საქმის ნომერი: 2ბ/155-14
საქმეთა კატეგორიები: სამეწარმეო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ვანო წიკლაური,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/155-14 (2014-05-08), www.temida.ge
საქმის № 2ბ/155-14

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       08 მაისი, 2014 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვანო წიკლაური

სხდომის მდივანი – გიორგი მარანელი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვით, ერთპიროვნულად
აპელანტი - შპს „მ.“
წარმომადგენელი - თ. ს.
მოწინააღმდეგე მხარე - გ. ღ.
წარმომადგენელი - დ. ზ.
დავის საგანი - ხელშეკრულების მოშლის გამო კომპენსაციის სახით დამატებით ერთი თვის ხელფასის გადახდა;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება –თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება;


აპელანტის მოთხოვნა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გ. ღ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა;

მოპასუხე შპს ”მ.-ს” მოსარჩელე გ. ღ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 4 000 ლარის გადახდა;


დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოება:

2.1. 2010 წლის 23 ივლისიდან 2013 წლის 25 ივლისამდე გ. ღ. შპს ”მ.-ში” მუშაობდა დირექტორის თანამდებობაზე.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურუდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ14-15);

2.2. 2013 წლის 18 ივლისს გ. ღ.-ს გაეგზავნა შეტყობინება განთავისუფლების შესახებ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ”მ.-ს” შეტყობინება (ს.ფ 16);

2.3. 2013 წლის 26 ივლისს გ. ღ.-ს ჩაბარდა ბრძანება, რომლის თანახმადაც 2013 წლის 25 ივლისიდან ის განთავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბრძანება (ს.ფ 17)

2.4. შპს ”მ.-მ” გ. ღ.-ს გადაუხადა ერთი თვის კომპენსაცია და გამოუყენებელი შვებულების თანხა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბრძანება (ს.ფ 17)

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება:

2.5. დირექტორის თანამდებობაზე გ. ღ.-ს ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 4 000 ლარს.

საქმის მასალებში დაცულია შპს ’’მ.-ს’’ დირექტორისა და მთავარი ბუღალტერის მიერ ხელმოწერილი ცნობა, რომლის თანახმად გ. ღ.-ს ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 4000 ლარს.

’’მეწარმეთა შესახებ’’ კანონის თანახმად დირექტორის კომპეტენციაში შედის საწარმოს ხელმძღვანელობა, რაც გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. (მეწარმეთა შესახებ კანონის მე-9 მუხლი)

მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ დირექტორის ხელფასის განსაზღვრა იყო დამფუძნებელთა კომპეტენციაში. ამიტომ სასამართლო მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ დირექტორი უფლებამოსილი იყო განესაზღვრა საწარმოს დირექტორის ხელფასი, ხოლო მეორე მხრივ, მას უფლება ქონდა გაეცა დადასტურებული დოკუმენტი ხელფასის ოდენობის შესახებ, რასაც აქვს მტკიცებულებითი ძალა.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.6. მეწარმეთა შესახებ კანონის მე-9 მუხლის თანახმად 1. ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში აქვს დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. 3. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული... 7. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.

საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტები ადასტურებს, რომ შპს ’’მ.-ს’’ დირექტორი ამ ორგანიზაციისაგან იღებდა ხელფასს. ასევე დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს არ გამოუყენებია შვებულება, რის გამოც მას ეკუთვნოდა შესაბამისი ანაზღაურება. აღნიშნული გასაცემლები საბოლოო ჯამში შეადგენდა სამი თვის ხელფასს.

2.7. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ მოსარჩელე გათავისუფლებული იქნა ’’შრომის კოდექსის’’ 37-ე მუხლის ’’ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად. მოპასუხეც არ უარყოფს, რომ მას ევალებოდა მოსარჩელისათვის გადაეხადა ორი თვის კომპენსაციისა და გამოუყენებელი შვებულების საკომპანსაციო თანხა.

მხარეები არ დავობენ, რომ მოსარჩელისათვის უკვე ანაზღაურებულია 8000 ლარი, ამასთან მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ხელფასი იყო 3000 ლარი თვეში და შესაბამისად კიდევ გადასახდელი აქვს არაუმეტეს 1000 ლარისა.


2.8. საქმის სწორად გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობა ენიჭება დადგინდეს მოსარჩელის ხელფასის ოდენობა გათავისუფლების დროისათვის.

საქმის მასალებში დაცულია შპს ’’მ.-ს’’ დირექტორისა და მთავარი ბუღალტრის ხელმოწერით გაცემული ცნობა, რომ გ. ღ.-სათვის ხელზე ასაღები თანხა შეადგენს 4000 ლარს.

მოპასუხის მტკიცების ტვირთს შეადგენდა დაესაბუთებია სასამართლოსათვის, რომ ცნობის გაცემის მომენტისათვის ხელფასი შედგენდა აღნიშნულ ოდენობაზე ნაკლებ თანხას. სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი არაა რაიმე მტკიცებულება, რომლის მიხედვით დადგინდებოდა, რომ დირექტოორის ხელფასს განსაზღვრავდა არა თავად დირექტორი, არამედ სხვა უფლებამოსილი პირი. ’’მეწარმეთა შესახებ’’ კანონი პირდაპირ არ არეგულირებს ამ საკითხს და მიანდობს წესდებას, ან დამფუძნებელსა და დირექტორს შორის არსებულ გარიგებას. საქმეში ასევე წარმოდგენილი არაა საწარმოს საქმიანობის მარეგულირებელი რაიმე დოკუმენტი, რაც დაადგენდა ხელფასის განსასაზღვრად დირექტორის ბრძანების ან ნების გამოვლების სხვა ფორმის სავალდებულო ფორმით არსებობას.

სასამართლო პროცესზე მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, რომ დირექტორს ქონდა უფლებამოსილება მიეღო გადაწყვეტილება დირექტორის ხელფასის განსაზღვრის შესახებ. ამიტომ სასამართლო მიიჩნევს, რომ დირექტორი იყო უფლებამოსილი თავისი ნებით მიეღო გადაწყვეტილება საწარმოს დირექტორისათვის ხელფასის დადგენის შესახებ.

სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი საბანკო საგადახდო დავალებები მართლაც ადასტურებს, რომ გათავისუფლებამდე პერიოდში მოსარჩელე იღებდა ნაკლებ ხელფასს, ვიდრე 4000 ლარია, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ დირექტორს გაეზარდა ხელფასი ნებისმიერ დროს. აღნიშნული ხელფასის გაზრდა არ მოითხოვდა დამფუძნებლის თანხმობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2013 წლის 20 ივლისის ცნობა ნამდვილია, იგი გაცემულია უფლებამოსილი პირის მიერ და წარმოადგენს ისეთ მტკიცებულებას, რომლის გაქარწყლება მოპასუხემ ვერ შეძლო.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ გ. ღ.-სათვის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 4 000 ლარს. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილ ცნობას, რომელიც გაიცა მთავარი ბუღალტრის მიერ. სასამართლომ საერთოდ არ მიაქცია ყურადღება მოპასუხის არგუმენტებს, რომ აღნიშნული ცნობა გაიცა მას შემდეგ რაც გ.ღ.-მ შეიტყო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ამასთან ბუღალტერიაში არსებობდა ჩარიცხვები მხოლოდ არაუმეტეს 3 000 ლარისა თვეში და საინტერესოა რის საფუძველზე გაიცა ბუღალტერიიდან 4 000 ლარზე ცნობა. მითუმეტეს, რომ ბრძანება ხელფასის გაზრდაზე, რომ 3 000 ლარიდან 4 000 ლარამდე გაიზარდა გ.ღ.-ს ანაზღაურება, არ წარმოუდგენია მოსარჩელე მხარეს. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მსჯელობაც, რომლის მიხედვით დირექტორის უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა საწარმოს სახელით გადაწყვეტილების მიღება და შეეძლო ხელფასის ოდენობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, არ არის სწორი. აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება და არ მიაქცია ყურადღება მათ მიერ წარდგენილ მტკიცებულებას, რომლის მიხედვით ა. ჯ. გათავისუფლებულია სამსახურიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო, კონკრეტულად კომპანიისათვის 8 000 ლარის დამალვის მცდელობის გამო, რისთვისაც მის მიმართ, დამფუძნებელი აპირებს შეიტანოს განცხადება პროკურატურაში.

სასამართლომ ძალიან მოკლედ იმსჯელა იმაზე, რომ დირექტორს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების განხორციელებისას შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება დირექტორის ხელფასის განსაზღვრის შესახებ, თუმცა არ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ საქმეში არ არის ასეთი გადაწყვეტილება. ამასთან სასმართლომ საერთოდ არ იმსჯელა, იმის შესახებ, რომ კომპანიის მიერ გ. ღ.-სათვის გაგზავნილი შეტყობინების შემდეგ, შეეძლო თუ არა გ. ღ.-ს მიეღო გადაწყვეტილება თავისი ხელფასის გაზრდის თაობაზე.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები პალატის მოსაზრებით არასრულად იქნა გამოკვლეული, რის შედეგადაც სასამართლოს მხრიდან გაკეთდა არასწორი სამართლებრივი შეფასებები და საბოლოოდ მიღებული იქნა არასწორი გადაწყვეტილება.

4.1. ფაქტობრივი დასაბუთება

4.1.1. მხარეთა შორის სადავო არ ხდება, რომ გ. ღ. 2013 წლის 25 ივლისამდე მუშაობდა შპს „მ.-ში“ დირექტორის თანამდებობაზე. ასევე უდავოა, რომ 2013 წლის 25 ივლისიდან ის განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, თანახმად „შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა. გათავისუფლების შესახებ შეტყობინება მოსარჩელეს გაეგზავნა 2013 წლის 18 ივლისს, რომელიც ჩაბარდა 2013 წლის 26 ივლისს. ამასთან, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ შპს „მ-ს“ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდგომ დამსაქმებელს შპს „მ.- ს“ გ. ღ.-სთვის უნდა გადაეხადა ორი თვის ხელფასი კომპენსაციის სახით და შვებულების ანაზღაურება ერთი თვის ხელფასის სახით. ჯამში გ. ღ.-ს დამსაქმებლისაგან განთავისუფლების შემდეგ უნდა მიეღო სამი თვის ხელფასის ოდენობის თანხა. მხარეთა შორის ასევე დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ კომპენსაციის და შვებულების ანაზღაურების მიზნით შპს „მ.-მ“ გ. ღ.-ს 2013 წლის 6 აგვისტოს ჩაურიცხა 8 000 ლარი.

4.1.2. მხარეთა შორის სადავოა, მოსარჩელის ხელფასის ოდენობა და შესაბამისად საკითხი იმის შესახებ თუ რა ოდენობის თანხა უნდა მიიღოს გ. ღ.-მ სამი თვის ხელფასის სახით 12 000 ლარი, როგორც ამას უთითებს მოსარჩელე, თუ 9 000 ლარი, როგორც ამას უთითებს მოპასუხე; მხარეთა შორის სადავოა დირექტორის ყოველთვიური ხელფასის ოდენობის შესახებ გარემოება. მოსარჩელის მტკიცებით მისი ხელფასის ოდენობა შეადგენდა 4 000 ლარს.

მოსარჩელე ამ სადავო გარემოებების დასადასტურებლად უთითებს საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებზე : 1) ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (იხ.ს.ფ. 63), რომლის მიხედვითაც გ. ღ.-ს ივლისის თვის ხელფასის სახით ჩაერიცხა 3 868 ლარი; 2) 2013 წლის 26 ივლისის ბრძანებაზე, (13/1) რომლის მე-3 პუნქტის მიხედვითაც გ. ღ.-ს გათავისუფლების გამო ბუღალტერიას დაევალა მისთვის ერთი თვის ხელფასისა და შვებულების ანაზღაურების გადახდა 3) ასევე, 2013 წლის 20 ივლისის შპს „მ.-ს“ დირექტორის გ. ღ.-ს და მთავარი ბუღალტერის ა. ჯ.-ს მიერ გაცემულ ცნობაზე, რომლის თანახმადაც გ. ღ.-ს ხელფასი შეადგენს 4 000 ლარს.

4.1.3. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული მტკიცებულებების ურთიერთ შეჯერება და საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან, ასევე საქმეზე დადგენილ უტყუარ ფაქტებთან ერთობლიობაში გამოკვლევის შედეგად არ არსებობს მოსარჩელის მიერ მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე ხელფასის ოდენობის - 4 000 ლარის შესახებ მოსარჩელის მტკიცების გაზიარების ფაქტობრივი საფუძველი.

პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მოსარჩელის დირექტორად მუშაობის პერიოდში ხელფასის ოდენობა იყო - 4 000 ლარი. პირიქით დასტურდება, რომ მისი ხელფასის ოდენობა შეადგენდა 3 000 ლარს. კერძოდ, პირველ რიგში სააპელაციო პალატა, დირექტორსა და საწარმოს შორის სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებაზე შეაჩერებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მართალია დირექტორის, როგორც დასაქმებულის და საწარმოს, როგორც დამსაქმებელის ურთიერთობა გაჯერებულია შრომითი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ელემენტებით, თუმცა ამ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებას განსაზღვრავს ის, რომ ეს ურთიერთობა კორპორაციული ურთიერთობის ელემენტებსაც მოიცავს, ამ მხრივ პალატა ყურადღებას მიაქცევს მეწარმეთა შესახებ კანონის მე-91 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმადაც: დირექტორთან ხელშეკრულების გაფორმება და მისი შეწყვეტა ცალსახად წარმოადგენს საწარმოს მმართველობითი ორგანოს კრედიტორთა კრების კომპეტენციას. დირექტორთან ხელშეკრულების დადების უფლებამოსილებაში სწორედაც, რომ იგულისხმება დირექტორთან შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების მათ შორის ხელფასის ოდენობის განსაზღვრის უფლებამოსილებაც. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა კატეგორიულად არ იზიარებს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ სამართლებრივ დასკვნებს, რომლის თანახმადაც განსახილველ შემთხვევაში გ. ღ., როგორც საწარმოს დირექტორი უფლებამოსილი იყო თავად განესაზღვრა თავისი ხელფასის ოდენობა და რომ ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარუდგენია. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ თავად გ. ღ.-მ სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას დაადასტურა ის გარემოება, რომ მას ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით, ზეპირი სახით შეუთანხმდნენ შპს „მ.-ს“ დამფუძნებლები (იხ. 2014 წლის 11 აპრილის საოქმო ჩანაწერი)

ამდენად, გარემოება იმის შესახებ, რომ შპს „მ.-ს“ დირექტორის ხელფასი განისაზღვრა თავად დირექტორის გ.ღ.-ს მიერ მოკლებულია, როგორც ფაქტობრივ, ასევე სამართლებრივ დასაბუთებას.

4.1.4. პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში ხელფასის ოდენობის შესახებ, სათანადო მტკიცებულება იქნებოდა გ. ღ.-სა და შპს „მ.-ს“ დამფუძნებლებს შორის შეთანხმება, ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით, თუმცა თავად გ. ღ.-ს მიერ დაფიქსირებული ახსნა-განმარტების თანახმად, ასეთი შეთანხმება განხორციელდა მხოლოდ ზეპირი სახით და მოსარჩელის მიერ არც შესაბამისი შუამდგომლობა არ ყოფილა დაყენებული შპს „მ.-ს“ დამფუძნებელთა მოწმის სახით დაკითხვის თაობაზე. ამდენად ვინაიდან, ასეთი შეთანხმება, ხელფასის ოდენობის შესახებ, საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა, პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, განმსაზღვრელი ამ სადავო საკითხის გარკვევისათვის არის გ. ღ.-სათვის ხელფასის ჩარიცხვის დამადასტურებელი საგადახდო დავალებები (იხ. ს.ფ. 36-47), რომელთა მონაცემებითაც დადასტურებულია გარემოება, იმის შესახებ, რომ გ. ღ.-ს, როგორც შპს „მ.-ს“ დირექტორს 2013 წლის თებერვლიდან 2013 წლის ივნისის ჩათვლით, ყოველთვიურად ხელფასის სახით ერიცხებოდა 3 000 ლარი (აქედან ავანსად - 100 ლარი, ხოლო 2 900 ლარი ძირითადი თანხის სახით). ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული მტკიცებულებები, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერაც იქნა გაზიარებული, როდესაც სასამართლომ მიუთითა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გ. ღ. იღებდა უფრო ნაკლებ ხელფასს, ვიდრე 4 000 ლარია, მაგრამ სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ შემდეგ მოხდა ხელფასის გაზრდა თავად დირექტორის მიერ.

ამ მტკიცებულებათა (საგადახდო დავალებები) საპირწონედ ვერ იქნება განხილული მოსარჩელის მიერ მითითებული მტკიცებულებები, პირველ რიგში პალატა ყურადღებას შეაჩერებს თავად გ.ღ.-ს და საწარმოს მთ. ბუღალტრის ა. ჯ.-ს 2013 წლის 20 ივლისის თარიღით გაცემულ ცნობაზე იმის შესახებ, რომ საწარმოს დირექტორის ხელფასი შეადგენს 4000 ლარს. ცნობა არ შეიცავს ინფორმაციას და მითითებას კონკრეტულად თუ საწარმოს დამფუძნებლებთან გაფორმებული რომელი შეთანხმების საფუძველზეა განსაზღვრული შპს „მ.-ს“ დირექტორის 4000 ლარის ოდენობით ხელფასი, ამასთანავე ცნობაში დაფიქსირებული მონაცემები სარწმუნოობის თვალსაზრისითაც მოკლებულია დამაჯერებლობას, რამდენადაც ფაქტია, რომ ცნობა გაცემულია სწორედ იმ პერიოდში (2013 წლის 20 ივლისი), როდესაც გააქტიურებულია გ.ღ.-სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ საკითხი და ამასთან ფაქტია, რომ ამ ცნობაზე ხელმომწერი გ.ღ. უშუალოდ დაინტერესებული პირია საქმის შედეგით. რაც შეეხება ცნობის მეორე ხელმომწერი პირის ა.ჯ.-ს, როგორც მთავარი ბუღალტრის მიერ გაცემულ ინფორმაციის უტყუარობას, პალატა ამასთან დაკავშირებით დამატებით მიუთითებს, იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი ბრძანების საფუძველზე დგინდება (იხ. ს.ფ. 80) გ.ღ.-ს განთავისუფლებიდან მოკლე პერიოდშივე ა.ჯ.თანაც შეწყდა შრომითი ურთიერთობა შრომითი მოვალეობის დარღვევის საფუძვლით.

პალატა აქვე დასძენს, რომ უმთავრესი მაინც რის გამოც პალატა არ იზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სახელფასო ცნობის შესახებ მონაცემებს, არის ის გარემოება, რომ აღნიშნული ცნობა დირექტორის ხელფასის – 4000 ლარის განსაზღვრის შესახებ შესაბამის ორგანოს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებაზე მითითებას არ შეიცავს, საგადახდო დავალებების მონაცემებით კი, უტყუარადაა დადასტურებული, რომ გ.ღ. ხელფასის სახით იღებდა 3000 ლარს. მოსარჩელის ის არგუმენტი, რომ ივლისის თვის ხელფასი მას ჩაერიცხა 3868 ლარი (იხ. ს.ფ. 63), რითიც დასტურდება მისი ხელფასის 4000 ლარის ოდენობით არსებობის შესახებ გარემოება, პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ ბოლო თვის ხელფასის ჩარიცხვის ფაქტის კვალობაზე შეუძლებელია დადგინდეს ხელფასის ოდენობა, მითუმეტეს რომ როგორც უკვე აღინიშნა ივლისის თვეში უკვე გააქტიურებული იყო დირექტორის გათავისუფლების შესახებ საკითხი და არ არის გამორიცხული, რომ ბოლო თვის ხელფასის ჩარიცხვა მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობის გათვალისწინებით, არასწორად განხორციელდა, ამასთან ფაქტია რომ მთ. ბუღალტერიც მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების საფუძვლით იმავე პერიოდში გათავისუფლდა სამსახურიდან.

გარდა აღნიშნულისა აპელანტის ამ არგუმენტთან დაკავშირებით პალატა, ასევე შენიშნავს, რომ თუკი დირექტორის ხელფასის ოდენობა შეადგენდა 4000 ლარს და სწორედ ამიტომ ჩაერიცხა გ.ღ.-ს ბოლო თვის, ივლისის თვის ხელფასი 3868 ლარის ოდენობით, მაშინ რატომ არ ხდებოდა მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაზედაც წარმოდგენილი იქნა საგადახდო დავალებები გ. ღ.-სათვის 40000 ლარის ოდენობით ხელფასის ჩარიცხვა. მითუმეტეს, რომ როგორც თავად გ.ღ.-მ დაადასტურა, მისი ხელფასის მომატებას, ხელფასის გაზრდას ადგილი არ ჰქონია (იხ. 2014 წლის 11 აპრილის სხდომის საოქმო ჩანაწერი) და ხელფასის ოდენობა დირექტორიად დანიშვნის მომენტიდან ჰქონდა 4000 ლარი, ამასთან დაკავშირებით მოსარჩელის მოსაზრება, რომ მას 4000 ლარიდან 3000 ლარი ერიცხებოდა უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ხოლო 1000 ლარი ეძლეოდა ხელზე არადამაჯერებელია, და არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. (მაგ. სახელფასო უწყისებით). ამასთანვე, თუკი ამგვარი წესი ხელფასის გადახდისა დადგენილი იყო მხარეთა შორის, მაშინ გაუგებარია, თუ რატომ დაირღვა გადახდის ეს წესი 2013 წლის ივლისში, როდესაც მას ხელფასის სახით მთლიანი თანხა ჩარიცხული აქვს უნაღდო ანგარიშსწორებით 3868 ლარის ოდენობით.

სადავო საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიცია მასზედ, რომ ერთის მხრივ გ.ღ.-ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების მე–3 პუნქტის მიხედვით (იხ. ს.ფ. 17) გაცემული დავალება 1 თვის კომპენსაციის და შვებულების ანაზღაურების თაობაზე, ხოლო მეორეს მხრივ ის ფაქტი რომ ამ ბრძანების ფარგლებში გ.ღ.-ს გადაერიცხა 8000 ლარი, ადასტურებს სწორედ მათ მტკიცებას ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით.

პალატის მოსაზრებით აღნიშნული მტკიცება არასაკმარისია ხელფასის ოდენობის შესახებ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად. მითუმეტეს, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება საკომპენსაციო თანხის და შვებულების ანაზღაურების გადარიცხვის განხორცილებამდე შპს „მ.-ს“ მიერ მიღებული იქნა #13/1 ბრძანება (იხ. ს.ფ. 35), რომლითაც გაიცა დავალება გ.ღ.-სათვის დამატებით 1 თვის კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე ამდენად საქმეში წარმოდგენილი ბრძანებებით (#3 და # 13/1)დასტურდება, რომ მთლიანობაში გ.ღ.-სათვის უნდა გაცემულიყო 3 თვის ხელფასი, რისი განხორციელების მიზნითაც მოხდა 8 000 ლარის ჩარიცხვა 6 აგვისტოს გ.ღ.-სათვის (იხ. ს.ფ. 48).

4.1.5. ამგვარად პალატა მითითებული ფაქტებისა და ფაქტობრივი გარემოებების ასევე მითითებული მსჯელობის საფუძველზე ასკვნის, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩლე მხარეს სასამართლოს წინაშე არ უშუამდგომლია საზოგადოების დამფუძნებელთა მოწმის სახით დაკითხვის და არც სახელფასო უწყისების საწარმოდან გამოთხოვის თაობაზე, ხოლო საქმეში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს 4 000 ლარის ოდენობით ხელფასის არსებობის შესახებ გარემოებას. მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოების დადასტურება. მის საპირისპიროდ კი, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ხელფასის ოდენობა გ.ღ.-ს ამ თანამდებობაზე მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში შეადგენდა 3000 ლარს. შესაბამისად გ.ღ.-თან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის გამო სამი თვის ხელფასის ჯამი სამიათას ლარიანი ხელფასის კვალობაზე უნდა ყოფილიყო 9000 ლარი.

4.2. სამართლებრივი დასაბუთება

4.2.1. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება.

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოების დადასტურება. მის საპირისპიროდ კი, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ხელფასის ოდენობა გ.ღ.-ს ამ თანამდებობაზე მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში შეადგენდა 3000 ლარს. შესაბამისად გ.ღ.-თან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის გამო სამი თვის ხელფასის ჯამი სამიათას ლარიანი ხელფასის კვალობაზე უნდა ყოფილიყო 9000 ლარი.

4.2.2. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს ორი თვის კომპენსაცია და გამოუყენებელი შვებულების საკომპენსაციო თანხა (ჯამში სამი თვის ხელფასი). მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის უკვე ანაზღაურებული აქვს 8 000 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის ხელფასის ოდენობა თვეში შეადგენდა 3 000 ლარს, მოპასუხეს მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი აქვს ხელფასის თანხა 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნულ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს შპს „მ.-ს“ მოსარჩელის გ. ღ.-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1 000 (ათასი) ლარის გადახდა.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დასაბუთებულია; შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.


6. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულობის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ 1000 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო სარჩელი გ. ღ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი თანხიდან 50 ლარი, ხოლო მოპასუხეს შპს „მ.-ს“ გ.ღ.-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 16 ლარის გადახდა, სარჩელზე გადახდილი სახ. ბაჟის ანგარიშში.

რაც შეეხება სააპელაციო საჩივარს, მასზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 160 ლარის ოდენობით; რამდენადაც წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, მოწინააღმდეგე მხარეს - გ. ღ.-ს უნდა დაეკისროს შპს „მ.-ს“ სასარგებლოდ 160 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „მ.-ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მოსარჩელე გ.ღ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. მოპასუხე შპს „მ.-ს“ მოსარჩელე გ. ღ.-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1 000 (ათასი) ლარის გადახდა;
5. დანარჩენ ნაწილში (3000 ლარის დაკისრების ნაწილში) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. გ. ღ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე წინასწარ გადახდილი თანხიდან 50 ლარი;
7. მოპასუხეს გ.ღ.-ს სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახ. ბაჟის ანგარიშში დაეკისროს 16 ლარის გადახდა;
8. სააპელაციო საჩივარზე სახ. ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხის ანგარიშში გ. ღ.-ს შპს „მ.-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 160 ლარის გადახდა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.