ნახვები: 289
საქმის ნომერი: 1გ/130
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: გელა ბადრიაშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №1გ/130 (2017-01-31), www.temida.ge
საქმის № 1გ/130

განჩინება
საქართველოს სახელით
       31 იანვარი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
საგამოძიებო კოლეგია
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
გელა ბადრიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის - თ. ბ.-ს საჩივარი, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძის 2017 წლის 25 იანვრის განჩინებაზე, საგამოძიებო მოქმედების - ამოღების ჩასატარებლად ნებართვის გაცემაზე უარის თქმასთან დაკავშირებით,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველო იძიებს სისხლის სამართლის №XXXXXXXXXXXX საქმეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში, ა. ი.-ს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, 2017 წლის 24 იანვარს, თელავის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა თ. ბ.-მ და ითხოვა ნებართვის გაცემა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან (ქ.გურჯაანი, ი.ნონეშვილის გამზირი N13) მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ქ. მ.-ს (პ/ნXXXXXXXXXXX) სახელზე 2013 წლის 21 მაისს გაცემული NXXX საკუთრების უფლების მოწმობის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების (დედნების) ამოსაღებად.

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძის 2017 წლის 25 იანვრის განჩინებით, პროკურორის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველო, მაგრამ ამ ეტაპზე აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების, საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების ჩატარების უფლებამოსილება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს არ გააჩნია. საქმის მასალებში არ მოიპოვება საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ, ხოლო საქმე არ არის ზემოაღნიშნული საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარე (იხ. განჩინება).

აღნიშნული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა თ. ბ.-მ. პროკურორი ითხოვს განჩინების გაუქმებას და ნებართვის გაცემას გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან (ქ.გურჯაანი, ი.ნონეშვილის გამზირი N13) მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ქ. მ.-ს (პ/ნXXXXXXXXXXX) სახელზე 2013 წლის 21 მაისს გაცემული NXXX საკუთრების უფლების მოწმობის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების (დედნების) ამოსაღებად.

საჩივარში აღნიშნულია, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიმღები ორგანო იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველო. შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე, გამომძიებელმა დაიწყო გამოძიება შესაბამისი კვალიფიკაციით. მართალია, საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განეკუთვნება საქართველოს პროკურატურის გამომძიებლის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (როდესაც ეს დანაშაულები გამოვლენილია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის საგამოძიებო ქვემდებარეობას, მაგრამ საქმეზე გამოძიება დაიწყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველომ, გამომძიებლები მუშაობენ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით და შესაბამისად, მოხდება თუ არა საქმის დაქვემდებარება ან გადაგზავნა სხვა საგამოძიებო ორგანოში, ეს უნდა გადაწყვიტოს პროკურორმა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით. გადაჭრით იმის თქმა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებს არ აქვთ უფლებამოსილება აწარმოონ წინასწარი გამოძიება სრული მოცულობით, არ არის განსაზღვრული იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში. სასამართლომ არასწორად შეაფასა ამოღების ჩატარების პროცესუალური საფუძვლები, საერთოდ არ განიხილა წარმოდგენილი ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც შეეხებოდა მოცემულ საქმეს, იძლეოდა თუ არა ამოღების ჩატარების შესაძლებლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა არსებობდა თუ არა დასაბუთებული ვარაუდის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები ან მონაცემები საქმეში, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ამოღების ჩატარების აუცილებლობაში. საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებისა და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლო დამნაშავე პირების და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, საჭიროა აღნიშნული დოკუმენტების ამოღება. დოკუმენტების ამოღებით ბრალდების მხარეს მიეცემა შესაძლებლობა მოახდინოს საქმეზე კვალიფიკაციასთან დაკავშირებული სწორი სამართლებრივი შეფასება, გადაწყვიტოს მისი კვალიფიკაციის შეცვლის, მისი ქვემდებარეობით გადაგზავნის თუ გამოსაძიებლად გადაცემის საკითხი. მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათში - ფორმა N1-ში მითითებულია სსკ-ის მუხლი 332, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ გამომდინარეობს საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან. ამ ეტაპზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ატარებს მხოლოდ წინასწარ გამოძიებას, ბრალდების მხარე ჯერ არ ახორციელებს დევნას, მხოლოდდამხოლოდ წინასწარი გამოძიების ფარგლებში მოქმედებს (იხ. საჩივარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს საჩივარი, რომელიც არ შეეხება აღკვეთის ღონისძიების შესახებ განჩინებას. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა იძლევა შესაძლებლობას ამოღების შესახებ ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული განჩინების თაობაზე არსებული საჩივარი განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მასალები იძლევა კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის თ. ბ.-ს საჩივარში მითითებული გარემოებების ზეპირი მოსმენის გარეშე სრულყოფილად შეფასების შესაძლებლობას და არ არსებობს საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის აუცილებლობა.

საგამოძიებო კოლეგიამ განიხილა საჩივარი, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, გააანალიზა საჩივრის მოთხოვნის კანონთან შესაბამისობის საკითხი და მიაჩნია, რომ პროკურორის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლების თანახმად, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, თუ ასეთი ინფორმაცია მიაწოდეს გამომძიებელს ან პროკურორს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში, გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი კვალიფიკაციით. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თუ გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სხვა საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციაა, გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შემდეგ, პროკურორი დაუყოვნებლივ გადააგზავნის საქმეს ქვემდებარეობით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის N34 ბრძანებით განსაზღვრული სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის (შემდგომში, დანართი) პირველი პუნქტის თანახმად, სისხლის სამართლის საქმე განეკუთვნება შინაგან საქმეთა გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას, თუ ამ ბრძანებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე დანართის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას. დასახელებული დანართის მე-14 პუნქტის შესაბამისად, თუ გამომძიებელი დაადგენს, რომ საქმე არ განეკუთვნება მის საგამოძიებო ქვემდებარეობას, იგი ვალდებულია ჩაატაროს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებანი და საქმე გადასცეს პროკურორს საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით წარმართვისათვის.

მიუხედავად იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული ქვემდებარეობის წესისა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იძლევა სისხლის სამართლის საქმის დაქვემდებარების შესაძლებლობას ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში. კერძოდ, სსსკ-ის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს მთავარ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს.

აღნიშნული საპროცესო მოთხოვნებისა და იუსტიციის მინისტრის ბრძანებიდან გამომდინარე, როგორც წესი, იმ შემთხვევაში, თუ სისხლის სამართლის საქმე არ განეკუთვნება ამა თუ იმ საგამოძიებო ორგანოს საგამოძიებო ქვემდებარეობას, საქართველოს მთავარი პროკურორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადასცემს ხოლმე საქმეს გამოსაძიებლად სხვა საგამოძიებო ორგანოს. თუმცა, როგორც ვხედავთ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და მინისტრის ბრძანება უშვებს გამონაკლისს მხოლოდ ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც საქმის ქვემდებარეობით გადაგზავნამდე აუცილებელია გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარება.

გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებებს განეკუთვნება პირველდაწყებითი საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ხორციელდება გამოძიების დაწყებიდან მოკლე დროში და მიმართულია მოსაპოვებელ მტკიცებულებათა ან დანაშაულის კვალის განადგურების (გაქრობის) თავიდან ასაცილებლად, შესაძლო დანაშაულის ან დამნაშავის გამოსავლენად და დასაკავებლად. ასეთია, მაგალითად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ჩხრეკა, ამოღება და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც უნდა ჩატარდეს ე.წ. ცხელ კვალზე, მტკიცებულებათა განადგურების პერსპექტივის ან მათ მოპოვებაში ხელის შემშლელი ფაქტორების გათვალისწინებით. როგორც წესი, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები შესაძლებელია მოიცავდეს რამდენიმესაათიან ან რამდენიმედღიან პერიოდს, რის შემდეგაც სისხლის სამართლის საქმე დაუყოვნებლივ უნდა გადაიგზავნოს ქვემდებარეობის მიხედვით ან მოხდეს მისი დაქვემდებარება გამოძიების დაწყების ინიციატორი საგამოძიებო ორგანოსთვის.

განსახილველ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო 2016 წლის 19 მაისს. გამოძიების დაწყებიდან დღემდე საქმეზე ჩატარებულია მრავალრიცხოვანი საგამოძიებო მოქმედებები ისე, რომ არ მომხდარა საქმის ქვემდებარეობით გადაგზავნა და არც უფლებამოსილი პროკურორის მიერ მისი დაქვემდებარება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოსთვის. ასეთი მოცემულობის პირობებში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცეს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვა და დაავალოს მისი ჩატარება იმ საგამოძიებო ორგანოს, რომელიც თავის მხრივ არ არის უფლებამოსილი აწარმოოს საქმეზე გამოძიება. ამოღების შესახებ სასამართლოსთვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით მიმართვამდე, საგამოძიებო ორგანო ვალდებული იყო გადაეგზავნა საქმე საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით ან მიეღო უფლებამოსილი პროკურორის ნებართვა ამ საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად. გამოძიების დაწყებიდან რვა თვის შემდეგ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება არ არის გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება. ამიტომ, საჩივრის ავტორი პროკურორის მოთხოვნა წინააღმდეგობაში მოდის როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 102-ე და 33-ე მუხლებთან, ისე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 07.07.2013წ. N34 ბრძანების მე-2, მე-5 და მე-14 პუნქტებთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას მიაჩნია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 25.01.2017წ. განჩინება დასაბუთებულია, კანონიერია, ხოლო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 97-ე - 98-ე, 33-ე, 102-ე, 207-ე მუხლებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის N34 ბრძანებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძის 2017 წლის 25 იანვრის განჩინება საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემაზე უარის შესახებ, დარჩეს უცვლელად;

განჩინების ასლები გაეგზავნოს და გადაეცეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.