საქმის ნომერი: 2ბ/1848-18
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ვანო წიკლაური,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემდეგ, გასაუბრების ოქმში, მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიმართ დავალიანების არსებობა, შესაბამისად,სააპელაციო პალატა მითითებული თანხის ფარგლებში იზიარებს აპელანტის მტკიცებას მოპასუხის დავალიანების არსებობასთან დაკავშირებით.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/1848-18 (2018-06-08), www.temida.ge
საქმის № 330210017002010955
საქმის № 2ბ/1848-18

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       08 ივნისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო

შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვანო წიკლაური

შესავალი ნაწილი:

სხდომის მდივანი - გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი - ჯ. დ.
წარმომადგენელი - ვ. მ.

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ო.
წარმომადგენელი - ვ. უ.

დავის საგანი - თანხის დაკისრება



სამოტივაციო ნაწილი:

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ. დ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

პირველი ინსტანციის სასამართლო უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე არ მიუთითებს. რაც შეეხება სადავო ფაქტობრივ გარემოებას, სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ნ. ო.-ს ჯ. დ.-ს მიმართ გააჩნია 4760 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანება.

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის დანაწესზე და განამრტა, რომ ვალის აღიარება ახალი ხელშკერულებაა, ამდენად ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილი ყველა პირობა უნდა აკმაყოფილებდეს, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნებს, ანუ მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ვალის აღიარება უნდა განხორციელდეს უფლებამოსილი პირის, ანუ მოთხოვნის უფლების მქონე კრედიტორის წინაშე.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ნ. ო.-თან შსს თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორის მიერ შედგენილი გასაუბრების ოქმი ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობებს და არ შიძლება ჩაითვალოს ვალის აღიარებად, ვიანიდან სასამრთლოს შეფასებით, ვალის აღიარების ხელწერილით ხდება ვალის ამღიარებლის მხრიდან მხლოდ მოთხოვნის უფლების მქონე პირთან ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის აღიარება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ არ მიიჩნია დადასტურებულად, რომ ნ. ო.-ს მოსარჩელის მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება, რის გამოც სარჩელი მიჩნეული იქნა დაუსაბუთებლად.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

3.1. აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმარისად არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ უბნის ინსპექტორის მიერ ნ. ო.-თან ზეპირი გასაუბრების შესახებ 2016 წლის 16 ნოემბრის ოქმი, ასევე მხარეთა შორის 2015 წლის 18 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორი შეფასება გააკეთა და არასწორად არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება მოპასუხის დავალიანების არსებობის შესახებ. შესაბამისად აპელანტი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორია და მოითხოვს მის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებას.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

4.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4.1.1. პალატის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასაკმარისადაა გამოკვლეული, რის შედეგადაც დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები პირველი ინსტნაციის სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი.

4.1.2. პირველ რიგში, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოების სახით, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს იმ უდავო ფაქტობრივ გარემეობაზე, რომ მხარეებს, შორის ერთის მხრივ, ჯ. დ.-ს, როგორც გამსესხებელს და მეორეს მხრივ, ნ. ო.-ს, როგორც მსესხებელს შორის 2015 წლის 18 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების (იხ. ს.ფ. 61) საფუძველზე წარმოშობილი იყო სასესხო სამართლებრივი ურთიერთობა.

უდავოა, რომ ამ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში ჯ. დ.-საგან ნ. ო.-მა ისესხა 6 000 აშშ დოლარის ოდენობით თანხა 6 თვის ვადით. მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე სარჩელის მოთხოვნას ამყარებს სწორედ ამ სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ გარემოებაზე და მიუთითბს, რომ მოპასუხეს ამ ურთიერთობიდან გამომდინარე მის მიმართ გააჩნია დავალიანება 4760 აშშ დოლარის ოდნეობით, რის დასადასტურებლადაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა უბნის ინსპეტორის მიერ ნ. ო.-თან ზეპირი გასაუბრების შესახებ 2016 წლის 16 ნოემბრის ოქმი (იხ. ს.ფ. 72).

4.1.3. მართალია, 2016 წლის 16 ნოემბრის გასაუბრების ოქმი, არ შეიძლება შეფასებულ იქნეს ვალის აღიარებად, რამდენადაც, ამ შემთხვევაში უშუალოდ გამსესხებლის ჯ. დ.-ს მიმართ არ მომხდარა მოპასუხის მიერ ვალის აღიარება, თუმცა ოქმი შეიცავს დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან მონაცემებს. კერძოდ, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს მოპასუხის ნ. ო.-ს მიერვე ოქმში დაფიქსირებულ იმ გარემოებაზე, რომ 2016 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით მას გააჩნია დავალიანება 2000 აშშ დოლარი ჯ. დ.-ს მიმართ. ამდენად, მართალია, აღნიშნული მტკიცებულება არ წარმოადგენს ვალის აღიარების ხელწერილს, თუმცა სააპელაციო პალატა დასახელებულ მტკიცებულებას განიხილავს წერილობითი სახის მტკიცებულებად, სადაც მოპასუხე ცალსახად ადასტურებს მოსარჩელის მიმართ 2016 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით 2 000 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას (იხ. 2018 წლის 25 მაისი სასამართლო სხდომის საოქმო ჩანაწერი) მოწინააღმდეგე მხარემ (მოპასუხე მხარემ) დამაჯერებლადაც კი ვერ დაასაბუთა, მისი პოზიციის სისწორე იმ ფაქტან მიმართებაში, რომ თუკი, 2016 წლის მაისის მდგომარეობით, როდესაც იძულებითი საქმის წარმოება შეწყდა მის მიმართ (იხ. ს.ფ. 61), მას ჯ. დ.-ს მიმართ შესრულებული ჰქონდა 2015 წლის 18 თბერვლის სესხის ხელშეკრუელებით ნაკისრი ვალდებულება სრულად, და ამის გამო, ესე იგი, დავალიანების არარსებობის გამო შეწყდა იძულებითი საქმის წარმოება, მაშინ რატომღა დაადასტურა მოგვიანებით, უკვე 2016 წლის ნოემბრის თვეში შედგენილ გამოკითხვის ოქმში, მოპასუხე ჯ. დ.-ს მიმართ 2 000 აშშ დოლარის ოდნეობით დავალიანების არსებობა. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის ის მოსაზრება, რომ გასაუბრებისას მის მარწმუნებელს შეეშალა და შეცდომით მიუთითა ეს ინფორმაცია არადამაჯერებელია, ვინაიდან ნ. ო. გამოკითხვის ოქმში ცალსახად ადასტურებს 2000 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების შესახებ ფაქტის არსებობას და ამასთან, ნათლად გამოხატავს ამ დავალიანების დაფარვის ნებასაც.

ამგვარად, იმ უდავო ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ნ. ო.-ს ჯ. დ.-საგან სესხის სახით გადაცემული ჰქონდა 6000 აშშ დოლარი, აგრეთვე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული 2016 წლის 15 მარტის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის (2016 წლის მაისი) შემდეგ (იხ. ს.ფ. 61), 2016 წლის 16 ნოემბრის გასაუბრების ოქმში, ნ. ო.-მა დაადასტურა ჯ. დ.-ს მიმართ დავალიანების არსებობა - 2000 აშშ დოლარის ოდნეობით, სააპელაციო პალატა ნაწილობრივ (2 000 აშშ დოალრის ნაწილში) იზიარებს აპელანტის (მოსარჩელის) მტკიცებას მოპასუხის დავალიანების არსებობასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატა აქვე დასძენს, რომ ამ ვითარებაში, მოპასუხის მიერ მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ ჯ. დ.-ს (2016 წლის 5 მაისის) განცხადებით სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა, დასტურია მისი მხრიდან ფულადი ვალდებულების სრულად შესრულებისა, არ არის საკმარისი ამ პოზიციის გასაზიარებლად, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, ფაქტია, რომ სააღსრულებო წარმოების შეყვეტის შემდეგ ნ. ო.-მა დაადასტურა ჯ. დ.-ს მიმართ 2 000 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების არსებობის შესახებ ფაქტობრივი გარემოება. სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიმართ ნ. ო.-ს დავალიანების არსებობას 4760 აშშ დოლარის ოდენობით, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

შესაბამისად, სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, მასზედ, რომ ნ. ო.-ს ჯ. დ.-ს მიმართ გააჩნია 2015 წლის 18 თებერვლის სესხის ურთიერთობიდან გამომდინარე დავალიანება (ძირითადი თანხის სახით) 2 000 აშშ დოლარის ოდენობით.

4.1.4. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის, პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის და კოდექსის 623-ე მუხლის საფუძველზე განსახილველ შემთხვევაში ჯ. დ. უფლებამოსილია მოითხოვოს ნ. ო.-საგან 2 000 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხეს, რომელსაც სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ეკისრებოდა ფულადი ვალდებულების შესრულების დადასტურების მტკიცების ტვირთი, შესაბამისი წერილობითი მტკიცებულება 2000 აშშ დოლარის დაფარვის ნაწილში არ წარმოუდგენია.

ამდენად, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ ჯ. დ.-ს სარჩელი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ 2 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას, ვიანიდან არასრული გამოკვლევის შედეგად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს არასწორად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით, მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.

6. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე და ასევე საააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟი დაკმაყოფილებული მოთხოვნების პროპორციულობის გათვალისწინებით (სარჩელი დაკმაყოფილდა 42%-ის ნაწილში) უნდა გდანაწილდეს შემდეგნაირად;

სარჩელზე მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის - 343 ლარის ანგარიშში მოპასუხე ნ. ო.-ს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 144 ლარის გადახდა; ხოლო სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის - 458 ლარის ანგარიშში, ნ. ო.-ს ჯ. დ.-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 192 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. დ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ჯ. დ.-ს სარჩელი ნ. ო.-სათვის 4760 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. ნ. ო.-ს ჯ. დ.-ს სასარგებლოდ დაკისროს 2 000 აშშ დოლარის გადახდა;
5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. სარჩელზე მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის - 343 ლარის ანგარიშში მოპასუხე ნ. ო.-ს ჯ. დ.-ს სასარგებლოდ დაეკისროს 144 ლარის გადახდა;
7. სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის - 458 ლარის ანგარიშში, ნ. ო.-ს ჯ. დ.-ს სასარგებლოდ დაეკისროს 192 ლარის გადახდა.
8. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
9. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.