ნახვები: 216
საქმის ნომერი: 1ბ/1042-18
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: საქმე შეეხება ოჯახში ძალადობის ფაქტს.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1ბ/1042-18 (2018-10-22), www.temida.ge
საქმის № 1ბ/1042-18

განაჩენი
საქართველოს სახელით
       22 ოქტომბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო

შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვეფხია ლომიძე

ლელა ბახტაძის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,

სახელმწიფო ბრალმდებლის: ნათია კიკალიას
მსჯავრდებულის: ზ. ბ.-ს
ადვოკატების: გ. შ.-ს და ბ. მ.-ს

მონაწილეობით

ღია სასამართლო სხდომაზე გორის რაიონული პროკურატრის პროკურორ ნათია კიკალიას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №XXXXXXXXX001) ზ. ბ.-ს მიმართ. ზ. ბ. დაბადებულია 195X წლის X ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი XXXXXXXX410, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: კ.-ს რაიონი სოფელი ხ..

წარდგენილი ბრალდება: საქართველოს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი.



წარდგენილი ბრალდებით:

მთვრალმა ზ. ბ.-მ 2018 წლის იანვარში საკუთარ საცხოვრებელ სახლში - კ.-ს რაიონი სოფელ ხ.-ში საყოფაცხოვრებო საკითხებზე შელაპარაკებისას მეუღლეს - ჟ. კ.-ს ორჯერ დაარტყა სახეში ფეხსაცმელი, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 8 საათზე საკუთარ სახლში - კ.-ს რაიონი სოფელ ხ.-ში მთვრალმა ზ. ბ.-მ თანხის განკარგვის შესახებ შელაპარაკების გამო მეუღლეს ჟ. კ.-ს ტაფის თავსახური დაარტყა თავში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დზიანება. იმავე დღეს ზ. ბ. წალდის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაემუქრა მეუღლეს ჟ. კ.-ს, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორცილეების საფუძვლიანი შიში.


გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით

ზ. ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია კიკალიამ.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ზ. ბ.-ს მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას როგორც შესავალ, ისე დასკვნით სიტყვებში პროკურორმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

დაცვის მხარემ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა და ითხოვა ზ. ბ.-ს მიმართ გორის რაიონული სასმართლოს 2018 წლის 28 ივნისის გამამართლებელი განაჩენის ძალაში დატოვება.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება უნდა შევიდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში.

საქართველოს სსსკ–ის 259–ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იგი გამოტანილი უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლოს განხილვის დროს გამოკვლეულ ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამასთან, დანიშნული სასჯელი უნდა შესაბამებოდეს მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სსსკ–ის 260–ე მუხლის მიხედვით განაჩენის დადგენისას სასამართლომ თანმიმდევრობით უნდა გადაწყვიტოს, ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, არის თუ არა ბრალდებულის ქმედება მართლსაწინააღმდეგო, შეერაცხება თუ არა ბრალდებულს ბრალად ჩადენილი ქმედება...

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს ბრალდებულ ზ. ბ.-ს მეუღლემ - დაზარალებულმა ჯ. კ.-მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მინიჭებული უფლებით - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მის ახლო ნათესავს. საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესის თანახმად ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული, იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც მითითებულია მშობელი, მეუღლე და შვილი. ჩვენების მიცემაზე ასევე უარი თქვა ბრალდებულმა ზ. ბ.-მ, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა მხარეთა მიერ მათი უდავოდ ცნობის გამო. მოწმის სახით დაიკითხა მხოლოდ ნ. მ..

პალატა სრულად ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას, რომელიც საფუძვლად დაედო ზ. ბ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. განაჩენში მითითებულია, რომ ვინაიდან ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ ჟ. კ.-ს მიმართ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, იგი არასაკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის და ამიტომ ზ. ბ. წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

პალატას მიაჩნია, რომ ზ. ბ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან 2018 წლის 4 აპრილის ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი) გარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა, დადასტურებულია მოწმე ნ. მ.-ს ჩვენებითაც.

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს. (იხ. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენი).

ისეთი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, წარმოადგენს მოწმის უფლებას. აღნიშნული უფლებით სარგებლობა, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის ფაქტს. პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის პოზიციის მიღმა არსებულ მოტივებს (დაზარალებულის მოძალადეზე ფინანსური დამოკიდებულება, საერთო შვილები, ილუზორული მოლოდინი, რომ მოძალადე მეუღლე ქცევას შეიცვლის, მოძალადისგან მომდინარე შურისძიების შიში და სხვ.) რაც, როგორც წესი, განპირობებულია ოჯახური დანაშაულის ხასიათით. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას.

როგორც აღინიშნა, მოწმის მიერ ახლო ნათესავის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება არ გამორიცხავს დანაშაულის არსებობას. შესაბამისად, პალატა იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად ბრალდების საფუძვლიანობაზე.

საქმეში არსებული შეტყობინების მიხედვით, 2018 წლის 4 აპრილს, 09:07 საათზე, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონულ სამმართველოს დეტექტივების თანაშემწე-გამომძიებელ ზ. ა.-სთან შევიდა შეტყობინება ჟ. კ.-სგან ტელეფონის ნომრიდან - 593131XXX. შეტყობინების მიხედვით ჟ. კ.-ს ჰქონდა დაზიანებული თავი, აღენიშნებოდა სისხლდენა და ითხოვდა დახმარებას მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტის გამო.

შ.პ.ს მ.-ა.-ს კ.-ს სამედიცინო ცენტრის ექიმს მ. ს.-ს 2018 წლის 4 აპრილს, 14:06 საათზე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს დეტექტივების თანაშემწე-გამომძიებელ ზ. ა.-სთან განხორცილებული აქვს ელსმენით შეტყობინება, რომლის თანახმად მათთან სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით მიყვანილი იქნა კ.-ს რაიონის სოფელ ხ.-ში მცხოვრები 60 წლის ჟ. კ., რომელსაც მისმა მეუღლემ ზ. ბ.-მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ჟ. კ.-ს აღენიშნებოდა ღია ჭრილობა თხემის მიდამოში, რის გამოც გაეწია სამედიცინო დახმარება.

სასამართლო სამედიციო ექსპერტიზის 2018 წლის 23 აპრილის #5002364XXX დასკვნის თანახმად ჟ. კ.-ს დაუდგინდა დიაგნოზი: ნაკაწრი ღია ჭრილობა თხემის არეში - განვითარებული უნდა იყოს რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაკითხულმა ნ. მ.-მ განმარტა, რომ არის ზ. ბ.-ს და ჟ. კ.-ს შვილის ო. ბ.-ს მეუღლე და ცხოვრობენ ერთ სახლში სხვადასხვა ოთახებში. მოწმემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 4 აპრილს ზ. ბ.-ს და ჟ. კ.-ს ოთახიდან შემოესმა კამათის ხმა და როდესაც ოთახში შევიდა, დაინახა, რომ ჟ. კ.-ს თავი ჰქონდა გატეხილი და სისხლი მოსდიოდა, ჟ. კ.-მ კი უთხრა, რომ მეუღლემ ზ. ბ.-მ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხოფა.

პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განაჩენში ჩამოყალიბებულ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. მ. ირიბი მოწმეა და მისი ჩვენება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად არასაკმარისია ზ. ბ.-ს ბრალის დასადასტურებლად. როგორც ჩვენებაშია აღნიშნული, გამართლებულსა და დაზარალებულს შორის მომხდარი კონფლიქტის დროს მოწმე იმყოფებოდა სახლში და მეზობელი ოთახიდან ესმოდა ხმამაღალი საუბარი. მართალია, მოწმე ვერ არჩევდა სიტყვებს (რის გამოც მისი ჩვენებით ვერ დასტურდება ზ. ბ.-ს მიერ მუქარის ჩადენა), თუმცა დედამთილ-მამამთილის ოთახში მისი შესვლა განაპირობა სწორედ ხმამაღლა საუბრის (ყვირილის) ხასიათმა და ინტენსივობამ. შესვლისთანავე მოწმემ ნახა თავგატეხილი და გასისხლიანებული დედამთილი, რომელმაც უთხრა, რომ ზ. ბ.-მ მიაყენა დაზიანება. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზ. ბ.-ს და ჟ. კ.-ს შორის კონფლიქტის დაწყებისას ნ. მ. სახლში იმყოფებოდა და ესმოდა ხმამაღალი საუბარი და კონფლიქტის კულმინაციის მომენტის დადგომისთანავე, როცა ზ. ბ.-მ მეუღლეს მიაყენა დაზიანება, მოწმე შევიდა მათ ოთახში, ნახა თავგატეხილი დედამთილი და მოისმინა მისი განმარტება, რომ დაზიანება მეუღლემ მიაყენა. ამიტომ სასამართლო ნ. მ.-ს ჩვენებას პირდაპირ ჩვენებად აფასებს და ის ფაქტი, რომ იგი არ შესწრებია უშუალოდ ტაფის თავსახურის ჟ. კ.-სთვის თავში ჩარტყმას, არ წარმოადგენს საპირისპირო დასკვნის გამოტანის საფუძველს.

ამდენად, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ. ბ.-მ მეუღლის ჟ. კ.-ს წინააღმდეგ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ზ. ბ.-ს ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ზ. ბ.-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 4 აპრილის ეპიზოდი) ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, ზ. ბ.-ს მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა - გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

პალატის აზრით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ზ. ბ.-ს მიერ ჩადენილია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. ბ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს საზოაგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომლის ხანგრძლივობაც უნდა დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მდგომარეობის, შემამსუბუქებელი და დამაძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით (არ გააჩნია) საქართველოს სსკ–ის 44-ე მუხლის რეგულაცია და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია იძლევა იმის საფუძველს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზ. ბ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით, რაც 2018 წლის 4 აპრილიდან 2018 წლის 23 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით უნდა ჩეთვალოს მოხდილად.

რაც შეეხება ზ. ბ.-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის იანვრის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას ზ. ბ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე და ვერ დაეთანხმება, რომ ბრალდების მხარემ ზ. ბ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალის ამ ნაწილში საკმარისი მტკიცებულებები წარმოადგინა. თავდაპირველად პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება დაზარალებულ ჟ. კ-ს დაკითხვის ოქმებია, რომელმაც სასამართლოზე ზემოაღნიშნული კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობისას უარი თქვა, მიეცა თავისი მეუღლის საწინააღმდეგო ჩვენება, ხოლო ბრალდების მხარეს სხვა პირდაპირი და რელევანტური მტკიცებულება არ წარმოუდგენია. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას, რომ ბრალდების მხარემ ზ. ბ.-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის იანვრის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალის დასასაბუთებლად ვერ წარმოადგინა პირდაპირი და რელევანტური მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საქართველოს სსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ზ. ბ.-ს ბრალეულობას. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებიულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნათია კიკალიას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ზ. ბ.-ს მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გამამართლებელ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, -

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნათია კიკალიას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენში ზ. ბ.-ს მიმართ შევიდეს ცვლილება;

ზ. ბ. ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის იანვრის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

ზ. ბ. ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 4 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათით.

2018 წლის 4 აპრილიდან 2018 წლის 28 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით ზ. ბ.-ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად.

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ზ. ბ.-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა გაუქმებულია.

ნივთიერი მტკიცებულება: ტანსაცმელი, წალდი, ტაფის თავსახური, ფეხსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს. სისხლის ნიმუში განადგურდეს;

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.