საქმის ნომერი: 2ბ/3613-11
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ვანო წიკლაური,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი განუხილველი დარჩა, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: ას-660-621-2012
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სასამართლომ, ხელშეკრულების მუხლების განმარტების საფუძველზე, დაადგინა რომ სრული პროფესორს წლიური დატვირთვის ზევით განხორციელებული საქმიანობა სამეცნიერო ხელმძღვანელობისათვის ექვემდებარებოდა დამატებით ანაზღაურებას.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/3613-11 (2012-02-27), www.temida.ge
საქმის № 2ბ/3613-11

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       27 თებერვალი, 2012 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვანო წიკლაური

სხდომის მდივანი - ქეთევან ფხოველიშვილი, ლელა მეტრეველი

აპელანტი - ა. კ.

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ი. გ. ს. თ. ს. უ.

წარმომადგენელი - ლ. ბ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა. კ.-ს სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე სსიპ ი. გ. ს. თ. ს. უ.-ს მიმართ, დოქტორანტებისათვის გაწეული სამეცნიერო ხელმძღვანელობისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების 8496 (რვაათას ოთხასოთხმოცდათექვსმეტი) ლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოება

2.1. თ. ს. უ.-ს, მოსარჩელესა და დოქტორანტებს (ლ. კ., გ. გ., ი. მ., ნ. კ. და ა. დ.), შორის 2008 წლის 14 მარტს გაფორმდა ხელშეკრულებები სამეცნიერო-კვლევითი და ფინანსური ურთიერთობების დასარეგულირებლად. ხელშეკრულების მე-3.2 მუხლის თანახმად დოქტორანტის ხელმძღვანელის დატვირთვა სემესტრში განისაზღვრა 15 საათით;

უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №348-ის თანახმად 2007-2008 სასწავლო წელს სრული პროფესორის წლიური დატვირთვა განისაზღვრა 240 საათით. დოქტორანტების ხელმძღვანელობისთვის კი, ზღვრული ნორმების ზემოთ ანაზღაურდებოდა სემესტრში 15 სთ-ის ოდენობით (1 საათის ღირებულება 20 ლარი).

უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 26 სექტემბერის №356 ბრძანებით სრული პროფესორის წლიური დატვირთვა განისაზღვრა 500 საათით. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. ბრძანების საფუძველია - წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება (ოქმი №2.24.09.08).

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება:

2.3. თესაუ-ს რექტორის 2007 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №348-ის პირველი პუნქტით დადასტურებულია, რომ 2007-2008 სასწავლო წელს სრული პროფესორის წლიური დატვირთვა განისაზღვრა 240 საათით. ბრძანების მოქმედების ვადად განსაზღვრულია 2007-2008 სასწავლო წელი.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.4. საქართველოს სსკ მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.

საქართველოს სსკ 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

დადასტურებულია და მოსარჩელეც სადავოდ არ ხდის, რომ მოსარჩელესა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შორის 2007 წლის 24 სექტემბერს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია სამუშაო შეასრულოს ,,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის, თესაუ-ს შინაგანაწესის და შესაბამისი ფაკულტეტის დებულებათა გათვალისწინებით.

თესაუ-ს რექტორის 2007 წლის 19 დეკემბრის №348-ე ბრძანების პირველი პუნქტით დადასტურებულია, რომ 2007-2008 სასწავლო წელს სრული პროფესორის წლიური დატვირთვა განისაზღვრა 240 საათით. ბრძანების მოქმედების ვადად განსაზღვრულია 2007-2008 სასწავლო წელი.

უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 26 სექტემბერის №356 ბრძანებით სრული პროფესორის წლიური დატვირთვა განისაზღვრა 500 საათით; აღნიშნული ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება (ოქმი №2.24.09.08), რომლითაც დადგენილია, რომ 500 საათის ზევით ჩატარებული საათები არ ანაზღაურდება. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს მითითებული ბრძანება და მისი საფუძველი - უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება (ოქმი №2.24.09.08) სადავოდ არ გაუხდია. აღნიშნული ტარიფით დადგენილი საშტატო განრიგი და ტარიფები უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” პუნქტის შესაბამისად დამტკიცებულია განათლების სამინისტროს მიერ.

საქართველოს სსკ 102.1 მუხლის თანახმად, სარჩელში მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა რა მოსარჩელეს, მისი განმარტების გარდა არანაირი მტკიცებულებებით არ იქნა დადგენილი, რომ თესაუ-ს რექტორის 2007 წლის 19 დეკემბრის №348-ე ბრძანების მოქმედების ვადა 2007-2008 სასწავლო წლის გარდა გავრცელებული იქნეს მომდევნო წლებზეც და უნდა აუნაზღაურდეს 240 საათის ზევით მის მიერ ჩატარებული 360 საათი (8.496 ლარის ოდენობით). მითითებული ბრძანებით განისაზღვრა სრული პროფესორის წლიური დატვირთვა 2007-2008 სასწავლო წელს 240 საათით, რაც მეორე მხარის მიმართ მომავალ წლებში რაიმე ვალდებულებას არ წარმოშობს.

მოსარჩელის განმარტება, რომ თესაუ-ს რექტორის 2007 წლის 19 დეკემბრის №348 ბრძანებას არ შეიძლება მიენიჭოს უკუქმედების ძალა და იმოქმედოს 2008 წლის 14 მარტს ხუთ დოქტორანტთან დადებული ხელშეკრულების აღსრულებაზე, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად სასწავლო დაწესებულება ყოველ ახალ სასწავლო წელს ამზადებს ახალ საშტატო განრიგს და ტარიფებს, რომელსაც სამოქმედო ძალა მხოლოდ იმ კონკრეტულ სასწავლო წელს აქვს, ხოლო წინა სასწავლო წლის აქტები მასთან მიმართებაში ძალადაკარგულია.

3.სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი:



3.1. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაშვებულია ფაქტობრივი უსწორებები. სასამართლოს გადაწყვეტილება ცალმხრივად ეყრდნობა მოპასუხის წარმომადგენელთა არგუმენტებს და მხოლოდ იმეორებს მათ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 და 31-ე მუხლებით, კოდექსის აღნიშნული მუხლები გამოიყენა არა მათი მოთხოვნების, შინაარსის შესაბამისად, არამედ გამოიყენა კოდექსის ამ მუხლების მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, ხოლო აღნიშნული კოდექსის მე-16 მუხლი სასამართლომ გამოიყენა უადგილოდ და უსაფუძვლოდ, რადგან მას სასარჩელო მოთხოვნასთან არაფერი საერთო არ აქვს. აპელანტი მიიჩნევს, რომ მის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 და მე-18 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” პუნქტის გამოყენება და გადაწყვეტილების მიღებისას ამ მუხლით ხელმძღვანელობა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის მე-2.3; მე-6, მე-10 მუხლის მე-3 ნაწილი, 316-ე მუხლები. ასევე სასამართლომ არ გამოიყენა ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლი, რომლის თანახმად ნორმატიულ აქტს ვერ მიეცემა უკუძალა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს არცერთი მოსაზრება თუ დასკვნა სამართლებრივად დასაბუთებული არ არის.

4.გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული და მათ არ მიეცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც საამართლოს მიერ გამოტანილი ინქა არასწორი გადაწყვეტილება და იგი ექვემდებარება გაუქმებას შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების გათვალისწინებით.

4.1.ფაქტობრივი დასაბუთება

4.1.1 2007 წლის 24 სექტემბრის #352 ბრძანებით ა. კ. დაინიშნა ი. გ. ს. თ. ს. უ.-ს სოციალურ მეცნიერებათა სამართლისა და ბიზნესის ფაკულტეტზე – სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (იხ. ს.ფ. 25)

4.1.2. 2010 წლის 24 სექტემბრის #1/306 ბრძანებით ა. კ.-ს აკადემიური თანამდებობის დაკავების ვადა გაუგრძელდა 2012 წლის სექტემბრამდე.

4.1.3. სრული პროფესორის ხელფასი შეადგენდა 850 ლარს 2008 წლის სექტემბრიდან (იხ. ს.ფ. 69).

4.1.4. 2007 წლის 19 სექტემბრის #348 ბრძანებით 2007–2008 სასწავლო წლისათვის სრული პროფესორისათვის წლიური დატვირთვა განისაზღვრა 240 საათით აქედან 180 სთ. უნდა დათმობოდა სასაწავლო კომპონენტს (ლექცია), ხოლო 60 საათი კვლევით სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელობას. ამავე ბრძანების მე–2 პუნქტის მიხედვით დოქტორანტის ხელმძღვანელობისათვის დატვირთვა ზღვრული ნორმების ზემოთ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას 15 საათის ოდენობით (ერთი საათი 20 ლარი (იხ. ს.ფ. 66).

4.1.5. 2008 წლის 26 სექტემბრის #356 წლის ბრძანებით ცვლილება შევიდა 2007 წლის 19 სექტემბრის #348 ბრძანებაში და სრული პროფესორის წლიური დატვირთვა განისაზღვრა 500 საათით აქედან 180–240 სთ დაეთმო სასწავლო კომპონენტს, ხოლო ხელმძღვანელობისათვის დატვირთვა არ არის დაფიქსირებული. ასევე აღარ მიეთითა, რომ დოქტორანტის ხელმძღვანელობისათვის დატვირთვა ზღვრული ნორმების ზემოთ ანაზღაურდებოდა 15 საათის ოდენობით (იხ. ს.ფ. 67, 65)

4.1.6 2008 წლის 14 მარტის ხელშეკრულებებით და მხარეთა ახსნა–განმარტებებით უდავოდ დგინდება, რომ ი. გ. ს. თ. ს. უ.-ში 2008 წლის 14 მარტს ეკონომიკის თეორიის სპეციალობით დოქტორანტურაში ჩაირიცხა და ა. კ.-ს ხელმძღვანელობით სწავლა დაიწყო ხუთმა დოქტორანტმა (ლ. კ., გ. გ., ი. მ., ნ. კ. და ა. დ.). დადგენილია და სადავო არ არის, რომ თითოეულ დოქტორანტთან გაფორმდა 2008 წლის 14 მარტს ხელშეკრულება ცალ–ცალკე (იხ. ს.ფ. 54, 58, 60, 62, 57) . მითითებული ხელშეკრულებებით მხარეები – ერთის მხრივ, ი. გ. ს. თ. ს. უ., მეორეს მხრივ, დოქტორანტები და მესამეს მხრივ, სადისერტაციო თემის ხელმძღვანელი – ა. კ. შეთანხმდენენ სამეცნიერო–კვლევითი და ფინანსური ურთიერთობების დასარეგულირებლად შემდეგზე: „უნივერსიტეტი ვალდებულებას იღებს თვისი მატერიალურ ტექნიკური და აკადემიური შესაძლებლობებიდან გამომდინარე უზრუნველყოს დოქტორანტებისათვის შესაფერისი სამეცნიერო–კვლევითი გარემოს შექმნა, თემის ხელმძღვანელი ვალდებულია ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულებისა და წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად წარმართოს მუშაობა დოქტორანთან მისი სამეცნიერო ლიდერად ჩამოყალიბებისათვის. დოქტორანტი ვალდებულია იმუშაოს სადოქტორო თემაზე“. ამავე ხელშეკრულების მე–3 მუხლით მხარეებმა შეათანხმეს ფინანსური ურთიერთობები, კერძოდ „დოქტორანტი ვალდებულია სადოქტორო პროგრამის ათვისებისათვის უნივერსიტეტს ყოველწლიურად გადაუხადოს 2000 ლარი, სადოქტორო პოროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 3 წელს ამავე მუხლის თანახმად დოქტორანტის ხელმძღვანელის დატვირთვა სემესტრში განისაზღვრება 15 საათით (ერთი საათის ღირებულება განისაზღვრება 23,60 ლარით) (იხ. ს.ფ. 55.)

4.1.7. საქმეში წარმოდგენილი ი. გ. ს. თ. ს. უ.-ს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანის მიერ გაცემული ცნობების მონაცემებით (იხ. ტ 1. ს.ფ. 71, 72, 73, 75,) სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ:

– 2008 –2009 სასწავლო წელს ა. კ.-ს მიერ ჩატარებულია მთლიანად 480 საათი. აქედან 150 საათი დაეთმო 2008 წლის 14 მარტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ დოქტორანტების (5 დოქტორანტი) სამეცნიერო ხელმძღვანელობას.
– 2009–2010 სასწავლო წელს ა. კ.-ს მიერ ჩატარებულია მთლიანად 630 საათი. აქედან 150 საათი დაეთმო 2008 წლის 14 მარტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ დოქტორანტების (5 დოქტორანტი) სამეცნიერო ხელმძღვანელობას.
– 2010–2011 სასაწავლო წლის 1–ელ სემესტრში ა. კ.-ს მიერ ჩატარებულია 315 საათი. აქედან 60 საათი დაეთმო 2008 წლის 14 მარტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ დოქტორანტების (4 დოქტორანტი, რადგან 5–დან ერთ დოქტორანტს შეუჩერდა სტატუსი) სამეცნიერო ხელმძღვანელობას.

ამდენად ა. კ.-ს მიერ მთლიანად 2008 წლის 14 მარტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამეცნიერო ხელმძრვანელობისათვის 5 დოქტორანტთან 2008–2009, 2009–2010 სასწავლო წლებში და 2010–2011 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ჩატარებული იქნა სულ 360 საათი.

4.1.8. საქმეში წარმოდგენილი ი. გ. ს. თ. ს. უ.-ს 2010 წლის 19 ოქტომბრის ბრძანებით #2/353 (იხ. ს.ფ. 75) და ა. კ.-ს ახსნა–განმარტებით (იხ. 2012 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმის ჩანაწერი) უდავოდ დგინდება, რომ გაწეული შრომის, კერძოდ 2009–2010 სასწავლო წელს 13 დოქტორანტთან, მათ შორის 2008 წლის 14 მარტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ 5 დოქტორანტთან ჩატარებული საათების (მთლიანად 2009–2010 სასწავლო წელს ა. კ.-ს მიერ ჩატარებული იქნა 630 საათი, საიდანაც 130 საათი ჩატარებული იქნა წლიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობაზე – 500 საათზე, ზევით) – 130 საათის (13 დოქტორანტიდან თითოეულთან ჩატერებულია 10 საათი), სანაცვლოდ ა. კ.-ს მიეცა შესაბამისი ანაზღაურება (დაახლოებით 3 000 ლარამდე ოდენობით თანხა).

4.2.სამართლებრივი შეფასება

4.2.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, პალატის მოსაზრებით, არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასების გაზიარების საფუძველი. კერძოდ პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ვინაიდან უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 28 სექტემბრის #356 ბრძანებით სრული პროფესორის წლიური დატვირთვა განისაზღვრა 500 საათით და რამდენადაც მოსარჩელემ ვერ დაადასტურა შესაბამისი მტკიცებულებებით, რომ თესაუ–ს რექტორის 2007 წლის 19 დეკემბრის #348–ე ბრძანების მოქმედების ვადა 2007–2008 წლის სასწავლო წლის გარდა ვრცელდებოდა მომდევნო სასწავლო წლებზეც, ამიტომ არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან შეფასება არ მიეცა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს და სათანადოდ არ შეფასდა მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება 2008 წლის 14 მარტის ხელშეკრულებების გაფორმებისას.

4.2.2. სამოქალაქო კოდექსის 317–ე მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტის ვალდებულება ა. კ.-სთვის 2008 წლის 14 მარტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამეცნიერო ხელმძღვანელობისათვის 5 დოქტორანტთან (ლ. კ., გ. გ., ი. მ., ნ. კ. და ა. დ.) 2008–2009, 2009–2010 სასწავლო წლებში და 2010–2011 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ჩატარებული საათების ანაზღაურების თაობაზე გამომდინარეობს მხარეებს – ერთის მხრივ, ი. გ. ს. თ. ს. უ.-ს, მეორეს მხრივ, დოქტორანტებს და მესამეს მხრივ, სადისერტაციო თემის ხელმძღვანელ – ა. კ.-ს შორის გაფორმებული 2008 წლის 14 მარტის ხელშეკრულებებიდან, რომლის მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარეც, დოქტორანტის ხელმძღვანელის დატვირთვა სემესტრში განისაზღვრა 15 საათით, ხოლო ერთი საათის ღირებულება განისაზღვრა 23,60 ლარით. სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ მართალია მითითებული ხელშეკრულების პუნქტი არ შეიცავს სიტყვა–სიტყვით იმ დათქმას, რომ უნივერსიტეტი ვალდებული იყო დოქტორანტის ხელმძღვანელისათვის გაწეული მუშაობის სანაცვლოდ გადაეხადა შესაბამისი (ერთი საათის ღირებულება 23.60 ლარი) ანაზღაურება, თუმცა პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული ხელშეკრულების მთლიანი ტექსტის გონივრული განსჯის შედეგად (სამოქ. კოდექსის 52–ე მუხ.), ასევე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების (იხ. წინამდებარე განჩინების 4.1.4. და 4.1.8. ქვეპუნქტები) პირობებში, რაზეც ქვემოთ იქნება საუბარი, ცალსახად იკვეთება 2008 წლის 14 მარტის ხელშეკრულებების ფარგლებში გაწეული დოქტორანტთა ხელმძვანელობისათვის ა. კ.-ს ანაზღაურების შესახებ უნივერსიტეტის ვალდებულება. პალატა ყურადღებას შეაჩერებს იმ გარემოებაზე, რომ მითითებულ ხელშეკრულებათა შინაარსიდან გამომდინარე გამოკვეთილი და ხაზგასმულია, რომ დოქტორანტის ხელმძღვანელის მიერ ერთი სემესტრის განმავლობაში გაწეული მუშაობა თითოეულ დოქტორანტთან, ექვემდებარებოდა ანაზღაურებას მხოლოდ 15 საათის ფარგლებში, ხოლო 15 საათის ზევით სემესტრის განმავლობაში ჩატარებული საათები ანაზღაურებას არ დაექვემდებარებოდა.

4.2.3. პალატა ყურადღებას შეაჩერებს, საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტზე, რომ 2008 წლის 14 მარტის ხელშეკრულებები გაფორმდა ჯერ კიდევ 2007 წლის 19 სექტემბრის #348 ბრძანების მოქმედების პირობებში, როდესაც 2007–2008 სასწავლო წლისათვის სრული პროფესორისათვის წლიური დატვირთვა განსაზღვრული იყო 240 საათით, საიდანაც კვლევით სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელობას უნდა დათმობოდა 60 საათი. ამავე ბრძანების მე–2 პუნქტის მიხედვით დოქტორანტის ხელმძღვანელობისათვის დატვირთვა ზღვრული ნორმების ზემოთ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას 15 საათის ოდენობით (ერთი საათი 20 ლარი, იხ. ს.ფ. 66). დასახელებული ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე, ასევე მხარეთა ახსნა–განმარტებების გათვალისწინებით უდავოდ დგინდება, რომ სრული პროფესორის მიერ გაწეული საქმიანობა წლიური დატვირთვის (240 საათი) ფარგლებში ექვემდებარებოდა ანაზღაურებას ხელფასის სახით, ხოლო წლიური დატვირთვის ზევით განხორციელებული საქმიანობა სამეცნიერო ხელმძღვანელობის კუთხით ექვემდებარებოდა ცალკე ანაზღაურებას ხელფასისაგან დამოუკიდებლად. ანუ უნივერსიტეტის საქმიანობაში დამკვიდრებული პრაქტიკას წარმოადგენდა ის გარემოება, რომ გარდა ხელფასისა სრული პროფესორს წლიური დატვირთვის ზევით განხორციელებული საქმიანობისათვის სამეცნიერო ხელმძღვანელობის კუთხით ეძლეოდა დამატებითი ანაზღაურება დადგენილი წესით.

ამდენად სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ა. კ.-ს მიერ 2008 წლის 14 მარტის ხელშეკრულებების ფარგლებში 5 დოქტორანტთან გაწეული ხელმძღვანელობითი საქმიანობა ექვემდებარება ანაზღაურებას მხოლოდ ხელფასის სახით და არა დამატებით ანაზღაურებას. პალატა თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც უნივერსიტეტის საქმიანობაში დამკვიდრებული პრაქტიკას წარმოადგენდა ის გარემოება, რომ გარდა ხელფასისა სრული პროფესორს წლიური დატვირთვის ზევით განხორციელებული საქმიანობა სამეცნიერო ხელმძღვანელობისათვის ექვემდებარებოდა დამატებით ანაზღაურებას, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობა, რაც ასახულია 2008 წლის 14 მარტის ხელშეკრულებათა 3.2 პუნქტებში, იძლევა იმ განმარტების გაკეთების საფუძველს, რომ კონკრეტულად 5 დოქტორანტთან გაწეული მუშაობა, ექვემდებარებოდა დამატებით ანაზღაურებას და ამასთან კონკრეტულად ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ დოქტორანტებთან გაწეული ხელმძღვანელობითი მუშაობის ანაზღაურება, განსხვავებით 2007 წლის 19 სექტემბრის #348 ბრძანების პირობებისაგან, არ იყო დამოკიდებული ზღვრული ოდენობის საათების ჩატარებაზე, არამედ თითოეულ დოქტორანტთან თითოეულ სემესტრში 15 საათის ფარგლებში ჩატარებულ ხელმძღვანელობით საქმიანობისათვის ა. კ.-ს უნდა მიეღო ანაზღაურება (ერთი საათის ღირებულება განისაზღვრა 23.60 ლარით).

4.2.4. სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას შეაჩერებს 4.1.8. პუნქტში ასახულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ საქმეში წარმოდგენილი ი. გ. ს. თ. ს. უ.-ს 2010 წლის 19 ოქტომბრის ბრძანებით #2/353 (იხ. ს.ფ. 75) და ა. კ.-ს ახსნა–განმარტებით (იხ. 2012 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმის ჩანაწერი) უდავოდ დგინდება, რომ გაწეული შრომის, კერძოდ 2009–2010 სასწავლო წელს 13 დოქტორანტთან, მათ შორის 2008 წლის 14 მარტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ 5 დოქტორანტთან ჩატარებული საათების – 130 საათის (13 დოქტორანტიდან თითოეულთან ჩატერებულია 10 საათი), სანაცვლოდ ალ.კურატაშვილს მიეცა შესაბამისი ანაზღაურება (დაახლოებით 3 000 ლარამდე ოდენობით თანხა).

პალატა არ იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ი. გ. ს. თ. ს. უ.-ს 2010 წლის 19 ოქტომბრის ბრძანების #2/353 (იხ. ს.ფ. 75) საფუძველზე განხორციელებული ანაზღაურება, წარმოადგენდა წამახალისებელ ღონისძიებას (პრემირებას). ამგვარი შეფასების გაკეთების საფუძველს გამორიცხავს თავად მითითებული ბრძანების შინაარსი, სადაც გარკვევითაა მითითებული, რომ – პროფესორ ა. კ.-ს აუნაზღაურდეს დოქტორანტებთან გაწეული შრომის საფასური.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361–ე მუხლის 1–ლი ნაწილით გათვალისწინებული ნორმის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. კ.-სთვის ი. გ. ს. თ. ს. უ.-ს 2010 წლის 19 ოქტომბრის ბრძანების #2/353 (იხ. ს.ფ. 75) საფუძველზე 2009–2010 სასწავლო წელს დოქტორანტებთან, მათ შორის 2008 წლის 14 მარტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ 5 დოქტორანტთან ჩატარებული საათების (130 საათი, 13 დოქტორანტიდან თითოეულთან ჩატარებულია საშუალოდ 10 საათი), სანაცვლოდ ა. კ.-სთვის შესაბამისი ანაზღაურების (დაახლოებით 3 000 ლარამდე ოდენობით თანხა) განხორციელება (5 დოქტორანტის ნაწილში) გამომდინარეობს ი. გ. ს. თ. ს. უ.-ს მიერ 2008 წლის 14 მარტის ნაკისრი ხელშეკრულებებიდან. პალატა მიიჩნევს, რომ ამ შესრულებით ა. კ.-სთვის, ი. გ. ს. თ. ს. უ.-მ ნაწილობრივ განახორციელა ა. კ,-ს მიმართ 2008 წლის 14 მარტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება და ფაქტობრივად აუნაზღაურა მხოლოდ 50 საათის ღირებულება.

პალატა ასევე არ იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას მასზედ, რომ უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 28 სექტემბრის #356 ბრძანების საფუძველზე, რომლითაც ცვლილება შევიდა თესაუ–ს რექტორის 2007 წლის 19 დეკემბრის #348–ე ბრძანებაში და სრული პროფესორის წლურ დატვირთვად ნაცვლად 240 საათისა განისაზღვრა 500 საათი და ამასთან გაუქმდა ზღვრული ოდენობის ზემოთ ჩატარებული საათების ანაზღაურების წესი, გამოირიცხება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობდა ამ პოზიციის გაზიარების საფუძველი და პირველი ინსტანციის საასმართლომ არასწორად გაიზიარა მოპასუხის ეს არგუმენტი, რაც სასფუძვლად დაედო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. პალატა აღნიშნავს, რომ მართალია მითითებული ბრძანებით შეიცვალა თესაუ–ს რექტორის 2007 წლის 19 დეკემბრის #348–ე ბრძანებით დადგენილი წესები, პროფესორის წლიური დატვირტულობის ოდენობის და ზღვრული ოდენობის ზემოთ ჩატარებული საათების დამატებით ანაზღაურებასთან დაკავშირებით, თუმცა მხოლოდ აღნიშნული საკმარისი არ არის იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ იმავდროულად აღნიშნული ცვლილება შეეხო და გავრცელდა მხარეთა შორის 2008 წლის 14 მარტს დადებულ ხელშეკრულებების პირობებზე.

პალატა თვლის, რომ თავად ამ ხელშეკრულებების 10.4 პუნქტით გათვალისწინებული პირობიდან, ასევე სამოქალაქო კოდექსის 327–328–ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეცვლა, საჭიროებდა მხარეთა მიერ წერილობით შეთანხმებას და შესაბამისი წესით ცვლილების შეტანას ხელშეკრუელბაში, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. ამდენად მხარეთა მიერ 2008 წლის 14 მარტის ხელშეკრულებებით შეთანხმებული მოწესრიგება დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელობის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა თესაუ–ს რექტორის 2008 წლის 28 სექტემბრის #356 ბრძანებით. ნიშანდობლივია, რომ დასახელებული ბრძანების მიღების შემდეგ ი. გ. ს. თ. ს. უ.-ს 2010 წლის 19 ოქტომბრის ბრძანებით #2/353 (იხ. ს.ფ. 75) ა. კ.-ს აუნაზღაურდა დოქტორანტებთან, მათ შორის 5 დოქტორანტთან 2009–2010 სასწავლო წელს ჩატარებული საათების საფასური ნაწილობრივ.

საბოლოოდ პალატა ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და მსჯელობის გათვალისწინებით მიდის დასკვნამდე, რომ სამოქალაქო კოდექსის 316–ე მუხლის 1–ლი ნაწილით გათვალისწინებული ნორმის შესაბამისად, ი. გ. ს. თ. ს. უ. წარმოადგენს 2008 წლის 14 მარტის ხელშეკრულებების ფარგლებში 5 დოქტორანტთან ხელმძღვანელობითი საქმიანობის მიზნით ჩატარებული საათების ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს ა. კ.-ს მიმართ. რაც შეეხება ანაზღაურების ოდენობას პალატა მიიჩნევს, რომ რამდენადაც დადგინდა, რომ ა. კ.-ს მიერ 2008 წლის 14 მარტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამეცნიერო ხელმძღვანელობისათვის 5 დოქტორანტთან მთლიანად 2008–2009, 2009–2010 სასწავლო წლებში და 2010–2011 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ჩატარებული იქნა სულ 360 საათი, საიდანაც უნივერსიტეტის მიერ ანაზღაურებულია მხოლოდ 50 საათი, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, 310 საათის ანაზღაურების ნაწილში. შესაბამისად ი. გ. ს. თ. ს. უ.-ს ა. კ.-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 7316 ლარის გადახდა (310 საათი * 23.60 ლ. =7316 ლ.).

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დასაბუთებულია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება – სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.

6.საპროცესო ხარჯები

დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით – 8496 ლარი, ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს – 255 ლარს, ხოლო სააპელაციო საჩივარზე – 340 ლარს. ვიანიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ ეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს, რომელმაც ბაჟის სახით უნდა გადაიხადოს 545 ლარი ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ა. კ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. ა. კ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სსიპ ი. გ. ს. თ. ს. უ.-ს ა. კ.-ს სასარგებლოდ დაეკისროს 7316 ლარის გადახდა. 1180 ლარის დაკისრების ნაწილში მოსარჩელეს ეთქვას უარი.

4. სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ მოწინააღმდეგე მხარეს – სსიპ ი. გ. ს. თ. ს. უ.-ს, როგორც სარჩელზე, ასევე სააპელაციო საჩივარზე სახ. ბაჟის სახით დაეკისროს სულ – 545 ლარის გადახდა.
_ სახელმწიფო ბაჟი განთავსებულ იქნეს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე: ს.ს. ბანკი „რესპუბლიკა” ბანკის BIC კოდი: XXXXXXXX , მიმღების XXXX, ანგარიშის № XXXX XXXX XXXX XXXX XXXX XX.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.