან მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით ისინი შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასზე რომელიც განისაზღვრა 30.000 ლარით, საიდანაც გადაიხადეს 27 000 ლარი და გარიგებაში მითითებულია არასწორი თანხა, ხოლო მოსარჩელის განმარტებით კი მას არანაირი თანხა მოპასუხისაგან არ მიუღია სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ მოცემული დავის საგანს არ წარმოადგენს ნასყიდობის ფასის გადახდა და ამგვარის დადგენის შემთხვევაშიც თანხის გადაუხდელობა არ იწვევს გარიგების ბათილობას.

7. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. ს. ყ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 აპრილის განჩინება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც ყადაღა დაედო დ. კ.-ს (პ/ნXXXXXXXXXXX) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე: თ., ს. დ. (ზ. თ., -XX, სექტორი -XX, კვარტალი - XX, ნაკვეთი XXX/XXX;) საკადასტრო კოდი #XX.XX.XX.XXX.XXX.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში;