საქმის ნომერი: 3ბ/505-15
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართლის პროცესი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მერაბ ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, რადგან დადგინდა, რომ მოსარჩელეს გაშვებული არ ჰქონდა ინდაქტის გასაჩივრების 1 თვიანი ვადა.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №3ბ/505-15 (2015-05-29), www.temida.ge
საქმის № 330310014499478
საქმის № 3ბ/505-15

განჩინება
საქართველოს სახელით
       29 მაისი, 2015 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მერაბ ლომიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ. ზ. ნ.

დავის საგანი - სარჩელის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 მარტის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე მითითება:

2014 წლის 14 მაისს მ. ზ. ნ.-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და ითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 6 ნოემბრის №882009360XXX-03 და 2009 წლის 17 ნოემბრის №882009370XXX-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაბმულ იქნა თ. ქ..

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 იანვრის განჩინებით მ. ზ. ნ.-ს სარჩელზე მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირი თ. ქ., საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 6 ნოემბრის №882009360XXX-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა, დაუშვებლობის გამო.

2015 წლის 3 თებერვალს მესამე პირის წარმომადგენელმა მ. ფ.-მ სასამართლოში წარადგინა განცხადება თანდართული დოკუმენტებით, რომელშიც მიუთითა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მოსარჩელე მ. ზ. ნ.-სთვის ჯერ კიდევ 2010 წლის თებერვალში იყო ცნობილი სადავო მიწის ნაკვეთის თ. ქ.-ს სახელზე რეგისტრაციის შესახებ, ხოლო 2015 წლის 18 თებერვლის სასამართლო სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა, განსახილველ სარჩელზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 17 ნოემბრის №882009370XXX-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილშიც, ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 მარტის განჩინებით მ. ზ. ნ.-ს სარჩელზე მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირი თ. ქ., საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 6 ნოემბრის №882009360XXX-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა, დაუშვებლობის გამო; მოსარჩელეს დაუბრუნდა სს „თიბისი ბანკში“ 2014 წლის 13 მაისს (საგადახდო დავალება 1399975XXX) შპს „ლიგალაიზის“ (404440XXX) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი - 50 (ორმოცდაათი) ლარი, დანარჩენი 50 (ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

ზემოაღნიშნული განჩინების მიღებისას საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

სასამართლომ ასევე მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 17 ნოემბრის №882009370XXX-03 გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა (საკასატრო კოდი №01.72.14.XXX.XXX) დარეგისტრირდა თ. ქ.-ს სახელზე.

სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან იგი მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის - „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ამდენად, სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელი აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სარჩელის დასაშვებობის წინაპირობები რეგლამენტირებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლში, რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში - უშუალოდ ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 17 ნოემბრის №882009370XXX-03 გადაწყვეტილებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (დამოწმების თარიღი: 13/11/2009) უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა (საკასატრო კოდი №01.72.14.XXX.XXX) დარეგისტრირდა თ. ქ.-ს სახელზე (IIტ., ს.ფ. 25).

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა მ. ზ. ნ.-ს წარმომადგენლის ი. ჟ.-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ და ყადაღა დაედო თ. ქ.-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია, საკადასტრო კოდი №01.72.14.XXX.XXX, 4000 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 1703,45 კვ.მ. შენობა-ნაგებობას.

საქმეში წარმოდგენილი განცხადების მიღების ბარათით ასევე დასტურდება, რომ 2010 წლის 15 თებერვალს მ. ზ. ნ.-ს წარმომადგენელმა ი. ჟ.-მ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ყადაღის წარმოშობის რეგისტრაცია მოითხოვა (IIტ., ს.ფ. 257-271). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ფიზიკური პირების, მათ შორის, მ. ზ. ნ.-ს სარჩელი, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვდნენ ნ. კ.-ს მიერ მ. ზ. ნ.-ს სახელით თ. ქ.-სთან 2009 წლის 13 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას (IIტ., ს.ფ. 233-240).

სასამართლომ ყურადღება გააამახვილა ყადაღის არსზე და მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება.

ამდენად, სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნის პირობებში მხარისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა (საკადასტრო კოდი №01.72.14.XXX.XXX) თ. ქ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისად, აღნიშნული რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 17 ნოემბრის №882009370XXX-03 გადაწყვეტილების თაობაზე, ჯერ კიდევ 2010 წლის თებერვალში, განსახილველი სარჩელით კი, მ. ზ. ნ.-ს წარმომადგენელმა სასამართლოს მომართა 2014 წლის 14 მაისს.

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის დინებასთან დაკავშირებულ წესებს და აღნიშნულს უკავშირებს მოთხოვნის წარმოშობის მომენტს. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი განსაზღვრავს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მითითებული ნორმიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება უკავშირდება როგორც სუბიექტურ მომენტს, როცა პირმა შეიტყო დარღვეული უფლების შესახებ, ისე ობიექტურ მომენტს, როცა პირს უნდა შეეტყო ასეთის შესახებ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მომენტი მოსარჩელესთან მიმართებაში, ვინაიდან ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ნათლად ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 17 ნოემბრის №882009370XXX-03 გადაწყვეტილებისა და მისი შინაარსის თაობაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს აღნიშნული კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილი დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ზ. ნ.-ს სარჩელზე მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირი - თ. ქ., საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 17 ნოემბრის №882009370XXX-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, ადმინისტრაციული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, დაუშვებლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 მარტის განჩინება გასაჩივრებული იქნა მ. ზ. ნ.-ს წარმომადგენლის ნ. გ.-ს მიერ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ არის საკმარისად დასაბუთებული, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი; გარდა აღნიშნულისა, პროცესი მიმდინარეობდა აშკარა მიკერძოებული სახით და ჭიანურდებოდა.

სარჩელისა და საქმის მასალების შესწავლის შემდგომ სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელზე უნდა შეწყდეს წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო აქტი, რომელიც ეხება მ. ზ. ნ.-ს ქონების თაღლითური გზით თ. ქ.-ზე გადაფორმებას, გამოცემულია 2009 წლის 17 ნოემბერს. სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგანაც მ. ზ. ნ.-ს წარმომადგენელმა 2010 წლის 15 თებერვალს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12 თებერვლის განჩინების თანახმად მოითხოვა ყადაღის რეგისტრაცია მ. ზ. ნ.-ს ქონებაზე, ეს წარმოადგენს ვარაუდს, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო სადავო გადაწყვეტილების თაობაზე.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მ. ზ. ნ.-ს მიერ დაირღვა კანონით დადგენილ ვადაში სარჩელის წარდგენის ვადა და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს; სასამართლომ მხოლოდ ვარაუდზე დააფუძნა თავისი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო უძრავ ნივთზე 2009 წლის 17 ნოემბრის 882009370XXX-03 გადაწყვეტილების თაობაზე, რადგანაც ყადაღის დადებას უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს მიერ აღნიშნული დასკვნები გამოტანილ იქნა საქმეში არსებული მტკიცებულებების გარეშე, საქმეში წარმოდგენილი არ არის ზემოხსენებული გარემოების დამადასტურებელი არცერთი საბუთი, არ არის წარმოდგენილი მ. ზ. ნ.-ს წარმომადგენლის მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას მის ხელთ არსებული და სასამართლოში წარდგენილი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან ნებისმიერი სხვა მსგავსი საბუთი, სასამართლოს დასკვნები და შესაბამისად, განჩინების შინაარსი, მხოლოდ ვარაუდებზეა აგებული.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო არ იყო მიუკერძოებელი, რაც გამოიხატებოდა პროცესის გაჭიანურებითა და მოსამზადებელი სხდომის უმიზეზოდ დიდი ვადებით გადადებით. მხოლოდ მოსამზადებელი სხდომა 7-ჯერ წარიმართა 2014 წლის 28 ოქტომბრიდან 2015 წლის 11 მარტის ჩათვლით; ერთსა და იმავე საკითხზე - ადმინისტრაციული ორგანოსა თუ მესამე პირის ზეპირი განცხადების საფუძველზე დამატებით წარმოსადგენ დოკუმენტებთან დაკავშირებით, პროცესების გადანიშვნითა და ერთგვარი წაქეზებით წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სარჩელი დასაშვებია შემდეგ წინაპირობათა გამო: 1. მ. ზ. ნ. არის უცხოელი ინვესტორი, რომლის ქონება თაღლითური გზით გადაფორმდა თ. ქ.-ზე. აღნიშნულთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და პროკურატურის მიერ რეესტრიდან გამოთხოვილ იქნა მთელი დოკუმენტაცია, რის გამოც მ. ზ. ნ.-ს არ ჰქონდა შესაძლებლობა (სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის მიხედვით დაზარალებულს არ აქვს ასლების მიღების უფლება) გაცნობოდა რეგისტრირებულ დოკუმენტაციას. მისთვის ცნობილი იყო მხოლოდ, რომ ნ. კ.-მ გააყალბა მინდობილობა, რაც დადასტურებულია შესაბამისი განაჩენით. მ. ზ. ნ.-მ გადაწყვეტილების შესახებ გაიგო მხოლოდ 2014 წლის მარტის თვეში. 2. სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს უარი, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილებები; 3. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მ. ზ. ნ.-ს კანონიერ უფლებასა და ინტერესს, კერძოდ, სახეზეა მოსარჩელისათვის კანონით მინიჭებული უფლებების ხელყოფა; 4. დაცულია ადმინისტრაციული ორგანოს უარის მიღებიდან გასაჩივრების ერთთვიანი ვადა. 5. მეტად მნიშვნელოვანია, ასევე, აღნიშნული საქმის განხილვა, საჯარო რეესტრის მიერ ხსენებული გადაწყვეტილების მიღებისას არსებული დარღვევების გათვალისწინებით, რომელთაც წარმოადგენს: 1. იპოთეკის გაუქმების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა (რეგისტრაცია #882009360XXX) მოხდა ნ. კ.-ს მიერ, რომელიც წარმოადგენდა ხელშეკრულების ხელშემკვრელ ორივე მხარეს, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლის ჩანაწერის თანახმად მას არ ჰქონდა მინდობილობებში გათვალისწინებული უფლებამოსილება, რათა ორივე მხარე წარმოედგინა, რაც საჯარო რეესტრის მიერ არ იქნა გათვალისწინებული; 2. ნ. კ.-ს მინდობილობაში მ. ზ. ნ.-სგან არ არის გათვალისწინებული იპოთეკის გაუქმების უფლებამოსილება (რეგისტრაცია #882009360XXX) ანუ ნ. კ.-ს მიერ იპოთეკის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ამ მხრივაც ბათილია. რაც საჯარო რეესტრის მიერ არ იქნა გათვალისწინებული; 3. 2009 წლის 6 ნოემბერს წარდგენილი მინდობილობა იმავე ნომრითა და ინდივიდუალური კოდით იმავე პირის მიერ გაცემული უკვე იყო წარდგენილი რეესტრში 2009 წლის 9 სექტემბერს, მხოლოდ განსხვავებული შენაარსით (რეგისტრაცია #882009360XXX და #882009370XXX). საჯარო რეესტრის 2014 წლის 28 თებერვლის წერილით #44XXX ირკვევა, რომ „მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებლები არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე“. აქედან გამომდინარე, რეესტრში უკვე დაცული იყო იგივე მინდობილობა და იმავე ნომრით შესული დოკუმენტი - იგივე მინდობილობის ურთიერთშესაბამისობა უნდა შეემოწმებინა მანამდე მათთან დაცულ დოკუმნეტთან, რაც საჯარო რეესტრის მიერ არ იქნა გათვალისწინებული.

კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 მარტის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლომ გააანალიზა საქმის მასალები, შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 მარტის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და სარჩელი ამ ნაწილში არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეათე კარის LI თავით განისაზღვრა კერძო საჩივრის დასაშვებობისა და განხილვის წესი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამიტომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში კერძო საჩივრის განხილვისას გამოიყენება მითითებული თავის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419.1. მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამ კოდექსის 420-ე მუხლით კერძო საჩივრის ზემდგომ სასამართლოში განხილვა წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, განსახილველ საქმეში მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 17 ნოემბრის №882009370XXX-03 გადაწყვეტილებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (დამოწმების თარიღი: 13/11/2009) უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა (საკასატრო კოდი №01.72.14.XXX.XXX) დარეგისტრირდა თ. ქ.-ს სახელზე (IIტ., ს.ფ. 25). სარჩელზე წარმოების შეწყვეტის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ დარღვეულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადა, კერძოდ, მოსარჩელისათვის ჯერ კიდევ 2010 წლის თებერვალში უნდა ყოფილიყო ცნობილი სადავო მიწის ნაკვეთის თ. ქ.-ს სახელზე რეგისტრაციის შესახებ.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით წყვეტს სარჩელის დასაშვებობის საკითხს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში - უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში. ამდენად, ცალსახად არის დადგენილი, რომ სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს უნდა წარედგინოს აქტის გაცნობიდან 1 თვის ვადაში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლა დაკავშირებულია ან მხარისათვის კანონით დადგენილი წესით მის გაცნობასთან (ოფიციალური გაცნობა) ან ამ აქტის კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებასთან. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე ცალსახად არის დადგენილი, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლა დაკავშირებულია ან მხარისათვის კანონით დადგენილი წესით მის გაცნობასთან ან ამ აქტის კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებასთან. დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა კი ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ანუ ხელზე ჩაბარებას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. საქართველოს კანონმდებლობით აქტის ოფიციალურ გაცნობას და შესაბამისად, მისი კანონიერ ძალაში შესვლას არ გულისხმობს ისეთი შემთხვევა, როდესაც დაინტერესებულმა პირმა ამ აქტის შესახებ შეიტყო და იცოდა სხვა არაოფიციალური წყაროს მეშვეობით, სხვა პირებისაგან. ეს გარემოებები არ შეიძლება მიჩნეული იქნეს აქტის ძალაში შესვლისა და მისი გასაჩივრების ვადის დენის დაწყების საფუძვლად.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელისათვის სადავო აქტის არსებობის შესახებ ცნობილი იყო 2010 წლის თებერვალში, ვინაიდან სასამართლოში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სადავო აქტი მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელზე ჩაბარდა ან ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა. აქედან გამომდინარე, საქმის მასალებით ვერ დგინდება მოსარჩელისათვის კანონით დადგენილი წესით სადავო აქტის ოფიციალურად გაგზავნისა და ჩაბარების ფაქტი, რის გამოც არ არსებობდა სარჩელზე წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 22-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 419-420-ე, 390-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. ზ. ნ.-ს წარმომადგენლის ნ. გ.-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 მარტის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.