საქმის ნომერი: 1ბ/483-18
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: განაჩენი შეეხება აზერბაიჯანის მოქალაქის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტს, რისთვისაც მას სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა, ხოლო პროკურორი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მის მიმართ გამოყენებულიყო თავისუფლების აღკვეთა, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1ბ/483-18 (2018-07-23), www.temida.ge
საქმის № 1ბ/483-18

განაჩენი
საქართველოს სახელით
       23 ივლისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვეფხია ლომიძე

ლელა ბახტაძის მდივნობით,

სახელმწიფო ბრალმდებლის: გიორგი ხაჩიძის
ადვოკატის: გ. გ.-ს
მსჯავრდებულის: თ. მ.-ს
თარჯიმნის: ა. ს.-ს
მონაწილეობით,

ღია სასამართლო სხდომაზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ცენტრში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორის გიორგი ხაჩიძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №XXXXXXXXX002) თ. მ.-ს მიმართ. თ. მ. დაბადებულია 19XX წლის 1X სექტემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა. ბ.-ს რაიონი სოფელი გ..

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი.



სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. მ.-მ ჩაიდინა საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

თ. მ.-ს დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

აზერბაიჯანის მოქალაქემ თ. მ.-მ, რომელიც იმყოფებოდა ა.-ში, განიზრახა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით 2017 წლის 9 თებერვლიდან 2017 წლის 26 დეკემბრამდე პერიოდში, ზუსტი დრო დაუდგენელია, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და გადმოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განაჩენით:

თ. მ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2017 წლის 26 დეკემბრიდან 2018 წლის 27 მარტის ჩათვლით) დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 2000 (ორი ათასი) ლარით და საბოლოოდ თ. მ.-ს განესაზრრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

თ. მ.-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღოსძიება - პატიმრობა გაუქმდა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ცენტრში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა გიორგი ხაჩიძემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ბრალდების მხარემ მოითხოვა თ. მ.-ს მიმართ გამოტანილ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით - კერძოდ, მსჯავრდებულისათვის ისეთი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთასთან.

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას ბრალდების მხარემ შესავალ და დასკვნით სიტყვებში მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

დაცვის მხარემ მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და იმ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, რაც თ. მ.-ს გააჩნია, დანიშნული სასჯელი მიიჩნია პროპორციულად. ამასთან გამოთქვა მზაობა, დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს სახეწლმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განაჩენი თ. მ.-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება, განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ თ. მ.-ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

მსჯავრდებულ თ. მ.-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად არის დადგენილი და დადასტურებული საქმეზე შეკრებილი, ობიექტური, თანმიმდევრული და ერთმანეთის თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ - მოწმეების ი. წ.-ს, ვ. ღ.-ს, ვ. დ.-ს ჩვენებებით, თვით თ. მ.-ს აღიარებითი ჩვენებით, თ. მ.-ს მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან გადმოგზავნილი დოკუმენტაციით და საზღვრის კვეთის მონაცემებით, ასევე საქმეში არსებული სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მათ გამოკვლევის გარეშე საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვენლობა.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელის დანიშვნაზე იმ მოტივით, რომ თ. მ. იყო ძებნილი აზერბაიჯანის კომპეტენტური ორგანოების მიერ განზრახი დნაშაულის - ქურდობის ჩადენის გამო და საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთა განახორციელა მართლმსაჯულებისათვის თავის არიდების მიზნით, პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოება ვერ გახდება მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების არგუმენტი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გარდა, თ. მ. საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სამართალდარღვევის ჩადენაში მხილებული არ არის. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ მსჯავრდებულ თ. მ.-ს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელი დაენიშნა საქართველოში კონკრეტული დანაშაულის ჩადენისათვის, რასაც კავშირი არა აქვს თ. მ.-ს მიერ სხვა სახელმწიფოში დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან და ამ არგუმენტით სასჯელის გამკაცრების საფუძველი არ არსებობს. თ. მ. საქართველოს სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობით განსაზღვრული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის მიეცა პასუხისგებაში და კონკრეტული მუხლის სანქცია სასამართლოს აძლევს საშუალებას იმ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, რაც თ. მ.-ს გააჩნდა (ნასამართლობის არ ქონა, აღიარება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა.

საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სისხლისსმართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ე.ი. ამ კოდექსით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. გამამტყუნებელი განაჩენი კი კანონის რეაქციაა ასეთი ქმედების ჩადენაზე. სწორედ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში გვაქვს სახეზე პირის ნასამართლობა (სსკ-ის 79-ე მუხლი) და დანაშაულის რეციდივი (სსკ-ის მე-17 მუხლი).

ამდენად, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის და აქედან გამომდინარე ნასამართლობისა და დანაშაულის რეციდივის საფუძველი საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაა, უცხო ქვეყნის მოქალაქის გასამართლებისას მის მიერ წარსულში საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა სასჯელის დანიშვნისას არ უნდა შეფასდეს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.

ამდენად, პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის არგუმენტაციას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაუცველად დაუნიშნა სასჯელი თ. მ.-ს და საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის მიზნები არ იქნება უზრუნველყოფილი. პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სათანადოდ იქნა შეფასებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და მისი გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი საქმეზე დადგენილი სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებით ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ თ. მ.-სთვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას ეთანხმება და მიაჩნია, რომ იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას. როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ცენტრში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორის გიორგი ხაჩიძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განაჩენი თ. მ.-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ცენტრში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორის გიორგი ხაჩიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განაჩენი თ. მ.-ს მიმართ დარჩეს უცვლელი;

თ. მ. ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის (2017 წლის 26 დეკემბრიდან 2018 წლის 27 მარტის ჩათვლით) გათვალსწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 2000 (ორი ათასი) ლარით და საბოლოოდ თ. მ.-ს განესასზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ თ. მ.-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონსძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

საქმეზე დართული საგნები და ნივთები, რომლებიც ინახება სასაზღვრო პოლიციაში: HTC-ის ფირმის მობილური ტელეფონი, სამსუნგის ფირმის თეთრი ფერის მობილური ტელეფნი, სონის ფირმის თეთრი ფერის მობილური ტელეფონი, შავი ფერის ჩანთა, ოთხი ცალი 20 (ოცი) კაპიკიანი და ერთი ცალი 10 (ათი) კაპიკიანი რკინის მონეტა, ერთი ცალი ვერცხლისფერი ბეჭედი, რომელიც ინახება სასაზღვრო პოლიციაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.