საქმის ნომერი: 1/აგ-01-16
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: გიორგი ჩემია(თავმჯდომარე), მარინა ხოლოაშვილი, მზია ლომთათიძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დაუსაბუთებლად ცნო ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე მსჯავრებულის შუამდგომლობა.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №1/აგ-01-16 (2015-01-15), www.temida.ge
საქმის № 1/აგ-01-16

განჩინება
საქართველოს სახელით
       15 იანვარი, 2015 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:
გიორგი ჩემია
მოსამართლეები:
მარინა ხოლოაშვილი, მზია ლომთათიძე,

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ო.-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 ოქტომბრის განაჩენით თ. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, რეალურად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წელი, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 03 (სამი) წელი, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 03 (სამი) წელი;
თ. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კიდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 03 (სამი) წელი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, თ. ო.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე რეალურად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წელი, ხოლო სასჯელის დარჩენილი ვადა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წელი, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაითვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 03 (სამი) წელი.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე თ. ო.-ს 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თ. ო.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 12 მაისიდან.
2016 წლის 4 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა თ. ო.-მა, რომელმაც მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, განაჩენის გადასინჯვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 313-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ თ. ო.-ს შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციოურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 01 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი #2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადაოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე), ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის, პირადი მოხმარების მიზნებისათვის შეძენის და შენახვის გამო.
შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ ვრცელდება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანის, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების შემთხვევებზე, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლთან, ასევე 260-ე მუხლის პირველი ნაწილთან (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში კი, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 ოქტომბრის განაჩენით თ. ო.-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლითა და 260-ე მუხლის პირველი ნაწელით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ შეესაბამება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-313-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. ო.-ს შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნეს ცნობილი.
2. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

თავმჯდომარე: გ. ჩემია

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

მ. ლომთათიძე