ნახვები: 839
საქმის ნომერი: 2ბ/4403-16
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: (თავმჯდომარე), ეკატერინე ცისკარიძე, დიანა ბერეკაშვილი, ვანო წიკლაური,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/4403-16 (2017-03-08), www.temida.ge
საქმის № 330210014433943
საქმის № 2ბ/4403-16

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       08 მარტი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:

მოსამართლეები:
ეკატერინე ცისკარიძე, დიანა ბერეკაშვილი, ვანო წიკლაური,

სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი

აპელანტი (ან. ს.-ს და თ. ა.-ს სააპელაციო საჩივრის მოწინააღმდეგე მხარე) – „საქართველოს იუსტიციის საინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“

წარმომადგენელი - აკ. ს.

აპელანტები (საქართველოს იუსტიციის საინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ სააპელაციო საჩივრის მოწინააღმდეგე მხარეები) - თ. ა., ან. ს.

წარმომადგენელი - შ. ლ.

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, პირგასამტელოს დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება;

აპელანტ საქართველოს იუსტიციის საინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აპელანტების თ. ა.-ს და ან. ს.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით:

1. თ. ა.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

1.1. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის“ (ამჟამად - სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“) 2014 წლის
10 იანვრის №X/კ ბრძანება, თ. ა.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;

1.2. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ თ. ა.-ს სასარგებლოდ დაეკისრა, იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 6500 (ექვსიათასხუთასი) ლარის (დარიცხული) ოდენობით;

2. ან. ს.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2.1. ბათილად იქნა ცნობილი, სსიპ „დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის“ (ამჟამად - სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“) 2014 წლის
10 იანვრის №X/კ ბრძანება, ან. ს.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

2.2. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ ან. ს.-ს სასარგებლოდ დაეკისრა, იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 6500 (ექვსიათასხუთასი) ლარის (დარიცხული) ოდენობით;

3. თ. ა.-ს და ან. ს.-ს სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა

4. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 390 ლარის ოდენობით.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.1. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

2.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.2.1. თ. ა., 2013 წლის 01 ოქტომბრიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის” (ამჟამად - „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“) პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე, ცენტრის საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, რა დროსაც, მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში -1125 ლარის ოდენობით.
(იხ. ბრძანება, ტ1; ს.ფ 112; საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი, ტ1; ს.ფ 113-116; მხარეთა ახსნა - განმარტება, სასამართლოს 17.03.2016 წლის სხდომის ოქმი, ტ2; ს.ფ 97-119, დისკი, ტ2; ს.ფ 123; ტ2, ს.ფ 194-197; დისკი, ტ2; ს.ფ 193);

2.2.2. ან. ს., 2013 წლის 01 ოქტომბრიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის” პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე, ცენტრის საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, რა დროსაც მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში - 1125 ლარის ოდენობით.
(იხ. ბრძანება, ტ1; ს.ფ 118; მხარეთა ახსნა - განმარტება, სასამართლოს 17.03.2016 წლის სხდომის ოქმი, ტ2; ს.ფ 97-119, დისკი, ტ2; ს.ფ 123; ტ2, ს.ფ 194-197; დისკი, ტ2; ს.ფ 193);

2.2.3. 2013 წლის 19 ნოემბერს, „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის 3-წლიანი შედეგების შეჯამებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც მოსარჩელე თ. ა. დაჯილდოვდა „პროგრამის გამორჩეულად ეფექტური მენეჯმენტისთვის“, ხოლო მოსარჩელე ან. ს. დაჯილდოვდა „პროგრამის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“.
(იხ. ამონარიდი კონფერენციის რელიზიდან, ტ1; ს.ფ 78-80; მხარეთა ახსნა - განმარტება; მოწმეების - ნ. ს.-ს, ნ. ხ.-ს, ქ. ჩ.-ს, ბ. ჭ.-ს, ნ. მ.-ს ჩვენებები, ტ2, სასამართლოს 17.03.2015 წლის და 26.06.2015 წლის სხდომის ოქმები, ტ2, დისკი, ს.ფ 123-172);

3.2.4. მოპასუხე ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, 2014 წლის 10 იანვარს გამოსცა ბრძანება №X/ს, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის 2014 წლის ბიუჯეტის,
2014 წლის საშტატო განრიგის, სახელფასო ფონდის, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, საწვავის და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების დამტკიცების შესახებ“, რომლითაც დამტკიცდა ცენტრის 2014 წლის ბიუჯეტი, 2014 წლის საშტატო განრიგი, სახელფასო ფონდი, თანამშრომლების მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, საწვავის და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტები №1, №2, №3 დანართების მიხედვით. ბრძანებას საფუძვლად დაედო იუსტიციის მინისტრის მოადგილის - ა. ბ.-ს 2014 წლის 09 იანვრის №115 წერილი.
(იხ. ბრძანება, ტ1; ს.ფ. 185-186);

2.2.5. მოპასუხე ცენტრის 2014 წლის საშტატო განრიგით, 2013 წლის საშტატო ერთეულების რაოდენობა და თვის სახელფასო ფონდი არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა, სახელდობრ: ცენტრის 2013 წლის საშტატო განრიგით, ცენტრში საშტატო ერთეულის რაოდენობა იყო 28, ხოლო თვის სახელფასო ფონდი შეადგენდა 23,235 ლარს; ცენტრის 2014 წლის საშტატო განრიგით, ცენტრის საშტატო ერთეულის რაოდენობა გახდა 75, ხოლო, თვის სახელფასო ფონდმა შეადგინა 74,320,0 ლარი.
(იხ. საშტატო განრიგი, ტ. 1; ს.ფ. 190-192);

2.2.6. მოპასუხე ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, 2014 წლის 10 იანვარს გამოსცა ბრძანება №X/ს, ”სსიპ - დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის „რეორგანიზაციის თაობაზე“, რომლითაც გადაწყდა ცენტრის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით და შტატების ოპტიმიზაციის მიზნით, ცენტრის რეორგანიზაციის განხორციელება.
(იხ. ბრძანება, ტ1; ს.ფ 187; მხარეთა ახსნა - განმარტება; მოწმეთა ჩვენებები);

2.2.7. ინფორმაცია ცენტრის 2014 წლის 10 იანვრის №X /ს ბრძანების (ცენტრის რეორგანიზაციის თაობაზე) შესახებ, გაეცნო ცენტრის თანამშრომლებს, მათ შორის - მოსარჩელეებს.
(იხ. ინფორმაციის გაცნობის ფურცელი, ტ1; ს.ფ 188-189; მხარეთა ახსნა - განმარტება; მოწმეთა ჩვენებები);

2.2.8. დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად ცენტრში განხორციელებული რეორგანიზაციით, გაუქმდა პროექტების მენეჯერის თანამდებობა და ცენტრის ახალი სტრუქტურული ერთეულების - სამმართველოების ჩამოყალიბების შესაბამისად, შეიქმნა რამდენიმე სხვადასხვა თანამდებობა, მათ შორის - სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსის ასისტენტის, სპეციალისტის, ფსიქოლოგის და სხვ. თანამდებობა (მოსარჩელეთა თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნები იყო სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენა: თ. ა. ითხოვდა ცენტრის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენას, ან. ს. - მედიაციის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენას.
(იხ. სარჩელი, ტ1, ს.ფ 22-24), იხ. ცენტრის 2014 წლის საშტატო განრიგი, ტ1, ს.ფ 191-192);

2.2.9. მოსარჩელეებმა, 2014 წლის 10 იანვარს, განცხადებით მიმართეს ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და ითხოვეს: თ. ა.-მ - 2014 წლის
13 იანვრიდან, ცენტრის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა, ხოლო ან. ს.-მ - ცენტრის მედიაციის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა.
(იხ. განცხადება, ტ1; ს.ფ 102; მხარეთა ახსნა - განმარტება);

2.2.10. მოპასუხე ცენტრმა, 2014 წლის 10 იანვარს, გამოსცა ბრძანება №X/კ, „თ. ა.-ს გათავისუფლების თაობაზე“, რომლითაც პროექტების მენეჯერი, მოსარჩელე თ. ა., 2014 წლის 11 იანვრიდან გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანება გამოიცა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ცენტრის დებულების მე-4 პუნქტის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ცენტრის რეორგანიზაციის თაობაზე, ცენტრის დირექტორის 2014 წლის 10 იანვრის №X/ს ბრძანების საფუძველზე
(იხ. ბრძანება, ტ1; ს.ფ 140; მხარეთა ახსნა - განმარტება);

2.2.11. მოპასუხე ცენტრმა, 2014 წლის 10 იანვარს, გამოსცა ბრძანება №X/კ, „ან. ს.-ს გათავისუფლების თაობაზე“, რომლითაც პროექტების მენეჯერი, მოსარჩელე ან. ს., 2014 წლის 11 იანვრიდან გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანება გამოიცა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ცენტრის დებულების მე-4 პუნქტის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ცენტრის რეორგანიზაციის თაობაზე, ცენტრის დირექტორის 2014 წლის 10 იანვრის №X /ს ბრძანების საფუძველზე
(იხ. ბრძანება, ტ1; ს.ფ 103; მხარეთა ახსნა - განმარტება);

2.2.12. მოსარჩელეებს მიეცათ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული კომპენსაცია, 2 - 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.
(იხ. მხარეთა ახსნა - განმარტება);

2.2.13. რეალურად, ცენტრში, 2014 წლის რეორგანიზაციამდე დასაქმებული იყო 46 თანამშრომელი, ასევე 2014 წლის რეორგანიზაციის შემდეგაც (2014 წლის თებერვლის თვის მონაცემებით), დასაქმებული იყო (მოვალეობის შემსრულებლად) – 46 თანამშრომელი.
(იხ. თანამშრომელთა მონაცემები, ტ1; ს.ფ 127-128; 129-130; მხარეთა ახსნა - განმარტება; მოწმეთა ჩვენებები);

2.2.14. მოპასუხე ცენტრმა მოსარჩელეები არ დაასაქმა (მოვალეობის შემსრულებლებად) რეორგანიზაციით შექმნილ იმ თანამდებობებზე (სამმართველოს უფროსის თანამდებობა), სადაც ისინი თავიანთი განცხადებებით ითხოვდნენ დასაქმებას: მოპასუხე ცენტრმა (ცენტრის დირექტორმა) ორგანიზაციის განვითარების მისეულ ხედვაში ვერ დაინახა მოსარჩელეთა როლი და ადგილი, მათი ხასიათის თვისებების/ფსიქოტიპის და არასათანადო მენეჯერული უნარების გამო: მოპასუხის განმარტებით, თ. ა. ვერ იქნებოდა განრიდების მიმართულების ეფექტური ხელმძღვანელი, რადგან იმ ახალგაზრდების მიმართ, ვისაც დევიაციური ქცევის თუნდაც უმნიშვნელო გამოვლენა აღენიშნება, მას აქვს სრული მიუღებლობა. ამ პროგრამის სამიზნე ჯგუფის დიდი ნაწილი კი სწორედ ასეთი ქცევით ხასიათდება; არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამის ხელმძღვანელად ყოფნის 3 წლის განმავლობაში, მოპასუხის მითითებით, თ. ა. ერთხელაც არ ყოფილა არასრულწლოვანთა კოლონიაში; მოპასუხის განმარტებით, ძნელად წარმოსადგენია მედიაციის პროგრამას ეფექტურად უხელმძღვანელოს ან. ს.-მ, ვინაიდან მას აქვს საოცარი თვისება, არაფრისგან შექმნას კონფლიქტური სიტუაცია; მედიაციის მიმართულების ხელმძღვანელს თავად უნდა ჰქონდეს ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროს შექმნისა და საჭირო დროს, კომპრომისის დაშვების უნარი. ამასთან, მოპასუხის მითითებით, მოსარჩელეთა პროგრამაში ჩართული მედიატორების და სხვა დაინტერესებული პირების გარკვეული ნაწილი დიდი კითხვის ქვეშ აყენებს მოსარჩელეთა მენეჯერულ ეფექტურობას, რაც ძირითადად გამოიხატება, მათ მიერ გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღებაში, მონაწილე მხარეების აზრის გაუთვალისწინებლად.
(იხ. წერილი, ტ1; ს.ფ 70-71; მხარეთა ახსნა - განმარტება);

2.2.15. მოსარჩელეთათვის მისაღებ თანამდებობებზე, მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნენ მათი ასისტენტები (რომლებმაც, მოპასუხის განმარტებით, ბრწყინვალედ გაართვეს თავი დაკისრებულ ყველა ამოცანას).
(იხ. იქვე; ასევე, მოწმეთა ჩვენებები);

3.2.16. მოპასუხე ცენტრს, მოსარჩელეებისათვის, მათი დასაქმების მიზნით, არ შეუთავაზებია რეორგანიზაციის საფუძველზე შექმნილი არც ერთი სხვა თანამდებობა.
(იხ. მხარეთა ახსნა - განმარტება);

2.2.17. ცენტრში, 2014 წლის იანვრის თვეში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა რაოდენობა (სამუშაო ძალა) არ შემცირებულა და არც ასეთი შემცირების აუცილებლობა არსებობდა.
(იხ. ზემოთმითითებული, ცენტრის 2013 წლის და 2014 წლის საშტატო განრიგები; ინფორმაცია ცენტრში რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდეგ დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ; მხარეთა ახსნა - განმარტება; ზემოთდადგენილი ფაქტობრივი გარემოებები);

2.2.18. 2014 წლის 28 მარტს, მოპასუხე ცენტრის დირექტორმა გამოსცა ბრძანება №XX/ს, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის ცენტრის 2014 წლის კორექტირებული ბიუჯეტის, 2014 წლის კორექტირებული საშტატო განრიგის, სახელფასო ფონდის, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის გამოყენებული სახსრების, საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების დამტკიცების შესახებ”, რომლითაც დამტკიცდა ცენტრის 2014 წლის კორექტირებული ბიუჯეტი, 2014 წლის კორექტირებული საშტატო განრიგი, სახელფასო ფონდი, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის გამოყენებული სახსრები, საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტები №1, №2, №3, №5 დანართების მიხედვით, ბრძანება გამოიცა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის 2014 წლის 27 მარტის №2662 წერილის საფუძველზე.
(იხ. ბრძანება, ტ2, ს.ფ 29-30);

2.2.19. 2014 წლის 28 მარტს, ცენტრის დირექტორმა გამოსცა ბრძანება №XX/ს, ”სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრის რეორგანიზაციის თაობაზე”, რომლითაც გადაწყდა, სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრის სახელისა და სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით, სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრის რეორგანიზაცია.
(იხ. ბრძანება, ტ2, ს.ფ 28);

2.2.20. რეორგანიზაციის შედეგად, გარკვეულწილად შეიცვალა მოპასუხე ცენტრის სტრუქტურა, შეიქმნა რამდენიმე ახალი თანამდებობა, მათ შორის - განრიდებისა და მედიაციის სამმართველოში, განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯერის (თანამდებობრივი სარგო - 1500 ლარი) და მედიაციის სახლის მენეჯერის (თანამდებობრივი სარგო - 1500 ლარი) და სხვ. თანამდებობები. მოსარჩელე თ. ა.-ს დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნაა - განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯერად აღდგენა, ხოლო მოსარჩელე ან. ს.-ს - მედიაციის სახლის მენეჯერის თანამდებობაზე აღდგენა.
(იხ. 2014 წლის კორექტირებული საშტატო განრიგი, ტ2, ს.ფ 31-33; მხარეთა ახსნა - განმარტება);

2.2.21. მოპასუხე ცენტრის 2014 წლის კორექტირებული საშტატო განრიგით არ შეცვლილა 2014 წლის საშტატო განრიგში მოცემული საშტატო ერთეულების რაოდენობა (75,0) და სახელფასო ფონდი (74320,0), - იხ. იქვე.

2.2.22. მოპასუხე ცენტრის 2014 წლის კორექტირებული საშტატო განრიგით (კორექტირება მოხდა ცენტრის 2014 წლის 28 მარტის ბრძანებით), სხვა ცვლილებების გვერდით, გაუქმდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამმართველო (აღნიშნული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდა მოსარჩელე თ. ა. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებამდე) და მედიაციის სამმართველო (აღნიშნული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდა მოსარჩელე ან. ს. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებამდე). მათ ნაცვლად შეიქმნა, შესაბამისად დანაშაულის მეორე დონის პრევენციის სამმართველო და განრიდებისა და მედიაციის სამმართველო (იხ. ცენტრის 2014 წლის საშტატო განრიგი, ტ1; ს.ფ 125-126; ცენტრის 2014 წლის კორექტირებული საშტატო განრიგი, ტ2, ს.ფ 31-33; მხარეთა ახსნა - განმარტება);

2.2.23. 2014 წლის 14 აპრილს, გამოცხადდა კონკურსი მოპასუხე ცენტრში არსებული ვაკანტური პოზიციების, მათ შორის - დანაშაულის მეორე დონის პრევენციის სამმართველოს უფროსის და განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსის თანამდებობების დასაკავებლად. კონკურსი დასრულდა 2014 წლის 16 მაისს.
(იხ. ბრძანება, ტ2, ს.ფ 38-39; საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი, ტ2, ს.ფ 41-43; მხარეთა ახსნა - განმარტება).

2.2.24. მოპასუხე ცენტრმა, 2014 წლის 10 იანვარს, მოსარჩელეებთან - თ. ა.-სთან და ან. ს.-სთან, რეორგანიზაციის საფუძველზე, არამართლზომიერად შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა: ცენტრში, მართალია, განხორციელდა რეორგანიზაცია, მაგრამ არ მომხდარა თანამშრომელთა რიცხოვნობის (სამუშაო ძალის) შემცირება და არც იყო ამის აუცილებლობა: მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა კორექტირების შედეგად სამუშაო ძალის შემცირების (და ასეთი შემცირების აუცილებლობის) დამადასტურებელი მტკიცებულებები, - იხ. საქმის მასალები;

2.2.25. შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტით - 2014 წლის 10 იანვრის რეორგანიზაციის დროს, მათი შესაბამის თანამდებობებზე მოვალეობის შემსრულებლად დაუსაქმებლობით (და სხვა თანამდებობების შეუთავაზებლობით), მოპასუხე ცენტრმა მოსარჩელეებს არ მისცა შესაძლებლობა შეესრულებინათ სამუშაო და მიეღოთ შესაბამისი შრომის ანაზღაურება, გათავისუფლებიდან - მათ მიერ მითითებული სამმართველოების გაუქმების და მათ ნაცვლად ახალი სამმართველოების შექმნის (რაც განხორციელდა 2014 წლის 28 მარტის ბრძანებით, ცენტრის 2014 წლის კორექტირებული საშტატო განრიგის დამტკიცებით) საფუძველზე, ახალი სამმართველოების უფროსების ვაკანტურ თანამდებობებზე 2014 წლის 14 აპრილს გამოცხადებული კონკურსის დასრულებამდე - 2014 წლის 16 მაისამდე (სასამართლო მიიჩნევს, რომ იძულებითი მოცდენით, თითოეული მოსარჩელის მიმართ, ყოველთვიურად მიყენებული ზიანი შეადგენს 1800 ლარს (სამმართველოს უფროსის სარგოს), მაგრამ მოპასუხეები, დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით, ითხოვენ მათთვის ზიანის ანაზღაურებას, მენეჯერის ყოველთვიური ხელფასის - 1500 ლარის გათვალისწინებით);

2.2.26. მოპასუხე ცენტრის მიერ შრომითი ურთიერთობის უსაფუძვლოდ შეწყვეტისას, შეილახა მოსარჩელეთა შრომითი უფლებები;

2.2.27. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, მოპასუხე ცენტრის მხრიდან მოსარჩელეთა - თ. ა.-ს და ან. ს.-ს რაიმე ნიშნით დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია.

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.6. . საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა მიიჩნიეს რა თავიანთი შრომითი უფლებები დარღვეულად, აღნიშნული უფლებების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართეს სასამართლოს.

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს განსაზღვრული და განუსაზღვრელი ვადით. განსახილველ შემთხვევაში, დადგინდა, რომ მხარეთა შორის არსებობდა განუსაზღვრელი ვადით წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს,

რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი - ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. დადგენილია, რომ მოსარჩელეები გათავისუფლდნენ მოპასუხე ცენტრში განხორციელებული რეორგანიზაციის (სტრუქტურული ცვლილებების) საფუძველზე.

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა რამდენიმე გარემოება, სახელდობრ: ცენტრში ჩატარდა თუ არა რეორგანიზაცია, შემცირდა თუ არა სამუშაო ძალა, რა აუცილებლობით იქნა გამოწვეული სამუშაო ძალის შემცირება და რამ განაპირობა კონკრეტულად თითოეული მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება. დადასტურებულია 2014 წლის იანვრის თვეში, ცენტრში რეორგანიზაციის განხორციელება, რაც შეეხება რეორგანიზაციით გამოწვეული სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობას და სამუშაო ძალის შემცირებას, ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე ცენტრს არ წარმოუდგენია. მოპასუხემ ვერ წარმოადგინა რელევანტური მტკიცებულებები და არც სასამართლო სხდომაზე დაუსაბუთებია სადავო ბრძანებების კანონიერება: მოპასუხის ახსნა-განმარტების გარდა, სხვა საკმარისად მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება რეორგანიზაციის შედეგად სამუშაო ძალის რიცხოვნობის შემცირების აუცილებლობის თაობაზე არ წარმოდგენილა. საკმარისი სიცხადით არც ახსნა - განმარტებაში მიუთითებია მოპასუხეს რეორგანიზაციის შედეგად სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობის თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ვინაიდან დადგინდა გასაჩივრებული ბრძანებების არაკანონიერება, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი სადავო ბრძანებები მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე.

სშკ-ის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სსკ-ის 408.1. მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა - მოსარჩელის სამსახურში აღდგენა. მაგრამ განსაზღვრულ შემთხვევაში, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია 2014 წელს ცენტრში განხორციელებული ორი რეორგანიზაციით გამოწვეული სტრუქტურული ცვლილებების, ამასთან, 2014 წლის 14 აპრილს, ახალ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების გამო (იხ. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები). სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ვინაიდან, 2014 წლის იანვრის თვეში ჩატარებული რეორგანიზაციის გამო პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია, მოსარჩელეები არც ითხოვენ ადრინდელ თანამდებობებზე აღდგენას. ასევე შეუძლებელია, მოსარჩელეების აღდგენა ადრინდელი თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე, 2014 წლის მარტის თვეში, ცენტრში განხორციელებული რეორგანიზაციის გამო: სადავო ბრძანებების გამოცემისას ცენტრში არსებული ის ვაკანტური თანამდებობები, რომელთა დაკავების (მოვალეობის შემსრულებლებად) შესაძლებლობა მოესპო მოსარჩელეებს, გაუქმდა 2014 წლის მარტის თვეში განხორციელებული რეორგანიზაციით. სადავო ბრძანებების გამოცემისას, მოპასუხეს ჰქონდა შესაძლებლობა, მოსარჩელეები დაესაქმებინა ადრინდელი თანამდებობების - პროგრამების მენეჯერის ტოლფას (სამმართველოს უფროსის და სხვ. თანამდებობა) თანამდებობაზე. მოპასუხე მხარის მიერ ასეთ თანამდებობაზე მოსარჩელეთა დასაქმების შემთხვევაში, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა გაგრძელდებოდა
2014 წლის მარტის თვეში ჩატარებული რეორგანიზაციის (ახალი სტრუქტურული ცვლილებების) საფუძველზე, ახალ ვაკანტურ თანამდებობებზე, გამოცხადებული კონკურსის დასრულებამდე. შესაბამისად, სადავო ბრძანებებით, მოსარჩელეთა შრომითი უფლებები შელახული იყო სწორედ აღნიშნულ პერიოდში.

მოხმობილი კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს მიუღებელი შემოსავლისთვისაც: მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. შრომითი ურთიერთობის არაკანონიერი შეწყვეტით, დამსაქმებელმა მოუსპო შესაძლებლობა დასაქმებულებს, შეესრულებინათ სამუშაო და მიეღოთ შესაბამისი შრომითი ანაზღაურება.

სშკ-ის 32.1. მუხლის თანახმად, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით.

მოცდენად უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარებაც, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტის შედეგად, დასაქმებულს სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას მისთვის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ამასთან, ვინაიდან მოსარჩელეებს იძულებითი მოცდენით ზიანი მიადგათ 2014 წლის 11 იანვრიდან 2014 წლის 16 მაისამდე პერიოდში, მისი ანაზღაურებაც უნდა მოხდეს აღნიშნული პერიოდის და მენეჯერის ყოველთვიური ხელფასის - 1500 ლარის ოდენობის გათვალისწინებით, თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ, 6500 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს ერთგვარ კომპენსაციას შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტით, შრომითი უფლებების შელახვისთვის.

ევროპის სოციალური ქარტიის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებით), შრომის უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, ეფექტურად დაიცვან მუშაკის ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება.

სასამართლოს მოსაზრებით, ეფექტური დაცვა გულისხმობს დასაქმებისა და ხელფასის მიღების უფლების შენარჩუნებას. ამიტომ ამ უფლების წართმევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი წარმოადგენს კანონისმიერ წინაპირობებზე დაფუძნებულ ერთადერთ ქმედით გამოსავალს.

სშკ-ის 31.3. მუხლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის, გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, დამსაქმებლის მიერ შეიძლება დაყოვნდეს ის ანაზღაურება თუ ანგარიშსწორება, რომელიც დასაქმებულისათვის გარკვეულ დროს უნდა გადახდილიყო, მაგრამ ეს ვალდებულება არ შესრულდა. შესაბამისად, მოხმობილი ნორმა ეხება მისაღები შრომის ანაზღაურების, მისაღები საბოლოო ანგარიშსწორების და ა.შ. გადახდის დაყოვნებას, რასაც განსახილველ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია.

მოცემული სარჩელით, მოსარჩელეები ითხოვენ იძულებითი მოცდენით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების (და არა - ხელფასის ან საბოლოო ანგარიშსწორების) დაყოვნებისთვის, მოპასუხე ცენტრისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას, რაც არ გამომდინარეობს მოქმედი შრომის კანონმდებლობიდან, შესაბამისად, არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

ამავე კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ძირითადად დაუსაბუთა სასამართლოს თავისი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა, ხოლო მოპასუხემ მხოლოდ ნაწილობრივ დაამტკიცა თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რამაც განაპირობა მოსარჩელეების - თ. ა.-ს და ან. ს.-ს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

3.1. აპელანტ საქართველოს იუსტიციის საინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

3.1.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა მხოლოდ ერთ არგუმენტი, რომ ’მართალია სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ განხორციელდა რეორგანიზაცია, მაგრამ მას არ სდევდა შტატების შემცირება, შესაბამისად ან. ს.-ს და თ. ა.-ს განთავისუფლება მიიჩნია უკანონოდ. აქვე აღნიშნა,რომ მოპასუხემ სიცხადით არ ახსნა რეორგანიზაციის შედეგად სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობის შესახებ“.

აღნიშნული მსჯელობით სასამართლო გასცდა მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებს, ვინაიდან სარჩელი დამყარებული იყო და აპელანტები აპელირებდნენ მხოლოდ მათ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე და სწორედ ამ გარემოებებს თვლიდნენ მათი განთავისუფლების საფუძვლად (იხ. სარჩელი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება). შესაბამისად, ამ შემთხვევაში მოპასუხე არ იყო ვალდებული განმარტებები გაეკეთებინა ამ საკითხებთან მიმართებით, რასაც მოსარჩელეები სადავოდ არ ხდიდნენ. სწორედ მოსარჩელეების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის არ არსებობის კუთხით მოხდა მოპასუხე მხარის მიერ ადმინისტრაციული აქტის დაცვა, რის შედეგადაც სასამართლომ ობიექტურად დაადგინა, რომ მოსარჩელეთა მიმართ დისკრიმინაციის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ამდენად, სასამართლომ თავისი ინიციატივით, ისე რომ მოსარჩელეებს არ მოუთხოვიათ, მოახდინა იმ ფაქტის შესფასება, რომელთა საწინააღმდეგო არგუმენტაციის წარდგენა მოპასუხეს ობიექტურად არ ევალებოდა და სწორედ ეგ გარემოება იქნა მითითებული შემდგომ გადაწყვეტილებაში, როგორც მოპასუხის დაუსაბუთებელი პოზიცია.

3.1.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ პროექტების მენეჯერის პოზიციები, რომლებსაც მოსარჩელეები იკავებდნენ რეორგანიზაციამდე, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და მედიაციის სამმართველოების უფროსების პოზიციისგან, რამდენიმე ფაქტორის გამო: პირველი, მოსარჩელეები, როგორც პროექტების მენეჯერები ჩართული იყვნენ მხოლოდ ერთი პროგრამის, განრიდებისა და მედიაციის პროგამის განხორციელებაში და თითოეულს ჰყავდა ერთი საკუთარი და ერთიც საერთო ასისტენტი. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამმართველოს უფროსის მოვალეობაში კი შედის, ბევრად უფრო მეტი ფუნქცია ვიდრე მხოლოდ განრიდებისა და მედიაციის პროგრამის კოორდინირება, მაგ: რისკის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნებისთვის შესაბამისი სერვისების შემუშავება და მიწოდება და სხვ. ასევე, მედიაციის სამმართველოს უფროსის მოვალეობებში შედიოდა არა მხოლოდ განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში მედიაციის კომპონენტის კურირება, არამედ ზოგადად, ქვეყანაში მედიაციის, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ერთ-ერთი მთავარი შემადგენლის და დავების ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალების განვითარება.

გარდა აღნიშნულისა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამმართველოში იყო 8 საშტატო ერთეული, ხოლო მედიაციის სამმართველოში 7, შესაბამისად მათი ხელმძღვანელობა ბევრად უფრო განვითარებულ მენეჯერულ უნარებს მოითხოვდა.

სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოსარჩელეები ითხოვდნენ დასაქმებას რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ კონკრეტულ თანამდებობებზე (სამმრთველოს უფროსის თანამდებობა) და არ იყვნენ თანახმა დაეკავებინათ სხვა თანამდებობა.

აპელანტის მოსაზრებით, ყოველივე ზემოაღნიშნული ნათლად ადასტურებს, რომ არსებობდა მოსარჩელეთა განთავისუფლების ობიექტური საფუძვლები და სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ კანონიერად შეწყვიტა მათთან შრომითი ხელშეკრულება.

3.2. აპელანტების თ. ა.-ს და ან. ს.-ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

3.2.1. აპელანტების განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად ცენტრში განხორციელებული რეორგანიზაციით გაუქმდა პროექტის მენეჯერის თანამდებობა და ცენტრის ახალი სტრუქტურული ერთეულების - სამმართველოების ჩამოყალიბების შესაბამისად შეიქმნა რამდენიმე სხვადასხვა თანამდებობა.

სსიპ დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის 2014 წლის საშტატო განრიგის მიხედვით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამმართველოს შემადგენლობაში შედიოდა დანაშაულის პრევენციის ცენტრის მეორე დონის პროექტების მენეჯერი. შესაბამისად, აღნიშნულ სამმართველოში 2014 წლის 10 იანვრის რეორგანიზაციის შედეგად არსებობდა მენეჯერის შტატი. არამხოლოდ მეორე დონის 3.2.2. სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ 2014 წლის რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდეგ დასაქმებული იყო 46 თანამშრომელი, თუმცა ამის საწინააღმდეგოდ სსიპ დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის 2013 წლის საშტატო განრიგის მიხედვით დასტურდება, რომ განსაზღვრული იყო 28 საშტატო ერთეული და დამატებით 18 თანამშრომელს ეკავა შტატგარეშე პოზიცია, ხოლო 2014 წლის 10 იანვრის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა 75 საშტატო ერთეული.

3.2.3. აპელანტების მითითებით, სასამართლომ მათი პიროვნული მახასიათებლები მიიჩნია სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად, თუმცა აღნიშნული პოზიცია წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ მოპასუხის მოსაზრებას, რომლის დამადასტურებლად საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება.

3.2.4. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ცენტრმა მოსარჩელეებს არ მისცა შესაძლებლობა შეესრულებინათ სამუშაო და მიეღოთ შესაბამისი შრომის ანაზღაურება გათავისუფლებიდან მათ მიერ მითითებული სამმართველოების გაუქმების და მათ ნაცვლად ახალი სამმართველოების შექმნის საფუძველზე ახალი სამმართველოების უფროსების ვაკანტურ თანამდებობებზე, 2014 წლის 16 მაისამდე.

სასამართლომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების ფარგლებში დაასკვნა, რომ მხოლოდ 2014 წლის 14 აპრილს გამოცხადებული კონკურსის დასრულებამდე 2014 წლის 16 მაისამდე უნდა მისცემოდათ მუშაობის შესაძლებლობა. თუმცა დაუზუსტებელია რომელ პოზიციაზე საუბრობს სასამართლო, რადგან დაზუსტებული სარჩელის ფარგლებში ისინი ვითხოვდნენ შესაბამისად, განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯერის თანამდებობაზე და მედიაციის სახლის მენეჯერის თანამდებობაზე აღდგენას, კონკურსი კი საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2014 წლის 23 აპრილს გამოცხადდა განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე. აპელანტები აღნიშნავენ, რომ ბუნდოვანია, რა კავშირი აქვს სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას მათ მოთხოვნებთან დაკავშირებთ.

3.2.5. აპელანტების მითითებით არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხე ცენტრის მხრიდან მათ მიმართ რაიმე ნიშნით დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია.

საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ადგილი ჰქონდა მათ მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას. კერძოდ, მინისტრს თანამშრომლებთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს ამობეჭდილი ჰქონდა მათ მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული „პოსტები“ და დეტალურად განიხილავდა მათ. ასევე დეტალურად განიხილავდა აღნიშნულ „პოსტებზე“ სხვების მიერ გაკეთებულ კომენტარებსა და მოწონებებს. შეხვედრაზე მინისტრმა მათზე ისაუბრა ისეთი ნეგატიური ეპითეტების გამოყენებით, როგორიცაა „წინა მთავრობის გადმონაშთები", „ნაციონალების ძლოკვები" „პირსისხლიანი რეჟიმის დანატოვრები" და ა.შ., რაც ბევრად უფრო ნეგატიური იყო (რადგან საკითხის პოლიტიზებას ახდენდა და ითვალისწინებდა გარკვეულ სტიგმას), ვიდრე მათ მიერ სოციალურ ქსელებში დადებული ემოციური „პოსტები“. ამავე შეხვედრაზე მინისტრმა ამობეჭდილი პოსტები გადასცა გენ. ინსპექციის უფროსს და მოსთხოვა მასზე რეაგირება. აღსანიშნავია, რომ მათ საქმიანობას არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან და ეს შეფასებები და შესაბამისი ნეგატიური ეპითეტები დავიმსახურეთ, სავარაუდოდ, მხოლოდ იმის გამო, რომ წინა მთავრობის დროს მუშაობდნენ სამინისტროში.

3.2.6. აპელანტები საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მითითებით აღნიშნავენ, რომ გათავისუფლების ბრძანებების ბათილად ცნობა სამართლებრივად ნიშნავს, რომ იგი ბათილია მისი დადების მომენტიდან და ყველა თანმდევი შედეგი, რომელიც ეფუძნება აღნიშნულ გარიგებას ექვემდებარება გაუქმებას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბათილად სცნო გათავისუფლების ბრძანებები, თუმცა პირვანდელი მდგომარეობის ადღგენის ნაწილში არ დააკმაყოფილა სარჩელი. სასამართლოს პოზიცია ემყარება იმ არგუმენტს, რომ მოპასუხე ცენტრმა გამოაცხადა კონკურსი კონკრეტულ პოზიციებთან დაკავშირებით, შესაბამისად ეს მიიჩნია იმის უტყუარ საფუძვლად, რომ ბათილად ცნობის მიუხედავად არ უნდა მომხდარიყო მათი სამსახურში აღდგენა.

აპელანტები ყურადღებას ამახვილებენ შემდეგ გარემოებეზე, კერძოდ: 1. ცენტრში განხორციელდა ორი რეორგანიზაცია, 2014 წლის 10 იანვარს და 2014 წლის 28 მარტს. ორივე რეორგანიზაციის დასრულების შემდგომ არსებობდა და დღესაც არსებობს იმ თანამდებობის არამხოლოდ სახელწოდებით ტოლფასი თანამდებობა, არამედ - აღწერილობით მსგავსი, რომლებზეც მოსარჩელეები ვიყავით დანიშნული გათავისუფლებამდე; 2. ცენტრში არათუ შემცირდა საშტატო განრიგი და სახელფასო ბიუჯეტი, არამედ მნიშვნელოვნად გაიზარდა; 3. 2014 წლის 28 მაისის რეორგანიზაციის ფარგლებში განრიდებისა და მედიაციის სამმართველოები გაერთიანდა და გახდა ერთი სამმართველო, თუმცა სამმართველოს შემადგენლობაში დარჩა, როგორც განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯერის თანამდებობა, ასევე მედიაციის სახლის მენეჯერის თანამდებობა; 4. 2014 წლის 28 მარტის რეორგანიზაციის შემდგომ, 2014 წლის 14 აპრილს გამოცხადდა განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე კონკურსი, რომელიც 2014 წლის 16 მაისს გამოცხადდა ჩაშლილად; 5. სასამართლოს მსჯელობა კონკურსთან დაკავშირებით მიემართება სამმართველოს უფროსის კონკურსს თუმცა, დაზუსტებული მოთხოვნის ფარგლებში ითხოვდნენ არა ზემოაღნიშნული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენას, არამედ მენეჯერის თანამდებობაზე აღდგენას. გარდა ამისა, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ საქმეში არ არსებობს მათ მიერ მოთხოვნილ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით რაიმე მტკიცებულება, ასევე არც მოპასუხის წარმომადგენლისგან არ გაჟღერებულა ზეპირად ამის შესახებ რაიმე ინფორმაცია. შესაბამისად, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად უნდა მივიჩნიოთ, რომ კონკურსი ჩვენ პოზიციაზე არ გამოცხადებულა.

სასამართლოს შეფასების მცდარობა დასტურება იმ გარემოებითაც, რომ შეფასების გარეშეა დარჩენილი სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში კომპენსაციის საკითხიც. თუ სასამართლო მსჯელობს იმაზე, რომ ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო აღდგენა, მაშინ უნდა ემსჯელა აღუდგენლობის გამო კომპენსაციის ანაზღაურებაზე. აღნიშნული მსჯელობა ემყარება შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილს. თავისთავად, ცხადია, რომ კომპენსაცია არ წარმოადგენს განაცდურს, არამედ ამით კანონმდებელი ცდილობს ერთგვარად დაიცვას იმ დამსაქმებელის უფლებები, რომელთა სამსახურში აღდგენაც ობიექტურად შეუძლებელი ან გაუმართლებელია.

3.2.7. აპელანტების მოსაზრებით ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა 2016 წლის 16 მაისამდე განაცდურის დაკმაყოფილების ნაწილში. განაცდურთან დაკავშირებით სასამართლოს მსჯელობა ემყარება სამსახურში აღუდგენლობის საკითხს. შესაბამისად ამ ნაწილში კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა, სააპელაციო სასამართლომ შეაფასოს სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით მათ მიერ ზემოთ განვითარებული მსჯელობა. იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არასწორად ეთქვათ უარი სამსახურში აღდგენაზე, ბუნებრივია, სახეზე იქნება განაცდურის სახით მათთვის მიყენებული ზიანი.

3.2.8. აპელანტების განმარტებით ასევე არასწორია სასამართლოს მითითება პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხთან მიმართებით, რადგან შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების შემთხვევა. გარდა ამისა 0.07% თავისი შინაარსით წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რომელიც არის ვალდებულების უზრუნველყოფის ვალდებულებით-სამართლებრივი ღონისძიება და გარდა უზრუნველყოფის მნიშვნელობისა, ერთგვარად ემსახურება შესაძლო ზიანის ანაზღაურებას. აქედან გამომდინარე, სავსებით დასაშვებია განაცდურს, როგორც ზიანს, დაემატოს 0.07%, რადგან განაცდური თავისი შინაარსით არის ხელფასის სახით მისაღები, მაგრამ დამსაქმებლის უკანონო მოქმედების გამო მიუღებელი თანხა და რადგანაც აღნიშნული თანხა ვერ მივიღეთ იმ დროს, როცა იგი კანონიერად უნდა მიგვეღო რომ არა უკანონო გათავისუფლება, ამ ნაწილში პასუხისმგებლობა ეკისრება დამსაქმებელს.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

4.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

4.1.1. მხარეთა მიერ სადავოდ არ ხდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები (რომელთაც სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლო) :

- თ. ა., 2013 წლის 01 ოქტომბრიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის” (ამჟამად - „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“) პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე, ცენტრის საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, რა დროსაც, მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში -1125 ლარის ოდენობით.
(იხ. ბრძანება, ტ1; ს.ფ 112; საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი, ტ1; ს.ფ 113-116; მხარეთა ახსნა - განმარტება, სასამართლოს 17.03.2016 წლის სხდომის ოქმი, ტ2; ს.ფ 97-
119, დისკი, ტ2; ს.ფ 123; ტ2, ს.ფ 194-197; დისკი, ტ2; ს.ფ 193);

- ან. ს., 2013 წლის 01 ოქტომბრიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის” პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე, ცენტრის საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, რა დროსაც მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში - 1125 ლარის ოდენობით.

- მოპასუხე ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, 2014 წლის 10 იანვარს გამოსცა ბრძანება №X/ს, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის 2014 წლის ბიუჯეტის, 2014 წლის საშტატო განრიგის, სახელფასო ფონდის, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, საწვავის და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების დამტკიცების შესახებ“, რომლითაც დამტკიცდა ცენტრის 2014 წლის ბიუჯეტი, 2014 წლის საშტატო განრიგი, სახელფასო ფონდი, თანამშრომლების მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, საწვავის და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტები №1, №2, №3 დანართების მიხედვით. ბრძანებას საფუძვლად დაედო იუსტიციის მინისტრის მოადგილის - ა. ბ.-ს 2014 წლის 09 იანვრის №115 წერილი.
(იხ. ბრძანება, ტ1; ს.ფ. 185-186);

- მოპასუხე ცენტრის 2014 წლის საშტატო განრიგით, 2013 წლის საშტატო ერთეულების რაოდენობა და თვის სახელფასო ფონდი არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა, სახელდობრ: ცენტრის 2013 წლის საშტატო განრიგით, ცენტრში საშტატო ერთეულის რაოდენობა იყო 28, ხოლო თვის სახელფასო ფონდი შეადგენდა 23,235 ლარს; ცენტრის 2014 წლის საშტატო განრიგით, ცენტრის საშტატო ერთეულის რაოდენობა გახდა 75, ხოლო, თვის სახელფასო ფონდმა შეადგინა 74,320,0 ლარი.
(იხ. საშტატო განრიგი, ტ. 1; ს.ფ. 190-192);

- მოპასუხე ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, 2014 წლის 10 იანვარს გამოსცა ბრძანება №X/ს, ”სსიპ - დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის „რეორგანიზაციის თაობაზე“, რომლითაც გადაწყდა ცენტრის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით და შტატების ოპტიმიზაციის მიზნით, ცენტრის რეორგანიზაციის განხორციელება.
(იხ. ბრძანება, ტ1; ს.ფ 187; მხარეთა ახსნა - განმარტება; მოწმეთა ჩვენებები);

- ინფორმაცია ცენტრის 2014 წლის 10 იანვრის №X/ს ბრძანების (ცენტრის რეორგანიზაციის თაობაზე) შესახებ, გაეცნო ცენტრის თანამშრომლებს, მათ შორის - მოსარჩელეებს.
(იხ. ინფორმაციის გაცნობის ფურცელი, ტ1; ს.ფ 188-189; მხარეთა ახსნა - განმარტება; მოწმეთა ჩვენებები);

- დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად ცენტრში განხორციელებული რეორგანიზაციით, გაუქმდა პროექტების მენეჯერის თანამდებობა და ცენტრის ახალი სტრუქტურული ერთეულების - სამმართველოების ჩამოყალიბების შესაბამისად, შეიქმნა რამდენიმე სხვადასხვა თანამდებობა, მათ შორის - სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსის ასისტენტის, სპეციალისტის, ფსიქოლოგის და სხვ. თანამდებობა (მოსარჩელეთა თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნები იყო სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენა: თ. ა. ითხოვდა ცენტრის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენას, ან. ს.,- მედიაციის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენას.
(იხ. სარჩელი, ტ1, ს.ფ 22-24), იხ. ცენტრის 2014 წლის საშტატო განრიგი, ტ1, ს.ფ 191-192);

- მოპასუხე ცენტრმა, 2014 წლის 10 იანვარს, გამოსცა ბრძანება №X/კ, „თ. ა.-ს გათავისუფლების თაობაზე“, რომლითაც პროექტების მენეჯერი, მოსარჩელე თ. ა., 2014 წლის 11 იანვრიდან გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანება გამოიცა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ცენტრის დებულების მე-4 პუნქტის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ცენტრის რეორგანიზაციის თაობაზე, ცენტრის დირექტორის 2014 წლის 10 იანვრის №X/ს ბრძანების საფუძველზე
(იხ. ბრძანება, ტ1; ს.ფ 140; მხარეთა ახსნა - განმარტება);

- მოპასუხე ცენტრმა, 2014 წლის 10 იანვარს, გამოსცა ბრძანება №X/კ, „ან. ს.-ს გათავისუფლების თაობაზე“, რომლითაც პროექტების მენეჯერი, მოსარჩელე ან. ს., 2014 წლის 11 იანვრიდან გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანება გამოიცა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ცენტრის დებულების მე-4 პუნქტის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ცენტრის რეორგანიზაციის თაობაზე, ცენტრის დირექტორის 2014 წლის 10 იანვრის №X/ს ბრძანების საფუძველზე
(იხ. ბრძანება, ტ1; ს.ფ 103; მხარეთა ახსნა - განმარტება);

- მოსარჩელეებს მიეცათ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული კომპენსაცია, 2 - 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

- მოსარჩელეთათვის მისაღებ თანამდებობებზე, მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნენ მათი ასისტენტები (რომლებმაც, მოპასუხის განმარტებით, ბრწყინვალედ გაართვეს თავი დაკისრებულ ყველა ამოცანას).

- 2014 წლის 28 მარტს, მოპასუხე ცენტრის დირექტორმა გამოსცა ბრძანება №XX/ს, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის ცენტრის 2014 წლის კორექტირებული ბიუჯეტის, 2014 წლის კორექტირებული საშტატო განრიგის, სახელფასო ფონდის, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის გამოყენებული სახსრების, საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების დამტკიცების შესახებ”, რომლითაც დამტკიცდა ცენტრის 2014 წლის კორექტირებული ბიუჯეტი, 2014 წლის კორექტირებული საშტატო განრიგი, სახელფასო ფონდი, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის გამოყენებული სახსრები, საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტები №1, №2, №3, №5 დანართების მიხედვით, ბრძანება გამოიცა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის 2014 წლის 27 მარტის №2662 წერილის საფუძველზე.
(იხ. ბრძანება, ტ2, ს.ფ 29-30);

- 2014 წლის 28 მარტს, ცენტრის დირექტორმა გამოსცა ბრძანება №XX/ს, ”სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრის რეორგანიზაციის თაობაზე”, რომლითაც გადაწყდა, სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრის სახელისა და სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით, სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრის რეორგანიზაცია.
(იხ. ბრძანება, ტ2, ს.ფ 28);

- რეორგანიზაციის შედეგად, გარკვეულწილად შეიცვალა მოპასუხე ცენტრის სტრუქტურა, შეიქმნა რამდენიმე ახალი თანამდებობა, მათ შორის - განრიდებისა და მედიაციის სამმართველოში, განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯერის (თანამდებობრივი სარგო - 1500 ლარი) და მედიაციის სახლის მენეჯერის (თანამდებობრივი სარგო - 1500 ლარი) და სხვ. თანამდებობები. მოსარჩელე თ. ა.-ს დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნაა - განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯერად აღდგენა, ხოლო მოსარჩელე ან. ს.-ს - მედიაციის სახლის მენეჯერის თანამდებობაზე აღდგენა.
(იხ. 2014 წლის კორექტირებული საშტატო განრიგი, ტ2, ს.ფ 31-33; მხარეთა ახსნა - განმარტება);

- მოპასუხე ცენტრის 2014 წლის კორექტირებული საშტატო განრიგით არ შეცვლილა 2014 წლის საშტატო განრიგში მოცემული საშტატო ერთეულების რაოდენობა (75,0) და სახელფასო ფონდი (74320,0), - იხ. იქვე.

- მოპასუხე ცენტრის 2014 წლის კორექტირებული საშტატო განრიგით (კორექტირება მოხდა ცენტრის 2014 წლის 28 მარტის ბრძანებით), სხვა ცვლილებების გვერდით, გაუქმდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამმართველო (აღნიშნული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდა მოსარჩელე თ. ა. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებამდე) და მედიაციის სამმართველო (აღნიშნული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდა მოსარჩელე ან. ს. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებამდე). მათ ნაცვლად შეიქმნა, შესაბამისად დანაშაულის მეორე დონის პრევენციის სამმართველო და განრიდებისა და მედიაციის სამმართველო (იხ. ცენტრის 2014 წლის საშტატო განრიგი, ტ1; ს.ფ 125-126; ცენტრის 2014 წლის კორექტირებული საშტატო განრიგი, ტ2, ს.ფ 31-33; მხარეთა ახსნა - განმარტება);

4.1.2. სააპელაციო პალატა პირველ რიგში შენიშანვს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულია, როგორც მოსარჩელის მიერ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე გასაჩივრებულია მოპასუხის მიერ, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება უპირველესად განხორციელდეს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, რამდენადაც მოპასუხის (იხ. დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი ტ.3 ) მიერ სააპელაციო საჩივრით სადავოდ ხდება მოსარჩელეთა გათავისუფლების არაკანონიერების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები, რაც საბოლოო ჯამში საფუძვლად დაედო სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას.

4.1.3. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შინაარსიდან (იხ. ტ. 3) გამომდინარე აპელანტის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლოს მოსარჩელეთა გათავისუფლების კანონიერების შესახებ საკითხი უნდა შეეფასებინა მხოლოდ იმ ჭრილში, ჰქონდა თუ არა მოსარჩელეების მიმართ დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობას ადგილი, ვინაიდან მისი მოსაზრებით, მოსარჩელეთა სარჩელი ემყარებოდა მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას, რის შედეგადაც საბოლოოდ მოხდა მათი გათავისუფლება. ამ პოზიციიდან გამომდინარე აპელანტი (მოპასუხე) მიიჩნევს, რომ ის არ იყო ვალდებული განმარტებები გაეკეთებინა რეორგანიზაციის შედეგებზე შტატების შემცირების თვალსაზრისით, ვინაიდან მისი შეფასებით მოსარჩელე მხარე აღნიშნულ გარემოებას სადავოდ არ ხდიდა. შესაბამისად, აპელანტის შეფასებით, თავისი ინიციატივით, ისე რომ მოსარჩელეებს არ მოუთხოვიათ, სასამართლომ მოახდინა იმ ფაქტების შეფასება, რომელთა საწინააღმდეგო არგუმენტაციის წარმოდგენის ტვირთი მოპასუხეს ობიექტურად არ ეკისრებოდა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ გამორიცხა დამსაქმებლის მხრიდან მოსარჩელეთა მიმართ დისკრიმინაციის განხორციელების შესახებ გარემეობები, აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული თავის მხრივ გამორიცხავდა მოსარჩელეთა გათავისუფლების არაკანონიერების შესახებ გარემოების დადგენის და შესაბამისად სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

4.1.3.1 სააპელაციო პალატა არ იზიარებს მოპასუხის სააპელაციო საჩივარის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და მის უარსაყოფად ყუარდღებას შეაჩერებს შემდეგზე:

მოცემულ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივ გარემოებებს წარმოადგენს, რომ 2014 წლის 10 იანვარს სსიპ „დანაშულის პრევენციის ცენტრში“ განხორცილედა რეორგანიზაცია, რომელსაც დამსაქმებელმა დაუკავშირა მოსარჩელეთა თანამდებობიდან გათავისუფლება; უდავოა, რომ 2014 წლის 10 იანვრის გათვისუფლების შესახებ სადავო ბრძანებებით ან. ს.-ს და თ. ა.-ს გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პიველი ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.).

იმ პირობებში, როდესაც სარჩელით სადავოდაა გახდილი გათავისუფლების შესახებ ბრძანებები, ამასთან სარჩელის შინაარსიდან (იხ. ტ. 1, ს.ფ. 14, 17 სარჩელში 16-ე, 23-ე ფაქტობრივი გარემეობა, აგრეთვე სარჩელის 20 გვ-ზე ; იხ. ასევე მოსარჩელეთა წერილობითი საპაექრო სიტყვა ტ.2 ს.ფ. 196, მე-5 პუნქტი, სადაც მოსარჩელეები მიუთითებენ სწორედ იმ გარემოებაზე, რომ დამსაქმებელ ორგანიზაციაში /სსიპ დანაშაულისა და პრევენციის ცენტრში/ განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად მოხდა მხოლოდ მათი გათავისუფლება და რომ რეალურად აღნიშნული რეორგანიაზაციას შედეგად არ მოჰყოლია შტატების შემცირება, რისი გათვალისწინებითაც მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ არ არსებობდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ა“ პუნქტის გამოყენების და რეორგანიზაციაზე მითითებით მათი გათავისუფლების საფუძველი) გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის მიერ მოსარჩელეთა გათვისულფების კანონიერების და შესაბამისად მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების თავლსაზრისით კონკრეტულ შემთხვევაში განმსაზღვრელია იმ საკითხის გამორკვევა, თუ რამდენად იყო მოცემულ შემთხვევაში სსიპ „დანაშუალის პრევენციის ცენტრი“ უფლებამოსილი სადავო ბრძანებებში მითითებული საფუძვლით (შკ-ის 37- ე მუხ. პირ. ნაწ. „ა“ პუნქ.) შეეწყვიტა მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულება და გაეთავისუფლებინა ისინი დაკავებული თანამდებობიდან. შესაბამისად მოპასუხის სააპელაციო პრეტენზია მსაზედ, რომ მხოლოდ და მხოლოდ დისკრიმინაციული დამოკიდებულების არსებობა - არარსებობის ჭრილში უნდა მომხდარიო სასამართლოს მიერ მოსარჩელეთა გათავისუფლების კანონიერების შემოწმება, პალატის მოსაზრებით, აბსოლუტურად უსაფუძლო და არარელევენტურია.

4.1.3.2 საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია - ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. შესაბამისად, მითითებული საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლებისას აუცილებელია, რომ არსებობდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და აღნიშნულის შედეგად აუცილებელი უნდა იყოს სამუშაო ძალის შემცირება. ამასთან, პირველი ელემენტით მოცემული გარემოებები (ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები) შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნას მიჩნეული, აუცილებელია ნებისმიერ აღნიშნულ (ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ ან ორგანიზაციულ) გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების კანონიერებას, რის მიხედვითაც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა საფუძვლიანობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა შესწავლა. სამუშაოდან გათავისუფლების ან დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის მიმართ ამა თუ იმ ღონისძიების გამოყენების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულთან მიმართებაში. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ ბრძანებაში მითითებული საფუძვლების კვლევის შედეგად.

ამდენად, როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს, და ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელჰყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს. დამსაქმებლის გადაწყვეტილება მოითხოვს დასაბუთებას, გარკვეულ გათვლებს, რეორგანიზაციამდე არსებული სტრუქტურისა და მომავალი სტრუქტურის შედარებას, რეორგანიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეების განსაზღვრას.

სააპელაციო პალატა ხაზგასმით შენიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში, ზეპირი განხილვის დროს სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე და გათავისუფლების კანონიერების საკითხის შეფასების თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სწორედ იმ ფაქტობრივი გარემოების გამორკვევას, მოჰყვა თუ არა დამსაქმებელ ორგანიზაციაში (სსიპ დანაშაულის და პრევენციის ცენტრში) განხორციელებულ რეორგანიზაციას შტატების და სამუშო ძალის შემცირება. მაგალითისთვის, სააპელაციო პალატა მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულ პირებისათვის ამ გარემოებასთნ დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე (იხ. 2015 წლის 17 მარტის და 26 ივნისის სხდომების, საოქმო ჩანაწერი), რაზეც მოწმე ნ. ს.-მ (იხ. 2015 წლის 17 მარტის სხდომის ოქმის ჩანაწერი 18:52:54-18:53:29) თავის ჩვენებაში გარკვევით და სარწმუნოდ მიუთითა, რომ მოსარჩელეების გარდა ცენტრში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად სხვა არავინ არ გათავისუფლებულა.

სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშანვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელემ სარჩელშივე დააფიქსირა თავისი პოზიცია და მიუხედავად საქმის ზეპირი განხილვისას ამ საკითხის გამოკვლევისა, პალატა შენიშანვს, რომ მოპასუხე მხარის მიერ რაიმე საპასუხო არგუმენტაცია ამ საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა. საქმის განხილვის ამ ეტაპზე კი აპელანტის მიერ იმ პრეტენზიის გაცხადება, რომ სასამართლო გასცდა მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებს და რომ სასამართლოს არ უნდა შეეფასებინა მოპასუხე ორგანიზაციაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგები სამუშაო ძალის და შტატების შემცირების თვალსაზრისით, მოკლებულია დამაჯერებლობას და მოპასუხის ამ პრეტენზიას რაიმე ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია. ნიშანდობლივია, რომ სააპელაციო სასამართლოში მოცემული საქმის ზეპირი განხილვისას, კერძოდ 2016 წლის 8 ნოემბრის სხდომაზე, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მხარეს მიეცა მითითებულ სადავო საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსათვის წარმოედგინა თავის დასაბუთებული პოზიცია (იხ. 2016 წლის 8 ნოემბრის საოქმო ჩანაწერი, დროის მონაკვეთი 16:53:12-16:53:32), მხარემ ვერ უზრუნველყო სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენა.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადინა საქმისათვის მნიშნელოვანი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2014 წლის 10 ივნისის რეორგანიზაციას არ მოჰყოლია შტატების შემცირება და სამუშო ძალის შემცირება. უფრო მეტიც სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ 2013 და 2014 წლის საშტატო განრიგების (იხ. ტ 1, ს.ფ. 124-126) ურთიერთშედარებით ადგენს, რომ 2014 წლის 10 იანვრის რეორგანიზაციის შემდეგ არათუ შემცირდა საშტატო ერთეულების ოდენობა, არამედ გაიზარდა (მაგ: 2013 წლის საშტატო განრიგის მონაცემებით დგინდება რომ ცენტრში არსებობდა 28 საშტატო ერთეული, რეორგანიზაციის შემდეგ კი 2014 წლის საშტატო განრიგით ცენტრში საშტატო ერთეულების ოდენობა განისაზღვრა 75-ით). ამასთან, მნიშვნელოვანია მოწმე ნ. ს.-ს ჩვენება იმის შესახებ, რომ გარდა მოსარჩელეებისა 2014 წლის 10 იანვრის რეორგანიზაცის ფარგლებში სხვა არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლებულა (იხ. 17.03.2015 წლის სასამართლო სხდომის საოქმო ჩანაწერი დროის მონაკვეთი 18:52:54).

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრში განხორციელებული 2014 წლის 10 იანვრის რეორგანიზაცია არ გულისხმობდა სამუშაო ძალის შემცირებას (შტატების) და პირიქით ითვალისწინებდა საშტატო ერთეულების ოდენობის გაზრდას, დამსაქმებლის მხრიდან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძველზე მოსარჩელეთა გათავისუფლება, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია. სააპელაციო პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს 2014 წლის 10 იანვრის რეორგანიზაციის შინაარსობრივ მხარეზეც და მიუთითბს, რომ ამ რეორგანიზაციის შედეგად ფაქტობრივად განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები, რის შედეგადაც პროექტების მენეჯერის ნაცვლად, სტრუქტურული ერთეულების - სამმართველოების ჩამოყალიბების შესაბამისად შეიქმნა რამდენიმე სხვდასხვა თნამდებობა, მათ შორის სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსის ასისტენტის, ასევე მეორე დონის პროექტების მენეჯერის და სხვა თანმდებობები. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ რეორგანიზაციის ფარგლებში განხორცილებული არც ეს სტრუქტურული ცვლილებები არ წარმოშობდა თანამშრომელთა, მითუმეტეს მხოლოდ მოსარჩელეთა გათავისუფლების აუცილებლობას, ვინაიდან მენეჯერის თანამდებობა შეცვლილი სახით ცენტრის რეორგანიზირებული სტრუქტურითაც იქნა გათვალისწინებული (იხ. ტ1, ს.ფ. 126). ამასთან, საყურადღებოა მოწმეთა ჩვენებები იმის თაობაზე, რომ ცენტრის რეორგანიზაცია ჯერ კიდევ ცენტრის ყოფილი დირექტორის (დ. მ.-ს) დროს იყო დაგეგმილი და რომ სამმართველოების ჩამოყალიბების შემდეგ პროექტების მენეჯერები უნდა გადასულიყვნენ სამმართველოს უფროსების თანამდებობაზე (მოწმე: ბ. ჭ.-ს ჩვენება, იხ. 2015 წლის 26 ივნისის სხდომის საოქმო ჩანაწერი დროის მონაკვეთი 11:20:00-11:21:15; 11:22:26-11:23:11; მოწმე ქ. ჩ. 11:52:03-11:52: 45; იხ. 2015 წლის 17 მარტის სხდომის საოქმო ჩანაწერი, მოწმე ნ. ს., დროის მონაკვეთი 18:51:49-18:54:26).

სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2014 წლის 10 იანვრის რეორგანიზაციის შემდეგ ის მიმართულებები (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, მედიაცია), რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ მოსარჩელეები პროექტების მენეჯერის პოზიციაზე ყოფნის დროს არ გაუქმებულა. დადგენილია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და ასევე მედიაციის კუთხით შესაბამისი სამმართველოები ჩამოყალიბდა (თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნით /სარჩელის დაზუსტებამდე/ მოსარჩელეები სწორედ ამ სამმართველოების უფროსების თანამდებობაზე ითხოვდნენ აღდგენას). შესაბამისად ის მიმართულებები და სფერო საქმიანობისა, რომელსაც უძღვებოდნენ მოსარჩელეები რეორგანიზაციის ფარგლებში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შემდეგაც არსებობდა და არგუმენტი იმის შესახებ, რომ სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ ფაქტობრივად აღარ იყო მოსარჩელეთა დასაქმების საჭიროება, არადამაჯერებელი იქნებოდა. პალატა აქვე დასძენს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგნის ფარგლების გათვალისწინებით ვერ გავცდებით მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის აუცილებელ საკითხთა წრეს და კიდევ ერთხელ, პალატა შენიშანვს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ბრძანებების კანონიერების შემოწმება უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ კონტექსტის გათვალისწინებით - შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძველზე იყო თუ არა უფლებამოსილი დამსაქმებელი თანამდებობიდან გაეთვისუფლებინა მოსარჩელეები. აღნიშნულის ხაზგასმა გამოწვეულია იმ ვითარებით, რომ საქმეში წარმოდგენილი მოპასუხე ორგანიზაციის 2014 წლის 3 იანვრის წერილ #2 (იხ. ტ 2 ს.ფ.) შინაარსიდან გამომდინარე მოპასუხე ორგანიზაციის პოზიცია შესაძლოა ისე იქნეს აღქმული, რომ მოსარჩელეებთან მიმართებაში მათი არაკვალიფიციურობის და დაკავებულ თანამდებობასთან მათი პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობის გამო უნდა მოეხდინა მოპასუხეს მათი გათავისუფლება, თუმცა ფაქტია, რომ გათავისუფლება განხორციელდა არა შკ-ის 37-ე პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის (დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან) საფუძველზე, არამედ ამავე მუხლის ამავე ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ საფუძველზე (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარდა მოპასუხე ორგანიზაციის პოზიციისა, რაც შეფასებული უნდა იქნეს მხარის ახსნა-განარტებად, სხვა რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა მოსარჩელეთა არაკვალიფიციურობას და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობას მათ მიერ დაკავებულ თანამდებობასთნ საქმეში არ მოიპოვება. საპირისპიროდ კი საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომლითაც წარმოჩენილია ის ფაქტი, რომ 2013 წლის 19 ნოემბერს, არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის 3-წლიანი შედეგების შეჯამებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე მოსარჩელე თ. ა. დაჯილდოვდა „პროგრამის გამორჩეულად ეფექტური მენეჯმენტისთვის“, ხოლო მოსარჩელე ან. ს. დაჯილდოვდა „პროგრამის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“).

ამგვარად, მითითებული მსჯელობის და ფაქტობრივი გარემოებების კვალობაზე სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი არ იყო უფლებამოსილი შრომის კოდექსის 37-ე მუხლი პირველი ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გაეთავისუფლებინა მოსარჩელეები დაკავებული თანამდებობებიდან. შესაბამისად, სადავო, გათავისუფლების შესახებ 2014 წლის 10 იანვრის ბრძანებები, როგორც კანონის დარღვევით მიღებული, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გააბათილა და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის გაზიარების საკმარისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

4.1.4. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა სააპელაციო პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ ნაწილობრივ დასაკმაყოფილებელია.

სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, შედეგობრივი თვალსაზრისით, იწვევს გათავისუფლების ბრაძნების გამოცემამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი გათავისუფლებით მიადგა, შესაბამისად, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლების კონტექსტში ის სამართლებრივი შედეგებია, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას სდევს თან.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ სამართლებრივ შედეგთან მიმართებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა გამოყენებული საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი, თუმცა სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რამაც ამ ნაწილში გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების მიღება კერძოდ:

საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“.

მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის ვალდებულება, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ - მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ მართალია, სწორად შეაფასა ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა მიერ დაკავებული თანამდებობები (პროექტების მენეჯერები) პირვანდელი სახით აღარ არსებობდა ცენტრში განხორციელებული 2014 წლის 10 იანვრის, ასევე 2014 წლის 28 მარტის რეორგანიზაციების შემდეგ (პროგრამების მენეჯერების ნაცვლად 2014 წლის 10 იანვრის რეორგანიზაციის შემდგომ ჩამოყალიბდა შესაბამისი მიმართულების სამმართველოები მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და ასევე მედიაციის სამმართველოები, ხოლო 2014 წლის 28 მარტის რეორგანიზაციის შემდეგ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და მედიაციის სამმართველოები გაერთიანდა ერთ სამმართველოდ განრიდებისა და მედიაციის სამმართველოდ და თავად ამ სამმართველოში ჩამოყალიბდა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯერის, აგრეთვე მედიაციის სახლის მენეჯერის თანამდებობები) და ამ თანამდებობებზე აღდგენის შესაძლებლობა აღარ არსებობდა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ არასაკმარისად იმსჯელა და შესაბამისად დაუსაბუთებლად გამორიცხა ტოლფასი თანამდებობებზე მოსარჩელეთა აღდგენის შესაძლებლობა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ 2014 წლის 14 აპრილს გამოცხადებული კონკურსის წესით უნდა ყოფილიყო დაკავებული 2014 წლის 28 მარტის რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული თანამდებობები (მათშორის განრიდების და მედიაციის მენეჯერის და მედიაციის სახლის მენეჯერის თანამდებობები) და რომ ამის გამო ამ თანამდებობებზე ვერ მოხდეობდა მოსარჩელეების აღდგენა და რომ უკეთეს შემთხვევაში მოსარჩელეთა შრომითი ურთიერთობა დამსაქმებელთან შეიძლება გაგრძელებულიყო მაქსიმუმ 2014 წლის 14 აპრილს გამოცხადებული კონკურსის დასრულებამდე (2014 წლის 16 მაისამდე), სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპეალციო პალატა პირველყოვლისა ყურადღებას შეაჩერებს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის (მოვალეობის შემსრულებლის) 2014 წლის 8 მაისის #XX.ს ბრძანებაზე (იხ. ბრძანება, ტ2, ს.ფ 38-39), ასევე საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის (იხ. ტ.2 ს.ფ. 41) შინაარსზე, რომელთა საფუძველზეც დგინდება, რომ განრიდების და მედიაციის სამმართველოში განრიდების და მედიაციის მენეჯერის, აგრეთვე მედიაციის სახლის მენეჯერის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადებული არ ყოფილა. გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ როგორც თ. ა., ასევე ან. ს. 2013 წლის 1-ლი ოქტომბრიდან პროექტების მენეჯერების თნამდებობებზე დანიშნულები იყვნენ სწორედ კონკურსის წარმატებით გავლის შედეგად.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2014 წლის 10 იანვრის ბრძანების საფუძველზე განხორციელებულ რეორგანიზაციას მოპასუხე ორგანიზაციაში შტატების შემცირება არ მოჰყოლია, პირიქით გაიზარდა კიდეც, გაუქმდა პროექტების მენეჯერის თანამდებობა და ცენტრის ახალი სტრუქტურული ერთეულების - სამმართველოების ჩამოყალიბების შესაბამისად, შეიქმნა რამდენიმე სხვადასხვა თანამდებობა, მათ შორის - სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსის ასისტენტის, სპეციალისტის, ფსიქოლოგის და სხვ. თანამდებობა. ამასთან, სხვა სამმართველოებთან ერთად, შეიქმნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამმართველო და მედიაციის სამმართველო (სწორედ ამ სამმართველოს უფროსების თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდნენ მოსარჩელეები თავდაპირველი სარჩელით /იხ. ტომი I ს.ფ. 124-128/), რომლებიც 2014 წლის 28 მარტს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გაერთიანდა ერთ სამმართველოდ (განრიდებისა და მედიაციის სამმართველოდ) და მის შიგნით შეიქმნა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯერისა და მედიაციის სახლის მენეჯერის შტატები, რომლებიც მოსარჩელეთა მითითებით წარმოადგენს მათ მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობების ტოლფას თანამდებობებს. (დაზუსტებული სარჩელით ან. ს. ითხოვს აღდგენილი იქნეს მედიაციის ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე, ხოლო თ. ა. - განრიდების და პროგრამების მენეჯერის თანამდებობაზე იხ. ტ. II.ს.ფ. 6-8 ). სააპელაციო პალატა აქვე შენიშანვს, რომ რამდენადაც თავად ამ დავის მიმდინარეობის დროს მოპასუხე ორგანიზაციაში განხორციელებული კიდევ ერთი რეორგანიზაცია (იგულისხმება 2014 წლის 28 მარტის რეორგანიზაცია), როგორც ახალი ფაქტობრივი საფუძველი, მოსარჩელეებს სსსკ-ის 83-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე აძლევდა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების უფლებას, მოსარჩელეების მიერ გამოყენებული იქნა ეს პროცესუალური უფლება და 2014 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე (იხ. ტ 2 ს.ფ. 6-8) დაზუსტებული იქნა სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში და მოსარჩელეებმა საბოლოოდ მოითხოვეს ცენტრში ტოლფას თანამდებობებზე (თ. ა.-მ მოითხოვა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯერის, ხოლო ან. ს.-მ - მედიაციის მენეჯერის პოზიციაზე) აღდგენა.

მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი თანამდებობების თვდაპირველ (პროექტების მენეჯერის თანამდებოები) თანამდებობებთან ტოლფასობის დასტურად მოსარჩელეების მიერ საქმეში წარმოდგენილი იქნა საჯარო სამსახურის ბიუროს ამონაწერი (ს.ფ. 105- 108), სადაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროგრამების კოორდინატორის სამუშაოს აღწერაში მითითებულია ის ფუნქციები, რომლის განხორციელებაც ევალებოდა ამ თანამდებობაზე მომუშავე პირს, კერძოდ: არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯმენტი, არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში მონაწილე პროფესიონალების (პროკურორები, სოციალური მუსაკები/ პრობაციის ოფიცრების და მედიატორების) კოორდინირება, არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში მონაწილე პროფესიონალებისთვის (პროკურორები, სოციალური მუსაკები/ პრობაციის ოფიცრების და მედიატორების) სამუშაო შეხვედრების და ტრენინგების უზრუნველყოფა, სხვა სასჯელის ალტერნატიული პროგრამების საჭიროფებების და შესაძლებლობების განხილვა და დანერგვაში ხელშეწყობა.

მედიაციის კოორდინატორის სამუშაო ფუნქციები კი მოიაზრებდა: არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული მედიატორების საქმიანობის ზედამხედველობა, მედიატორტა სამუშაო შეხვედრების და ტრენინგების ორგანიზება,
მედიაცისათან დაკავშირებული პროექტების შემუშავება და განხორციელება, მედიაციის საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მედიაციის ცენტრის მენეჯმენტი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში პროექტების შემუშავება და განხორციელება.

იქიდან გამომდინარე, რომ ის მიმართულებები (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, მედიაცია), რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ მოსარჩელეები პროექტების მენეჯერის პოზიციაზე ყოფნის დროს არ გაუქმებულა ცენტრში განხორციელებული რეორგანიზაციების შემდეგაც და დადგენილია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და ასევე მედიაციის კუთხით იმავე ფუნქციებს ერთობლიობაში მოიაზრებს 2014 წლის 28 მარტის რეორგანიზაციის შედეგედ შექმნილი განრიდებისა და მედიაციის სამმართველო, რომლის შიგნითაც შექმნილია განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯერისა და მედიაციის სახლის მენეჯერის შტატები, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ რაიმე საპირისპირო პოზიცია მოსარჩელეთა მიერ დაზუსტებული სარჩელით მოთხოვნილი თანამდებობების არატოლფასოვნობის შესახებ მოპასუხეს არ შემოუთავაზებია, სააპეალციო პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელეთა გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობების (პროგრამების მენეჯერის თანამდებობები) ტოლფას თანამდებობებს წარმოადგენს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის განრიდებისა და მედიაციის სამმართველოში არსებული განრიდებისა და მედიაციის პროგრამების მენეჯერის და მედიაციის სახლის მენეჯერის თანამდებობები. სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელეთა მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობები და დაზუსტებული სარჩელის პირობებში მითითებული თანამდებობები, არ წარმოადგენენ ტოლფას თანამდებობებს დამსაქმებლის (მოპასუხის) მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის. დასახლებულ თანამდებობათა ტოლფასოვნების შესახებ მოსარჩელეთა მტკიცებას მოპასუხე მხარემ დაუპირისპირა მხოლოდ ის არგუმენტი, რომ სამმართველოს უფროსის თანამდებობა არ შეიძლებოდა განხილულიყო თავდაპირველი თანამდებობების (პროგრამების მენეჯერის თანამდებობის) ტოლფას თანამდებობად. თუმცა, მოპასუხის აღნიშნული არგუმენტი სააპელაციო პალატის მოსაზრებით აბსოლუტურად უსაფუძვლოა, ვიანიადნ მოსარჩელეები დაზუსტებული სარჩელით მოითხოვენ არა სამმართველოს უფროსის თნამდებობებზე, არამედ მედიაციის და განრიდების სამმართველოში მედიაციის და განრიდების მენეჯერის და მედიაციის სახლის მენეჯერის თანამდებობაზე აღდგენას. ამ კონკრეტულ პოზიციებთან მიმართებაში კი რაიმე დასაბუთებული მტკიცება, რომ აღნიშნული თანამდებობები არ წარმოადგენენ თავდაპირველი თანამდებობების ტოლფასს მოპასუხეს (დამსაქმებელს) სასამართლოსათვის არ შემოუთავაზებია.

ამგვარად, სააპელაციო პალატის შეფასებით, ფაქტობრივად სადავო არც ხდება, რომ დაზუსტებული სარჩელით მოთხოვნილი განრიდებისა და მედიაციის, ასევე მედიაციის სახლის მენეჯერის თანამდებობები თავიანთი აღწერილობიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე წარმოადგენენ მოსარჩელეთა თავდაპირველი (პროექტების მენეჯერის) თანამდებობების ტოლფასს თანამდებობებს, რამდენადაც მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის სამმართველოს უფროსის თანამდებობის ტოლფასოვნობას მოსარჩელეთა პირვანდელ თანამდებობებთან მიმართებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელეთა გათავისუფლება პროგრამების მენეჯერის თნამდებობებიდან დამსაქმებლის მიერ განხორციელდა არაკანონიერად, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ამ თავდაპირველი თანამდებობების ტოლფას თნამდებობებს წარმოადგენს მედიაციისა და განრიდების მენეჯერის, აგრეთვე მედიაციის სახლის მენეჯერის თანამდებობები, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ან. ს. აღდგენილ უნდა იქნეს მედიაციის სახლის მენეჯერის თანამდებობაზე, ხოლო თ. ა. - განრიდების და პროგრამების მენეჯერის თანამდებობაზე.

4.1.5. საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. მოცდენად უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარებაც, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე ან ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე დრო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა.

ამდენად, სააპელაციო პალატას საფუძვლიანად მიაჩნია მოსარჩელეების მოთხოვნა მათთვის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თუმცა იმის გათვალისიწნებით, რომ მოსარჩეელებს გათავისუფლებისას დამსაქმებლისგან მიღებული ჰქონდათ 2-2 თვის კომპენსაცია, მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ იძულებითი განაცდრის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ 2014 წლის 11 მარტიდან (და არა 2014 წლის 11 იანვრიდან, როგორც ამას მოითხოვს მოსარჩელე მხარე), ტოლფას თანამდებობებზე აღდგენამდე პერიოდისათვის ყოველთვიური ხელფასის 1500-1500 (განრიდებისა და მედიაციის მენეჯერის, აგრეთვე მედიაციის სახლის მენეჯერის ხელფასის - 1500-1500 ლარის) ლარის ოდენობით.

4.1.6. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად უთხრა უარის მოსარჩელეებს მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით იძულებითი განაცდური თანხის დაყოვნების ყოველი დღისთვის, ამ თანხის 0.07 პროცენტის გადახდის დაკისრებაზე, რადგან პალატის მოსაზრებით პირგასამტეხლოს მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს არსებული ფულადი ვალდებულებიდან და არა იმ თანხიდან, რაც სასამართლომ დააკისრა ან შეიძლება დააკისროს პირს არსებული ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის იძულებითი განაცდურის სახით, რადგანაც იძულებითი განაცდური არ წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად ვალდებულებას, ხელფასის ან/და მისაღები პრემიის სახით, არამედ იგი წარმოადგენს იმ თანხას, რაც სასამართლომ დააკისრა ან შეიძლება დააკისროს მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების სახით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

ზემოთ მითითებული ნორმის ანალიზის საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას, ანუ სახეზეა გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობა - ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. ნებისმიერ ანაზღაურებაში თუ ანგარიშწორებაში, რომლის დაყოვნებასაც კანონი უკავშირებს დაყოვნებული თანხის 0.07%–ის ყოველი დაყოვნებული დღისათვის გადახდის ვალდებულებას, არ შეიძლება მოვიაზროთ განაცდური, ვინაიდან განაცდური წარმოადგენს არა სახელშეკრუელბო შეთნხმების, არამედ დასაქმებულისათვის დამდგარი ზიანის ანაზღურების სახეს.

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისათვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არ არსებობის გამო, ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სასამართლომ სწორად უთხრა უარი მოსარჩელეს.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ სააპელაციო საჩივარი მისი დაუსაბუთებლობის გამო არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

ან. ს.-ს და თ. ა.-ს სააპელაციო საჩივარი კი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2-ე, 2.2-ე და მე-3 პუნქტების შეცვლით ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება:

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კი თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

იმის გათვალისწინებით, რომ თ. ა.-ს და ან. ს.-ს სარჩელი და სააპელაციო საჩივარი სადავო ბრძანებების ბათილობის ნაწილში და ასევე ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში სრულად დაკმაყოფილდა, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ ან. ს.-ს სასარგებლოდ, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში უნდა დაეკისროს 100 ლარის, ხოლო სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში - 150 ლარის გადახდა; ასევე სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ თ. ა.-ს სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში უნდა დაეკისროს 100 ლარის, ხოლო სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში - 150 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ან. ს.-ს და თ. ა.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3. მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2-ე, 2.2-ე და მე-3 პუნქტების შეცვლით ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:
3.1 ან. ს.-ს სარჩელი ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და გათავისუფლებიდან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
3.1.1. ან. ს. აღდგენილ იქნეს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ ტოლფას - მედიაციის სახლის მენეჯერის, თანამდებობაზე;
3.1.2. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ ან. ს.-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 11 მარტიდან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიური ხელფასის - 1500 ლარის, გათვალისწინებით;
3.2. ან. ს.-ს სარჩელი გათავისუფლებიდან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდში თითოეული თვის იძულებითი განაცდურის - 1500 ლარის დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
3.3. თ. ა.-ს სარჩელი ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და გათავისუფლებიდან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
3.3.1. თ. ა. აღდგენილ იქნეს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ ტოლფას - განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯერის, თანამდებობაზე;
3.3.2. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ თ. ა.-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 11 მარტიდან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიური ხელფასის - 1500 ლარის, გათვალისწინებით;
3.3.3. თ. ა.-ს სარჩელი გათავისუფლებიდან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდში თითოეული თვის იძულებითი განაცდურის - 1500 ლარის დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ ან. ს.-ს სასარგებლოდ, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში დაეკისროს 100 ლარის, ხოლო სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 150 ლარის გადახდა;
5. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ თ. ა.-ს სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში დაეკისროს 100 ლარის, ხოლო სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 150 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.