საქმის ნომერი: 1ბ/1212-18წ
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი(თავმჯდომარე), მურმან ისაევი, მაია თეთრაული,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სასამართლომ განიხილა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების საქმე.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1ბ/1212-18წ (2018-10-16), www.temida.ge
საქმის № 330100118002428645
საქმის № 1ბ/1212-18წ

განაჩენი
საქართველოს სახელით
       16 ოქტომბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:
გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები:
მურმან ისაევი, მაია თეთრაული,

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

მსჯავრდებული: ა. მ., დაბადებული XXXX წლის XX სექტემბერს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, პასპორტის NLXXXXXXXX, რეგისტრირებული: ირანის ისლამური რესპუბლიკა, თეირანი, ჯ.-ს გამზირი NX, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, ვ.გ.-ს გამზირი NXX, ბინა NXX;

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი;

სასჯელი: - თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წელი;



აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:


თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. მ.-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ფ. ს.-მა და ითხოვა მსჯავრდებულ ა. მ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 წლის ვადით;

ა. მ.-ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება;



სასამართლომ დაადგინა:

ა. მ.-მ,
შემდგომი გასაღების მიზნით, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 8.0365 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,კანაფის ფისის’’ შემცველი პლასტიკური ნივთიერება, საიდანაც:

ნაწილი - დიდი ოდენობით 0.87 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,კანაფის ფისის’’ შემცველი პლასტიკური ნივთიერება 2018 წლის 14 მარტს, 200 აშშ დოლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ნ. ჰ.-ზე(რომელიც თანამშრომლობდა გამოძიებასთან), რაც იმავე დღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის მიერ, ნებაყოფლობით იქნა ამოღებული ნ. ჰ.-საგან;

ნაწილი - 0.4668 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,კანაფის ფისის’’ შემცველი პლასტიკური ნივთიერება 2018 წლის 26 მარტს, 100 დოლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ნ. ჰ.-ზე (რომელიც თანამშრომლობდა გამოძიებასთან), რაც იმავე დღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის მიერ ნებაყოფლობით იქნა ამოღებული ნ. ჰ.-საგან;

ნაწილი - 0.3897 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,კანაფის ფისის’’ შემცველი პლასტიკური ნივთიერება 2018 წლის 27 მარტს, 100 აშშ დოლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ნ. ჰ.-ზე (რომელიც თანამშრომლობდა გამოძიებასთან), რაც იმავე დღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის მიერ ნებაყოფლობით იქნა ამოღებული ნ. ჰ.-საგან;

2018 წლის 29 მარტს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქ. თბილისში, ვახტანგ გორგასლის გამზირის NXX-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა ა. მ.-ს, რა დროსაც ამოღებული იქნა 4.92 გრამი ნარკოტიკული ,,კანაფის ფისის’’ შემცველი პლასტიკური ნივთიერება, ხოლო იმავე დღეს ქ. თბილისში ვახტანგ გორგასლის გამზირის NXX, ბინა NXX-ში ჩატარებული ა. მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 1.39 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,კანაფის ფისის’’ შემცველი პლასტიკური ნივთიერება.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ა. მ.-ს
მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა კერძოდ: მოწმეთა და ბრალდებულის ჩვენებებით, ქიმიური ექსპერტიზის NXXX/სქ-XXX/ქრ დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის NZZZ/სქ-ZZZ/ქრ დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის YYY/სქ-YYY/ქრ დასკვნით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის NXXXXXX დასკვნით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებით, ოპერატიული-სამძებრო და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად მიღებული მასალებით, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის (ჩხრეკის ოქმებით) და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ა. მ.-ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანაშაულს წარმოადგენს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება;

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის (საზოგადოების) ზნეობრივი, ფიზიკური ჯანმრთელობა, ასევე ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დაცვას.

ობიექტურ მხრივ განსახილველ დანაშაულთა უმრავლესობა აქტიურობითაა ჩადენილი. ასევე შეიძლება ჩადენილი იქნას როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. ობიექტურ მხრივ ამ დანაშაულთა უმრავლესობა ფორმალური შემადგენლობისაა. ე.ი. დამთავრებულია ქმედების ჩადენისთანავე, სუბიექტურ მხრივ ნარკოტიკულ დანაშაულთა უმრავლესობა განზრახია.

ნარკოტიკული საშუალების ცნებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში. საქართველოს კანონში ,,ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ’’ ჩამოთვლილია საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სია, სადაც მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალება ,,კანაფის ფისი’’.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ სხვადასხვა გზით. რაც შეეხება უკანონო შენახვას ეს არის განზრახ ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფლის მიჩენაში. ხოლო უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი როგორც საზღაურით ისე საზღაურის გარეშე. ამასთან მითითებული ნარკოტიკული საშუალება ,,კანაფის ფისის’’ შემცველი პლასტიკური ნივთიერების 8.0365 გრამი იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობას.

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ა. მ.-ს მიერ ჩადენილი ქმედების ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება; კერძოდ, მოწმეთა და ბრალდებულის ჩვენებებით, ქიმიური ექსპერტიზის NXXX/სქ-XXX/ქრ დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის NZZZ/სქ-ZZZ/ქრ დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის YYY/სქ-YYY/ქრ დასკვნით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის NXXXXXX დასკვნით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებით, ოპერატიული-სამძებრო და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად მიღებული მასალებით, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმები თანხვედრილია, ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის (ჩხრეკის ოქმები) შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით, რომლითაც დასტურდება რომ ა. მ. პირადად ინახავდა 4.92 გრამი ნარკოტიკული ,,კანაფის ფისის’’ შემცველი პლასტიკური ნივთიერებას, ხოლო იმავე დღეს ქ.თბილისში ვახტანგ გორგასლის გამზირის NXX, ბინა NXX-ში ჩატარებული ა. მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 1.39 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,კანაფის ფისის’’ შემცველი პლასტიკური ნივთიერება, ხოლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებას ,,კანაფის ფისის’’ შემცველი პლასტიკური ნივთიერებას. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ იგი ახორციელებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვას და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებას;

სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32) .

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161) .

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა. მ.-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

ამდენად, პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ა. მ.-ს ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება; ამდენად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქ/პ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ა. მ.-ს
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ის სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა არ გააჩნია.

ასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ა. მ.-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ფ. ს.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის შემცირების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თოთხმეტ წლამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთა რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს), ასევე გათვალისწინებული იქნა ნარკოტიკული საშუალების არაერთჯერადი გასაღების ფაქტი, უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების სახეობა, გათვალისწინებული იქნა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ა. მ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით.

ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ა. მ.-ს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენი, ა. მ.-ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება - ნ. ჰ.-საგან საკონტროლო შესყიდვების დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ა. მ.-ს პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად მოპოვებული 2 ცალი დისკი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოები 1 ცალ დისკზე, რომელიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
ა. მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული 200 ლარი, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.

ა. მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული, საკონტროლო შესყიდვების მიზნით გამოყოფილი ფულადი თანხა 200 აშშ დოლარი, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაუბრუნდეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.მსჯავრდებულ ა. მ.-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ფ. ს.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი.

3. ა. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით;

4. მსჯავრდებულ ა. მ.-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 05 (ხუთი) წლის ვადით; ბ)საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

5. მსჯავრდებულ ა. მ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 29 მარტიდან;

6.ნივთიერი მტკიცებულება - ნ. ჰ.-საგან საკონტროლო შესყიდვების დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ა. მ.-ს პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად მოპოვებული 2 ცალი დისკი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოები 1 ცალ დისკზე, რომელიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

ა. მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული 200 ლარი, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.

ა. მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული, საკონტროლო შესყიდვების მიზნით გამოყოფილი ფულადი თანხა 200 აშშ დოლარი, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაუბრუნდეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს.

7. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.