საქმის ნომერი: 1ბ/262-18
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სასამართლომ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება ბრალდების მხარესა და მსჯავრდებულებს შორის სააპელაცო განხილვისას.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1ბ/262-18 (2018-04-20), www.temida.ge
საქმის № 1ბ/262-18

განაჩენი
საქართველოს სახელით
       20 აპრილი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვეფხია ლომიძე

ლელა ბახტაძის მდივნობით,

სახელმწიფო ბრალმდებლის: გიორგი მერაბიშვილის
მსჯავრდებულის: ი. ა.-ს, ლ. ა.-ს
ადვოკატის: მ. ფ.-ს და მ. ქ.-ს

მონაწილეობით,

ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულების ი. ა.-ს და ლ. ა.-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების მ. ფ.-ს და მ. ქ.-ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №006210915003) ი. ა.-ს მიმართ, დაბადებული 1997 წლის 14 მარტს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №XXXXXXXXXXX), საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ყ., დ. ა.-ს ქუჩა №XX, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ., ც.-ს ქუჩა №X, ამჟამად პატიმარი, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142[1]-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ლ. ა.-ს მიმართ, დაბადებული 1995 წლის 22 ივლისს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №XXXXXXXXXXX), საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ., ვ. X მ/რაიონი, კორპუსი №XX, ბინა №XX, ამჟამად პატიმარი, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142[1]-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.



აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ა.-მ და ლ. ა.-მ ჩაიდინეს რასობრივი დისკრიმინაცია, ესე იგი ქმედება, ჩადენილი ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა, ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ.

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის XX სექტემბერს, საღამოს საათებში ი. ა.-მ, ლ. ა.-მ და სხვა პირებმა, ქ. თ.-ში, რ.-ს გამზირზე, ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების გამო ნ.-ს მოქალაქეებს ვ. ჩ. ო.-ს და დ. ჩ. ო.-ს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც არსებითად ხელყო მათი უფლებები.

იმავე დღეს ლ. ა.-მ და სხვა პირებმა, ქ. თ.-ში, რ.-ს გამზირზე, მეტროსადგურ ,,რ.-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ანალოგიური ხასიათის ქმედებები განახორციელეს სხვა ფერდაკანინი პირის მიმართაც, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით:

ი. ა. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 142[1]-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
ლ. ა. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 142[1]-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

ი. ა.-სა და ლ. ა.-ს მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

ი. ა.-ს და ლ. ა.-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოთ დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 31 იანვრიდან.


აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების ი. ა.-ს და ლ. ა.-ს ინტერესების დამცველიმა ადვოკატებმა მ. ფ.-მ და მ. ქ.-მ
სააპელაციო საჩივრების თავდაპირველი მოთხოვნა იყო გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებლის - ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორის გ. მ.-ს მიერ, ზემდგომი პროკურორის გ. მ.-ს თანხმობით, წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულებთან ი. ა.-თან და ლ. ა.-სთან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, რაც სხდომაზე იქნა დაზუსტებული.

შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულებმა ი. ა.-მ და ლ. ა.-მ ადვოკატებთან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ ნებაყოფლობით მიმართეს პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვეს, მათთან გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება.


სახელმწიფო ბრალდებამ ითხოვა მსჯავრდებულებთან ი. ა.-თან და ლ. ა.-სთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას შემდეგი პირობებით:

ი. ა. ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142[1]-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა,საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

ი. ა.-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 31 იანვრიდან.

ლ. ა. ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142[1]-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

ლ. ა.-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 31 იანვრიდან.

სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა მსჯავრდებულებთან ი. ა.-თან და ლ. ა.-სთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და პალატა უფლებამოსილია, იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულების მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულების ადვოკატებთან შესაბამისი იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, მსჯავრდებულები ი. ა. და ლ. ა. სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმების სამართლებრივ, მათ შორის ნასამართლობის, შედეგებს.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებულები ი. ა. და ლ. ა. სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ედებათ ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებულები აცნობიერებენ, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მათთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულებს განემარტა, რომ მათ მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ი. ა.-ს და ლ. ა.-ს ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. კერძოდ, მოწმეების თ. ბ.-ს, მ. ბ.-ს, გ. ე.-ს, ვ. ჩ. ო.-ს, დ. ჩ. ო.-ს, მ. გ.-ს, გ. ს.-ს, ა. კ.-სა და რ. ნ.-ს ჩვებებით, ბრალდებულების ლ. ა.-ს და ი. ე.-ს ჩვენებით, ლ. ა.-ს და ი. ე.-ს დაკავების ოქმებით, ბინის ჩხრეკის ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, მობილური ტელეფონების დათვალიერების ოქმებით, ვიდეოჩანაწერით და ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, პირის ამოცნობის ოქმებით, ი. ა.-ს დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულების მიერ განსახილველი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 142[1]-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კანონიერია. შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის მე–11[1] ნაწილით გათვალისწინებულ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულები აღიარებენ დანაშაულს, სადავოდ არ ხდიან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობენ სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორის გიორგი მერაბიშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს - დამტკიცდეს ზემდგომი პროკურორის გ. მ.-ს თანხმობით 2018 წლის 20 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება: 1. ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ გიორგი მერაბიშვილს, მსჯავრდებულ ი. ა.-ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ მ. ქ.-ს შორის; 2. ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ გიორგი მერაბიშვილს, მსჯავრდებულ ლ. ა.-ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ მ. ფ.-ს შორის;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის განაჩენში ი. ა.-ს და ლ. ა.-ს მიმართ შეტანილი იქნას ცვლილება;

ი. ა. ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142[1]-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

ი. ა.-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 31 იანვრიდან. მასვე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 30 სექტემბრიდან 2015 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის საერთო ვადაში;

ლ. ა. ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142[1]-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

ლ. ა.-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 31 იანვრიდან. მასვე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 25 სექტემბრიდან 2015 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის საერთო ვადაში;

ცნობად იქნას მიღებული, რომ ი. ა.-ის და ლ. ა.-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;

გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სახოთ შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით);

გაუქმდეს ზ. ზ.-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე( მდებარე ქ. თ.. საკადასტრო კოდი №XX.XX.XX.XXX) მსჯავრდებულ ი. ა.-ის გირაოს თანხის 5000 ლარის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა;

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ პირობით მსჯავრდებულების ი. ა.-ის და ლ. ა.-ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

ნივთიერი მტკიცებულებები:

ცხრა ცალი ლაზერული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით; ი. ე.-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული 4 ცალი შავი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, რომელიც ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში. სამეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს; ი. ე.-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ,,acer“-ის ფირმის ლეპტოპი, ლ. ა.-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ,,asus“-ის ფირმის კომპიუტერის პროცესორი, ,,Huawei“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, ი. ა.-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ,,Hp“-ის ფირმის ლეპტოპი დამტენ მოწყობილობასთან ერთად, რომელიც ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს. ი. ე.-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის ნიღაბი და ე.წ. ,,ბეისბოლის ჯოხი“, რომელიც ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ განადგურდეს;

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

განემარტოს მსჯავრდებულებს, რომ განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვთ, ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით; ბ) მსჯავრდებულებს შეეზღუდათ დაცვის უფლება: გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 11[1] ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა: დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

თუ მსჯავრდებულებმა დაარღვიეს საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთ თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.