ნახვები: 61
საქმის ნომერი: ას-506-506-2018
საქმეთა კატეგორიები: საოჯახო სამართალი,
სასამართლო: საქართველოს უზენაესი სასამართლო
მოსამართლე: ბესარიონ ალავიძე(თავმჯდომარე), ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები: ას-621-2019,
რეზიუმე:
ციტირებისთვის: საქართველოს უზენაესი სასამართლო, განჩინება, საქმე №ას-506-506-2018 (2018-09-20), www.temida.ge
საქმის № ას-506-506-2018

განჩინება
საქართველოს სახელით
       20 სექტემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:
ბესარიონ ალავიძე
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე,

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ბ. ჯ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. ზ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:


1.1. ბ. ჯ-მა (შემდგომში - მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ზ-ის (შემდგომში - მოპასუხე, აპელანტი ან კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა:

i აღმასრულებლის 2006 წლის 16 აგვისტოს აქტით განსაზღვრული ალიმენტის დავალიანებიდან ოცი თვის თანხის - 12 000 ლარის ამორიცხვა;

ii ხსენებული თანხით მომავალში, ოცი თვის განმავლობაში გადასახდელი საალიმენტო ვალდებულების შესრულებულად მიჩნევა;

iii თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-2 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების (ე. ჯ-ის (დაბ: 10.04.200-წ.), ს. ჯ-ის (დაბ: 28.0-.2009წ.), ა. ჯ-ის (დაბ: 0-.02.20-1წ.)) რჩენისათვის დაკისრებული ალიმენტის - 200-200-200 ლარის 150-150-150 ლარამდე შემცირება (05.11.20-6 წლიდან შვილების სრულწლოვანებამდე).

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ოთხი შვილი, რომელთაგან უფროსმა (თ. ჯ-ი, დაბ: ....05.19...წ.) მიაღწია სრულწლოვანებას. მხარეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, 2002 წლის 6 ნოემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე ბ. ჯ-ს, არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, თითოეულისათვის 200 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი ქ. ზ-ის მიერ წარდგენილ იქნა თბილისის სააღსრულებო ბიუროში, რის შემდგომაც მხარეები შერიგდნენ და ერთ ოჯახად განაგრძეს ცხოვრება. შერიგების მიზნით მოსარჩელემ მეუღლეს გადასცა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, ხოლო ქ. ზ-ემ 2004 წლის 23 დეკემბრის განცხადების საფუძველზე უკან დაიბრუნა სააღსრულებო ფურცელი. პირველი სააღსრულებო საქმის წარმოება შეწყდა. თანაცხოვრების პერიოდში მოსარჩელე მონაწილეობას იღებდა არასრულწლოვნების რჩენა-აღზრდაში, ამარაგებდა მათ ფეხსაცმლით, საკვები პროდუქტებითა და ფულით. საერთო მეურნეობის წარმოებისას მოპასუხემ, მოსარჩელისგან დაუკითხავად, გაურკვეველი მიზნით დახარჯა თანასაკუთრებაში არსებული თანხა - 12 000 აშშ დოლარი, რის გამოც მეუღლეთა შორის ურთიერთობა კვლავ დაიძაბა და მოსარჩელემ დატოვა ოჯახი. მოპასუხემ განმეორებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს იძულებით აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცლის კვლავ წარმოებაში მიღების მოთხოვნით. თბილისის სააღსრულებო ბიუროდან მოსარჩელეს წარედგინა წინადადება გადაწყვეტილების შესრულებისა და 23 112 ლარის დაუყოვნებლივ გადახდის შესახებ რაც, მათივე განმარტებით, მოიცავდა წარსული სამი წლის განმავლობაში დაგროვებულ საალიმენტო დავალიანებას. საალიმენტო დავალიანების იძულებით ამოღების მიზნით, ყადაღა დაედო მოსარჩელის, მისი დედისა და დის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. მიუხედავად იმისა, რომ ნივთების აუქციონზე იძულებით რეალიზაციისგან თავის არიდების მიზნით, მოსარჩელემ დაფარა თანხა, ის არ აღიარებს საალიმენტო ვალდებულებას 2004 წლის 23 დეკემბრიდან, აღსრულების განახლებამდე - 2006 წლის 15 აგვისტომდე, ვინაიდან მეუღლეები ამ დროის მანძილზე ერთად ცხოვრობდნენ და არ არსებობდა ალიმენტის გადახდევინების ფაქტობრივი საფუძველი. გარდა ამისა, 2002 წლის 6 დეკემბრის შემდგომ შეიცვალა მისი როგორც მატერიალური, ასევე - ოჯახური მდგომარეობა, 2007 წლის 27 ივლისს შეეძინა მეხუთე შვილი - ს. ჯ-ი, ამასთან, მოსარჩელე უმუშევარია, თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი გაფორმებულია მოპასუხის სახელზე, არ აქვს შემოსავალი, რაც ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველია.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა შემდეგი: მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი მოსარჩელე 2004 წლის 23 დეკემბრიდან ფიზიკურად ცხოვრობდა მასთან და არასრულწლოვნებთან ერთად, იგი არ იღებდა სისტემატურ მონაწილეობას შვილების რჩენა-აღზრდაში. კვების, კომუნალური გადასახადების გადახდისა და ოჯახის სხვა საჭიროებებისათვის აუცილებელ ხარჯებს იღებდა მხოლოდ მოპასუხე საკუთარი შემოსავლით, აღებული ვალდებულებებითა და გაყიდული პირადი ნივთების ღირებულებით. არასრულწლოვნების აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას მოხმარდა ასევე მოსარჩელის მიერ მითითებული თანხაც. ამასთან, არ არსებობდა მხარეთა შორის რაიმე შეთანხმება ალიმენტის გადახდის სანაცვლოდ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დათმობის თაობაზე. წილის მოპასუხისათვის გადაფორმება განაპირობა მხარეთა სურვილმა, შეცვლილიყო უძრავი ნივთის სტატუსი და, ამასთან, გაურკვეველია წარმოდგენილი სარჩელი, უკვე დაფარული ვალდებულებისა და არარსებული დავალიანების პირობებში. არ დამძიმებულა არც მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა, ოფიციალური შემოსავალი მას არც 2002 წლისათვის უდასტურდებოდა და აღნიშნული არ წარმოადგენს ახალ გარემოებას, რაც შეეხება მის კმაყოფაზე მყოფ მცირეწლოვან შვილს, მისი არსებობა არ შეიძლება გახდეს არასრულწლოვნების ასაკთან ერთად გაზრდილი საჭიროებებისა და მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საარსებო მინიმუმის - დაკისრებული ალიმენტის შემცირების საფუძველი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი მიმდინარე ალიმენტის ოდენობის შემცირების ნაწილში დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილების რჩენა აღზრდისათვის დაეკისრა 150-150-150 ლარის გადახდა 2006 წლის 5 ოქტომბრიდან შვილების სრულწლოვანებამდე, ხოლო, ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა განისაზღვრა 170-170-170, ჯამში - 510 ლარით და გადახდა დაიწყო ვადამოსული ალიმენტის გადახდის დღიდან.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ოთხი შვილი: თ. ჯ-ი (დაბადებული 19... წლის ... მაისს რომელიც დღეისათვის სრულწლოვანია), ე. ჯ-ი (დაბადებული 200- წლის 10 აპრილს), ს. ჯ-ი (დაბადებული 20... წლის ... იანვარს) და ა. ჯ-ი (დაბადებული 20-1 წლის ... თებერვალს);

1.2.2. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელე არ არის დაოჯახებული და ცხოვრობს შვილებთან ერთად ქ.თბილისში, გ.ჩ-ის ქ №...-ში;

1.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ბ. ჯ-ს არასრულწლოვანი შვილების (200- წლის ... აპრილს დაბადებული ე. ჯ-ის, 20... წლის ... იანვარს დაბადებული ს. ჯ-ის, და 20-1 წლის ... თებერვალს დაბადებული ა. ჯ-ის), რჩენა-აღზრდისათვის, ქ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 200 ლარის ოდენობით 2002 წლის 6 ნოემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე. გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით, 2003 წლის 4 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რის საფუძველზეც თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო წარმოება. იმ მოტივით რომ მეუღლეები შერიგდნენ ქ. ზ-ემ მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის დაბრუნება და სააღსრულებო საქმის წარმოება დასრულდა;

1.2.4. მოპასუხის საკუთრებაში ირიცხება ქ.თბილისში, ნ-ის მე-... მ/რ-ში, 23-ე კორპუსში მდებარე 110 კვ.მ №... ბინა (სხვენის სართული, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-.14.02.005.00-.0-.0--). დასახელებული ნივთის 30 კვ. მეტრზე საკუთრების უფლების შეძენის საფუძველია 2004 წლის ... დეკემბერს მოსარჩელესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნასყიდობის თანხა განისაზღვრა - 1 000 ლარით;

1.2.5. სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების თაობაზე მოპასუხის მიერ წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე მოსარჩელეს შესთავაზეს წინადადება გადაწყვეტილების შესრულებისა და 23 112 ლარის გადახდის შესახებ, აქედან კრედიტორის კუთვნილი თანხა 21 600 ლარი, ხოლო აღსრულების საფასური 1 512 ლარი იყო;

1.2.6. ბ. ჯ-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავი ქონების წილზე (მდებარე ქ.თბილისში, დასახლება ვ-ი - 3, პირველი მ/რ, კორპუსი ..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-.19.39....0-.0-- და გარდაბანი, სოფელი მ-ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 81.10.15.2--), იძულებითი საჯარო აუქციონი დანიშნული არ არის;

1.2.7. კრედიტორმა მოვალეს შესთავაზა მორიგება, კერძოდ, მიმდინარე დავალიანებისა და სამომავლოდ ბავშვების სრულწლოვანებამდე დასარიცხი ალიმენტის, სააღსრულებო წარმოებისა და სასამართლო დავების შეწყვეტის სანაცვლოდ, შვილების საკუთრებაში გადაცემულიყო ქ.თბილისში, ო-ის აღმართის №....-ში მდებარე №... ბინა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-.15.05.088.0-3.04.0-.0-), რომელიც პაპამ შვილიშვილებს უსახსოვრა, მაგრამ ვერ მოასწრო საბუთის შედგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხდარიყო მოვალის სახელზე რიცხული ქ.თბილისში, ვ-ი 3-ის ... მ/რ-ში მდებარე უძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონის წესით. განსახილველი სარჩელის წარმოდგენის შემდეგ მოსარჩელემ სრულად დაფარა სააღსრულებო წარმოებით მის მიმართ რიცხული დავალიანება;

1.2.8. ბ. ჯ-ს ყოველთვიურად, სტაბილური შემოსავლის მიღების ფაქტი არ უფიქსირდება. იგი პროფესიით არქიტექტორია, დაარსებული აქვს შპს „თ-იო“. კომპანიის მიერ 2016 წლის სექტემბრის თვიდან 2017 წლის იანვრის ჩათვლით წარდგენილი გადასახადების დეკლარაციის მიხედვით, დასტურდება, რომ კომპანიას არც შემოსავალი არ აქვს და არც მოქმედი საქმიანობა უფიქსირდება. მოსარჩელის კმაყოფაზე, გარდა არასრულწლოვანი შვილების: ე., ს. და ა. ჯ-ებისა, იმყოფება 2017 წლის 27 ივლისს დაბადებული მცირეწლოვანი ს. ჯ-ი;

1.2.9. მოსარჩელეს უკანასკნელი თვეებია არ აქვს სისტემატური და ნორმალური მამაშვილური ურთიერთობა არასრულწლოვან შვილებთან: ე., ს. და ა. ჯ-ებთან.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ საოჯახო საქმეთა განხილვის პროცესუალური თავისებურება სასამართლო ინკვიზიციურობაა (იხ. სსსკ-ის 354.1 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს შეუძლია თავად განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე, რათა მიღწეულ იქნას საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. განსახილველი საკითხი, გარდა იმისა, რომ ეხება მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის დადგენას, მიმართულია ბავშვთა საარსებო წყაროს განსაზღვრაზე. ამ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა ბავშვის ინტერესთა უპირატესობის პრინციპით, (იხ. ევროკონვენციის მე-8 მუხლი, ასევე, ევროსასამართლოს პრაქტიკა ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან მიმართებით, მაგ: Maslov v. Austria [GC], საჩ. ნომ. 1638/03, 2008 წლის 23 ივნისი) და მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობა სწორად შეაფასა ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მე-18 მუხლთან. ამ მხრივ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გონივრულ პროპორციას ადგენს, როგორც პირველი ქორწინებისას შეძენილი სამი შვილის, ისე - ახალი გარემოების, მოსარჩელის მიერ მეორე ქორწინებაში შეძენილი მცირეწლოვანი შვილის ინტერესებს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ მტკიცების თვალსაზრისით ალიმენტის ოდენობის შესახებ სარჩელს აღძვრისას გარემოებათა არსებითად შეცვლის დადასტურება მოსარჩელეს ევალება, ამასთანავე, სასამართლო ყოველთვისაა ვალდებული, დაადგინოს გონივრული თანაფარდობა ალიმენტვალდებული პირის (იხ. სკ-ის 1212-ე მუხლი) რეალურ მატერიალურ მდგომაროებასა და ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირის ინტერესებს შორის და ისე განსაზღვროს სარჩოს ოდენობის საკითხი (სკ-ის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოცემულ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ სწორად მოიძია/განმარტა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა - სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი, სწორად შეაფასა არასრულწლოვანთა ინტერესები, ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შეეძინა კიდევ ერთი შვილი და მართებულად შეამცირა დაკისრებული ალიმენტი - 200-200-200 ლარი 170-170-170 ლარამდე. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 01.05.2018წ. №1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის, 70% - 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. ჯ-ი საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ბ. ჯ-ს (პ/№0-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 0-.05.2018წ. №1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.