საქმის ნომერი: 2ბ/5267-18
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ვანო წიკლაური,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოსარჩელის მოთხოვნა გირავნობის საგნის დაკარგვის გამო გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა ნაწილობრივ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მოთხოვნილი თანხის სრულად დაკმაყოფილება. სააპელაციო სასამართლომ გაზარდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ოდენპბა, თუმცა სრულად მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა, რადგან სასამართლომ ცათვალა, რომ სარჩელში მითითებული ოდენობის ღირებულების დამადასტურებელი სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, შესულია კანონიერ ძალაში.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/5267-18 (2018-10-19), www.temida.ge
საქმის № 330210016001578503
საქმის № 2ბ/5267-18

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       19 ოქტომბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვანო წიკლაური

აპელანტი - ლ. რ.

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ო.’’
წარმომადგენლები – ლ. გ.

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. რ. სარჩელი მოპასუხე შპს „ო-ს“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე - დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს „ო-ს“ მოსარჩელის ლ. რ.ს სასარგებლოდ დაეკისრა 29,90 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. უდავო გარემოებაა, რომ ო. ფ. არის მოსარჩელე ლ. რ. მეუღლე.

2.2. უდავო გარემოებაა, რომ მხარეთა შორის, ასევე ო. ფ.სა და მოპასუხეს შორის, რამდენიმე სესხის ხელშეკრულება იყო დადებული, სადაც გარანტიის სახით მოპასუხეზე გადაცემული იყო ოქროს ნივთები.

2.3. უდავო გარემოებაა, რომ 2016 წლის 19 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტში მოცემულია ყველა იმ ოქროს ნივთის დასახელება, რაც 2011 წლიდან 2016 წლის სექტემბარმდე სესხის უზრუნველსაყოფად იყო გამსესხებელზე გადაცემული.

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.4. 2011 წლის 10 დეკემბრის # xxx-xxx-xxxx საფუძველზე, მოპასუხემ მოსარჩელეს ასესხა 61 აშშ დოლარი 2012 წლის 10 იანვრამდე ვადით.

ხელშეკრულების შესრულება უზრუნველყოფილი იყო მსესხებლის საკუთრებაში არსებული ოქროს ნივთებით, რომლის ჩამონათვალი და ღირებულება მოცემული იყო გამსესხებლისა და მსესხებელს შორის გაფორმებული შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით. ძვირფასი ლითონები უზრუნველყოფაში მიიღებოდა როგორც მასალა და არ განიხილებოდა როგორც ნაკეთობა (მე-8 პუნქტი). ხელშეკრულების ვადა ითვლებოდა გაგრძელებულად მსესხებლის სურვილის მიხედვით 1 თვის ვადით. ყოველი მომდევნო ვადის გასვლის შემდეგ, სესხის მოქმედების ვადა გაგრძელდებოდა ამ პუნქტით დადგენილი წესით (11-ე პუნქტი).

ხელშეკრულების 14-ე პუნტის შესაბამისად, გამსესხებელი ვალდებული იყო ძვირფასეულობის დაცვა დაზიანებისა და დაკარგვისაგან, ხოლო დავალიანების დაფარვის შემდეგ დაებრუნებინა იგი მსესხებლისათვის არაუგვიანეს ორი კალენდარული დღისა.

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2011 წლის 10 დეკემბერს მხარეთა შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც, ლ. რ. გადასცა, ხოლო მოპასუხის წარმომადგენელმა კი მიიღო შემდეგი ნივთები: კულონი, სინჯი 500, წონა 0,30, შეფასება 6 აშშ დოლარი; საყურე თვლიანი სინჯი 585, წონა 1,30, შეფასება 29,90 აშშ დოლარი; საყურე თვლიანი სინჯი 585, წონა 1,30, შეფასება 29,90 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :
- 2011 წლის 10 დეკემბრის # xxx-xxx-xxxx ხელშეკრულება(ს.ფ. 16)
- მირწება-ჩაბარების აქტი (10.12.2011წ.) (ს.ფ. 16)
- მხარეთა ახსნა-განმარტება

2.5. 2016 წლის 19 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ო. ფ. შპს „ო.“-დან გაიტანა შემდეგი დასახელების ოქროს ნივთები; ბეჭედი თვლიანი, კულონი, ძეწკვი ჯვრით, ბეჭედი თვლიანი, საყურე თვლიანი, ბეჭედი თვლიანი, ბეჭედი თვლიანი, ბეჭედი თვლიანი, სამაჯური, სამაჯური, ძეწკვი კულონით, ბეჭედი სადა რგოლი, ბეჭედი სადა რგოლი.

აღნიშნულ აქტს ხელს აწერენ ო. ფ. და მოპასუხის წარმომადგენელი (ხელმოწერა გაურკვეველია), რაც დამოწმებულია კომპანიის ბეჭდით.

ამავე აქტზე მინაწერია: „1 თვლიანი ბეჭედით მეტი გააქვს 1 ც. საყურე (1,3 გრ) არ გააქვს“, რომელსაც ხელს აწერს ო. ფ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :
- 2016 წლის 19 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 17)

2.6. 2016 წლის 03 ოქტომბერს მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობით მიმართა დაკარგული ნივთის - ერთი წყვილი ოქროს საყურის, დაბრუნების თაობაზე. აღნიშნულ წერილზე მოპასუხე მხარის მიერ პასუხი არ გაცემულა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :
- 2016 წლის 03 ოქტომბრის წერილი (ს.ფ. 18)

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

სამოქალაქო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლომბარდში ნივთების დაგირავება ხორციელდება მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებისა და ნივთის ლომბარდის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის გზით.

წარმოდგენილი 2011 წლის 10 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ ლ. რ. გადასცა, ხოლო შპს „ო.“ მიიღო ერთი ცალი ოქროს კულონი და ერთი წყვილი ოქროს საყურე.

სასამართლოს მითითებით ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ლ. რ.მ 2016 წლის 19 სექტემბრამდე დაიბრუნა მოპასუხისთვის გადაცემული ოქროს ნივთები, შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 19 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ო. ფ.მ, ჩაიბარა ის ნივთებიც, რომელიც მისი მეუღლის - ლ. რ. მიერ იყო დაგირავებული, მათ შორის 2011 წლის 10 დეკემბრის აქტში მითითებული კულონი.

ოქროს საყურეებთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ 2016 წლის 19 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია მხოლოდ ერთი ცალი (და არა ერთი წყვილი) ოქროს საყურე თვლიანი. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე დართული სხვა რაიმე მტკიცებულებით არ დგინდება მეორე თვლიანი საყურის ლ. რ. ან/და ო. ფ-ზე გადაცემა, შესაბამისად, დადასტურებულად უნდა მივიჩნიოთ, რომ მოპასუხემ ერთი ცალი ოქროს საყურე დაკარგა.

სასამართლო მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ 2016 წლის 19 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტზე არსებული მინაწერის ბოლოს დაფიქსირებული ხელმოწერა ეკუთვნის ო. ფ.ს, რაც ამ უკანასკნელმა ასევე დაადასტურა სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული მინაწერის შინაარსიდან გამომდინარე ო. ფ.მ გაიტანა ერთ თვლიანი ბეჭდით მეტი, ვიდრე მას ეკუთვნოდა, ხოლო ერთი ცალი საყურე კი არ გაიტანა, ანუ სწორედ საყურის ნაცვლად მოხდა თვლიანი ბეჭდის მისთვის გადაცემა. რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას, რომ მას 2016 წლის 19 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ოქროს ნივთების გარდა კიდევ ჰქონდა მოპასუხეზე გადაცემული ოქროს ნივთი - თვლიანი ბეჭედი, რომელიც არ იყო მასში ასახული და, რომ სწორედ ეს ბეჭედი გადასცეს ო. ფ.ს, წარმოდგენილი საქმის მასალებით, ასევე თავად ხელწერილის შინაარსიდან გამომდინარე ასეთი გარემოებები არ დგინდება, შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით.

ამდენად, სასამართლომ აქტზე არსებული მინაწერით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ერთი ცალი საყურის მიღებაზე ო. ფ.მ უარი განაცხადა და მის ნაცვლად ერთი ცალი თვლიანი ბეჭდით მეტი გაიტანა.

სასამართლომ ასევე ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 19 სექტემბრის აქტში მხოლოდ ერთი ცალი თვლიანი საყურე (და არა ერთი წყვილი) ფიგურირებს, რომელსაც მინაწერი აქვს ხელით: „არ არის დაიკარგაო“. სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვერ დადგინდა თუ ვის მიერ იქნა განხორციელებული ასეთი მინაწერი, მითითებულ ინფორმაცია რომელიმე სადავო გარემოების დამადასტურებლად ვერ მიიჩნევა, ვინაიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ სხვა მტკიცებულებებით უკვე დასტურდება ამავე აქტში მითითებული ერთი ცალი საყურის წაღებაზე თავად მოსარჩელის მეუღლის უარი და ერთი ბეჭდით მეტის გატანა. რაც შეეხება მეორე საყურეს, წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოპასუხეზე მხოლოდ საყურის გადაცემა დგინდება, ხოლო მითითებული ნივთის მოსარჩელეზე ან მის მეუღლეზე უკან დაბრუნება არ დასტურდება. შესაბამისად, ერთი ცალი საყურე მოპასუხის მიერ დაიკარგა 2011 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 19 სექტემბრამდე შუალედში, ანუ იმ დროს, რა დროსაც მოპასუხესთან იმყოფებოდა დაგირავებული ნივთები. სწორედ ერთი ცალი ოქროს საყურის ღირებულება უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს და არა ერთი წყვილი საყურის ღირებულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელე მხარეზე იყო გადატანილი იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მის მიერ მოპასუხეზე გადაცემული ნივთი იყო ერთი წყვილი ოქროს საყურე ლალის თვლებით. ამასთან, ვინაიდან თავად ლალის თვლის იშვიათობიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო იგივე ნაკეთობისა და შემადგენლობის ოქროს ნივთის დაბრუნება, მოსარჩელემ მოითხოვა ერთი წყვილი ოქროს საყურის ღირებულების 4000 ევროს მოპასუხეზე დაკისრება.

საქმეზე წარმოდგენილია 2016 წლის 21 ოქტომბრის სანოტარო წესით დამოწმებული ნ. რ. (მოსარჩელის დის) განცხადება, სადაც იგი უთითებს ოქროს (საყურის) ნივთის წარმომავლობასა და მის ღირებულებაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მესამე პირის, ამასთან დაინტერესებული პირის, სანოტარო წესით დადასტურებული განცხადება არ შეიძლება მივიჩნიოთ იმ სახის მტკიცებულებად, რომლითაც დადასტურდება, როგორც ოქროს ნივთის ფასი, ასევე მისი შეამდგენლობა.

სასამართლომ ნივთის ღირებულების ნაწილში ყურადღება გაამახვილა მიღება- ჩაბარების აქტზე, რომლის მიხედვითაც ერთი ცალი საყურე თვლიანი, 585 სინჯით, 1,30 წონის მქონე, შეფასდა 29,90 აშშ დოლარად, რაც არცერთი მხარის მიერ 2011 წლიდან დღემდე სადავოდ არ გამხადა. ამასთან, ვინაიდან მოპასუხემ დაკარგა მოსარჩელის მფლობელობაში არსებული ერთი ცალი თვლიანი ოქროს საყურე, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2011 წლის 10 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით შეფასებული მხოლოდ ერთი ცალი თვლიანი საყურის ღირებულება 29,90 აშშ დოლარის ოდენობით.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

3.1. აპელანტი სადავოდ ხდის მისთვის სადავო საყურის ნაცვლად ოქროსთვლიანი ბეჭდის გადაცემის ფაქტს იმაზე მითითებით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულბებით დასტურდება სხვა ნივთებთან ერთად აქტში დასახელებული თვლიანი ბეჭდის დაგირავების და აღნიშნულ ნივთზე მისი საკუთრების უფლების შესახებ. აპელანტის განმარტებით სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა მოპასუხის განმარტება მასზედ, რომ დაკარგული საყურეების სანაცვლოდ მან შესთავაზა მოსარჩელეს ოქროს ბირჟაზე წასვლა და დაკარგული ნივთის სანაცვლოდ სხვა ნივთის შეძენა. აპელანტის მითითებით მოპასუხე არათანმიმდევრულად მიუთითებდა მისთვის სადავო ნივთების დაბრუნებაზე, კერძოდ, რიგ შემთხვევაში უთითებდ, რომ სადავო ოქროს საყურე მოსარჩელეს დაუბრუნა 2012 წელს, ხოლო რიგ შემთხვევაში განმარტავდა, რომ ნივთები მესაკუთრეს 2016 წელს გადაეცა. აპელანტი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული მითითების დასტურად მოპასუხის მხრიდან მითითებული ვერ იქნა უზრუნველყოფის საგნის დაბრუნების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

4.1 ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

4.1.1 სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.1.1.1 ერთი მხრივ შპს ,,ო.ს’’ და მეორე მხრივ ლ. რ.ს შორის 10.12.2011წელს გაფომებული სესხის უზრუნველყოფის მიზნით გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის ლ. რ.ს მფლობელობაში არსებული ოქროს ნივთები: კულონი (სინჯი-500, წონა - 0,30, შეფასება - 6,00) და ორი ცალი თვლიანი საყურე თითოელის სინჯი - 585, წონა - 1,30, ღირებულება - 29,90 აშშ დოლარი. გირავნობის საგნები მხარეთა შორის წერილობით დადებული გარიგების საფუძველზე მოგირავნის მფლობელობაში გადავიდა (ტ.1.ს.ფ. 16).

4.1.1.2. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ფულადი ვალდებულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც დაგირვებული იქნა მოსარჩელის მფლობელობაში არსებული სადავო ძვირფასი ლითონის (ოქრო) ნივთები მოსარჩელის მიერ შესრულებულია.

4.1.1.3. მხარეთა შორის სადავოა 10.12.2011 წლის ხელშეკრულებით მოპასუხის სასარგებლოდ დაგირავებული ორი თვლიანი საყურის მოსარჩელისთვის დაბრუნების ფაქტი და ამ ნივთების საბაზრო ღირებულება.

4.1.2. სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მიუხედავად მსესხებლის (მოსარჩელის) მიერ ვალდებულების შესრულებისა, ამ უკანაკსნელისთვის 10.12.2011 წლის ხელშეკრულებაში მითითებული უზრუნველყოფის საშუალება - ორი ცალი თვლიანი საყურე (სინჯი - 585, წონა - 1,30, შეფასება 29,90 აშშ დოლარი) დაბრუნებული არ ყოფილა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპია დამკვიდრებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.

განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე მოპასუხის სასარგებლოდ არსებული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად ამ უკანასკნელის მფლობელობაში გადაცემული უზრუნველყოფის საშუალების - ორი ცალი ოქროს თვლიანი საყურის მოსარჩელისთვის დაბრუნების მტკიცების ტვირთი გამსესხებელს/მოგირავნეს ეკისრებოდა.

საგულისხმოა, რომ შპს ,,ო.’’ (გამსესხებელი/მოგირავნე) მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელში, რომელიც მან პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა მიუთითა სადავო ნივთების 11.09.2012 წელს მოსარჩელისთვის დაბრუნების შესახებ. ამ მიმართებით მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარემ შესაგებელში სასარჩელო მოთხოვნის გამომრიცხველ გარემოებასთან მიმართებით მისივე ახსნა-განმარტების გარდა, რომელსაც არ დაეთანხმა მოსარჩელე მხარე სასამართლოს სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულება ვერ წარმოუდგინა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას მოწინააღმდეგე მხარემ დაადასტურა ფაქტი მასზედ, რომ მოსარჩელისთვის 19.09.2016 წლის მიღება-ჩაბარების აქტით სადავო ნივთები - წყვილი თვლიანი საყურე მოსარჩელისთვის დაბრუნებული არ ყოფილა, რამეთუ, როგორც მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებს, აღნიშნული ნივთები მოსარჩელეს მანამდე, სესხების გაერთინების ეტაპზე (11.09.2012წ) დაუბრუნდა (იხ. 19.10.2018წ. სხდომის ოქმი 10:51:14-16.)

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მხოლოდ შპს ,,ო.’’ დირექტორის ახსნა-განმარტების საფუძველზე, რომელსაც არ ეთანხმება მოსარჩელე მხარე დადგენილად ვერ მიიჩნევს სადავო ნივთების მოსარჩელისათვის დაბრუნების ფაქტს, რადგან ასეთი გარემოების დამადასტურებელი სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. სადავო ნივთების მოსარჩელისთვის დაბრუნების ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის მიზნებისთვის სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს 19.09.2016 წლის მიღება-ჩაბარების აქტს, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემული განმარტებით მოწინააღმდეგე მხარემ (შპს ,,ო.’’ დირექტორმა’) დაადასტურა ფაქტი მასზედ, რომ სადავო ნივთები 19.09.2016 წელს სხვა ნივთებთან ერთად მოსარჩელისთვის დაბრუნებული არ ყოფილა, რადგან აღნიშნული ნივთები (11.09.2012წ) მოსარჩელეს მანამდე დაუბრუნდა. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ მოპასუხეს არ მოეპოვება არც იმის დამდასტურებელი მტკიცებულება (მიღება ჩაბარების აქტი), რომლითაც სადავო საყურეების მოსარჩელისათვის გადაცემა დადასტურდებოდა 2012 წლის 11 სექტემბრისათვის (იხ. 19.10.2018წ. სხდომის ოქმი).

4.1.3. განსახილველ შემთხვევაში ლ. რ. შპს ,,ო.სგან’’ ზიანის სახით 10.12.2011 წლის ხელშეკრულებაში მითითებული წყვილი თვლიანი საყურის ღირებულების 4 000 ევროს ეკვივალენტი ლარის ანაზღაურებას მოითხოვს.

ამ მიმართებით მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული წყვილი თვლიანი საყურის ღირებულება შედავებულია მოპასუხე/მოწინააღმდეგე მხარის მიერ, აღნიშნული კი სამოქალაქო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ სადავო ფაქტის დამტკიცების ვალდებულებას წარმოშობს. გათვალისწინებით იმისა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ/აპელანტმა სადავო ნივთის ღირებულების დასადასტურებლად მისივე ახსნა-განმარტების გარდა, რაიმე მტკიცებულება ვერ წარმოუდგინა სასამართლოს, შესაბამისი გარემოება წყვილი თვლიანი საყურის 4 000 ევროს ღირებულებასთან მიმართებით ვერ იქნება გაზიარებული.

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის 10.12.2011 წელს გაფორმებული მიღება/ჩაბარების აქტით განსაზღვრულია ამავე დღეს მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის საშუალების სადავო წყვილი თვლიანი საყურის ღირებულება. დასახელებული დოკუმენტის მიხედვით თითოეული თვლიანი საყურე (სინჯი - 585, წონა - 1,30) შეფასებულია 29,90 აშშ დოლარად. (ს.ფ. 16)

სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

სამოქალაქო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად ლომბარდში ნივთების დაგირავება ხორციელდება მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებისა და ნივთის ლომბარდის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის გზით.

სამოქალაქო კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად გირავნობის უფლება წყდება იმ მოთხოვნის გაუქმებასთან ერთად, რომლის უზრუნველსაყოფადაც იგი არსებობს.

სამოქალაქო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გირავნობის უფლების შეწყვეტის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია მის მფლობელობაში არსებული საგანი დაუბრუნოს დამგირავებელს.

სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება

სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 03.10.2016 წელს შპს ,,ო.ს’’ განცხადებით მიმართა ლ. რ. სადავო ნივთების დაბრუნების მოთხოვნით, წინამდებარე გადაწყვეტილებით პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს ,,ო.’’, როგორც მოგირავნემ, დაარღვია მისი ვალდებულება და ლ. რ.სთვის სადავო ნივთები (წყვილი თვლიანი საყურე) არ დაუბრუნებია.

საბოლოოდ, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ ვალდებულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც მოპასუხის სასარგებლოდ დაგირავდა სადავო ნივთები შესრულებულია, გირავნობის საგანი, რომელიც მოპასუხეს გადაცემული ჰქონდა მფლობელობაში მოთხოვნის მიუხედავად მოსარჩელისთვის დაბრუნებული არ არის, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სახეზეა ნივთის დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანი და მისი ანაზღაურების მავალდებულებული წინაპირობა, თუმცა არა სარჩელში მითითებული ოდენობით, რადგან სარჩელში მითითებული ოდენობის ღირებულების დამადასტურებელი სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. გათვალისწინებით იმისა, რომ მხარეებს შორის 10.12.2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით და მის საფუძველზე შედგენილი მიღება/ჩაბარების აქტით სადავო წყვილი საყურე შეფასებულია ჯამში 59,8 (29,9+29,9) აშშ დოლარად, პალატა მიიჩნევს, რომ წყვილი საყურის დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანის სახით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სწორედ 59,8 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.

6. საპროცესო ხარჯები

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

ლ. რ. სამოქალაქო საპროცესოკოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ პუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან. მოცემულ შემთხვევაში ლ. რ. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, შპს ,,ო.’’ მის სასარგებლოდ დაეკისრა 59,8 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარების გადახდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად მოწინააღმდეგე/მოპასუხე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით - 4.20 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ლ. რ. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ლ. რ.ს სასარჩელო მოთხოვნა წყვილი საყურის ღირებულების 4 000 ევროს ეკვივალენტი ლარის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შპს ,,ო.’’ ლ. რ.ს სასარგებლოდ დაეკისროს 59.8 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

4. შპს ,,ო.ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით - 4.20 ევროს ეკვივალენტი ლარების გადახდა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.



მოსამართლე ვანო წიკლაური