საქმის ნომერი: ას-1191-1133-2014
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: საქართველოს უზენაესი სასამართლო
მოსამართლე: ნინო ბაქაქური(თავმჯდომარე), ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები: ას-1469-1389-2017, , ას-693-2022, ას-334-2021,
რეზიუმე: უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს განაჩინება და საქმე დააბრუნა ხელახლა განსახილველად, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად.
ციტირებისთვის: საქართველოს უზენაესი სასამართლო, განჩინება, საქმე №ას-1191-1133-2014 (2015-05-14), www.temida.ge
საქმის № ას-1191-1133-2014

განჩინება
საქართველოს სახელით
       14 მაისი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:
ნინო ბაქაქური
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე,

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ.ს-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „მ.ო.ჯ.კ-ი“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - გ. თ-ი, რ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ.ს-ას მიმართ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სს „მ.ო.ჯ.კ-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში გ. თ-ის, რ. მ-ისა და მ.ს-ას მიმართ წარადგინა სარჩელი, რომლითაც მოითხოვა: 1. გ. თ-ისა და მ.ს-ასათვის სს „მ.ო.ჯ.კ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად სესხის ძირითადი თანხის - 5000 აშშ დოლარის დაკისრება; 2. გ. თ-ისა და მ.ს-ასათვის სს „მ.ო.ჯ.კ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად სესხისათვის გადასახდელი სარგებლის - 702,16 აშშ დოლარის დაკისრება; 3. გ. თ-ისა და მ.ს-ასათვის სს „მ.ო.ჯ.კ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად სესხის გადახდის ვადაგადაცილებისათვის 2013 წლის 16 აპრილამდე დარიცხული პირგასამტეხლოს - 2787 აშშ დოლარის დაკისრება; 4. გ. თ-ისათვის სს „მ.ო.ჯ.კ-ის“ სასარგებლოდ სესხის გადახდის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 5000 აშშ დოლარის 0,1%-ის დაკისრება 2013 წლის 16 აპრილიდან სესხის დაფარვამდე; 5. დასახელებული ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით მის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული, რ. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - თბილისში, ჟ. შ-ს ქუჩა N..-ში მდებარე N.. ბინის (159,13 კვ.მ, საკადასტრო კოდი: ......) სარეალიზაციოდ მიქცევა.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

2012 წლის 28 სექტემბერს სს ,,მ.ო.ჯ.კ-სა” და გ. თ-ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N0572, რომლითაც გაიცა კრედიტი 5000 აშშ დოლარის ოდენობით 4 თვის ვადით, თვეში 4% სარგებლით. ამავე ხელშეკრულებით ვალდებულების დარღვევისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის სესხის თანხის 0,5%-ის ოდენობით. N0572 საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს ,,მ.ო.ჯ.კ-სა” და მ.ს-ას შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მ.ს-ამ სრული პასუხისმგებლობა აიღო გ. თ-ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე 6250 აშშ დოლარის ფარგლებში. 2012 წლის 28 სექტემბერს სს ,,მ.ო.ჯ.კ-სა” და რ. მ-ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც N... საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა რ. მ-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე თბილისში, ჟ. შ-ს ქუჩა N...-ში, ბინა N.. (ფართი 159.13 კვ.მ, საკადასტრო კოდი - ......). გ. თ-მა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულების შესრულების გრაფიკი, რასთან დაკავშირებით მოპასუხეებს გაეგზავნათ შეტყობინებები, თუმცა ვალდებულება შესრულებული არ ყოფილა. შედეგად, 2013 წლის 16 აპრილისათვის გ. თ-ის დავალიანებამ შეადგინა 8489,84 აშშ დოლარი, საიდანაც 5000 აშშ დოლარი სესხის ძირითადი თანხაა, 702,16 აშშ დოლარი - სარგებელი, ხოლო 2787,68 აშშ დოლარი - პირგასამტეხლო.

მოპასუხე გ. თ-მა სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის გადახდის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო არ ცნო პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის ნაწილში იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, იგი უნდა იქნეს გაუქმებული ან 10-ჯერ შემცირებული.

მოპასუხე მ.ს-ამ სარჩელი არ ცნო. შესაგებლის მიხედვით, მ.ს-ას არ დაუწერია განცხადება 2012 წლის 28 სექტემბერის N0572 საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების თავდებობასთან დაკავშირებით, ხოლო თავდებობის ხელშეკრულებას ხელი შეცდომით მოაწერა, რის გამოც იგი არ შეიძლება, ნამდვილად ჩაითვალოს.

მოპასუხე რ. მ-ს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „მ.ო.ჯ.კ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შემდეგი სახით: 1. გ. თ-სა და მ. ს-ას სს ,,მ.ო.ჯ.კ-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 5980.94 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 5000 აშშ დოლარი, პროცენტი - 702.16 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 278.78 აშშ დოლარი; 2. არ დაკმაყოფილდა სს ,,მ.ო.ჯ.კ-ის” სასარჩელო მოთხოვნა გ. თ-სა და მ.ს-ასათვის პირგასამტეხლოს სახით 2508.9 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე; 3. გ. თ-ს სს ,,მ.ო.ჯ.კ-ის” სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 2013 წლის 16 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის ვადით, ყოველდღიურად 0.5 აშშ დოლარის გადახდა; 4. ფულადი დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა სს ,,მ.ო.ჯ.კ-ის” სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული, რ. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თბილისში, ჟ. შ-ს N..-ში ბინა N... (ფართი 159.13 კვ.მ, საკადასტრო კოდი - .....).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მ.ს-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება მ.ს-აზე თანხის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის შესაბამისი ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით მ.ს-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

2012 წლის 28 სექტემბერს სს ,,მ.ო.ჯ.კ-სა” და გ. თ-ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N...., რომლის მიხედვით, კრედიტის ოდენობად განისაზღვრა 5000 აშშ დოლარი, მოქმედების ვადად - 4 თვე, სარგებლის ოდენობად - 4%, ხოლო პირგასამტეხლოდ - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

2012 წლის 28 სექტემბერის N..... ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს ,,მ.ო.ჯ.კ-სა” და მ.ს-ას შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მ.ს-ამ სრული პასუხისმგებლობა აიღო გ. თ-ის მიერ სს ,,მ.ო.ჯ.კ-ის” მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულებაზე. დასახელებული ხელშეკრულებით, თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 6250 აშშ დოლარით;

2012 წლის 28 სექტემბერს სს ,,მ.ო.ჯ.კ-სა” და რ. მ-ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა შემდეგი უძრავი ქონება: თბილისში, ჟ. შ-ს ქუჩა N..-ში მდებარე ბინა N... (ფართი 159,13 კვ.მ, საკადასტრო კოდი ......);

გ. თ-ს სს ,,მ.ო.ჯ.კ-ის” წინაშე, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გააჩნია დავალიანება 8 489.84 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 5000 აშშ დოლარი, პროცენტი - 702.16 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2787.68 აშშ დოლარი;

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მ.ს-ას მტკიცება, რომლის შესაბამისად, მან 2012 წლის 28 სექტემბრის N... თავდებობის ხელშეკრულებას ხელი შეცდომით მოაწერა იმგვარად, რომ ვერ გაერკვა, თუ რაზე აწერდა ხელს. აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით სასამართლომ შემდეგი განმარტება გააკეთა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ. შესაბამისად, მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია ნება გამოვლენილ იქნას. გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ. ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შედეგად. ამასთან, ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება (სულიერი ავადმყოფობა) ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან. გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე, ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მ.ს-ას ჰქონდა იმ დოკუმენტის შინაარსის გაცნობის შესაძლებლობა, რასაც ხელს აწერდა, ამასთან, თავდებს ხელმოწერისას არ განუცხადებია პრეტენზია თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებული პირობების მიმართ. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 28 სექტემბერის N..... თავდებობის ხელშეკრულება ნამდვილია. სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არც სასარჩელო განცხადებით და არც შეგებებული სარჩელით სასამართლოსათვის არ მიუმართავს და საცილოდ არ გაუხდია იგი;

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, ასევე, მ.ს-ას პრეტენზია, რომლის შესაბამისად, მის მიერ თავდებობასთან დაკავშირებით ნების გამოხატვას გამორიცხავს საქმეში შესაბამისი განცხადების არარსებობის ფაქტი. სასამართლოს მითითებით, 2012 წლის 28 სექტემბერის N..... თავდებობის ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საფუძველზე თავდები კისრულობს სოლიდარულ პასუხისმგებლობას და მთელი თავისი ქონებით „მ-ო-ს“ წინაშე თავდებად უდგება მსესხებელს. სასამართლოს განმარტებით, განცხადება თავდებობის შესახებ შეიძლება გაკეთდეს ზეპირი ფორმითაც, რამაც შემდგომ ასახვა უნდა ჰპოვოს თავდებობის ხელშეკრულებაში. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მ.ს-ამ თავისი კონკლუდენტური მოქმედებით, თავდებობის ხელშეკრულების დადებით, გამოხატა ნება თავდებობის შესახებ.

დასახელებული გარემოებები სასამართლომ შეაფასა რა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე მუხლების შესაბამისად, მიიჩნია, რომ მ.ს-ას, როგორც თავდებ პირს, მართლზომიერად დაეკისრა პასუხისმგელობა მოსარჩელის მიმართ გ. თ-ის შეუსრულებელი ვალდებულებისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მ.ს-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ.ს-ას მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია, თავდებმა პირმა წერილობით განაცხადოს შესაბამისი ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით. ასეთი სახის განცხადება საქმეში არ მოიპოვება. დასახლებული მუხლით დადგენილი ნორმების საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად მიუთითა, რომ თავდებობის შესახებ განცხადება შესაძლოა გაკეთდეს ზეპირი ფორმით და შემდეგ აისახოს ხელშეკრულებაში;

სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოპასუხე რ. მ-ი არ იყო მოწვეული 2014 წლის 25 თებერვლის სხდომაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის შესახებ უწყება ჩაბარდა არა რ. მ-ს, არამედ დაცვის მუშაკს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროისთვის რ. მ-ს ჰქონდა სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მ.ს-ას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 თებერვლის განჩინებით მ.ს-ს საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების შეფასების საფუძველზე ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ისევე, როგორც გასაჩივრებული განჩინება, მოპასუხე რ. მ-ის მიმართ, გამოტანილია იმგვარად, რომ საქმის წარმოების არცერთ ეტაპთან დაკავშირებით მისი ინფორმირების ფაქტი არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით. მოსარჩელისა და სასამართლოს მიერ რ. მ-ისათვის უკრაინის ქალაქ კიევში, ზ-ას ქუჩა, სახლი ..-.., ბინა ..-ის მისამართზე გაგზავნილ კორესპონდენციასთან დაკავშირებით საქმეს ერთვის ფოსტის მიერ წარმოებული მონაცემების ამონაბეჭდი, რომელიც მიუთითებს გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებზე იმგვარად, რომ ჩაბარება არ დასტურდება ადრესატის ან გზავნილის მიმღები სხვა პირის ხელმოწერით (ტომი 1, ს.ფ. 84, 87-89, 98-104, ტომი 2, ს.ფ. 50-51).

სამოქალაქო სამართალწარმოებისას საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მხარეთა ინფორმირებისა და მათთვის კორესპონდენციის გაგზავნა-ჩაბარების წესებს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები. დასახელებული კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. იმავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, საქმის წარმოების მონაწილე მხარისათვის უწყებისა და სხვა გზავნილის ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება უნდა დადასტურდეს გზავნილის შესაბამისი დოკუმენტის ან/და უწყების მეორე ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით. ამგვარი წესი იძლევა შესაძლებლობას, უზრუნველყოფილ იქნეს უტყუარი მტკიცება იმისა, თუ კონკრეტულად ვინ რა სახის კორესპონდენცია მიიღო და განხორციელდა თუ არა საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მხარის ინფორმირება სათანადო წესით. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული წესით რ. მ-ისათვის სარჩელისა და სასამართლო უწყებებების ჩაბარება არ დასტურება, საქმეში არ მოიპოვება რ. მ-ის ან მისი ოჯახის წევრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა კონკრეტული სახის გზავნილის ჩაბარებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლი ადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს, რომელთა არსებობა, მათი ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხავს ჯეროვანი სამართალწარმოების განხორციელებას. შესაბამისად, მათი გამოვლენა და აღმოფხვრა სასამართლოს ვალდებულებაა. დასახელებული მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართლზომიერებას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესის ფუნდამენტური პრინციპი - მხარეთა შეჯიბრებითობა ემყარება მხარეთა თანაბარ უფლებასა და შესაძლებლობას, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი). დასახელებული პრინციპს მოიცავს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც გარანტირებულია „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

არაერთ საქმეში სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ განმარტა, რომ: „სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს უფლებას მხარეთა შეჯიბრობითობაზე, რომლის თანახმად მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით“ (იხ. საქმეები Milatova and Others v. The Czech Republic, 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება, no. 61811/00, §59; Nideröst-Huber v. Switzerland, 1997 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება, Reports of Judgments and Decisions 1997-I, გვ. 108, § 24, და K.S. v. Finland, 2001 წლის 31 მაისის გადაწყვტილება no. 29346/95, § 21).

საქმეში ჰუდაკოვა და სხვები სლოვაკიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ განმარტა, რომ: „სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტი, მხარეთა თანასწორობის პრინციპი, მოიცავს მხარეთა უფლებას, ჰქონდეთ გონივრული შესაძლებლობა, წარადგინონ თავიანთი საქმე სასამართლოს წინაშე ისეთ პირობებში, რომლებიც არ ჩააყენებს მათ არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში მეორე მხარესთან შედარებით“ (იხ. საქმე Hudakova and Others v. Slovakia, 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, no. 23083/05, § 25). იმავე საქმეში ევროპის სასამართლომ განმარტა, რომ „მოთხოვნა, სამართალწარმოების მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია და კომენტარი გააკეთონ წარდგენილ მტკიცებულებებსა და მოსაზრებებზე, მოქმედებს როგორც პირველ ინსტანციაში, ისე გასაჩივრების დროს, იმის მუხედავად, გასაჩივრების დროს არის თუ არა წარმოდგენილი ახალი მოსაზრებები. ყველა მხარისათვის მოსაზრებების გაცნობის მოთხოვნა გამომდინარეობს საჭიროებიდან, რომ მხარეებს ჰქონდეთ რწმენა მართლმსაჯულების განხორციელებისა და რომ მათ უარი არ ეთქვათ შესაძლებლობაზე გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები იმ საკითხებზე, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე“ (იხ. საქმე Hudakova and Others v. Slovakia, 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, no. 23083/05, § 29).

მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხე რ. მ-ის მიმართ გამოტანილია მისი მონაწილეობის გარეშე იმგვარად, რომ არ დასტურდება საქმის წარმოებასთან დაკავშირებით ინფორმირების ფაქტი. ამდენად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ:

ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა;

ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

მოცემულ შემთხვევაში გამოვლენილი გარემოებებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის შესაბამისად, არსებობს სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოტივების მიხედვით, საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს პროცესში მონაწილე მხარეთა სათანადო ინფორმირება საქმის განხილვასა და მასთან დაკავშირებულ არსებით ეტაპებთან დაკავშირებით, ასევე, შესაბამისი კუთხით, იმსჯელოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ს-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.