საქმის ნომერი: №1ბ/669-18
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სასამართლომ იმსჯელა სსკ-ის 362-ე მუხლის შინაარსზე
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №№1ბ/669-18 (2018-10-26), www.temida.ge
საქმის № №1ბ/669-18

განაჩენი
საქართველოს სახელით
       26 ოქტომბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვეფხია ლომიძე

ლელა ბახტაძის, სოფoო ჯაფარიძის მდივნობით,

სახელმწიფო ბრალმდებლის: ხათუნა კუსრაშვილის
გამართლებულის: მ. ჯ.-ს
ადვოკატის: ლ. ა.-ს
მონაწილეობით,

ღია სასამართლო სხდომაზე ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხათუნა კუსრაშვილის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №00214XXXXXXX) მ. ჯ.-ს მიმართ. მ. ჯ. დაბადებულია 19XX წლის X ივლისს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნომერი XXXXXXXXXXX, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დ., სოფელი X, მე-X ქუჩა, სახლი #XX-ში.

წარდგენილი ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.



წარდგენილი ბრალდებით:
მ. ჯ.-მ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 20XX წლის XX ნოემბერს მ. ჯ. ფლობდა სარჩელს ნ. წ.-ს სახელით, რომელსაც იურიდიული ძალის მინიჭებისთვის და შემდგომში სასამართლოში შესატანად ესაჭიროებოდა ნ. წ.-ს ხელმოწერა, მ. ჯ.-მ ქ. თბილისში, დიღმის მასივში, X-ის NX-ში მდებარე მეოთხე კორპუსში არსებულ ადვოკატ ლ. გ.-ს ოფისში ზემოაღნიშნულ სარჩელზე, სადაც მოსარჩელე მხარედ ფიქსირდებოდა ნ. წ., ხოლო მოპასუხედ - ლ. ა. და რომელიც შეიცავდა მოთხოვნას ქ. თბილისში, ა.-ს ქუჩა NXXX-ში, კორპუსი NX, ბინა NXX-ში მდებარე ნ. წ.-ს და ლ. ა.-ს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - საზიარო საგნის გაყიდვის გზით გაყოფის შესახებ, გააყალბა ნ. წ.-ს ხელმოწერა, რის შემდეგაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - სარჩელი შეიტანა სასამართლოში და დაიწყო სასამართლო განხილვა, რამაც გამოიწვია ლ. ა.-ს კუთვნილი წილის გასხვისება მისი ნების საწინააღმდეგოდ. აღნიშნული ქმედებით ლ. ა.-ს მიადგა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის განაჩენით:

მ. ჯ. ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

მ. ჯ.-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხათუნა კუსრაშვილმა და მოითხოვა მ. ჯ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. გამართლებულმა მ. ჯ.-მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ა.-მ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირეს და წარმოადგინეს შესაგებელი და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის ხათუნა კუსრაშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გამამართლებელი განაჩენი მ. ჯ.-ს მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მ. ჯ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის ჩადენა – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი - დადასტურებულია საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკითხული იქნენ მოწმეები, გამოკვლეული იქნა მტკიცებულებები და დადასტურებული იქნა, რომ ნ. წ. ცხოვრობდა მისი ძმის შვილიშვილთან გ. წ.-სთან და მას უვლიდა ამ უკანასკნელის მეუღლე მ. ჯ.. სწორედ იმიტომ, რომ მასზე ზრუნავდა აღნიშნული ოჯახი და არა მისი მეუღლე ლ. ა., შვილი და სიძე, ნ. წ.-მ გადაწყვიტა მისი წილი ქონება გადაეცა მ. ჯ.-სთვის, რაც განახორციელა კიდეც ამ უკანასკნელისთვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭებით (მინდობილობა საქმის სასამართლოში საწარმოებლად) და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით.

ბრალდების მხარის არგუმენტაციით მ. ჯ.-ს მიერ ბრალად შერაცხული ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა სხვა მტკიცებულებებთან ერთად დადასტურებულია ლ. ა.-ს და ფ. ა.-ს ჩვენებებით, რომ თითქოს ნ. წ. იდეალურ ურთიერთობაში იმყოფებოდა მეუღლესთან და მ. ჯ.-ს არ მისცემდა უფლებას, დაესაკუთრებინა მისი ქონება, მით უფრო, რომ ნ. წ. ცუდ პირობებში იმყოფებოდა მ. ჯ.-ს სახლში. ფ. ა.-მ კი აჩვენა, რომ ნ. წ.-ს არც სარჩელი დაუწერია და არც სასამართლოში შეუტანია. აღნიშნული არ დასტურდება თვით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით და ამ გარემოებებს არ ადასტურებენ ის მოწმეები, რომლებიც დაკითხული იქნენ პირველი ინსტანციის სასამართლოში.

გამართლებულ მ. ჯ.-ს პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენების თანახმად იგი უდანაშაულოა და სადავო სარჩელი მომზადდა ნ. წ.-ს სურვილის და მოსაზრებების შესაბამისად და ხელიც მანვე მოაწერა მისი დახმარებით, რადგან ხელმომწერს ხელი უკანკალებდა. კონკრეტული ქონება მიიღო მინდობილობით და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმებით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე სასამართლოში ჩაანაცვლა მოსარჩელე ნ. წ., ვინაიდან გახდა ქონების მესაკუთრე.

ადვოკატებმა კ. კ.-მ და ლ. გ.-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დაადასტურეს, რომ ნ. წ.-მ ითხოვა მ. ჯ.-სთვის დაეტოვებინა ყველაფერი, რასაც ფლობდა, რადგან ეს უკანასკნელი უვლიდა მას. არ სურდა, ქონება დარჩენოდა თავის მეუღლეს და შვილს, რომლებთანაც ჰქონდა კონფლიქტი. გაამზადეს სარჩელი. ნ. წ.-ს განემარტა იურიდიული შედეგი, თავიდან ბოლომდე წაუკითხეს სარჩელის შინაარსი, ხელმოწერისას მ. ჯ.-მ ხელი მოკიდა ნ. წ.-ს და ეხმარებოდა ხელმოწერის გაკეთებაში, თუმცა მათ არ დაუნახავთ, ნამდვილად ნ. წ.-მამოაწერა თუ არა სარჩელს ხელი. მინდობილობის საფუძველზე როგორც მ. ჯ.-ს, ასევე კ. კ.-ს და ლ. გ.-ს შეეძლოთ, მოეწერათ ხელი სარჩელზე. სწორედ მინდობილობის საფუძველზე გადაიფორმა მ. ჯ.-მ უძრავი ქონება საკუთრების უფლებით და ფაქტობრივად აღსრულდა ნ. წ.-ს ნება-სურვილი.

ნოტარიუს ი. ბ.-ს ჩვენების თანახმად მან გააფორმა ორი სანოტარო აქტი: 20XX წლის X ნოემბერს - რწმუნებულება და 20XX წლის XX ნოემბრს - მინდობილობა. სანოტარო აქტის შედგენისას ჯერ თვითონ უკითხავს დოკუმენტის შინაარს, შემდეგ თვითონ აკითხებს, რის შემდეგაც უკვე აწერს ხელს კონკრეტული პიროვნება. იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის რაიმე ნაკლი აქვს, აუცილებელია მოწმეების დასწრება, რაც ამ შემთხვევაში განხორციელდა. 20XX წლის XX ნოემბერს გაცემული მინდობილობით ნ. წ. საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების უფლებას ანიჭებდა მ. ჯ.-ს.

მოწმე გ. ფ.-ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ ნ. წ.-ს მხედველობა აკლდა და ხელები უკანკალებდა, ფიზიკურად არ შეეძლო ხელმოწერა, ამიტომ გ. ფ.-მ მ. ჯ.-სთვის მიცემულ მინდობილობაზე მის მაგივრად მოაწერა ხელი. გაყალბებას არ ჰქონია ადგილი. ნ. წ.-ს მეუღლე ჩასული იყო გ. წ.-ს სახლში, თუმცა ნ. წ.-მ გააგდო მეუღლე და უსაყვედურა, რატომ გაახსენდა ახლა, თუ მანამდე მიგდებული ჰყავდა.

მოწმის სახით დაკითხულმა გ. ბ.-მ აჩვენა, რომ ნ. წ.-მ მ. ჯ.-ს დაუფასა შრომა და ყურადღების სანაცვლოდ ქონება მისცა. სანოტარო ბიუროში გ. ბ. იმყოფებოდა მ. ჯ.-სთან, ნ. წ.-სთან და გ. ფ.-სთან ერთად. გ. ბ.-მ და გ. ფ.-მ დაადასტურეს, რომ რაც ნ. წ.-მ მოითხოვა, ნოტარიუსმა დაბეჭდა, გ. ბ.-მ ტექსტი წაიკითხა და დარწმუნდა, რომ იგი შედგენილი იყო ნ. წ.-ს ნების შესაბამისად. სარჩელს მანვე მოაწერა ხელი. მ.-მ მოაწერა თუ არა ხელი რაიმე დოკუმენტს, არ ახსოვს.

მ. წ.-ს ჩვენების თანახმად, ნ. წ.-მ გამოთქვა სურვილი, რომ მ. ჯ.-სთვის გადაეცა ქონება, რაც მას ეკუთვნოდა. ნ. წ. საღად აზროვნებდა, შეეძლო ხელის მოწერა, თუმცა ხელი უკანკალებდა და მ. ჯ.-მ ხელის კანკალის შესაჩერებლად ხელი მოკიდა. ძალადობას ადგილი არ ჰქონდა, ყველაფერი გაკეთდა ნ. წ.-ს ნებით, ის ამბობდა, რომ სიძეს არ დაუტოვებდა ქონებას, რადგან ის არასდროს მიდიოდა მასთან.

დასახელებულ მოწმეთა ჩვენებების გაანალიზებით სასამართლო ვერ გაიზიარებს ლ. ა.-ს და ფ. ა.-ს ჩვენებებს, თითქოსდა მათთან საუბარში ნ. წ.-მ თქვა, რომ სარჩელი არ შეუდგენია და ამის შესახებ არაფერი იცოდა, რომ თითქოს ნ. წ. მ. ჯ.-ს სახლში ცუდ პირობებში იმყოფებოდა. მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ნ. წ.-ს გააჩნდა ქონების მ. ჯ.-სათვს გადაცემის სურვილი, საადვოკატო და სანოტარო ბიუროებში იგი ნამდვილად იმყოფებოდა და გამოხატა ნება. მისი სურვილით შედგა სარჩელი. ნ. წ.-ს ნების ნამდვილობა და იძულებისა და მოტყუების არ არსებობა გამართლებულის გარდა დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა ადვოკატებმა, ნოტარიუსმა, ასევე გ. ფ.-მ და გ. ბ.-მ. ამასთან, 20XX წლის XX ნოემბრის სანოტარო აქტითაც დადგენილია, რომ ნ. წ.-მ უფლება მისცა მ. ჯ.-ს, მართოს და განკარგოს, კერძოდ, გაასხვისოს, გააჩუქოს, გადაიფორმოს საკუთარ სახელზე ნ. წ.-ს კუთვნილი წილი უძრავი ქონებიდან, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისში, ა.-ს ქუჩა NXXX, კორპუსი X, ბინა XX. ნ. წ.-ს თხოვნით აღნიშნულ აქტს ხელს აწერს - გ. ფ., ასევე ხელმოწერით ადასტურებს მოწმე გ. ბ..

პალატა ყურადღებას ამახვილებს მოცემული საქმის ფარგლებში ჩატარებულ ექსპერტიზებზე. ს. ო.-ს მიერ 20XX წლის XX აპრილს გაცემული დასკვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სამოქალაქო სარჩელის (მოსარჩელე ნ. წ., შევსებული XX/XX/20XX წ.) მე-11 ფურცელზე, გრაფაში ,,ხელმოწერა“ ნ. წ. გვარის გასწვრივ არსებული ხელმოწერა ,,ნ. წ.“ სავარაუდოდ შესრულებულია მ. ჯ.-ს მიერ. მ. ნ.-ს და ს. ჩ.-ს მიერ 20XX წლის XX ოქტომბერს გაცემული №00583XXXX დასკვნის თანახმად ხელმოწერა ნ. წ.-ს სახელით, განლაგებული: სამოქალაქო სარჩელზე 20XX წლის X ნოემბრის თარიღით, მეთერთმეტე გვერდზე, გრაფაში: ,,ხელმოწერა” შესრულებულია არა ნ. წ.-ს, არა გ. წ.-ს, არა გ.- ფ.-ს, არა გ. ბ.-ს, არა მ. წ.-ს, არამედ შესრულებულია მ. ჯ.-ს მიერ. ექსპერტებმა განმარტეს, რომ მათ მიერ გაცემული აღნიშნული დასკვნა არის კატეგორიული.

პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას აღნიშნული კატეგორიული დასკვნის შეფასებასთან დაკავშირებით. დასკვნის შინაარსი ეჭვის ქვეშ ვერ დადგება იმიტომ, რომ ექსპერტს დადგენილებაში ჩამოთვლილ სავარაუდო პირთაგან ერთ-ერთის ხელმოწერის ნიმუშები კვლევისათვის ვერ გადაეცა. ექსპერტმა კვლევით კატეგორიულად დაადგინა, რომ კონკრეტული ხელმოწერა შესრულებულია კონკრეტული პირის - მ. ჯ.-ს მიერ, რაც იმთავითვე გამორიცხავს ამ ხელმოწერის სხვა პირის მიერ შესრულების შესაძლებლობას. შესაბამისად, დასკვნის გაცემისათვის არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენდა ხელმოწერის შედარება სხვა პირთა ხელმოწერის ნიმუშებთანაც. თუმცა ექსპერტმა დადგენილებაში დასმული კითხვების თანახმად მაინც ჩაატარა ასეთი კვლევა. ექსპერტიზის დასკვნის ხარვეზი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ მასში არ იქნა აღნიშნული ერთ-ერთი შესადარებელი პირის - გ. ბ.-ს ხელმოწერის ნიმუშების წარმოუდგენლობის შესახებ. მ. ჯ.-ს მიმართ კატეგორიული დასკვნის გაცემის საფუძვლის გამოვლენისთანავე ექსპერტს იმავდროულად გაუჩნდა საფუძველი, დადგენილებაში დასახელებული სხვა პირების მიმართ დაესკვნა, რომ ხელმოწერა მათ მიერ არ იყო შესრულებული და ამას, ბუნებრივია, აღარ ესაჭიროებოდა ამ პირთა ხელმოწერების ნიმუშების კვლევაც.

ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ. წ.-ს სახელით შედგენილ სარჩელზე ნ. წ.-ს ხელმოწერის გრაფაში მისი სახელით ხელმოწერა შესრულებულია მ. ჯ.-ს მიერ. მ. ჯ. ამ ფაქტს, ბუნებრივია, უარყოფს მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შიშის გამო. ამ ნაწილში ასევე, არაა გასაზიარებელი იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ მ. ჯ.-ს მხოლოდ ეკავა ნ. წ.-ს აკანკალებული ხელი და ეხმარებოდა ხელმოწერის გაკეთებაში.

მიუხედავად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა, სააპელაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული ქმედებით მ. ჯ.-ს არ ჩაუდენია ინკრიმინირებული დანაშაული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარის ისეთი ნიშნებისათვის, როგორიცაა დამზადება, შეძენა, შენახვა, აუცილებელია სპეციალური მიზნის არსებობა - სახეზეა მიზნით დაფუძნებული დელიქტი. ეს არის ამ დოკუმენტის გასაღების ან გამოყენების მიზანი. თუკი პირს ეს მიზანი არ ამოძრავებს, სახეზე არ არის ამ დანაშაულის შემადგენლობა. გამოყენების მიზანი აუცილებლად გულისხმობს ისეთი შედეგის დადგომას, რასაც იურიდიული მნიშვნელობა აქვს.

მოცემულ შემთხვევაში იურიდიული შედეგის დადგომისათვის - ნ. წ.-ს სარჩელის სასამართლოს მიერ წარმოებაში მიღებისთვის ერთადერთი გზა სწორედ მ. ჯ.-ს მიერ სარჩელზე ნ. წ.-ს სახელით ხელმოწერის დასმა უნდა ყოფილიყო. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ჯ.-ს, ისევე როგორც ადვოკატებს, სარჩელის შედგენის დღეს ნ. წ.-მ მინდობილობით მიანიჭა უფლებამოსილება, რომ მისი სახელით ეწარმოებინათ სამოქალაქო საქმე სასამართლოში და განეხორცილებინათ ამისათვის საჭირო ყველა მოქმედება, მათ შორის მისი სახელით სარჩელის შედგენა და შეტანა სასამართლოში. ამ მინდობილობის საფუძველზე მ. ჯ.-ს გააჩნდა უფლება, რომ სარჩელზე მოეწერა ხელი თავისი სახელით, რითიც სავსებით კანონიერად იქნებოდა მიღწეული ის იურიდიული შედეგი, რომელზედაც მითითებულია წარდგენილ ბრალდებაში. გამოდის, რომ მ. ჯ.-ს გააჩნდა ნ. წ.-ს სახელით შედგენილ სარჩელზე ხელმოწერის უფლებამოსილება და მას ბრალდება წარედგინა მხოლოდ იმის გამო, რომ ხელმოწერის დასმისას დააფიქსირა არა თავისი, არამედ მარწმუნებლის გვარი. აღნიშნული, ბუნებრივია, ფორმალურ ხასიათს ატარებს. ბრალდებამ მართლაც ვერ გასცა პასუხი დაცვის მხარის მიერ დასმულ კითხვას: რაში სჭირდებოდა მ. ჯ.-ს წ.-ს გვარით მოეწერა ხელი, როდესც თავისი სახელით ხელმოწერის დასმის უფლებამოსილება გააჩნდა. პალატა თვლის, რომ ეს მხოლოდამხოლოდ მ. ჯ.-ს გაუთვითცნობიერებულობით უნდა აიხსნას.

ამდენად, იმის გამო, რომ მ. ჯ.-ს კანონიერად გააჩნდა კონკრეტული იურიდიული შედეგის მიღწევის უფლებამოსილება - ნ. წ.-ს სარჩელის სასამართლოს მიერ წარმოებაში მიღება, არ უნდა შეფასდეს დანაშაულად მის მიერ ამ უფლებამოსილების ფორმალური დარღვევით შესრულება - სარჩელზე ხელმოწერის დასმა მოსარჩელის გვარით.

პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი სარჩელის შეტანაზე ნ. წ.-ს ნების არსებობა. აღნიშნულზე მიუთითებს სარჩელის შეტანიდან რამდენიმე დღეში მ. ჯ.-სათვის ქონების განკარგვის, მათ შორის თავის სახელზე გადაფორმების უფლებამოსლების მინიჭება. სწორედ ამ მინდობილობის საფუძველზე აღირიცხა ნ. წ.-ს უძრავი ქონება მ. ჯ.-ს სახელზე, რამაც საშუალება მისცა, ჩაენაცვლებინა თავდაპირველი მოსარჩელე ნ. წ. სამოქალაქო საქმეზე, რომელიც სწორედ საერთო ქონებიდან წილის მიღებას ეხებოდა.

სასამართლო განმარტავს, რომ უტყუარი მტკიცებულებები, უპირველეს ყოვლისა ადგენს, რომ განაჩენი მხოლოდ მტკიცებულებებს უნდა ეყრდნობოდეს. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამდენად, მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისთვის უალტერნატივო საშუალებას. სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით. მხარეთა მიერ მტკიცებულებების წარმოდგენისა და საწინააღმდეგო მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ეჭვქვეშ დაყენებით, მხარეები ცდილობენ დაადასტურონ ან უარყონ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშნელოვანი ფაქტები.

საქართველოს სსსკ- ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

პალატა აღნიშნავს, რომ გონივრილ ეჭვს მიღმა სტანდარტი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებენ პირის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადგენენ გარკვეულ გარემოებებს, აშკარად უნდა ადგენდნენ დანაშაულის ფაქტს და იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ გონივრულ კითხვებს არ აჩენდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან ფაქტის უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულებების ავთენტურობის და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულებების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას, როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს, რადგან თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სასამართლოს უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მ. ჯ.-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.) გათვალისწინებულ ინკრიმინირებულ ქმედებას. შესაბამისად, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ. ჯ.-მ ხელმოწერის გაყალბებით შეძლო ნ. წ.-ს სახელით სასამართლოში სარჩელის შეტანა, რასაც შედეგად მოჰყვა ლ. ა.-ს კუთვნილი წილის გასხვისება, რითიც ამ უკანასკნელს მიადგა 30000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. დაცვის მხარის მოსაზრება, რომ მ. ჯ.-ს არ მიუყენებია ლ. ა.-ს მნიშვნელოვანი ზიანი, სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, გამოკვლეული უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებებით ვერ იქნა გაბათილებული.

მითითებულ მტკიცებულებათა იურიდიული ძალის შეფასების დროს, სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე- 3 ნაწილის დებულებას - საყოველთაოდ აღიარებული „in dubio pro reo“ პრინციპს, რომელიც საეჭვო ხასიათის მტკიცებულებათა საფუძველზე პირის მსჯავრდების შესაძლებლობას გამორიცხავს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება მხოლოდ ბრალმდებელს. მოცემულ პრინციპს განამტკიცებს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმად, უდანაშაულობის პრეზუმფცია საქმის სამართლიანად განხილვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Kornilov v. Russia, N50624/09, 22/11/2016, §28) და სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში დასახელებული პრინციპი მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებით. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93).

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ვერ გადალახა. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებს მ. ჯ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენას. დაუშვებელია, მოწმეთა ჩვენებები ტოვებდეს კითხვებს და ბადებდეს ეჭვს ისეთი სახის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს პირის ბრალეულობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხათუნა კუსრაშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გამამართლებელი განაჩენი მ. ჯ.-ს მიმართ უნდა დარჩეს უვლელი.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხათუნა კუსრაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გამამართლებელი განაჩენი მ. ჯ.-ს მიმართ დარჩეს უცვლელი;

მ. ჯ. ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს;

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მ. ჯ.-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

მ. ჯ.-ს უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

მ. ჯ.-ს, გ. ფ.-ს, გ. წ.-ს და მ. წ.-ს ხელწერის ნიმუშები 4 (ოთხ) პაკეტად, საფოსტო მომსახურების ბარათი 1 (ერთი) პაკეტად, ნ. წ.-ს დედანი სარჩელი 1 (ერთი) პაკეტად, მ. ჯ.-ს, გ. ბ.-ს, გ. ფ.-ს, გ. წ.-ს და მ. წ.-ს ხელწერის ნიმუშები 1 (ერთი) პაკეტად, ხელწერის ნიმუშები, დასკვნის ასლი და ცნობები, რომელიც ინახება დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს და შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
უბის წიგნაკი, ბროშურა და ოთხი ფურცელი მასზე არსებული წარწერებით 1 (ერთი) პაკეტად, რომელიც ინახება დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.


მოსამართლე: ვეფხია ლომიძე