საქმის ნომერი: 3ბ/835-16
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართლის პროცესი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მერაბ ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო წარმოება ჯერ შეჩერდა, შემდეგ შეწყდა. მხარეს ზემდგომ ორგანოში გასაჩივრებული ჰქონდა მხოლოდ შეჩერების შესახებ ინდაქტი. შეწყვეტის შესახებ ინდაქტის ერთჯერადი გასაჩივრების არარსებობა არ იქნა მიჩნეული სარჩელის დაუშველობის საფუძვლად.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №3ბ/835-16 (2016-06-29), www.temida.ge
საქმის № 190310016001217064
საქმის № 3ბ/835-16

განჩინება
საქართველოს სახელით
       29 ივნისი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მერაბ ლომიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს ,,ქ. ს. კ.’’

დავის საგანი - სარჩელის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე მითითება:

2016 წლის 15 იანვარს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯადობის წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიიდან განსახილველად გადაეგზავნა ადმინისტრაციული საქმე N3/9-16 შპს ,,ქ. ს. კ.-ს’’ სარჩელისა გამო, მოპასუხეების საჯარო რეესტრის გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით შპს ,,ქ. ს. კ.-ს’’ მოთხოვნა საჯარო რეესტრის გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 10 დეკემბრის N882015628XXX-06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

ზემოაღნიშნული განჩინების მიღებისას საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.

სასამართლომ მხარის ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს სამი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა; 3. სასამართლოების განტვირთვა. სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებელია ის, რომ დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გადასინჯვა, შესაბამისად, სასამართლო ადმინისტრაციული წარმოებისას ერთგვარად ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილების რევიზიას ახდენს და ადგენს რამდენად კანონის ფარგლებში აქვს ადმინისტრაციული აქტის გამომცემ ორგანოს მიღებული გადაწყვეტილება და ხომ არ ზღუდავს იგი ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე პირის უფლებებს.

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ის უპირატესობა, რომ ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, რითაც ხდება გარკვეულწილად კონტროლი იმისა, რომ აქტის გამომცემი ორგანო ადმინისტრაციული წარმოებისას არ გასცდეს თავისი უფლებამოსილების ფარგლებს.

მოცემულ შემთხვევაში საქმეს თან ერთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლის თანახმად გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში შეიძლება გასაჩივრდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მხოლოდ შემდგომ სასამართლოს წესით.

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე შპს ,,ქ. ს. კ.-ს’’ მიერ არ არის გამოყენებული აღნიშნული გადაწყვეტილების ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ერთჯერადად გასაჩივრების უფლება, შესაბამისად მისი მოთხოვნა სასამართლოს მიერ დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის განჩინება გასაჩივრებული იქნა შპს ,,ქ. ს. კ.-ს’’ მიერ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება არის უკანონო და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან შპს ქ. ს. კ.-ს’’ არ გაეგზავნა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 10 დეკემბრის N882015628XXX-06 გადაწყვეტილება და არ ჩაბარდა ოფიციალურად, საიდანაც უნდა აითვალოს გასაჩივრების 30 დღიანი ვადა, რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მათ მიერ გასაჩივრებული იქნა შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება, რაზეც უთითებდნენ, რომ არ არსებობდა შეჩერების საფუძველი, რის გამოც შეწყდა საქმის წარმოება. ამდენად, უნდა ჩაითვალოს, რომ შეჩერების შესახებ აქტის გასაჩივრებით, ასევე გაასაჩივრეს შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაც, ვინაიდან სადავო ორივე აქტის სამართლებრივი საფუძველი ერთი და იგივეა.

კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის განჩინება და სარჩელი მიღებულ იქნეს წარმოებაში.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლომ გააანალიზა საქმის მასალები, შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეათე კარის LI თავით განისაზღვრა კერძო საჩივრის დასაშვებობისა და განხილვის წესი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამიტომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში კერძო საჩივრის განხილვისას გამოიყენება მითითებული თავის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419.1. მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამ კოდექსის 420-ე მუხლით კერძო საჩივრის ზემდგომ სასამართლოში განხილვა წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით შპს ,,ქ. ს. კ.-ს’’ მოთხოვნა საჯარო რეესტრის გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 10 დეკემბრის N882015628XXX-06 გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) ბათილად ცნობის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება იმ საფუძვლით, რომ ეს გადაწყვეტილება ერთჯერადად არ იყო გასაჩივრებული ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ საჯარო რეესტრის გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 10 დეკემბრის N882015628XXX-06 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ მოსარჩელის მიერ ერთჯერადად არ არის გასაჩივრებული ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის გასაჩივრების ვალდებულებაც მოსარჩელეს ნამდვილად გააჩნდა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს სასამართლოში ასევე გასაჩივრებული აქვს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე და საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, საქალაქო სასამართლო ვალდებული იყო არსებითად განეხილა სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებაც, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების თანმდევ შედეგს და მათი ერთად განხილვა პროცესუალური ეკონომიის თვალსაზრისით უფრო გამართლებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით ბათილად იქნება ცნობილი გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე, მაშინ სარეგისტრაციო სამსახური ვალდებული იქნება თვითონვე თავიდან დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით, რაც დროში გააჭიანურებს სადავო საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტას და გამოიწვევს მხარისათვის ზიანის მიყენებას, რაც დაუშვებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 419-420-ე, 390-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს ,,ქ. ს. კ.-ს’’ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.