ნახვები: 280
საქმის ნომერი: 2/17008-2012
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2/17008-2012 (2013-12-04), www.temida.ge
საქმის № 2/17008-2012

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       04 დეკემბერი, 2013 წელი
თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ლაშა ქოჩიაშვილი

სხდომის მდივანი: მარი კირვალიძე
მოსარჩელე (თავდაპირველ სარჩელში) : ი.ფ.
წარმომადგენელი: ნ.მ.
მოპასუხეები თავდაპირველ სარჩელში: მ.კ.;მ.კ.;გ.გ;ნ.გ.
წარმომადგენელი: დ.კ.
დავის საგანი (თავდაპირველ სარჩელში) : უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელში) : მ.კ.
მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში): ი.ფ.
დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში): უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
მესამე პირი (დამოუკიდებელი სასარჩელო მთხოვნით):მ.გ.
მოპასუხე (მესამე პირის სარჩელში) : ი.ფ.
დავის საგანი (მესამე პირის სარჩელში): უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
მესამე პირები (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) : გ.გ.; გ.კ.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა (თავდაპირველ სარჩელში)


მოსარჩელე ი. ფ. ითხოვს მ. კ.-ს, მ. კ.-ს, გ.გ.-ს და ნ. გ.-ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას ქ.თ.-ში, კ.-ს ქ. #XX-ში მდებარე უძრავი ქონება და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს ი. ფ.-ს.
მოსარჩელის მითითებით, არის ქ.თ.-ში, კ.-ს ქ. #XX-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე და მოპასუხეები უკანონოდ ფლობენ მის საკუთრებაში არსებულ ქონებას.

2. მოპასუხის პოზიცია
(თავდაპირველ სარჩელზე)
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ როგორც ი. ფ., ისე მ. და მ. კ.-ები არიან გ. კ.-ს მემკვიდრეები და გააჩნიათ უფლება ქ.თ.-ში, კ.-ს ქ. #XX-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე, ი. ფ. მათგან ფარულად გახდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე, იგი არ ფლობდა სამკვიდროს და უკანონოდ აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ.

სასარჩელო მოთხოვნა (შეგებებულ სარჩელში)
მ. კ. შეგებებული სარჩელით ითხოვს ცნობილი იქნას ქ.თ.-ში, კ.-ს ქ. #XX-ში მდებარე უძრავი ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრედ. შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით მას ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს სამკვიდრო.

სასარჩელო მოთხოვნა (მესამე პირის სარჩელში)
მესამე პირი _ მ. გ. ითხოვს ცნობილი იქნას ქ.თ.-ში, კ.-ს ქ. #XX-ში მდებარე უძრავი ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრედ. მ.გ.-ს მითითებით მას ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს სამკვიდრო.

მოპასუხის პოზიცია (შეგებებულ სარჩელსა და მესამე პირის სარჩელზე)
ი. ფ.-მ შეგებებული სარჩელი და მესამე პირის სარჩელი არ ცნო.

მესამე პირის პოზიცია
გ. გ.-მ აღნიშნა, რომ გაურკვეველია როგორ აღირიცხა ი. ფ. სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ, როდესაც ქ.თ.-ში, კ.-ს ქ. #XX-ში მდებარე უძრავ ქონებას ფლობს მისი და _ მ. გ. და მამიდაშვილი _ მ. კ. გ. გ. თანახმა არის უძრავი ქონების 1/3-1/3 ნაწილის მესაკუთრეებად ცნობილი იქნან მ. კ. და მ. გ.

გ. კ.-ს სასამართლოსათვის არ მოუმართავს და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.

3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები


3.1.1 თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ფ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. ფ. ცნობილი იქნა პაპის, გ. კ.-ს სახელზე ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღრიცხული ქონების, კერძოდ ქ.თ.-ში, კ.-ს ქუჩა #XX-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის (ფართი 83,12 კვ.მ.) მემკვიდრედ და დაევალა საჯარო რეესტრის სამსახურს მოეხდინა სათანადო ცვლილებების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (ს.ფ. 73-75).
3.1.2 საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ქ.თ.-ში, კ.-ს ქ. #XX-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX.XXX, მიწის ნაკვეთი 126 კვ.მ., შენობა-ნაგებობები 83,12 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი 17,20 კვ.მ. _ რეგისტრირებულია ი. ფ.-ს საკუთრებად (ს.ფ. 15).
3.1.3 საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობებით დადგენილია, რომ ო. კ., ზ. კ. და ნ. გ. (ქორწინებამდელი გვარი _ კ.) არიან გ. კ.-ს შვილები. მ. და გ.კ.-ები არიან ო. კ.-ს შვილები, ი. ფ. არის ზ. კ.-ს შვილი, ხოლო მ.და გ. გ.-ები არიან ნ. გ.-ს შვილები (ს.ფ. 37-39; 140; 141).
3.1.4 დადგენილია, რომ ნ. კ. 1961 წლის 14 მარტს დაქორწინდა ო. გ.-თან და მიიღო მეუღლის გვარი _ გ. (ს.ფ. 142) ნ. გ.ი გარდაიცვალა 2000 წლის 23 სექტემბერს (ს.ფ. 143); ო. კ. გარდაიცვალა 1996 წლის 05 დეკემბერს (ს.ფ. 40).
3.1.5 ქორწინების მოწმობის მიხედვით 1912 წელს დაბადებული გ. კ. 1930 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 1914 წელს დაბადებულ მ. ა.-თან, რომელმაც ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი _ კ. (ს.ფ. 41) მ. კ. გარდაიცვალა 1995 წლის 09 ივნისს (ს.ფ. 42) გ. კ.გარდაიცვალა 1959 წლის 09 იანვარს (ს.ფ. 43).
3.1.6 საინფორმაციო ბარათის მიხედვით დადგენილია, რომ მ. კ. 1998 წლის 27 მაისიდან რეგისტრირებულია გ.-ს ქ. #XX-ში (ს.ფ. 44).
3.1.7 საქმეში წარმოგენილი სანოტარო წესით დამოწმებული 2002 წლის 08 თებერვლის განცხადების მიხედვით, გ. ო.-ს ძე კ.-მ უარი თქვა გ. კ.-ს სამკვიდროდან წილის მიღებაზე მამიდაშვილის _ ი. ფ.-ს სასარგებლოდ (ს.ფ. 96).
3.1.8 საინფორმაციო ბარათის მიხედვით, გ. კ. რეგისტრირებულია გ.-ს რაიონის სოფელ ქ.
3.1.9 ნოტარიუს ე.ყ.-ს 2002 წლის 11 თებერვლის დადგენილებით ი.ფ.-ს უარი ეთქვა გ. კ.-ს ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ, ვინაიდან ი.ფ.-მ ვერ წარადგინა განცხადებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულება და ქ.თ.-ში, კ.-ს ქ. XX-ში მდებარე უძრავი ქონების ფაქტობრივად ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულება (ს.ფ. 97)
3.1.10 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 18 თებერვლის ინფორმაციის მიხედვით, თბილისის საკრებულოს 2007 წლის 28 თებერვლის #XX დადგენილების საფუძველზე, ქ.თ.-ში, კ.-ს ქუჩას მიენიჭა გ.-ს სახელი (ს.ფ. 118-119).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1 მოწმე მ. ლ.-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ო. კ. ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილთან _ მ. კ.-თან ერთად ქ.თ.-ში კ.-ს ქ.#XX-ში, ამჟამად ამ მისამართზე ცხოვრობს მ. კ. ოჯახით, ი. ფ. აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდა, მხოლოდ სტუმრად მიდიოდა (სხდომის ოქმი: 25.10.2013).
3.2.2 მოწმე შ. ლ.-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მ. კ. დაიბადა, გაიზარდა და დღემდე ცხოვრობს ქ.თ.-ში, კ.-ს ქ.#XX-ში, მ. გ. ცხოვრობს ამავე მისამართზე და საცხოვრებელ სახლში აქვს ერთი ოთახი. ი. ფ.-ს ქ.თ.-ში კ.-ს ქ. #XX-ში არ უცხოვრია (სხდომის ოქმი: 11.11.2013).
3.2.3 მოწმე რ. გ.-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ქ.თ.-ში, კ.-ს ქ.#XX-ში ცხოვრობდა ო. კ., მისი მეუღლე მ. კ. და მათი შვილი, ამჟამად აღნიშნული მისამართზე ცხოვრობს მ.კ. ოჯახით და მ. გ.-საც აქვს აღნიშნულ სახლში ერთი ოთახი, ი. ფ.-ს დედა _ ზ. კ. ადრე გარდაიცვალა, ი. ფ. იქნებოდა დაახლოებით 2-3 წლის და იგი იზრდებოდა ბებიასთან (მამის დედასთან) გ.-ს ქუჩაზე. გ. კ. არის ო.კ.-ს შვილი სხვა ქორწინებიდან და მას ქ.თ.-ში, კ.-ს ქ.#XX-ში არ უცხოვრია (სხდომის ოქმი: 27.11.2013).
3.2.4 მოწმე ფ. ხ.-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ქ.თ.-ში კ.-ს ქ. #XX-ში ცხოვრობდა გ. კ. მეუღლესთან და შვილებთან _ ო. კ.-თან, ზ. კ.-თან და ნ. გ.-თან (ქორწინებამდელი გვარი კ.) ერთად, ო. კ.-ს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ერთი შვილი _ გ. კ., როდესაც ო. კ. დაშორდა პირველ მეუღლეს, გ. კ.-ც დედასთან ერთად წავიდა ქ.თ.-ში, კ.-ს ქ. #XX-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან. ო.კ. დაქორწინდა მეორედ და ქ.თ.-ში კ.-ს ქ. #XX-ში ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილთან _ მ. კ.-თან ერთად. ამჟამად აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს მ. კ. ოჯახთან ერთად (სხდომის ოქმი: 27.11.2013).

სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა


საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. ფ.-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მ. კ.-ს შეგებებული სარჩელი და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირის _ მ. გ.-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421 მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
6.2 სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.
6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება, სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.
6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ გ. კ.- გარდაცვალების შემდეგ, ქ.თ.-ში, კ.-ს ქ. #XX-ში მდებარე უძრავ ქონებას ფლობდნენ მ.კ.-ს და მ. გ.-ს მშობლები და მშობლების გარდაცვალების შემდეგ აღნიშნული უძრავი ქონების ფლობას და მართვას აგრძელებენ მ. კ. და მ. გ., რაც გულისხმობს, რომ მ. კ.-მ და მ. გ.-მ კანონით დადგენილი წესით მიიღეს სამკვიდრო, რის გამოც ცნობილი უნდა იქნენ ქ.თ.-ში, კ.-ს ქ. #XX-ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად. ხოლო, რაც შეეხება გ. კ.-ს, რომელმაც უარი თქვა გ. კ.-ს სამკვიდროდან წილის მიღებაზე მამიდაშვილის _ ი. ფ.-ს სასარგებლოდ, იგი სამკვიდრო ქონებას არ ფლობდა და არც სანოტარო ორგანოში ჰქონდა შეტანილი განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ, საინფორმაციო ბარათის მიხედვით გ. კ.რეგისტრირებულია გ.-ს რ.-ს სოფელ ქ.-ში.
6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
6.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთი გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
მოცემულ შემთხვევაში, მ. კ.-ს და მისი ოჯახის წევრებს აქვთ ქ.თ.-ში, კ.-ს ქ. #XX-ში მდებარე უძრავი ქონების ფლობის უფლება, რის გამოც ი. ფ.-ს სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან დაკმაყოფილდა მ. კ.-ს შეგებებული სარჩელი და მესამე პირის _ მ. გ.-ს სარჩელი, ი. ფ.-ს მ. კ.-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 120(ასოცი) ლარის გადახდა და მ. გ.-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.

სარეზოლუციო ნაწილი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 247-249-ე, 364-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ი. ფ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მ.კ.-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.
3. მ.კ. ცნობილი იქნას ქ.თ.-ში, კ.-ს ქ. #XX-ში მდებარე, ი. ფ.-ს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი #XX.XX.XX.XXX.XXX, მიწის ნაკვეთი: 126 კვ.მ, შენობა-ნაგებობები: 83,12 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი: 17,20 კვ.მ.) 1/3 ნაწილის მესაკუთრედ.
4. მ. გ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
5. მ. გ. ცნობილი იქნას ქ.თ.-ში, კ.-ს ქ. #XX-ში მდებარე, ი. ფ.-ს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი #XX.XX.XX.XXX.XXX, მიწის ნაკვეთი: 126 კვ.მ, შენობა-ნაგებობები: 83,12 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი: 17,20 კვ.მ.) 1/3 ნაწილის მესაკუთრედ.
6. ი. ფ.-ს მ. კ.-ს სასარგებლოდ დაეკისროს 120(ასოცი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
7. ი. ფ.-ს მ. გ.-ს სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.