საქმის ნომერი: 3ბ/1760-15
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართლის პროცესი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მერაბ ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: ძალაში დარჩა განჩინება დაუშვებლობის გამო სარჩელზე წარმოების შეწყვეტის შესახებ. სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ითხოვდა იმგვარი მმართველობითი ღონისძიების ბათილად ცნობას, რაც არ წარმოადგენდა ინდაქტს და რომც ჩათვლილიყო ინდაქტად, გასული იყო სასარჩელო ხანდაზმულობის 1 თვიანი ვადა.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №3ბ/1760-15 (2015-11-30), www.temida.ge
საქმის № 330310015741868
საქმის № 3ბ/1760-15

განჩინება
საქართველოს სახელით
       30 ნოემბერი, 2015 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მერაბ ლომიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - მ. კ., ლ. ნ.

დავის საგანი - სარჩელის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 ოქტომბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე მითითება:

2015 წლის 05 მარტს მოსარჩელეებმა ლ. ნ.-მ და მ. კ.-მ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, რომლითაც ითხოვეს ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 29 დეკემბრის №XX/3860 წერილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით ლ. ნ.-ს და მ. კ.-ს სარჩელი მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მესამე პირების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, მ. ო.-ს მიმართ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 29 დეკემბრის №XX/3860 წერილის და ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების ბათილად თაობაზე, შეწყდა დაუშვებლობის მოტივით.

ზემოაღნიშნული განჩინების მიღებისას საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1999 წლის 25 დეკემბრის ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის საიჯარო საქმეების შემსწავლელი მუშა-ჯგუფის დასკვნით (კოოპერატივ ,,შ.-XX” მიერ სახელმწიფო ქონების შეძენის კანონიერების შესახებ) დადგენილია, რომ კოოპერატივმა ,, შ.-XX”-მ მის მიერ სარგებლობაში მყოფი ძირითადი საშუალებები შეიძინა იმ პერიოდისათვის მოქმედი კანონის შესაბამისად. ვინაიდან ქონება შეძენილია ყიდვა-გაყიდვის საფუძვლით შეძენილ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა უნდა გაიცეს კანონით დადგენილი წესით, რაც უნდა გადაწყვიტოს დეპარტამენტის კოლეგიამ.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ კოოპერატივ ,,შ. XX-ის მიმართ გაიცა საკუთრებს მოწმობა №XX/2-ი. რითაც მას საკუთრებაში გადაეცა კოოპერატივი ,,შ. XX”-ის მიერ დაკავებული ცალკე მდგომი შენობა, 250.0 კვ.მ. ფართით, მდებარე ქ. თბილისი, წ.-ს მე-X შესახვევი №XX-ში და ძირითადი საშუალებების აქტიური ნაწილი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 24 სექტემბრის №882010794XXX-05 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მ. კ.-მ 2010 წლის 20 სექტემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, ქ.თბილისი, წ.-ს მე-X შესხვევი №XX. განცხადებაზე თანდართულია: 1.დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2.მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; 3, სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა; 4. საკუთრების დამადასტურებელი მოწობა №XX/25. 5.სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით სარეგისტრცაიო წარმოება შეჩერდა დამატებითი დოკუმენტების (ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება, გეგმა და გეგმით გათვალისწინებულ ფართზე მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ასევე შენობა-ნაგებობაზე და მის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მამკვიდრებლის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი) წარდგენამდე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 26 ოქტომბრის №882010794XXX-07 გადაწყვეტილებით მ. კ.-ს განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო.

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან 2011 წლის 04 იანვრის მდგომარეობით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი 472.00 კვ.მ. მისამართი ქ.თბილისი, შესახვევი წ.-ს XX, №XX მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო.

2010 წლის 29 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ №XX/3860 წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისი, წ.-ს XX შესახვევი, №XX-ში მდებარე 472 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის სულ ფართით 268.32 კვ.მ რეგისტრაციაში გატარება და შესაბამისი ამონაწერის გაცემა.

2014 წლის 06 ივნისს ლ. ნ.-მ და მ. კ.-მ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვეს ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 29 დეკემბრის №XX/3860 წერილი. მოცემული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ივნისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული (საქმე №3/1972-14).

თბილისის საქალქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ივნისის განჩინებით ლ. ნ.-ს და მ. კ.-ს სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული, სარჩელის უკან გამოხმობის გამო.

ლ. ნ.-მ და მ. კ.-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს 2015 წლის 05 მარტს. მათ მიერ აღძრულ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 29 დეკემბრის №XX/3860 წერილის ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.1 მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით აღძრული სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს ასევე ხანდაზმულობა, კერძოდ კი,- თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მითითებული მუხლის საფუძველზე მოსარჩელე უფლებამოსილია ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე მოითხოვოს შეზღუდული ან სადავოდ ქცეული უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვა მხოლოდ იმ პირობებში, თუ მისი მხრიდან დაცულია გასაჩივრების ვადა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ივნისის განჩინება (სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ) იძლევა იმის მტკიცების უტყუარ საფუძველს, რომ მოსარჩელეთა მხრიდან გაშვებულია სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეებმა სასამართლოს განმეორებით იმავე მოთხოვნით მიმართეს 2015 წლის 05 მარტს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს არ აქვთ დაცული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადა, რის გამოც ლ. ნ.-ს და მ. კ.-ს სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს 2010 წლის 29 დეკემბრის №XX/3860 წერილის ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში დაუშვებელია, შესაბამისად, საქმეზე უნდა შეწყდეს წარმოება. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მოთხოვნას ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს 2010 წლის 29 დეკემბრის №XX/3860 წერილის ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში სარჩელი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, შესაბამისად, დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი სარჩელი ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილშიც, რამეთუ მოსარჩელეებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადინისტრაციული საჩივრით მიმართეს სწორედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს 2010 წლის 29 დეკემბრის №XX/3860 წერილის ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26[2]-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია განჩინებით შეწყვიტოს საქმის წარმოება, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ნ.-ს, მ. კ.-ს მიერ აღძრული სარჩელი მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მესამე პირების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, მ. ო.-ს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, დაუშვებელია, იგი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს, რის გამოც საქმის წარმოება უნდა შეწყდეს დაუშვებლობის მოტივით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრებული იქნა ლ. ნ.-ს და მ. კ.-ს წარმომადგენლის ო. შ.-ს მიერ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი ადმინისტრაციული აქტი შეიცავს მცდარ განმარტავს ან საერთოდ არ შეიცავს მითითებას გასაჩივრების წესისა და ვადების შესახებ, მაშინ პირი უფლებამოსილია 1 წლის ვადაში გაასაჩივროს აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 29 დეკემბრის NXX/3860 მიმართვაში განმარტებული არ ყოფილა აღნიშნული აქტის გასაჩივრების ადგილი და ვადა, შესაბამისად, მოსარჩელეებმა 2014 წლის 06 ივნისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოგვიანებით მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოსალოდნელ იყო, რომ მოსარჩელეებს ადმინისტრაციული საჩივრით არ მიუმართავთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის. შესაბამისად, მოხდა სარჩელის გახმობა მოთხოვნაზე უარის თქმის გარეშე, რის შემდეგად მოსარჩელეებმა დაუყონებლივ 2014 წლის 27 ივნისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. სწორედ ამის გამო ლ. ნ.-ს და მ. კ.-ს მოუხდათ განმეორებით მიემართათ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის სასარჩელო განცხადებით 2015 წლის 05 მარტს. მეორე სასარჩელო განცხადებაში დავის საგანს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 29 დეკემბრის წერილთან ერთად ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა წარმოადგენდა.

კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სასარჩელო განცხადების განუხილველად დატოვება მოსარჩელეს არ ართმევს უფლებას კვლავ მიმართოს სასამართლოს სარჩელით იმავე მხარის მიმართ, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. ამასთან, იმას, რომ მოსარჩელეებს ბოროტად არ გამოუყენებიათ ხანდაზმულობის ვადა ადასტურებს ის ფაქტი, რომ მათ საკუთრების უფლების დაცვა დაიწყეს ადმინისტრაციული აქტის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში. მოსარჩელეებმა თავდაპირველად შეცდომის მიმართეს სასამართლოს ნაცვლად იმისა, რომ ადმინისტრაციული საჩივრით მიემართათ სამინისტროსთვის. აღნიშნული შეცდომა კი გამოწვეულია იით, რომ ადმინისტრაციულ აქტში მითითებული არ ყოფილა მისი გასაჩივრების წესი.

კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. იმავე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში. განცხადების წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა დაცულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ პირმა კანონით დადგენილ ვადაში განცხადება წარადგინა არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაშიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის ანალოგია და ხანდაზმულობის ვადა გაშვებულად არ უნდა მიეჩნია სასამართლოს მხოლოდ იმის გამო, რომ მოსარჩელეებმა საკუთარი უფლების დასაცავად მიმართეს სასამართლოს ნაცვლად იმისა, რომ ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინათ სამინისტროში. ამასთან, ყურადღებას უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელეებმა სასამართლოს მიმართეს 2010 წლის 29 დეკემბრის NXX/3860 წერილის ჩაარებიდან ერთი წლის ვადაში.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 28 აპრილის საქმეში Nბს-168-162 (კს09) განმარტებულია, რომ ,,ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაშვებული სამართლებრივი შეცდომა ვერ გახდება პირის სარჩელის დასაშვებობის დამაბრკოლებელი მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული არ არის ამავე კოდექსის 52.2 მუხლით დადგენილი წესის დარღვევის სამართლებრივი შედეგი, რაც საკანონმდებლო ხარვეზით უნდა აიხსნას, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართლის დოქტრინის საფუძველზე შესაძლებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცესზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლით დადგენილი წესის გავრცელება, რომლის მიხედვით, თუ მხარეს არ განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, გასაჩივრების ვადა და წესი, ან არასწორად განემარტა იგი, მაშინ გასაჩივრება შეიძლება აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში’’. მსგავსი განმარტება უზენაეს სასამართლოს გაკეთებული აქვს ასევე 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებაშიც საქმეზე Nბს-226-223(2კ-14). გასაჩივრებულ განჩინებაში საერთოდ უგულვებელყოფილია აღნიშნული განმარტება, სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში არ დაასაბუთა თუ რატომ არ გაიზიარა დადგენილი პრაქტიკა, მაშინ როცა არ არის სადავო ის ფაქტი, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი არ შეიცავდა არანაირ მითითებას გასაჩივრების წესზე, იმ ორგანოზე, სადაც შეიძლებოდა მისი გასაჩივრება და საჩივრის წარდგენის ვადაზე.

კერძო საჩივრის ავტორები ითხოვენ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 ოქტომბრის განჩინება.

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლომ გააანალიზა საქმის მასალები, შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეათე კარის LI თავით განისაზღვრა კერძო საჩივრის დასაშვებობისა და განხილვის წესი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამიტომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში კერძო საჩივრის განხილვისას გამოიყენება მითითებული თავის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419.1. მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამ კოდექსის 420-ე მუხლით კერძო საჩივრის ზემდგომ სასამართლოში განხილვა წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოება და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მას. სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და თვლის, რომ მათი გამაბათილებელი არგუმენტები საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის არ წარუდგენია, რის გამოც კერძო საჩივარი, როგორც უსაფუძვლო, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება, როგორც არსებითად სწორი, დატოვებული იქნეს უცვლელად.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26[2]-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამდენად, კანონით ცალსახად არის დადგენილი, რომ მითითებული მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიძლება აღიძრას სასამართლოში, თუ გასაჩივრებული წერილი ან სხვა დოკუმენტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს და ამასთან, იგი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს წერილი, მიმართვა ან სხვა დოკუმენტი მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, თუ იგი აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, როდესაც განმცხადებელს უარს ეუბნება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე. ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, ადმინისტრაციული ორგანოს წერილი, მიმართვა ან სხვა დოკუმენტი მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, თუ იგი წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 29 დეკემბრის №XX/3860 წერილის (მიმართვის) ბათილად ცნობა, რომლითაც სამინისტრომ მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, წ.-ს XX შესახვევი, №XX-ში მდებარე 472 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის სულ ფართით 268.32 კვ.მ რეგისტრაციაში გატარება და შესაბამისი ამონაწერის გაცემა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 29 დეკემბრის გასაჩივრებული №XX/3860 წერილი (მიმართვა) არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან ამ წერილით (მიმართვით) არავის მიმართ არანაირი სამართლებრივი შედეგი არ წარმოშობილა, შესაბამისად, ამ წერილით მოსარჩელის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს არანაირი პირდაპირი და უშუალო ზიანი არ მიყენებია. ეს სადავო წერილი წარმოადგენს მხოლოდ მიმართვას საჯარო რეესტრის მიმართ უძრავი ქონების რეგისტრაციაში გატარების თაობაზე, მაგრამ დამოუკიდებლად იგი არანაირ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს. თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური ზემოაღნიშნული წერილის (მიმართვის) საფუძველზე მოახდენდა (ან მოახდინა) საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციას, სწორედ ეს სარეგისტრაციო ჩანაწერი ანუ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება იქნება აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას მიანიჭებს შესაბამის დაინტერესებულ პირს და თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ამ რეგისტრაციით (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) ადგება რაიმე სახის ზიანი, შეუძლია კანონოთ დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში გაასაჩივროს იგი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 29 დეკემბრის №XX/3860 წერილი (მიმართვა) არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამიტომ თუნდაც ამ საფუძვლით სარჩელი დაუშვებლად იყო საცნობი და საქალაქო სასამართლომ სწორად შეწყვიტა მასზე წარმოება.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 29 დეკემბრის №XX/3860 წერილი (მიმართვა) რომც მივიჩნიოთ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო მაინც არსებობდა სარჩელის დაუშვებლად ცნობისა და მასზედ წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში - უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში. ამდენად, ცალსახად არის დადგენილი, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს აქტის გაცნობიდან 1 თვის ვადაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ. იმავე კოდექსის 277-ე მუხლის თანახმად, სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ შეწყდება, ხოლო 278-ე მუხლის მიხედვით, იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით. ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლებით ცალსახად არის დადგენილი, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს სარჩელით საერთო წესის დაცვით (იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას), მაგრამ ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სარჩელის განუხილველად დატოვება არ იწვევს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას და სასამართლოსათვის განმეორებით მიმართვა უნდა მოხდეს გასაჩივრების დარჩენილი ვადის ფარგლებში.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 29 დეკემბრის №XX/3860 წერილის (მიმართვის) ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს თავდაპირველად მიმართა 2014 წლის 23 ივნისს. მოსარჩელეებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ივნისის განჩინებით, სარჩელის უკან გახმობის გამო, სარჩელი დარჩა განუხილველად. აქედან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელის განუხილველად დატოვება არ იწვევს ხანდაზმულობის ვადის დინების შეწყვეტას, მოსარჩელეები ვალდებულნი იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 29 დეკემბრის №XX/3860 წერილის (მიმართვის) ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოსათვის თავიდან მიემართათ ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადის დარჩენილ პერიოდში, რაც მათ არ გაუკეთებიათ და ახალი სარჩელით სასამართლოს მიმართეს მხოლოდ 2015 წლის 05 მარტს. აქედან გამომდინარე, თუ ჩავთვლით, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 29 დეკემბრის №XX/3860 წერილი (მიმართვა) წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მაშინ მოსარჩელეებს გაშვებული აქვთ მისი გასაჩივრების კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა, რის გამოც არსებობდა სარჩელის დაუშვებლად ცნობისა და მასზედ წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მსჯელობას იმის შესახებ, რომ, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 29 დეკემბრის №XX/3860 წერილში (მიმართვაში) მითითებული არ არის მისი გასაჩივრების წესი და ვადა, ამიტომ მათ უფლება ჰქონდათ იგი გაესაჩივრებინათ ერთი წლის განმავლობაში. სააპელაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორებს განუმართავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს აქტის (და არა ადმინისტრაციული აქტის) გასაჩივრებას მისი გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში იმ შემთხვევაში, თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით.

აპელანტები ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 29 დეკემბრის №XX/3860 წერილი (მიმართვა) მათ გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომლის 2014 წლის 11 ივლისის ბრძანებით საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიზნით იმავე წლის 18 ივლისს ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბრძანებით გადაწყვეტილების მიღების ვადად განისაზღვრა 2 თვე საჩივრის წარმოებაში მიღებიდან, საჩივრის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.

ამასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილი პირდაპირ ადგენს სარჩელის სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს დადგენილ ვადაში არ გამოაქვს გადაწყვეტილება ადმისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, დაინტერესებული პირი ვალდებულია ადმინისტრაციული ორგანოს უარი (დადგენილ ვადაში საჩივარზე პასუხის გაუცემლობა ნიშნავს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას) სასამართლოში გაასაჩივროს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან (როგორც მოსარჩელეები სარჩელში თვითონვე მიუთითებენ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2014 წლის 11 ივლისის ბრძანებით საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების ვადად განისაზღვრა 2 თვე საჩივრის წარმოებაში მიღებიდან, ამიტომ მოსარჩელეები ვალდებული იყვნენ აღნიშნული 2 თვიანი ვადის გასვლიდან მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სასამართლოში გაესაჩივრებინათ ადმინისტრაციული ორგანოს უარი, რაც მათ არ გაუკეთებიათ და სასამართლოს სარჩელით განმეორებით მიმართეს მხოლოდ 2015 წლის 05 მარტს, კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. ნ.-ს და მ. კ.-ს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 ოქტომბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ. ნ.-ს და მ. კ.-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 ოქტომბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.