საქმის ნომერი: 1ბ/458-18
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: პროკურორმა გაასაჩივრა გორის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და მოითხოვა მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურორის საჩივარი, რადგან საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საერთო ანალიზი იძლევა ერთმნიშვნელოვანი უტყუარი დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომლითაც დასტურდება გამართლებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1ბ/458-18 (2018-10-26), www.temida.ge
საქმის № 1ბ/458-18

განაჩენი
საქართველოს სახელით
       26 ოქტომბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვეფხია ლომიძე

სახელმწიფო ბრალმდებლის: ზურაბ წერეთელის
გამართლებულის: ო. ბ.-ს
ადვოკატების: ი. ჩ.-ს, ტ. კ.-ს და გ. ს.-ს მონაწილეობით

ღია სასამართლო სხდომაზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ზურაბ წერეთელის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №082081017002) ო. ბ.-ს მიმართ. ო. ბ. დაბადებულია XXXX წლის XX თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი XXXXXXXXXXX, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ.-ს რაიონი სოფელი ტ.-ში, ფაქტიურად მცხოვრები: ქ. რ., მ.-ს ქუჩა, კორპუსი NX, ბინა NXX-ში

წარდგენილი ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ო. ბ.-ს ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

ო. ბ.-მ ძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ქ.-ს რაიონის სოფელ ტ.-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში შეინახა 1 ცალი 7,62 მმ კალიბრის ვაზნა, რომელიც მიეკუთნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად, რაც ამოღებულ იქნა 2017 წლის 13 ივნისს მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას. მანვე ძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ქ.-ს რაიონის სოფელ ტ.-ში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის სარდაფში შეინახა ფეთქებადი ნივთიერება 3043,40 გრამი დენთი, სახლის სათავსოებში შეინახა 18 ცალი 7,62 მმ კალიბრის ნაგანის კონსტრუქციის რევოლვერებისათვის განკუთვნილი ვაზნა, ასევე მისი ოჯახის კუთვნილ მიწის ნაკვეთში და სათავსოებში შეინახა 5,45 კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის 1974 წლის ,,AKC-74-ის“ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, იქვე შეინახა 86 ცალი 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისთვის განკუთვნილი ვაზნა და 1 ცალი ,,узргм“ ამფეთქი ფალია, რაც ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ 2017 წლის 20 ივნისს ო. ბ.-ს სახლის, დამხმარე სათავსოების, მიწის ნაკვეთისა და სათავსოების ჩხრეკისას. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ამოღებული იარაღი მიეკუთნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია როგორც ცალკეულ, ისე ავტომატურ რეჟიმში სროლისთვის, ხოლო ამოღებული ვაზნები მიეკუთნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად, ამფეთქი ფალია წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას და ვარგისია გამოსაყენებლად, ამოღებული დენთი წარმოადგენს ფეთქებად ნივთიერებას, რომელიც ვარგისია ასაფეთქებლად.

2017 წლის 5 ოქტომბერს ო. ბ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განაჩენით:

ო. ბ. ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ო. ბ.-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა ზურაბ წერეთელმა.

სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ო. ბ.-ს მიმართ გამოტანილი გორის რაიონულის სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, რადგან ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლოს წარუდგინა ურთიერთშეთავსებადი, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ გამართლებულის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის და შენახვის ფაქტს, რის გამოც გამართლებული ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისთვის და მითითებული მუხლის სანქციის ფარგლებში დაენიშნოს მკაცრი სასჯელი.

დაცვის მხარემ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა და ითხოვა ო. ბ.-ს მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის გამამართლებელი განაჩენის ძალაში დატოვება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ზურაბ წერეთელის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საერთო ანალიზი იძლევა ერთმნიშვნელოვანი უტყუარი დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომლითაც დასტურდება გამართლებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

პალატა მხარეთა მიერ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის კუთხით წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/გაანალიზებამდე განმარტავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა კი სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზეც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

აღნიშნული პრინციპის/სტანდარტების გაანალიზებით და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შემდეგ პალატა ბრალდების მხარის არგუმენტებს ნაწილობრივ ითვალისწინებს, რადგან:

2017 წლის 13 ივნისის გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დგინდება, რომ 2017 წლის 13 ივნისს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №082130617001 საქმეზე ქ.-ს რაიონის სოფელ ტ.-ში ნ. ჯ.-სა და მ. ჯ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რასაც საფუძვლად დაედო 2017 წლის 13 ივნისს, 08:35 საათზე მიღებული შეტყობინება.

2017 წლის 13 ივნისის MIA 11701397125 პატაკით დგინდება, რომ პატაკის ავტორმა - უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ. კ.-მ 2017 წლის 13 ივნისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქ.-ს რაიონის სოფელ ტ.-ში ნ. ჯ.-სა და მ. ჯ.-ს განზრახ მკვლელობა ჩადენილი უნდა ყოფილიყო ამავე სოფელში მცხოვრები, XX.XX.XXXX წელს დაბადებული ო. გ.-ს ძე ბ.-ს მიერ, რომელიც დანაშაულის იარაღს, სავარაუდოდ, თავის საცხოვრებელ სახლში ინახავდა.

საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების 2017 წლის 13 ივნისის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ აღნიშნულ დღეს, 15:10 საათიდან 16:30 საათამდე პერიოდში ქ.-ს რაიონის სოფელ ტ.-ში, ო. ბ.-ის ოჯახის საცხოვრებელ სახლში და დამხმარე სათავსოებში გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა ჩხრეკა. ჩხრეკის ოქმით, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ფოტოსურათებით, ჩხრეკაში მონაწილე უფლებამოსილი პირების - გ. ქ.-ს, ვ. მ.-ს, გ. გ.-ს, გ. რ.-ს, გ. თ.-ს და საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის - ო. ბ.-ს დედის ნ. მ.-ს ჩვენებებით დადასტურებულია, რომ გამოძიებისათვის მნიშვნელოვან სხვა ნივთებთან ერთად ო. ბ.-ს ბებიის ნ. ბ.-ს საძინებელი ოთახის სამხრეთით არსებული ფანჯრის რაფაზე მოთავსებულ თექის ბურთისებური ჭაღის დეტალიდან ამოღებულ იქნა სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გასროლილი მასრა. ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულ იქნა ერთი, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა, რომელიც მოთავსებული იყო ო. ბ.-ს დის - გ. ბ.-ს ოთახში, ე.წ. „ტრილიაჟის“ კარადაში არსებულ პატარა ზომის რკინის ყუთში გ. ბ.-ს კუთვნილ ნივთებთან ერთად. ვაზნასთან და ქალის პირად ნივთებთან ერთად აღმოჩნდა გულის ფორმის ქალის გულსაკიდი წარწერით „XXXXXX“. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში გაიჩხრიკა ო. ბ.-ს ოჯახის საცხოვრებელი სახლის სარდაფი. ასევე, სათავსო (ე.წ. „სათონე“) და ავტოფარეხი, საიდანაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა.

2017 წლის 19 ივნისის MIA 91701451032 პატაკით დგინდება, რომ 2017 წლის 19 ივნისს გ. კ.-მ მიიღო მორიგი ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ო. ბ. ქ.-ს რაიონის სოფელ ტ.-ში ნ. ჯ.-სა და მ. ჯ.-ს განზრახ მკვლელობის ჩადენაში მამხილებელ საგნებსა და ნივთებს, ასევე დანაშაულის იარაღს, სავარაუდოდ, ქ.-ს რაიონის სოფელ ტ.-ში, მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მიწის ნაკვეთებსა და სათავსოებში, ქ. რ.-ში, მეუღლის თ. ჭ.-ს საცხოვრებელ ბინაში ან ქ. კ.-ში, მამის - გ. ბ.-ს საცხოვრებელ სახლში ინახავდა.

საცხოვრებელი ბინის, ეზოს და დამხმარე სათავსოების 2017 წლის 20 ივნისის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ აღნიშნულ დღეს, 10:10 საათიდან 15:15 საათამდე პერიოდში ქ.-ს რაიონის სოფელ ტ.-ში, ო. ბ.-ს ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ეზოში და დამხმარე სათავსოებში, ამჯერად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩატარდა მორიგი ჩხრეკა. ჩხრეკის ოქმით, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ფოტოსურათებით, ჩხრეკაში მონაწილე უფლებამოსილი პირების - გ. მ.-ს, ვ. დ.-ს, კ. ხ.-ს, ი. ჭ.-ს და საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის, ო. ბ.-ს დედის - ნ. მ.-ს ჩვენებებით დადასტურებულია, რომ გამოძიებისათვის მნიშვნელოვან სხვა ნივთებთან ერთად ეზოში არსებული ავტოფარეხის შესასვლელში ნანახი და ამოღებული იქნა კედელზე ჩამოკიდებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ლითონის საწმენდი, ხოლო სათავსოს შესასვლელიდან დასავლეთის მხარეს არსებულ გამოთხრილ ბლოკში ნანახი და ამოღებული იქნა შავი ფერის ნაჭერში გახვეული 18 ცალი ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა; საცხოვრებელი სახლის სარდაფის სამხრეთ მხარეს, ფანჯრის რაფაზე ნანახი და ამოღებულ იქნა დაახლოებით 10 ლიტრი ტევადობის პლასტმასის ავზი, რომელშიც მოთავსებული იყო, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი გრანულები.

2017 წლის 20 ივნისის MIA 51701459283 პატაკით დგინდება, რომ 2017 წლის 20 ივნისს ზ. გ.-მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ო. ბ. ქ.-ს რაიონის სოფელ ტ.-ში ნ. ჯ.-სა და მ. ჯ.-ს განზრახ მკვლელობის იარაღს, სავარაუდოდ, ქ.-ს რაიონის სოფელ ტ.-ში, მის კუთვნილ მიწის ნაკვეთსა და სათავსოში ინახავდა.

2017 წლის 20 ივნისის ო. ბ.-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ 15:30 საათიდან 17:35 საათამდე პერიოდში, ქ.-ს რაიონის სოფელ ტ.-ში, ო. ბ.-ს ოჯახის კუთვნილ მიწის ნაკვეთსა და დამხმარე სათავსოებში, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩატარდა ჩხრეკა. ჩხრეკის ოქმით, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ფოტოსურათებით, ჩხრეკაში მონაწილე უფლებამოსილი პირების - გ. ქ.-ს, ნ. ხ.-ს, ი. ჭ.-ს, ა. ქ.-ს, ვ. ს.-ს და მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრის, ო. ბ.-ს ბებიის - ნ. ბ.-ს ჩვენებებით დადასტურებულია, რომ, გამოძიებისათვის მნიშვნელოვან სხვა ნივთებთან ერთად აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან ამოღებულ იქნა დამარხული კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 86 ცალი კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისთვის განკუთვნილი ვაზნა და 1 ცალი ,,узргм“ ამფეთქი ფალია; ასევე, კომუფლირებული სამხედრო ქურთუკი, რომლის ჯიბეშიც ნანახი და ამოღებული იქნა რვეულის ფურცლის ნაჭერი წარწერით „რ. კ.“ და მობილური ტელეფონის ნომრები - XXX XXX XXX, XXX XX XX XX.

პიროტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის 2017 წლის 14 ივლისის №284/ამ-238/რან დასკვნით (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) დადასტურებულია, რომ 2017 წლის 20 ივნისს საცხოვრებელი ბინის, ეზოს და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული გრანულები, საერთო წონით 3043,40 გრამი, წარმოადგენს ფეთქებად ნივთიერებას, რომელიც ვარგისია ასაფეთქებლად.

ბალისტიკური ექსპერტიზის 2017 წლის 5 ოქტომბრის №1633/ბ დასკვნით (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) დადასტურებულია, რომ: 1) 2017 წლის 13 ივნისს საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული ვაზნა წარმოადგენს კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური იარაღისათვის განკუთვნილ ვაზნას, რომელიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად და 2) 2017 წლის 20 ივნისს საცხოვრებელი ბინის, ეზოს და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული ვაზნები წარმოადგენს ნაგანის კონსტრუქციის რევოლვერებისათვის განკუთვნილ ვაზნებს, რომელიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

ბალისტიკური ექსპერტიზის 2017 წლის 27 ივნისის დასკვნით (რომელიც მხარეებს სადავოს არ გაუხდიათ) მიწის ნაკვეთიდან ამოღებული კალაშნიკოვის კონსტრუქციის 1974 წლის АКС-74-ის მოდელის ავტომატი წარმოადგენს ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს და ვარგისია გამოსაყენებლად; 86 ცალი АКС-74-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნა წარმოადგენს საბრძოლო მასალას და ვარგისია გამოყენებისათვის; 1 ცალი ,,узргм“ ამფეთქი ფალია წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას და ვარგისია გამოყენებისათვის. მკვლელობის ადგილიდან ამოღებული 3 მასრა, ო. ბ.-ს საცხოვრებელი სახლის საძინებელი ოთახიდან ამოღებული მასრა და მისივე სახლის საკარმიდამო ნაკვეთიდან ამოღებული 7 ცალი მასრა გასროლილია ამავე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან. ამავე ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს არ ჰქონდა ლულის საწმენდი რკინის ჯოხი - ზუმბა, ე.წ. ,,შომპოლი“. გასათვალისწინებლია, რომ, როგორც ზემოთ აღინიშნა, ლულის საწმენდი ,,შომპოლი“ ამოღებული იქნა ო. ბ.-ს სარგებლობაში არსებული ავტოფარეხიდან და იგი ავტომატურ ცეცხლოსასროლ იარაღს ვერ მოერგო მისი ზოგიერთი დეტალის კუსტარულად გადაკეთების გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლო ო. ბ.-ს ოჯახის კუთვნილ მიწის ნაკვეთში ავტომატური ცეცხლასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენის ფაქტის შეფასებისას მიუთითებს მთელ რიგ გარემოებებზე, რომელთა გათვალისწინებითაც ჩატარებული ჩხრეკის შდეგად ამოღებულ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღს, საბრძოლო მასალას და ასაფეთქებელ მოწყობილობას არ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებად ო. ბ.-ს მიერ მათი უკანონო შეძენა-შენახვის დასადასტურებლად. კერძოდ: მითითებულია, რომ ნაკვეთის ღობე რამდენიმე ადგილას დაზიანებულია და ნაკვეთში ნებისმიერ პირს შეეძლო თავისუფლად მოხვედრა. ყურადღებაა გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ ამოღებულ ნივთებთან ო. ბ.-ს შემხებლობა არ დადასტურდა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნულის გამო კი შეუძლებელია ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა, რომ მიწის ნაკვეთში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ ო. ბ.-ს და არა სხვა პირის მიერაა შენახული.

აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის შინაარსი ზემოთ იქნა მოყვანილი, უტყუარადაა დადასტურებული, რომ ო. ბ.-ს ნაკვეთში აღმოჩენილი ავტომატიდანაა გასროლილი მისი საცხოვრებელი სახლიდან და სახლის ეზოდან ამოღებული მასრები. ავტომატთან ერთად დამარხული კომუფლირებული ქურთუკის ჯიბეში აღმოჩენილ ფურცელზე შესრულებული ჩანაწერი კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად სავარაუდოდ შესრულებული უნდა იყოს ო. ბ.-ს ბებიის ნ. ბ.-ს მიერ. აღნიშნულ ფურცელზე დაფიქსირებული იყო რ. კ.-ს სახელი და გვარი.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას რ. კ.-მა განაცხადა, რომ სოფელ ტ.-ში მის გარდა ასეთი სახელის და გვარის სხვა პირი არ ცხოვრობს. წარწერასთან დაკავშირებით კი განმარტა, რომ ვინაიდან აღნიშნული წარწერა ნაპოვნი იქნა ო. ბ.-ს კუთვნილი ნაკვეთიდან ამოღებულ სამხედრო ქურთუკში, იგი შესაძლოა, ყოფილიყო შესრულებული ნ. მ.-ს ან ნ. ბ.-ს მიერ, რომლებიც იყვნენ მისი მასწავლებლები. იმავე ფურცელზე დაფიქსირებული ტელეფონის ნომრებიდან ერთ-ერთი ეკუთვნის თ. ხ.-ს.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე თ. ხ.-მ განაცხადა, რომ იმ ნომერზე, რომელიც მითითებულია ზემოხსენებულ ფურცელზე, უკავშირდებოდა პიროვნება, რომელიც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოგვიანებით შეიტყო, რომ აღნიშნული პიროვნება იყო გ. ბ..

ჩამოთვლილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს და მასთან ერთად დამარხულ კომუფლირებულ ქურთუკს კავშირი აქვს ბ.-ების ოჯახთან. რაც შეეხება ამოღებულ ნივთებზე ბილოგიური კვალის არარსებობას, პალატა თვლის, რომ უკანონო ნივთების დამალვისას სავსებით ბუნებრივია, პირს ეზრუნა მათზე კვალის საგულდაგულოდ წაშლაზე. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ნივთები დამარხული იყო და ნიადაგთან პირდაპირ შეხებაში იმყოფებოდნენ, რამაც ასევე შექმნა მათზე არსებული კვალის განადგურების შესაძლებლობა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ამ ნაწილში მართებული იქნებოდა, თუკი ამოღებულ ნივთებზე აღმოჩნდებოდა სხვა არაიდენტიფიცირებული პირის კვალი.

პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე, რომელიც ასევე ადასტურებს, რომ ო. ბ.-ს მიწის ნაკვეთიდან ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი სწორედ მას ეკუთვნის. როგორც უკვე აღინიშნა, ბალისტიკური ექსპერტიზით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთიდან ამოღებული ავტომატურ ცეცხლასროლ იარაღს აკლდა ლულის გამწმენდი რკინის ჯოხი - ზუმბა, ე.წ. ,,შომპოლი“, რომელიც წესით ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს ლულის ქვემოთ მის პარალელურად უმაგრდება, რათა სტანდარტის თანახმად საველე პირობებშიც იყოს უზრუნველყოფილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გაწმენდა. რკინის საწმენდი ჯოხი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ო. ბ.-ს სარგებლობაში არსებული ავტოფარეხიდან. ბალისტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ავტომატურ იარაღს კუსტარული გადაკეთების გამო ლულის გამწმენდი ზუმბა - ,,შომპოლი“ ვეღარ უმაგრდებოდა. სწორედ ამით უნდა აიხსნას მისი განცალკევებით შენახვა ავტოფარეხში. პალატა არ ეთანხმება დაცვის პოზიციას ავტოფარეხიდან ლულის საწმენდი ზუმბის - ,,შომპოლის“ ამოღების ეჭვის ქვეშ დაყენებასთან დაკავშირებით მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ იგი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა მხოლოდ მეორედ ჩატარებული ჩხრეკის დროს. საქმეზე არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომლითაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა ჩატარებული ჩხრეკის სანდოობა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული ბ. და დ. გ.-ების ჩვენებებით დგინდება, რომ 2017 წლის 13 ივნისს ო. ბ.-მ ბ. და დ. გ.-ების ავტომანქანით დატოვა ქ.-ს რაიონის სოფელი ტ.. გზაში მოწმეებს განუცხადა, რომ მომხდარი მკვლელობის გამო პოლიცია გაჩხრეკდა ყველაფერს და თუ ვინმეს რაიმე ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, უნდა გადაემალა, თვითონაც გადამალა, რაც გააჩნდა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გ. ბ.-მ - ო. ბ.-ს მამამ განაცხადა, რომ ის არის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც რამდენიმე წელია, გაშორდა მეუღლეს ნ. მ.-ს და საცხოვრებლად სოფელ ტ.-დან გადავიდა ქ. კ.-ში. დაახლოებით 3-4 წელია, არ ყოფილა სოფელ ტ.-ში. სოფელ ტ.-დან წამოსვლამდე, მის სახლში და სათავსოებში ომის პერიოდიდან თუ რაიმე სახის საბრძოლო მასალა ინახებოდა, ყველაფერი შეაგროვა და ჩააბარა პოლიციას. შესაბამისად, მას სოფელ ტ.-ში არანაირი სახის საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღი არ დაუტოვია. მისი წამოსვლის შემდეგ ოჯახში მამაკაცი მხოლოდ ო. ბ. ცხოვრობდა. კონკრეტულად იმ საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით, რაც ამოღებული იქნა ო. ბ.-ს საცხოვრებელი სახლის, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის, სათავსოების და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის ჩხრეკისას, განაცხადა, რომ მას აღნიშნული საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღი არასდროს უნახავს, არ ეკუთვნის და არც შეუნახავს.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საპროცესო კანონმდებლობის დაცვით გამოქვეყებული მოწმე ნ. ბ.-ს ჩვენებით დგინდება, რომ ო. ბ.-სა და მის საცხოვრებელ სახლებს აქვთ საერთო კედელი, რის გამოც ო.-ს და მისი ოჯახის წევრების ხმამაღალი საუბარი ისმოდა მის ოთახში და მათ საუბარზე ხვდებოდა, თუ ვინ იყვნენ სახლში. ო.-ს მამა - გ. ბ. კი წლებია, გაყრილია ოჯახთან და ცხოვრობს კ.-ში. 2017 წლის 13 ივნისიდან 15 ივნისამდე იმყოფებოდა ქ. თ.-ში, რა დროსაც შეიტყო, რომ პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მისი ძმის შვილიშვილი - ო. ბ.. მიწის ნაკვეთიდან პოლიციელებმა ამოიღეს ავტომატი. მოწმემ აღნიშნა, რომ ბ.-ებს ჰქონდათ ავტომატი, რადგან ისინი თითქმის ყოველ დღესასწაულზე ისროდნენ ავტომატიდან და პისტოლეტიდან. მოწმეს გავლილი აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური, ჰქონია შეხება როგორც ავტომატებთან, ისე პისტოლეტებთან და კარგად არჩევს სროლის ხმას. 2017 წლის მაისში, დაახლოებით 01:00 საათზე ო. ბ.-ს სახლიდან გაიგონა ხმამაღალი საუბარი. ესმოდა, თუ როგორ უხსნიდა და ასწავლიდა იგი ახლად მოყვანილ მეორე მეუღლეს იარაღიდან გასროლას. გაიგონა კიდეც სამჯერ გასროლის ხმა. ნ. ბ.-მ ო. ბ.-ს სახლის მხრიდან ბოლოს 2017 წლის გაზაფხულზე გაიგონა ავტომატიდან 7 თუ 8 გასროლის ხმა. ნ. ბ.-მ პირდაპირ მიუთითა, რომ ო. ბ.-ს ჰქონდა ავტომატი. გამომძიებლის შეკითხვაზე ასევე უპასუხა, რომ როდესაც მხოლოდ ნ. ბ. და ნ. მ. რჩებოდნენ სახლში, გასროლის ხმები არ ისმოდა. როდესაც სახლში იყმყოფებოდა ო. ბ., სწორედ მაშინ ისმოდა გასროლის ხმა როგორც ავტომატიდან, ისე პისტოლეტიდან. ნ. ბ.-ს სასამართლოში დაკითხვა არ მომხდარა მისი გარდაცვალების გამო. მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორე დასტურდება ვ. ბ.-ს გამოკითხვის ოქმით, რომელიც ესწრებოდა ნ. ბ.-ს გამოკითხვას. ვ. ბ.-მ დაადასტურა, რომ ნ. ბ.-მ სწორედ მითითებული ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას. ვ. ბ.-ს გამოკითხვის ოქმი დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ო. ბ.-ს დედამ - ნ. მ.-მა და ბებიამ - ნ. ბ.-მ დაადასტურეს საცხოვრებელი სახლის და ნაკვეთის ჩხრეკებში მათი მონაწილეობა და პოლიციის თანამშრომლების მიერ თითოეული ამოღებული ნივთის პოვნის ფაქტი, თუმცა განაცხადეს, რომ აღნიშნული საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღი მათ არ ეკუთვნით და მათ მიერ არ არის შენახული. ნ. ბ.-მ დამატებით ასევე აღნიშნა, რომ სარდაფის ჩხრეკისას ნანახი ღია ფერის ავზი მასში მოთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერებით მისმა აწ გარდაცვლილმა მეუღლემ მიიტანა და შეინახა მათი საცხოვრებელი სახლის სარდაფში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მ. ი.-ს ჩვენებით დადგენილია, რომ სოფელ ტ.-ს მოსახლეობამ იცოდა იმის შესახებ, რომ ო. ბ.-ს ჰქონდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. მ. ი.-მა აღნიშნა, რომ ო. ბ.-ს ჰქონდა ავტომატი, ხშირად გაუგონია ო. ბ.-ს სახლის ეზოდან ავტომატის სროლის ხმა როგორც ცალკეული, ისე ე.წ. ჯერის სახით, მათ შორის იმ პერიოდში, როდესაც ო. ბ.-ს მამა აღარ ცხოვრობდა სოფელ ტ.-ში და მხოლოდ ო. ბ. იმყოფებოდა მამაკაცი ოჯახში.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მ. კ.-მა განაცხადა, რომ ო. ბ.-ს ჰქონდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მასაც ხშირად გაუგია მათი ეზოდან ავტომატიდან სროლის ხმა, მათ შორის ერთხელ, როდესაც იმყოფებოდა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, გაიგონა მიყოლებით რამდენიმე გასროლის ხმა და თან დაინახა წითლად მანათობელი ტყვიები როგორ მიდიოდნენ ო. ბ.-ს აივნის მხრიდან ცაში. მ. კ.-ს ჩვენების შეფასებასთან დაკავშირებით არ უნდა იქნას გაზიარებული დაცვის არგუმენტი, რომ დროის სიმცირის გამო შეუძლებელია, პირმა მოასწროს გასროლის ხმის გაგონების შემდეგ მანათობელი ტყვიის დანახვა. ასევე ყურადღება გაამახვილა მოწმის მხედველობის სისუსტეზე, რის გამოც ვერ შეძლებდაო ტყვიის დანახვას. სასამართლო თვლის, რომ მოწმის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. მანათობელი - ტრასირებული საბრძოლო ვაზნის მახასიათებელი სწორედ ის არის, რომ ცის ფონზე, განსაკუთრებით ღამით, თვალნათლივ ჩანს ტყვიის გულას მთელი ტრაექტორია. მის შემჩნევას არ ესაჭიროება მხედველობის დაძაბვა, კარგად ჩანს შეუიარაღებელი თვალით და მხედველობის ჩვეულებრივი სისუსტე (სათვალის ტარება) არ გამორიცხავს მისი შემჩნევის შესაძლებლობას.

2017 წლის 20 ივნისს ჩატარებული ჩხრეკის დროს ო. ბ.-ს სახლში ასასვლელი კიბის გვერდით სახლსა და მავთულბადეს შორის აღმოჩენილი ავტომატის 7 ცალ ვაზნასთან დაკავშირებით დაცვამ მიუთითა, რომ შეუძლებელია, კიბეზე ავტომატის გასროლის შედეგად მასრები მითითებულ ადგილზე დაყრილიყო. ამით განავითარა მოსაზრება, რომ ვაზნები განგებ იყო ეზოში დაყრილი მტკიცებულების ხელოვნურად შესაქმნელად. აღნიშნულ მოსაზრებას პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, ჯერ ერთი საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, თუ კონკრეტულად სად იდგა ო. ბ. ავტომატიდან სროლის დროს. გაუგებარია, რატომ უნდა მდგარიყო იგი მაინცდამაინც კიბეზე; და მეორე: ბუნებრივია, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ კონკრეტულად რომელი სროლის დროს დაიყარა მასრები ეზოში. მოწმეთა ჩვენებებით გასროლებს არაერთხელ ჰქონია ადგილი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მასრების პოვნის ადგილას აღმოჩნდა ჩაღრმავების კვალი, რაც მათი იქ დიდი ხნის ო. ბ.-ს დანაშაულში მხილების მიზნით.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ო. ბ.-მ თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მას ამოღებულ ნივთებთან არავითარი შემხებლობა არ აქვს. რაც შეეხება მოწმეთა დაკითხვისას გაჟღერებულ ინფორმაციას მისი ოჯახიდან გამოსული სროლის ხმების შესახებ, ო. ბ.-მ განაცხადა, რომ მისი პაპა - აწ გარდაცლილი ო. ბ. და მამა გ. ბ. იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და წარსულში, დღესასწაულებზე შესაძლოა, მათ გაესროლათ ტაბელური იარაღიდან, ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს კი მათ ოჯახში არასდროს არავინ ფლობდა.

ვინაიდან არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია ნ. ჯ.-სა და მ. ჯ.-ს განზრახ მკვლელობის ო. ბ.-ს მიერ შესაძლო ჩადენის შესახებ, დაკავების შემდეგ იგი დაიკითხა მითითებულ ფაქტთან დაკავშირებითაც. ო. ბ.-მ როგორც წინასწარი გამოძიების სტადიაზე, ასევე სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებებში მიუთითა, რომ ნ. ჯ.-სა და მ. ჯ.-ს განზრახ მკვლელობის ღამეს (2017 წლის 11-12 ივნისის ღამეს) იმყოფებოდა სოფელ ტ-ში, თავის საცხოვრებელი სახლში, არემონტებდა ტრაქტორს და იწვა ჰამაკში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ბრალდებულს შეუძლია, ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება და ამ უფლების გამოყენება არ შეიძლება, შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

ამდენად, ბრალდებულის მიერ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა მისი უფლებაა და არა მოვალეობა. თუმცა, თუკი ბრალდებულმა სასამართლოს მისცა ჩვენება, სასამართლო მის ჩვენებას აფასებს სანდოობის, დამაჯერებლობისა და უტყუარობის კუთხით და ჩვენების სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების შედეგად დადგენილად მიიჩნევს ან უარყოფს მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

ო. ბ.-მ თავის ჩვენებაში ფაქტიურად მიუთითა ალიბზე - განმარტა, რომ იმყოფებოდა სახლში, რის გამოც განზრახ მკვლელობის ჩადენაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. პალატის ამოცანას, ბუნებრივია, არ წარმოადგენს მტკიცებულებათა შეფასება განზრახ მკვლელობის ჩადენაში ო. ბ.-ს შესაძლო ბრალეულობის დასადგენად. თუმცა მისი აღნიშნული ჩვენების შეფასება მნიშვნელოვანია მოცემულ საქმეზე წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებითაც. ვინაიდან ნ. ჯ.-ს და მ. ჯ.-ს განზრახ მკვლელობის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი სწორედ მკვლელობის (2017 წლის 11-12 ივნისის ღამის) შემდეგ იქნა შენახული (დამარხული) ო. ბ.-ს მიწის ნაკვეთში, ო. ბ.-მ კი სოფელი ტ. დატოვა 2017 წლის 13 ივნისს (რაც დადასტურებულია თვით ო. ბ.-ს და დ. და ბ. გ.-ების ჩვენებებით), ამიტომ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენისა და შენახვის ბრალდებასთან მიმართებაში საინტერესოა ო. ბ.-ს ფაქტობრივი ადგილსამყოფელი დროის მითითებულ ინტერვალში. სწორედ ამიტომ სასამართლო სხვა მტკიცებულებებთან შეჯერებით აფასებს, რამდენად ობიექტური, სანდო და დამაჯერებელია ო. ბ.-ს ჩვენებაში მითითებული ინფორმაცია მისი ადგისამყოფელის შესახებ განზრახ მკვლელობის ფაქტის შემდეგ.

ო. ბ.-ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის მცდარობა დადგენილია მისი მობილური ტეკლეფონით განხორცილებეული კომუნიკაციების შესახებ დეტალური ამონაწერით სატელეფონო კომპანიის მომსახურე კონკრეტული ანძების მითითებით. კერძოდ: დადგენილია, რომ 2017 წლის 11 ივნისს, 22:06 საათზე ესაუბრა მეუღლეს. 22:52 და 22:53 საათზე ურეკავს ბებია ნ. ბ.. ბუნებრივია, თუკი ო. ბ. ამ დროს სახლში იმყოფებოდა, მისი ოჯახის წევრ ბებიასთან სატელეფონო კომუნიკაციას არ ექნებოდა ადგილი. 00:57 საათზე თვითონ ურეკავს მეუღლეს, 01:07 საათზე კი - ჯ. ჯ.-ს. ყველა ამ ზარის განხორციელებისას ო. ბ. იმყოფებოდა ტერიტორიაზე, რომელსაც ემსახურება სოფელ დ.-ს ანძა. 01:15 საათიდან 01:20 საათამდე ო. ბ. შეტყობინებებს უგზავნის მეუღლეს ქ.-ს ანძის მომსახურების ზონიდან. 01:23 საათიდან 01:43 საათამდე მეუღლისთვის შეტყობინებების გაგზავნისას, ასევე 01:52 საათზე ჯ. ჯ.-თან დარეკვისას იგი კვლავ იმყოფებოდა სოფელ დ.-ს ანძის მოქმედების ზონაში. 03:40 საათზე კი დაფიქსირდა ქ.-ს ანძის მოქმედების ზონაში. 07:14 საათზე დაურეკა დედას ნ. მ.-ს ფ.-ს ანძის მომსახურების ზონიდან.

დაცვამ მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოთქვა მოსაზრება, რომ ტექნიკურად შესაძლებელია, კონკრეტულ სატელეფონო ზარს ემსახურებოდეს არა ყველაზე ახლოს მდებარე, არამედ სხვა ტერიტორიის მომსახურე ანძა. სასამართლო აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ტექნიკურად სატელეფონო ზარზე სხვა ტერიტორიის ანძის მომსახურება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუმცა აღნიშნული ხდება მაშინ, როცა ახლოს მდებარე ანძა გადატვირთულია და ამ დროს აბონენტის მიერ წამოწყებული ზარის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად ავტომატურად ხდება მისი გადართვა სხვა, ნაკლებ დატვირთულ ანძაზე. მოცემულ შემთხვევაში კი გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ საქმისათვის საინტერესო პერიოდი მოიცავს ღამის საათებს 22:06 საათიდან დილის 07:14 საათამდე და, ბუნებრივია, ამ პერიოდს არ ემთხვევა სატელეფონო ზარების მომსახურე ანძების დატვირთვის პიკი. გასათვალისიწნებელია ასევე ისიც, რომ საქმე ეხება არა ერთ კონკრეტულ ზარს ან შეტყობინებას, არამედ თითქმის მთელი ღამის განმავლობაში განხორცილეებულ ათზე მეტ კომუნიკაციას და შეუძლებელია, მომხდარიყო ერთიდა იგივე ადგილიდან განხორცილებული კომუნიკაციების გადამისამართება მონაცვლეობით სხვადასხვა ანძებზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალით დგინდება, რომ 2013 წლის 27 ივნისს გ. ბ. ტელეფონის საშუალებით ესაუბრება თ. ჭ.-ს: „თუ იარაღს ახლა დაუმტკიცებენ და იარაღი თუ მაგისი გამოდგება და მაგას იმას იზამენ, ჩათვალე რო იძახიან, მაგ იარაღით არისო მკვდარიო და ჩათვალე, რომ მკვლელობაც მაგას დაუმტკიცდება მაშინა.“ იმავე დღეს, გ. ბ. ასევე ესაუბრება ნ. მ.-ს, რა დროსაც ნ. მ. ეკითხება, ხომ არ ესაუბრა? კონკრეტულ პირს არ ასახელებს, რაზეც გ. ბ. პასუხობს, რომ ესაუბრა და მოგვიანებით დაუკავშირდებოდა, ხოლო თავის მხრივ ნ. მ. ეუბნება, რომ არაფერი დამიმალო მითხარიო, რის შემდეგაც გ. ბ. ამბობს: „რა უნდა დაგიმალო ეხლა, თუ იმასქნეს, რა ქვია, თუ ეხლა ეგ იარაღი მაგას დაუმტკიცდა და მაგან აიღო თავის თავზე, ჩათვალე, რომ მაგ იარაღზე არის ზუსტად გართულება და ისა, ჩათვალე, რომ მაშინ მაგის გაკეთებული არის,“ რაზეც ნ. მ. პასუხობს, რომ :„არა ეგრე არა თქვა იმან“, გ. ბ.-ს კითხვა: „აბა რა თქვა?“ ნ. მ.-ს პასუხი: „ეს შეიძლება ეგრე იყვეს, დავუშვათ მერე რა, რომ ჩემია და იქ არის ჩაფლული ხო, მაგრამ დნმ-ით უნდა დადასტურდეს, იმ მიცვალებულზე ჩემი დნმ უნდა დადასტურდეს დაუშვათ.“


ზემოაღნიშნული და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და გაანალიზების შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმასთან მიმართებით, რომ უტყუარად არ არის დადასტურებული ცეცხლსასროლი იარაღის - 1974 წლის АКС 74 მოდელის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის - 86 ცალი 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებისათვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნის და ასაფეთქებელი მოწყობილობის - 1 ცალი ,,узрrм“ ამფეთქი ფალიის გამართლებულის მიერ უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტი, პალატა ვერ გაიზაირებს.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცებას მათემატიკური სიზუსტით. გონივრულია ეჭვი, თუ ის ეფუძნება ლოგიკას, საღ აზრს, მსჯელობას, მიზეზს და გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც საშუალო სტატისტიკურ გონიერ ადამიანს გაუჩნდებოდა მტკიცებულებათა აწონ-დაწონვის შედეგად . აღწერილი მტკიცებულებებით სწორედ ამგვარი ეჭვის მიღმა სტანდარტით მტკიცდება ო. ბ.-ს მიერ ინკრიმინირებული ქმედების ჩადენა. ისინი ავსებენ ერთმანეთს და ქმნიან მტკიცებულებათა ერთიან ჯაჭვს, რომლითაც უტყუარად დასტურდება ო. ბ.-ს მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის - 86 ცალი საბრძოლო ვაზნის და ასაფეთქებელი მოწყობილობის - ამფეთქი ფალიის უკანონოდ შეძენა და შენახვა. კერძოდ: ო. ბ.-ს მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ფლობის ფაქტი დაადასტურეს მოწმეებმა მ. ი.-მ, მ. კ.-მა, ნ. ბ.-მ.. მათი ჩვენებების თანახმად პერიოდულად ადგილი ჰქონდა ო. ბ.-ს მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში სროლას. აღნიშნულს ადასტურებს ო. ბ.-ს სახლიდან და ეზოდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მასრების ამოღებაც. მათ სიძველეზე მიუთითებს ეზოში პოვნის ადგილას ნიადაგზე ჩაღრმავების კვალი მასრების ამოღებით დასტურდება ო. ბ.-ს მიერ არა ზოგადად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის, არამედ კონკრეტულად იმ იარაღის უკანონოდ შეძენა და შენახვა, რომელიც მისივე მიწის ნაკვეთიდან იქნა ამოღებული - მასრების ამ იარაღიდან გასროლა დადასტურდა ბალისტიკური ექსპერტიზით. ო. ბ.-ს დედის, ბებიის და მამის - ნ. მ.-ს, ნ. ბ.-ს და გ. ბ.-ს ჩვენებებით გამოირიცხა ო. ბ.-ს ოჯახის წევრთაგან მის გარდა სხვა პირის მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის ან გამოყენების შესაძლებლობა. ო. ბ.-ს მიწის ნაკვეთში აღმოჩენილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მისდამი კუთვნილება დადასტურდა ამ ავტომატის მაკომპლექტებელი ლულის საწმენდი ჯოხის აღმოჩენით ავტოფარეხში (ჯოხი ავტომატზე ვერ მაგრდებოდა). ამავე იარაღთან ერთად დამარხული სამხედრო ქურთუკის ჯიბეში არსებულ ქაღალდზე დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმებით ასევე დადასტურდა ქურთუკის კავშირი ბ.-ს ოჯახთან - მანამდე ქურთუკი ბ.-ების სახლში ინახებოდა და იგი ავტომატთან, ვაზნებთან და ამფეთქ ფალიასთან ერთად დაიმარხა მიწის ნაკვეთში. ნ. ჯ.-ს და მ. ჯ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტის შემდეგ (რომელსაც ადგილი ჰქონდა 2017 წლის 11-12 ივნისის ღამეს) ო. ბ.-ს მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მისივე მიწის ნაკვეთში შენახვა (დამარხვა) დადასტურებულია დ. და ბ. გ.-ების ჩვენებებით და მიწის ნაკვეთის ჩხრეკის ოქმით, ასევე ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებზე ჩატარებული ბალისიტიკური ექსპერტიზის დასკვნით.


პალატამ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშეჯერებით ნათლად, ობიექტური პირისათვის სარწმუნო გარემოებების თვალსაზრისით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია გამართლებულის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის - 1974 წლის АКС 74-მოდელის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის - 86 ცალი 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებისათვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნის და ასაფეთქებელი მოწყობილობის - 1 ცალი ,,узрrм“ ამფეთქი ფალიის უკანონოდ შეძენის ფაქტი, რომელსაც მართსაწინააღმდეგოდ ინახავდა მისსავე მიწის ნაკვეთში. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს და დაცვის მხარის შეფასებას იმასთან მიმართებით, რომ მითითებული ნივთიერი მტკიცებულებები არ შეუძენია გამართლებულს და მას იგი არ ინახავდა.

რაც შეეხება საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული საბრძოლო მასალის - 1 ცალი 7,62 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნის უკანონო შეძენა-შენახვას, საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან ამოღებული ფეთქებადი ნივთიერების - 3043,40 გრამი დენთის უკანონო შეძენა-შენახვას და საცხოვრებელი სახლის სათავსოდან ამოღებული საბრძოლო მასალის - 18 ცალი 7,62 მმ კალიბრის ნაგანის კონსტრუქციის რევოლვერებისათვის განკუთვნილი საბრძლო ვაზნის შეძენა-შენახვას, მითითებულ ეპიზოდებთან დაკავშირებით პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და აცხადებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ეჭვის გამომრიცხავად არ არის დადგენილი ის გარემოება, რომ აღნიშნული ნივთები შეიძინა გამართლებულმა, ასევე არ იკვეთება რაიმე სახის მოქმედება ო. ბ.-ს მხრიდან, რომლითაც იგი ახორციელებდა მითითებული ნითების/ნივთიერებების უკანონოდ შენახვას. მოცემული ნაწილში ფაქტობრივი გარემოებების არსებობასთან მიმართებით გამართლებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება ეფუძნება მხოლოდდამხოლოდ ეჭვებს და ვარაუდებს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რის გამოც გამართლებულის მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან უნდა მოხდეს აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებების ამორიცხვა და ამ ნაწილში მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამათლებელი განაჩენი.

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადგენილი, თუ ვის ეკუთვნოდა ო. ბ.-ს საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილი საბრძოლო მასალა და ფეთქებადი ნივთიერება. საბრძოლო ვაზნა აღმოჩენილი იქნა ო. ბ.-ს ბებიის - ნ. ბ.-ს ოთხაში, ვაზნა მოთავსებული იყო ო. ბ.-ს დის გ.-ს პირად ნივთებთან ერთად, ამის გამო შეუძლებელი ხდება ამ ვაზნის კონკრეტული მფლობელის დადგენა. ავტოფარეხში აღმოჩენილი დენთის შესახებ ნ. ბ.-მ აჩვენა, რომ იგი რამდენიმე წლის წინ მისმა აწ გარდაცვლილმა მეუღლემ შეინახა. ასევე ვერ იქნა დადგენილი, თუ ვის მიერ და რა დროს იქნა შენახული ავტოფარეხში აღმოჩენილი რევოლვერისთვის განკუთვნილი 18 ცალი საბრძოლო ვაზნა. საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მფლობელის დაუდგენლობასთან დაკავშირებით ფაქტობრივი გარემოებები სწორედ ამგვარად შეაფასა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის 2015 წლის 30 ნოემბრის #294აპ-15 განაჩენში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება, საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

მტკიცებულებათა შეფასება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს.

„ა) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნას დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში“.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და, შესაბამისად, სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.

ამდენად, პალატამ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ო. ბ.-ს დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ო. ბ.-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 06 ივნისის ცვლილებამდე მდგომარეობით) ცეცხლსასროლი იარაღის - 1974 წლის АКС 74-მოდელის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის - 86 ცალი 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებისათვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნის და ასაფეთქებელი მოწყობილობის - 1 ცალი ,,узрrм“ ამფეთქი ფალიის უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტი. ამასთან, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულების შედეგად უტყუარად არ არის დადგენილი, რომ გამართლებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული საბრძოლო მასალა - 1 ცალი 7,62 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნა, საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან ამოღებული ფეთქებადი ნივთიერება - 3043,40 გრამი დენთი და საცხოვრებელი სახლის სათავსოდან ამოღებული საბრძოლო მასალა - 18 ცალი 7,62 მმ კალიბრის ნაგანის კონსტრუქციის რევოლვერებისათვის განკუთვნილი საბრძლო ვაზნა, ო. ბ.-ს წარდგენილი ბრალდებიდან უნდა მოხდეს აღნიშნულის ამორიცხვა და ამ ნაწილში ო. ბ. უნდა გამართლდეს;

სასამართლო განმარტავს, რომ ო. ბ.-ს ქმედება შეიცავს მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლიში მითითებულია, თუ რა შემთხვევებში მიიჩნევა სასამართლოს განაჩენი კონონიერად, დასაბუთებულად და სამართლიანად, კერძოდ: 1) ,,განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში, 2) განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და 3) განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

პალატა ზემოაღნიშნულ ნორმების გაანალიზების შემდეგ განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, რადგან თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

მოცემულ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს, აგრეთვე ქმედების განხორციელების სახეს, ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას და მის ხასიათს, ო. ბ.-ს პიროვნებას (დამამძიმებელი გარემოება სახეზე არ არის, შემამასუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ო. ბ.-ს ნასამართლობა არა აქვს) და მიიჩნევს, რომ ო. ბ.-ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის განუსაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით; რაც თანაზომიერი და პროპორციულია ო. ბ.-ს პიროვნების და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, რომელიც გამომდინარეობს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან და რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განაჩენი ო. ბ.-ს მიმართ უნდა გაუქმდეს, ხოლო შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ზურაბ წერეთელის სააპელაციო საჩივრის უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.



სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით, 22-ე მუხლის მე-6 პუნქტით და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ზურაბ წერეთელის საპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განაჩენი ო. ბ.-ს მიმართ;

ო. ბ.-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული საბრძოლო მასალის - 1 ცალი 7,62 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნის უკანონო შეძენა-შენახვა, საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან ამოღებული ფეთქებადი ნივთიერების - 3043,40 გრამი დენთის უკანონო შეძენა-შენახვა და საცხოვრებელი სახლის სათავსოდან ამოღებული საბრძოლო მასალის - 18 ცალი 7,62 მმ კალიბრის ნაგანის კონსტრუქციის რევოლვერებისათვის განკუთვნილი საბრძლო ვაზნის შეძენა-შენახვა და ამ ნაწილში ო. ბ. გამართლდეს;

ო. ბ. ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 06 ივნისის ცვლილებამდე მდგომარეობით) ცეცხლსასროლი იარაღის - 1974 წლის АКС 74-მოდელის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის - 86 ცალი 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებისათვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნის და ასაფეთქებელი მოწყობილობის - 1 ცალი ,,узрrм“ ამფეთქი ფალიის უკანონო შეძენისა და შენახვისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

ო. ბ. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 26 ოქტომბრიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 26 ივნისიდან 2018 წლის 21 მარტის ჩათვლით.

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ო. ბ.-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს ნ. ჯ.-ს და მ. ჯ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე არებულ სისხლის სამართლის #082130617001 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;


განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.