საქმის ნომერი: 1ბ/378-18
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: განაჩენი შეეხება პირის მიერ (სხვა პირებთან ერთად) არასრულწლოვნისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის ფაქტს, მასზე ქორწინების მიზნით. მსჯავრდებული სააპელაციო საჩივრით ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას, რაც დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1ბ/378-18 (2018-07-10), www.temida.ge
საქმის № 1ბ/378-18

განაჩენი
საქართველოს სახელით
       10 ივლისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვეფხია ლომიძე

ლელა ბახტაძის მდივნობით,

სახელმწიფო ბრალმდებლის: ნინო პაპაშვილის
მსჯავრდებულის: ს. ი.-ს
ადვოკატის: ნ. ბ.-ს
თარჯიმნის: ა. ს.-ს
მონაწილეობით,

ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ს. ი.-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №XXXXXXXXX003) ს. ი-ს მიმართ. ს. ი. დაბადებულია 19XX წლის X ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №XXXXXXXXX766), ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ.-ს რაიონი სოფელი ნ.

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები.



სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ი.-მ სხვა პირებთან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან უ. გ.-ს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება.


აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 3 ოქტომბერს, დაახლოებით 14:30 საათზე ბ.-ს რაიონის სოფელ ნ.-ში მდებარე სასაფლაოებთან ს. ი.-მ, ფ. ი.-მ, მ. ა.-მ და ა. შ.-მ, რომლებიც წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები ს. ი.-თვის ცოლად შერთვის მიზნით იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში 16 წლის უ. გ. და მისი ნების საწინააღმდეგოდ გაიტაცეს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით:

ს. ი. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილი ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად აღნიშნული სასჯელიდან თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

ს. ი.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2017 წლის 4 ოქტომბრიდან.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს. ი.-მ. სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ს. ი.-მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ბ.-მ მოითხოვეს ს. ი.-თვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება იმ მოტივით, რომ ს. ი. წარსულში ნასამართლევი არ არის, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ნამდვილად სურდა ოჯახის შექმნა უ. გ.-სთან და სააპელაციო წესით განაჩენის გასაჩივრების მთავარი მოტივი ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება იყო, რაც არ მოხერხდა დაზარალებულის პოზიციის გამო.

ბრალდების მხარემ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას პროკურორმა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულ ს. ი.-ის მიმართ სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ს. ი.-ს დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

ს, ი.-ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით - დაზარალებულ უ. გ.-ს, მოწმეების შ. მ.-ს, ლ. გ.-ს და გ. ნ.-ს ჩვენებებით, ბრალდებულის სახით ფ. ი.-ს, მ. ა.-ს და ა. შ.-ს ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული ბრალდების სხვა მტკიცებულებებით, რაც მხარეებმა არ გახადეს სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ისინი გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებად.

აღნიშნული მტკიცებულებების შესწავლის, შეფასების და გააანალიზების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ს. ი.-მ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო განიხილავს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ხასიათს, ხერხსა და სპეციფიკას, კერძოდ ს. ი.-ს მიერ სხვა პირებთან ერთად დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას. სასამართლოს მიაჩნია, რომ, როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით უზრუნველყოფილ ისეთ ძირეულ უფლებას, როგორიცაა პირის თავისუფლება, მისი თავისუფალი გადაადგილების უფლება, რომელიც ილახება პირის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სასჯელი უნდა იყოს ზომიერად მკაცრი. ამასთან გასათვალისწინებელია დანაშაულებრივი ქმედების ძალადობრივი ხასიათი. დაზარალებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულის ასაკს. იმავდროულად მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულთა ქმედების შემდგომ ისინი ბრალის აღიარებით გამოცხადდნენ პოლიციაში, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, ბოდიში მოიხადეს როგორც დაზარალებულის, ისე მისი ოჯახის წევრების და საზოგადოების წინაშე. დაზარალებული საკუთარი ნებით დააბრუნეს მშობლებთან. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ს. ი.-მ სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისთვის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით იქნა დანიშნული სასჯელი, თუმცა პალატას მიაჩნია, რომ მითითებული შემამსუბუქებელი გარემოებები იძლევიან საფუძველს ს. ი.-თვის სასჯელი განისაზღვროს კონკრეტული მუხლის სასჯელის მინიმალური ზღვრის ოდენობით. რის გამოც განაჩენში ს. ი.-ის მიმართ ცვლილება უნდა იქნას შეტანილი. კერძოდ ს. ი.-ს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 4 )ოთხი) წელი და 8 (რვა) თვე უნდა განესაზღვროს მოსახდელად სასჯელარსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 (ორი) წელი და 4 (ოთხი) თვე უნდა ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. რაც, პალატის აზრით, სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ს. ი.-სთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათს და სიმძიმეს. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, ადამიანის თავისუფალი გადაადგილების უფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული საბოლოო სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ს. ი.-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენში მსჯავრდებულ ს. ი.-ის მიმართ სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, –

დ ა ა დ გ ი ნ ა:


მსჯავრდებულ ს. ი.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენში მსჯავრდებულ ს. ი.-ის მიმართ შევიდეს ცვლილება;

ს. ი. ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტიებთ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად აღნიშნული სასჯელიდან თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 8 თვის ვადით მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი და 4 (ოთხი) თვე, საქართველოს სსკიის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
ს. ი.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017
წლის 04 ოქტომბრიდან

ცნობად იქნას მიღებული, რომ ს. ი.-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ს. ი.-ის მიმართ განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულ ს. ი.-ს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები: 2 ცალი CD დისკი და ორი ცალი DVD დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

BMW მარკის ავტომანქანა სახ.N AAXXXEE და ავტომანქანის გასაღები დაუბრუნდეს მის
კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

უ. გ.-ს, ს. ი.-ს, მ. ა.-ს, ფ. ი.-ს, ა. შ.-ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელები დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეებს;

საქმეზე საექსპერტო კვლევისთვის აღებული ნიმუშები: ავტომანქანიდან აღებული ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, უ. გ.-ს, ს. ი.-ს, მ. ა.-ს, ფ. ი.-ს, ა. შ.-ს სუნის, თმის და ნერწყვის ნიმუში განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული სამი ცალი მობილური ტელეფონი
დაუბრუნდეს მესაკუთრეებს.

განაჩენი ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.