ნახვები: 161
საქმის ნომერი: №1ბ/408-18
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №№1ბ/408-18 (2018-05-22), www.temida.ge
საქმის № №1ბ/408-18

განაჩენი
საქართველოს სახელით
       22 მაისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვეფხია ლომიძე

ლელა ბახტაძის, ნანა უნდილაშვილის მდივნობით,

სახელმწიფო ბრალმდებლის: დავით კაპანაძის
ადვოკატის: რ. ჩ. - ს

მონაწილეობით,

ღია სასამართლო სხდომაზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დავით კაპანაძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №092071117007): კ. ნ. - ს მიმართ. კ. ნ. დაბადებულია XXXX წლის XX ივნისს, საქართველოს მოქალაქე (პირადი #XXXXXXXXXXX), ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ზ. რაიონი, სოფელი რ.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის მე-19,180-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ნ. - მ ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რასაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი გამეწვია.

კ. ნ. - ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

კ. ნ. - მ და ზ. მ. - მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად განიზრახეს, მოტყუებით დაუფლებოდნენ სხვის ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით 2017 წლის 07 ნოემბერს, დაახლოებით 17:15 საათზე ქ.თბილისში, ჭოროხის ქუჩა №8-ში მდებარე რესტორან „მონადირე“-ში შეხვდნენ ნ. მ. - ს და მ. დ. - ს, რომლებსაც შეპირდნენ, რომ ამ უკანასკნელთა ახლობელს, აფხაზეთიდან დევნილ ნ. ვ. - ს მისი დაბალი სარეიტინგო ქულების მიუხედავად, 10000 (ათი ათასი) აშშ დოლარის სანაცვლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლის დახმარებით, რომელიც იყო თითქოსდა კ. ნ. - ს ახლობელი, საკუთრებაში გადასცემდნენ ქ.თბილისის ტერიტორიაზე მდებარე დევნილთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ფართს. ამისთვის კი საჭირო იყო თავდაპირველად თანხის ნაწილის - 2500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარის გადახდა, ხოლო ნაწილი თანხა შეთანხმებისამებრ უნდა გადაეცათ ბინის ჩაბარების შემდგომ. ამავე დღეს მ. დ. - მ ზ. მ. - ს გადასცა 700 (შვიდასი) ლარი, ხოლო შეპირებისამებრ 2500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარიდან დარჩელ ნაწილს გადასცემდა შემდეგ შეხვედრაზე საკითხის გარკვევისას.

2017 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 11:25 საათზე ქ.თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებულ გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მ. დ. შეხვდა ზ. მ. - ს და კ. ნ. - ს, რომლებმაც მიანიშნეს იქვე არსებულ მშენებარე კორპუსზე და მიულოცეს, რომ მის ახლობელს იქ გადასცემდნენ ბინას. იმავე დღეს, დაახლოებით 17:10 საათზე ქ.თბილისში, ჭოროხის ქუჩა №8-ში მდებარე რესტორან „მონადირე“-ში მ. დ. - მ კ. ნ. - ს შეთანხმებისამებრ გადასცა 5947 (ხუთი ათას ცხრაას ორმოცდაშვიდი) ლარის ექვივალენტი თანხა 2240 (ორი ათას ორმოცი) აშშ დოლარის ოდენობით. დანაშაულებრივ ქმედებას შესაძლოა, გამოეწვია 6647 (ექვსი ათას ექვსას ორმოცდაშვიდი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

აღნიშნული ქმედებით კ. ნ. - მ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის მე-19,180-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუქტებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 მარტის განაჩენით:

კ. ნ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 20 200 (ოცი ათას ორასი) ლარი.

საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად 2017 წლის 10 ნოემბრიდან 2017 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით კ. ნ. - ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 20 000 (ოცი ათას) ლარამდე.

კ. ნ. - ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.


განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა დავით კაპანაძემ.

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა კ. ნ. - ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით.

მსჯავრდებულ კ. ნ. - ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. ჩ. - მ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი კ. ნ. - ს მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ კ. ნ. - ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

საქმეში არსებული ბრალდებულის აღიარებასა და მის მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების: ნ. მ. - ს, მ. დ. - ს, ნ. ვ. - ს, კ. ნ. - ს და ზ. მ. - ს გამოკითხვის ოქმების, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალების, დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმებისა და სხვა მტკიცებულებათა გაანალიზების საფუძველზე პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ კ. ნ. - მ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის მე-19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ კ. ნ. წარსულში არააერთხელ ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნათა შესრულებას, პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ მიუხედავად კ. ნ. - ს წარსულში ჩადენილი არაერთი განზრახი დანაშაულის ჩადენისა, ის ითვლება ნასამართლობის არ მქონედ და სასჯელის დანიშვნის დროს არ შეიძლება დამამაძიმებელ გარემოებად მითითებული იქნას უკვე მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობა, მით უფრო აღნიშნულის გათვალისწინებით დაენიშნოს სასჯელი.

პალატა აღნიშნავს, რომ თუკი კ. ნ. - ს სახეზე ექნებოდა გაუქარწყლებელი ნასამართლობა საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშალისათვის, ეს გავლენას მოახდენდა ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაიაზეც (არაერთგზისობა ან თაღლითობის მცდელობის ჩადენა იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ან გამოძალვისთვის). სწორედ იმიტომ, რომ დღეისთვის სახეზე აღარ არის გაუქარწყლებელი ნასამართლობა, მსჯავრდებულის ქმედება აღარ შეცავს მითითებულ მაკვალიფიცირებელ ნიშნებს. იმავე საფუძლით ძველი ნსამართლობები არ უნდა შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიებელ გარემოებად. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაილის თანახმად ,,გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიირება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემქმედების ღონისძების საკითხის გადაწყვეტისა“.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ კ. ნ. - ს სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება. საქმის მასალების მიხედვით დამამაძიმებელი გარემოება კ. ნ. - ს არ გააჩნია. გასათვლისწინებელია, რომ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მატერიალური ზარალი სახეზე არ არის. ამასთან, ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელი საკმაოდ მკაცრია. ჯარიმის მითითებული ოდენობა ჩადენილი დანაშაულის ეკონომიური ხასიათისა და მისი მაშტაბის გათვალისწინებით საკმარისი შემაკავებელი ეფექტის მქონეა მომავალში მსგავსი ქმედებების ჩადენისაგან. სახეზეა დანაშაულის პრევენციის ეფექტური მექანიზმი - ინკრიმინირებული ქმედების სარფიანობის გათვალისწინებით მსჯავრდებულის დანაშაულში მხილებისა და არ უნდა უღირდეს მოსალოდნელი პასუხისმგებლობის დაკისრების რისკად ახალი დანაშაულის ჩადენა. სასჯელის დანიშვნის მიზანი არის არა ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან ღირსების დამცირება, არამედ სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის უფრო მკაცრი სახე სასამართლომ პირს შეიძლება დაუნიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო შემამასუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გარდა ასევე ითვალისწინებს დამნაშავის დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

კ. ნ. - სთვის დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი. იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.


ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კ. ნ. - ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 მარტის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რასაც პალატა ეთანხმება. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი კ. ნ. - ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის დავით კაპანაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2018 წლის 02 მარტის განაჩენი კ. ნ. - ს მიმართ დარჩეს უცვლელი;

კ. ნ. ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 20 200 (ოცი ათას ორასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ 62- ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად 2017 წლის 10 ნოემბრიდან 2017 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით კ. ნ. - ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 20 000 (ოცი ათას) ლარამდე.

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ კ. ნ. - ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად ყადაღადადებულ უძრავ ქონებას (მესაკუთრე: თ. ქ; დაბ: XX.XX.XXXX წელს (პ/ნ XXXXXXXXXXX), ზ. რაიონი, სოფელი ა; ქონების საკადასტრო კოდი #XX.XX.XX.XXXX) მოეხსნას ყადაღა.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები:
1. 06 ცალი დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
2. კ. ნ. - ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული 2440 აშშ დოლარი - დაუბრუნდეს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტს.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

განაჩენი, შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.



მოსამართლე: ვ. ლომიძე