საქმის ნომერი: 210210017002050362
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ვანო წიკლაური,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა აპელანტის სააპელაციო საჩივარი და გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისთვის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების თაობაზე, იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მოპასუხის მიერ ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვადამოსული ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტის დადასტურება საკმარისი მტკიცებულებებით.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №210210017002050362 (2018-11-16), www.temida.ge
საქმის № 2ბ/5231-18
საქმის № 210210017002050362

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       16 ნოემბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვანო წიკლაური

აპელანტი - დ. ბ.
წარმომადგენელი - კ. ხ.

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,თ. ბ.’’
წარმომადგენლები – ნ. ს., თ. ფ.

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით სს ,, თ. ბ.”-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე დ. ბ.-ს სს ,, თ. ბ.”-ს სასარგებლოდ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა ძირი თანხის დავალიანების 2 207.63 (ორი ათას ორას შვიდი ლარი და 63 თეთრი) ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა სს ,, თ. ბ.”-ს სასარგებლოდ, მოპასუხეზე ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ, სარგებლის დაკისრებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2015 წლის 23 ოქტომბერს სს ,, თ. ბ.”-ს და დ. ბ.-ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 1500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. მოხდა საკრედიტო ლიმიტის ავტომატური გაზრდა და მსესხებლის მიერ ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 2207.63 ლარი. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 22%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, ხოლო 36%-ით კრედიტის სს ,, თ. ბ.”-ს ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 25 რიცხვში. პირგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება
- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
- დავალიანების შესახებ ცნობა;

2.2. 2017 წლის 28 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეს 2015 წლის 23 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 2 207.63 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება
- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
- დავალიანების შესახებ ცნობა;

2.3 საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან დასტურდება, რომ მოპასუხემ საკრედიტო ბარათიდან გაიტანა თანხა და მისი დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენს 2 207.63 ლარს. მოპასუხე მხარეს, გარდა ახსნა-განმარტების არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ დავალიანების თანხა გადაიხადა და მას ბანკის წინაშე დავალიანება არ გააჩნია არ წარმოუდგენია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
- დავალიანების შესახებ ცნობა;

2.4. შესაბამისად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ვალის დაფარვას ადგილი არ ჰქონია და მას გააჩნია სს ,, თ. ბ.”-ს მიმართ დავალიანება
2 207.63 (ორი ათას ორას შვიდი ლარი და 63 თეთრი) ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
- დავალიანების შესახებ ცნობა;
- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება;

2.5. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხემ გადააცილა პროცენტის გადახდის ვადები, რის გამოც საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა სასამართლოში სარჩელის წარდგენით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
- დავალიანების შესახებ ცნობა;

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ი ნაწილით: მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები და ამჟამად ერიცხებათ დავალიანება ბანკის მიმართ, რის გამოც ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა სასამართლოში სარჩელის წარდგენით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყოველი მხარე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს საკუთარი პოზიციის სისწორე და უტყუარობა სასამართლოს წინაშე. აღნიშნული წესი უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს, რომ მოსარჩელემ უნდა წარადგინოს მის სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე, რომელიც არ ეთანხმება სასარჩელო განცხადებას, მოსარჩელის არგუმენტებისაგან თავდაცვის მიზნით, ვალდებულია, საპასუხო მტკიცებულებების წარდგენით გააქარწყლოს მოსარჩელის პოზიცია.

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების არსებობის ფაქტიდან. მოსარჩელე ითხოვს მხოლოდ ძირი თანხის დაკისრებას და შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს ბანკის წინაშე არსებული დავალიანების თანხის გადახდა.

მოცემულ შემთხვევაში სს ,, თ. ბ.”-ს წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი იქნა სათანადო მტკიცებულებები, კერძოდ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება და საბანკო ანგარისიდან ამონაწერი, საიდანაც დასტურდება, რომ მოპასუხემ საკრედიტო ბარათიდან გაიტანა თანხა და მისი დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენს 2 207.63 ლარს. მოპასუხე მხარეს, გარდა ახსნა-განმარტების არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ დავალიანების თანხა გადაიხადა და მას ბანკის წინაშე დავალიანება არ გააჩნია არ წარმოუდგენია.

შესაბამისად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ვალის დაფარვას ადგილი არ ქონია და მას გააჩნია სს ,, თ. ბ.”-ს მიმართ დავალიანება 2 207.63 (ორი ათას ორას შვიდი ლარი და 63 თეთრი) ლარი.

2.7. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეზე სარგებლის (პროცენტის) დაკისრების შესახებ (ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ) არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სარჩელზე წარმოდგენილი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები არ შეიცავენ დათქმას, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მსესხებელი ვალდებულია გააგრძელოს სარგებლის (პროცენტის) გადახდა ვალდებულების სრულად დაფარვამდე ან გარკვეული ვადით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ წესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სასამართლოს მიაჩნია, რომ გარიგება, რომლის თანახმად მევალეს ეკისრება ვალდებულება საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ იხადოს საბანკო პროცენტი ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს და შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სესხის ხელშეკრულების ფარგლებში საპროცენტო სარგებლისა და ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ურთიერთ მიმართებასთან დაკავშირებით (საქმე Nას-1701-1685-2011). სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 625-ე, 403-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. უზენაესმა სასამართლომ განმარტება, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

3.1. აპელანტის მითითებით სს "ბ. რ."-ს და დ. ბ.-ს შორის 2015 წლის 23 ოქტომბერს დაიდო საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება #676345 და მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1500 ლარიანი ლიმიტით. მითითებული ხელშეკრულების 5.2.3 პუნქტის თანახმად ბანკი უფლებამოსილია რომ ცალმხრივად განაახლოს გაზარდოს ან შემაციროს საკრედიტო ლიმიტი, თუმცა იმავე პუნქტით ევალება, რომ მოახდინოს მსესხებლის ინფორმირება ხელშეკრულების განსაზღვრული წესით რაც ასევე განსაზღვრულია #676345 ხელშეკრულების 12–ე მუხლით. სადაო ხელშეკრულებიის 5.1.7. პუნქტით მსესხებელი უფლებამოსილია არ დაეთანხმოს ბანკის მიერ ცალმხრივად მიღებულ გადაწყვეტილებას საკრედიტო ლიმიტის ავტომატურად განახლების, გაზრდის ან შემცირების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე (მოწინააღდეგე მხარე) მიუთითებს, რომ ბანკმა ავტომატურად გაზარდა ლიმიტი თუმცა არ განმარტავს თუ რა ოდენობით მოხდა მისი გაზრდა ანდა აღნიშნულის თაობაზე შეატყობინა თუ არა მოპასუხეს. მოსარჩელე ამ გარემოებათა მიუთითებლობით ცდილობს დაფაროს #676345 ხელშეკრულების 5.2.3 პუნქტის დარღვევა. მოსარჩელეს (მოწინააღმდეგე მხარეს) არ წამოუდგენია მტკიცებულება რომლელიც თვალნათელს გახდიდა თუ როგორ გამოვლინდა დ, ბ,-ს მიერ ათვისებული და დაბრუნებულ თანხებს შორის სხვაობა 2207.63 ლარი და რას ეყრდნობა ამგვარი გაანგარიშება. არაა მითითებული თუ კონკრეტულად რა ოდენობის თანხა იქნა გამოყენებული მოპასუხის მიერ და რა ოდენობის თანხა დაბრუნდა, ასევე რა თანხა ჩაითვალა პირგასამტეხლოში. აპელანტის მითითებით სასამართლომ ეს გარემოებები მხედველობის გარეშე დატოვა და ისე, რომ არ დაუდასტურებია დ. ბ.-ს მიერ სესხის ძირი თანხის გადაცემის ფაქტი, აპელანტს დააკისრა მტკიცების ტვირთი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით და არ შეამოწმა ნამდვილად მოხდა თუ არა ამ თანხის გადაცემა.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

4.1.1 სააპელაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოწმებს რა გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 23.10.2015 წლის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არ არსებობს სს ,,თ. ბ.’’-ს სასარგებლოდ დ. ბ.-სთვის თანხის დაკისრების საფუძველი.

4.1.1.1 2015 წლის 23 ოქტომბერს ერთი მხრივ სს ,,ბ. რ.-ს’’ და მეორე მხრივ დ. ბ.-ს შორის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება #676345 გაფორმდა, რომლითაც საკრედიტო ლიმიტის ზღვრული ოდენობა 1500 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულების 4.5 პუნქტის თანახმად საკრედიტო ლიმიტით სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში და ინტერნეტის მეშვეობით გახარჯული თანხებისთვის და დაკავშირებული საკომისიოებისთვის გათვალისწინებული იქნა წლიური 22 %, ბანკებში და ბანკომატებში განაღდებული თანხებისთვის და საკომისიოებისთვის კი 36 %. საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის ვადა 23.10.2016 წლამდე პერიოდს გულისხმობდა. (ტ.1.ს.ფ. 17-26)

4.1.1.2. 2017 წლის 08 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს ,,თ. ბ.’’ წარმოადგენს სს ,,ბ. რ.’’-ს უფლებამონაცვლეს. სს ,,ბ. რ.’’-ს სესხი #676345 გადაკეთდა სს ,,თ. ბ.’’-ს პროდუქტად - Prime Card-ად და მიენიჭა #1717228-1778241. (ტ.1. ს.ფ.16; ს.ფ. 46-48)

4.1.1.3. განსახილველ შემთხვევაში სს ,,თ. ბ.’’-ს სასარჩელო მოთხოვნას დ. ბ.-სთვის 2207.63 ლარის დაკისრება წარმოადგენს, საიდანც ძირი თანხაა- 1023.22 ლარი, პროცენტი - 769.12 ლარიხოლო ჯარიმა - 415.29 ლარი. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მხარეთა შორის 23.10.2015წ. საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაზე უთითებს.

4.1.1.4. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:

1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადება,
2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ვადა ანუ ვადამოსული ვალდებულების არსებობა,
3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი,
4. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. თუმცა, რიგ შემთხვევებში, მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას თვით მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს.

ამდენად, გათვალისწინებით იმისა, რომ მოცემულ შემთხვევასი სადავო არ არის მხარეთა შორის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე მოსარჩელეს ეკისრებოდა საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვადამოსული ვალდებულების შეუსრულებლობის მტკიცების ტვირთი.

საგულისმოა, რომ აღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით სს ,,თ. ბ.’’-მ მის მიერ 29.06.2017 წელს გაცემულ დავალიანების შესახებ ცნობაზე მიუთითა, საიდანც ირკვევა, რომ ცნობის გაცემის მომენტისთვის დ. ბ.-ს დავალიანება ბანკის მიმართ 2,207.63 ლარს შეადგენს, საიდანც ძირი თანხაა - 1023.22 ლარი, პროცენტი - 769.12 ლარიხოლო ჯარიმა - 415.29 ლარი. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკრედიტო ლიმიტის ზღვრული ოდენობის გაზრდაზე უთითებდა, თუმცა, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის მიმდინარეობისას სს ,,თ. ბ.’’-ს წარმომადგენელმა საბოლოოდ დააზუსტა ბანკის პოზიცია და მიუთითა, რომ მხარეებს 23.10.2015 წლის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკრედიტო ლიმიტის გაზრდის უფლებით არ უსარგებლიათ. (იხ. 19.10.2018წ. სხდომის ოქმი 11:59:10-12:0050; 16.11.2018წ. 13:44:22-13:44:23) აღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნებს ფაქტს მასზედ, რომ 23.10.2015წ. საკრედიტო ბარათის ხელშეკრულების საფუძველზე დ. ბ. 1500 ლარზე მეტი ოდენობის თანხას ვერ აითვისებდა.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით (ტ.1.ს.ფ. 127-136) დ. ბ.-ს ანგარიშიდან დგინდება, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 23.10.2015 წლიდან, ხელშეკრულებით საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის გათვალისწინებულ პერიოდამდე, ანუ 23.10.2016 წლამდე დ. ბ.-ს მიერ ბანკომატიდან გატანილი და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში გახარჯული, ათვისებული თანხა ჯამში 835.03 ლარს შეადგენს (მითითებული პერიოდისთვის აპელანტის მიერ საკრედიტო ბარათიდან ათვისებული და საკრედიტო ბარათზე დარიცხული პროცენტების და ჯარიმების ჯამი კი 1199.63 ლარია). ამავე დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ დ. ბ.-მ 25.01.2016 წლიდან 25.10.2016 წლამდე პერიოდისთვის ბარათზე ჯამი 1238 ლარი შეიტანა. ამდენად, დასახელებული დოკუმენტი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის პერიოდის დასრულებისთვის დ. ბ.-ს მიერ საბარათე ანგარიშზე შეტანილი თანხის ჯამი მის მიერ ბარათიდან გახარჯულ/ათვისებულ თანხის ჯამს აღემატება. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ უმნიშვნელოვანეს გარემოებას, რომ საქმის ზეპირი განხილვისას სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვაზე: იმ პირობებში, როდესაც ბანკის მიერ დამოწმებული ამონაწერით დგინდება დ. ბ.-ს მიერ საკრედიტო ბარათიდან 835.03 ლარის ათვისების/გახარჯვის და ამის საპირისპიროდ ბარათზე 1238 ლარის შეტანის ფაქტი, ძირი თანხის დავალიანების სახით რა საფუძვლით ერიცხება დ. ბ.-ს 1023.22 ლარი ბანკის წარმომადგენელმა პასუხი ვერ გასცა. (იხ . 19.10.2018წ. სხდომის ოქმი 14:19:09- 14:19:40) მოსარჩელის მხრიდან პასუხგაუცემელი დარჩა ასევე საკრდიტო ბარათით სარგებლობის ვადის ამოწურვის შემდეგ 31.10.2016 წლიდან 27.02.2017 წლამდე პერიოდისთვის საკრედიტო ბარათზე არსებული დავალიანების დაფარვის დაგვიანებისთვის პროცენტების დარიცხვის საფუძველი, იმ პირობებში, როდესაც ამონაწერის თანახმად დავალიანების არსებობის ფაქტი არ დასტურდებოდა. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,თ. ბ.’’-მ ვერ დაძლია მისი წილი მტკიცების ტვირთი, რადგან მოსარჩელე მხარემ სამართლებრივად ვარგის მტკიცებულბებზე მითითებით ვერ შეძლო სადავო გარემოების - ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვადამოსული ვალდებულების შეუსრულებლობის და დავალიანების არსებობის დადასტურება. ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ბანკის მიერ 29.06.2017 წლის #4159/103-01 დავალიანების შესახებ ცნობაზე, რომელიც თავისი არსით ბანკის ცალმხრივ პოზიციას ასახავს და მეტიც, აღნიშნული დოკუმენტი არსებითად ეწინააღმდეგება ბანკის მიერვე გაცემულ და დამოწმებულ დოკუმენტს ამონაწერს დ. ბ.-ს საბანკო ანგარიშიდან, რომელშიც მითითებულია საბართე ბრუნვა დებეტის თუ კრედიტის მიმართულებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მხოლოდ და მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ცნობას, რომელიც როგორც აღინიშნა არსებით წინააღმდეგობაშია მსესხებლის ანგარიშის ამონაწერთან ვერ მიიჩნევს საკმარის მტკიცებულებად სარჩელის დასაკმაყოფილებლად.

4.1.2. ზემოთ მითითებული გარემოებების და მსჯელობის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას სარჩელის საფუძვლიანობის და მისი ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა არასრული გამოკვლევის შედეგად, რამაც განაპირობა არასწორი სამართლებრივი დასკვნა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. ამგვარად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, როგორც დაუსაბუთებელი, სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად ექვემდებარება გაუქმებას, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ბ.-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს ,,თ. ბ.’’-ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ. ბ.-ს მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 150 ლარი. (ტ.1.ს.ფ. 179). გათვალისწინებით იმისა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით, დ. ბ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სს ,,თ. ბ.’’-ს დ. ბ.-ს სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 150 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დ. ბ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სს ,,თ. ბ.’’-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

4. სს ,,თ. ბ.’’-ს დ. ბ.-ს სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიში დაეკისროს 150 ლარის გადახდა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;



მოსამართლე ვანო წიკლაური