ნახვები: 92
საქმის ნომერი: 1გ/647
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: გელა ბადრიაშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №1გ/647 (2017-05-10), www.temida.ge
საქმის № 1გ/647

განჩინება
საქართველოს სახელით
       10 მაისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
საგამოძიებო კოლეგია
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
გელა ბადრიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქ.თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორის - ნ. ჯ.-ს საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილის 2017 წლის 01 მაისის წინასასამართლო სხდომის განჩინებაზე, ა. ქ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის ცალკეულ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით,-

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2017 წლის 01 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა ა. ქ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით, წინასასამართლო სხდომაზე განიხილა ქ.თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორის ნ. ჯ.-ს შუამდგომლობა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის თაობაზე.

მოსამართლის 2017 წლის 01 მაისის წინასასამართლო სხდომის განჩინებით, დაუშვებელ მტკიცებულებებად იქნა ცნობილი ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა ნაწილი, კერძოდ: ნივთიერი მტკიცებულებები - საპატრულო პოლიციის და შპს „გ.-ს“ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები ორ ცალ დისკზე და მტკიცებულებათა ნუსხაში პუნქტები 5.1 და 5.2.

ბრალდების მხარის აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას მოსამართლემ საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ისინი კანონის არსებითი დარღვევით არის მოპოვებული, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის შესაბამისად, ამ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას იწვევს (იხ. გასაჩივრებული განჩინება).

აღნიშნული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრა ქ.თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ნ. ჯ.-მ. პროკურორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და დაუშვებლად ცნობილი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობას.

საჩივარში მითითებულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ა. ქ.-ს ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, მოსამართლეს ბრალდების მხარის მტკიცებულებათა დაუშვებლობაზე უნდა ემსჯელა იმ შემთხვევაში, თუ დაყენებული იქნებოდა დაცვის მხარის შუამდგომლობა და თავისი ინიციატივით არ უნდა ეცნო მტკიცებულბები დაუშვებლად. საექსპერტო კვლევის დასრულების შემდგომ, გამოძიებას დაუბრუნდა ცალ-ცალკე დალუქული ორი ცალი დისკი, ხოლო ექსპერტიზის ჩატარებამდე ექსპერტს არ შეუტანია ეჭვი ლუქის მთლიანობის დარღვევაზე. სწორედ აღნიშნული დისკების დართვას ითხოვნა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარე ვერ დაეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, რომ გაურკვეველია დისკების წარმომავლობა, რადგან საქმის მასალებში აღწერილია, თუ საიდან და რა ვითარებაში მოიპოვა გამომძიებელმა. ამასთანავე, ექსპერტი თ. დ. აღნიშნავს, რომ საქმე დალუქულია ქაღალდის პაკეტში და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, შესაბამისად, ექსპერტიზაზე წარდგენილი საქმის მასალებისა თუ სხვა ნივთიერი მტკიცებულებების დალუქვის მთლიანობისა თუ დარღვევის შესახებ აღნიშვნა კეთდება ექსპერტის მიერ. მოეცემულ საქმეზე კი, დალუქვის მთლიანობის დარღვევის შესახებ ექსპერტი არ უთითებს (იხ. საჩივარი).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე უფლებამოსილია მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განჩინებასთან დაკავშირებული საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე.

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მასალები იძლევა საჩივარში მითითებული გარემოებების ზეპირი მოსმენის გარეშე სრულყოფილად შეფასების, ობიექტური, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და არ არსებობს საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის აუცილებლობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ განიხილა საჩივარი, წარმოდგენილი საქმის მასალები, წინასასამართლო სხდომის განჩინება და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლი მხარეს საშუალებას აძლევს მოიპოვოს კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში დაცული სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი. ამისათვის მხარე უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით.

სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია განმარტავს, რომ როდესაც მხარეს სურს მოიპოვოს კომპიუტერული მონაცემის შემცველი ინფორმაცია, აუცილებლად უნდა დაიცვას მისი გამოთხოვის სსსკ-ის 136-ე მუხლით დადგენილი სპეციალური წესი, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მოიპოვოს სსსკ-ის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და შემდგომ დაუქვემდებაროს სასამართლოს კონტროლს კანონიერების შესამოწმებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილი ექნება კანონის არსებითი დარღვევით მტკიცებულების მოპოვებას, რომელიც თუ აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. ამიტომ, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს შეფასება სრულ თანხვედრაშია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებასთან.

საგამოძიებო კოლეგია არ ეთანხმება წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მსჯელობას მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც ის განმარტავს, რომ ინფორმაციის გამოთხოვისას პროკურორმა ამჟამადაც უნდა იხელმძღვანელოს სსსკ-ის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის დათქმით და ფარული საგამოძიებო მოქმედებების დებულებებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის N1/1/650,699 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი და ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაცვის მხარის მიერ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში შენახული ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ განჩინების გაცემის შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვას. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში იმსჯელა, რომ ინფორმაციის გამოთხოვისას ბრალდების და დაცვის მხარეები უნდა სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებით. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვისას, მათ ერთნაირი სტანდარტის დაცვა მოეთხოვებათ. ამიტომ, საგამოძიებო კოლეგია (მოსამართლე გ.ბადრიაშვილი) განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესს, რაც რეგლამენტირებულია სსსკ-ის 112-ე მუხლით და არა ფარული საგამოძიებო მოქმედებისთვის დაწესებულ სტანდარტს. ინფორმაციის გამოთხოვისას ეს განმარტება თანაბრად ეხება დაცვის და ბრალდების მხარეებს მათი საპროცესო უფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით. საკითხის სხვაგვარად განმარტების შემთხვევაში, ინფორმაციის გამოთხოვისას, შეუძლებელი იქნება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის დაცვა, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი. ინფორმაციის გამოთხოვა თავისი ბუნებით წარმოადგენს ჩვეულებრივ საგამოძიებო მოქმედებას, ამოღების კერძო (სპეციალურ) სახეს და არა ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. ამიტომ, ლოგიკურიც იყო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გასწორდა ის პროცესუალური შეუსაბამობა, რაც ინფორმაციის გამოთხოვასთან იყო დაკავშირებული.

მოცემულ შემთხვევაში, წინასასამართლო სხდომაზე დაუშვებელ მტკიცებულებებად ცნობილი ვიდეო-ჩანაწერები მოპოვებულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით. ისინი აუარესებს ბრალდებულ ა. ქ.-ს სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია. მართალია, საპატრულო პოლიციის ვიდეო-ჩანაწერის მოპოვება მოხდა 2017 წლის 25 იანვარს, საკოსტიტუციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ მიუხედავად ამისა, დარღვეულია იმ პერიოდისთვის მოქმედი საპროცესო ნორმები ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით. 2017 წლის 8 თებერვალს კი, „გ.-ს“ ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო კამერებიდან ინფორმაციის გამოთხოვისას, პროკურორს უნდა ეშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით განჩინების მისაღებად ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, გამომძიებელს ეხელმძღვანელა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით, ამოღების მსგავსად. ნაცვლად აღნიშნულისა, ინფორმაციის გამოთხოვისას უხეშად (არსებითად) დაირღვა საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილის 2017 წლის 01 მაისის წინასასამართლო სხდომის განჩინება ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნაწილის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, ხოლო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3, მე-9, მე-20, 25-ე, 72-ე, 97-98-ე, 112-ე, 136-ე, 219-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 01 მაისის წინასასამართლო სხდომის განჩინება, ა. ქ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნაწილის დაუშვებლად ცნობის თაობაზე, დარჩეს უცვლელად;

განჩინება გადაეცეს მხარეებს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.