საქმის ნომერი: 2ბ/4384-18
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები: ას-167-155-2015,
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება. სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ და შეამცირა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობა. მოპასუხე მხარემაც ცნო სარჩელი ნაწილობრივ. სააპელაციო საჩივრით მომართეს სასამართლომ ორივე მხარემ. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქმის გამორემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ მხარეს პირგასამტეხლოს გადახდა უნდა დაეკისროს მხოლოდ მის მიერ აღიარებული თანხის ნაწილში.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/4384-18 (2018-11-14), www.temida.ge
საქმის № 330210117002118457
საქმის № 2ბ/4384-18

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       14 ნოემბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
დიანა ბერეკაშვილი

აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ხ. ფ.

მოწინააღმდეგე მხარე (შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი) -- შპს „ვ.“
წარმომადგენელი- ნ. დ.

დავის საგანი -- პირგასამტეხლოს დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება

აპელანტის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის შპს „ვ.“-ს მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი

1. 2016 წლის 01 აგვისტოს შპს "ვ."-სა (მიმწოდებელ) და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემსყიდველ) შორის გაფორმდა №455 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე განისაზღვრა ხელშეკრულების საგანი, შესყიდვის ობიექტი და ტექნიკური პირობები. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში, ხელშეკრულებითა და ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ხელშეკრულების დანართში მითითებული საბურავები - 163 ცალი; (მწარმოებელი ქვეყანა ჩინეთი, მწარმოებელი ფირმა - TIREXCELLE (QINGDAO) INC, ბრენდი - VERUCCI, მოდელი TX021 13.0-18). ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 138 061,00 ლარს, ხოლო მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 4 მარტის ჩათვლით.

2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების №2 დანართით საქონლის მიწოდების ვადა განისაზღვრა ორ ეტაპად: 13 ერთეული საბურავის მიწოდება - ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ( 2016 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით), 150 ერთეული საბურავის მიწოდება-შემსყიდველის მოთხოვნიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში.

3. მიმწოდებელმა შემსყიდველს საქონლის პირველი პარტია მიაწოდა არა 2016 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, არამედ ვადაგადაცილებით - 2016 წლის 29 ნოემბერს, ამასთან, ნაცვლად 13 საბურავისა, შემსყიდველს მიეწოდა 29 ცალი საბურავი, რაც სრულად მიიღო მოსარჩელემ.


4. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 15.1. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრებოდა შემსყიდველისათვის შემდეგი ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა: საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,15% ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე (ხელშეკრულების 15.1.1. ქვეპუნქტი). ხელშეკრულების 15.3. პუნქტის მიხედვით, პირგასამტეხლოს დარიცხვის მიუხედავად, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით შეეწყვიტა ხელშეკრულება (15.3.1. ქვეპუნქტი): მიღება-ჩაბარების აქტი გაეფორმებინა საქონლის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო საქონლის იმ ნაწილზე, რომელიც არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს დაერიცხა პირგასამტეხლო 15.1.1. ქვეპუნქტის შესაბამისად (15.3.2. ქვეპუნქტი). ხელშეკრულების 15.6. პუნქტის თანახმად, საქონლის მიუწოდებლობისათვის დღეების მიხედვით დარიცხვადი პირგასამტეხლოს დარიცხვა შეწყდებოდა მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, იმისდა მიხედვით, თუ ამ გარემოებიდან რომელი უფრო ადრე დადგებოდა. ხელშეკრულების 15.7. პუნქტის მიხედვით, თუ ხელშეკრულების შეწყვეტის ან მოქმედების ვადის გასვლის გამო დღეების მიხედვით პირგასამტეხლოს დარიცხვა ვერ განხორციელდებოდა ან დარიცხული პირგასამტეხლოს ჯამი იქნებოდა ხელშეკრულების ღირებულების 9%-ზე ნაკლები, მიმწოდებელს დაეკისრებოდა მხოლოდ ფიქსირებული პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 9%-ის ოდენობით.

5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს ”ვ.”-ის მიმართ პირგასამტეხლოს 12 425,49 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

6. მოსარჩელის განმარტებით, რომ შპს "ვ."-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2016 წლის 01 აგვისტოს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა ხელშეკრულების საგანი, შესყიდვის ობიექტი და ტექნიკური პირობები. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 138 061,00 ლარს, ხელშეკრულება მოქმედებდა 2017 წლის 4 მარტის ჩათვლით. საქონლის მიწოდების ვადა განისაზღვრა ორ ეტაპად: 13 ერთეული საბურავის მიწოდება - ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, 2016 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით; 150 ერთეული საბურავის მიწოდება - შემსყიდველის მოთხოვნიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში.

შპს "ვ."-მა ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში ვერ უზრუნველყო საქონლის მიწოდება, კერძოდ, 13 ერთეული საბურავი შემსყიდველს მიეწოდა დადგენილი ვადის გადაცილებით, 2016 წლის 29 ნოემბერს. 2017 წლის 22 მარტის აქტით მიმწოდებელს დაერიცხა პირგასამტეხლო 12 425,49 ლარის ოდენობით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 15.1 და 15.7 პუნქტების შესაბამისად, კერძოდ, ვინაიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს ჯამი ნაკლები იყო ხელშეკრულების ღირებულების 9%-ზე, მოპასუხეს დაეკისრა ფიქსირებული პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 9%-ის ოდენობით (138 061,00 ლარის 9%, 12 425,49 ლარი).

7. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა განმარტა, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 1469,96 ლარის გადახდა. მოპასუხის წარმომადგენელმა დააზუსტა და განმარტა, რომ სარჩელს ცნობს 1469,96 ლარის ნაწილში, 89 კალენდარული დღის დარღვევის შესაბამისად. (იხ, 2018 წლის 14 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:08:13).


შესაგებელში განმარტებულია, რომ 2016 წლის 29 ნოემბერს შპს "ვ.“-მა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა 29 ცალი საბურავი. მიმწოდებლის მიერ ვადაგადაცილების გამო შემსყიდველი უფლებამოსილი იყო პირგასამტეხლო მოეთხოვა 2016 წლის 31 აგვისტოდან 2016 წლის 29 ნოემბრამდე. ხელშეკრულების 15.7 პუნქტის გამოყენება (პირგასამტეხლოს ოდენობის 9%-ით განსაზღვრა) არის უსაფუძვლო, ვინაიდან საქონლის მიუწოდებლობას ადგილი არ ჰქონია, საქონელი შემსყიდველს მიეწოდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და ხელშეკრულება ვადამდე არ შეწყვეტილა. მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს, არამედ მიუთითებს პირგასამტეხლოს დარიცხვის სახელშეკრულებო საფუძველზე და განმარტავს, რომ პირგასამტეხლო მხარეს უნდა დაეკისროს არა 15.7 პუნქტის მიხედვით, 9%-იანი ოდენობით, არამედ 15.1 პუნქტის მიხედვით, 0,15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2016 წლის 31 აგვისტოდან 2016 წლის 29 ნოემბრამდე (იხ, 2018 წლის 11 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:35-დან).

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს "ვ."-ს მოსარჩელის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს 3 106,37 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს "ვ."-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 49,11 ლარის ოდენობით.

8.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს საქონელი.

განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ხელშეკრულების დანართში მითითებული საბურავები (163 ცალი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე: ხელშეკრულების საგანზე - შეთანხმებული მახასიათებლების მქონე საბურავები, ხელშეკრულების ღირებულებაზე - ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 138 061,00 ლარით, მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის საგნის მიწოდების ვადებზე - 13 ერთეული საბურავის მიწოდება - ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, 150 ერთეული საბურავის მიწოდება-შემსყიდველის მოთხოვნიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.


განსახილველ შემთხვევაში შპს „ვ.“-მა ვერ უზრუნველყო შეთანხმებულ ვადაში შესყიდვის ობიექტის მიწოდება, კერძოდ, 13 ერთეული საბურავის მიწოდება - ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია შპს „ვ.“-ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება. კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების 15.1, 15.6 და 15.7 პუნქტებით მხარეები შეთანხმდნენ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ხელშეკრულების ღირებულების 9% - 12 425,49 ლარი, შეუსაბამოა ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში. დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს 3 106,37 ლარით.


8.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენელმა გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი 1469,96 ლარის ნაწილში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

9.1. აპელანტის განმარტებით, შპს "ვ."-იმ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების პირობების შესრულება. საქონლის მიწოდების პირველი ეტაპისათვის განსაზღვრული 11 011.00 ლარის ღირებულების 13 ცალი საბურავის მიწოდება (მოთხოვნის გარეშე ასევე მიწოდებული იქნა 16 ცალი საბურავი -ღირებულებით 13 552.00 ლარი) მიმწოდებელმა ფაქტობრივად განახორციელა 2016 წლის 29 ნოემბერს. ხელშეკრულების 2.2.1. პუნქტიდან გამომდინარე, მიღებული საბურავებიდან 8 ცალ საბურავს ჩაუტარდა პრაქტიკული ტესტირება, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა საბურავების უარყოფითი მხარეები და იგი იქნა დაწუნებული. აღნიშნულზე ეცნობა მიმწოდებელს და ეთხოვა 2017 წლის 13 თებერვლამდე განეხილა 29 ცალი საბურავის უკან გატანის და ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შესაბამისი ხარისხის საბურავების მიწოდების საკითხი. აღნიშნულზე მიმწოდებელმა ჩამოაყალიბა საკუთარი ხედვა პრაქტიკული ტესტირების შედეგებზე. მოგვიანებით მიმწოდებელს დამატებით ეთხოვა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში განეხორციელებინა ვალდებულების შესრულება და გაფრთხილებული იქნა პირგასამტეხლოს დაკისრებაზე.

9.2. აპელანტის განმარტებით, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია ხელშეკრულების 15.7. პუნქტი, რომლის შესაბამისად „თუ ხელშეკრულების შეწყვეტის ან მოქმედების ვადის გასვლის გამო დღეების მიხედვით პირგასამტეხლოს დარიცხვა ვერ ხორციელდება ან დარიცხული პირგასამტეხლოს ჯამი იქნება ხელშეკრულების ღირებულების 9%-ზე ნაკლები, მიმწოდებელს დაეკისრება მხოლოდ ფიქსირებული პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 9%-ის ოდენობით. ვინაიდან ხელშკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო დარიცხვადი პირგასამტეხლოს ჯამი ნაკლები იყო ხელშეკრულების ღირებულების 9%-ზე (11011.00 X 0,15% X127 დღე = 2 097,60 ლარი, რაც შეადგენს ხელშეკრულების ღირებულების 1.52%), პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს: 138 061.00ლარიX9%=12 425,49 ლარს. აღნიშნული თანხის დაკისრებას ითხოვს შპს "ვ."-ისათვის, რომლის ანაზღაურებაც მიმწოდებლის მხრიდან არ განხორციელებულა. მიმწოდებელმა ჯეროვნად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ხოლო სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოებები და არასწორად შეაფასა.

10. შპს "ვ."-მა შეგებებული სააპელაციო საჩივრით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს

აპელანტი აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული #455 ხელშეკრულების საფუძველზე აიღო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში შემსყიდველისათვის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიეწოდებინა 13 ცალი საბურავი, ხოლო საბურავების დანარჩენი რაოდენობის მიწოდება უნდა მომხდარიყო შემსყიდველი მოთხოვნის შესაბამისად - კერძოდ, შემსყიდველის მოთხოვნიდან 60 დღეში. საბურავების პირველი პარტიის მიწოდება დაგვიანდა და ნაცვლად 31 აგვისტოსი, შემსყიდველს მიეწოდა 2016 წლის 29 ნოემბერს, ნამეტი ოდენობით, ნაცვლად 13-ისა 29 ცალი. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 89 დღე. მიწოდებული საქონელი სრულ შესაბამისობაში იყო ხელშეკრულების მოთხოვნებთან. ხელშეკრულების ერთადერთი პირობის დარღვევა იყო საბურავების პირველი პარტიის მიწოდების ვადის დარღვევა - მიწოდება უნდა მომხდარიყო 2016 წლის 1 სექტემბრამდე და მოხდა 2016 წლის 29 ნოემბერს. ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა შეადგენს 89 დღეს, რაც აღიარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში, შესაბამისად მათთვის პირგასამტეხლოს დაკისრება უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების 15.1.1. ქვეპუნქტის საფუძველზე, პირგასამტეხლოს რაოდენობად მიუთითეს 1469.96 ლარი, ანუ 11011X 0.15% X89=1469.96, თუმცა მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა შეცდომას, რადგან გამორჩათ ხელშეკრულების 15.1.1. ქვეპუნქტის ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებს პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო (და არა კალენდარულ) დღეზე. პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიარებული თანხა და გამოთვლილი თანხა იქნა სწორედ კალენდარული დღეების მიხედვით დათვლის საფუძველზე, რაც არასწორია. სამუშაო დღეებზე მითითება აღმოაჩინეს მხოლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, შესაბამისად აღიარების დროს მათ მიერ მითითებული პირგასამტეხლოს თანხა, შეცდომით იქნა მითითებული. მართალია ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა (1 სექტემბრიდან 29 ნოემბრამდე) შეადგენს 89 დღეს, მაგრამ პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა მომხდარიყო მხოლოდ 61 დღეზე (89 დღიდან 26 დღე - არის შაბათ-კვირა, ხოლო ორი უქმე დღე - 14 ოქტომბერი და 23 ნოემბერი). დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა, ხელშეკრულების 15.1.1. ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა შეადგენდეს 1007.5065 ლარს (11011X0.15%X61). ამასთან არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას კომპანიის 15.7. პუნქტის მიხედვით დაჯარიმების ნაწილში და აღნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულება 2016 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულების მიხედვით მათ მიერ მოხდა დაგვიანებით, თუმცა ვალდებულების შესრულება მოხდა მანამ სანამ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდოდა ან შეწყდებოდა, დაგვიანებამ შეადგინა 89 კალენდარული დღე. ხელშეკრულების 15.1.1. ქვეპუნქტის მიხედვით მათთვის პირგასამტეხლოს დაკისრება უნდა მომხდარიყო ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე მიუწოდებელი საქონლის ღირებულების (11011 ლარის) 0.15%-ის ოდენობით, რაც სამუშაო დღეებზე შეადგენს 1007.5065 ლარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს "ვ."-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

12. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება, ამგვარი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას კი წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილი /ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს საქონელი/ და სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლები, /პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას./

13. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

13.1. 2016 წლის 01 აგვისტოს შპს "ვ."-სა (მიმწოდებელ) და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემსყიდველ) შორის გაფორმდა №455 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე განისაზღვრა ხელშეკრულების საგანი, შესყიდვის ობიექტი და ტექნიკური პირობები. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში, ხელშეკრულებითა და ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 138 061,00 ლარს, ხოლო მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 4 მარტის ჩათვლით.

13.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების №2 დანართით საქონლის მიწოდების ვადა განისაზღვრა ორ ეტაპად: 13 ერთეული საბურავის მიწოდება - ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში - 2016 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, 150 ერთეული საბურავის მიწოდება-შემსყიდველის მოთხოვნიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში.

13.3. საბურავების პირველი პარტიის მიწოდება დაგვიანდა და 2016 წლის 31 აგვისტოს ნაცვლად, შემსყიდველს მიეწოდა 2016 წლის 29 ნოემბერს. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 89 დღე, რაც აღიარა მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში და 1469,96 ლარის ნაწილში ცნო სარჩელი.(იხ. 30.05.2018 წლის გადაწყვეტილება)


13.4. მხარეები სადაოდ არ ხდიან, რომ მიწოდებული საქონელი სრულ შესაბამისობაში იყო ხელშეკრულების მოთხოვნებთან. (31.10.2018წ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი)

13.5. ხელშეკრულების 15.1, 15.6 და 15.7 პუნქტებით მხარეები შეთანხმდნენ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე.

13.6. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 15.1. პუნქტის მიხედვით, მხარეებმა განსაზღვრეს პირგასამტელოს დარიცხვის ზოგადი წესი, რომლის შესაბამისად, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამეხლოს გადახდა საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში) მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,15% ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე. ამავე ხელშეკრულების 15.6. პუნქტის თანახმად, კი საქონლის მიუწოდებლობისათვის დღეების მიხედვით დარიცხვადი პირგასამტეხლოს დარიცხვა წყდება მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, იმისდა მიხედვით, თუ ამ გარემოებიდან რომელი უფრო ადრე დადგება. ხელშეკრულების 15.7. პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების შეწყვეტის ან მოქმედების ვადის გასვლის გამო დღეების მიხედვით პირგასამტეხლოს დარიცხვა ვერ ხორციელდება ან დარიცხული პირგასამტეხლოს ჯამი იქნება ხელშეკრულების ღირებულების 9%-ზე ნაკლები, მიმწოდებელს დაეკისრება მხოლოდ ფიქსირებული პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 9%-ის ოდენობით.

14. პალატა ვერ გაიზიარებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განმარტებას იმის თაობაზე, რომ, პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს ხელშეკრულების 15.7. პუნქტის თანახმად, და იგი უნდა იყოს ხელშეკრულების ღირებულების 9%-ი, რაც შეადგენს 12 425,49 ლარს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვა/დაანგარიშება უნდა მოხდეს არა ხელშეკრულების 15.7. არამედ 15.6. პუნქტის თანახმად. ვინაიდან ხელშეკრულების 15.7 მუხლი ეხება ისეთ შემთხვევებს როცა ხელშეკრულების შეწყვეტის ან მოქმედების ვადის გასვლის გამო დღეების მიხედვით პირგასამტეხლოს დარიცხვა ვერ ხორციელდება, ანუ როცა ხელშეკრულება შეწყდა ან მოქმედების ვადა გავიდა, ვალდებულება არ შესრულებულა და პირგასამტეხლოს დაანგარიშება შეუძლებელია. (ანუ ვერ დგინდება დარღვევის დასასრული, პირგასამტეხლოს დარიცხვის შეწყვეტის დრო). მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების შესრულება მართალია მოხდა დაგვიანებით, 89 დღის დარღვევით (2016 წლის 31 აგვისტოს ნაცვლად შესრულდა 2016 წლის 29 ნოემბერს,) თუმცა ვალდებულების შესრულება მოხდა მანამდე, ვიდრე ხელშეკრულებას გაუვიდოდა ვადა ან შეწყდებოდა. შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპელირება ხელშეკრულების 15.7. პუნქტზე უსაფუძვლოა.

ამ დასაბუთებას კიდევ უფრო ამყარებს სადავო ხელშეკრულების 15.6 და 15.1.1 მუხლები. მოცემულ შემთხვევაში ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა შეადგენს 2016 წლის 01 სექტემბრიდან 2016 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით 89 დღეს. ხელშეკრულების 15.6. პუნქტის თანახმად, საქონლის მიუწოდებლობისათვის დღეების მიხედვით დარიცხვადი პირგასამტეხლოს დარიცხვა წყდება მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, იმისდა მიხედვით, თუ ამ გარემოებიდან რომელი უფრო ადრე დადგება, ხელშეკრულების 15.1.1. ქვეპუნქტის მიხედვით პირგასამტეხლოს დაკისრება უნდა მოხდეს ყოველვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.

დარღვეული დღეებისა (89 დღე) და მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.15%-ის ოდენობით, ერთობლიობით პალატას მიაჩნია რომ პირგასამტახკლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 1469.96 ლარის ოდენობით.

15. პალატა ვერ გაიზიარებს შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თობაზე, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა შეცდომას, რადგან გამორჩათ ხელშეკრულების 15.1.1. ქვეპუნქტის ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებს პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო და არა კალენდარულ დღეზე. სამუშაო დღეებზე მითითება აღმოაჩინეს მხოლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და აღიარების დროს მათ მიერ მითითებული პირგასამტეხლოს თანხა, შეცდომით იქნა მითითებული, რადგან პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა მომხდარიყო მხოლოდ 61 სამუშაო დღეზე და არა 89 დღეზე.

პალატა განმარტავს რომ, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა 89 დღით, აღიარებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს (იხ. 2018 წლის 11 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:35-დან) და მოპასუხემ ცნო სარჩელი 1469.96 ლარის ნაწილში.

პალატა მოიხმობს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს. ამავე კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, კი, მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.


საპროცესო ურთიერთობის მიზნებისათვის აღიარების სამართლებრივი მნიშვნელობა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე და 132-ე მუხლების თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. საპროცესო სამართლის თეორიაში აღიარების განსაკუთრებული მნიშვნელობა განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე. ფაქტის აღიარების დროს მხარე ცნობს დავის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც სასამართლომ შეიძლება საკმარის საფუძვლად მიიჩნიოს გადაწყვეტილების გამოტანისას და დაეყრდნოს ამ აღიარებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლით ამომწურავადაა დადგენილი აღიარების გაქარწყლების წესი და მისი უარყოფა სარწმუნოა მაშინ, როდესაც აღიარების ავტორი გადაწყვეტილების გამოტანამდე დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო: ა) შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ; ბ) მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფსიქიკურ ან ფიზიკურ ზემოქმედებას, რომელიც გამორიცხავდა მხარის თავისუფალ ნებას. თავის მხრივ, აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს გადაწყვეტილებაში. (სუსგ ას-167-155-2015) მოცემულ შემთხვევაში აპელანტი ვერ მიუთითებს აღაირების გაქარწყლების ვერც ერთ სამართლებრივ წინაპირობაზე.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.

მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხემ ვალდებულების დარღვევა აღიარა 89 დღით და პალატა ვერ გაიზიარებს შპს "ვ."-ის წარმომადგენლის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მათთვის ხელშეკრულების 15.1.1. ქვეპუნქტის ჩანაწერის თაობაზე ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის, 2018 წლის 30 მაისის შემდეგ, რადგან აღნიშნული ხელშეკრულება, როგორც ზემოთ აღინიშნა მხარეთა შორის დადებული იქნა 2016 წლის 01 აგვისტოს. შესაბამისად უსაფუძვლოა შეგებებული საჩივრის ავტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს 61 სამუშაო დღეზე დარიცხვის მოთხოვნის თაობაზე.


17. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს "ვ."-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

18. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩლი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორიცულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

აპელანტი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად.

სსსკ 39-ე მუხლის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში შპს "ვ."-სის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოხმობილი ნორმებისა შპს "ვ."-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150.00 (ასორმოცდაათი) ლარის ნაწილი 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან შეიცვალა გადაწყვეტილება და საბოლოოდ, სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ შესაბამისად, მოპასუხე შპს "ვ."-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 25 ლარის ოდენობით.

სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. შპს "ვ."-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
4.1. მოპასუხე შპს "ვ."-ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 1469.96 ლარის გადახდა.

4.2. მოპასუხე შპს "ვ."-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 25 ლარის ოდენობით.

4.3. შპს "ვ."-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 27 სექტემბერს #1538047203 საგადასახადო დავალებით სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150.00 (ასორმოცდაათი) ლარის ნაწილი 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6, მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.


მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი