საქმის ნომერი: №1ბ/926-18
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სასამართლომ შეცვალა გამამტყუნებელი განაჩენი და დაადგინა გამამართლებელი განაჩენი სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალდებაზე
ციტირებისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლო, განაჩენი, საქმე №№1ბ/926-18 (2018-09-13), www.temida.ge
საქმის № №1ბ/926-18

განაჩენი
საქართველოს სახელით
       13 სექტემბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვეფხია ლომიძე

სახელმწიფო ბრალმდებლის: ჯემალ ნათელაშვილის
მსჯავრდებულების: ლ. ხ.-ს და მ. გ.-ს
ადვოკატის: თ. ქ.-ს
მონაწილეობით,

ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულების ლ. ხ.-ს და მ. გ.-ს ინტერსების დაცველი ადვოკატის თ. ქ.-ს და მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ჯემალ ნათელაშვილის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №XXXXXXXXXXXXX) მ. გ.-ს და ლ. ხ.-ს მიმართ.

მ. შ.-ს ძე გ. დაბადებულია 19XX წლის X მარტს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ XXXXXXXXXXX, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დ.-ს რაიონის სოფელ ჟ.-ში;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

ლ. გ.-ს ძე ხ. დაბადებულია 19XX წლის XX თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ XXXXXXXXXXX, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: დ.-ს რაიონის სოფელ ჟ.-ში;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი.



პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: 20XX წლის XX სექტემბერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თბილისის ზედამხედველობითი სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი სპეციალისტი თ. ზ., ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტი ბ. ფ. და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენის ოპერატორი გ. ჯ. იმყოფებოდნენ დ.-ს რაიონის დაბა ჟ.-ში, წყალსაცავზე, სადაც პრევენციის მიზნით ათვალიერებდნენ წყალსაცავის ტერიტორიას. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნავით შეხვდათ მ. გ., რომელსაც განუცხადეს, რომ იყვნენ გარემოს დაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლები და ჰკითხეს, თევზაობდა თუ არა აკრძალული საშუალებით. მ. გ.-მ აგდებული ტონით უპასუხა მათ, რაზეც გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოუწოდეს, ესაუბრა კორექტულად. აღნიშნულის გამო მ. გ. გახდა აგრესიული და მათი საქმიანობის შეწყვეტის და ხელის შეშლის მიზნით მოუქნია ნიჩაბი და კატეგორიულად მოსთხოვა, დაეტოვებინათ წყალსაცავის ტერიტორია. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მახლობლად მყოფი მ. გ.-ს ცოლის ძმა ლ. ხ., რომელიც ნაპირიდან უწმაწური სიტყვებით ილანძღებოდა გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლების მისამართით. თ. ზ., ბ. ფ. და გ. ჯ. ამოვიდნენ წყალსაცავიდან, სადაც მათ ელოდებოდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით ნაპირზე მყოფი გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თბილისის ზედამხედველობითი სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი გ. ნ., ამავე დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს უფროსი ნ. კ. და უფროსი სპეციალისტი დ. ჩ.. ამის შემდეგ მათ შეხვდნენ ლ. ხ. და მ. გ., რომლებმაც თ. ზ.-ს და გ. ნ.-ს მათი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით ჯგუფურად დაუწყეს ცემა სახისა და ტანის არეში, აგინებდნენ დედის მისამართით და ხის ხელკეტით მიაყანეს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რის შედეგადაც თ. ზ.-მ და გ. ნ.-მ მიიღეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები. ლ. ხ.-ს და მა. გ.-ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვეღარ შეძლეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენით:

ლ. ხ.-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

ლ. ხ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა 2000 (ორი ათას) ლარამდე.

გაუქმდა ლ. ხ.-ს მიმართ გირაოს უზრუნველსაყოფად ვ. გ.-ს (პ/ნ XXXXXXXXXXX) კუთვნილ უძრავ ქონებაზე - მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით XX.XX.XX.XXX, 8000 ლარის პროპორციულ წილზე დადებული ყადაღა.

მ. გ.-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

მ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა 2000 (ორი ათას) ლარამდე.

გაუქმდა მ. გ.-ს მიმართ გირაოს უზრუნველსაყოფად ვ. გ.-ის (პ/ნ XXXXXXXXXXX) კუთვნილ უძრავ ქონებაზე - მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით XX.XX.XX.XXX, 6000 ლარის პროპორციულ წილზე დადებული ყადაღა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების ლ. ხ.-ს და მ. გ.-ს ინტერსების დაცველმა ადვოკატმა თ. ქ.-მ და მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ჯემალ ნათელაშვილმა.

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ჯემალ ნათელაშვილმა სააპელაციო საჩივარში მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ლ. ხ.-ს და მ. გ.-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ნაცვალდ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილისა და სასჯელის სახედ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რადგან ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების მიერ მათთვის ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით დანაშაულის ჩადენა ნათლად და უტყუარად დადასტურებულია გამოძიების მიერ მოპოვებული და სასამართლოში გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით, დაზარალებულების და მოწმეების მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებებით და ვიდეოჩანაწერით.

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ლ. ხ.-ს და მ. გ.-ს მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 12 ივნისის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მისი ნაცვლად მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, რადგან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასრულად და არასწორად იქნა შეფასებული საქმეში არსებული მტკიცებულებები. იკვეთება, რომ დაზარალებულთა და ბრალდების მხარის მოწმეების მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები ერთმანეთან აშკარა წინააღმდეგობაში მოდიან. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეოფირში აშკარად ჩანს, რომ მსჯავრდებულები თავს იაცავდნენ შემთხვევის დროს, იგერიებდნენ რა გარემოს დაცვის ზედამხედველობის თანამშრომლების თავდასხმას. შესაბამისად, მოქმედებდნენ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებით დასტურდება მსჯავრდებულების უდანაშაულობა მათვის წარდგენილ ბრალდებებში.

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის დროს გამოიკვლია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებულები თ. ზ. და გ. ნ.. ასევე, დაიკითხნენ მოწმეები: გ. ჯ.ე, ნ. კ., ბ. ფ., დ. ჩ., ვ. გ., დ. თ. და გ. ხ.. გამოკვლეული იქნა (ფონო) ვიდეოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი. მითითებული და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ლ. ხ.-ს და მ. გ.-ს მიერ ინკრიმინირებული ქმედების ჩადენა, მაგრამ გამორიცხა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით და მსჯავრდებულების ქმედებებს მისცა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კვალიფიკაცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულების ლ. ხ.-ს და მ. გ.-ს ინტერსების დაცველი ადვოკატის თ. ქ.-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ჯემალ ნათელაშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საერთო ანალიზი არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი უტყუარი დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომლითაც დადასტურდებოდა მსჯავრდებულების მიერ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

უპირველეს ყოვლისა, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებამდე მნიშვნელოვანია მხარეთა მიერ სააპელაციო საჩივრებში და სააპელაციო სხდომაზე გაჟღერებულ არგუმენტებზე აქცენტის გაკეთება, რადგან ბრალდების მხარე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად დადგენილად მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება. აღნიშნულის საპირისპიროდ კი დაცვის მხარე სრუალდ გამორიცხავს მსჯავრდებულების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს და უთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასრულად და არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კუთხით.

პალატა მხარეთა მიერ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის კუთხით წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/გაანალიზებამდე განმარტავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა კი სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზეც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

აღნიშნული პრინციპის/სტანდარტების გაანალიზებით და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შემდეგ, პალატა ბრალდების მხარის არგუმენტებს, თითქოსდა გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდებოდეს მსჯავრდებულების მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები, ვერ გაზიარებს, რადგან:

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ლ. ხ.-მ განაცხადა, რომ 20XX წლისXX სექტემბერს ის, მ. გ., მამამისი გ. ხ., ძმა ზ. ხ. და მისი მეგობარი ლ. ლ. შუადღეს იმყოფებოდნენ ჟ.-ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ფაცხებთან. მამამისმა გ. ხ.-მ მას სთხოვა დახმარება წყლის ამოტანაში. მ. გ.-მ კი გადაწყვიტა, ჩასულიყო წყალში და ებანავა. მ. გ. დიდი ხანი არ იმყოფებოდა საქართველოში, რის გამოც გ. ხ.-მ შვილს ზ. ხ.-ს დაუბარა, რომ ის ჩაჰყოლოდა წყალზე მ.-ს. ლ. ხ. გაყვა მამას წყლის ამოსატანად. ლ. და გ. ხ.-ებს უკან დაბრუნებისას შემოესმათ ხმაური წყლის მხრიდან, ჩოჩქოლი. ისინი იმყოფებოდნენ დ.-ს რაიონის ჟ.-ს ზღვის დაგუბების მაღლა გორაზე. ლ. ხ.-ს განმარტებით, მას არ გაჰყვა მამა და ხმაურის მიმართულებით მარტო წავიდა. მისი სიძე, მ. გ.ი ნავით მარტო იყო შესული ჟ.-ს ზღვის დაგუბებაზე წყალში. დაინახა, რომ მის სიძესთან წყალში კატერით მივიდა სამი პიროვნება, რომლებიც გაჩერდნენ და ერთმანეთში საუბრობდნენ. გაიგონა, თუ როგორ უყვიროდნენ კატერში მსხდომი პირები მ. გ.-ს და იწევდნენ მისკენ დასარტყმელად. ამ სამი პირიდან ერთს ჰქონდა ფოტოაპარატი. მას ზემოდან არაფერი უსვრია, არც ქვები დაუგორებია, მაგრამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან გაიგონა თ. ზ.-ს, (როგორც შემდეგ შეიტყო მისი სახელი და გვარი) სიტყვები ,,მიმიყვანეთ ახლოსო”. ამის გამო ლ. ხ.-მ დაუძახა ნავში მსხდომ პირებს, თუ ვინ იყვნენ ისინი, რომელი უბნიდან, რას შვრებოდენენ და რა უნდოდათ. პასუხად შემოესმა ,,ბებიაშენის უბნელები ვართო” და დაუწყეს გინება. ლ. ხ.-მაც შეაგინა რამდენჯერმე, რის შემდეგაც მათ დაქოქეს კატერი და წავიდნენ. ლ. ხ.-ს განმარტებით, მან მხოლოდ თავიდან, იმ დროს, როდესაც ზემოდან იყურებოდა დაბლა, შეაგინა კატერში მჯდომ პირებს მათი გინების საპასუხოდ, შემდეგ აღარ მიუყენებია მათთვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა. პირიქით, ის ცდილობდა, რომ განემუხტა სიტუაცია და არ დაემძიმებინა მდგომარეობა. ლ. ხ.-ს განმარტებით, მან არ იცოდა, თუ ვინ იყვენენ კატერში მყოფი პირები. იფიქრა, რომ თანასოფლელები იქნებოდნენ, მ. გ. რუსეთში ცხოვრობდა დიდხანს, არავის იცნობდა და ამიტომ ჩაერია, რათა გამოენახა მათთან საერთო ენა. ლ. ხ. და მისი ახლობლები დაბრუნდნენ ფაცხაში, მ. გ.-ც მივიდა, ისინი დასხდნენ ფაცხაში და საუბრობდნენ მომხდარ ფაქტზე. მათ საუბარი არ ჰქონდათ დამთავრებული, რომ გზიდან შევიდა ჯერ პიკაპის ტიპის ავტომობილი, რომელსაც მალე მოჰყვა მეორე ჯიპის მარკის ავტომანქანა სიგნალებით. ავტომანქანები გააჩერეს მათთან ახლოს ფაცხის ტერიტორიაზე. პირველი ავტომობილიდან გადმოვიდნენ გ. კ. და თ. ზ., (როგორც შემდეგ გაიგო მათი ვინაობა). არ უთქვამთ, თუ ვინ იყვნენ, მივიდნენ მათთან ისეთი შემართებით, რომ სურდათ მისი და მ. გ.-ს ცემა, ალბათ იმიტომ, რომ პირველი ინციდენტის დროს, როდესაც ნავში მყოფმა პირებმა მათ შეაგინეს, ლ. ხ. შეეპასუხა და შეაგინა მათ. ავტომანქანიდან გადმოსული პირების მათთან მისვლისას ლ. ხ.-ს ხელში ეჭირა დანა, რომლითაც ჯოხს თლიდა. ლ. ხ.-მ დანა დადო მაგიდაზე. გ. კ.-მ გადატენა იარაღი, გინებით და ლანძღვით მივიდა ლ. ხ.-სთან და იარაღი დაადო, რაზეც მ. გ. წამოვიდა მათკენ და ჩაუდგა შუაში. მ. თ.ზ.-ს ეუბნებოდა, თუ მათ რატომ აგინებდნენ, რა უნდოდათ მათგან, რა დაუშავეს. ისინი არ იყვნენ ფხიზლები. გ. კ.-ს ჰქონდა პატარა ბარაბნიანი პისტოლეტი. ეს იარაღი გაწია ლ. ხ.-ს მამამ გ. ხ.-მ შეძახილით, რომ მისთვის შვილი არ მოეკლათ. თ. ზ.-ც ყვიროდა და ხელი დაარტყა მ. გ.-ს. ამ დროს მეორე ჯიპიდან გადმოსული პირებიც მივიდნენ, მ. გ. დაბლა დააგდეს და ყველა ურტყამდა. იმ მომენტში, როდესაც ლ. ხ.-მ ხელი მოკიდა თ. ზ.-ს, რომელიც ეჯდა ზემოდან მ.-ს და ურტყამდა, მისკენ გამოქანდა სამი-ოთხი პიროვნება და მასაც დაუწყეს ცემა. რა დროსაც ლ. ხ.-მ აიღო რაღაც ჯოხი, რომელიც ვერ გამოიყენა თავის დასაცავად, რადგან იყო ხმელი და გადატყდა, შეიძლება ვინმეს ნაფოტი მოხვდა. ამასობაში მას ისევ დაესივნენ და ჩააგდეს ხრამში, გ. კ. მაღლა დარჩა, თ. ზ. და ბ. ფ.-ც იქ იყვნენ, ოპერატორი ხან ურტყამდა მათ, ხან იღებდა. ცოტა ხანში მ. გ.-ც ჩააგდეს ხრამში. ლ. ხ. და მ. გ. ნელ-ნელა ამოვიდნენ ხრამიდან. თ. ზ.-მ დაცვის მხარის მიერ ნივთმტკიცების სახით წარმოდგენილი მასიური ხე დაარტყა მ. გ.-ს ბეჭებზე და ფეხებში. ლ. ხ. ეხვეწებოდა მათ, რომ დაენებებინათ თავი, მათ ხომ არაფერი ჰქონდათ დაშავებული. გ. ნ.-მ პრადოს ჯიპიდან ამოიღო ბეისბოლის ჯოხი, რომელიც ლ. ხ.-ს ძმას, ზ. ხ.-ს დაარტყა ფეხებში, მაგრამ გამოძიება არ დაწყებულა ამ ფაქტზე. მართალია, თავიდან მას ნ. კ.-მ დაადო იარაღი, მაგრამ შემდეგ აღარ ჩხუბობდა და სხვებსაც აჩერებდა. ლ. ხ.-ს განმრტებით, მას არავისთვის არ დაურტყამს, პირიქით მას ურტყამდნენ ხელით გ. ნ., ბ. ფ., თ. ზ., დ. ჩ., ოპერატორი გ. ჯ.. ისინი მას უკან მისდევდნენ, ურტყამდნენ და ესროდნენ ქვებს. ის ჩააგდეს ხრამში, მ. გ.-ც უკან მიაყოლეს - ხრამში ჩააგდეს და შემდეგ ესროდნენ ქვას, ღორღს, ყველაფერს, რაც ხელში მოხვდათ. ასევე, მ. გ.-ს არავისთვის არ დაურტყამს ხელი. რაც შეეხება დანას, ის ლ. ხ.-მ თავიდანვე დადო მაგიდაზე. ლ. ხ.-ს განმარტებით, ჩხუბის დასაწყისში მას და მ. გ.-ს ხელში არაფერი არ ეჭირათ. მათ არავისთვის არ შეუგინებიათ. მხოლოდ თავიდან, პირველი ინციდენტის დროს მან შეაგინა ნავში მყოფ პირებს. ლ. ხ.-ს განმარტებით, რეიდი უკვე ჩატარებული იყო როგორც იმ ადგილას, სადაც მ. გ.იყო თავიდან, ასევე ფაცხებთან, სადაც ჩადის ბილიკები. მათთან მივიდნენ ჟ.-ს პოლიციის თანამშრომლები და სამინისტროს წარმომადგენლები, ყველა წაიყვანეს პოლიციაში. ლ. ხ.-მ პოლიციაში განაცხადა, თუ რომელ მანქანაში იყო ჯოხი, რომელიც დაარტყეს ზ. ხ.-ს, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებს ჯოხი არ ამოუღიათ. ლ. ხ. და მისი ახლობლები თავიდან თვითონ მივიდნენ ექსპერტიზაზე შესამოწმებლად, ერთი კვირის შემდეგ მათ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდათ ექსპერტიზა. აღნიშნული ფაქტის დროს აქტიურობდნენ თ. ზ., გ. ნ., ბ. ფ., რომლებმაც მას და მ. გ.-ს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ნ. კ.-ს არ დაურტამს მათთვის, მხოლოდ თავიდან დაადო მას იარაღი. გ. ჯ. ხან იღებდა, ხან ჩხუბობდა. ეს ინციდენტი სამჯერ მოხდა, პირველად - რომ სცემეს და ხრამში ჩაყარეს, მეორედ, როცა ხრამიდან ამოსვლის შემდეგ თ. ზ.-მ ხის ნაჭერი გადაარტყა მ. გ.-ს, მესამედ, როცა გ. ნ.-მ ბეისბოლის ჯოხი ურტყა ზ. ხ.-ს. ლ ხ.-მ მთლიანად დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენება. იარაღთან დაკავშირებით კი განმარტა, რომ მან უთხრა გამომძიებელს იარაღის შესახებ, რაც არ იქნა ჩვენებაში დაფიქსირებული, რაზეც მან პროტესტი განუცხადა გამომძიებელს.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მ. გ.-მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აჩვენა, რომ 20XX წლის XX სექტემბერს დაურეკა გ. ხ.-მ და სთხოვა, აეყვანა მანქანით ჟ.-ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კეთდებოდა გზა. მათ დაურეკეს ლ. ხ.-ს და უთხრეს, რომ ისიც წასულიყო მათთან ერთად. ლ. ხ.-მ უპასუხა, რომ მოგვინებით ავიდოდა. მათ კი უპასუხეს, რომ წყალს აიღებდნენ და ფაცხებთან დაელოდებოდნენ. გ. (გ.) ხ. არის მისი სიმამარი. მათ არ დახვდათ შეთანხმებულ ადგილზე პრარაბი. ისინი წამოვიდნენ უკან და მოვიდნენ ფაცხებთან, სადაც მათ უკვე ელოდებოდნენ ლ. ხ. და ლ. ლ.. მ. გ.-მ მათ უთხრა, რომ 2 ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული ხერხემლზე, ცურვა მისთვის იყო კარგი და წყალში ჩავიდოდა საბანაოდ მანამ, სანამ წყალს მოიტანდნენ ლ. და გ. ხ.-ები. ჩაჯდა ნავში და შევიდა წყალში. შიგნით უფრო სუფთა წყალია და იქ უნდა ებანავა. ის იყო ყურესთან, როცა მის ნავს მიუახლოვდა კატერი. კატერში იჯდა სამი პიროვნება. ჰკითხეს, თევზაობდა თუ არა. იფიქრა, ხომ არ დასცინოდნენ, რადგან არც ხელში ეჭირა რამე და ნავიც ცარიელი იყო, რის გამოც ცინიკურად უპასუხა, რომ თევზაობდა. ჰკითხეს, თუ რითი თევზაობდა. უპასუხა, რომ თევზაობდა სუფთა ხელებით. თ. ზ.-მ გაბრაზებით მიმართა: - ,,შენა ბიჭო, როგორ მელაპარაკებიო” და გააგრძელა ყვირილი. ყვირილზე ზემოდან - ნაპირიდან გადმოიხედეს ლ. და გ. ხ.-ბმა. მ. გ.-მ ჰკითხა კატერში მყოფ პირებს, თუ ვინ იყვნენ და საიდან. თვითონ 19XX წლიდან წასული იყო საქართველოდან, წელიწადში ერთხელ თუ ჩამოდიოდა და ვერ მიხვდა, თუ ვინ იყვნენ ეს პირები და რა უნდოდათ. კითხვაზე უპასუხეს, რომ იყვნენ გარემოს დაცვის სამსახურიდან, ამასთან თ. ზ.-მ შეაგინა და ეუბნებოდა ბ. ფ.-ს, ნავი ახლოს მიეყვანა. გინებაზე მ. გ.-მაც გინებით უპასუხა ,,ვინც შემაგინე, იმისი დედაცო”. ნაპირზე მყოფმა ლ. ხ.-მ რომ გაიგონა ეს ხმა, დაიძახა, თუ ვინ იყვნენ, რომელი უბნიდან და რატომ იგინებოდნენ, რაზეც ნავში მყოფმა პირებმა ცინიკურად უპასუხეს, რომ იყვნენ ბებიამისის უბნიდან და შეაგინეს, რაზეც ლ. ხ.-მაც შეაგინა. ისინი სანამ დაქოქავდნენ კატერს, ერთხელ კიდევ შეაგინეს მ. გ.-ს, რაზეც ამ უკანასკნელმა ასევე გინებით უპასუხა. ლ. ხ. ყველაფერს გაიგებდა, რაც დაბლა ხდებოდა, იმიტომ რომ იქ არის კარგი ექო. კატერში მყოფი პირები რომ წავიდნენ, მ. გ.-მ ნავი მიაბა, 70 - 80 მეტრი გაიარა საცალფეხო ბილიკით და ავიდა ფაცხაში. ბილიკით პირდაპირ ფაცხის მაგიდასთან არის შესასვლელი, ხოლო იქვე რამდენიმე მეტრში არის ის ფერდობი, სადაც ის და ლ.ნ ხ. ჩააგდეს. მ. გ.-ის განმარტებით, მისი ნავიდან გარემოს დაცვის თანამშრომლების მანქანამდე იყო 7 კილომეტრი. ლ. და გ. ხ.-ებმა აავსეს წყალი და მივიდნენ ფაცხებთან. დასხდნენ ფაცხაში და საუბრობდნენ მომხდარ ფაქტზე. ლ. ხ.-ს ეჭირა დანა და ჯოხს თლიდა. დაახლოვებით 40 წუთში მივიდნენ გარემოს დაცვის თანამშრომლები. მ. გ.-ის განმარტებით, გზიდან ჩანს ფაცხა და მისი ვარაუდით, მათ გზიდან დაინახეს, რომ ისინი ფაცხაში იმყოფებოდნენ. მანქანა გაჩერდა, საიდანაც გადმოსული თ. ზ. პირდაპირ წავიდა მისკენ დედის გინებით ,,თქვენი დედა, ვინ მომაყენა შეურაცხყოფაო”, რაზეც მ. გ.-მ უპასუხა, რომ მან შეაგინა იმის გამო, რომ თ.ზ. თვითონ აგინებდა მას. ამ დროს თ. ზ.-მ მუშტი მოუქნია და ,,გაკრა ყბაში” მ. გ.-ს, რომელმაც ვერ მოასწრო თავის გადაწევა. გ. ნ.-მ კი, რომელიც გვერდით ედგა, მას მუცელში დაარტყა ხელი. მ. გ. წაიქცა, მას დაესივნენ და ურტყამდნენ. თუ ვინ ურტყამდა, არ ახსოვს. ძლივს მოახერხა გამოძრომა და მათგან თავის დაღწევა, რაც თავადაც უკვირს. ის ჩავიდა პატარა მაგიდებთან, საიდანაც აიღო ფიცარი და ყვიროდა, რომ არ მიკარებოდნენ. ლ. ხ. გადააგდეს ხრამში, რომელიც არის ციცაბო, ისიც დაბლა ჩააგდეს და ზემოდან აყრიდნენ: ბოთლს, ქვას, ხეს. მოგვიანებით დაუძახეს, რომ ასულიყვნენ. მ. გ.-ის განმარტებით, თ. ზ.-მ ჯოხი, რომელიც დაცვის მხარემ პროცესზე ნივთმტკიცების სახით წარმოადგინა, ჯერ მოუღერა, რაზეც მ. გ.-მსთხოვდა, რომ გაეწია. მიუხედავად ამისა, თ. ზ.-მ ჯოხი დაარტყა ზურგზე. მას ეტყობოდა ბეჭებზე სისხლიანი ზოლი, ხოლო შემდეგ, როგორც კი შეტრიალდა, ფეხის არეში მენჯთან დაარტყა. გ. ნ.-მ კი ამოიღო მანქანიდან ბეისბოლის ჯოხი და ზ. ხ.-ს დაარტყა ფეხებში. თ. ზ. ისევ გამოეკიდა მ. გ.-ს ჯოხით და ისევ ხრამში ჩააგდო. ხრამიდან რომ ამოვიდნენ ის და ლ. ხ., გ. ნ.-მ შეაგინა მათ დედის მისამართით, რაზეც ლ.-მაც შეაგინა. ამიტომ თქვა- ,,კარგით, გეყოფათ, აღარ დაგინდობთო” და მათ დაურეკეს პოლიციას, რომლებიც მივიდნენ და დაინახეს, თუ რა მდგომარეობაში იყვნენ, მანამდე გ. ნ.-ს ხმა გაიგონეს ,,ეხლა გაჩვენებთო”. ყველა ჟ.-ს პოლიციაში წაიყვანეს, სადაც დაკითხეს. მეორე დღეს რომ მივიდა მ. გ. და გაეცნო ჩვენებას, აღმოჩნდა, რომ ჩვენებაში არ ეწერა, რაც უთხრა გამომძიებელს, ამიტომ ხელმეორედ მისცა ჩვენება. მ. გ.-ის განმარტებით, პირველი ინციდენტის დროს ლ. ხ.-ს გორიდან არ დაუგორებია და არ უსვრია ქვები. გ. ნ.-ს შემთხვევის დროს ეცვა სამხედრო შარვალი და მოყავისფრო მაიკა, თ. ზ.-ს ეცვა შავი ჩექმები, მოშავო შარვალი და მომწვანო მაიკა, ხოლო დანარჩენებს მუქი ტანსაცმელი ეცვათ. ტანსაცმელზე წარწერები იყო თუ არა, მას არ ახსოვს. მ. გ.-ა აჩვენა, რომ, როგორც შემდეგ გაირკვა, იქ იყვნენ: თ. ზ., ბ. ფ., გ. ჯ., დ. ჩ., ნ. კ.. მ. გ.-ის განმარტებით, როგორც მას ახსოვს, თავიდან ნ. კ. რომ მივიდა, გადაიწია მაგიდის მხარეს, სადაც ლ. ხ. იჯდა და იარაღი დაუმიზნა. სწორედ ამ დროს ეტყობა გული მიეცა თ. ზ.-ს და დაარტყა მას. ექსპერტიზები ჯერ თვითონ ჩაიტარეს დ.-ს საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ - თბილისში. მ. გ.-ს განმარტებით მას გ. ნ.-სათვის თავში ჯოხი არ დაურტყამს, ასევე არ დაურტყამს თ. ზ.-სათვის. თუ ვინმემ დაარტყა, არ დაუნახავს. თ. ზ.-სთვის და გ. ნ.-ს არა ფიზიკური, არამედ სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი არ მიუყენებია. ხელის აწევაც არ ყოფილა, ვერ მოასწრო, რადგან ხუთი ადამიანი ურტყამდა. კადრში კარგად ჩანს, რომ ინციდენტში მონაწილეობს ექვსი გარემოს დაცვის თანამშრომელი, ხოლო მათი მხრიდან იყო ორი პიროვნება - ის და ლ. ხ., რომლებიც თავს იცავდნენ. ასევე, კადრში კარგად ჩანს, რომ პიროვნება, რომელიც იწყებს ჩხუბს, აცვია შავი ჩექმები, მუქი ფერის სამოსი, ის არის გარემოს დაცვის თანამშრომელი თ. ზ., ხოლო მას ეცვა ჯინსის ღია ცისფერი შარვალი, ტანს ზემოთ არაფერი არ ეცვა. ლ. ხ.-ს კი ეცვა ბრიჯები, ჩუსტები და ტანს ზემოთ იყო ასევე შიშველი.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ. ზ.-მ განმარტა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სწრაფი რეაგირების სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. 20XX წლის XX სექტემბერს ხელმძღვანელობის დავალებით სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ჟ.-ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე. მასთან ერთად იმყოფებოდნენ აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელი გ. ნ., გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სწრაფი რეაგირების დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს უფროსი ნ. კ., უფროსი სპეციალისტი დ. ჩ., თანამშრომელი ბ. ფ. და ოპერატორი გ. ჯ.. მათი მიზანი იყო, აღმოეჩინათ უკანონო თევზჭერის ფაქტები. დაახლოებით დღის თორმეტი საათისთვის მათი სამსახურის კუთვნილი გასაბერი ძრავიანი ნავით წყალსაცავში შევიდნენ ის, ბ. ფ. და გ. ჯ.. მათ პრევენციის მიზნით უნდა დაეთვალიერებინათ წყალსაცავის ტერიტორია. გ. ნ., ნ. კ. და დ. ჩ.ი დარჩნენ წყალსაცავის ნაპირზე მანქანებით, ხოლო თვითონ შევიდნენ წყალსაცავში და მიყვებოდნენ წყალსაცავის ნაპირს ჟ.-ს მიმართულებით. მოძრაობისას წყლიდან ამოიღეს სამი ცალი ე.წ. გოდორყური და ერთი ცალი სახლართი ბადე. ასევე აგრძელებდნენ მოძრაობას წყლის ნაპირის გასწვრივ. დაახლოებით კოლომეტრნახევრის გავლის შემდეგ საავტომობილო გზის მხარეს, კლდოვანი ფერდობიდან დაგორდა ორი ცალი დიდი ზომის ქვა, რომლებიც ჩავარდა წყალში მათგან დაახლოებით ათ მეტრში, მათ იფიქრეს, რომ ქვების ვარდნა იყო ბუნებრივად ფერდობიდან, აღარ მიაქციეს ყურადღება და გააგრძელეს ნავით მოძრაობა. დაახლოებით ორმოცდაათი მეტრის გავლის შემდეგ კიდევ ჩამოვარდა რამდენიმე დიდი ზომის ქვა მათი მიმართულებით, რის შემდეგაც აიხედეს მაღლა და დაინახეს, რომ საავტომობილო გზაზე, მათგან დაახლოებით 70-80 მეტრის დაშორებით, იმ ადგილას, საიდანაც ჩამოცვივდა ქვები, იდგა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იყურებოდა მათკენ. ერთმანეთისთვის არაფერი არ უთქვამთ და გააგრძელეს მოძრაობა. დაახლოებით ორმოცდაათი მეტრის გავლის შემდეგ კვლავ განმეორდა ქვების ვარდნა, აიხედეს ზემოთ და დაინახეს, რომ ისევ ის პიროვნება იდგა ქვების ჩამოვარდნის ადგილას. მიხვდნენ, რომ აღნიშნული მამაკაცი შეგნებულად აგორებდა ქვებს მათი მიმართულებით. თუმცა, ის მომენტი, თუ როგორ აგორებდა იგი ქვებს, არ დაუნახავთ, ზემოთ იხედებოდნენ მას შემდეგ, როდესაც ქვები წყალში ვარდებოდა მათ ახლოს, მაგრამ მიხვდნენ, რომ სწორედ ის პიროვნება აგორებდა ქვებს შეგნებულად. ქვის ზომა იყო საკმაოდ მასიური და ის ქვა რომ დასცემოდათ, გამოიწვევდა ფატალურ შედეგს. ამიტომ გადაწყვიტეს წყლის სიღრმეში შესვლა. ამ დროს დაინახეს ნავი, მიუახლოვდნენ და ჰკითხეს, თუ რითი თევზაობდა. ნავში მყოფმა პირმა მათ მიუგო ცინიკურად, აგდებული ტონით და აგრესიულად, რომ თევზაობდა ხელით და ისინი ვინ იყვნენ, ამას რომ კითხულობდნენ. აუხსნეს, რომ იყვნენ გარემოს დაცვის სამსახურიდან და იმიტომ ეკითხებოდნენ. ამის შემდეგ იმ პირმა ასევე აგრესიული ტონით მიმართა, რომ წასულიყვნენ იმ ადგილიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ნიჩაბს დაარტყამდა, თან ამოაძრო ნიჩაბი ნავიდან და მოუღერა. ამ დროს მაღლა, საავტომობილო გზაზე მყოფმა დაიწყო ყვირილი და გინება მათი მისამართით, რის გამოც გამოერიდნენ იმ ადგილს, ვიანიდან არ უნდოდათ კონფლიქტში შესვლა. მოწმის განმარტებით, ისინი წავიდნენ იმ ადგილას, სადაც გაჩერებული ჰყავდათ მანქანები და ელოდებოდნენ თნამშრომლები. ამოღებული გოდრები ჩააწყვეს მანქანის ძარაზე და წავიდნენ ჟ.-ს მიმართულებით. აპირებდნენ ჟ.-ს კაშხალთან ჩასვლას ისევ წყლის ნაპირზე წყალსაცავის ნაპირის დასათვალიერებლად. როდესაც მივიდნენ კაშხალის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერდნენ იქვე არსებულ ფაცხასთან, საიდანაც შემდეგომ ფეხით აპირებდნენ ჩასვლას წყლის ნაპირზე ღონისძიების გასატარებლად. ისინი წავიდნენ ორი მანქანით. პირველ მანქანაში იჯდა 2 თანამშრომელი, ხოლო მეორე მანქანაში - ხელმძღვანელობა. მიუახლოვდნენ ფაცხებს, სადაც იყო მოსახერხებელი ადგილი მანქანების გასაჩერებლად და ისევ უნდა ჩასულიყვნენ წყალში. ერთ-ერთ ფაცხაში, სადაც იდგა მაგიდა და სკამები, ისხდნენ ის პირები, რომლებთან კონფლიქტსაც თავი აარიდეს - როგორც შემდეგ გაირკვა - ლ. ხ., მ. გ.და კიდევ რამდენიმე პიროვნება. მ. გ.-მ როგორც კი დაინახა ისინი, ადგა, გახდა აგრესიული და დაუწყო ლანძღვა-გინება, წამოვიდა მისკენ და როდესაც მიუახლოვდა, იგრძნო დარტყმა კისრის არეში. ამიტომ ჰკრა ხელი, რათა მოეშორებინა და თავი დაეცვა. ამ დროს ლ. ხ.-მ სახის არეში დაარტყა მას გაშლილი ხელი, თან აგინებდა. დარტყმის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. წაიქცა და დაგორდა იქვე ფერდობზე, ტყეში. ფეხზე წამოდგომის შემდეგ დაინახა, რომ ლ. ხ.-მ აიღო საკმაოდ დიდი მორი და თავის არეში დაარტყა გ. ნ.-ს. გ. ნ.-ც დაგორდა ფერდობზე დარტყმის შედეგად. მათ ამოიყვანეს გ. ნ., რომელსაც თავიდან სისხლი სდიოდა, მიუტანეს წყალი და თავი მობანეს. გ. ნ.-მ გამოიძახა პოლიცია. თ. ზ.-ს ვარაუდით, ლ. ხ.-ს და მ. გ.-ს აგრესიის საფუძველი იყო ის, რომ ეს პირები იქ ალბათ თევზაობდნენ, მათი მისვლით კი ხელი შეეშალათ. ამოღებული გოდორყურები და სახლართი ბადე სავარაუდოდ ეკუთვნოდათ მათ. ოპერატორმა გ. ჯ.-მ თქვა, რომ ლ. ხ. მანამდეც ჰყავდათ შემჩნეული. თ. ზ.-ს განმარტებით პირველად მ. გ.-მ დაარტყა კისრის არეში, შემდეგ - ლ. ხ.-ა, რის შედეგადაც წაიქცა და დაგორდა. მათთან მყოფი სხვა პირები არ მონაწილეობდნენ დაპირისპირებაში და არც მიუყენებიათ ვინმესთვის დაზიანება. პირადად მას არავისთვის მიუყენებია დაზიანება. ეს შეუძლებელიც კი იყო, რადგან, როგორც თვითონ, ასევე გ. ნ.-ც დაგორდა დამრეც ფერდობზე. ხევი იყო ძალიან დამრეცი. დაცემის შედეგად ადამიანი აუცილებლად მიიღებდა დაზიანებებს. არც გ. ნ.-ს და არც მას არაფერი ეკავათ ხელში. მას და გ. ნ.-ს გარდა სხვა თანამშრომლებს დაზიანება არ მიუღიათ. ამ ინციდენტთან დაკავშირებით ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა, რომ ჰქონდა დაზიანებები იდაყვის, კისრის, ზურგის და მუხლის არეში. მოწმის განმარტებით, მხოლოდ მოგერიების მიზნით ჰკრა ხელი ლ. ხ.-ს და მ. გ.-ს, რაც არ გამოიწვევდა სხეულის დაზიანებას. როდესაც ისინი მათთან ერთად დაგორდნენ ხევში, მაშინ მიიღებდნენ დაზიანებებს. მ. გ.-მ მარჯვენა ხელით დაარტყა მარცხენა მხარეს. მას შემდეგ რაც მას და გ. ნ.-ს დაარტყეს, ლ. ხ. და მ. გ. გაიქცნენ ქვემოთ ხევში ერთი მიმართულებით. მოწმის განმარტებით, არც მას და არც მის თანამშრომლებს არავისათვის არ დაურტყამთ. ჩხუბის მომენტს იღებდა მათი სამსახურის ოპერატორი გ. ჯ., რომელიც ჩხუბში არ ჩარეულა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ. ნ.-მ განმარტა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თბილისის ზედამხედველობითი სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 20XX წლის XX სექტემბერს ხელმძღვანელობის დავალებით სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა დ.-ს რაიონში, კერძოდ ჟ.-ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე. მასთან ერთად იმყოფებოდნენ აღნიშნული სამსახურის თანამშრომლები თ. ზ., ბ. ფ., გ. ჯ.. მათთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს უფროსი ნ. კ. და უფროსი სპეციალისტი დ. ჩ.. დაახლოებით დღის თორმეტი საათისთვის სამსახურის კუთვნილი გასაბერი ძრავიანი ნავით წყალსაცავში ჟ.-ბ.-ს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მხრიდან შევიდნენ თ. ზ., ბ. ფ. და გ. ჯ., რომლებსაც პრევენციის მიზნით უნდა დაეთვალიერებინათ წყალსაცავის ტერიტორია და უკან გამოსულიყვნენ, ხოლო თვითონ, ნ. კ. და დ. ჩ. დარჩნენ წყალსაცავის ნაპირზე და ელოდებოდნენ თანამშრომლების წყლიდან გამოსვლას, რომლებიც მოფარებულნი იყვნენ მათგან წყალსაცავის ტერიტორიაზე. დაახლოებით ორი საათის შემდეგ ისინი გამოვიდნენ წყლიდან და უთხრეს, რომ წყალსაცავზე ნავით შეხვდათ მათთვის უცნობი პირი, რომელსაც გაესაუბრნენ და როდესაც გაიგო, რომ იყვნენ გარემოს დაცვის თანამშრომლები, დაუწყო უხეში ლაპარაკი. ასევე წყლის ნაპირზე - ფერდობზე შენიშნეს სხვა პირიც და აღნიშნული ფერდობიდან დაინახეს, როგორ ჩამოიყარა ქვები რამდენიმე ადგილას. სავარაუდოდ იმ პირმა, რომელიც იდგა ფერდობზე, გადმოყარა ქვები. აღნიშნულზე თ. ზ.-ს, ბ. ფ.-ს და გ. ჯ.-ს მოუხდათ სიტყვიერი დაპირისპირება ამ მამაკაცთან. თანამშრომლებმა წყლიდან გამოიტანეს ალუმინისგან დაწნული რამდენიმე სათევზაო, ე.წ. გოდორი და ერთი სათევზაო ჩასაგდები ბადე. მათ მიერ გამოტანილი სათევზაო მოწყობილობები ჩააწყვეს სამსახურის კუთვნილი ,,პიკაპი“-ს ტიპის მანქანის ძარაზე და წამოვიდნენ ჟ.-ს მიმართულებით. თვითონ და ნ. კ. წამოვიდნენ მოწმის მართვის ქვეშ არსებული ,,ტოიოტა პრადო“-ს მარკის სამსახურებრივი ავტომანქანით, ხოლო დანარჩენები წამოვიდნენ მეორე ავტომანქანით. ჟ.-ჰესის წყალსაცავის კაშხალთან უნდა ჩასულიყვნენ ისევ წყლის ნაპირზე ასევე წყალსაცავის ნაპირის დასათვალიერებლად პრევენციის მიზნით. როდესაც მივიდნენ კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერდნენ იქვე არსებულ ე.წ. ფაცხასთან, საიდანაც შემდგომ ფეხით აპირებდნენ ჩასვლას წყლის ნაპირზე ღონისძიების გასაგრძელებლად. ტერიტორიაზე მანქანით შევიდა ბოლოს და მანქანიდან გადმოვიდა სხვებთან შედარებით გვიან. როდესაც გადმოვიდა მანქანიდან, დაინახა, რომ ფაცხაში სკამებზე იჯდა მისთვის უცნობი ხუთი პიროვნება, რომლებსაც ელაპარაკებოდნენ მისი თანამშრომლები. მათ შორის მიმდინარეობდა დაძაბული და ხმამაღალი საუბარი. ამ დროს ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც, როგორც შემდეგ გაიგო, ყოფილა მ. გ., დაარტყა ხელი კისრის არეში მის თანამშრომელს თ. ზ.-ს, რის შემდეგაც თავის დაცვის მიზნით თ. ზ.-ც ხელი ჰკრა. მეორე პიროვნებამ, როგორც შემდეგ გაიგო, ლ. ხ.-მ თ. ზ.-ს შეაგინა დედის მისამართით და სახეში ერთხელ გაარტყა გაშლილი ხელი, რის შედეგად თ. ზ. დაგორდა ხევის მიმართულებით. შემდეგ ლ.ხ.-მ აიღო გამხმარი ხის ტოტი და თავის არეში დაარტყა, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მოწმის განმარტებით, არც მას და არც რომელიმე მის თანამშრომელს არავისთვის არ დაურტყამს. ლ. ხ.-ს დარტყმის შემდეგ ის დაეცა დაბლა და ჩაგორდა დაღმართზე ტყეში, ასევე სტკიოდა თავი და ეხვეოდა თავბრუ. ჩხუბის მომენტს ვიდეოკამერით იღებდა მათი სამსახურის ოპერატორი გ. ჯ., რომელიც ჩხუბში არ ჩარეულა. ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით 4-5 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც გაშველდნენ და ერთმანეთის დახმარებით ამოვიდნენ ტყიდან ზემოთ. ამოსვლის შემდეგ გ. ნ. დაუკავშირდა ხელმძღვანელობას და აცნობა მომხდარის შესახებ. ასევე რამდენიმე ხნის შემდეგ დაუკავშირდა ჟ.-ს პოლიციას და შეატყობინა მომხდარის შესახებ. მოწმის განმარტებით, მომხდარი ჩხუბის დროს მან დაზიანება მიიღო თავის არეში, ასევე დაზიანება მიიღო თ. ზ.-მაც. სხვა რომელიმე თანამშრომელს დაზიანება არ მიუღია. როგორც შემდეგ გაიგო, ლ. ხ.-სთან და მ. გ.-სთან ერთად იყვნენ გ. ხ., ზ. ხ. და ლ. ლ..

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ. ჯ.-მ განმარტა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ოპერატორად. მის ფუნქციებში შედიოდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი სამართალდარღვევების ვიდეოგადაღება. 20XX წლის XX სექტემბერს ხელმძღვანელობის დავალებით სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა დ.-ს რაიონში, ჟ.-ჰესის ტერიტორიაზე. მასთან ერთად იმყოფებოდნენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თბილისის სწრაფი რეაგირების სამსახურის ხელმძღვანელი გ. ნ., ასევე თანამშრომლები ბ. ფ., თ. ზ. და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს უფროსი ნ. კ. და უფროსი სპეციალისტი დ. ჩ.. დაახლოებით დღის თორმეტი საათისთვის სამსახურის კუთვნილი გასაბერი ძრავიანი ნავით წყალსაცავში ჟ.-ბ.-ს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მხრიდან შევიდნენ ის, ბ. ფ. და თ. ზ.. მათ უნდა დაეთვალიერებინათ წყალსაცავის ტერიტორია, უკანონო თევზჭერის გამოვლენის და თევზსაჭერი მოწყობილობების ამოღების მიზნით. გ. ნ., ნ. კ. და დ. ჩ. დარჩნენ წყალსაცავის ნაპირზე მანქანებით, ხოლო თვითონ კი წყალსაცავში შევიდნენ და მიჰყვებოდნენ მის ნაპირს ჟ.-ს მიმართულებით. მათი თანამშრომლები, რომლებიც ნაპირზე დარჩნენ, მათ ვეღარ ხედავდნენ. მოძრაობისას წყლიდან ამოიღეს სამი ცალი ე.წ. სათევზაო გოდორი და ერთი ცალი სახლართი ბადე, რის შემდეგაც აგრძელებდნენ მოძრაობას და დათვალიერებას წყლის ნაპირის გასწვრივ. დაახლოებით კილომეტრნახევრის გავლის შემდეგ საავტომობილო გზის მხარეს, კლდოვანი ფერდობიდან დაგორდა ორი ცალი დიდი ზომის ქვა, რომლებიც ჩაცვივდა წყალში მათთან ახლოს. იფიქრეს, რომ შეიძლება, ქვები ჩამოცვივდა შემთხვევით და აღარ მიუქცევიათ ყურადღება. დაახლოებით ორმოცდაათი მეტრის გავლის შემდეგ კიდევ ჩამოგორდა რამდენიმე დიდი ზომის ქვა, რომლებიც ასევე მათ ახლოს ჩაცვივდა წყალში. აიხედეს მაღლა და დაინახეს, რომ საავტომობილო გზაზე, იმ ადგილას, საიდანაც ჩამოცვივდა ქვები, იდგა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იყურებოდა მათკენ. ერთმანეთისთვის არაფერი არ უთქვამთ და კვლავ გააგრძელეს მოძრაობა. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ კვლავ განმეორდა ქვების ცვენა. აიხედეს ზემოთ და დაინახეს, რომ ისევ ზემოთაღნიშნული მამაკაცი იდგა ქვების ჩამოვარდნის ადგილას. მიხვდნენ, რომ მამაკაცი შეგნებულად ყრიდა ქვებს მათი მიმართულებით. თუმცა მათ ქვების აღების და გადმოყრის მომენტი არ დაუნახავთ, ვინაიდან ზემოთ იხედებოდნენ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც უკვე ქვები წყალში ცვიოდა, მაგრამ მიხვდნენ, რომ სწორედ ის პირი აგორებდა ქვებს შეგნებულად. ამიტომ ნაპირიდან მოშორებით შევიდნენ წყალში, რა დროსაც შენიშნეს ნავი, რომელშიც იმყოფებოდა ერთი პიროვნება. მივიდნენ ახლოს და ჰკითხეს, თევზაობდა თუ არა, ან რით თევზაობდა. მან აგდებული ტონით უპასუხა, რომ თევზაობდა ხელით, ასევე უთხრა, რომ რა უფლება ჰქონდათ, რომ მას ეკითხებოდნენ თევზაობის შესახებ. ამის შემდეგ აუხსნეს, რომ იყვნენ გარემოს დაცვის თანამშრომლები და სრული უფლება ჰქონდათ, დაინტერესებულიყვენენ, თევზაობდა თუ არა აკრძალული საშუალებებით. მან კი ასევე აგრესიული ტონით მიმართა, რომ წასულიყვნენ იმ ადგილიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა ნიჩაბის დარტყმით. თან ამოაძრო ნიჩაბი ნავიდან და ეკავა ხელში. ამ დროს საავტომობილო გზაზე მყოფმა ზემოხსენებულმა პირმა, რომელიც, მისი ვარაუდით, აგორებდა ქვებს, მათი მისამართით დაიწყო ყვირილი და გინება. უყვიროდა მათ, რომ წასულიყვნენ იმ ადგილიდან და აგინებდა უწმაწური სიტყვებით. გინება გაგრძელდა დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში. გამოერიდნენ იმ ადგილს, ვინაიდან არ უნდოდათ სიტუაციის გამწვავება. ცოტა ხანში წავიდნენ იმ ადგილზე, სადაც მანქანები ჰყავდათ გაჩერებული და თანამშრომლები ელოდებოდნენ. მისვლის შემდეგ ჩააწყეს ამოღებული გოდრები და ბადე მანქანის ძარაზე და წამოვიდნენ ჟ.-ს მიმართულებით, რათა ჟ.-ს წყალსაცავის კაშხალთან ჩასულიყვნენ წყლის ნაპირზე წყალსაცავის ნაპირის დასათვალიერებლად პრევენციის მიზნით. როდესაც მივიდნენ კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერდნენ იქვე არსებულ ე.წ. ფაცხასთან, საიდანაც შემდგომ ფეხით აპირებდნენ ჩასვლას წყლის ნაპირზე. მანქანები გააჩერეს ფაცხის ტერიტორიაზე და გადმოვიდნენ მანქანიდან. დაინახეს, რომ იქვე არსებულ მაგიდასთან იჯდა ხუთი პიროვნება, რომელთაგანაც მან, ბ. ფ.-მ და თ.ზ.-მ იცნეს პიროვნება, რომელიც ნავით შეხვდა წყალსაცავზე. ერთ-ერთი კი ჰგავდა იმ პირს, რომელიც ქვებს აგორებდა ფერდობზე და იგინებოდა. აღნიშნული პირი წამოდგა ფეხზე და გინებით წამოვიდა მათკენ, თან ხელში ეკავა დანა. მეორეც, რომელიც მანამდე ნავში ნახეს, მათი მისამართით იგინებოდა უწმაწური სიტყვებით. ამ უკანასკნელმა, როგორც შემდგომ გაიგო, მ. გ.-მა კისრის არეში დაარტყა ხელი თ. ზ.-ს, რის შემდეგაც მას ხელი ჰკრა თ. ზ.საც, რათა მოეშორებინა. ამ დროს იმ პირმა, რომელიც სავარაუდოდ ქვებს აგორებდა, სახის არეში დაარტყა ხელი თ. ზ.-ს. თ. წაიქცა და დაგორდა ფერდობზე ტყეში. მოწმემ ასევე დაინახა, რომ ლ. ხ.-მ აიღო ხის ტოტი და თავის არეში დაარტყა მასთან ერთად მყოფ გ. ნ.-ს. მოწმის განმარტებით, არც მას და არც მის თანამშრომლებს არავისთვის არ დაურტყამთ. ჩხუბის მომენტს ვიდეოკამერით იღებდა და ჩხუბში არ ჩარეულა. ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც სამმართველოს უფროსის ნ. კ.ის ჩარევის შემდეგ მოხდა მოჩხუბრების დაწყნარება. რამდენიმე ხნის შემდეგ დაუკავშირდნენ ჟ.-ს პოლიციას და შეატყობინეს მომხდარის შესახებ. ჩხუბის დროს დაზიანებები მიიღეს გ. ნ.-ამ და თ. ზ.-მ, დანარჩენებს დაზიანებები არ მიუღიათ. ჩხუბის მიზეზი, მისი ვარაუდით, გახდა ის, რომ მათ წყალში ნავით ყოფნის დროს შელაპარაკება მოუვიდათ მ. გ.-სთან და ასევე მათ მიერ ამოღებული სათევზაო მოწყობილობები სავარაუდოდ ეკუთვნოდა მათ, რამაც გამოიწვია აგრესია მათი მხრიდან. მოწმემ აჩვენა, რომ როდესაც მოჩხუბრები ფერდობზე დაგორდნენ, ისიც ჩაჰყვა მათ ვიდეოკამერით და ცდილობდა გადაღებას. ზემოთ ამოსვლის დროს ფაცხის ტერიტორიაზე იპოვა დასაკეცი დანა, რომელიც თავიდან დაინახა ლ. ხ.-ს ხელში, თუმცა აღნიშნული დანა როდის დაუვარდა მას, ვერ დაინახა. მან დანა აიღო და წამოიღო, რათა პოლიციისთვის გადაეცა. დანა და დისკი, რომელზეც ჩაწერილია მის მიერ გადაღებული ჩხუბის მომენტი, წარუდგინა პოლიციას.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ. კ.-მ განმარტა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 20XX წლის XX სექტემბერს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა დ.-ს რაიონში, ჟ.-ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათთან ერთად იმყოფებოდნენ თანამშრომლები თ. ზ., ბ. ფ., გ. ჯ., დ. ჩ. და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქ. თბილისის სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი გ. ნ.. დაახლოებით დღის თორმეტი საათისთვის სამსახურის კუთვნილი გასაბერი ძრავიანი ნავით წყალსაცავში ჟინვალი-ბარისახოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მხრიდან შევიდნენ თ. ზ., ბ. ფ. და ოპერატორი გ. ჯ., რომლებსაც პრევენციის მიზნით უნდა დაეთვალიერებინათ წყალსაცავის ტერიტორია და უკანონო თევზჭერის გამოვლენის შემთხვევაში მომხდარიყო თევზსაჭერი მოწყობილობების ამოღება. ის, გ. ნ. და დ. ჩ. დარჩნენ წყალსაცავის ნაპირზე და ელოდებოდნენ თანამშრომლების გამოსვლას, რომლებიც მოფარებულნი იყვნენ მათგან წყალსაცავის ტერიტორიაზე და მათ ვერ ხედავდნენ. დაახლოებით ორი საათის შემდეგ ისინი გამოვიდნენ წყლიდან და უთხრეს, რომ ნავით შეხვდათ მათთვის უცნობი პირი, რომელსაც გაესაუბრნენ და როდესაც გაიგო, რომ იყვნენ გარემოს დაცვის თანამშრომლები, მათთან დაიწყო უხეში და აგრესიული ტონით ლაპარაკი. ასევე, როდესაც წყლიდან იღებდნენ უკანონო თევზსაჭერ მოწყობილობებს - გოდრებს და ბადეს, რომელიც სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ნავში მყოფისა და მასთან ერთად იქვე ნაპირზე მდგომი პირის კუთვნილი, ამ უკანასკნელმა წყლის ნაპირზე ფერდობიდან რამდენჯერმე დააგორა მათი მიმართულებით ქვები. აღნიშნულზე თ. ზ.-ს, ბ. ფ.-ს და გ. ჯ.-ს მოუხდათ სიტყვიერი შელაპარაკება ამ მამაკაცთან, რომელმაც შეაგინა რამდენჯერმე. თანამშრომლებმა წყლიდან გამოიტანეს სამი ცალი ალუმინისგან დაწნული სათევზაო ე.წ. გოდორი და ერთი სათევზაო ჩასაგები ბადე. სათევზაო მოწყობილობები ჩააწყვეს სამსახურის კუთვნილი ,,პიკაპი“-ს ტიპის მანქანის ძარაზე და წამოვიდნენ ჟ.-ს მიმართულებით, რათა ჟ.-ჰესის კაშხლის ტერიტორიაზე გაეგრძელებინათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. ის და გ. ნ. წამოვიდნენ მისი მართვის ქვეშ არსებული ,,ტოიოტა პრადო“-ს მარკის სამსახურებრივი ავტომანქანით, ხოლო დანარჩენები წამოვიდნენ ,,პიკაპი“-ს ტიპის ავტომანქანით. როდესაც მივიდნენ ჟ.-ჰესის კაშხლის მიმდებარედ, გაჩერდნენ იქვე არსებულ ე.წ. ფაცხის ტერიტორიაზე, საიდანაც შემდგომ ფეხით აპირებდნენ ჩასვლას წყლის ნაპირზე ღონისძიების გასაგრძელებლად. ტერიტორიაზე ჯერ შევიდნენ მათი თანამშრომლები, ხოლო შემდეგ შევიდნენ თვითონ. მანქანიდან გადმოსვლისას დაინახა, რომ იქვე არსებულ სკამებზე იჯდა მათთვის უცნობი ხუთი პიროვნება, რომლებსაც ელაპარაკებოდნენ მათი თანამშრომლები. მათ შორის მიმდინარეობდა დაძაბული და ხმამაღალი საუბარი. ამ დროს ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც, როგორც შემდეგ გაიგო, იყო მ. გ., კისრის არეში დაარტყა ხელი მათ თანამშრომელს თ. ზ.-ს, რის შემდეგაც თავის დაცვის მიზნით თ. ზ.-მაც ხელი ჰკრა მას. ის მივიდა მათთან და მოუწოდა მ. გ.-ს, დაწყნარებულიყო. მასთან მყოფმა მეორე პირმა, როგორც შემდეგ გაიგო, ლ. ხ.-მ თ. ზ.-ს შეაგინა დედის მისამართით და სახეში ერთხელ დაარტყა გაშლილი ხელი. თ. ზ. დაგორდა იქვე არსებულ ფერდობზე. მოწმის განმარტებით, ლ. ხ.-ს თან ჰქონდა გასაშლელი დანა, რომელიც დაუვარდა ჩხუბის და გაწევ-გამოწევის დროს. თ. ზ.-სთვის დარტყმის შემდეგ ლ. ხ.-მ აიღო გამხმარი ხის ტოტი და თავის და მხრის არეში დაარტყა გ. ნ.-ს, რის შემდეგაც ყველა ინერციით ჩავიდნენ დაბლა ფერდობზე. თვითონ ქვემოთ არ ჩასულა და დარჩა ფაცხის ტერიტორიაზე, სადაც ასევე დარჩა, როგორც შემდგომ გაიგო ლ. ხ.-ს მამა გ. ხ., რომელსაც არავისთვის არ დაურტყამს, მაგრამ მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა. მოწმის განმარტებით, არც მას და არც რომელიმე მათ თანამშრომელს არავისთვის არ დაურტყამს. ჩხუბის მომენტს ვიდეოკამერით იღებდა მათი სამსახურის ოპერატორი გ. ჯ., რომელიც ჩხუბში არ ჩარეულა. ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით 4-5 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც მოახერხა მათი დაწყნარება. შემდეგ კი დაუკავშირდნენ ჯერ ხელმძღვანელობას, ხოლო შემდეგ - ჟ.-ს პოლიციას და შეატყობინეს მომხდარის შესახებ. ჩხუბის დროს მას რაიმე დაზიანება არ მიუღია. დაზიანებები მიიღეს თ. ზ.-მ და გ. ნ.-მ.


პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ. ფ.-მ განმარტა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროს სპეციალისტად. 20XX წლის XX სექტემბერს ხელმძღვანელობის დავალებით სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდ დ.-ს რაიონში, ჟ.-ჰესის ტერიტორიაზე. მასთან ერთად იმყოფებოდნენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თბილისის სწრაფი რეაგირების სამსახურის ხელმძღვანელი გ. ნ., თანამშრომლები გ. ჯ.ე, თ. ზ., ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს უფროსი ნ. კ. და უფროსი სპეციალისტი დ. ჩ.. დაახლოებით დღის თორმეტი საათისთვის სამსახურის კუთვნილი გასაბერი ძრავიანი ნავით წყალსაცავში შევიდნენ ის, გ. ჯ. და თ. ზ.. მათ უნდა დაეთვალიერებინათ წყალსაცავის ტერიტორია უკანონო თევზჭერის და თევზსაჭერი მოწყობილობების გამოვლენის მიზნით. გ. ნ., ნ. კ. და დ. ჩ. დარჩნენ წყალსაცავის ნაპირზე მანქანებით, თვითონ წყალსაცავში შევიდნენ და მიჰყვებოდნენ წყალსაცავის ნაპირს ჟ.-ს მიმართულებით ისე, რომ მათი თანამშრომლები, რომლებიც ნაპირზე დარჩნენ, ვეღარ ხედავდნენ. მოძრაობისას წყლიდან ამოიღეს სამი ცალი ე.წ. სათევზაო გოდორი და ერთი ცალი სახლართი ბადე. გააგრძელეს მოძრაობა და დაათვალიერეს წყლის ნაპირი. დაახლოებით კილომეტრნახევრის გავლის შემდეგ საავტომობილო გზის მხარეს კლდოვანი ფერდობიდან დაგორდა ორი ცალი დიდი ზომის ქვა, რომლებიც ჩაცვივდა წყალში მათთან ახლოს. იფიქრეს, რომ შეიძლება, ქვები ჩაცვივდა შემთხვევით და აღარ მიუქცევიათ ყურადღება. დაახლოებით ორმოცდაათი მეტრის გავლის შემდეგ კვლავ ჩაგორდა რამდენიმე დიდი ზომის ქვა, რომლებიც ასევე მათ ახლოს ჩაცვივდა წყალში. აიხედეს მაღლა და დაინახეს, რომ საავტომობილო გზაზე, იმ ადგილას, საიდანაც ჩამოცვივდა ქვები, იდგა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იყურებოდა მათკენ. ერთმანეთისთვის არაფერი უთქვამთ და გააგრძელეს კვლავ მოძრაობა. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ კვლავ განმეორდა ქვების ცვენა. აიხედეს ისევ ზემოთ და ისევ ზემოთაღნიშნული მამაკაცი იდგა ქვების ჩამოვარდნის ადგილას. მიხვდნენ, რომ მამაკაცი შეგნებულად ყრიდა ქვებს მათი მიმართულებით, ვინაიდან რა მიმართულებითაც ისინი მიდიოდნენ, აღნიშნული პიროვნებაც მიჰყვებოდა საავტომობილო გზას მათ პარალელურად. მოწმის განმარტებით, აღნიშნული პირის მიერ ქვების აღების და გადმოყრის მომენტი არ დაუნახიათ, ვინაიდან ზემოთ იხედებოდნენ მას შემდეგ, როდესაც ქვები უკვე წყალში ცვიოდა, მაგრამ მიხვდნენ, რომ სწორედ ის პირი აგორებდა ქვებს შეგნებულად, რათა მათთვის ხელი შეეშალა საქმიანობაში. იმისათვის, რომ ქვები არ დასცემოდათ, ნაპირიდან მოშორებით შევიდნენ წყალში, რა დროსაც შენიშნეს ნავი, რომელშიც იმყოფებოდა ერთი პიროვნება. მივიდნენ მასთან ახლოს და ჰკითხეს, თევზაობდა თუ არა ან რა საშუალებით თევზაობდა. მან აგდებული ტონით უპასუხა, რომ თევზაობდა ხელით, ასევე უთხრა, რომ რა უფლება ჰქონდათ, რომ მას ეკითხებოდნენ თევზაობის შესახებ. უთხრეს, რომ იყვნენ გარემოს დაცვის თანამშრომლები და სრული უფლება ჰქონდათ, დაინტერესებულიყვნენ, თევზაობდა თუ არა აკრძალული საშუალებებით. ამის შემდეგ მან ასევე აგრესიული ტონით უპასუხა, რომ წასულიყვნენ იმ ადგილიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა ნიჩაბის დარტყმით, თან ამოაძრო ნიჩაბი ნავიდან და ეკავა ხელში. ამ დროს საავტომობილო გზაზე მყოფმა პირმა, რომელიც, მათი ვარაუდით, აგორებდა ქვებს, დაუწყო ყვირილი და გინება უწმაწური სიტყვებით, იგი უყვიროდა მათ, რომ წასულიყვენენ იმ ადგილიდან. ისინი გამოერიდნენ იმ ადგილს, ვინაიდან არ უნდოდათ სიტუაციის გამწვავება და რაიმე სახის კონფლიქტი. ცოტა ხანში დაბრუნდნენ იმ ადგილზე, სადაც მანქანები ჰყავდათ გაჩერებული და თანამშრომლები ელოდებოდნენ. მისვლის შემდეგ მანქანის ძარაზე ჩააწყვეს ამოღებული გოდრები და ბადე და წამოვიდნენ ჟ.-ს მიმართულებით, რათა გასცლოდნენ იმ ტერიტორიას. ჟ.-ჰესის წყალსაცავის კაშხალთან უნდა ჩასულიყვნენ ისევ წყლის ნაპირზე წყალსაცავის ნაპირის დასათვალიერებლად პრევენციის მიზნით. როდესაც მივიდნენ კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერდნენ იქვე არსებულ ე.წ. ფაცხასთან, საიდანაც შემდგომ ფეხით აპირებდნენ ჩასვლას წყლის ნაპირზე. მანქანები გააჩერეს ფაცხის ტერიტორიაზე და როდესაც გადმოვიდნენ მანქანიდან, დაინახეს, რომ იქვე არსებულ მაგიდასთან იჯდა ხუთი პიროვნება, რომელთაგანაც იცნეს პიროვნება, რომელიც ნავით შევხვდა წყალსაცავზე. მასთან ერთად მყოფ პირებთაგან ერთ-ერთი ჰგავდა იმ პირს, რომელიც ქვებს აგორებდა ფერდობზე და აგინებდა. აღნიშნული პირი წამოდგა ფეხზე და გინებით წამოვიდა მათკენ. ხელში ეკავა გახსნილი დანა. ორივენი იგინებოდნენ. ერთ-ერთმა, როგორც შემდეგ გაიგო, მ. გ.-მ კისრის არეში დაარტყა ხელი თ. ზ.-ს, რის შემდეგაც მას ხელი ჰკრა თ. ზ.-მაც, რათა მოეშორებინა. ამ დროს იმ პირმა, რომელიც სავარაუდოდ ქვებს აგორებდა - ლ. ხ.-მ, სახის არეში დაარტყა გაშლილი ხელი თ. ზ.-ს, რის შედეგადაც თ. წაიქცა და დაგორდა იქვე ფერდობზე. ასევე დაინახა, რომ ლ. ხ.-მ აიღო ხის ტოტი და თავის არეში ჩაარტყა მათთან ერთად მყოფ გ. ნ.-ს. მოწმის განმარტებით, არც მას და არც მის თანამშრომლებს არავისთვის არ დაურტყამთ. მოწმემ აღნიშნა, რომ ჩხუბის მომენტს ვიდეოკამერით იღებდა გ. ჯ. და ჩხუბში არ ჩარეულა. ისინი ცდილობდნენ სიტუაციის განმუხტვას, ინერციით ჩავიდნენ აღნიშნულ ფერდობზე, საიდანაც ამოვიდნენ მალევე. ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც სამმართველოს უფროსის ნ. კ.-ს ჩარევის შემდეგ მოხდა მოჩხუბართა დაწყნარება და სიტუაციის განმუხტვა. შემდეგ დაუკავშირდნენ ჟ.-ს პოლიციას და შეატყობინეს მომხდარის შესახებ. ჩხუბის დროს დაზიანებები მიიღეს გ. ნ.-მ და თ. ზ.-მ, დანარჩენებს დაზიანებები არ მიუღიათ. მოწმის განმარტებით, ჩხუბის მიზეზი, როგორც მიხვდა, გახდა ის, რომ მათი წყალში ნავით ყოფნის დროს შელაპარაკება მოუხდათ მ. გ.-სთან და ასევე მათ მიერ ამოღებული სათევზაო მოწყობილობები სავარაუდოდ ეკუთვნოდა მას, რამაც გამოიწვია აგრესია მისი და ლ. ხ.-ს მხრიდან.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ. ჩ.-მ განმარტა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. 20XX წლის XX სექტემბერს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა დ.-ს რაიონში, ჟ.-ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე. მასთან ერთად იმყოფებოდა აღნიშნული სამმართველოს უფროსი ნ. კ., ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქ. თბილისის სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი გ. ნ. და თანამშრომლები თ.ზ., ბ. ფ. და გ. ჯ.. დაახლოებით დღის თორმეტი საათისთვის სამსახურის კუთვნილი გასაბერი ძრავიანი ნავით წყალსაცავში ჟ.-ბ.-ს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მხრიდან შევიდნენ თ. ზ., ბ. ფ. და ოპერატორი გ. ჯ., რომლებსაც უნდა დაეთვალიერებინათ წყალსაცავის ტერიტორია და უკანონო თევზსაჭერი ხელსაწყოების გამოვლენის შემთხვევაში მოეხდინათ მათი ამოღება. ის, გ. ნ. და ნ. კ. დარჩნენ წყალსაცავის ნაპირზე და ელოდებოდნენ წყალში შესული თანამშრომლების გამოსვლას, რომლებიც უკვე მოფარებულნი იყვნენ წყალსაცავის ტერიტორიაზე და ვეღარ ხედავდნენ. დაახლოებით ორი საათის შემდეგ თანამშრომლები გამოვიდნენ წყლიდან და თან გამოიტანეს სამი ცალი ალუმინისგან დაწნული სათევზაო გოდორი და ერთი ცალი ბადე, რომლებიც ამოღებული ჰქონდათ წყლიდან. უთხრეს, რომ წყალსაცავზე ნავით შეხვდათ მათთვის უცნობი პირი, რომელსაც გაესაუბრნენ და როდესაც გაიგო, რომ იყვნენ გარემოს დაცვის თანამშრომლები, დაიწყო უხეში და აგრესიული ტონით ლაპარაკი. ასევე, როდესაც წყლიდან იღებდნენ უკანონო თევზსაჭერ მოწყობილობებს - გოდრებს და ბადეს, რომელიც სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ნავში მყოფი პიროვნების და მასთან ერთად იქვე ნაპირზე მდგომი ასევე მათთვის უცნობი პირის, ამ უკანასკნელმა წყლის ნაპირზე ფერდობიდან რამდენჯერმე დააგორა მათი მიმართულებით ქვები. აღნიშნულზე თ. ზ.-ს, ბ. ფ.-ს და გ. ჯ.-ს მოუხდათ სიტყვიერი შელაპარაკება ამ მამაკაცთან, რომელმაც მათ შეაგინა რამდენჯერმე. მათ მიერ გამოტანილი სათევზაო მოწყობილობები ჩააწყვეს სამსახურის კუთვნილ ,,პიკაპი“-ს ტიპის მანქანის ძარაზე და წამოვიდნენ ჟ.-ის მიმართულებით, რათა ჟ.-ჰესის კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაეგრძელებინათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. როდესაც მივიდნენ ჟ.-ჰესის კაშხლის მიმდებარედ, გაჩერდნენ იქვე არსებულ ე.წ. ფაცხის ტერიტორიაზე, საიდანაც შემდგომ ფეხით აპირენდნენ ჩასვლას წყლის ნაპირზე. მანქანიდან გადმოსვლისას დაინახა, რომ იქვე არსებულ სკამებზე იჯდა მისთვის უცნობი ხუთი პიროვნება. აღნიშნულ პიროვნებებს და მათ თანამშრომლებს შორის დაიწყო დაძაბული და ხმამაღალი საუბარი. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც, როგორც შემდეგ შეიტყო, იყო მ. გ., რომელიც ნავით შეხვდათ მათ თანამშრომლებს, კისრის არეში ხელი დაარტყა თ. ზ.-ს, რის შემდეგაც თავის დაცვის მიზნით თ. ზ.-მაც ხელი ჰკრა მას. იქვე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა, როგორც შემდეგ გაიგო ლ. ხ.-მ თ. ზ.-ს შეაგინა დედის მისამართით და სახეში ერთხელ დაარტყა გაშლილი ხელი, თ. ზ. დაგორდა იქვე არსებულ ფერდობზე. ლ. ხ.-ს თან ჰქონდა დანა, რომელიც ხელში ეკავა. თ. ზ.-სთვის დარტყმის შემდეგ ლ. ხ.-მ აიღო იქვე დაგდებული ხის ტოტი და თავის და მხრის არეში დაარტყა გ. ნ.-ს, რის შემდეგაც ყველა ინერციით ჩავიდნენ დაბლა ფერდობზე. ჩასვლის დროს ასევე წაიქცა გ. ნ. და ზემოთაღნიშნული პირებიდანაც რამდენიმე წაიქცა. მის თანმშრომლებს არავისთვის არ დაურტყამთ, ყველანი ცდილობდნენ სიტუაციის განმუხტვას. მოწმის ჩვენებით მ. გ.-მ დაარტყა თ. ზ.-ს და ლ. ხ.-მ ხის ტოტი დაარტყა გ. ნ.-ს, რომელმაც თავის და ბეჭის არეში მიიღო დაზიანებები. ასევე ლ. ხ.-მ სახეში გაშლილი ხელი გაარტყა თ. ზ.-ს. ჩხუბის მომენტს ვიდეოკამერით იღებდა სამსახურის ოპერატორი გ. ჯ., რომელიც ჩხუბში არ ჩარეულა. ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში. ნ. კ.-ს ჩარევის შედეგად მოხდა სიტუაციის განმუხტვა და მოჩხუბართა დაწყნარება. ამის შემდეგ დაუკავშირდნენ ხელმძღვანელობას და აცნობეს მომხდარის შესახებ. ასევე დაუკავშირდნენ ჟ.-ს პოლიციას. შემთხვევის ადგილზე ლ. ხ.-ს და მ. გ.-ს გარდა იყვნენ გ. ხ., ზ. ხ.და ლ. ლ..

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ. ხ.-მ განმარტა, რომ 20XX წლის XX სექტემბერს, შუადღის საათებში, გზამშენის ,,პრარაბს“ დასჭირდა შვიდკაციანი ჯგუფი. ასევე, სახლში უთხრეს, რომ წყალი იყო მოსატანი. ის წავიდა, რომ ბრიგადა შეეკრიბა. ის, მ. გ., მისი შვილები ლ. და ზ., შეიკრიბნენ, მაგრამ დათქმულ ადგილზე რომ ავიდნენ, ,,პრარაბი“ ვერ ნახეს. დაბრუნდნენ უკან. ის და ლ. ხ. წყლის მოსატანად წავიდნენ. მათ დაახლოებით 15 მეტრში ჟ.-ჰესის წყალსაცავიდან შემოესმათ გინების ხმა. ზემოდან დაინახეს, რომ მ. გ. იყო წყალში შესული. მასთან ახლოს იყო მისული მეორე ნავი, სადაც იჯდა 3 პიროვნება. ამ სამი პირიდან ერთი იდგა და აგინებდა მ. გ.-ს. მოწმის განმარტებით მ. გ.-ც იგინებოდა. ლ. ხ.-მ დაუძახა მათ, ვინ ხართო, ნავში მყოფმა პირებმა ჯერ ხმა არ გასცეს ლ. ხ.-ს, შემდეგ კი უპასუხეს თბილისიდან ვართო, ხოლო ლ.-ს კითხვაზე, თუ რომელი უბნელები იყვნენ, ერთმა პირმა დაუძახა, რომ იყვნენ ბებიამისის უბნიდან და დაუწყო გინება, რაზეც ლ.-მაც გინებით უპასუხა. ისინი დაბრუნდნენ ფაცხებთან. მოწმე გ. ხ. ეკითხებოდა მ. გ.-ს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. არსებული ფაცხის ტერიტორიაზე არსებულ მაგიდასთან ისხდნენ მისი ორივე შვილი ლ. და ზ. ხ.-ები და მათი მეგობარი ლ. ლ.ი. ამ დროს ფაცხის ტერიტორიაზე შევიდა ორი ჯიპის მარკის ავტომანქანა, რომლებიც გაჩერდნენ ფაცხის ტერიტორიაზე მათგან დაახლოებით ხუთ მეტრში. ორივე მანქანიდან გადავიდა მისთვის უცნობი ექვსი პიროვნება. ერთ-ერთი მანქანიდან გადმოსული ახალგაზრდა მამაკაცი წამოვიდა მათკენ, თან იძახდა, ეხლა ამათ დედას ვუტირებო და აგრესიული ტონით იკითხა, წეღან რომელი მაგინებდითო, თან შეიგინა უწმაწურად. შვილმა ლ. ხ.-მ უპასუხა მას, პირველად მას რომ შეაგინა, ამიტომ შეაგინა თვითონაც. ამ დროს, მოსულთაგან ერთ-ერთმა, კერძოდ იმ პირმა, რომელსაც სამხედრო ფორმის ქურთუკი ეცვა, ამოიღო მარჯვენა მხარეს ქამრიდან პატარა ზომის ცეცხლსასროლი იარაღი და ლ. ხ.-ს მიადო საფეთქელთან. ამიტომ მივიდა მასთან და უთხრა, რომ იარაღი ჩაეწია, არ გავარდნილიყო. თან გაიყვანა იქით. ამ დროს იმ პირმა, რომელიც პირველი მივიდა მათთან - თ. ზ.-მ შეაგინა და დაარტყა სახის არეში მ. გ.-ს, რომელმაც თავის დაცვის მიზნით ხელი ჰკრა მას, რომ მოეშორებინა. ამ დროს უკანა მხრიდან გ. ნ.-მ, (როგორც შემდეგ გაიგო მისი სახელი და გვარი) ფეხი ამოუქნია მ. გ.-ს დასარტყმელად. მ. გ. გაექცა ოპერატორს და ამ დროს თ. ზ.-მ ხის ,,რეიკა“ ჩაარტყა მ. გ.-ს. ყველა იქ მყოფი პირი ინერციით ჩავიდა იქვე არსებულ დაღმართზე, ზოგი მათგანი წაიქცა. ამ მომენტებს იღებდა ოპერატორი ვიდეოკამერით. მოსული პირები ყველა ურტყამდა მის შვილს - ლ. ხ.-ს და სიძეს - მ. გ.-ს. მისი მეორე შვილი ზ. ხ. და ლ. ლ. ცდილობდნენ მოჩხუბრების გაშველებას, ასევე მისი შვილი ლ. და სიძე, მ. იცავდნენ თავს და იგერიებდნენ მათ შეძლებისდაგვარად. არც თვითონ და არც ნ. კ., ( როგორც შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი) დაბლა არ ჩასულან და იყვნენ მაღლა, არ ჩარეულან ჩხუბში და სთხოვდა მას, რომ გაეჩერებინა თავისი თანმხლები პირები. დაბლა ფერდობიდან მალევე ამოვიდნენ მოსული პირები და ერთ-ერთს შეამჩნია, რომ მაისურზე უკან ჰქონდა გარემოს დაცვის სამსახურის წარწერა, რის შემდეგაც მიხვდა, რომ ისინი იყვნენ გარემოს დაცვის სამსახურიდან. ასევე ამოვიდა გ. ნ.-ც, რომელიც უწმაწური სიტყვებით იგინებოდა მისი შვილის, ლ. ხ.-ს მისამართით. მან უთხრა გ. ნ.-ს, რომ შეეწყვიტა გინება და გაჩერებულიყო. ამ დროს ფერდობიდან ფაცხის ტერიტორიაზე ავიდნენ მისი შვილი ლ. და სიძე მ. გ.. იქვე იმყოფებოდა მისი მეორე შვილი ზ. და ლ. ლ.. ამ მომენტში გ. ნ.-მ შავი ფერის ჯიპის ტიპის მანქანიდან ამოიღო ბეისბოლის ჯოხის მსგავსი ჯოხი, მიირბინა მის შვილთნ - ზ.-სთან და ორჯერ დაარტყა ფეხების არეში, თან უწმაწურად შეაგინა დედის მისამართით. მოწმის განმარტებით, ის მაშინვე მივარდა თავის შვილს და გადაეფარა, თან გ. ნ.-ს ეკითხებოდა, რატომ ურტყამდა, ზ.-მ რა დაუშავა. ლ.-ს და მ.-ს ამოსვლის შემდეგ გარემოსდაცვის თანამშრომლები ისევ წავიდნენ მათკენ გინებით, ხოლო მისი შვილი ლ. და სიძე მ. ისევ ჩავიდნენ დაბლა და გაერიდნენ, რომ მათ აღარ ეცემათ. მოწმის განმარტებით, მან და ნ. კ.-მ მოახერხეს სიტყუაციის განმუხტვა და მოჩხუბრების დაწყნარება. მას არ დაუნახავს, რომ ფაცხის ტერიტორიაზე მის შვილს ლ.-ს და სიძეს მ.-ს გარემოს დაცვის თანამშრომლებისთვის დაერტყას, ხოლო რაც შეეხება გინებას, მოწმე ადასტურებს, რომ ლ. ხ., მ. გ. და გარემოს დაცვის თანამშრომლები ერთმანეთს აგინებდნენ. მას შემდეგ, რაც ისინი ტყიან ფერდობზე ჩავიდნენ, თვითონ იქ ის არ ჩასულა და არ დაუნახავს, თუ ვინ ვის ურტყამდა, ვინაიდან ზემოდან არ ჩანდა. ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც მისმა შვილებმა და სიძემ მიიღეს სხეულზე დაზიანებები.

სასამართლო - სამედიცინო ექსპერტის დასკვნის მიხედვით, გ. ნ.-ს აღენიშნებოდა დაჟეჟილობა, ჰემატომა მარცხნივ თხემ საფეთქლის არეში, მრავლობითი ექსკორაციები, მარჯვენა თეძოს ფრთის, მარჯევნა მხარ-ბეჭის, ორივე წინამხრის, იდაყვების არეში. გ. ნ.-ს დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა, სკალპის ზედაპირული დაზიანება. გ. ნ.-ს სხეულზე არსებული დაზიანებები ნაჭდევების და სისხლჩაქცევების სახით განვითრებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არსებული დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

სასამართლო - სამედიცინო ექსპერტის დასკვნის მიხედვით, თ. ზ.-ს დაესვა დიაგნოზი: მრავლობითი ექსკორაციები (ზერელე ჭრილობები) კისრის, მარჯევნა იდაყვის, მარჯვენა ხელისგულის, მარჯვნივ თეძოს ფრთის და წელის არეში. სხეულზე არსებული დაზიანებები ნაჭდევების და სისხლჩაქცევების სახით განვითრებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არსებული დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

პალატა ზემოაღნიშნული, ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და გაანალიზების შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული შემთხვევის დროს მომხდარი კონფლიქტის მიზეზი იყო უშაუალოდ ჟ.-ჰესის წყალსაცავზე მსჯავრდებულებსა და დაზარალებულებს შორის მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკება, რაც ერთმანეთის უცენზურო სიტყვებით შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა, ხოლო შემდეგ კი, როდესაც უკვე მათი შეხვედრა მოხდა, კონფლიქტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. მოცემული გარემოებების შეფასება ცხადყოფს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვეთილად არის წარმოჩენილი კონფლიქტის დაწყების მიზეზები (ურთიერთშელაპარაკება აგრესიული და დამამცირებელი ტონით), მოტივი (განაწყენება) და ყველა ის წინარე ფაქტორები, რომელიც შემდეგ მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების საფუძველი გახდა. ნათელია, რომ კონფლიქტი დაზარალებულებსა და მსჯავრდებულებს შორის დაიწყო პირადი განაწყენების მოტივით. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოცემული კონფლიქტის დროს უტყუარად არ იკვეთება ის გარემოება, რომ ლ. ხ.-მ და მ. გ.-მ ხელი შეუშალეს გარემოს დაცვის თანამშრომლებს მათი მოვალეობის შესრულებაში, შესაბამისად, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმასთან მიმართებით, რომ მსჯავრდებულების არ ჩაუდენიათ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით გათალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები.

რაც შეეხება, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას თითქოსდა ლ. ხ.-მ და მ. გ.-მ ჩაიდინეს ცემა, პალატა აღნიშნულს ვერ გაიზიარებს. სადავო არ არის ის გარემოება, რომ თავდაპირველად მსჯავრდებულებს და დაზარალებულებს ერთმანეთში მოუვიდან არასასიამოვნო საუბარი (ურთიერთშელაპარაკება, რასაც მხარეები სადავოდ არ ხდიან). მსჯავრდებულები და მათი ოჯახის წევრი - მოწმე გ. ხ. განსხვავებულ სურათს წარმოაჩენენ ფიზიკური დაპირისპირების დროს მომხდარი სიტუაციის აღწერის კუთხით. ისინი აღნიშნავენ, რომ დაზარალებულებმა დაუწყეს მ. გ.-ს და ლ. ხ.-ს ცემა, რის შემდეგაც ისინი ჩააგდეს ხრამში. დაზარალებულების და მათათან მყოფი პირების, (რომლებიც იყვნენ გარემოს დაცვის თანამშრომლები,) ჩვენებების თანახმად კი მსჯავრდებულებმა დაზარალებულებს მიაყენეს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო მათ (არცერთ მათგანს) ფიზიკური შეურაცხყოფა მსჯავრდებულებისათვის არ მიუყენებიათ.

პალატა კონფლიქტური სიტუაციის დროს განვითარებული მოვლენების უტყუარად დადგენის კუთხით განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შემთხვევის დროს კონფლიქტის მიმდინარეობა ვიდეოკამერით გადაღებული იქნა გარემოს დაცვის ერთ-ერთი თანამშრომლის - გ. ჯ.-ის მიერ (რომელიც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე). ჩანაწერი შემდეგ გადაეცა გამომძიებელს. დადგენილია ისიც, რომ მოცემულ ვიდეოჩანაწერს ჩაუტარდა ექსპერტიზა და (ფონო) ვიდეოსკოპური ექსპერტის დასკვნით დადგინდა, რომ სიდი დისკზე ჩაწერილი ვიდეოგრამაზე არ არის მონტაჟი, ერთი მთლიანია, რაც ექსპერტების მიერ მთლიანად იქნა გაშიფრული. დისკზე არსებული ჩანაწერის მიხედვით, რაც ასევე გამოკვლეული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესზე, კადრები გრძელდება 01:44 წუთის განმავლობაში. დადგენილია, რომ დასაწყისში პიროვნებებთან, რომლებიც სხედან ტყის პირას ფაცხაში არსებულ მაგიდასთან, მიდის პიროვნება. მაგიდასთან მყოფ პირებს, მისულ პიროვნებასა და ამ უკანასკნელის თანმხლებ პირებს შორის იწყება ხმამაღალი საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიაყენეს ერთ-ერთ პიროვნებას, რომლის ვინაობასაც არ აკონკრეტებენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა - რატომ შეაგინეს. ამის საპასუხოდ მაგიდასთან მყოფი პირი, სავარაუდოდ მ. გ. პასუხობს: ,,თქვენ რატომ გვაგინებდითო“. ამის შემდეგ ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც დგას ხის სკამთნ და როგორც კადრში ჩანს, აცვია ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი მაისური და ლურჯი ფერის შარვალი გვერდზე ჯიბეებით, ხელს ჰკრავს ერთ-ერთ პიროვნებას, რომელიც კადრში არ ჩანს. ამ დროს ისმის ხმა ,,რას ირტყმევინები, გაწიე ხელი, თქვენ ხართ თანამშრომლები?“. ამის შემდეგ იწყება ყვირილი, გინება და გაწევ-გამოწევა ერთმანეთის მიმართ. კადრში ჩანს, რომ მოჩხუბრები ჩარბიან იქვე არსებულ დაღმართზე ტყისკენ. კადრში ჩნდება ერთ-ერთი პირი, რომელიც არის წელს ზემოთ შიშველი, შავგვრემანი, აცვია მუხლებთან გადაჭრილი ღია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და ხელში უკავია ხის ჯოხი. გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პიროვნება არის ლ. ხ.. იგი ჩარბის დაღმართზე ტყისკენ, იქნევს ჯოხს და აგინებს მის უკან მიმავალ ორ პიროვნებას, რომლებიც შემდეგ კადრში ჩანან ზურგებით. ერთ-ერთი მათგანი არის სრული აღნაგობის. დადგინდა, რომ იგი არის გ. ნ., რომელსაც აცვია მომწვანო ე.წ. სამხედრო ფერებში შარვალი და მოყავისფრო მოკლემკლავიანი მაისური, მეორე პიროვნება არის საშუალოზე მაღალი, მელოტი და აცვია მუქი ლურჯი ტანსაცმელი, მარცხენა მკლავზე აქვს მრგვალი მომწვანო ფერის ემბლემა. დგინდება, რომ აღნიშნული პიროვნება არის ბ. ფ.. ამ მომენტში მათგან მარჯვნივ კადრში ჩნდება პიროვნება, რომელიც არის ასევე წელს ზემოთ შიშველი, მელოტია, აცვია ღია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, ხელში უკავია სავარაუდოდ ფიცრის ნაჭერი და მიდის ყვირილით პირებისკენ, რომლებიც არ ჩანან, თუ ვინ არიან. აღნიშნული პიროვნება არის მსჯავრდებული მ. გ.. ამის შემდეგ კადრები არეულია, მხოლოდ ისმის რამდენიმე ადამიანის ყვირილის და გინების ხმა, რომლებიც უწმაწური სიტყვებით აგინებენ ერთმანეთს.

მოცემული ექსპერტიზის დასკვნის და საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერის შეფასებით ნათელია, რომ თავდაპირველად დაზარალებულები მივიდნენ ლ. ხ.-სთან, მ. გ.-სთან და მათთან ერთად მყოფ პირებთან, რის შემდეგაც იძაბება სიტუაცია, ისმის ხმა - პიროვნებას, რომელიც მიდის მსჯავრდებულებთან ერთად მყოფ პირებთან, ეუბნებიან, რომ ხელი გაწიოს, რატომ ირტყმევინება, რაც ცალსახად მიუთითებს მასზედ, რომ ეს სიტყვები მიმართული იყო არა მსჯავრდებულების მისამართით, არამედ მათთან მისული პიროვნებების - გარემოს დაცვის თანამშრომლების მისამართით (აღნიშნულზე მიუთითებს სიტყვებიც ,,თქვენ ხართ თანამშრომლები?“). მოცემული გარემოების გაანალიზება ცხადყოფს, რომ კონფლიქტური სიტუაციის დროს უშუალო ფიზიკური დაპირისპრების ინიციატორები იყვნენ არა მსჯავრდებულები, არამედ მათთან მისული პირები, რა დროსაც ამ უკანასკნელების მოქმედებები გამოიხატებოდა ხელის გარტყმებშიც კი. შესაბამისად, დაზარალებულების და გარემოს დაცვის თანამშრომლების მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული ინფორმაცია თითქოს მათ არავისთვის დაურტყამთ ხელი და არავისთვის მიუყენებიათ ფიზიკური შეურაცხყოფა, ეწინააღმდეგება ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულ ინფორმაციას, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ვიდეოჩანაწერი არ არის დამონტაჟებული, ერთი მთლიანია.

პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებზე, რომლებითაც დგინდება, რომ: 1) მ. გ.-ს სხეულზე არსებული დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებული, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, არსებული დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს და 2) ლ. ხ.-ს სხეულზე არსებული დაზიანებები ნაჭდევების სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არსებული დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული მიუთითებს მასზედ, რომ კონფლიქტური სიტუაცისას მსჯავრდებულებმა მიიღეს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები, რომლებიც ამყარებს დაცვის მხარის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ შემთხვევის დროს მსჯავრდებულებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

ამდენად, საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერის ანალიზით უტყუარად დგინდება, რომ ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორები იყვნენ სწორედ გარემოს დაცვის თანამშრომლები - დაზარალებულები და მათთან ერთად მყოფი პირები. შესაბამისად, არ შეესაბამება სინამდვილეს მათი ჩვენების ის ნაწილი, რომელშიც უთითებენ, რომ მსჯავრდებულებს შემთხვევით შეხვდნენ და შემთხვევის ადგილზე მათი მისვლა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან - წყალსაცავის ნაპირის დათვალიერებასთან იყო დაკავშირებული. აღნიშულს, როგორც აღინიშნა, ადასტურებს სიტყვები: ,,ხელი გაწიე, რატომ ირტყმევინები?“, ,,თქვენ ხართ თანამშრომლები?“ ვიდეოჩანაწერით ასევე გაბათილებულია მათი ჩვენება, თითქოს შემთხვევის ადგილზე მათი დანახვისთანავე ლ. ხ. წამოდგა და დანით ხელში გაემართა მათკენ. პირიქით, ჩანაწერში ჩანს, რომ ოპერატორი ახლოსაა მისული ჯერ კიდევ მჯდომარე ლ. ხ.-სთან.

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეზე დაკითხული არცერთი მოწმე არ არის ნეიტრალური პირი. ყველა მათგანი მიეკუთვნება ერთ-ერთ დაპირისპირებულ მხარეს, რაც განაპირობებს მათ სუბიექტურობას - სურვილს, გამორიცხოს მისი მხრიდან არამართლზომიერი ქმედების ჩადენა და მომხდარში დაადანაშაულოს მოწინააღმდეგე მხარე.

სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მოწმეთა (ლ. ხ.-ს, მ. გ.-ს, გ. ხ.-ს) ჩვენებები თანამიმდევრულია და მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციის ნაწილი დასტურდება ბრალდების მხარის მტკიცებულებით - ვიდეოჩანაწერით. ცალსახაა, რომ მსჯავრდებულებს თავიდანვე გააჩნდათ მოლოდინი, რომ დაპირისპირების ინიციატორი მხარე - გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლები იმოქმედებდნენ იმ ნორმების დაცვით, რასაც მათ აკისრებდა სამსახურებრივი მდგომარეობა. სწორედ ამ ნორმათა დაუცველობაზე მიუთითებს ზემოთ მითითებული სიტყვები - ,,ხელს რატომ ირტყმევინები?“, ,,თქვენ ხართ თანამშრომლები?“

როგორც აღინიშნა, კონფლიქტის ორივე მხარეს - ლ. ხ.-ს, მ. გ.-ს და გარემოსდაცვის თანამშრომლებს სხეულზე აღენიშნება სხვადასხვა დაზიანებანი. პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მ. გ.-ს და ლ. ხ.-ს სხეულზე არსებული დაზიანებები არ წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს, ვინაიდან მსჯავრდებულები თავიანთი ჩვენებების უტყუარობის დამადასტურებელ ერთ-ერთ ძირითად გარემოებად სწორედ მათ სხეულზე არსებულ დაზიანებებს მიიჩნევენ. ჩხუბის დაწყების შემდეგ დაპირისპირებულ მხარეთა ციცაბო ფერდობზე ჩავარდნა ობიექტურად ქმნიდა მათ სხეულზე დაზიანების განვითარების საფუძველს ძირს დაცემისა თუ ხე-ბუჩქთან კონტაქტის გამო, თუმცა დაუშვებელია ასეთი გზით დაზიანების გამოწვევა მხოლოდ მსჯავრდებულთა სხეულებზე აიხსნას, რაზედაც ყურადღებას ამახვილებენ დაზარალებულები და მათი თანამშრომლები.

საქმეზე შეკრებილ უტყუარ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ გამოირიცხა დაცვის მხარის ჩვენებებში ჩამოყალიბებული ვერსია, რომ ისინი მხოლოდ თავს იცავდნენ გარემოსდაცვის თანამშრომლებისგან და იმყოფებოდნენ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

ამასთან, გასათვალისწინებულია, რომ როგორც უკვე აღინიშნა, დაზარალებულები და მათი თანხმლები პირები არიან კონფლიქტში მონაწილე გარემოს დაცვის თანამშრომლები. დაინტერესებული არიან საქმის შედეგით, რის გამოც მათი ჩვენებები უნდა შეფასდეს, როგორც ნაკლები დამაჯერებლობის მქონე მტკიცებულებები. ამ ჩვენებებში მითითებული გარემოებები ვერ იქნა დადასტურებული საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით. სხეულზე მიყენებულ დაზიანებებთან დაკავშირებით კი, რომლებიც დაზარალებულების ჩვენებების თანახმად მიაყენეს ლ. ხ.-მ და მ. გ.-მ, როგორც უკვე აღინიშნა, ვერ გამოირიცხა ეჭვი, რომ დაზარალებულებს მსჯავრდებულებმა დაზიანებები მიაყენეს მათი აგრესიის საპასუხოდ მათგან დასაცავად ან ეს დაზიანებები განვითარდა მოჩხუბართა ციცაბო ფერდობზე ჩავარდნის შედეგად.

დაზარალებულთა და მათი თანხმლები პირების ჩვენების ნაკლები დამაჯერებლობის საკითხს ეხება ევროსასამართლოს მიერ განხილული საქმე მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ((Mikiashvili v. Georgia), განაცხადი no. 18996/06, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება). საქმე ეხებოდა განმცხადებლის მიმართ პიოლიციის არასათანადო მოპყრობას მისი დაკავებისას. ეროვნულ დონეზე, მიქიაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიუღებელი იყო ეროვნული სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება აღნიშნულ სამართალწარმოებაში. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებიდან აშკარად ჩანდა, რომ ისინი დაეყრდნენ, ძიორითადად, ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს. შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლომ არ მიიჩნია, რომ განმცხადებლის ჩვენება მის მიმართ არააუცილებელი და არათანაზომიერი ძალის გამოყენებაზე იყო სანდო, ვინაიდან ეს ჩვენება ასახავდა პირად აზრს და ბრალდებულის მიერ პოლიციელების დადანაშაულებას წარმოადგენდა. თუმცა იმავდროულად, ეროვნული სასამართლოებისათვის მისაღები იყო პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ისე, რომ ამასთან დაკავშირებით დამაჯერებელი დასაბუთება არ მოუყვანიათ. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ პოლიციელთა ჩვენებები, ასევე შესაძლოა, რომ სუბიექტური ყოფილიყო და, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა მათი მხრიდან ბრალდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ამ თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ასევე უნდა დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინაიდან გამოძიებას უნდა დაედგინა, იყვნენ თუ არა პოლიციელები არასაანადო მოპყრობაზე პასუხისმგებლები( გადაწყვეტილების პუნქტი 82).

ოჩელკოვის საქმეზე, დაკავების შემსწრე არცერთ თვითმხილველს არ განუცხადებია თავის ჩვენებაში, რომ ოჩელკოვმა წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს. ევროპულმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ,,ფაქტობრივად, პოლიციის თანამშრომლების ვერსია ეწინააღმდეგებოდა მოვლენათა იმ აღწერას, რომელიც ორი მოწმის... მიერ იქნა წარმოდგენილი. თუმცა სასამართლო არ ივიწყებს იმ სიახლოვეს, რომელიც ორ მოწმეს ჰქონდა განმცხადებელთან... მათი ჩვენების დაწვრილებითი ხასიათი, აგრეთვე ის ფაქტი, რომ ისინი დარჩნენ თავიანთ ჩვენებაზე გამოძიების განმავლობაში, აძლევს სასამართლოს შესაძლებლობას, რომ დაძლიოს მათ განცხადების უტყუარობასთან დაკავშირებული გარკვეული ეჭვი. „(ოჩელკოვის საქმეზე გადაწყვეტილების პუნქტი 117).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება, საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

მტკიცებულებათა შეფასება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს.

„ა) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნას დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში“.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და, შესაბამისად, სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის და საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შემდეგ პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის უტყუარად არსებობა, კერძოდ, ეჭვის გამორიცხავად არ არის დადგენილი შემთხვევის დროს განვითარებული მოვლენების (ფაქტობრივი გარემოებების) უტყუარობა, რომლითაც დადასტურდებოდა მსჯავრდებულების მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი, რის გამოც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, ვინაიდან, სასამართლოზე არ ყოფილა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს მ. გ.-ს და ლ. ხ.-ს ბრალეულობაში მათთვის წარდგენილ ბრალდებებში. შესაბამისად ისინი უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილნი და გამართლდნენ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის გამამატყუნებელი განაჩენი მ. გ.-ს და ლ. ხ.-ს მიმართ უნდა გაუქმდეს - მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჯემალ ნათელაშვილის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უნდა ითქვას უარი, ხოლო მსჯავრდებულების ლ. ხ.-ს და მ. გ.-ს ინტერსების დაცველი ადვოკატის თ. ქ.-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ლ. ხ.-ს და მ. გ.-ს მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამართლებელი განაჩენი.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჯემალ ნათელაშვილის სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდეს;

მსჯავრდებულების ლ. ხ.-ს და მ. გ.-ს ინტერსების დაცველი ადვოკატის თ. ქ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი ლ. ხ.-ს და მ. გ.-ს მიმართ;

ლ. ხ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ლ. ხ.-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

გაუქმდეს ლ. ხ.-ს მიმართ გირაოს უზრუნველსაყოფად ვ. გ.-ს (პ/ნ XXXXXXXXXXX) კუთვნილ უძრავ ქონებაზე - მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით XX.XX.XX.XXX, 8000 ლარის პროპორციულ წილზე დადებული ყადაღა.

მ. გ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მ. გ.-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

გაუქმდეს მ. გ.-ს მიმართ გირაოს უზრუნველსაყოფად ვ. გ.-ს (პ/ნ XXXXXXXXXXX) კუთვნილ უძრავ ქონებაზე - მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით XX.XX.XX.XXX, 6000 ლარის პროპორციულ წილზე დადებული ყადაღა.

ნივთმტკიცება:

დანა და ხის ნაჭერი განადგურდეს, ხოლო CD დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით.

ლ. ხ.-ს და მ. გ.-ს განემარტოს, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე აქვთ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.




მოსამართლე: ვ. ლომიძე