საქმის ნომერი: 1ბ/65-18
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართლის პროცესი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2კ-309აპ.-18
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა და მოითხოვეს განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებლის გამართლება. ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება. სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა და საქალაქო სასამართლოს განაჩენი დატოვა უცვლელად.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1ბ/65-18 (2018-04-16), www.temida.ge
საქმის № 1ბ/65-18

განაჩენი
საქართველოს სახელით
       16 აპრილი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვეფხია ლომიძე

ლელა ბახტაძის მდივნობით

პროკურორ - ა. ს.-ს
ადვოკატის - რ. კ.-ს
მსჯავრდებულის - ნ. კ.-ს

მონაწილეობით,

მსჯავრდებულ ნ. კ.-ს და მისი ადვოკატის რ. კ.-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ნ. კ.-ს მიმართ, დაბადებული 1XXX წლის XX ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N131XXXXXXXX, საშუალო განათლებით, დაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი X, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 12 დეკემბრის განაჩენით:
ნ. კ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
ნ. კ.-ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2015 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე ნ. კ. თანამონაწილეებთან ზ. ზ.-სთან და გ. ზ.-სთან ერთად დანებით და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, შეიჭრა ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილ NXX/X-ში მდებარე სუპერმარკეტ „X’’ და მოლარე-ოპერატორებს ნ. კ.-ს და გ. ბ.-ს სიცოცხლისათვის საშიში ძალადობითა და მუქარით გასტაცა შპს „X“-ის კუთვნილი ფულადი თანხა 2 100 ლარის ოდენობით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულმა ნ. კ.-მ და მისმა ადვოკატმა რ. კ.-მ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 12 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტებს მიაჩნიათ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ნ. კ.-ს მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად და სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ორი მოწმის - ს. კ.-ს და მ. კ.-ს ჩვენებებს, რომლებიც არათანამიმდევრული, ურთიერთსაწინააღმდეგო და არადამაჯერებელია. ასეთივე ჩვენებები აქვთ მიცემული სასამართლოსთვის მოწმის სახით დაკითხულ ი. ს.-ს, გ. შ.-ს, ბ. ლ.-ს და ო. ღ.-ს. სწორედ აღნიშნული მოწმეების ჩვენებათა ის ნაწილი გაიზიარა განაჩენში სასამართლომ, რაც ბრალდების მხარეს სურდა. ასევე არ მიაქცია სასამართლომ ყურადღება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად შემთხვევის ადგილზე აღებული სუნის ნიმუშის გამოკვლევისას ნ. კ.-ს სუნის კვალის ნიმუშთან იდენტურობა არ დადასტურდა.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას აპელანტებმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, შეაფასა და გააანალიზა როგორც შეკრებილი მტკიცებულებები, ისე დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში და ზეპირი მოსმენის სხდომაზე ჩამოყალიბებული არგუმნტაცია და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ. კ.-მ გ. ზ.-ს და ზ. ზ.-ს თანამონაწილეობით ჩაიდინა ყაჩაღობა, რაც დადასტურებულია დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოსურათით ამოცნობისა და პირის ამოცნობის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმით, სათვალთვალო კამერის ჩანაწერით და საქმეში არსებული სხვა მასალებით.
მსჯავრდებულმა ნ. კ.-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას თავი დამნაშავედ არ ცნო. მიუთითა, რომ შემთხვევის დღეს თბილისში არ იმყოფებოდა. ზ. ზ. მისი თანასოფლელია და იცნობს, ხოლო გ. ზ.-ს არ იცნობს.
პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, ისინი დაინტერესებული პირები არიან და, შესაბამისად, სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას. პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულებმა მისცეს თანმიმდევრული ჩვენებები, მათი ჩვენებები კი თანხვედრაშია მოწმეთა ჩვენებებთან. გასათვალისწინებელია, რომ სუპერმარკეტის თანამშრომელთა გარდა, ყაჩაღობის ფაქტი დაადასტურეს ამ შემთხვევის შემსწრე სხვა პირმაც /ი. ს./. აღნიშნული დასტურდება ამოცნობის ოქმებითაც.

დაზარალებულმა ნ. კ.-მპირველი ინსტანციის სასამართლოში მისცა შემდეგი შინაარსის ჩვენება: 2015 წელს მუშაობდა კახეთის გზატკეცილის NXX/X-ში მდებარე სუპერმარკეტ „X“-ს მოლარე-ოპერატორად. 17 ივნისს, დაახლოებით 17:20 საათზე მაღაზიაში შევიდა სამი პიროვნება, რომლებსაც ეკეთათ „ბენდენები“. სამივე მათგანი მაღაზიაში შევიდა მის მოპირდაპირედ არსებული გ. ბ.-ს სალაროს მხრიდან. ერთ-ერთი თავდამსხმელი გაჩერდა გ.-ს სალაროსთან, ხოლო ორი პიროვნება მივიდა მის სალაროსთან. თავდამსხმელი, რომელიც იდგა მასთან, იყო ჭაღარაშერეული თმით, ხელში ეკავა დანა და ითხოვდა სალაროს გახსნას. ჭაღარათმიანის გვერდით იდგა შედარებით დაბალი, შავგვრემანი მამაკაცი მოკლედ შეჭრილი მუქი ფერის თმით, მუქი ფერის თვალებით, სწორი ცხვირით, რომელსაც, როგორც მოგვიანებით თანამშრომელ მ. კ.-სგან შეიტყო, ხელში ეჭირა იარაღი, რაც მიშვერილი ჰქონდა მისი მიმართულებით, თუმცა დაბნეულობის და შიშის გამო, ვინაიდან ჭაღარათმიანი მამაკაცი შეიარაღებული იყო დანით და აიძულებდა სალაროს გაღებას, მეორე თავდამსხმელის ხელში იარაღი თავად არ შეუნიშნავს. ჭაღარათმიანმა მამაკაცმა სალაროდან ამოღებული ფული გადააწოდა გ.-ს სალაროსთან მდგომ თავდამსხმელს, რომელიც ფულს პარკში ყრიდა. თავდამსხმელების მაღაზიიდან გასვლისას მაღაზიაში შევიდა დაცვის თანამშრომელი ს. კ.. მოწმის განმარტებით თავდამსხმელებს ე.წ. „ბენდენები“ გაკეთებული ჰქონდათ ცხვირის წვერამდე ისე, რომ შეეძლო, გაერჩია მათი ცხვირის, თვალის ფორმა და სახის ნაკვთები.

დაზარალებულ გ. ბ.-ს ჩვენებით 2015 წლის 17 ივნისს მუშაობდა მაღაზია „X-ში“ მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. მასთან ერთად ასევე მუშაობდა მოლარე-ოპერატორი ნ. კ.. საღამოს მაღაზიაში შევიდა სამი პიროვნება, რომლებსაც სახეზე აფარებული ჰქონდათ ე.წ. „ბენდენები“, რითიც დაფარული ჰქონდათ სახე ცხვირის წვერის ნაწილამდე. ერთ-ერთი თავდამსხმელი მივიდა მის სალაროსთან, სახეზე მიუშვირა დანა და მოსთხოვა სალაროს გახსნა. სალაროს გახსნისნის შემდეგ თავდამსხმელმა თავად ამოიღო ფულადი თანხა და ჩაყარა პარკში. ნ. კ.-ს სალაროსთან ანალოგიურად ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელიც იყო შეჭაღარავებული და დანით შეიარაღებული, ითხოვდა სალაროს გახსნას. მესამე მამაკაცი, რომელიც ასევე იდგა ნ. ს სალაროსთან, იყო შეიარაღებული და ორივე მათგანს უშვერდა იარაღს. ყაჩაღური თავდასხმის დროს მაღაზიაში ასევე იმყოფებოდნენ მენეჯერი - ო. ღ., დაცვის თანამშრომელი - ს. კ. და თანამშრომელი - მ. კ., რომელიც იდგა ნ. კ.-სთან ახლოს და კარგად ხედავდა დაყაჩაღების ფაქტს. რაც შეეხება მასთან მდგომ თავდამსხმელს, იგი იყო დაბალი, გამხდარი, ხუჭუჭა ტალღოვანი თმით. ყაჩაღური თავდასხმის შედეგად მაღაზიას მიადგა დაახლოებით 2000 ლარის მატერიალური ზარალი.

მოწმე ბ. ლ.-მ თავის ჩვენებაში მიუთითა შემდეგი: მუშაობდა შპს „X“-ის დირექტორის თანამდებობაზე. 2015 წლის 17 ივნისს მისთვის ცნობილი გახდა მაღაზია „X“-ის დაყაჩაღების შესახებ, რა დროსაც წაღებული იქნა ფულადი თანხა - 2100 ლარი. მაღაზიაში დამონტაჟებულია ვიდეოკამერები, რომლის ჩანაწერიც ამოღებულ იქნა სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ჩანაწერში დაფიქსირებული იყო მაღაზიაში თავდამსხმელთა შესვლის და ფულის გატაცების ფაქტი.
საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის მსჯელობა ბ. ლ.-ს ჩვენების სანდოობის ეჭქვეშ დაყენებასთან დაკავშირებით. დაცვის პოზიციის ინტერესებიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილია ჩვენების არასწორი ინტერპრეტაცია, თითქოს ბ. ლ. საერთოდ არ მუშაობდა შპს ,,X-ში“, მას არ შეეძლო გაეკეთებინა მაღაზიაზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ასლი და გამოძიებას ბ. ლ.-ს ,,X“ მუშაობის ვერსიის გამოგონება დასჭირდა იმისთვის, რომ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცია ვიდეოჩანაწერის საქმეზე დართვა. ბ. ლ.-მ რეალურად აჩვენა, რომ ყაჩაღური თავდასხმის ამსახველი ჩანაწერი მაღაზიაში მის დანიშვნამდეც ინახებოდა. იგი ჩაწერილი იყო მის სამუშაო კომპიუტერშიც. ჩაწერა თვითონ მას არ განუხორციელებია, არამედ მის მისვლამდე ჩაწერეს თანამშრომლებმა. დისკი ჩანაწერით გადასცა პოლიციას სათანადო განჩინების საფუძველზე.
ამდენად, ჩვენების შინაარსიდან გამომდინარე, ბ. ლ.-ს არ დასჭირდებოდა, გამოძიებისთვის მიეწოდებინა შეგნებულად არასწორი ინფორმაცია ,,X-ში“ მისი მუშაობის დაწყების თარიღთან დაკავშირებით. მან მუშაობის დაწყების თარიღად მიუთითა ყაჩაღური თავდასხმის წინა დღე, რაც დაცვამ საეჭვოდ მიიჩნია და ამ ინფორმაციის მცდარობა მართლაც დადასტურდა გ. შ.-ს და ო. ღ.-ს ჩვენებებით. მოწმე ო. ღ.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ბ. ლ.-ს არ იცნობს. ამასთან მიუთითა, რომ შემთხვევის შემდეგ მალე წამოვიდა ,,X-დან“. ამდენად ბ. ლ.-მ შემთხვევის შემდეგ დაიწყო ,,X-ში“ მუშაობა. გ. შ.-მ კი მიუთითა, რომ ბ. ლ.-მ ,,X-ში“ მუშაობა დაიწყო 2016 წლის სექტემბერში. ბ. ლ.-ს ჩვენება იმის შესახებ, თუ როგორ არმოჩნდა მის ხელში ყაჩაღური თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მას არ ჰქონდა მოტივაცია, ეცრუა ,,X-ში“ მუშაობის დაწყების თარიღთან დაკავშირებით და ამ თარიღის არასწორად დაფიქსირების გამო არ გვაქვს საფუძველი, მისი ჩვენება მთლიანად დავაყენოთ ეჭვის ქვეშ. საქმის მასალებით დგინდება, რომ გამოძიებას ბ. ლ.-მ ყაჩაღური თავდასხმის ამსახველი დისკი გადასცა 2017 წლის 16 მარტის სასამართლოს განჩინების საფუძველზე.

მოწმე ს. კ.-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა კახეთის გზატკეცილი NXX/X-ში მდებარე მაღაზია „X-ს“ უსაფრთხოების ადმინისტრატორის თანამდებობაზე. 2015 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 17:20 საათზე მისი ყურადღება მიიქცია მაღაზიაში მომუშავე მოლარე-ოპერატორის - ნ. კ.-ს წამოძახილმა და გაემართა მისი მიმართულებით. როდესაც სცადა ნ. კ.-სთან მიახლოება, მეორე სალაროსთან, სადაც იმყოფებოდა მოლარე-ოპერატორი გ. ბ., შენიშნა სამი მამაკაცი, რომლებიც გამოდიოდნენ გასასვლელისკენ. მათთან მიახლოებისას სამიდან წინ მიმავალმა მამაკაცმა მიუშვირა იარაღი და უთხრა, რომ თუ არ გაიწეოდა და არ მისცემდა გასვლის საშუალებას, ესროდა. იძულებული გახდა, დაეხია უკან. თავდამსხმელების მაღაზიიდან გასვლისთანავე საგანგაშო ღილაკის გამოყენებით გამოიძახა პოლიცია. მოწმის განმარტებით, მამაკაცმა, რომელმაც მაღაზიიდან გასვლისას მიუშვირა იარაღი, არის სასამართლო სხდომის დარბაზში წარმოდგენილი ბრალდებული ნ. კ., რომლის ამოცნობაშიც დარწმუნებულია იქიდან გამომდინარე, რომ მაღაზიიდან გასვლისას იგი მიდიოდა პირველი და იარაღის მიშვერისას მიიქცია ყურადღება. დამახსოვრება არ გასჭირვებია მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელებს პირზე აფარებული ჰქონდათ „ბენდენები“, რაც უფარავდათ ცხვირის მხოლოდ ქვედა ნაწილს. ამიტომ თავისუფლად შეძლო მათი ნაკვთების და სახის დამახსოვრება. მან ასევე ამოიცნო მეორე თავდამსხმელი, რომელსაც თმა ჰქონდა შეჭაღარავებული და ხელში ეჭირა დანა.

არ უნდა იქნას გაზიარებული დაცვის პოზიცია ს. კ.-ს ჩვენების არადამაჯერებლობასთან დაკავშირებით იმ საფუძვლით, რომ იგი ,,საკმაოდ ზუსტად“ აღწერს თავდასხმელების გარეგნობას მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოჩანაწერის თანახმად იგი მათ სულ ორი წამის განმავლობაში ხედავს და, ამასთან, აქვს მხედველობის პრობლემა - ხმარობს სათვალეს. დაცვამ საეჭვოდ მიიჩნია ისიც, რომ ს. კ.-მ ნ. კ. ამოიცნო შემთხვევიდან 1 წლის და 9 თვის შემდეგ. ადვოკატმა მიუთითა, რომ ამოცნობის ჩატარებამდე ს. კ.-ს დაანახეს დაკავებული ნ. კ..
სასამართლო განმარტავს, რომ სახეზე არ არის მოწმე ს. კ.-ს ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. იგი დამაჯერებლად, თანამიმდევრულად აღწერს ყაჩაღური თავდასხმის დროს მაღაზიაში განვითარებულ მოვლენებს და მისი ჩვენება სრულ თანხვედრაშია სხვა მოწმეთა ჩვენებებთან. დროის მცირე მონაკვეთი -რამდენიმე წამი, როცა იგი ხედავდა თავდამსხმელებს, სავსებით საკმარისია მათი სახეების დამახსოვრებისთვის და ამ მხრივ ს. კ.-ს ჩვენების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება იმას, რომ იგი ატარებს სათვალეს სამედიცინო დანიშნულებით, ეს არ შეიძლება შეფასდეს, როგორც მისი მხედველობის ისეთი ნაკლი, რაც ხელს შეუშლიდა მომხდარის აღქმაში. მოწმე გ. შ.-მ სასამართლოში მიცემული ჩვენებაში აღნიშნა, რომ ს. კ. მართალია, ხმარობს სათვალეს, მაგრამ მას მხედველობასთან დაკავშირებით პრობლემები არა აქვს.
პალატა ასევე უთითებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ადვოკატის მიერ გამოთქმული ეჭვი ამოცნობამდე ს. კ.-ს მიერ დაკავებული ნ. კ.-ს დანახვის შესახებ, რაც, მისი თქმით, უზრუნველყვეს პოლიციელებმა და რის გამოც ს. კ.-მ შეძლო ნ. კ.-ს ამოცნობა 1 წლის და 9 თვის შემდეგ. გასათვალისწინებელია, რომ მანამდე ს. კ.-მ ნ. კ. ამოიცნო ფოტოსურათითაც. არ შეესაბამება სინამდვილეს ადვოკატის მითითება ამოცნობის ჩატარების დროს ნ. კ.-ს გვერდით მჯდომი პირების არაიდენტიფიცირების შესახებ იმის გამო, რომ არაა მითითებული მათი პირადი ნომრები. ამოცნობის ოქმში მითითებულია მათი იდენტიფიცერიბისთვის აუცილებელი ანკეტური მონაცემები.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე მ. კ.-ს ჩვენების თანახმად იგი 2015 წლის 17 ივნისს მუშაობდა კახეთის გზატკეცილის NXX/X-ში მდებარე სუპერმარკეტ „X-ში“ კონსულტანტის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედიოდა მომხმარებლის მიერ არჩეული პროდუქციის აწონვა და ფასის მიკვრა. 17 ივნისს, ჩვეულებისამებრ იმყოფებოდა სამსახურში, ტკბილეულის განყოფილებაში, რომელიც განთავსებული იყო ორივე სალაროსთან ახლოს. მოლარე-ოპერატორებად სალაროსთან მუშაობდნენ ნ. კ. და გ. ბ.. დაახლოებით 17:20 საათზე მისთვის უცნობი ორი მამაკაცი მივიდა ნ. კ.-ს სალაროსთან. მათგან ერთი- ერთი იყო საშუალო სიმაღლის, გამხდარი, ჭაღარაშერეული, საშუალოზე გრძელი თმით, შავგვრემანი, დაახლოებით 40 წლის ასაკის, მუქი ფერის თვალებით, სწორი ცხვირით, სწორი წარბებით. ეცვა მოკლესახელოებიანი მუქი ფერის ზედა. მას გვერდით ამოუდგა დაახლოებით 20-25 წლის შედარებით დაბალი, შავგვრემანი მამაკაცი, მოკლედ შეჭრილი მუქი ფერის თმით, მუქი ფერის თვალებით, სწორი ცხვირით და სწორი მუქი ფერის წარბებით. ორივე მამაკაცს პირზე აკრული ჰქონდა ე.წ. „ბენდენა“. ჭაღარათმიან მამაკაცს, რომელიც მივიდა ნ.-სთან, ხელში ეჭირა დანა, რომელიც ნ.-სკენ ჰქონდა მიმართული და მოითხოვდა პანიკის და აღელვების გარეშე სალაროს გახსნას და ფულის გადაცემას. ნ.-ს მიერ სალაროს გახსნისთანავე ჭაღარათმიანმა მამაკაცმა სწრაფად დაიწყო ფულის ამოღება. ამ დროს მაღაზიაში შევიდა სუპერმარკეტის ზედამხედველი ს. კ., რომელსაც ნ.-მ ხმადაბლა მიმართა სახელით ყურადღების მიქცევის მიზნით. თავად გაემართა მენეჯერის ადგილსამყოფელისკენ, რათა ხმამაღლა ყვირილით მიექცია მისი ყურადღება. გ.-ს სალაროსთან მდგომი მამაკაცი მას არ დაუნახავს, რადგან ეფარებოდა მაღაზიაში განთავსებული ტკბილეულის თარო. ნ. კ.-ს სალაროსთან მყოფ ჭაღარათმიან მამაკაცს ხელში ეჭირა დანა, ხოლო მეორე პიროვნებას - შავი ფერის პისტოლეტისმაგვარი საგანი. მოწმის ჩვენებით მის მიერ ამოცნობილი იქნა ნ. კ.-სთან მდგომი ორი თავდამსხმელი, რომელთაგან ერთ-ერთ მათგანს ხელში ეჭირა დანა, ხოლო მეორე შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით.
როგორც აღინიშნა, მ. კ. სასამართლოში არ დაკითხულა საქართველოში არ ყოფნის გამო და საპროცესო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გამოქვეყნებული იქნა მისი გამოკითხვის ოქმები. ეს გარემოება მისი ჩვენების სანდოობაში ეჭვს არ წარმოშობს მიუხედავად იმისა, რომ დაცვას მითითებული მიზეზით მისი დაკითხვის შესაძლებლობა სასამართლოში არ მისცემია. მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია თანამიმდევრულია და სრულ თანხვედრაშია სხვა მოწმეების ჩვენებებთან. უსაფუძვლოა დაცვის პოზიცია, თითქოს ფოტოსურათებით ამოცნობის დროს გამოყენებული იქნა ერთმანეთის ძალზე მსგავსი პირების ფოტოსურათები, რამაც გააჩინა კითხვა, თუ კონკრეტულად რა ნიშნით ამოიცნო მ. კ.-მ ნ. კ.. ასევე არაფერზე მეტყველებს ჩატარებული საპროცესო მოქმედების ჩატარების სანდოობის თვალსაზრისით მისი ჩატარება შემთხვევიდან 1 თვისა და 17 დღის შემდეგ.

მოწმე ი. ს.-მ თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ 2015 წლის 17 ივნისს, დაახლოებით საღამოს 17:30 საათზე სახლთან ახლოს მდებარე მაღაზია „X-ში“ აპირებდა პროდუქტის შეძენას. მაღაზიის კიბეებზე ასვლისას მაღაზიიდან გამოვიდა ორი პიროვნება, რომლებიც ძალიან ჩქარობდნენ და რაღაცეებს იწყობდნენ ჯიბეებში. მათ ხელში ეჭირათ დანა და პისტოლეტი. ამ ორ პიროვნებას უკან მოჰყვებოდა მესამე პიროვნებაც. სამივე მათგანს სახე დაფარული ჰქონდათ ცხვირსახოცით, თუმცა მესამე პიროვნებას სახიდან ჩამოძვრა ცხვირსახოცი და დაინახა მისი სახე, რომელიც, როგორც შემდეგ ამოიცნო, აღმოჩნდა გ. ზ.. თავდაპირველად ვერ მიხვდა, რა ხდებოდა, იფიქრა ხუმრობენო, მაგრამ როგორც მაღაზიის თანამშრომლებმა უთხრეს, ადგილი ჰქონდა ყაჩაღობის ფაქტს. წინ მიმავალი ორი თავდამსხმელი იყო საშუალოზე ოდნავ მაღალი, ხოლო გ. ზ. იყო შედარებით გამხდარი.
ი. ს.-ს ჩვენებასთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მოწმის ჩვენება ,,შელამაზებულია“ იმ ნაწილში, რომელშიც თითქოს მოწმე უთითებდეს, რომ მაღაზიიდან გამოსული ნიღბებიანი პირებიდან ერთს ეჭირა პისტოლეტი და მეორეს კი - დანა. სინამდვილეში კი მოწმემ მიუთითა, რომ დანა და პისტოლეტი ერთ თავდამსხმელს ეჭირაო ხელში, მეორე პირს კი ეჭირა თუ არა რაიმე იარაღი ხელში, არ დაუნახავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ მოწმის ურთიერთგამომრიცხავი პასუხები აღნიშნულ დეტალთან დაკავშირებით არ მეტყველებენ მთლიანად მისი ჩვენების არადამაჯერებლობაზე. მის მიერ აღწერილი მოვლენები მთლიანად ესადაგება განაჩენით დადგენილ გარემოებებს. გასათვალისიწნებელია, რომ მოწმემ თავის ჩვენებაში ასევე მიუთითა ,,ორივე იარაღი ერთს ეჭირა, თუ არ ვცდები, შეიძლება მე უკვე აღარ მახსოვს კარგად“. ამის შემდეგ ადვოკატის შეკითხვაზე მოწმემ ასევევ ეჭქვეშ დააყენა მის მიერ მანამდე დაფიქსირებული გარემოება, რომ მაღაზიიდან გამოსულთაგან პირველი იყო ჭაღარა და შეიარაღებული და აღნიშნა, რომ შესაძლოა, მეორეც ჭაღარა იყო, მაგრამ იგი არ დაკვირვებია. ასეთი ცდომილებები, ბუნებრივია, მოწმის ინდივიდუალური აღქმის უნარის შედეგია და ამის გამო მისი ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მსჯელობას ჩვენების ,,შელამაზებასთან“ დაკავშირებით.
გასათვალისწინებელია, რომ ი. ს.-ს დაკითხვისას ადვოკატი რამდენჯერმე უმეორებს შემდეგი შინაარსის კითხვებს: ,,პირველს ეჭირა დანა და იარაღი არა?“.. ,,შეიარაღებული იყო ჭაღარა და მეორე არა?“, თუმცა ადვოკატმა ი. ს.-სგან ვერ მიიღო დარწმუნებით პასუხი, რომ მაღაზიიდან გამოსული პირველი თავდამსხმელი იყო ჭაღარა, რაც გამორიცხავდა იმას, რომ იგი იყო ნ. კ., როგორც ამაზე მიუთითა ს. კ.-მ. ასევე დაზარალებულმა ნ. კ.-მ მიუთითა, რომ თავდამსხმელებთაგან ჭაღარა მაღაზიიდან გავიდა მეორე, რაც თანხმედრაშია ს. კ.-ს ჩვენებასთან, რომ მაღაზიიდან პირველი გავიდა ნ. კ. (რომელსაც არა აქვს ჭაღარა თმები).

მოწმე გ. შ.-ს ჩვენებით, 2015 წელს მუშაობდა შპს „X“-ის დირექტორის თანამდებობაზე. 2015 წლის 17 ივნისს, საღამოს, დაახლოებით 17:00 საათისთვის, დაუკავშირდა კახეთის გზატკეცილზე მდებარე მაღაზიის მენეჯერი - ო. ღ., რომელმაც აცნობა მაღაზიის დაყაჩაღების თაობაზე. მაღაზიაში მისვლისას ადგილზე დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები. პოლიციის თანამშრომლებს დაათვალიერებინა მაღაზიის შიდა პერიმეტრის ვიდეოჩანაწერები. იმ პერიოდში მაღაზიის გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერები დამონტაჟებული არ ყოფილა. მოწმის განმარტებით, ვიდეოჩანაწერებში არსებობდა რამდენიმე საათიანი ცდომილება ჩანაწერსა და რეალურ დროს შორის, რადგან საათი იყო გასასწორებელი. ყაჩაღური თავდასხმის შედეგად კომპანიისთვის მიყენებულმა ზარალმა შეადგინა - 2100 ლარი.

მოწმე ი. შ.-მ აჩვენა, რომ 2017 წლის 14 მარტს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც პოლიციის განყოფილებაში მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ 2015 წლის 17 ივნისს კახეთის გზატკეცილის NXX/X-ში მდებარე მაღაზია „X-ზე“ განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთი პიროვნება უნდა ყოფილიყო თელავში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც პატაკის სახით ეცნობა ხელმძღვანელობას. მანვე მოწმის სახით დაკითხა ს. კ., რის შემდეგაც მისი მონაწილეობით ჩაატარა ამოცნობა. ს. კ.-მ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ნ. კ., რომელზეც მიუთითა, რომ იგი იყო სწორედ ის პიროვნება, რომელმაც მაღაზია „X-ში“ ყაჩაღურად თავდასხმის დროს მიუშვირა იარაღი და მოსთხოვა, გაწეულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სროლით. ამის შემდგომ ბრალდებულის სახით დააკავა ნ. კ..
მოწმე დ. ი.-მ აჩვენა რომ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შედგენილი აქვს ბინაზე გამოცხადების ოქმები. კერძოდ, რამდენჯერმე გამოცხადდა ნ. კ.-ს მსაცხოვრებელ მისამართზე - გურჯაანის რაიონის სოფელ X-ში, სადაც ბინაში დახვდა მისი დედა - ნ. შ., რომელმაც განუცხადა, რომ შვილთან კონტაქტი არ ჰქონდა და უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი, რასთან დაკავშირებითაც შეადგინა ბინაზე გამოცხადების ოქმები, რომლის სისწორეც ხელმოწერით დაადასტურა ნ. შ.-მ.

მოწმე ი. ქ.-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 14 მარტს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ 2015 წლის 17 ივნისს კახეთის გზატკეცილზე მდებარე სუპერმარკეტ „X-ზე“ განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე სამი პიროვნებიდან ერთ-ერთი - ნ. კ. იმყოფებოდა ქ.თელავში, რუსთაველის ქუჩაზე. იგი გაემართა მითითებულ მისამართზე, ნახა ნ. კ., რომელიც ნებაყოფლობით გაჰყვა პოლიციის განყოფილებაში. ნ. კ. დაკითხა მოწმის სახით, რა დროსაც მან უარყო ყაჩაღობაში მონაწილეობის ფაქტი. შემდეგ ჩატარდა მისი ამოცნობა და ს. კ.-მ ამოიცნო იგი.

მოწმე ი. ს.-მ აჩვენა შემდეგი: 2015 წლის ივნისში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებულ იქნა შეტყობინება სუპერმარკეტ „X-ს“ დაყაჩაღების თაობაზე. შემთხვევის ადგილზე მისვლისას ადგილზე იმყოფებოდნენ დაზარალებულები, რომლებმაც განუცხადეს, რომ სამმა პიროვნებამ იარაღის მუქარით მაღაზიიდან გაიტაცეს ფულადი თანხა. ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ამოღებული იქნა ხელის კვლები და ნიმუშები, ასევე დაკითხა დაზარალებულები და მოწმეები, დაინიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზა. მოახდინეს დამნაშავე პირთა იდენტიფიკაცია, რის შემდეგაც დაკავებულ იქნენ ზ. ზ. და გ. ზ.. ზ. ზ.-მ აღიარა ჩადენილი დანაშაული და ყაჩაღობის ჩადენაში ამხილა ნ. კ.. მის მიერ ასევე ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც დაზარალებულებმა ამოიცნეს თავდამსხმელები, ხოლო ნ. კ., ვინაიდან იგი თავს არიდებდა გამოძიებას, ამოცნობილი იქნა ფოტოსურათით.

მოწმე ო. ღ.-მ აჩვენა, რომ 2015 წელს მუშაობდა კომპანია „X“-ის ერთ-ერთ სუპემარკეტში მენეჯერის პოზიციაზე. მის ფუნქციებში შედიოდა კომერციული საქმიანობა და ადმინისტრირება. 17 ივნისს სარამოს მაღაზიაში შემოესმა ხმაური. როგორც შემდეგ თანამშრომლებისგან შეიტყო, ადგილი ჰქონდა ყაჩაღობის ფაქტს. ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაზე განუცხადა თანხმობა. მოწმის განმარტებით, ვიდეოკამერების ჩანაწერებთან წვდომა ჰქონდა მას, რადგან მატერიალურად პასუხისმგებელი იყო მაღაზიაში არსებულ ქონებაზე. ყაჩაღობის ფაქტის უშუალო შემსწრე თავად არ ყოფილა.
მოწმე ვ. ბ.-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 14 მარტს მის მიერ მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ კახეთის გზატკეცილის NXX/X-ში მდებარე მაღაზიაზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე ნ. კ. იმყოფებოდა ქ.თელავში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შესახებაც პატაკის სახით აცნობა ხელმძღვანელობას.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ბ. ი.-ს ჩვენებით 2015 წლის 16 ივლისს, მის მიერ გაცემულ იქნა ოდოროლოგიური ექსპერტიზის N46/23-XXX დასკვნა, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის N00XXXXXXXXXX საქმეზე ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტური იყო ზ. ზ.-სგან და გ. ზ.-სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშებისა.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, კახეთის გზატკეცილის NXXX კორპუსში მდებარე, შპს „X“-ს კუთვნილ სუპერმარკეტ „X-ში“. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კინოლოგების და ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ აღებულ იქნა სუნის და ხელის კვლები.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით მ. კ.-მ ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან კანის ფერით, მუქი ფერის მოკლედშეჭრილი თმით, შავი სწორი წარბებით, შავი დიდი თვალებით და მოგრძო პირისახით ამოიცნო N3-ე ფოტოზე გამოსახული ნ. კ., რასთან დაკავშირებითაც განმარტა, რომ აღნიშნულ სურათზე გამოსახულია სწორედ ის პიროვნება, რომელიც ჭაღარათმიან მამაკაცთან ერთად იდგა მოლარის წინ, ხელში ეჭირა პისტოლეტის მსგავსი ნივთი, მუქარით ეუბნებოდა მოლარეს, ხელი არაფრისთვის დაეჭირა და აჩქარებდა სალაროს გახსნას.

პირის ამოცნობის ოქმის თანახმად ს. კ.-მ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან სიმაღლით, სხეულის აგებულებით, სახის ფერით, თმის, წარბების, თვალების ფერით, ცხვირით, იერით და სხეულის ერთიანი მოყვანილობით ამოიცნო მარცხნიდან პირველი და მარჯვნიდან მესამე მდგომი პიროვნება - ნ. კ..
ს. კ.-ს განმარტებით, მის მიერ ამოცნობილი პიროვნება არის ზუსტად ის მამაკაცი, რომელმაც 2015 წლის 17 ივნისს მიუშვირა იარაღი და სხვა მამაკაცებთან ერთად სუპერმარკეტ „X-დან“ გაიტაცა ფულადი თანხა. ს. კ.-მ ნ. კ. ამოიცნო ჯერ კიდევ მის დაკავებამდე ფოტოსურათით ამოცნობის დროსაც.

პირის ამოცნობის ოქმის თანახმად ი. ს.-მ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან სიმაღლით, აღნაგობით, გრძელი, თხელი, ქერა თმით, სქელი ტუჩებით, სქელი, სწორი წარბებით, სწორი, საშუალო ზომის ცხვირით და მუქი ფერის თვალებით ამოიცნო მარცხნიდან პირველი და მარჯვნიდან მესამე მდგომი პიროვნება - გ. ზ..
ი. ს.-ს განმარტებით მის მიერ ამოცნობილი პიროვნება არის ზუსტად ის მამაკაცი, რომელიც დაინახა 2015 წლის 17 ივნისს სუპერმარკეტ „X-დან“ ორ პირთან ერთად გამოსვლის დროს, რომლებსაც ეკეთათ ე.წ. „ბენდენები“, ხოლო აღნიშნულ პიროვნებას ჩამოსძვრა ე.წ. „ბენდენა“.

პირის ამოცნობის ოქმის მიხედვით, გ. ბ.-მ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან სიმაღლით, აღნაგობით, ქერა, თხელი მოგრძო თმით, სწორი წარბებით, სწორი ცხვირით და მუქი ფერის თვალებით ამოიცნო მარჯვნიდან მეორე, შუაში მდგომი პიროვნება - გ. ზ..
გ. ბ.-ს განმარტებით, მის მიერ ამოცნობილი პიროვნება არის ზუსტად ის მამაკაცი, რომელიც 2015 წლის 17 ივნისს სამ პირთან ერთად შევიდა მაღაზია „X-ში“, ე.წ. „ბენდენააკრული“, დანის მუქარით გაახსნევინა სალარო და გაიტაცა ფულადი თანხა.

პირის ამოცნობის ოქმის შესაბამისად ს. კ.-მ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან მიუთითა გ. ზ.-ზე და განმარტა, რომ სიმაღლით, აღნაგობით, ქერა, თხელი თმით, სწორი წარბებით, სწორი ცხვირით და მუქი თვალებით, ჰგავს და არ გამორიცხავს, რომ იყოს ის პიროვნება, რომელიც ბოლოს გავიდა 2015 წლის 17 ივნისს სუპერმარკეტ „X-დან“, ხელში ეჭირა დანა და პარკი, თუმცა დადასტურებით არ შეუძლია ამის თქმა.
პირის ამოცნობის ოქმის თანახმად ნ. კ.-მ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან სიმაღლით, აღნაგობით, ჭაღარანარევი, საშუალოზე გრძელი თმით, კანის ფერით, თვალის ფერით, სწორი ცხვირით და სწორი წარბებით ამოიცნო მარჯვნიდან მეორე მდგომი პიროვნება - ზ. ზ..
ნ. კ.-ს განმარტებით მის მიერ ამოცნობილი პიროვნება არის ზუსტად ის მამაკაცი, რომელიც „X-ში“ შევიდა ორ პირთან ერთად, დანის მუქარით გაახსნევინა სალარო და გასტაცა ფულადი თანხა.

პირის ამოცნობის ოქმის მიხედვით ს. კ.-მ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან სიმაღლით, აღნაგობით, საშუალოზე გრძელი თმით, კანის ფერით, თვალის ფერით, სწორი ცხვირით და სწორი წარბებით, ამოიცნო მარჯვნიდან მესამე მდგომი პიროვნება - ზ. ზ..
ს. კ.-ს განმარტებით, მის მიერ ამოცნობილი პიროვნება არის ზუსტად ის მამაკაცი, რომელიც 2015 წლის 17 ივნისს სუპერმარკეტ „X-დან“ ორ პირთან ერთად გავიდა ე.წ. „ბენდენააკრული“ და ხელში ეჭირა დანა.
პირის ამოცნობის ოქმის შესაბამისად მ. კ.-მ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან, სიმაღლით, აღნაგობით, ჭაღარანარევი, საშუალოზე გრძელი თმით, კანის ფერით, თვალის ფერით, სწორი ცხვირით და სწორი წარბებით, ამოიცნო მარჯვნიდან მესამე მდგომი პიროვნება - ზ. ზ. და განმარტა, რომ მის მიერ ამოცნობილი პიროვნება არის ზუსტად ის მამაკაცი, რომელმაც 2015 წლის 17 ივნისს სუპერმარკეტ „X-ში“ მოლარე ნ. კ.-ს მიუშვირა დანა, მოსთხოვა სალაროს გაღება და გაიტაცა ფულადი თანხა.

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2017 წლის 14 მარტს, 22:19 საათზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ი. შ.-ს მიერ ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ნ. კ..

ნიმუშის აღების ოქმის მიხედვით, 2017 წლის 15 მარტს, ბრალდებულ ნ. კ.-სგან აღებულ იქნა ხელის კვლების და სუნის ნიმუშები.

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის შესაბამისად, დასათვალიერებელ ობიექტს წარმოადგენს შპს „X“-ს წარმომადგენელ ბ. ლ.-სგან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩაწერილია 2015 წლის 17 ივნისს კახეთის გზატკეცილის NX-ში მდებარე სუპერმარკეტ „X-ს“ დაყაჩაღების კადრები. ჩანაწერი ასახავს სუპერმარკეტ „X-ს“ შესასვლელს სალარო მაგიდებამდე, სადაც შეინიშნება რამდენიმე მომხმარებლის მოძრაობა - სუპერმარკეტში შედის საშუალო სიმაღლის, მოკლედშეჭრილი თმით, მოკლესახელოებიანი და წინა მხარეს წარწერებიან მაისურში ჩაცმული ახალგაზრდა პიროვნება, რომელიც მიემართება სავაჭრო დარბაზში, თუმცა მალევე გამოდის. იყურება სალაროს მაგიდების მიმართულებით და ტოვებს სუპერმარკეტს. ამის შემდეგ, ვიდეოჩანაწერის 21:26 დროის მაჩვენებელზე სუპერმარკეტში შედის სამი პიროვნება, რომლებსაც პირზე აკრული აქვთ ნაჭრის „ხელსახოცები“. სამი პიროვნებიდან პირველი არის საშუალო სიმაღლის, შეჭაღარავებული, მეორე საშუალო სიმაღლის მოკლედშეჭრილი თმით, მოკლესახელოებიანი და წინა მხარეს წარწერიანი ღია ფერის მაისურით, ხოლო მესამე არის საშუალოზე დაბალი, მუქი ფერის პერანგით და გრძელი თმებით. აღნიშნული პირები მიდიან სალარო მაგიდებისკენ. მაგიდებთან შესვლისას წარწერიან მაისურში ჩაცმული პიროვნება შარვლის მარჯვენა ჯიბიდან იღებს პისტოლეტს და ხელის მოძრაობით მუხტავს, რის შემდეგაც სამივე პიროვნება მიდის სალაროს მაგიდებთან. შემდეგ კი სამი პირზე ხელსახოცაკრული პიროვნება გამოდის გასასვლელის მიმართულებით, რა დროსაც მათ წინ ხვდებათ მუქი ფერის მაისურში ჩაცმული სათვალეებიანი მამაკაცი, რომლის მიმართულებითაც ზემოხსენებული წარწერიან მაისურში ჩაცმული პიროვნება იშვერს პისტოლეტს, რა დროსაც სათვალეებიანი მამაკაცი უკან იწევს და სამი პიროვნება ტოვებს სუპერმარკეტს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 30 მარტის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N46/22-XXX დასკვნის თანახმად ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი 2015 წლის 17 ივნისს თბილისში, კახეთის გზატკეცილი NXX/X-ში მდებარე სუპერარკეტ „X-ში“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები არაიდენტურია ნ. კ.-სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 20 მარტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის NXXX/დ დასკვნის მიხედვით შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის თითის კვალი N3 არ არის იდენტური ექსპერტიზაზე წარდგენილი ნ. კ.-ს სახელზე შევსებული დაქტილობარათზე არსებული ხელის თითის ანაბეჭდისა. ექსპერტიზაზე წარდგენილი ნ. კ.-ს სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული ხელის თითის ანაბეჭდები იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი ნ. კ.-ს თითის ანაბეჭდებისა. კ.-ს სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული ხელის ანაბეჭდების იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 16 ივლისის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N46/23-XXX დასკვნის შესაბამისად ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები იდენტურია ზ. ზ.-სგან და გ. ზ.-სგან აღებული სუნის კვლის ნიმუშების.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 09 მარტის განაჩენით გ. ზ. და ზ. ზ. ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, შპს „X“-ს კუთვნილი ფულადი თანხის ყაჩაღური გზით გატაცების ფაქტზე, რაც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 07 თებერვლის განაჩენით.
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ. კ.-სთვის ბრალად შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რომლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ყაჩაღობას, ესე იგი თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დასჯადია ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად.
სასამართლო განმარტავს, რომ ნ. კ.-ს ქმედება შეიცავს დანაშაულის - ყაჩაღობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა ნ. კ.-ს მიერ თანამზრახველებთან: გ. ზ.-სთან და ზ. ზ.-სთან ერთად ძალადობის გამოყენების მუქარით ფულადი თანხის დაუფლებაში და ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულთა საკუთრების უფლებას.
პალატა ვერ გაიზიარებს ადვოკატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 125-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, ვინაიდან დათვალიერებაზე თანხმობა განაცხადა არაუფლებამოსილმა პირმა - ო. ღ.-მ, რომელიც იყო ,,X-ს“ მენეჯერი. ადვოკატი უთითებს, რომ დათვალიერების ჩატარებას ესაჭიროებოდა მესაკუთრის თ. გ.-ს თანხმობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 125-ე მუხლის მეორე ნაწილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესაძლებლობას კერძო საკუთრებაში უშვებს მესაკუთრის (მფლობელის) წერილობითი თანხმობით ან თუ სახეზეა გადაუდებელი აუცილებლობა. მითითებული დათქმა საკუთრებაში დათვალიერების ჩასატარებლად მესაკუთრის წერილობით დაფიქსირების სავალდებულობის შესახებ მიზნად ისახავს კერძო საკუთრების მაქსიმალურ დაცვას თვითნებური ჩარევისაგან. ამიტომ ამ ფასეულობის დაცულობის უზრუნველყოფა სავსებით შესაძლებელია, როცა დათვალიერებაზე თანხმობას გასცემს საამისოდ უფლებამოსილი პირი - მფლობელი და არა უშუალოდ მესაკუთრე. მუხლის მიზნებიდან გამომდინარე მასში მითითებული ტერმინი - მფლობელი ფართოდ უნდა იქნას განმარტებული და ამ ტერმინში მოიაზრება ყველა უფლებამოსილი პირი, ვინც საკუთრების ობიექტში მართლზომიერად იმყოფება. ამასთან, მფლობელობის ფაქტის დასაგენად სავსებით საკმარისია პირის განმარტება და პოლიციის მუშაკებს არც მოეთხოვებათ ამ გარემოების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტაციის მოპოვება. მოცემულ შემთხვევაში ო. ღ.-ს თანხმობა დათვალიერების ჩატარებაზე საკმარისი იყო. იგი იყო მაღაზიის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მოქმედებდა მისი ინტერესებიდან გამომდინარე და შეეძლო ასეთი თანხმობის გაცემა მიუხედავად იმისა, რა ფუნქციას ასრულებდა შპს ,,X-ში“ თანამდებობრივად.
ეჭქვეშ ვერ დაგდება ვიდეოჩანაწერის ავთენტურობა მასზე გამოსახული პირების იდენტიფიკაციისთვის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩაუტარებლობის გამო, ვინაიდან მასზე ასახული მოვლენების მიმდინარეობა სრულად შეესაბამება საქმეზე დაკითხული პირების ჩვენებებს და მთლიანობაში ქმნიან დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებულ ერთიან თანამიმდევრულ სურათს, რის გამოც მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
დაცვის მხარე მიუთითებს, რომ ამოცნობის ოქმები არ უნდა იქნას გაზიარებული, ვინაიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერებით ჩანს, რომ თავდამსხმელებს დაფარული აქვთ მთელი სახე და მათი ამოცნობა ფაქტობრივად შეუძლებელია. საჭირო იყო ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარება, რომელიც დაადგენდა მაღაზიაში შემთხვევამდე შესული და ვიდეოჩანაწერში ნიღბის გარეშე ასახული პირი იყო თუ არა ნ. კ., რასაც პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ სასამართლო შეჯიბრობითობის პრინციპით განიხილავს საქმეს. კონკრეტულად მტკიცებულებათა მოპოვება და წარმოდგენა მხარეთა სტრატეგიის სფეროა. მოწმეთა ჩვენებით ირკვევა, რომ მათ მიერ თავდამსხმელთა ამოცნობა მოხდა იმ ნიშან-თვისებების მიხედვით, რაც მათვის ხილვადი იყო. იმ ფაქტს, რომ თავდამსხმელებს სახე დაფარული ჰქონდათ „ბენდენით“, არც მოწმეები უარყოფენ და განმარტავენ, რომ თავდამსხმელებს პირზე აკრული ჰქონდათ ცხვირსახოცის ფორმის სამკუთხედად გაკეცილი ბენდენა ან ცხვირსახოცი, მაგრამ შესაძლებელი იყო მათი ცხვირის, თვალების და წარბების, ასევე თმების დანახვაც.
ოდოროლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით, რომლებითაც შემთხვევის ადგილზე არ დაფიქსირდა ნ. კ.-ს სუნი და მისი ხელის ანაბეჭდი, არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი კატეგორიული დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ ნ. კ.-ს ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღია.
ნ. კ.-ს დაკავება შემთხვევიდან 1 წლის და 7 თვის შემდეგ უდავოდ მეტყველებს ოპერატიული სამსახურის და გამოძიების არაეფექტურ მუშაობაზე, რის გამოც გჭიანურდა დანაშაულის დროული გახსნა და დამნაშავის გამოვლენა, თუმცა არ მიუთითებენ რაიმე ისეთ გარემოებებზე, რომლებიც გამორიცხავენ ნ. კ.-ს მონაწილეობას ყაჩაღურ თავდასხმაში. დაუსაბუთებელია დაცვის მოსაზრება, რომ გამოძიება მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო შეგნებულად არიდებადა თავს ნ. კ.-ს დაკავებას.
შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია მსჯავრდებულ ნ. კ.-ს მიერ ინკრიმინირებული ქმედების ჩადენის ფაქტი.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ. კ.-სთვის დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მისი წარსული ცხოვრება და განუსაზღვრა შესაბამისი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს. პალატა თვლის, რომ მოცემული სასჯელის სახე და ზომა ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია და წარმოადგენს ოპტიმალურ ღონისძიებას სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მისაღწევად.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი



სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ ნ. კ.-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. კ.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 12 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

ნ. კ. ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ნ. კ.-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნ. კ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 14 მარტიდან.

ნივთმტკიცება:

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნ. კ.-ს სუნის კვალის ნიმუში (ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა, გადატანილი ერთ ცალ დისკზე და ვიდეოჩანაწერი, მოთავსებული ერთ ცალ დისკზე, რაც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.