საქმის ნომერი: 2ბ/5453-17
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი, საოჯახო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოსარჩელემ მიმართა პირველი ინსტანციის სასამართლოს და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ, რის გამოც მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. მშობლების მატერიალური მდგომარეობის და მათ კმაყოფაზე მყოფი პირების გათვალისწინებით, ბავშვების რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში სასამართლომ გაზარდა ალიმენტის ოდენობა.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/5453-17 (2017-11-01), www.temida.ge
საქმის № 330210017001924245
საქმის № 2ბ/5453-17

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       01 ნოემბერი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
დიანა ბერეკაშვილი

აპელანტი - ე. მ.

წარმომადგენელი ქ. ს.

მოწინააღმდეგე მხარე ს. ჩ.

წარმომადგენელი რ. პ.

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი

1. ე. მ. და ს. ჩ. რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1994 წლიდან 2009 წლის 15 ოქტომბრამდე. ჰყავთ ორი შვილი სრულწლოვანი 1995 წელს დაბადებული ნ. ჩ. და არასრულწლოვანი შვილი xxxx წლის xx მაისს დაბადებული ე. ჩ.


2. ე. მ. და ს. ჩ. 2009 წლის 15 ოქტომბრიდან ცხოვრობენ ცალ -ცალკე; არასრულწლოვანი შვილი, ე. ჩ. ცხოვრობს დედასთან ერთად მისამართზე მდებარე თბილისი, გ. მე -x მ/რ, xx ბ კორპუსი, მე -x სად, ბინა xx.


3. ს. ჩ. xxxx წლის xx მაისს დაბადებულ ე. ჩ.ს, 2017 წლის მარტის თვემდე ყოველთვიურად ეხმარებოდა 200 ლარით.

4. xxxx წლის xx მაისს დაბადებული ე. ჩ. არის სკოლის მოსწავლე. იგი სუსტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმის რეკომენდაციით დადის ცურვაზე და ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 70 ლარს.



5. ს. ჩ. 2012 წლის 16 ივლისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე მუშაობდა სადისტრიბუციო კომპანია შპს,,ზ-ში“ დისტრიბუტორად და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 1300 ( ათას სამასი) ლარს.

6. ს. ჩ. 2017 წლის 10 მაისიდან მუშაობს შპს ,,მ-ში“ ექსპედიტორის თანამდებობაზე და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 375 ლარს.

7. ს. ჩ. არის შპს ,,ნ.“, საიდენტიფიკაციო კოდი: xxxxxxxxx 40% -იანი წილის პარტნიორი, ს. ჩ.ს, როგორც შპს ,,ნ.“ 40 %-იანის წილის მფლობელის ყოველთვიურ შემოსავალს შეადგენს 300 ლარს.

8. ე. მ. 2014 წლის 21 თებერვლიდან მუშაობს #xx ს-ს საოლქო საარჩევნო კომისიაში კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1140 ლარს.

9. 2009 წლის 25 აგვისტოს დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების №090432355 შესაბამისად, ს. ჩ. საცხოვრებელი სახლი მდებარე თბილისი, გ. მ., x მ/რ, კორპუსი xx, ბინა xx თანაბარწილად აჩუქა ნ. ჩ. და ე. ჩ.

10. 2012 წლის 23 აგვისტოს სს ,,ს.“ და ე. მ. შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების # SBI030671 მიხედვით, ე. მ. აღებული ჰქონდა კრედიტი, რომლის მოცულობა შეადგენდა 10000 ლარს. საკრედიტო ვალდებულება შესრულდა 2015 წლის 24 აგვისტოს. აღნიშნულ სესხზე 2013 წლის 20 დეკემბრამდე ანგარიშზე შემომტანი პირი ფიქსირდება ე. მ.

11. ე. მ. ფინანსური ვალდებულება სს ,,ს.“ წინაშე 2017 წლის 08 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 19 389.48 ლარს, სესხის ხელშეკრულების #4094599 .

12. ს. ჩ. 2015 წლის 12 ოქტომბერს სს ,,ვ. “ ბანკთან დადებული ხელშეკრულების № 670.1198171.001 მიხედვით აღებული აქვს საკრედიტო დავალიანება 7 000 ლარის ოდენობით, სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადაა -2018 წლის 21 სექტემბრამდე, ყოველთვიური შენატანია - 235 ლარი.




13. ს. ჩ. ე. ჩ. გარდა სხვა პირები, რომელთა რჩენის ვალდებულებაც მას ეკისრება არ ჰყავს.

14. ე. მ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ს.
ჩ.სათვის არასრულწლოვანი შვილის xxxx წლის xx მაისს დაბადებული ე. ჩ.ს სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2017 წლის 15 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

ე. მ.ს განმარტებით იგი სრულად უზრუნველყოფს ორივე შვილის მატერიალურ საჭიროებებს, იხდის კომუნალურ გადასახადებს, უქმნის ბავშვების შესაბამის საცხოვრებელ პირობებს. ე. ჩ. არის სკოლის მოსწავლე, საჭიროებს დამატებით მომზადებას სხვადასხვა საგნებში, სუსტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმის რეკომენდაციით დადის ცურვაზე და მისი ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 70 ლარს. ს. ჩ. არ იღებს სისტემატიურ მონაწილეობას შვილების რჩენაში, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მის კმაყოფაზე არ არიან სხვა პირები, დასაქმებულია შპს ,,ზ.“, სადაც მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 1300 დან 1500 ლარამდე. მოპასუხე ასევე ფლობს 40%-იანს წილს შპს ,,ნ.“, ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და აქვს დამატებითი შემოსავალი. ე. მ.ს ხელფასი არ არის საკმარისი შვილების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რის გამოც აღებული აქვს კრედიტი. მოსარჩელემ ასევე თავად დაფარა თანაცხოვრების პერიოდში აღებული საერთო ვალი, ხოლო უძრავი ნივთი, რომელიც ჩუქების სახით გადასცა მამამ ნ. ჩ. და ე. ჩ., წარმოადგენს თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებას. განქორწინების შემდეგ ს. ჩ. არ აქვს ნორმალური მამა-შვილური ურთიერთობა შვილებთან. იგი თავდაპირველად ნებაყოფლობით რიცხავდა მოსარჩელის ანგარიშზე 200 ლარს, ხოლო 2017 წლის მარტის თვიდან დახმარება შეწყვიტა. შესაბამისად, მოპასუხე, როგორც მშობელი, ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ე. ჩ.ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების, ნორმალური რჩენა-აღზრდის, მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების უზრუნველყოფაში.


15. მოპასუხე ს. ჩ. შესაგებლით თანხმობა განაცხადა არასრულწლოვანი შვილის, xxxx წლის xx მაისს დაბადებული ე. ჩ.ს სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდაზე. მოპასუხის განმარტებით, იგი თავს არ არიდებს მშობლის ვალდებულების შესრულებას არჩინოს არასრულწლოვანი, მან შვილებს საჩუქრის სახით გადასცა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ასევე იქ არსებული ნივთები, დაფარა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი კრედიტი, ხოლო თავად კი ცხოვრობს ქირით. ყოველთვიურად ე. ჩ. 2017 წლის მარტის ჩათვლით მატერიალურად ეხმარებოდა 200 ლარით, მაგრამ თავისი შემოსავლების გათვალისწინებით ვერ შეძლებს ალიმენტის გადახდას მოთხოვნილი ოდენობით. მოპასუხე ს. ჩ. აღარ მუშაობს შპს ,,ზ.“, ამჟამად დასაქმებულია შპს ,,მ.“ ექსპედიტორად და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 375 ლარს, რაც შეეხება მისი, როგორც ინდივიდუალური მეწარმის შემოსავალს, ყოველთვიურად 300 ლარს, ხსენებული თანხა ირიცხება დედის ანგარიშზე. ამასთან, ს. ჩ.ს აღებული აქვს სასესხო ვალდებულებები, რომელსაც იხდის ყოველთვიურად.

16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ს.ჩ. (პირადი №xxxxxxxxxxx) არასრულწლოვანი შვილის xxxx წლის xx მაისს დაბადებული ე. ჩ.ს სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 180 (ასოთხმოცი) ლარის გადახდა 2017 წლის 15 მაისიდან;


17. სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ სამართლებრივ დასკვნებს:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.


მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ე. მ. და ს. ჩ. ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მხარეებს შორის საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია. ბავშვის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დედის საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება. “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება. სასამართლომ მიუთითა მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.


ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა- აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის. განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი ე. ჩ. უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე ს. ჩ. არის დასაქმებული, 2017 წლის 10 მაისიდან მუშაობს შპს ,,მ.“ ექსპედიტორის თანამდებობაზე და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 375 ლარს, ასევე იგი წარმოადგენს შპს ,,ნ.“ 40%-იანი წილის მფლობელს და სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი განისაზღვრება ყოველთვიურად 300 ლარით. ამასთან, იგი 2012 წლის 16 ივლისისათვის მუშაობდა სადისტრიბუციო კომპანია შპს,,ზ.“ დისტრიბუტორად და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 1300 ( ათას სამასი) ლარს. ხსენებულ საწარმოში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ რაიმე სახის მტკიცებულება საქმეში არ წარმოდგენილა. ყურადსაღებია ასევე მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი გარემოება იმის თაობაზე, რომ ს. ჩ. xxxx წლის xx მაისს დაბადებულ ე. ჩ., 2017 წლის მარტის თვემდე ყოველთვიურად ეხმარებოდა 200 ლარით. მხარეთა საერთო შვილი ცხოვრობს დედასთან, რომელიც უზრუნველყოფს მის აღზრდა-განვითარების ხარჯებს, რაც არ არის საკმარისი მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით (ე. მ. ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 800 ლარს). სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვი საჭიროებს მშობლების დახმარებას, ვინაიდან არის არასრულწლოვანი, სკოლის მოსწავლე, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ექიმის რეკომენდაციით დადის ცურვაზე, სადაც ყოველთვიური გადასახადია 70 ლარი, ესაჭიროება დამატებით ფასიან, კერძო სასწავლო კურსებში მომზადება რის გამოც, ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, მხოლოდ დედის დახმარება არ არის საკმარისი. მშობლებმა უპირველესად უნდა გაითვალისწინონ შვილების საჭიროებები. მამა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილის რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ბავშვის საარსებო მოთხოვნილებები.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულებები ბანკისა და სხვა პირების წინაშე, ვერ შეძლებს მის მიერ მითითებულზე მეტი თანხის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. მოპასუხეს ფინანსური ვალდებულება აღებული აქვს გარკვეული ვადით, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვის სრულწლოვანებამდე. ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულების დადება მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს აუცილებელი საარსებო მინიმუმის გარეშე. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასაზიარებელი არ არის ასევე ს. ჩ. კმაყოფაზე დედის ყოფნის ფაქტი, ვინაიდან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას სარჩენ პირთა წრე განისაზღვრება არა სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმით და მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომელთა რჩენა პირის კანონისმიერი ვალდებულება და რომლებსაც სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ (არიან ქმდუუნაროები, არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება პენსიის ან სხვა გასაცემელის სახით). განსახილველ შემთხვევაში ასეთი სახის ვალდებულება ს. ჩ. მშობლის მიმართ არ უდასტურდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სახელმწიფო დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 180 (ას ოთხმოცი) ლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2017 წლის 15 მაისიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით თვეში 180 (ას ოთხმოცი) ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე.


18 . სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ე. მ. მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

18.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ სწორად არ გაარკვია საქმის გაქტობრივი გარემოებები, არ გაითვალისწინა, მოპასუხის შემოსავლები, რადგან, მოპასუხის შემოსავლების გათვალისიწინებით სახეზე იყო სარჩელი სრულად დაკმაყოფილების და ალიმენტის 400 ლარით განსაზღვრის წინაპირობები.

18.2. აპელანტი აღნიშნავს, რომ მოპასუხე მუშაობს შპს „ზ.“ დისტრიბუტორად და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 1300 ლარს, ასევე იგი მუშაობს ექსპედიტორად და ხელფასი აქვს 375 ლარი, ხოლო შპს „ნ.“-ში სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები განისაზღვრება თვეში 300 ლარით. აპელანტის მოსაზრებით მოპასუხის შემოსავლებისა და იმის გათვალისწინებით რომ მას არ ჰყავს კმაყოფაზე მყოფი პირები ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს 400 ლარით.

სამოტივაციო ნაწილი

19. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის უნდა დაკმაყოფილების ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება (მისი მეორე პუნქტი) და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რომლითაც ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის მიხედვით შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის. აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების გათვალისწიენებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მშობელს აქვს ბავშვის რჩენის ვალდებულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის შესაბამისად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელსა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

„ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.


სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ე.ი. ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ უნდა იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.

პალატა სააპელაციო საჩივრის მოპასუხის საწინააღმდეგოდ (განჩინების 2.2. პუნქტი) განმარტავს, რომ საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა. ამ მოსაზრებას განამტკიცებს „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლი, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

სასამართლო მიუთითებს ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N41615/07 Neulinder and Shuruk v. Switzerland აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთი მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველადი უთიერთობების შესანარჩუნებლად და, როცა ეს შესაძლებლია, უნდა „აღსდგეს“ ოჯახი. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში”

პალატა განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მაგალითად, თუ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ, ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად .

“ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლის თანახმად ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის ზემოაღნიშნული ნორმა ზრუნავს არასრულწლოვან შვილზე და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის მოვალეობას უპირატესად მშობლებს აკისრებს. მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

სასამართლომ განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. „ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის“ მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

20. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს. ჩ. 2017 წლის 10 მაისიდან მუშაობს შპს ,,მ.“ ექსპედიტორის თანამდებობაზე და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 375 ლარს. ს. ჩ. არის შპს ,,ნ.ს“ 40% -იანი წილის პარტნიორი, ს. ჩ.ს, როგორც შპს ,,ნ.ს“ 40 %-იანის წილის მფლობელის ყოველთვიურ შემოსავალს შეადგენს 300 ლარს. ს. ჩ.ს ე. ჩ.ს გარდა სხვა პირები, რომელთა რჩენის ვალდებულებაც მას ეკისრება არ ჰყავს. ე. მ. და ს. ჩ. 2009 წლის 15 ოქტომბრიდან ცხოვრობენ ცალ -ცალკე; არასრულწლოვანი შვილი, ე. ჩ. ცხოვრობს დედასთან. მოპასუხე ს. ჩ. არასრულწლოვანი შვილისათვის ალიმენტის სახით 2017 წლის მარტის თვემდე ყოველთვიურად იხდიდა 200 ლარს, მან ასევე საცხოვრებელი სახლი მდებარე თბილისი, გ. მ., x მ/რ, კორპუსი xx, ბინა xx აჩუქა ნ. ჩ. და ე. ჩ.


21. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას (განჩინების 18.2. პუნქტი) იმასთან დაკავშირებით რომ მოპასუხე მუშაობს შპს „ზ.“ დისტრიბუტორად და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 1300 ლარს, შესაბამისად ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს 400 ლარით. პალატა განმარტავს რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით, ცნობით, და მხარეთა ახსნა-განმარტებით, რომელზედაც ასევე განმარტება მიცემული იყო შესაგებელსა და პირველი ინსტანციის სასამართლოშიც ს. ჩ. 2017 წლის 31 იანვრიდან აღარ მუშაობს სადისტრიბუციო კომპანია შპს ,,ზ.“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მშობლების მატერიალური მდგომარეობის და კმაყოფაზე მყოფი პირების გათვალისწინებით, ბავშვების რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს 200 ლარით, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება (მისი მეორე პუნქტი) უნდა გაუქმდეს და მოპასუხეს ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს 200 ლარის გადახდა.

22. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-14 მულის თანახმად, საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე;საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4%, მაგრამ არანაკლებ 150 და არაუმეტეს 5000 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე, სახელმწუოფო ბაჯის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მულით განსაზღვრულია დავის საგნის ფასის განსაზღვრის წესი, რომლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნტი ადგენს, რომ ლიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ლარის გადახდა;

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :


1. ე. მ. სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. მოწინააღმდეგე მხარე ს. ჩ. (პ/ნ xxxxxxxxxx) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის xxxx წლის xx მაისს დაბადებული ე. ჩ. სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდა 2017 წლის 15 მაისიდან.

4. მოწინააღმდეგე მხარე ს. ჩ. (პ/ნ xxxxxxxxxxx) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა;

5. გადაწყვეტილება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.




მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი