საქმის ნომერი: 2ბ/4387-18
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ვანო წიკლაური,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები: ას-939-879-2017, 3ბ/270-17,
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სამოქალქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის მიერ დანიშნულ მთავარ სხდომაზე, რომელიც უნდა ჩატარებულიყო 2018 წლის 25 მაისს არ გამოცხადდა მოსარჩელე და არც მისი წარმომადგენელი. ამის გამო მოპასუხე მხარემ იშუალდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოსამართლემ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელის წარმომადგენელმა, და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, რადგანაც მას ჰქონდა საპატიო მიზეზი სხდომაზე გამოუცხადებლობის. მოსარჩელის წარმომადგენელმა დ.ა.-მ განმარტა, რომ პროცესის გადადება მოითხოვა ჯერ კიდევ 2018 წლის 25 მაისს 11 საათზე, იმ მიზეზით, რომ იმავე დღეს სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული იყო სხდომა განაჩენის გამოცხადების მიზნით, სადაც მონაწილეობდა თვითონ. პირველმა ინსტანციამ არ ჩათვალა აღნიშნული სპატიო მიზეზად და და უარი უთხრა საჩვრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გაასაჩივრა სააპელაციო წესით მოსარჩელის წარმომადგენელმა. სააპელაციო საჩვრით მანდ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და ასევე მტკიცებულების სახით 2018 წლის 25 მაისის სატელეფონო ჩანაწერის გამოთხოვა და საქმეზე დართვა , სადაც მოსამართლის თანაშემწე ეუბნება მას , რომ მისი განცხადება სხდომის გადადებასთან დაკავშირებით რჩებოდა ძალაში. აღნიშნული არ დაუკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ, თუმცა დააკმაყოფილა მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებსთან დაკავშირებით და საქმე ხელახლა განსახილველად გადაუგზავნა პირველ ინსტანციას.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/4387-18 (2018-10-02), www.temida.ge
საქმის № 330210117002110172
საქმის № 2ბ/4387-18

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       02 ოქტომბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვანო წიკლაური

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - ბ.ხ.
წარმომადგენელი - დ.ა.

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ე.დ.“
წარმომადგენელი - გ.ჟ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 19 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბ.დ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით ბ.დ.-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 29 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბ.დ.-ის წარმომადგენელმა მოპასუხე შპს "ე.დ."-ს მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა მოთხოვნით.

2.2. 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა, 2018 წლის 13 მარტს, აღნიშნული სხდომა გადაიდო და მთავარი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 25 მაისს 14:00 საათზე, კანონით დადგენილი წესით ეცნობათ მხარეებს სხდომის თარიღის თაობაზე.

2.3. 2018 წლის 25 მაისს 14:00 საათზე, ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე მხარე ან/და წარმომადგენელი, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა დ.ა.-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით წარმოადგინა განცხადება სადაც შუამდგმლობით უთითებდა, რომ ამავე დღეს 2018 წლის 25 მაისს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ლ.შ.-ის განხილვაში მყოფ საქმეზე ელოდება განაჩენის გამოცხადებას, რის საფუძველზეც შესაძლოა სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა და აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვა სხდომის გადადება გონივრული ვადით.

2.4. 2018 წლის 25 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გამოთხვილი ინფორმაციიდან გამომდინარე დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში, მოსამართლე ლ.შ.-ს წარმოებაში არსებული დ.ა-ს და პ.ყ.-ს ბრალდების საქმეზე განაჩენის გამოცხადების მიზნით სხდომა დანიშნული იყო 2018 წლის 25 მაისს, 11:00 საათზე, სხდომა დაიწყო 2018 წლის 25 მაისს, 11:35 საათზე, გამოცხადდა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი და დაიხურა 11:40 საათზე, განაჩენით დ.ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელად განესაზღვრა მხოლოდ ჯარიმა.

2.5. 2018 წლის 25 მაისს, 14:00 საათზე, ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე მხარე ან/და წარმომადგენელი დ.ა., რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის თაობაზე.

2.6. მოპასუხე შპს “ე.დ."-ს წარმომადგენელმა იშუამდგომლა მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ღონისძიება, რომლის შემთხვევაშიც დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის ’’ბ’’ და ’’გ’’ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.

აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს.

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’ბ’’ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად წარმოადგენს - თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლევენ ძალას, ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებას.

საქართველოს სამოქალაქო საპოცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საჩივარი არ ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო სხდომაზე გამოცხადება ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 25 მაისს, მოსარჩელე ბ.დ.-ის წარმომადგენელმა დ.ა.-მ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით სხდომის გადადების თაობაზე იმ მოტივით, რომ 2018 წლის 25 მაისს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ლ.შ.-ს განხილვაში მყოფ საქმეზე ელოდებოდა განაჩენის გამოცხადებას, რის საფუძველზეც შესაძლოა სასჯელის სახედ და ზომად შეფარდებოდა თავისუფლების აღკვეთა და აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვდასხდომის გადადებას გონივრული ვადით. ხოლო სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში, მოსამართლე ლ.შ.-ს წარმოებაში არსებული დ.ა.-ს და პ.ყ.-ს ბრალდების საქმეზე განაჩენის გამოცხადების მიზნით სხდომა დანიშნული იყო 2018 წლის 25 მაისს, 11:00 საათზე, სხდომა დაიწყო 2018 წლის 25 მაისს 11:35 საათზე, გამოცხადდა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი და დაიხურა 11:40 საათზე, განაჩენით დ.ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელად განესაზღვრა მხოლოდ ჯარიმა, (იხ მომართვა ს/ფ 173); მიუხედავად ამისა, 2018 წლის 25 მაისს, 14:00 საათზე, ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე მხარე ან/და წარმომადგენელი დ.ა., სასამართლომ განმარტა ასევე, რომ მოსარჩელეს ჰქონდა გონივრული დრო განაჩენის გამოცხადებიდან რომელიც დაიხურა 11:40 საათზე, დაკავშირებოდა თავის მარწმუნებელს გამოცხადებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლოს სხდომაზე რადგან, მოსარჩელე საფრთხის ქვეშ არ დააყენებდა საკუთარ სარჩელს და გამოიჩენდა აუცილებელ წინდახედულებას სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თავიდან ასარიდებლად. ამასთან, მოსარჩელე მხარის ერთ -ერთი ძირითადი მოტივი სხდომის გადადების თაობაზე ის იყო რომ მას ემუქრებოდა პატიმრობის შეფარდება, იქიდან გამომდინარე რომ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა რომ მოსარჩელე მხარეს განესაზღვრა მხოლოდ ჯარიმა, აღნიშნული გარემოება აქარწყლებს სხდომის გადადების საპატიო საფუძველს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი განცხადებით და საჩივრით არ დგინდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის დადგენილი საპატიო მიზეზი, რაც საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არა აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევას, ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ პირადად . ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ, აგრეთვე, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს წარმომადგენლის მეშვეობით საქმის წარმოების სავალდებულობას. კანონმდებლობა ისევე, როგორც არ ითვალისწინებს წარმომადგენლის მეშვეობით საქმის წარმოების სავალდებულობას, ასევე არ ზღუდავს მხარეს ჰყავდეს რამდენიმე წარმომადგენელი. ამასთან, თავად მოსარჩელე მხარეს შეეძლო თავად გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე და მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში. ვინაიდან, წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს, ივარაუდება, რომ მოსარჩელე მხარისათვის ცნობილი იყო სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნის თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის კანონით გათვალისწინებულ არცერთ საფუძველს არ ჰქონია ადგილი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე და 233-ე მუხლების საფუძველზე.

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

3.1. აპელანტის მითითებით 24.05.2018 წელს დაახლოებით 19:00 საათისთვის მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი 25.05.2018 წელს 11:00 საათზე გამოცხადდებოდა. აპელანტის განმარტებით გათვალისწინებით იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, მან ვერ შეძლო ბ.დ.-სთვის ინფორმაციის მიწოდება მასზედ, რომ ვერ შეძლებდა 25.05.2018 წელს 14:00 საათზე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დანიშნულ სასმართლო სხდომაზე გამოცხადებას და შესაბამისად, მისი ინტერესების დაცვას. აპელანტის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ მან მიმართა სამოქალაქო საქმეთა პალატას 25.05.2018 წელს 14:00 საათზე დანიშნული საქმის განხილვის სხვა დროისთვის გადადების მოთხოვნით მოსარჩელის მიმართ გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

სააპელაციო პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს იმ პროცესუალურ საფუძვლებზე, რომელთა გათვალისწინებითაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის და ამავე კოდექსის 3761-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განიხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად.

4.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

4.1.1. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, აპელანტი მხარის შუამდგომლობის განხილვას, რომლითაც ეს უკანასკნელი შპს ,,მ.’’-დან 29.09.2018წ. დეტალური ამონაბეჭდის საქმეზე დართვას და ამავე კომპანიიდან ან/და თბილისის პროკურატურიდან 25.05.2018 წელს მის ნომერზე კონკრეტული ნომრიდან განხორციელებული ზარის ფარგლებში სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოთხოვას მოითხოვს იმაზე მითითებით, რომ 25.05.2018 წელს მას დაუკავშირდა ბ.დ.-ის სარჩელის განმხილველი მოსამართლის თანაშემწე, რა დროსაც საუბარი შედგა სხდომის გადადების საკითზე, აღნიშნული სატელეფონო საუბრის ფარგლებში მან საჯარო მოხელეს დაუდასტურა, რომ მიუხედავად სისხლის სამართლის საქმეზე გამოცხადებული განაჩენით მისთვის მხოლოდ ჯარიმის შეფარდებისა ბ.დ.-ს სარჩელის განხილვის მიზნით 25.05.2018 წელს 14:00 საათზე დანიშნული სხდომის გადადების მოთხოვნით 25.05.2018 წ. სასამართლოში წარდგენილი განცხადება კვლავ ძალაში რჩებოდა.

სააპელაციო სასამართლომ განიხილა აპელანტი მხარის შუამდგომლობა მტკიცებულების გამოთხოვის და საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და და დამატებებით.

ამავე კოდექსის 380-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილი იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო მიიღებს ახლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წერილობით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. თუ მხარემ ვერ შეძლო წერილობით მტკიცებულებათა მიღება იმ პირისაგან, ვისთანაც ეს მტკიცებულებები იმყოფება, მას შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რათა სასამართლომ გამოითხოვოს ისინი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვა მხარეთა თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება გადაიდოს. ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ შუამდგომლობის ავტორმა ვერ მიუთითა იმ საპატიო მიზეზებზე, რის გამოც მან ვერ შეძლო შუამდგომლობაში მითითებული მტკიცებულებების პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენა და რომელიც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ახალი მტკიცებულებების საქმეზე დართვას გაამართლებდა. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც მის მიერ დამოუკიდებლად, მტკიცებულების მოპოვების შეუძლებლობას დაადასტურებდა. გარდა ამისა, პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობაში დასახელებულ ახალ მტკიცებულებებს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა სადავო საკითხის გადასაწყვეტად, შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ აპელანტის შუამდგომლობა შპს ,,მ.’’-დან 29.09.2018 წლის დეტალური ამონაბეჭდის საქმეზე დართვის და ამავე კომპანიიდან ან/და თბილისის პროკურატურიდან 25.05.2018 წელს წარმომადგენლის მობილური ნომერზე კონკრეტული ნომრიდან განხორციელებული ზარის ფარგლებში სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოთხოვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს .

4.1.2. დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტს ბ.დ.-ის სარჩელის განხილვის მიზნით დანიშნული სხდომა გადაიდო და სასამართლოს მთავარი სხდომა 2018 წლის 25 მაისს 14:00 საათზე დაინიშნა (ს.ფ. 133-145, ტ. 1); მოსარჩელის წარმომადგენლს - დ.ა.-ს ტელეფონი საშუალებით ეცნობა 2018 წლის 25 მაისს 14:00 საათზე დანიშნული სხდომის თაობაზე და გაფრთხილებულ იქნა გამოუცხადებლობის შედეგებთან დაკავშირებით, რაზეც შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი იქნა აქტი ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ (ს.ფ. 164, ტ. 1).

- 2018 წლის 25 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა დ.ა.-მ რომელმაც საქმის განხილვის გადადება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ იმავე დღეს 11:00 საათზე დანიშნული იყო სასამართლო სხდომა მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც უნდა გამოცხადებული განაჩენი, შესაბამისად, არსებობდა ალბათობა მისი პატიმრობაში აყვანის შესახებ (ტ.1.ს.ფ. 171) .

- 2018 წლის 25 მაისს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე მხარე. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იშუამდგომლა.

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მოსარჩელის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძვლით 2018 წლის 25 მაისს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბ.დ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 178-182).

4.1.3. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 25 მაისს 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე ბ.დ.-ის წარმომადგენლის დ.ა.-ს გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

საპელაციო სასამართლო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმების მიზნით, ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე გარემოებაზე:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, იმისათვის, რომ პირველი ინსტანიის სასამართლოში მოსარჩელის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა დასახელებული ნორმით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს მოსარჩელე მხარე; ბ) გამოცხადებული მოპასუხე მხარე უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამ გარემოებათა კუმულატიურად არსებობა, წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის დადგენის შემდეგ, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.

განსახილველ შემთხვევაში აპელანტის/საჩივრის ავტორის წარმომადგენელის სხდომაზე გამოუცხადებლობა დასაბუთებულია მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობით, რის თაობაზეც სასამართლო ინფორმირებული იყო 25.05.2018 წელს წარდგენილი განცხადებით, რომლითაც ის სხდომის გადადებას მოითხოვდა.

ამ მტკიცებულების სწორად გაანალიზების მიზნით, უპირველესად სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკაზე, სადაც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა საკასაციო სასამართლოს მიერ საპატიოდ იქნა მიჩნეული, რადგანაც სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენელმა უწყების წარდგენის გზით აცნობა სხვა სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე მონაწილეობის თაობაზე. ეს გარემოება საკასაციო პალატამ საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად მიიჩნია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსათვის უპირატესობის მინიჭების შესახებ. უწყების წარდგენით მხარემ მისი ვალდებულება გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს წინასწარ ინფორმირების თაობაზე სათანადოდ განახორციელა, რაც არ უნდა გამხდარიყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი .

მართალია, მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი 25.05.2018 წლის მიმართვით (ტ.1.ს.ფ. 173) ირკვევა, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე 25.05.2018 წელს 11:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომა 11:40 საათზე დასრულდა, თუმცა სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმავე დღეს სხვა საქმის განხილვაში მონაწილეობის საფუძვლით სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება/არ დაკმაყოფილების მთავარ საფუძვლად არ შეიძლება მიჩნეული იქნეს სასამართლოში საქმეების განხილვის საათების ზუსტი თანხევდრა. ამ მიმართებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული გადადების საფუძვლად მითითებული კონკრეტული გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 25.05.2018 წელს 10:59 საათზე წარდგენილი განცხადებით ამავე დღეს 14:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის გადადების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულის სტატუსით მონაწილეობას იღებდა მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული საქმის განხილვაში, რა დროსაც დაგეგმილი იყო განაჩენის გამოცხადება და შესაბამისად, არსებობდა მისი დაპატიმრების ალბათობაც. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სხდომაზე გამოუხადებლობის შესახებ სასამართლოს წინასწარი, სათანადო ინფორმირების და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მოსარჩელის წარმომადგენელი ბრალდებულის სტატუსით მონაწილეობდა და საქმის განხილვის ფარგლებში იგი დაპატიმრებასაც ელოდა, მიჩნეული უნდა ყოფილიყო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, ის ფაქტი, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის მიმართ აღძრული საქმის განხილვა წინამდებარე საქმეზე სარჩელის განხილვის მიზნით დანიშნულ სხდომადე დაახლოებით ორი საათით ადრე დასრულდა და მოსარჩელის წარმომადგენლის მიმართ სასჯელის სახედ განისაზღვრა ჯარიმა (და არა პატიომრობა), არ შეიძლება მიჩნეული იქნეს წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზად. საკითხის სწორი შეფასებისათვის, პალატის მოსაზრებით, განმსაზღვრელია ის უდავო ფაქტობრივი გარემოება, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით წარმომადგენლის მიერ შესრულებულია სასამართლოს წინასწარი ინფორმირების შესახებ ვალდებულება, ასევე ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში შუამდგომლობის ავტორი ბრალდებულის სახით მონაწილეობდა, რაც რა თქმა უნდა დაკავშირებულია გარკვეულ ფსიქოემოციურ სტრესთან. იმ დეტალის კვლევა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დ.ა.-ს ორ საათიანი შუალედის გამო შეეძლო და უნდა გამოცხადებულიყო 14 საათზე დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე, პალატის მოსაზრებით, არ შეიძლება იყოს გადამწყვეტი მნიშვნელობის იმის შეფასებისათვის, გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა დაუძლეველი ძალით. პალატა მიიჩნევს, რომ თვისთავად ის მოცმულობა, რომ იმავე დღეს გაიმართა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა და ამის შესახებ ინფორმირებული იყო სასამართლო, კონკრეტულ შემთხვევაში წარმოშობს საფუძველს იმ შეფასებისათვის, რომ ადგილი ჰქონდა მოვლენას, რომელმაც ხელი შეუშალა მხარის სასამართლოში დროულად გამოცხადებას. შესაბამისად სახეზეა სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი რაც გამორიცხავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ საფუძელს.

4.1.4. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე (2) მუხლი არ უკრძალავს მხარეს სასამართლოში უშუალოდ გამოცხადებას, თუმცა, ეს გარემოება წინამდებარე სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება, რამდენადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მარწმუნებლის უფლების კვალიფიციურად დაცვაზე (იხ. სუსგ-ები: №ას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-227-214-2015, 16 მარტი, 2015 წელი) .

4.1.5. რაც შეეხება აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ მოთხოვნას სარჩელის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვის შესახებ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლოა, რამდენადაც უდავოა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მსჯელობს მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო გამოტანილ დაუსწრებელი გადაწყვეტილების და აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერებაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სააპელაციო საჩივრის შემოწმების ფარგლებს და იმსჯელოს სარჩელის არსებითად განხილვაზე. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი არსებითად განხილული უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის განსახილველად დაბრუნების შემდგომ .

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლებისა.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

5.1. პალატას მიაჩნია, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ასევე მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების, გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით დგინდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა.

6. საპროცესო ხარჯები

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ.დ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 19 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის განხილვის საბოლოო შედეგების მიხედვით უნდა იმსჯელოს მთელი სასამართლო ხარჯების (რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით), მათ შორის ბ.დ.-ის სააპელაციო საჩივრისთვის გადასახდელი სახ. ბაჟის თაობაზეც.

4. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.