საქმის ნომერი: 1ბ/1493-18
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებს, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრა - ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და, როგორც მსჯავრდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1ბ/1493-18 (2018-12-12), www.temida.ge
საქმის № 1ბ/1493-18

განაჩენი
საქართველოს სახელით
       12 დეკემბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო

შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვეფხია ლომიძე

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

მსჯავრდებული: ლ. ნ. (პირადი ნომერი: №XXXXXXXXXXX), დაბადებული 1986 წლის XX მაისს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტიურად მცხოვრები ქ. თ., ვ. X, მე-X მ/რნი, კორპ. №XX, ბინა №XX-ში.

კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 11[1],151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

სასჯელი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით:

ლ. ნ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 11[1],151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე პირობითად არ იქნა გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.

ლ. ნ.-ს საქარველოს სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

ლ. ნ.-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

ლ. ნ.-ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალა დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის დრო -2018 წლის 21 აგვისტოდან 4 ოქტომბრის ჩათვლით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი. ქ.-მ და მოითხოვა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.

მსჯავრდებულ ლ. ნ.-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. გ.-მ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 14:30 საათზე ქ. თ.-ში, ვ. X, მე-X მ/რაიონი, კორპუსი XX, ბინა XX-ში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ლ. ნ. საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების ნიადაგზე დანის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მეუღლეს ი. ა.-ს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.


ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ლ. ნ.-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ი. ა.-ს, მ. მ.-ს, ნ. ხ.-ს, ო. ლ.-ს, რ. ხ.-ს და მ. გ.-ს გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის სახით ლ. ნ.-ს დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ლ. ნ.-ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება - იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ლ. ნ.-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 11[1],151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ლ. ნ.-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ არ არის ნასამართლევი, აღიარა და მოინანია დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს, სადავოდ არ გახადა მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში და ოჯახის წევრის მიმართ დანის გამოყენებით მუქარის განხორციელება.

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიადუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის მიზნების მისაღწევად, გათვალისიწნებული უნდა იქნას დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას უნდა აქცევდეს კანონისმიერ მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დამნაშავის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასითებლებს, მის ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ლ. ნ.-ს მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული და კანონმდებელმა საქართველოს სსკ-ის 11[1],151-ე მუხლის პირველი ნაწილის ნაწილის სანქციით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად განსაზღვრა ალტერნატიული სასჯელებიც, რომლითაც საშუალება მისცა სასამართლოს, სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ, მისი დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ და ისე დაუნიშნოს სასჯელი.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს სამართლიანი სასჯელის დანიშვნას და აქვე პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნვლყოფს სასჯელის მიზნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას პასუხისმგებლობის შემამასუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, მისი ქცევა ქმედების შემდეგ.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების თანახმად სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი, უნდა შეესაბამებოდეს მსჯავრდებულის პროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ლ. ნ.-ს ჩადენილი დანაშაულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლომ სანქციით გათვალისწინებული ალტერნატიული სასჯელებიდან განუსაზღვრა ყველაზე მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა. პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით ლ. ნ.-სთვის თავისუფლების აღკვთის სახით დანიშნული სასჯელი 1 (ერთი) წლის ვადით პასუხობს სასჯელის დანიშვნის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპს, ადეკვატურია დამნაშავის რესოციალიზაციისთვის, შეესაბამება სასჯელის გამოყენების ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებს, რომლებზედაც მითითებულია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლში.

ამავე საფუძვლებზე მითითებით პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტს, რომ ლ. ნ.-სთვის დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა იმ დანაშაულებრივი ქმედებისა, რაც მსჯავრდებულმა განახორციელა. ასევე ვერ დაეთანხმება აპელანტს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელით უგულებელყოფილია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნები, თითქოსდა იგი ლმობიერი და შეუსაბამოდ მსუბუქია, რის გამოც წამახალასილებელი აღმოჩნდება მსჯავრდებულისთვის.

აპელანტის არგუმენტის საწინააღმდეგოდ პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, დადგენილი და დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ლ. ნ. საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო დანით დაემუქრა მეუღლეს ი. ა.-ს ჯანმრთელობის დაზიანებით, რაც იძლევა საფუძველს ქმედების საქართველოს სსკ-ის 11[1],151 მუხლით კვალიფიკაციისა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ლ. ნ.-სთვის თავისუფლების აღკვეთის სახით 1 წლის ვადით დანიშნული ძირითადი სასჯელი არის მუხლის სანქციით განსაზრვრული მაქსიმუმი, ამიტომ საფუძველს მოკლებულია პროკურორის მოთხოვნა უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნაზე.

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ ლ. ნ.-ს მიმართ გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენებისას და, ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.

სასჯელის სამართლიანობას სასამართლო აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა და შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისთან ან/და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებს, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრა - ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და, როგორც მსჯავრდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები (ნასამართლობის არქონა, აღიარება, დაზარალებულთან შერიგება), ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე (ოჯახური ძალადობა, დანის გამოყენება) და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული შერიგებულია დაზარალებულთან. საქმის მასალებში დაზარალებულის არაერთი განცხადება წერილი, და ხელწერილია, სადაც ის აცხადებს რომ შერიგებულია მსჯავრდებულთან და ითხოვს მის მიმართ განხორცილედეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ასევე უარი თქვა შემაკავებელი ორდერის გამოწერაზე. აღნიშნული მიუთითებს მსჯავრდებულის დადებით ქცევაზე დანაშაულის ჩადენის შემდეგ და მის მისწრაფებაზე, შეურიგდეს დაზარალებულს. გარდა ამისა მსჯავრდებულს გაცნობიერებული აქვს, რომ მსგავსი ქმედების განხორცილების ან სხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდის საკითხი პენიტენციურ დაწესებულებაში, შიშიც მოცემულ შემთხვევაში უდავოდ მიუთითებს პირობითი მსჯავრის ეფექტურობაზე. გასათვალისწინებელია, რომ დაახლოებით თვენახევარი მსჯავრდებულმა რეალურად მოიხადა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ამ ხნის მანძილზე მას მიეცა საშუალება, გაეანალიზებინა თავისი მოქმედების მიუღებლობა და გამოეტანა სათანადო დასკვნები, რომ მომავალში შეცვალოს თავისი ქცევა, ძალადობრივი დამოკიდებულება სხვა პირთა, განსაკუთრებით კი - ოჯახის წევრთა მიმართ.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი ლ. ნ.-ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ირაკლი ქარდავას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.


ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: სსიპ 112-ის შეტყობინების აუდიო ჩანაწერი 1 (ერთ) ცალ კომპიუტერულ დისკზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები, ჩაწერილი 1 (ერთ) ცალ კომპიუტერულ დისკზე შენახული უნდა იქნას საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ლ. ნ.-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 უხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი. ქ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი ლ. ნ.-ს მიმართ დარჩეს უცვლელი;

ლ. ნ. ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 11[1],151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

ლ. ნ.-ს საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი 1 (ერთი) წელი პირობით არ იქნას გამოყენებული და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ლ. ნ.-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

მსჯავრდებულ ლ. ნ.-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 21 აგვისტოდან 2018 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ნივთიერი მტკიცებულება: სსიპ 112-ის შეტყობინების აუდიო ჩანაწერი 1 (ერთ) ცალ კომპიუტერულ დისკზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები, ჩაწერილი 1 (ერთ) ცალ კომპიუტერულ დისკზე, შენახული იქნას საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით;

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე;

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.