საქმის ნომერი: 2ბ/6571-14
საქმეთა კატეგორიები: სამეწარმეო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ვანო წიკლაური,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2/10796-14, ას-533-506-2015
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: დირექტორი მოითხოვდა მისი გათავისუფლების შესახებ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმების გაუქმებას, თანამდებობაზე აღდგენის, განაცდურის ანაზღაურების და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას, რაც საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება რეგისტრაციის შეწყვეტის შეუტყობინებლობის გამო ზიანის ანაზღაურებისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნათა დაკმაყოფილების შესახებ.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/6571-14 (2015-03-25), www.temida.ge
საქმის № 330210014532990
საქმის № 2ბ/6571-14

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       25 მარტი, 2015 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვანო წიკლაური

სხდომის მდივანი - ქეთევან ბარნოვი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვით, ერთპიროვნულად

აპელანტი - ვ. ლ.
წარმომადგენელი - ი. ყ.

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ბ. ს.“
წარმომადგენელი - თ. ღ.

დავის საგანი - სამეთვალყურეო საბჭოს 2014 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამუშაოზე, ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენა, მიუღებელი ხელფასის, იძულებითი განაცდურის, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი


თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ვ. ლ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს „ბ. ს.-ს“ ვ. ლ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის თებერვლის თვის მიუღებელი ხელფასის 12 100 ლარის და მარტის თვის 10 დღის მიუღებელი ხელფასის 4030 ლარის გადახდა. ვ. ლ.-ს სარჩელი სს „ბ. ს.-ს“ სამეთვალყურეო საბჭოს 2014 წლის 10 მარტის სხდომაზე ვ. ლ.-ს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის, ვ. ლ.-სათვის ტოლფასი სამუშაოს შეთავაზების და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:


2.1. ვ. ლ.-ს, როგორც სს „ბ. ს.-ს“ დირექტორის ხელფასი შეადგენდა 12 100 ლარს. სამუშაოდან გათავისუფლებისას მოსარჩელეს არ მიუღია 2014 წლის თებერვლის თვის ხელფასი 12 100 ლარი და მარტის თვის 10 დღის ხელფასის 4 030 ლარი.

მტკიცებულება:
- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი 30.09.2014, 11:30).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება ხელფასის ოდენობის, ასევე თვის და ათი დღის ხელფასის მიუღებლობის შესახებ დაადასტურა მოპასუხის წარმომადგენელმა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.2. ვ. ლ. დანიშნული იყო სს „ბ. ს.-ს“ დირექტორის თანამდებობაზე. სს „ბ. ს.-ს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: ე. ჭ., ა. გ. და გ. ბ..

სს-ს წესდების მე-16 მუხლის თანახმად აქციონერთა საერთო კრებებს შორის პერიოდში, საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო. საბჭოს სხდომა მოიწვევა ყოველთვიურად. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ორი მესამედი. გადაწყვეტილება საბჭოს სხდომებზე მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით.

წესდების მე-17.1 მუხლის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება ნებისმიერ დროს მოსთხოვოს დირექტორს საზოგადოების საქმიანობის ანგარიში, მეკავშირე საწარმოებთან ურთიერთობის ჩათვლით, დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულების დადება და გაუქმება

მტკიცებულება:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 15).
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 44).
- წესდება (ტ.1. ს.ფ. 95).

2.3. 2014 წლის 10 მარტს, ჩატარდა სს „ბ. ს.-ს“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა. სანოტარო წესით დამოწმებული სხდომის ოქმის თანახმად, სხდომას ესწრებოდა საბჭოს თავმჯდომარე და ორი წევრი. სხდომას ესწრებოდა ასევე დირექტორი ვ. ლ.. დღის წესრიგში იყო ორი საკითხი: სს „ბ. ს.-ს“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევა და სხვადასხვა. დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით განხილული იქნა საზოგადოების და შპს „რ.-ს“ ურთიერთობის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც საბჭოს წევრებმა ინფორმაცია მიიღეს დირექტორისაგან. ამის შემდეგ სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა დღის წესრიგში დააყენა საკითხი ვ. ლ.-ს თანამდებობიდან გათავისუფლების და ახალი დირექტორის დანიშვნის თაობაზე. სხდომის ოქმის თანახმად ვ. ლ. დაეთანხმა მისი გათავისუფლების საკითხს. სამეთვალყურეო საბჭომ ერთხმად გადაწყვიტა ვ. ლ.-ს საზოგადოების დირექტორობიდან გათავისუფლება.

მტკიცებულება:
- სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი (ტ.1. ს.ფ. 22).

2.4. ვ. ლ.-ს 2014 წლის 9 მაისის წერილით ეცნობა, რომ მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა სს „ბ. ს.-ს“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, საბჭოს გადაწყვეტილება ბრძანების ტოლფასია და მისი გათავისუფლების მიზეზი იყო დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა და თანამდებობის არაკეთილსინდისიერად გამოყენება.

მტკიცებულება:
- 09.09.2014 წერილი (ტ.1. ს.ფ. 19).

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

მოპასუხის წარმომადგენელმა ცნო სასარჩელო მოთხოვნა სს „ბ. ს.-სათვის“ ვ. ლ.-ს სასარგებლოდ 2014 წლის თებერვლის თვის მიუღებელი ხელფასის 12 100 ლარის და მარტის თვის 10 დღის მიუღებელი ხელფასის 4 030 ლარის დაკისრების ნაწილში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი ამ მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა. სს „ბ. ს.-ს“ ვ. ლ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის თებერვლის თვის მიუღებელი ხელფასის 12 100 ლარის და მარტის თვის 10 დღის მიუღებელი ხელფასის 4030 ლარის გადახდა, მოპასუხის მიერ სარჩელის ამ ნაწილში ცნობის გამო.

2.6. სასამართლომ, მოპასუხის წარმომადგენლის მიერ ხანდაზმულობაზე აპელირებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე ყურადღების გამახვილება, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე. სასამართლომ ამ მხრივ ხაზი გაუსვა მხარეთა პოზიციებს სადავო საკითხთან მიმართბაში, კერძოდ მოპასუხეს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან ვ. ლ. ესწრებოდა სს-ს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას, მისთვის სხდომაზევე გახდა ცნობილი მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი და შესაბამისად, მას ორი თვის ვადა ქონდა სარჩელის სასამართლოში შემოსატანად, რა ვადაც მის მიერ დაირღვა და სარჩელი ხანდაზმულობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელე კი, მიიჩნევს, რომ ვინაიდან სამეთვალყურეო საბჭოს 2014 წლის 10 მარტის სხდომა მოწვეულ იქნა კანონის და წესდების უხეში დარღვევით, მისი გასაჩივრების ვადა ერთი წელია.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ვადა არის ხუთი წელი მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ ითვალისწინებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, დაუშვებელია პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებათა გასაჩივრება შესაბამისი ოქმის შედგენიდან ორი თვის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრება (სხდომა) მოწვეულ იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით; ამ შემთხვევაში გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა ერთი წელია.

აღნიშნული მუხლის ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ ამ მუხლით დადგენილი გასაჩივრების ვადები ეხება პარტნიორთა კრების იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც გამომდინარეობს საწარმოს ჩვეულებრივი საქმიანობიდან და ეს მუხლი საერთოდ არ უნდა იქნეს გამოყენებული მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის იყო სახელშეკრულებო ურთიერთობა, შესაბამისად ამ ურთიერთობათა მიმართ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ვადები, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცულია.

2.7. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია სს „ბ. ს.-ს“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების კანონიერება, დირექტორის თანამდებობიდან ვ. ლ.-ს გათავისუფლებასთან დაკავშირებით. იმდენად რამდენადაც მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ვ. ლ.-სთან დადებული ხელშეკრულება, სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის გადაწყვეტისას უნდა იხელმძღვანელოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და სს-ს წესდებით.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, იმასთან დაკავშირებით, რომ სს „ბ. ს.-ს“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების კანონიერება, დირექტორის თანამდებობიდან ვ. ლ.-ს გათავისუფლებასთან დაკავშირებით, უნდა შემოწმდეს საქართველოს შრომის კოდექსთან მიმართებაში. სასამართლომ განმარტა, რომ დირექტორსა და საზოგადოებას შორის დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა არ არის ტიპური შრომითი-სამართლებრივი ურთიერთობა დამქირავებელსა და დაქირავებულ მუშაკს შორის. ეს არის სპეციფიკური კორპორაციული ურთიერთობა, რომლის მიმართაც შრომის კოდექსის გავრცელება არ შეესაბამება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. საწარმოში დირექტორის სამართლებრივი მდგომარეობა ძირითადად დამოკიდებულია საწარმოს მიერ მასთან დადებულ ხელშეკრულებაზე. სწორედ ხელშეკრულებით უნდა იქნეს მოწესრიგებული მისი უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობა და დავის შემთხვევაში, საკითხი უნდა გადაწყდეს არა საქართველოს შრომის კოდექსის, არამედ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის დათქმის თანახმად, ხელშეკრულების, წესდების და მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე.

2.8. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, სააქციო საზოგადოებაში სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება დირექტორის დანიშვნა და ნებისმიერ დროს გამოწვევა, ასევე მათთან ხელშეკრულების დადება და შეწყვეტა. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა სულ მცირე ნახევარი.

სს „ბ. ს.-ს“ წესდების მე-16 მუხლის თანახმად, აქციონერთა საერთო კრებებს შორის პერიოდში, საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო. საბჭოს სხდომა მოიწვევა ყოველთვიურად. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ორი მესამედი. გადაწყვეტილება საბჭოს სხდომებზე მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით.

წესდების მე-17.1 მუხლის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება ნებისმიერ დროს მოსთხოვოს დირექტორს საზოგადოების საქმიანობის ანგარიში, მეკავშირე საწარმოებთან ურთიერთობის ჩათვლით, დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულების დადება და გაუქმება.

სასამართლომ დაადგინა, რომ ვ. ლ. დანიშნული იყო სს „ბ. ს.-ს“ დირექტორის თანამდებობაზე. დადგენილია, რომ სს „ბ. ს.-ს“ ყავს სამი წევრისაგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭო. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 10 მარტს ჩატარდა სს „ბ. ს.-ს“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, სხდომას ესწრებოდა საბჭოს თავმჯდომარე და ორი წევრი. შესაბამისად, სს-ს სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანი იყო. სამეთვალყურეო საბჭომ ხმათა სამივე წევრის თანხმობით იმავე სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ვ. ლ.-ს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, მას შემდეგ რაც მოისმინა ინფორმაცია სს „ბ. ს.-სა“ და შპს „რ.-ს“ ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სამეთვალყურეო საბჭომ საკითხის ვ. ლ.-სათვის წინასწარი შეუტყობინებლობით და დღის წესრიგში წინასწარ შეუტანლობით, ასევე გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოუცემლობით დაარღვია კანონი. ბრძანების, თუ გადაწყვეტილების ფორმით, საკითხის მიღებასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე. ამდენად, დირექტორთან ურთიერთობის საკითხზე, სასამართლოს აზრით, სამეთვალყურეო საბჭოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით სწორად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების ფორმით. რაც შეეხება თავად გადაწყვეტილების შინაარსს და პროცედურის დარღვევას, სასამართლომ განმარტა, რომ სამეწარმეო გადაწყვეტილებათა მიღებისას საზოგადოების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხებს აწესრიგებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების საქმეების გაძღოლისას შპს-ს დირექტორთა გულმოდგინე ხელმძღვანელობისა და ერთგულების მოვალეობას, ასევე ამ მოვალეობათა დარღვევის შემთხვევაში საზოგადოების წინაშე მათ პასუხისმგებლობას (მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი). კორპორაციის დირექტორებს სამართავად გადაცემული აქვთ რა სხვისი (საზოგადოების) ქონება, მათი უპირველესი ვალდებულება სწორედ ამ ქონების დაცვა და ზიანის თავიდან აცილებაა. ამ ვალდებულების დარღვევა დირექტორებისათვის წარმოშობს შიდაკორპორაციულ პასუხისმგებლობას ანუ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას. სასამართლომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის „ვ“ პუნქტი განმარტა იმგვარად, რომ დირექტორისათვის საწარმოს მართვისა და ქონების განკარგვის უფლების მინიჭების რისკის საკომპენსაციოდ სამეთვალყურეო საბჭოს აქვს უფლება ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს დირექტორი, მაგრამ ამისათვის უნდა არსებობდეს მნიშვნელოვანი საფუძველი. მეწარმე სუბიექტში ხელმძღვანელის შრომა დამოკიდებულია საზოგადოების ნებაზე. ამ ურთიერთობის ელემენტებად მიიჩნევა უფლება კორპორაციულ ძალაუფლებაზე და კორპორაციული დაქვემდებარებულობის ვალდებულება, რომლებსაც სამოქალაქო სამართლის ეს დამოუკიდებელი სუბიექტები ნებაყოფლობით გადასცემენ ერთმანეთს.

მოცემულ შემთვევაში, სამეთვალყურეო საბჭომ ჩათვალა, რომ სს „ბ. ს.-სა“ და შპს „რ.-ს“ ურთიერთობასთან დაკავშირებით დირექტორისაგან მიღებული ინფორმაცია იყო ის მნიშვნელოვანი საფუძველი, რის გამოც მათ გაათავისუფლეს დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთის ვალდებულება ეკისრებოდა დირექტორს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე აპელირებდა მხოლოდ პროცედურის დარღვევაზე და არ უცდია დაედასტურებინა სასამართლოსთვის მტკიცებულებებით, რომ ის მოქმედებდა გულმოდგინე ხელმძღვანელის კეთილსინდისიერებით და მისი გათავისუფლების საფუძველი არ შეიძლება ჩაითვალოს ისეთ მნიშვნელოვან საფუძვლად, რაც მიანიჭებდა სს „ბ. ს.-ს“ სამეთვალყურეო საბჭოს ნებისმიერ დროს მისი გათავისუფლების უფლებამოსილებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებით, ჩათვალა, რომ მოსარჩელემ დასაბუთებული პრეტენზიის წარმოუდგენლობით ვერ შეძლო დაედასტურებინა მისი სარჩელის საფუძვლიანობა სს „ბ. ს.-ს სამეთვალყურეო საბჭოს 2014 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში.

2.9. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა - ვ. ლ.-ს სს „ბ. ს.-ს“ დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის ან მოპასუხისათვის, იმავე საწარმოში ტოლფასი სამუშაოს ვ. ლ.-სათვის შეთავაზების დავალდებულების, ასევე 2014 წლის 10 მარტიდან აღდგენის დროისათვის არსებული დავალიანების ოდენობით იძულებითი განაცდურის დაკისრების თაობაზე, უშუალოდაა დაკავშირებული პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან. ვინაიდან, სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა ხსენებული მოთხოვნებიც.

2.10. რაც შეეხება ვ. ლ.-ს მოთხოვნას 2014 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების თაობაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება, რომელშიც იქნებოდა შეთანხმება სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილს. სასამართლომ განმარტა, რომ დირექტორებთან სამართლებრივ ურთიერთობებზე არ ვრცელდება შრომითი-სამართლებრივი ნორმები. ამდენად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა იმ სამართლებრივი საფუძვლით, რაც მოსარჩელეს არ ანიჭებდა მოთხოვნის უფლებას.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

3.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები


3.1.1. აპელანტი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტს და აღნიშანვს, რომ ვ. ლ. არ დათანხმებია გათავისუფლების ფაქტს, რისი დასტურიც არის მისი მხრიდან სასარჩელო წარმოება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

ვ. ლ.-ს 2014 წლის 29 მაისს და არა 9 მაისის წერილით ეცნობა, რომ მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა სამეთვალყურეო საბჭოს 2014 წლის 10 მარტის სხდომაზე. აღნიშნულით დასტურდება, რომ აპელანტმა მხოლოდ 2014 წლის 29 მაისის წერილის ჩაბარების შემდგომ შეიტყო, რომ გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან, რაც სადავოდ გამხდარი ფაქტი არ არის და მოპასუხეს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს ამ დრომდე ჩაბარდა ან გათავისუფლების ბრძანება ან რაიმე ცნობა მიეწოდა გათავისუფლების შესახებ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი იმიტომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რომ სადავო საკითხზე არ ვრცელდება შრომის კოდექსი, რასაც მოსარჩელე უთითებდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მოპასუხემ სარჩელს დაუპირისპირა მსჯელობა ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და არც უხსენებია რაიმე სხვა, მით უფრო „მეწარმეთა შესახებ“ კანონის გამოყენების საჭიროება ნაცვლად შრომის კოდექსისა, ხოლო მეორე მხრივ, შეჯიბრებით პროცესში, როცა მოპასუხის არგუმენტაცია ხანდაზმულობასთან დაკავშირებით იქნა უგულებელყოფილი სასამართლოს მხრიდან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო სასამართლომ თავისი მსჯელობა ასახა გადაწყვეტილებაში, რითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნები და ეს მსჯელობა არც კი დასმულა პროცესის მსვლელობისას, რაც მისცემდა მხარეს საშუალებას საკუთარი პროცესუალური უფლებები უფრო ეფექტურად გამოგვეყენებინა და სასამართლოსეულ მსჯელობაზე მოსარჩელეს თავისი აზრი დაეფიქსირებინა.

3.1.2. აპელანტის მითითებით, 2014 წლის 10 მარტის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმში არსად არ არის მითითება, რომ დირექტორის გათავისუფლებისათვის სახეზე ყოფილიყო რაიმე მნიშვნელოვანი საფუძველი. ამაზე არც კი არის მსჯელობა ოქმში, ანუ გამოდის რომ თუ მნიშვნელოვანი საფუძველი არ მოიპოვებოდა არ იყო საბჭო უფლებამოსილი მოეხდინა გათავისუფლება. რაც შეეხება, 2014 წლის 29 მაისის წერილს აღნიშნულია, რომ გათავისუფლების საფუძველი გახდა: „დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა და დაკავებული თანამდებობის არაკეთილსინდისიერად გამოყენება“.

გათავისუფლების ოქმში არ ჩანს, რომ ვინმე ადასტურებს, რომ გათავისუფლების მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობდა და ამიტომ მოხდა გათავისუფლება, ამასთან, ის მტკიცების ტვირთი, რაც მოსარჩელეს ეკისრებოდა შესრულდა, კერძოდ, სარჩელს მოპასუხემ დაუპირისპირა მხოლოდ ხანდაზმულობა და არავითარი მნიშვნელოვანი საფუძველი არ ყოფილა ნახსენები ან „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 55-ე მუხლი არც მოპასუხის შესაგებელში, არც ზეპირ მსჯელობაში და შესაბამისად, არანაირი ვალდებულება ამაზე პასუხის გაცემისა მოსარჩელეს არ წარმოშობია.

მოპასუხეს არ გაუხდია სადავოდ, რომ სახეზე იყო გამოუყენებელი შვებულება, მოპასუხეს მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომ შვებულება აპელანტს ჰქონდა გამოყენებული ე.ი. მატერიალური საფუძველი სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილებისა სახეზეა. შრომის კოდექსი შეიძლება არ იქნას გავრცელებული ურთიერთობის შეწყვეტის საკითხზე, თუმცა უნდა გავრცელდეს შვებულების საკითხებზე, ვინაიდან, შვებულების საკითხს არეგულირებს მხოლოდ შრომის კოდექსი და არა „მეწარმეთა შესახებ“ კანონი.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

4.1. სააპელაციო პალატა პირველ რიგში შენიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში განხილვის საგანს შეადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც მოსარჩელე ვ. ლ.-ს უარი ეთქვა გათავისულების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების, თანამდებობაზე აღდგენის, განაცდურის ანაზღაურების და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე. პალატა ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მიზნით ყურადღებას მიაქცევს შემდეგ ფაქტობრივ გარემეობებზე:

- მხარეთა შორის სადავო არ ხდება ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ წლების განმავლობაში (დაახლოებით 10 წელი) ვ. ლ. დანიშნული იყო და მუშაობდა სს „ბ. ს.-ს“ დირექტორის თანამდებობაზე. ასევე უდავოა, რომ ვ. ლ.-ს ყოველთვიური ანაზღაურება ამ თანამდებობაზე გათავისუფლების მომენტისათვის შეადგენდა 12 100 ლარს.

- სს „ბ. ს.-ს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს წარმოადგენენ: ე. ჭ., ა. გ. და გ. ბ..

- სააქციო საზოგადოების წესდების მე-16 მუხლის თანახმად, აქციონერთა საერთო კრებებს შორის პერიოდში, საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო. საბჭოს სხდომა მოიწვევა ყოველთვიურად. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ორი მესამედი. გადაწყვეტილება საბჭოს სხდომებზე მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით.

- ამავე წესდების მე-17.1 მუხლის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება ნებისმიერ დროს მოსთხოვოს დირექტორს საზოგადოების საქმიანობის ანგარიში, მეკავშირე საწარმოებთან ურთიერთობის ჩათვლით, დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულების დადება და გაუქმება.

- დადგენილია, რომ 2014 წლის 10 მარტს, გაიმართა სს „ბ. ს.-ს“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომელსაც ასევე ესწრებოდა ვ. ლ.. სხდომის მიმდინარეობის დროს მას შემდეგ, რაც საწარმოს დირექტორისაგან, ვ. ლ.-სგან საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია კონკრეტულ კონტრაგენტთან (შპს „რ.-სთან“) არსებული ურთიერთობის დეტალების შესახებ, დღის წესრიგში დადგა საკითხი ვ. ლ.-ს თანამდებობიდან გათავისუფლების და ახალი დირექტორის დანიშვნის შესახებ. შესაბამისი სხდომის ოქმის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ვ. ლ.-ს საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

- მოპასუხის მიერ არ არის წარმოდგენილი ვ. ლ.-სთვის „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 9-ე მუხლის მე-72, პუნქტის შესაბამისად შეტყობინების განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულება. მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ სს „ბ. ს.-ს“ ვ. ლ.-სთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განაცხადის მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენამდე ვ. ლ.-სათვის შრომის კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით არ უცნობებია მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

4.2. სააპელაციო პალატა, არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და შეფასებას საწარმოსა და დირექტორს შორის წარმოშობილი ურთიერთობის სამართლებრივ ბუნებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლოს იმ დასკვნას, რომ ვ. ლ.-ს, როგორც დირექტორსა და თავის მხრივ სს „ბ. ს.-ს“ შორის წარმოშობილი ურთიერთობა წარმოადგენს ცალსახად კორპორაციულ ურთიერთობას და რომ ამ ურთიერთობაზე შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების გავრცელება დაუშვებელია.

პალატის მოსაზრებით დირექტორსა და საწარმოს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ამ ურთიერთობის შინაარსის და მხარეთა უფლება მოვალეობების გათვალისწინებით, გაჯერებულია, როგორც კორპორაციული, ასევე შრომითი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ელემენტებით და ამ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებას განსაზღვრავს სწორედ ეს სამართლებრივი ორბუნოვნება. იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც პირდაპირაა მოწესრიგებული მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისი ნორმებით, მის მიმართ ცხადია ვეღარ გავრცელდება შრომის კოდექსის მოწესრიგება, თუმცა მთელი რიგი საკითხები, რაც არ არის მოწესრიგებული „მეწარმეთა შესახებ“ კანონით, საზოგადოების წესდებით, ან თავად დირექტორთან გაფორმებული ხელშეკრულებით, შეიძლება გახდეს შრომის კანონმდებლობით მოწესრიგების საგანი (მაგ, სოციალური გარანტიები, ანაზღაურებადი შვებულება და ა. შ). ამ მხრივ ნიშანდობლივია მეწარმეთა შესახებ კანონის მე-9 მუხლის 72-ე პუნქტის დანაწესიც, რომელიც განსაზღვრავს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების ვალდებულების განხორციელებას შრომის კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული გაფრთხილების წესის გამოყენების გზით.

ამგვარად პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ დირექტორსა და საწარმოს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა მოიცავს, როგორც კორპორაციული, ასევე შრომითი ურთიერთობისათვის დამახასიათებელ ელემენტებს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რა უფლება-მოვალეობებია სადავოდ გამხდარი და შესაფასებელი, ამის მიხედვით უნდა განისაზღვროს შესაბამისი სამართლებრივი მომწესრიგებელი (იქნება ეს შრომითი თუ კორპორაციული რეგულაციები) ნორმებიც.

4.3. განსახილველ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლებში ვ. ლ.-ს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისათვის მნიშნველოვანია, გაირკვეს საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იყო დამოკიდებული ვ. ლ.-ს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება შრომის კოდექსის 37-ე მუხლით განსაზღვრული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის რომელიმე საფუძველის არსებობაზე. ე.ი. იყო თუ არა აუცილებელი დირექტორის თანამდებობიდან ვ. ლ.-ს გათავისუფლებისათვის შრომის კოდექსის 37-ე მუხლით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის რომელიმე საფუძვლის არსებობა. ამ საკითხთან დაკავშირებით პალატა პირველ რიგში მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. ამავე კანონის 55-ე მუხლის მეექვსე პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, კი სამეთვალყურეო საბჭო კონტროლს უწევს თითოეული დირექტორის საქმიანობას; ნიშნავს და ნებისმიერ დროს გამოიწვევს დირექტორებს, ასევე მათთან დებს და წყვეტს ხელშეკრულებებს; განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „ბ. ს.-ს“ სამეთვალყურეო საბჭოს 2014 წლის 10 მარტს გამართულ სხდომაზე, სამეთვალყურეო საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ვ. ლ.-ს საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამასთან საგულისხმოა, რომ სამეთვალყურეო საბჭომ ვ. ლ.-ს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც დირექტორისაგან ვ. ლ.-საგან მოისმინეს ინფორმაცია სს „ბ. ს.-სა“ და შპს „რ.-ს“ შორის ურთიერთობის დეტალებთან დაკავშირებით. შესაბამისად პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც დირექტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი პირდაპირაა გათვალისწინებული „მეწარმეთა შესახებ“ კანონით, ასევე თავად სს „ბ. ს.-ს“ წესდებით (იხ. წესდების 17.1 პუნქტი), ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოში (ამ შემთხვევაში სააქციო საზოგადოებაში) კანონმდებელი შესაბამის ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭოს) დირექტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს, ამ შემთხვევაში შრომის კოდექსის 37-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლების არსებობის შესახებ კვლევის საკითხი იმ თვალსაზრისით, რომ დადგინდეს გათავისუფლების კანონიერების საკითხი, აღარ წარმოიშობა, რამდენადაც „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს სპეციალურ წესს დირექტორთან ხელშეკრულების შეწყვეტისათვის.

ამდენად განსახილველ შემთხვევაში რამდენადაც დადგენილია, რომ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე სათანადო ხმების ოდენობით მიღებული იქნა გადაწყვეტილება ვ. ლ.-ს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, პალატა მიიჩნევს, რომ ვ. ლ.-სთან ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა მეწარმეთა შესახებ კანონის 55-ე მუხლის მეექვსე პუნქტის „ვ“ ქვეპუნტის შესაბამისად და არ არსებობს ამ სადავო გადაწყვეტილების არაკანონიერად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

აპელანტის პრეტენზია იმის შესახებ, რომ მოპასუხე მხარემ დაარღვია შრომის კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული გაფრთხილების წესი და რომ მეწარმეთა შესახებ კანონის მე-9 მუხლის 72-ე პუნქტის შესაბამისად რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მიმართვამდე, ადრესატს (თავად ვ. ლ.-ს) არ შეატყობინა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, პალატის მოსაზრებით არ წარმოშობს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამეთვალყურეო საბჭოს 2014 წლის 10 მარტს მიღებული გადაწყვეტილების არაკანონიერად ცნობის საფუძველს. პალატა მეწარმეთა შესახებ კანონის მე-9 მუხლის 72-ე პუნქტის დანაწესზე მითითებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე საწარმოს მიერ გაფრთხილების წესის შესახებ ვალდებულების დარღვევა წარმოშობს მეორე მხარის უფლებას ზიანის ანაზღაურებაზე და არა დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ შესაბამისი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველს.

საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ აპელანტის პრეტენზია გათავისუფლების შესახებ სადავო გადაწყვეტილების ბათილობის შესახებ დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ვინაიდან დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2014 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებულია კანონიერად. შესაბამისად არ არსებობს ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველიც.

4.4. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, პალატა შენიშნავს, რომ განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა დაკავშირებულია არაკანონიერი გათავისუფლების გამო ანაზღაურების მიუღებლობის გარემოებასთან, რა შემთხვევაშიც მთელი იძულებითი მოცდენის პერიოდისათვის დასაქმებულს უნაზღაურდება მიუღებელი ხელფასი. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ქონია მოსარჩელის არაკანონიერი გათავისუფლების შესახებ გარემოებას და დადგენილია, რომ ვ. ლ. დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულია კანონიერი გზით პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველიც. თუმცა პალატა აქვე დასძენს, რომ იმდენად რამდენადაც ვ. ლ.-ს გათავისუფლებისას მოპასუხე მხარემ დაარღვია მეწარმეთა შესახებ მე-9 მუხლის 72-ე პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება, რაც გულისხმობდა მოპასუხის მიერ ვ. ლ.-ს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენამდე თავად ვ, ლ.-სათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნას შრომის კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს ამ ვალდებულების დარღვევისათვის უნდა დაეკისროს კანონით გათვალისწინებული ზიანის სახით შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ორი თვის ანაზღაურების სახით 24 200 ლარის გადახდა.

სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მეწარმეთა შესახებ კანონის 9-ე მუხლის 71 და 72 პუნქტებზე და აღნიშანვს, რომ დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა კანონმდებელმა დაუკავშირა რეგისტრაციის მომენტს. კერძოდ რეგისტრირებული პირის უფლებამოსილება წყდება ამ რეგისტრაციის შეწყვეტის მომემტნიდან. ამასთანავე კანონი ადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების ვალდებულებას, რომელიც უნდა განხორციელდეს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით განსაზღვრული წესის მიხედვით. ამ წესის დაუცველად რეგისტრაციის შეწყვეტის განხორციელება ე.ი. იმ შემთხვევაში, თუკი შეტყობინების განხორციელებაზე ვალდებული პირი რეგისტრირებული პირისათვის შეტყობინების განხორციელების გარეშე მოახდენს მარეგისტრირებელ ორგანოში შესაბამისი განცხადების წარდგენას, რეგისტრირებულ პირს (ე.ი. იმ პირს, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტაც განხორციელდა მისთვის შეტყობინების გარეშე) წარმოეშობა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. მეწარმეთა შესახებ კანონის 9-ე მუხლის იმავე 72 პუნქტის თანახმად ზიანისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „ვ“ „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

სააპელაციო პალატა შენიშნავს, რომ მიუხედავად მოპასუხის მხრიდან შესაგებელში დაფიქსირებული პოზიციისა მასზედ, რომ ვ. ლ.-ს გათავისუფლების მიზეზი გახდა მისი მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობის დარღვევა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული არ ყოფილა დადასტურებული. ის გარემოება, რომ ვ. ლ.-ს მხრიდან დაირღვა მასზე დაკისრებული ვალდებულება, პალატის შეფასებით საჭიროებდა მოპასუხის მხრიდან შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებას. მოპასუხე კი შემოიფარგლა მხოლოდ 2014 წლის 10 მარტის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმზე მითითებით, რაც პალატის აზრით არ ადასტურებს თავად იმ ფაქტს, რომ ვ. ლ.-მ მართლაც დაარღვია მისი როგორც დირექტორის ვალდებულებები. ის გარემოება, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა ვ. ლ.-ს მიერ ამ სხდომაზე მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მიიჩნიეს, რომ ვ. ლ. აღარ უნდა დარჩენილიყო დირექტორის თანამდებობაზე, არ ადასტურებს და არ შეიძლება განიხილებოდეს იმ ობიექტური გარემოების დამადასტურებლად, რომ ვ. ლ.-მ მართლაც დაარღვია მისი როგორც დირექტორის ვალდებულებები. პალატა მიიჩნევს, რომ ვ. ლ.-ს გათავისუფლების საფუძვლის კვლევა შრომის კოდექსის 37-ე მუხლით გათვალისწინებული ჭრილში მნიშვნელოვანია შეტყობინების ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის განსაზღვრის თვალსაზრისით. კერძოდ, პალატა კვლავ მიუბრუნდება იმ საკითხს, რომ მართალია თავად გათავისუფლების კანონიერების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არ არის თუ შრომის კოდექსის 37-ე მუხლით გათვალისწინებული, რომელი საფუძვლით მოხდა კონკრეტულ შემთხვევაში ვ. ლ.-ს გათავისუფლება (იხ. წინამდებარე გადაწყვეტიელბის 4.3. პუნქტი), თუმცა სს „ბ. ს.-ს“ მხრიდან მეწარმეთა შესახებ მე-9 მუხლის 72-ე პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულების დარღვევის შეფასებისათვის და იმ საკითხის გასარკვევად, წარმოეშვა თუ არა ამ ვალდებულების დარღვევით ზიანის მოთხოვნის უფლება და უნდა მოხდეს თუ არა თუნდაც კომპენსაციის სახით შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული თანხის დაკისრება მოპასუხისათვის, საინტერესო და მნიშვნელოვანია, გაირკვეს თუ კონკრეტულად შრომის კოდექსის 37-ე მუხლით განსაზღვრული, რომელი საფუძვლით მოხდა აპელანტის გათავისუფლება დირექტორის თანამდებობიდან. იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთის რეალიზაცია და ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ ვ. ლ.-მ დაარღვია მისი, როგორც დირექტორის მოვალეობები, შესაბამისად გამოირიცხება შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული საფუძვლის კვალიფიკაციის საფუძველიც. ამასთანავე პალატა მიიჩნევს, რომ რამდენადაც ვ. ლ.-ს გათავისუფლება სამეთვალყურეო საბჭოს 2014 წლის 10 მარტის სხდომაზე მოყვა ვ. ლ.-სგან ინფორმაციის მიღებას, პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტული შემთხვევაში ადგილი ქონდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს (შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია - სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.) აღნიშნულის გათვალისწინებით, კი, რამდენადაც სს „ბ. ს.-ს“ მხრიდან დარღვეული იქნა მეწარმეთა შესახებ კანონის მე-9 მუხლის 72-ე პუნქტით დადგენილი შეტყობინების ვალდებულება, პალატა მიიჩნევს, რომ სს „ბ. ს.-ს“ ვ. ლ.-ს მიმართ წარმოეშვა ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით თანხის გადახდის ვალდებულება.

ამგვარად, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლება, მართალია იყო კანონიერი, თუმცა რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან დაირღვა შეტყობინების ვალდებულება, პალატა მიიჩნევს, რომ სს „ბ. ს.-ს“ ვ. ლ.-ს მიმართ კომპენსაციის გადახდის კანონისმიერი ვალდებულება, რომლის ოდენობაც განსახილველ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით - 24 200 ლარით.

4.5. ვინაიდან სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 4.2. პუნქტში ასახული მსჯელობა) მასზედ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ვ. ლ.-ს, როგორც დირექტორსა და მეორეს მხრივ სს „ბ. ს.-ს“ შორის წარმოშობილი ურთიერთობა წარმოადგენს ცალსახად კორპორაციულ ურთიერთობას და რომ ამ ურთიერთობაზე შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების გავრცელება დაუშვებელია, პალატა ასევე არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ მსჯელობას გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა მხოლოდ იმიტომ მიიჩნია უსაფუძვლოდ, რომ ეს უფლება (გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესახებ უფლება) გათვალისწინებულია შრომის კოდექსით, რომლის გამოყენებაც დირექტორსა და საწარმოს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე სასამართლოს მოსაზრებით, იყო დაუშვებელი.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი იმ საკითხთა წრიდანაა, რომელთა მიმართ მეწარმეთა შესახებ კანონი რაიმე რეგულაციას არ ადგენს. საგულისხმოა, რომ ამ საკითხთან მიმართებაში რაიმე მოწესრიგება არც მოპასუხე საზოგადოების წესდებით და არც დირექტორთან გაფორმებული ზეპირი ხელშეკრულებით არ ყოფილა გათვალისწინებული. შვებულების, ასევე გამოუყენებელი შვებულების შესახებ უფლება შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოადგენს დასაქმებულის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უფლებას, რომლის რეგულირებასაც ახდენს შრომის კოდექსი. ის არგუმენტი, რომ დირექტორი არის მხოლოდ კორპორაციული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე და რომ მას არ შეუძლია ისარგებლოს შვებულების, ასევე გამოუყენებელი შვებულების უფლებით მოკლებულია დასაბუთებას და აღნიშნულთან მიმართებაში პალატა კვლავ მოიხმობს იმ მსჯელობას რომ დირექტორსა და საწარმოს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა მოიცავს, როგორც კორპორაციული, ასევე შრომითი ურთიერთობისათვის დამახასიათებელ ელემენტებს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რა უფლება-მოვალეობებია სადავოდ გამხდარი და შესაფასებელი, ამის მიხედვით უნდა განისაზღვროს შესაბამისი სამართლებრივი მომწესრიგებელი (იქნება ეს შრომითი თუ კორპორაციული რეგულაციები) ნორმებიც. კონკრეტულ შემთხვევაში ვ. ლ., როგორც დირექტორი და ამავე დროს როგორც დასაქმებული უფლებამოსილია მოითხოვოს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მეოთხე პუნქტის საფუძველზე. ამ ნორმის კვალიფიკაციისათვის აუცილებელი ფაქტობრივი საფუძველი მხარეთა შორის სადავოდ არ ხდება. კერძოდ დგინდება, რომ ვ. ლ.-ს გათავისუფლებამდე შვებულებით არ უსარგებლია. ამასთანავე, პალატამ დაადგინა, რომ ვ. ლ.-ს გათავისუფლება განხორციელდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ პუნქტის საფუძველზე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 4.4. პუნქტის მე-4 აბზაცი). შესაბამისად გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია. რაც შეეხება შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ დათქმას, რომ გამოუყენებელი შვებულება უნდა ანაზღაურდეს შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად, პალატის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ ვ. ლ. წლების განმავლობაში მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში და ვერ დადგინდა თუ რა პერიოდიდან (კალენდარული წლის რომელი თარიღიდან) შეუდგა იგი სამუშაოს შესრულებას, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი სახით და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გამოუყენებელი შვებულების სახით სრულად უნდა დაეკისროს ერთი თვის ხელფასის ანაზღაურება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შეადგენს - 12 100 ლარს.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზია ნაწილობრივ დასაბუთებულია; შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე უნდა შეიცვალოს სასამართლო ხარჯების განაწილებაც. ამასთან მხარეთა მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გაწეული სახ. ბაჟი მათ შორის უნდა გადანაწილდეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულობის გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც ვ. ლ.-ს სარჩელი საბოლოოდ დაკმაყოფილდა მხოლოდ 10 %-ის ნაწილში, შესაბამისად, მოპასუხე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე, ასევე სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი. კერძოდ, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სარჩელზე გადასახდელი 435 (12 100*12=145 200; 145 200-ის 10%= 14 520; 14 520-ის 3% = 435) ლარი და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი თანხა 580 (12 100*12=145 200; 145 200-ის 10%= 14 520; 14 520-ის 4% = 580) ლარი.

შესაბამისად სარჩელზე გადასახდელი სახ.ბაჟის ანგარიშში სს „ბ. ს.-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 435 ლარის გადახდა, ხოლო სააპელაციო საჩივარზე ვ. ლ.-ს მიერ გადასახდელი სახ. ბაჟის ანგარიშში სს „ბ. ს.-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 580 ლარის გადახდა.

რაც შეეხება აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილ ბაჟს - 150 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სამეთვალყურეო საბჭოს 2014 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის, ან ტოლფასი სამუშაოს შეთავაზების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :


1. ვ. ლ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება, განაცდური ხელფასის, ასევე გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი) გაუქმდეს ნაწილობრივ და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ვ. ლ.-ს სარჩელი განაცდური ხელფასის და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდეს შემდეგი სახით:

3.1. სს „ბ. ს.-ს“ ვ. ლ.-ს სასარგებლოდ გამოუყენებელი შვებულების სახით დაეკისროს - 12 100 ლარის გადახდა.

3.2. განაცდური ხელფასის სახით, თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

3.3. მოპასუხე სს „ბ. ს.-ს“ ვ. ლ.-ს სასარგებლოდ დაეკისროს ორი თვის შრომის ანაზღაურების სახით - 24 200 ლარის გადახდა.

4. დირექტორის თანამდებობიდან ვ. ლ.-ს გათავისუფლების შესახებ სს „ბ. ს.-ს“ სამეთვალყურეო საბჭოს 2014 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების ბათილობაზე, დირექტორის თანამდებობაზე აღდგენასა და ტოლფასი სამუშაოს შეთავაზებაზე უარის თქმის ნაწილში ვ. ლ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

5. სს „ბ. ს.-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით 435 ლარის გადახდა;

6. სს „ბ. ს.-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით 580 ლარის გადახდა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს, სასამართლო გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნებათ იმავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების დაცვით.