საქმის ნომერი: 2ბ/532-18
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი, სამოქალაქო სამართლის პროცესი, სააღსრულებო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ვანო წიკლაური,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, დახარვეზდა, ხარვეზი არ იქნა შევსებული, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2-14318-17, ას-1056-2018
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოსარჩელე მოითხოვდა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ მასში მითითებული თანხის ნაწილი უკვე გადახდილი ჰქონდა. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ ცნო. პალატამ სარჩელი დააკმაყოფილა, თუმცა მიუთითა, რომ შესასრულებელი ვალდებულების ოდენობის შემცირება უნდა განხორციელებულიყო არა სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის, არამედ მასში ცვლილების შეტანის საფუძველზე. პალატამ სააღსრულებო ფურცელი ბათილად ცნო მხოლოდ პირგასამტეხლოს ნაწილში იმ საფუძვლით, წერილობითი ხელშეკრულება არ შეიცავდა შეთანხმებას პირგასამტეხლოზე.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/532-18 (2018-05-30), www.temida.ge
საქმის № 330210117001952191
საქმის № 2ბ/532-18

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       30 მაისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვანო წიკლაური

სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი, გვანცა კომბეგაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვით

აპელანტი - მ.ბ.
წარმომადგენელი – ნ.ლ.

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი.“
წარმომადგენლები – კ.ჯ. (დირექტორი), დ.გ.

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, ფულადი ვალდებულების შესრულების აღიარება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ბ.-ის სასარჩელო მოთხოვნა შპს ი.-ის მიმართ 7200 აშშ დოლარის ვალდებულების შესრულებულად აღიარებისა და 2013 წლის 17 იანვრის სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2011 წლის 19 აგვისტოს ერთი მხრივ შპს ი.-ს და მეორე მხრივ მ.ბ.-ს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. გარიგების თანახმად მსესხებელს ვალდებულების სრულად შესრულების ფარგლებში 2014 წლის 19 აგვისტოს კრედიტორისთვის უნდა გადაეხადა 21384 აშშ დოლარი.

ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №XX.XX.XX.XXX.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას :
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 14-17)
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 27)

2.2. 2013 წლის 17 იანვარს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად მ.ბ.-ის ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი ნაწილი 11 110 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 111,10 აშშ დოლარი, ამავე სააღსრულებო ფურცლით განისაზღვრა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას :
- 2013 წლის 17 იანვრის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 18-20)

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესით ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, ანუ მოსარჩელე მხარეს.

სასამართლოს მითითებით მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი რამოდენიმე სალაროს შემოსავლის ორდერი და თანხის გადარიცხვის სხვა მტკიცებულებანი.

სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული დოკუმენტების ნაწილი შედგენილია 2011 წლის 19 აგვისტომდე და ბუნებრივია საქმეში წარმოდგენილი სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული შესრულების ფაქტს ვერ დაადასტურებენ. ნაწილ მტკიცებულებებში არაა ასახული თანხის გადარიცხვის მიზანი და ვერ ხერხდება მიმღები პირის იდენტიფიცირება. ასე მაგალითად 2011 წლის 19 მაისის №424 სალაროს შემოსავლის ორდერი შედგენილია 2011 წლის 19 აგვისტომდე პერიოდში და მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებულ შესრულებას ვერ დაადასტურებს. ანალოგიურად, 2011 წლის 15 სექტემბრის შემოსავლის ორდერში თანხის შემოტანის დანიშნულებად კონკრეტული სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება მითითებული არაა.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების და მოპასუხე მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელეს 2011 წლის 19 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება სრულად არ შეუსრულებია. საქმის მასალებით მ.ბ.-ის მიერ მოპასუხისთვის დამატებით 7200 აშშ დოლარის ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი არ დასტურდება.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას :
- თანხის გადახდის დამადასტურებელი სალაროს შემოსავლის ორდერები, გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითრები (ს.ფ. 29-47)

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.4. სასამართლოს მითითებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 386-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად თუ კრედიტორს აქვს ფულის ჩარიცხვისათვის გამიზნული საბანკო ანგარიში იმ ადგილას ან იმ ქვეყანაში, სადაც გადახდა უნდა მოხდეს, მაშინ მოვალეს შეუძლია ამ ანგარიშზე ჩარიცხვით შეასრულოს თავისი ფულადი ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრედიტორი ამის წინააღმდეგია.

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის დანაწესით ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). ხოლო სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასამართლომ შენიშნა, რომ კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება მსესხებელს, ამ შემთხვევაში მოსარჩელე მ.ბ.-ს. სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ გარდა საქმეში წარმოდგენილი გადახდებისა დამატებით 7200 აშშ დოლარის ანაზღაურება მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.ბ.-ის მიერ 2011 წლის 19 აგვისტოს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება სრული მოცულობით შესრულებული არაა. შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა 7200 აშშ დოლარის ფარგლებში ვალდებულების შესრულებულად ჩათვლის ნაწილში მოკლებულია დასაბუთებას.

სასამართლოს მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ნაწილზე, რომლის თანამხად კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. დასახელებული ნორმა წარმოადგენს 2013 წლის 17 იანვრს შედგენილი სადავო სააღსრულებო ფურცელის გაცემის საფუძველს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მისი გაუქმების საფუძველი მოსარჩელე მხარის მიერ დასახელებული ვერ იქნა.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

სასამართლომ შენიშნა, რომ 2013 წლის 17 იანვარს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ძირითადი ვალდებულების სახით მითითებულია 11110 აშშ დოლარი ხოლო პირგასამტეხლოა 111,10 აშშ დოლარი. სასამართლოს დასკვნით სადავო სააღსრულებო ფურცელში დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა ვალდებულების დარღვევის ვადის და სესხის ძირითადი ნაწილის პროპორციული და ადექვატურია, შესაბამისად პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი გამოკვეთილი არ გახლავთ და სადავო სააღსრულებო ფურცელი ამ ნიშნითაც კანონიერია.

ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლომ მ.ბ.-ის სასარჩელო მოთხოვნები დაუსაბუთებელად მიიჩნია.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

3.1. აპელანტის მითითებით მართალია სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია, რომ საქმეში წარდგენილი გადარიცხვის ქვითრები ადასტურებდა ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტს, თუმცა გათვალისწინებით იმისა, რომ მოპასუხე მხარე მიუთითებდა 19.08.2011 წლის ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტს სასამართლოს მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა ემსჯელა სადავო გარემოების დადგენილად მიჩნევის შესახებ. აპელანტის განმარტებით ნოტარიუსის მიერ არასწორად იქნა გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რადგან იმ პირობებში, როდესაც სესხის ძირითადი თანხა 7200 აშშ დოლარს შეადგენდა, არ არსებობდა ძირითადი თანხის სახით აღასრულებელ ვალდებულებად 11 110 აშშ დოლარის მითითების საფუძველი, გარდა ამისა, პირგასამტეხლო გათვალისწინებული იყო 0.3 %-ის ოდენობით, სააღსრულებო ფურცლით კი პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 1 %-ით განისაზღვრა.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.1.1. 19.08.2011 წელს ერთი მხრივ მ.ბ.-ს და მეორე მხრივ შპს „ი.-ს“ შორის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით კრედიტორისთვის სამი წლის განმავლობაში ჯამში 21 384 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა.(ტ.1.ს.ფ. 14-17)

4.1.2. 2011 წლის 19 აგვისტოს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 17 იანვარს ნოტარიუს ქ.ო.-ის მიერ შპს „ი.-ის“ სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცელი გაიცა, რომლითაც შპს „ი.-ის“ მიმართ მ.ბ.-ის ვალდებულების მოცულობა შემდეგი სახით განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა - 11 110 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 111,10 აშშ დოლარი. (ტ.1.ს.ფ. 18-20)

4.1.3. განსახილველ შემთხვევაში მ.ბ.-ის სასარჩელო მოთხოვნას 19.08.2011 წლის ხელშეკრულების საფუძველზე 17.01.2013 წელს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა წარმოადგენს, მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე ხელშკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე უთითებს.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად არ დგინდება დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება - მოსარჩელის (მსესხებლის) მიერ 19.08.2011 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

მითითებული მუხლის დანაწესი ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეების პოზიციითაა განსაზღვრული. შესაბამისად, მხარემ, თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი საფუძვლის დამტკიცების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს სასამართლოს. თუმცა, მხარისათვის მხოლოდ მტკიცებულების წარმოდგენის უფლების მინიჭებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი არ რეალიზდება. ამისათვის სავალდებულოა, რომ „თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე, მტკიცებულებების ჩათვლით, ისეთ პირობებში, რომელიც მას თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით არსებითად არახელსაყრელ პირობებში არ მოაქცევს“.

მითითებული ნორმის ანალიზით დგინდება, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, 19.08.2011 წელს ერთი მხრივ, მ.ბ.-ს და, მეორე მხრივ, შპს „ი.-ს“ შორის დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მ.ბ.-მ კრედიტორის სასარგებლოდ სამი წლის განმავლობაში 21 384 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება იკისრა. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მ.ბ.-ის მიერ 19.08.2011 წლის ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ი.-ის“ სასარგებლოდ 21 384 აშშ დოლარი გადახდილი არ ყოფილა. მოსარჩელე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულების შესრულებულად მიიჩნევას კრედიტორის სასარგებლოდ 14 067 აშშ დოლარის გადახდაზე მითითებით მოითხოვს. მართალია მოწინააღმდეგე მხარე ადასტურებს 14 067 აშშ დოლარის ნაწილის 13 400 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს, თუმცა მოსარჩელის მიერ მითითებული თანხის კერძოდ, 14 067 აშშ დოლარის გადახდის დადასტურების პირობებშიც კი მხარეებს შორის სადავო რჩება საკითხი 19.08.2011 წ. ვალდებულების (21384 აშშ დოლარი) სრულად შესრულების შესახებ.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა ის გარემოება, კრედიტორის სასარგებლოდ თუნდაც 14 067 აშშ დოლარის გადახდით შეწყდა თუ არა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 21 384 აშშ დოლარის კრედიტორისთვის დაბრუნების შესახებ.

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა 14 067 აშშ დოლარის გადახდის ფარგლებში ვალდებულების სრულად შესრულებასთან მიმართებით ემყარება არგუმენტს მასზედ, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით მისთვის არახელსაყრელი პირობები იქნა შეთავაზებული, შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, მის მიერ 19.08.2011 წლის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხით ვალდებულება სრულად შესრულებულად უნდა ჩათვლილიყო. აღნიშნულთნ მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა თავისუფალი ნების ფარგლებში დადებული გარიგების პირობის საწინააღმდეგოდ, რომლითაც მსესხებელმა კრედიტორის სასარგებლოდ სადავო თანხის - 21 384 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება იკისრა, მსესხებლის მიერ სახელშეკრულებო პირობის ცვლილებასთან მიმართებით მხარეთა დამატებით შეთანხმებაზე მითითებული ვერ იქნა, მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ვერც სხვა მტკიცებულება (მაგ: სასამართლო გადაწყვეტილება), რომლითაც სადავო სახელშეკრულებო პირობა გაბათილებული იქნებოდა, აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა წარმოადგენს და სახელშეკრულებო პირობა, რომლითაც მან კრედიტორის სასარგებლოდ 21 084 შშ დოლარის გადახდის ვალდებულება იკისრა მართლწინააღმდეგობის ან სხვა საფუძვლით, რომელიც გარიგების პირობის თუნდაც შემოწმების საფუძველს წარმოშობდა დაყენებული არ ყოფილა. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის (აპელანტის) პოზიციას მასზედ, რომ სახეზეა სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის საფუძველი სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების საფუძვლით. თუმცა, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა აღსასრულებელ ვალდებულებად პირგასამტეხლოს სახით 111,10 აშშ დოლარის განსაზღვრის ნაწილში სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის წინაპირობა, იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის გაფორმებული გარიგებით (ტ.1. ს.ფ. 14-17) არ დასტურდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოზე კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, წერილობითი ფორმით შეთანხმების ფაქტი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

პალატა შენიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. (სსკ 418 II). წერილობითი ფორმით პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმების არარსებობის პირობებში, შეთანხმება ბათილად მიიჩნევა, ფორმის დაუცველობის საფუძვლით. (სსკ 59 I)

გარდა ამისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მოწინააღმდეგე/მოპასუხე მხარემ - შპს „ი.-ის“ წარმომადგენელმა ნაწილობრივ, კერძოდ, 11 100 აშშ დოლარის და 7 200 აშშ დოლარის სხვაობის - 3910 აშშ დოლარის ნაწილში ცნო მ.ბ.-ის სარჩელი. (იხ. 18.05.2018წ. სხდომის ოქმი 10:22:50-10:23:25)

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში გათვალისწინებით იმისა, რომ მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ, კერძოდ, 3 910 აშშ დოლარის (11 110- 7200= 3910) მოთხოვნის ნაწილში ცნო სარჩელი, მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობა, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობაა, თუმცა არა სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის, არამედ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის საფუძველზე. საბოლოოდ, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების და მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის საფუძველზე სახეზეა სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, კერძოდ, პირგასამტეხლოს ნაწილში 17.01.2013 წლის სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის და სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის ფარგლებში სააღსრულებო ფურცელში სესხის ძირითადი თანხის 7200 აშშ დოლარის განსაზღვრის საფუძველი.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.

6. საპროცესო ხარჯები

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

მ.ბ. სამოქაალქ საპროცესოკოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ პუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან. მოცემულ შემთხვევაში მ.ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი სააღსრულებო ფურცელი იმ ნაწილში, რომლითაც პირგასამტეხლოს სახით აღსასრულებელი ვალდებულება 111,10 აშშ დოლარის ოდენობით განისაზღვრა და სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება იმგვარად, რომ სესხის ძირი თანხა 7200 აშშ დოლარით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ სესხის ძირი თანხის ნაწილში მოპასუხემ ნაწილობრივ 3910 აშშ დოლარის ნაწილში ცნო სარჩელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად მოწინააღმდეგე/მოპასუხე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით - 144,62 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარების გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
:

1. მ.ბ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ.ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ნოტარიუს ქ.ო.-ის მიერ გაცემული 2013 წლის 17 იანვრის სააღსრულებო ფურცელი პირგასამტეხლოს ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი, სესხის ძირითადი თანხის ნაწილში ამავე სააღსრულებო ფურცელში შევიდეს ცვლილება და მისი ოდენობა ნაცვლად 11 110 აშშ დოლარისა განისაზღვრს 7 200 აშშ დოლარით. დანარჩენ ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დარჩეს უცვლელი.

5. შპს „ი.-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით - 144,62 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.