ნახვები: 403
საქმის ნომერი: 1გ/601
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: გელა ბადრიაშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №1გ/601 (2017-04-28), www.temida.ge
საქმის № 1გ/601

განჩინება
საქართველოს სახელით
       28 აპრილი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
საგამოძიებო კოლეგია
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
გელა ბადრიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ბ. ქ.-ს საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილის 2017 წლის 21 აპრილის წინასასამართლო სხდომის განჩინებაზე, ბ. გ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის ცალკეულ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით,-

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2017 წლის 21 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა ბ. გ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), წინასასამართლო სხდომაზე განიხილა ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ბ. ქ.-ს შუამდგომლობა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილის 2017 წლის 21 აპრილის წინასასამართლო სხდომის განჩინებით, დაუშვებელ მტკიცებულებებად იქნა ცნობილი ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა ნაწილი, კერძოდ: 2017 წლის 7 მარტის დათვალიერების ოქმი, ნივთმტკიცების ამოღების ნაწილში, მტკიცებულებათა ნუსხაში პუნქტი 3.5; 2017 წლის 09 მარტის დათვალიერების ოქმი, ნივთმტკიცების ამოღების ნაწილში, მტკიცებულებათა ნუსხაში პუნქტი 3.11; 2017 წლის 30 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, მტკიცებულებათა ნუსხაში პუნქტი 3.14; 2017 წლის 31 მარტის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმი, მტკიცებულებათა ნუსხაში პუნქი 3.15; 2017 წლის 24 მარტის დათვალიერების ოქმი, ნივთმტკიცების ამოღების ნაწილში, მტკიცებულებათა ნუსხაში პუნქტი 3.17; 2017 წლის 09 აპრილის ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმი, მტკიცებულებათა ნუსხაში პუნქტი 3.19; 2017 წლის 29 მარტის ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა ფოტოცხრილით, მტკიცებულებათა ნუსხაში პუნქტი 4.2; ასევე, ნივთიერი მტკიცებულებები: შპს „ნ. ტ.-ს“ ორი ცალი დისკი და სს „ფ.-ს“ ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, მტკიცებულებათა ნუსხაში პუნქტები 5.3; 5.4 და 5.7.

ბრალდების მხარის მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობას მოსამართლემ საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ აღნიშნული მტკიცებულებების ნაწილი კანონის არსებითი დარღვევით არის მოპოვებული, ხოლო ნაწილი მოპოვებულია კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის შესაბამისად, ამ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას იწვევს (იხ. გასაჩივრებული განჩინება).

აღნიშნული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრა ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბ. ქ.-მ. პროკურორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და დაუშვებლად ცნობილი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობას.

საჩივარში მითითებულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისკი მასში არსებული ვიდეო-ჩანაწერით მიეკუთვნება დოკუმენტს და შესაბამისად არ წარმოადგენს კომპიუტერულ მონაცემს, რის გამოც დისკის დათვალიერება და დათვალიერების საფუძველზე თუნდაც ნივთმტკიცების (ვიდეო-ჩანაწერი) ამოღება არ საჭიროებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე და 1432-14310 მუხლების დებულებების გამოყენებას. საქართველოს სსსკ-ის 126-ე მუხლი საშუალებას იძლევა დათვალიერების დროს მოხდეს დასათვალიერებელი დოკუმენტის ამოღება. ბრალდების მხარე დაზარალებულის ინიციატივით წარმოდგენილ მტკიცებულებას ვერ დატოვებდა უყურადღებოდ. შესაბამისად, დათვალიერების მეშვეობით მოხდა მისი საქმეზე დართვა. რაც შეეხება შპს „ნ. ტ.-ს“ წარმომადგენლის ნ. ლ.-ს და სს „ფ.-ს“ წარმომადგენლის თ. ქ.-ს მიერ წარმოდგენილ დისკებს, ორივე შემთხვევაში მათ სამართალდამცავ ორგანოს მიმართეს განცხადებით, რომელსაც დაურთეს დისკი მასში არსებული ვიდეოჩანაწერით. აღნიშნული დისკების დათვალიერებით ამოღება არ მომხდარა მოწმისგან, რადგან ხსენებული დისკები უკვე პოლიციის ორგანოში იყო, - კანცელარიაში შესულ განცხადებაზე დანდართული სახით, ხოლო გამოძიების დაწყების შემდეგ იქნა დათვალიერებული და დართული სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამივე ვიდეოჩანაწერის დისკი მოპოვებულ იქნა კანონის სრული დაცვით და შესაბამისად, დისკების საფუძველზე მოპოვებული შემდგომი მტკიცებულებები არ წარმოადგენს მოწამლული ხის ნაყოფს (იხ. საჩივარი).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე უფლებამოსილია მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განჩინებასთან დაკავშირებული საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე.

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მასალები იძლევა საჩივარში მითითებული გარემოებების ზეპირი მოსმენის გარეშე სრულყოფილად შეფასების, ობიექტური, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და არ არსებობს საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის აუცილებლობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ განიხილა საჩივარი, წარმოდგენილი საქმის მასალები, წინასასამართლო სხდომის განჩინება და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლი მხარეს საშუალებას აძლევს მოიპოვოს კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში დაცული სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი. ამისათვის მხარე უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 28-ე ნაწილის მიხედვით, კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისთვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია არის კომპიუტერული მონაცემი.

სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის შესაბამისად, კომპიუტერული მონაცემის სახით არსებული ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოსახული იყოს ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით, იმავდროულად შეიძლება ჩაითვალოს დოკუმენტადაც, მაგრამ ამ მტკიცებულების მოსაპოვებლად დაცული უნდა იყოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები. სწორედ ამ მიზნით გაწერა კანონმდებელმა 2009 წლის 9 ოქტომბრის რედაქციის სსსკ-ის კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებების თავში სპეციალური ნორმა 136-ე მუხლის სახით. საპროცესო კოდექსის დასახელებული თავი ეძღვნება სწორედ კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვების სპეციალურ წესს, რომლისთვისაც თუნდაც დოკუმენტის დარქმევით არაფერი იცვლება. მსჯელობა, თითქოს კომპიუტერულ დისკზე ჩაწერილი ინფორმაცია არის დოკუმენტი და არა კომპიუტერული მონაცემი, მცდარია, ვინაიდან საპროცესო კოდექსი დეტალურად განმარტავს რა არის კომპიუტერული სისტემა და კომპიუტერული მონაცემი. მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა და ტოტალურმა კომპიუტერიზაციამ დღის წესრიგში დააყენა კომპიუტერული მონაცემის მოპოვების სპეციალური წესის საჭიროება, რომელიც დღევანდელი მოცემულობით, საგამოძიებო მოქმედება ამოღების ანალოგიურია, მაგრამ მატერიალური ფორმით არსებული მტკიცებულების (მათ შორის, კლასიკური გაგებით დოკუმენტის) მოპოვების წესისაგან (ამოღებისაგან) განსხვავდება სპეციალური ნორმატიული რეგულირებით. ამიტომ, როდესაც პროკურორს სურს მოიპოვოს კომპიუტერული მონაცემის შემცველი ინფორმაცია, აუცილებლად უნდა დაიცვას მისი გამოთხოვის სსსკ-ის 136-ე მუხლით დადგენილი სპეციალური წესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილი ექნება კანონის არსებითი დარღვევით მტკიცებულების მოპოვებას, რომელიც თუ აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. ეს საკითხი არაერთხელ განმარტა სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ და კიდევ უფრო დაწვრილებით მასზე მსჯელობას აღარ შეუდგება.
ასევე, საგამოძიებო კოლეგიას არაერთხელ აქვს განმარტებული, რომ საგამოძიებო მოქმედება დათვალიერების ჩატარება და ამ დათვალიერების დროს იმავე ნივთის ამოღება, რომელსაც ათვალიერებს და რომელიც შესაძლებელია ნებაყოფლობით წარუდგინა კიდეც პროცესის მონაწილემ გამომძიებელს, არ შეესაბამება ნივთმტკიცების ამოღების და დათვალიერების კანონმდებლისეულ გაგებას. ნივთმტკიცების, მათ შორის კომპიუტერული დისკის, როგორც ნივთის და არა როგორც კომპიუტერული მონაცემის შემცველი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ობიექტის, ამოღება დათვალიერების დროს შესაძლებელია მაშინ, როდესაც ხდება შემთხვევის ადგილის, ადგილმდებარეობის და ა.შ. დათვალიერება და როდესაც გამომძიებელი ამ დათვალიერების დროს წააწყდება ასეთ ნივთს, როგორც საქმისათვის მნიშვნელობის მქონეს. რაც შეეხება უშუალოდ ნივთის დათვალიერებას, თუ ის შემდგომში უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, ეს შესაძლებელია მხოლოდ მისი კანონიერად მოპოვების (ამოღების) შემდეგ. ე.ი ის ჯერ უნდა იქნეს ამოღებული (კომპიუტერული მონაცემის შემთხვევაში - გამოთხოვილი), ხოლო შემდეგ დათვალიერებული. თუ ამოღება ხდება გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში, შესაძლებელია ამოღებისა და დათვალიერების ერთიანი ოქმის შედგენაც. იმ შემთხვევაში კი, თუ საქმისათვის მნიშვნელობა აქვს კომპიუტერული მონაცემების შემცველ ინფორმაციას, პროკურორმა ის უნდა გამოითხოვოს სასამართლოს განჩინებით, სსსკ-ის 136-ე მუხლით დადგენილი წესით ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მოიპოვოს სსსკ-ის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და შემდგომ დაუქვემდებაროს სასამართლოს კონტროლს კანონიერების შესამოწმებლად.

საგამოძიებო კოლეგია არ ეთანხმება წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მსჯელობას მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც ის განმარტავს, რომ ინფორმაციის გამოთხოვისას პროკურორმა ამჟამადაც უნდა იხელმძღვანელოს სსსკ-ის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის დათქმით და ფარული საგამოძიებო მოქმედებების დებულებებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის N1/1/650,699 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი და ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაცვის მხარის მიერ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში შენახული ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ განჩინების გაცემის შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვას. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში იმსჯელა, რომ ბრალდების და დაცვის მხარეები ინფორმაციის გამოთხოვის უფლებით უნდა სარგებლობდნენ თანაბრად, თანასწორუფლებიანობის საწყისებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვისას მათ ერთნაირი სტანდარტის დაცვა მოეთხოვებათ. ამიტომ, საგამოძიებო კოლეგია (მოსამართლე გ.ბადრიაშვილი) განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესს, რაც რეგლამენტირებულია სსსკ-ის 112-ე მუხლით და არა ფარული საგამოძიებო მოქმედებისთვის დაწესებულ სტანდარტს და ეს მოთხოვნა თანაბრად ეხება ბრალდების და დაცვის მხარეებს მათი საპროცესო უფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით. ეს ასეც უნდა იყოს, ვინაიდან ინფორმაციის გამოთხოვა თავისი ბუნებით წარმოადგენს ჩვეულებრივ საგამოძიებო მოქმედებას, ამოღების კერძო (სპეციალურ) სახეს და არა ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა ინფორმაციის გამოთხოვისას, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი.

მოცემულ შემთხვევაში, წინასასამართლო სხდომაზე დაუშვებელ მტკიცებულებებად ცნობილი ვიდეო-ჩანაწერები მოპოვებულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით, ხოლო ის მტკიცებულებები, რომლებიც ასევე დაუშვებლად ცნო მოსამართლემ, გამომდინარეობდა კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებებიდან. ისინი აუარესებს ბრალდებულ ბ. გ.-ს სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილის 2017 წლის 21 აპრილის წინასასამართლო სხდომის განჩინება ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნაწილის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, დასაბუთებულია, ხოლო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3, მე-20, 72-ე, 97-98-ე, 112-ე, 136-ე, 219-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილის 2017 წლის 21 აპრილის წინასასამართლო სხდომის განჩინება, ბ. გ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნაწილის დაუშვებლად ცნობის თაობაზე, დარჩეს უცვლელად;

განჩინება გადაეცეს მხარეებს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.