საქმის ნომერი: №2ბ/6577-17
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ვანო წიკლაური,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: ას-1146-2018, 2/387-17
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: აპელანტს და მოპასუხე მხარეს შორის 2012 წელს დაიდო მარტივი სესხის ხელშეკრულება. მსესხებელმა ნაწილობრივ დაფარა სესხის თანხა. ამის შემდეგ 2013 წლიდან გამსესხებელი გამუდმებით სთხოვდა სესხის თანხის სრულად გადახდას, რაც უშედეგო გამოდგა. 2017 წლის 4 მაისს გამსესხებელმა შეიტანა სარჩელი და მოითხოვა როგორც ძირი თანხის ასევე შეთანხმებული პროცენტის თანხის გადახდა. პირველმა ინსტანციამ არ დაუკმაყოფილა სარჩელი ხანდაზმულობის გამო. სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდგომ მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ სცნო სარჩელი 300 ლარის ნაწილში ზეპირო მოსმენისას და სააპელაციო სასამართლომ , მიუხედავად იმასა რომ მოთხოვნა იყო ხანდაზმული დააკმაყოფილა სარჩელი ნაწილობრივ აღიარებული 300 ლარის ფარგლებში.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №№2ბ/6577-17 (2018-01-26), www.temida.ge
საქმის № № 210210017001913197
საქმის № №2ბ/6577-17

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       26 იანვარი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვანო წიკლაური

სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი

აპელანტი - ნ.ჯ.

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.მ.

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ნ.ჯ.-ს სარჩელი მოპასუხე ლ.მ.-ს მიმართ 4 540 (ოთხი ათას ხუთას ორმოცი) ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა სარჩელის ხანდაზმულობის გამო.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1.1. ნ.ჯ.-ს და ლ.მ.-ს შორის დადებული იყო სესხის მარტივი წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც გამოხატული იყო მსესხებლის მიერ შედგენილი ხელწერილის ფორმით. ხელშეკრულება უვადოდ დაიდო, რადგან სესხის დაფარვის კონკრეტული ვადა მხარეთა მიერ შეთანხმებული არ იყო. მხარეთა შეთანხმებით მსესხებელს ყოველდღიურად უნდა გადაეხადა ძირი თანხის ერთი პროცენტი, რაც აისახებოდა ხელწერილებში.

დადგენილია და მხარეები ადასტურებენ, რომ მოპასუხემ ნ.ჯ.-სგან 2012 წლის 26 ნოემბერს ისესხა 1000 ( ერთი ათასი) ლარი დღეში 1%-ს სარგებლის დარიცხვის პირობით ხანმოკლე ვადით, რომლის დასტურად თავისი ხელით დაწერა ხელწერილი. სესხის დაბრუნების კონკრეტული ვადა შეთანხმებული არ იყო. ამავე წლის 26 ნოემბერს დააბრუნა 200 ლარი, 18 დეკემბერს დააბრუნა 400 ლარი, 2013 წლის 25 იანვარს დააბრუნა 200 ლარი. სულ დააბრუნა 800 ლარი და დარჩა გადასახდელი 200 ლარი. დარჩენილი 200 ლარის ნაცვლად 2013 წლის თებერვალში მან მოსარჩელეს ფქვილი მიუტანა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- სარჩელი; შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- შინაურული ხელწერილები სესხის თანხის აღების თაობაზე;

2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.2.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით სასამართლომ დაადგინა თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში და საქმის მასალებიდან და მხარეთა განმარტებებიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა მარტივი წერილობითი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულება.

სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა სესხის თაობაზე შეთანხმებიდან. სასამართლოს მიერ დადგენილია და მხარეები ადასტურებენ, რომ მოპასუხემ მოსარჩელე ნ.ჯ.-სგან 2012 წლის 26 ნოემბერს ისესხა 1000 (ათასი) ლარი, ამ თანხიდან 800 ლარი დააბრუნა, ხოლო დარჩენილ ვალში მოსარჩელეს ფქვილი მიუტანა. ამრიგად, მოსარჩელეს დაბრუნებული აქვს ძირითადი თანხა.

2.2.2. რაც შეეხება შეთანხმებას სარგებლის სახით ყოველდღიურად 1%-ის დარიცხვის შესახებ, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შეთანხმება ბათილია შემდეგი გარემოებების გამო:
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო ამავე კოდექსის 54- ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ. ვალდებულების დარღვევისათვის ერთი კონტრაჰენტისათვის შეუსაბამოდ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაწესება მეორე კონტრაჰენტის მხრიდან სხვა არაფერია, თუ არა უფლებათა ბოროტად გამოყენება მხოლოდ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას (სკ-ის მე-10 მუხლის მესამე ნაწილი). სკ-ის 346-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია ნდობისა და კეთილსინდისიერების საწინააღმდეგო პირობები, რომლებიც საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის.

სასამართლოს მოსაზრებით გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო და სხვა საკრედიტო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო პროცენტის განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს. ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სესხის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად თანხაზე სარგებლის დარიცხვის ნაწილში.

2.2.3. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ სარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია და განმარტა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით: ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სასამართლო თვლის, რომ მხარეები იმყოფებოდნენ რა სახელშეკრულებო ურთირთობაში მოთხოვნის მიმართ მოქმედებს დასახელებული მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რაც შეადგენს სამ წელს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა ასრულებს სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და გამორიცხავს სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში არ გამორიცხავს სუბიექტურ მომენტს – იცოდა თუ არა დაზარალებულმა ან უნდა სცოდნოდა თუ არა საკუთარი უფლების დარღვევის შესახებ.

სასამართლომ განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. დადგენილია, რომ სესხის ხელწერილით გათვალისწინებული იყო თვეში 30%-ს გადახდა, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცენტის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსარჩელეს შეეძლო მოეთხოვა ვალდებულების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს და შესაბამისად მოთხოვნა მოპასუხეების მიმართ ხანდაზმულია და იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

3.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

3.1.1. აპელანტი უთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებზე და გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს. აპელანტი პრეტენზიას გამოთქვამს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა ფაქტობრივი გარემოებები და სამოქალაქო კოდექსის ნორმები.

აპელანტის პრეტენზია ძირითადად ეფუძნება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ არგუმენტაციას, რაზეც აპელანტი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე, 365-ე და 626-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სარგებლიანი ვალის აღიარების პირობებში, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილია და არ აქვს არსებითი მნიშვნელობა კრედიტორის მოქმედებაზე იქნება დამოკიდებული მოთხოვნის წარმოშობა, თუ მოვალის მოქმედებაზე. გარდა იმისა, რომ პროცენტის აღიარების ვალდებულება თავისთავად წყვეტს ხანდაზმულობის ვადას, სარგებლისა და ძირი თანხის სრულად დაფარვის დრომდე, ამას ემატება მოვალის მიერ შედგენილი ხელწერილით ნაკისრი ვალდებულება, რადგან მისი ნებით დღეთა რაოდენობის არჩევანზე დამოკიდებულებით, არ შემოიფარგლა განსაზღვრული ვადით და შესაბამისად დინამიურად განგრძობადი პროცესია, ვადის განუსაზღვრელად.

სააპელაციო პრეტენზია ემყარება ასევე სსკ-ის 429-ე მუხლს, რომლის საფუძველზე აპელანტი მიუთითებს, რომ ვალდებულების შესრულების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია, ხოლო მოვალეს არ წარმოუდგენია შესაბამისი ხელწერილები, რაც დაადასტურებდა მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტს (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი ტ. 1, ს.ფ. 76-102).

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

4.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

4.1.1. მხარეთა შორის სადავო არ ხდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2012 წლის 26 ნოემბერს ლ.მ.-მ ნ.ჯ.-სგან ისესხა 1000 ლარი. ლ.მ. ასევე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სესხი იყო სარგებლიანი და რომ სარგებელი შეთანხმებული იყო ყოველდღიურად 1%-ის ოდნეობით. უდავოა და სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას (იხ. 2018 წლის 26 იანვრის სხდომის საოქმო ჩანაწერი) მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ლ.მ.-ს მიერ ფულადი ვალდებულება ნ.ჯ.-ს მიმართ შესრულდა ნაწილობრივ, კერძოდ ლ.მ.-მ ნ.ჯ.-ს დაუბრუნა 800 ლარის ოდენობით თანხა, კერძოდ 2012 წლის 26 ნოემბერს - 200 ლარი, 2012 წლის 18 დეკემბერს - 400 ლარი და 2013 წლის 25 იანვარს - 200 ლარი.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ლ.მ.-ს დავალიენაბა ამ დროისათვის შეადგენს 4540 ლარს (აქედან 200 ლარი არის ძირი თანხა, დანარჩენი თანხა მოიცავს სარგებელს და ზიანს ლარსა და დოლარს შორის კურსთა სხვაობის გამო) და მოითხოვს ამ თანხის მოპასუხისათვის დაკისრებას.

4.1.2. მხარეთა შორის სადავოა სასარჩელო მოთხოვნის - 4540 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის, ხანდაზმულობის საკითხი. სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გასაბათილებალდ მოსარჩელე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასესხო ურთიერთობა არ იყო ვადიანი და რომ პირველი ისნტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია სარჩელი ხანდაზმულად. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის ამ პრეტენზიას დაუსაბუთელბობის, გამო. კერძოდ, მართალია, მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება, რომ მხარეთა შორის სასესხო ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო დაზუსტებული და შეთანხმებული, და შესაბამისად ეს ურთიერთობა უნდა მივიჩნიოთ უვადო სასესხო ურთიერთობად, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში იმ ფაქტობრივი გარმოებების გათვალისწინებით (იხ. 2018 წლის 26 იანვრის სხცომის საოქმო ჩანაწერი 12:34:38-12:35:16; 12:37:25-12:37:32-12:37:42), რომ ნ.ჯ. 2013 წლის იანვრის თვის მომენტიდანვე სისტემატურად ითხოვდა ლ.მ.-სგან სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე დარჩენილი ფულადი ვალდებულების შესრულებას, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სკ-ის 365-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოთხვონის წარდგენის მომენტიდან მოპასუხე ლ.მ.-ს წარმოეშვა დარჩენილი დავალიანების დაუყოვნებლივ შესრულების ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობამაც გამოიწვია ნ.ჯ.-ს უფლების დარღვევა .

სკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, უფლების დარღვევის შესახე ბ.

შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ რამდენადაც ლ.მ. ნ.ჯ.-ს მოთხოვნის მიუხედავად არ ასრულებდა ვალდებულებას, ნ.ჯ.-ს 2013 წლის მარტიდან ლ.მ.-ს მიმართ წარმოეშვა მოთხოვნა, რომლის ხანდაზმულობის ვადაც ამოიწურა 2016 წლის მარტის თვეში, მაშინ როდესაც, ლ.მ.-ს მიმართ თანხის დაკისრების შესახებ სარჩელი ნ.ჯ.-მ სასამართლოში წარმოადგინა 2017 წლის 4 მაისს, ესე იგი ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის შემდეგ. სკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამდენად, მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო 4540 ლარის დაკისრების შესახებ სარჩელი უსაფუძვლოა, თუმცა მიუხედავად აღნიშნულსა, სააპეალციო ინსტანციაში საქმის ზეპირი განხილვისას 2018 წლის 26 იავნრის სასამართლო სხდომაზე ( იხ. 2018 წლის სასამართლო სხდომის საოქმო ჩანაწერი 12:50:46-12:50:54) ლ.მ.-მ ნაწილობრივ, 300 ლარის ნაწილში ცნო სასარჩელო მოთხოვნა. აღნიშნული კი სსსკ-ის მე-3 მუხლის და 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, წარმოადგენს სარჩელის ნაწილბორივ (300 ლარის ნაწილში) დაკმაყოფილების პროცესუალურ საფუძველს .

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ამრიგად, მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ, 300 ლარის ნაწილში, ცნობის გამო, ნ.ჯ.-ს სარჩელი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.ჯ.-ს სასარგებლოდ ლ.მ.-ს დაეკისრება 300 ლარის გადახდა

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე (აპელანტი) „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მოპასუხეს - ლ.მ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის პროპორციულად. ნ.ჯ.-ს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისთვის 4540 ლარის დაკისრება, რაც წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ 300 ლარის ნაწილში, რაც შეადგენს სასარჩელო მოთხოვნის 7%-ს. პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 136,2 (4540x3%) ლარის 7% შეადგენს 9,5 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ.მ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაევალოს 9,5 ლარის გადახდა.

რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციისთვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხს, პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 181,6 (4540x4%) ლარს, რომლის 7% არის 12,7 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ.მ.-ს სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახ. ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 12,7 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნ.ჯ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოცემულ საქმეზე სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებით, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:
2.1. ნ.ჯ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.2. მოპასუხე ლ.მ.-ს მოსარჩელე ნ.ჯ.-ს სასარგებლოდ დაეკისროს 300 ლარის გადახდა;
2.3. ნ.ჯ.-ს სარჩელი 4240 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

3. ლ.მ.-ს სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 9,5 ლარის გადახდა.

4. სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ლ.მ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 12,7 ლარის გადახდა.

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.