საქმის ნომერი: 3ბ/89-17
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართლის პროცესი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მერაბ ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: ძალაში დარჩა დროებითი განჩინება ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე დროებითი პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ, რათა მხარეს არ შეზღუდვოდა უფლება ესარგებლა აღიარებული და სახელმწიფოს მიერ დაწესებული სასიცოცხლო სიკეთეებით.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №3ბ/89-17 (2017-02-28), www.temida.ge
საქმის № 330310116001616030
საქმის № 3ბ/89-17

განჩინება
საქართველოს სახელით
       28 თებერვალი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მერაბ ლომიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ბ.

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული დროებითი განჩინების გაუქმება

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე მითითება:

2016 წლის 22 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ. ბ.-მ მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის თაობაზე მოპასუხისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა დროებითი განჩინების მიღების თაობაზე მისთვის დავის დასრულებამდე ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე დროებითი პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ, ვინაიდან პირადობის მოწმობის გარშე შეუძლებელია სამოქალაქო უფლებების განხორციელება, ვერ იღებს პენსიას, ვერ სარგებლობს ჯანდაცვის და საბანკო დაწესებულებების მომსახურებით და ა.შ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით მ. ბ.-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნეს დროებითი განჩინება, რომლითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მ. ბ.-ს მიმართ დავის დასრულებამდე გასცეს დროებითი პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

ზემოაღნიშნული განჩინების მიღებისას საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ორ ისეთ ღონისძიებას, როგორიც არის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29–ე მუხლი) და დროებითი განჩინების მიღება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31–ე მუხლი). დროებითი განჩინების, როგორც უფლების დაცვის დროებით საშუალების გამოყენება, შესაძლებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადების საფუძველზე სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე შეუძლია დავის საგანთან დაკავშირებით მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მითითებული ნორმით დადგენილია სარჩელის აღძვრამდე სასამართლოსადმი მიმართვის პრაქტიკა და აღნიშნულს გააჩნია პრევენციის დანიშნულება, ვინაიდან იგი ითვალისწინებს მოსალოდნელ საშიშროებას, რაც შეიძლება გამოიხატოს არსებული მდგომარეობის შეცვლაში ან განმცხადებლის უფლების რეალიზაციისათვის ხელის შეშლაში ან გართულებაში. ამასთან, დროებითი განჩინება ფაქტობრივად წარმოადგენს უფლების დაცვის დროებით ღონისძიებას სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე. ნორმის შინაარსიდან ნათელია, რომ სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს ამგვარი განჩინება საქართველო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, როდესაც სარჩელის შეტანა თავისთავად არ იწვევს მოსარჩელის უფლების დაცვას და აუცილებელი ხდება დამატებითი ღონისძიებების განხორციელება პირის სამართლებრივი მდგომარეობის დასაცავად.

განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას, იყოს სამოქალაქო ბრუნვის სრულუფლებიანი მონაწილე, პირადობის მოწმობის გარეშე შეუძლებელია სამოქალაქო უფლებების განხორციელება, ვერ იღებს პენსიას, ვერ სარგებლობს ჯანდაცვის და საბანკო დაწესებულებების მომსახურებით და ა.შ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, მნიშვნელოვანი ზიანისა და არსებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია განმცხადებლის მიერ მოთხოვილი განჩინების მიღება, ვინაიდან დავის დასრულებამდე მხარეს არ შეეზღუდოს უფლება ისარგებლოს აღიარებული და სახელმწიფოს მიერ დაწესებული სასიცოცხლო სიკეთეებით. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობის წინასწარი მოწესრიგების მიზნით მოპასუხეს უნდა დაევალოს გასცეს მოსარჩელის მიმართ დროებითი პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ნოემბრის დროებითი განჩინება გასაჩივრებული იქნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დროებითი განჩინება გამოტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის „ე“ და 394-ე მუხლის „ე“, „ე1“ ქვეპუნქტების დარღვევით, კერძოდ, განჩინება იურიდიულად პრაქტიკულად არ არის დასაბუთებული და სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ კანონის ნორმის ციტირებით. ხოლო კონკრეტულად რა წარმოადგენს ნორმებით განსაზღვრულ ფაქტობრივ მდგომარეობას, ამის დასაბუთებაზე სასამართლოს საერთოდ არ უზრუნია. ამგვარად, განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ერთადერთი დასკვნა, რომლის გამოტანისთვისაც არსებობს საკმარისი საფუძველი, არის ის, რომ განჩინება არსებითად უსწოროა.

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-10 პუნქტების თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა. ამრიგად, ისეთი ნორმატიული აქტი, როგორიც არის კანონი, ერთადერთ დასაშვებ შემთხვევად, როდესაც შესაძლებელია პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემა, განიხილავს ჩვეულებრივი მოწმობის გაცემის შეუძლებლობას ობიექტურ (და არა სუბიექტურ) გარემოებათა გამო. სხვა შემთხვევას კანონი არ ითვალისწინებს. სადავო ვერ იქნება, რომ მ. ბ.-ს შემთხვევაში მსგავსი საფუძველი, ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის სტანდარტული პირადობის მოწმობის გაცემას, არ არსებობს.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, აღნიშნულს აწესებს კანონი და დღეს მოქმედი არც ერთი ნორმატიული აქტი არ იცნობს პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის ისეთ საფუძველს, რომელსაც თეორიულად მაინც შესაძლებელია ეყრდნობოდეს მოსარჩელის მოთხოვნა. მ. ბ.-ს შემთხვევაში ობიექტურად არ არსებობს ისეთი საფუძველი, რომელიც შესაძლებელია განიხილებოდეს კანონის მიხედვით პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემისათვის დასაშვებ საფუძვლად. მხედველობაშია მისაღები რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული არ არის, მათ შორის, დავის საგანი და მოთხოვნის გამართულობა კანონთან მიმართებაში, მისი საფუძვლები. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული კანონის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის საკითხი დღემდე არ დადასტურებულა. კონსტიტუციურ უფლებებთან მიმართებაში ზემოაღნიშნული წესების თავსებადობის საკითხი განხილულ იქნა სახალხო დამცველის მხრიდანაც და ვერც ამ სამართლებრივი მექანიზმის ფარგლებში ვერ იქნა დადგენილი კონსტიტუციური უფლებების რაიმე სახის ხელყოფა. მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის შესაძლებლობას კანონით გაუთვალისწინებელი საფუძვლით, მაგალითად თუკი სუბიექტური გარემოებების გამო პირს არ სურს ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება. განჩინების გამოტანისას სასამართლოს ეს საკითხი ყურადღების მიღმა არ უნდა დაეტოვებინა, რადგან გასაჩივრებული განჩინების მიხედვით სააგენტოს აიძულებენ იმოქმედოს უკანონოდ, კანონშეუსაბამოდ. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოაწესრიგა ისეთი საკითხი და იმგვარად, რაც პრინციპულად შეუსაბამოა საერთო სასამართლოების მიერ საქმის განხილვის ზოგად კონსტიტუციურ პრინციპებთან. სამართალწარმოების პროცესში სასამართლოს მთავარ მოვალეობას წარმოადგენს ამა თუ იმ ქმედების კანონთან შესაბამისობის დადგენა, რა დროსაც სასამართლო ვალდებულია ემორჩილებოდეს კანონს. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლომ იმოქმედა ამ პრინციპის საპირისპიროდ და საერთოდ ყურადღების მიღმა დატოვა საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად არის მოთხოვნა დაფუძნებული იმაზე, რომ ადგილი აქვს ან შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის უფლებების კანონშეუსაბამოდ დარღვევას. მართალია დავა არსებითად გადაწყვეტილი ვერ იქნება პროცესის ამავე სტადიაზე, მაგრამ როდესაც სარჩელის მოთხოვნა და მისი საფუძველი არათავსებადია, უფრო მეტიც, შეუძლებელია თავსებადი იყოს კანონის არსთან ან საერთოდ ეწინააღმდეგება მას, ეს გარემოება არ უნდა რჩებოდეს სასამართლოსათვის შეუმჩნევლად პროცესის თუნდაც ამ სტადიაზე. სასამართლო ძალაუნებურად დაუპირისპირდა კანონს და ეჭვქვეშ დააყენა მისი სისწორე. მოცემულ შემთხვევაში საკითხი შეუძლებელია დგებოდეს ნორმის ინტერპრეტაციის თაობაზე, არამედ საუბარია ცალსახად, იმთავითვე უკანონო მოთხოვნაზე და მის უზრუნველყოფაზე.

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის N98 ბრძანების 25–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). აღნიშნული მუხლი ასევე ითვალისწინებს პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. კერძოდ, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.). შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში - ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში - ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული ნორმების ანალიზი იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც სტანდარტული პირადობის მოწმობის გაცემა შეუძლებელია ობიექტურ მიზეზთა გამო, როგორც ამას ადგენს საქართველოს კანონი. ამდენად, შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ითვალისწინებს პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე მხოლოდ ბრძანების 25-ე მუხლში მითითებული ისეთი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, როდესაც ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია სტანდარტული პირადობის მოწმობის გაცემა (რაც გამოწვეულია იმ აუცილებლობით, რომ ობიექტურად შეუძლებელია სტანდარტული პირადობის მოწმობის გაცემისათვის მონაცემების (მაგალითად ხელმოწერის) მიღება ან მოწმობის მიწოდება განმცხადებლისათვის). განსახილველ საქმესთან მიმართებით კი სამართლებრივ აქტებში მითითებული არცერთი საფუძველი არ იკვეთება და მოსარჩელე ამას სადავოდ არც ხდის. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორისათვის გაურკვეველია, რის საფუძველზე უნდა გასცეს სააგენტომ მ. ბ.-ს სახელზე პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე (როდესაც არსებობს განჩინება ასეთი ვალდებულების შესახებ და მეორეს მხრივ, კანონი რომელიც ცალსახად დაირღვევა განჩინების შესრულებით. ასეთი ვითარების არსებობა არ არის სწორი და შესაძლებელია მეტყველებდეს განჩინების უკანონობაზე მხოლოდ. უფრო მეტიც, ეს არათუ შესაძლებელია, ცალსახად ადასტურებს განჩინების კანონშეუსაბამობას), როდესაც არ იკვეთება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის N98 ბრძანების 25–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებიდან რომელიმე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. როგორც უკვე აღინიშნა, პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემა შესაძლებელია მხოლოდ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის N98 ბრძანების 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. სხვა შემთხვევებს საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების აბსოლიტური საფუძველია. გარდა ამისა, არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებიც, ანუ ამ ნორმით განსაზღვრული სავალდებულო წინაპირობები მისი გამოყენებისათვის. კოდექსის აღნიშნული მუხლი ადგენს, რომ დროებითი განჩინების გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი საფუძვლების არსებობა: ა) საშიშროება იმისა, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას, ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. ასეთი საფუძვლის არსებობაზე საუბარი აზრს მოკლებულია, რადგან აშკარაა, რომ საქმე არ გვაქვს „არსებული მდგომარეობის შეცვლასთან“. ეს საფუძველი რელევანტურია მაგალითად იმ შემთხვევისათვის, თუ არსებული მდგომარეობა იცვლება ახალი აქტის გამოცემის შედეგად, აქტი გასაჩივრებულია და მისმა აღსრულებამ, შესაძლოა, გამოუსწორებლად ხელყოს მოსარჩელის უფლება ან კანონიერი ინტერესი. ბ) სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, „წინასწარ მოწესრიგება“ არ შეიძლება გულისხმობდეს უკანონო ქმედებებს, საქმიანობას, ზომებს, ანუ ერთ-ერთი მხარის დავალდებულებას, განახორციელოს კანონშეუსაბამო ქმედება, როგორც ამას ადგილი აქვს მოცემულ შემთხვევაში და, რაზედაც ზემოთაც იყო საუბარი. ეს დებულება უკვე სრულიად საკმარისია იმ დასკვნისათვის, რომ გასაჩივრებული განჩინებაც თავისთავად კანონშეუსაბამოა, რადგან მისი შესრულება ადრესატს აყენებს კანონთან პირდაპირ კონფლიქტში. გარდა ამისა, სასამართლო ვალდებული იყო, თეორიულად დაშვების დონეზე მაინც დაესაბუთებინა ან უბრალოდ აეხსნა, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა მნიშვნელოვანი ზიანი, არსებული საფრთხე ან სხვა საფუძველი. ერთადერთი, რაზედაც მსჯელობს მოცემულ შემთხვევაში სასამართლო, არის უკიდურესად ზოგადი და აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნდოვანი მოსაზრება - „მხარეს არ შეეზღუდოს უფლება, ისარგებლოს აღიარებული და სახელმწიფოს მიერ დაწესებული სასიცოცხლო სიკეთეებით“. თუკი სასამართლო ამ ზოგადი ფრაზის მიღმა კიდევ რაიმე კონკრეტულ რისკებს, ზიანს ან სხვა საფუძველს ხედავდა, ეს უნდა ასახულიყო განჩინებაში, რათა სააგენტოს შეძლებოდა მასთან დათანხმება ან შეკამათება. მაგრამ კონკრეტული დასაბუთების საჭიროებაზე აპელირებისას ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ, თუ სასამართლო დაწერდა, კონკრეტულად რა საფრთხეს, ზიანს ან სხვა საფუძველს ხედავდა, ასეთ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად დადგინდებოდა, რომ უპრიანია არა სარჩელის „წინასწარ დაკმაყოფილება“ და კანონსაწინააღმდეგო ქმედების დავალდებულება მოპასუხისათვის, არამედ, მაგალითად, ამ საფრთხის ლოკალურად დაზღვევა და სხვა. თუ სასამართლოს მიაჩნდა, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა პენსიის აღების შესაძლებლობა (თუმცა ამას სასამართლოს მხრიდან, მანამდე კი მოსარჩელის მხრიდან, დასაბუთება სჭირდებოდა და მხოლოდ ჰიპოთეტური დაშვებებით მანიპულირება აქ საკმარისი ვერ იქნებოდა), ასეთ შემთხვევაში ის მარტივად დაადგენდა, რომ ამ პრობლემის მოსაწესრიგებლად შესაძლებელი იყო პენსიის გაცემის საკითხის დარეგულირება, რომელიც თავისი შინაარსით ზუსტადაც რომ წარმოადგენს დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიებას და არა სარჩელის უზრუნველსაყოფად წინასწარ შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანას (როგორც ეს მოხდა მოცემულ შემთხვევაში).

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით განსაზღვრული საპროცესო მექანიზმი არის უფლების პრევენციული დაცვის ერთგვარი საშუალება. ისმის კითხვა - რა უფლების დარღვევის პრევენციის მიზნით გამოიყენა სასამართლომ მოცემულ საქმეზე დროებითი განჩინება? ამ კითხვაზე მკაფიო პასუხის არარსებობის პირობებში განჩინებასთან დათანხმებაც და მისი გაკრიტიკებაც პრაქტიკულად შეუძლებელია (უბრალოდ საქმის არსებითი მხრიდან ვასკვნით, რომ უფლების დარღვევა მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია არსებობდეს). თუ მოსარჩელეს არ გააჩნია რაიმე უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა დავის არსებითად დასრულებამდე, ასეთ შემთხვევაში სასამართლომ მოსარჩელის უფლება უნდა დააზღვიოს ნეგატიური ან საფრთხის შემცველი ზემოქმედებისაგან, ნაცვლად დავის წინასწარ არსებითად გადაწყვეტისა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისთვის აუცილებელია პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე აღება, რადგან შეუძლებელია სამოქალაქო უფლებების განხორციელება, პენსიის აღება, საბანკო დაწესებულებების მომსახურებით სარგებლობა და ა.შ., თუმცა არც მოსარჩელის მიერ ყოფილა წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულებები და არც სასამართლოს გამოუკვლევია მითითებული გარემოებები. ასეთი ჰიპოთეტური საფრთხეების საპირწონედ კანონის მკაფიოდ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის დავალდებულება სასამართლოს მხრიდან წარმოადგენს აღნიშნული განჩინების დაუსაბუთებლობის სრულყოფილ დასტურს.

კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს სარჩელის საფუძვლებზე. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გასაგებია, რომ სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმება შესაძლებელია შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, თუმცა არ შეიძლება ყურადღების მიღმა დავტოვოთ ის გარემოებები, რომლებიც სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ შეიქმნას შეხედულება მოთხოვნის მართებულობასთან დაკავშირებით. ეს მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს იმის გასაანალიზებლად, თუ რამდენად სწორად და მართებულად ხდება დროებითი განჩინების გამოცემა, რამდენად რეალურია იმ საფუძვლების არსებობა, რომლებიც ამ საპროცესო ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობას წარმოშობდნენ. მოცემულ შემთხვევაში ყურადღება უნდა გამახვილდეს მოსარჩელის მოთხოვნაზე, სასამართლომ დაავალოს მოპასუხეს პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემა მაშინ, როდესაც საქართველოს კანონი ამის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს და ამას კრძალავს. სასამართლოს მიერ ამ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული დროებითი განჩინება, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. საქართველოს უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში (საქმე Nბს-1295-1280(კ-11) აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინება, როგორც უფლების დროებითი დაცვის საშუალება, გამოიყენება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ სარჩელზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით განსაზღვრული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ პირს აღძრული აქვს სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით განსაზღვრული შეცილებითი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 29-ე მუხლით, რომელიც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებას უკავშირდება. მოცემულ შემთხვევაში, სააგენტომ მოქალაქეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უარი უთხრა პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემაზე, შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღძრულიყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. აქედან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით თბილისის საქალაქო სასამართლოს თეორიულად შეეძლო გამოეყენებინა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება და არა დროებითი განჩინების მიღება. აქ საყურადღებოა, რომ მოთხოვნა (რომელიც არ არის დასაშვები) დაყენებულია არასწორად, როგორც ჩანს, მხოლოდ იმ მიზნით და იმ მიზეზით, რომ ხელოვნურად შექმნილიყო დროებითი განჩინების გამოცემის ფორმალური (მაგრამ არა მატერიალური და პროცესუალური) წინაპირობა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია, შეაჩეროს ასეთი საპროცესო მოქმედების შესრულება. გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულების შეჩერება შეუძლია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. შესაბამისად, ვინაიდან პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემა ეწინააღმდეგება კანონს, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, შეჩერდეს სააგენტოსთვის დავალებული ქმედების განხორციელების შესრულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე“, „ე[1]“ და 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტების, 414-ე მუხლის, 418-ე მუხლის, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის N98 ბრძანების 25-ე მუხლის პირველი პუნქტის, საჩგათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინების გააუქმებას და აღნიშნული განჩინებით დავალებული ქმედების განხორციელების შესრულების შეჩერებას.

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლომ გააანალიზა საქმის მასალები, შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეათე კარის LI თავით განისაზღვრა კერძო საჩივრის დასაშვებობისა და განხილვის წესი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამიტომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში კერძო საჩივრის განხილვისას გამოიყენება მითითებული თავის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419.1. მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამ კოდექსის 420-ე მუხლით კერძო საჩივრის ზემდგომ სასამართლოში განხილვა წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოება და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მას. სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და თვლის, რომ მათი გამაბათილებელი არგუმენტები საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის არ წარუდგენია, რის გამოც კერძო საჩივარი, როგორც უსაფუძვლო, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება, როგორც არსებითად სწორი, დატოვებული იქნეს უცვლელად.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, განცხადების საფუძველზე სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე შეუძლია დავის საგანთან დაკავშირებით მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება, ან თუ სადაო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგება აუცილებელია გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო.

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად გაიზიარა მ. ბ.-ს აპელირება იმ გარემოებაზე, რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას, იყოს სამოქალაქო ბრუნვის სრულუფლებიანი მონაწილე, რომ პირადობის მოწმობის გარშე შეუძლებელია სამოქალაქო უფლებების განხორციელება, ვერ იღებს პენსიას, ვერ სარგებლობს ჯანდაცვის და საბანკო დაწესებულებების მომსახურებით და ა.შ.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, მნიშვნელოვანი ზიანისა და არსებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია განმცხადებლის მიერ მოთხოვილი დროებითი განჩინების მიღება, ვინაიდან დავის დასრულებამდე მხარეს არ შეეზღუდოს უფლება ისარგებლოს აღიარებული და სახელმწიფოს მიერ დაწესებული სასიცოცხლო სიკეთეებით. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობის წინასწარი მოწესრიგების მიზნით მოპასუხეს უნდა დაევალოს გასცეს მოსარჩელის მიმართ დროებითი პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

რაც შეეხება იმას, საფუძვლიანია თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა და არსებობს თუ არა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, ეს საკითხი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ საქმის არსებითად განხილვის შემდეგ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 419-420-ე, 390-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.