ნახვები: 876
საქმის ნომერი: 330210015001184673
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: (თავმჯდომარე), ეკატერინე ცისკარიძე, დიანა ბერეკაშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი განუხილველი დარჩა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №330210015001184673 (2017-03-07), www.temida.ge
საქმის № 330210015001184673

განჩინება
საქართველოს სახელით
       07 მარტი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:

მოსამართლეები:
ეკატერინე ცისკარიძე, დიანა ბერეკაშვილი,

აპელანტი – მ. გ.
წარმომადგენელი - შ. კ.
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ა.

მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნით - ნ. კ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება- თბილსის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

1. ზ. ა.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა
ზ. ა. ცნობილი იქნა მ. გ.-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ს.-ს ქუჩა, #XX, ბინა #X, (საკადასტრო კოდი # XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX) 1/4 წილის მესაკუთრედ.
2. მესამე პირის ნ. კ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა
ნ. კ. ცნობილი იქნა მ. გ.-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქ. თბილისი, ს.-ს ქუჩა, #XX, ბინა #X, (საკადასტრო კოდი # XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX) 2/4 წილის მესაკუთრედ.
3. მ. გ.-ს მოსარჩელე ნ. კ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 (ორასი) ლარი.
4. მ. გ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 1047.76 (ათასორმოცდაშვიდი და სამოცდათექვსმეტი) ლარი

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1 მ. გ.-ს სახელზე ირიცხება უძრავი ქონება ქ. თბილისი, ს.-ს ქუჩა, #XX, ბინა #X, (საკადასტრო კოდი # XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX). უფლების დამდგენი დოკუმენტია: 07/02/2014 წლის საქართველოს იუსტიციის საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება და #2-1041 პრივატიზაციის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი:
11/06/1993 (ს.ფ.130).
2.1.2. ი.-ს რაიონის გამგეობის საბინაო-საექსპლუატაციო უბნის მიერ გაცემული საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობის თანახმად, ქ. თბილისში, ს.-ს ქუჩა NXX-ში ბინის პრივატიზაციის მომენტისათვის რეგისტრირებული იყო ოთხი პირი: მ. გ., ზ. ა., ნ. კ. და ლ. კ..
2.1.3. საქმეში წარმოდგენილი პრივატიზაციის მასალებით დგინდება, რომ ზ. ა.-მ და ნ. კ.-მ თანხმობა განაცხადეს სადავო ბინის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე.
2.1.4. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათებით დგინდება, რომ მოპასუხეები რეგისტრირებულნი არიან ქ.თბილისში, ს.- ს ქ. NXX-ში
2.1.5. 2016 წლის 29 იანვარს დამოწმებული სანოტარო აქტით, ლ. კ.-მ ნ. კ.-ს სასარგებლოდ დათმო მისი კუთვნილი ¼ წილი უძრავ ქონებაში მდებარე: ქ. თბილისი, ს.-ს ქუჩა, #XX, ბინა #X, (საკადასტრო კოდი #XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX)

2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სადავო ფაქტები დადგენილი არ არის.

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.3.1. ”საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01 თებერვლის #107-ე დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. ამავე დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. იმ დროისათვის - 1992წ., მოქმედი საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის(საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი, 1983წ. რედაქცია), 62-ე მუხლის პირველი აბზაცით გათვალისწინებული ნორმის თანახმად, დამქირავებლის ოჯახის წევრები, რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობენ, დამქირავებლის თანაბრად სარგებლობენ ყველა უფლებით და ეკისრებათ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა მოვალეობა.., ამავე მუხლის მე-2 აბზაცით გათვალისწინებული ნორმის თანახმად, დამქირავებლის ოჯახის წევრებს განეკუთვნებიან მასთან მუდმივად მცხოვრები დამქირავებლის მეუღლე, მათი შვილები და მშობლები.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე კანონმდებლმა ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც დადგენილი წესით ჩასახლებული იყო ბინაში, დამქირავებელი იქნებოდა იგი, თუ მისი ოჯახის წევრი, მისცა საშუალება, გამხდარიყო ბინის მესაკუთრე. ამ დადგენილების თანახმად, ყველა პირი, ვინც პრივატიზაციის დროს ცხოვრობდა ბინაში, უნდა ჩაითვალოს ბინის თანამესაკუთრედ იმის მიუხედავად, თუ ოჯახის რომელი წევრის სახელზე მოხდა ბინის პრივატიზაცია, ვინაიდან, პრივატიზაციით სახელმწიფომ საკუთრების უფლება მიანიჭა ბინის ყველა დამქირავებელს. თუ ამ უკანასკნელებს კანონით დადგენილი წესით უარი არ განუცხადებიათ საკუთრებაზე, ისინი ბინის მესაკუთრეებს წარმოადგენენ, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა პრივატიზაციის ხელშეკრულების უშუალო მხარეები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი ამ ფართზე უფლებადაკარგულად იქნა ცნობილი ან პრივატიზაციის პერიოდისათვის ამოწერილ იქნა სადავო ბინიდან.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე #X-XXXX პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს უძრავი ქონების ქ. თბილისი, ს.-ს ქუჩა, #XX, ბინა #X, (საკადასტრო კოდი # XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX) მესაკუთრეს. ამ დროისათვის უძრავი ქონების დამქირავებელს წარმოადგენდა ოთხი პირი, საიდანაც ორს თანხმობა აქვთ გაცემული უძრავი ქონების მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის და არა საკუთრებაზე უარის თქმის შესახებ. რაც შეეხება ლ. კ.-ს, პრივატიზაციის მომენტისათვის წარმოადგენდა არასრულწლოვანს და ზემოთმითითებულ ნორმათა შესაბამისად სხვა დამქირავებლის მსგავსად მოპოვებული აქვს საკუთრების უფლება მის კუთვნილ 1/4 ნაწილზე, რაც დათმობილი აქვს ნ. კ.-ს სასარგებლოდ.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება ხანდაზმულობის ვადის გასვლის თაობაზე. სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა სახის ვადებს იცნობს. მათ შორისაა სამოქალაქო უფლების განხორციელების, ხანდაზმულობის ვადები. სასარჩელო ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. მესაკუთრის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული რაიმე სპეციალური ვადით შეზღუდული არ არის. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ ამგვარ ვითარებასთან გვაქვს საქმე, ვინაიდან, გამოსაყენებელი ნორმა თავისი შინაარსით ადგენს, რომ პრივატიზაციის დროისათვის ბინაში რეგისტრირებული პირი წარმოადგენს ბინის მესაკუთრეს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი პრივატიზაციის ხელშეკრულების უშუალო მხარე. აღნიშნულ მოთხოვნაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან საკუთრების უფლება სადავო ბინაზე პრივატიზაციის მონაწილე პირებს მოპოვებული აქვთ კანონით და მოსარჩელე ითხოვს არა საკუთრების უფლების მოპოვებას, არამედ მისთვის კანონის მიერ უკვე მინიჭებული საკუთრების უფლების რეალიზაციას.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში უდავო ფაქტობრივ გარემოებებში აღნიშნული, თითქოს „ზ. ა.-მ და ნ. კ.-მ თანხმობა განაცხადეს სადავო ბინის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე, რაც არასწორია. მათ თანხმობა განაცხადეს, რომ „მ. გ.-ს გადაეცეს უსასყიდლოდ პირად საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა“ ამასთანვე დადგენილი არ არის, რომ თანხმობის მიმცემი ზ. ა. და გადაწყვეტილებით წილის მესაკუთრედ ცნობილი ზ. ა. ერთი და იგივე პიროვნებაა.

3.2. აპელანტი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. კერძოდ სასამართლომ იხელმძღვანელა ადრე მოქმედი საბინაო კოდექსის 62-ე მუხლისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01 თებერვლის 107 დადგენილების შესაბამისად, არასწორად განმარტა აღნიშნული ნორმები და არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები - პრივატიზაციის პროცესში შედგენილი განცხადება-თანხმობები.

სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ 07.05.1993წ. და 29.05.1993წ. განცხადებები შეეხებოდა მხოლოდ პრივატიზაციის ფორმალურ განხორციელებას, ხოლო მათ თავიანთი წილი კვლავ რჩებოდათ საკუთრებაში, რადგან მათი წილების საკუთრებაში დარჩენაზე ან უარის თქმაზე არაფერია მითითებული, ამასთან გარკვევით არის ჩაწერილი, რომ მთლიანი უძრავი ნივთი პირად საკუთრებაში გადაეცა მას. როდესაც პირი ასეთ თანხმობას აცხადებს იგი კარგავს ამ ნივთზე რაიმე საკუთრების უფლებას.

3.3. აპელანტი ასევე არ იზიარებს სასამართლოს განმარტებას ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ არ არის მითითებული არცერთი ნორმა თუ რის საფუძველზე არ ვრცელდება ამ კონკრეტულ საქმეზე ხანდაზმულობის ვადა. მოსარჩელეებს მოთხოვნის უფლება წარმოეშვათ პრივატიზაციის განხორციელების მომენტიდან 1993 წლის 11 ივნისიდან, ხოლო კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადების შესაბამისად სარჩელის წარდგენის უფლება მოსარჩელებს გააჩნიათ 3, 6 ან თუნდაც 10 წლის განმავლობაში.

3.4. აპელანტი ასევე სადავოდ ხდის გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც მას ნ. კ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება და აღნიშნავს, რომ იგი როგორც სოციალურად დაუცველი და სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისრტირებული პირი გათავისუფლებულია სახემწიფო ბაჟის გადახდისაგან.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

4.1. ფაქტობრივი დასაბუთება

4.1.1. დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მხარეების მიერ სადავოდ არ გამხდარა. შესაბამისად სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ: მ. გ.-ს სახელზე ირიცხება უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ქ. თბილისი, ს.-ს ქუჩა, #XX, ბინა #X, (საკადასტრო კოდი # XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX). უფლების დამდგენი დოკუმენტია: 07/02/2014 წლის საქართველოს იუსტიციის საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება და #2-1041 პრივატიზაციის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი:11/06/1993 (ს.ფ.130)
ქ. თბილისში, ს.-ს ქუჩა NXX-ში ბინის პრივატიზაციის მომენტისათვის რეგისტრირებული იყო ოთხი პირი: მ. გ., ზ. ა., ნ. კ. და ლ. კ..
ზ. ა.-მ და ნ. კ.-მ თანხმობა განაცხადეს სადავო ბინის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე.
სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათებით დგინდება, რომ მოპასუხეები რეგისტრირებულნი არიან ქ.თბილისში, ს.-ს ქ. NXX-ში.
2016 წლის 29 იანვარს დამოწმებული სანოტარო აქტით, ლ. კ.-მ ნ. კ.-ს სასარგებლოდ დათმო მისი კუთვნილი ¼ წილი უძრავ ქონებაში მდებარე: ქ. თბილისი, ს.-ს ქუჩა, #XX, ბინა #X, (საკადასტრო კოდი #XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX)
4.1.2. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია და მხარეთა შორის სადავო არ ხდება ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მხარეებს შორის არსებობს ნათესაური კავშირი და წარმოადგენენ ოჯახის წევრებს, კერძოდ უდავოა, რომ ზ. ა. არის მ. გ.-ს და ნ. კ.-ს დედა (ხოლო მ. გ. და ნ. კ. არიან დები).

4.2. სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის და საქმის ზეპირი განხილვის შედეგად, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.2.1. პირველ რიგში სააპელაციო პალატა შენიშნავს, რომ იმ უდავო ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო ბინის პრივატიზაცია განხორციელდა 1993 წელს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 130), პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა შორის სადავო საკითხის შეფასებისათვის და მხარეთა უფლება მოვალებობების განსაზღვრისათვის სწორად გამოიყენა ”საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01 თებერვლის #107-ე დადგენილებით განსაზღვრული ნორმები. კერძოდ, დასახელებული დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. ამავე დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. იმ დროისათვის - 1992წ., მოქმედი საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის (საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი, 1983წ. რედაქცია), 62-ე მუხლის პირველი აბზაცით გათვალისწინებული ნორმის თანახმად, დამქირავებლის ოჯახის წევრები, რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობენ, დამქირავებლის თანაბრად სარგებლობენ ყველა უფლებით და ეკისრებათ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა მოვალეობა, ამავე მუხლის მე-2 აბზაცით გათვალისწინებული ნორმის თანახმად, დამქირავებლის ოჯახის წევრებს განეკუთვნებიან მასთან მუდმივად მცხოვრები დამქირავებლის მეუღლე, მათი შვილები და მშობლები.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე კანონმდებლმა ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც დადგენილი წესით ჩასახლებული იყო ბინაში, დამქირავებელი იქნებოდა იგი, თუ მისი ოჯახის წევრი, მისცა საშუალება, გამხდარიყო ბინის მესაკუთრე. ამ დადგენილების თანახმად, ყველა პირი, ვინც პრივატიზაციის დროს ცხოვრობდა ბინაში, უნდა ჩაითვალოს ბინის თანამესაკუთრედ იმის მიუხედავად, თუ ოჯახის რომელი წევრის სახელზე მოხდა ბინის პრივატიზაცია, ვინაიდან, პრივატიზაციით სახელმწიფომ საკუთრების უფლება მიანიჭა ბინის ყველა დამქირავებელს. თუ ამ უკანასკნელებს კანონით დადგენილი წესით უარი არ განუცხადებიათ საკუთრებაზე, ისინი ბინის მესაკუთრეებს წარმოადგენენ, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა პრივატიზაციის ხელშეკრულების უშუალო მხარეები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი ამ ფართზე უფლებადაკარგულად იქნა ცნობილი ან პრივატიზაციის პერიოდისათვის ამოწერილ იქნა სადავო ბინიდან.

აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანის მიმართ რაიმე შეზღუდვას აღნიშნული დადგენილება არ ითვალისწინებს. სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა, უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა დაბადების მომენტიდან. ამდენად, მესაკუთრედ ყოფნის უფლება პირს წარმოეშობა დაბადებიდანვე. აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც დამქირავებელი, ისე მისი ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის არასრულწლოვანიც, უნდა ჩაითვალოს ბინის თანამესაკუთრედ მიუხედავად იმისა, ვის სახელზე მოხდა მისი საკუთრებაში აღრიცხვა.

სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.

ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, სასამართლო ასკვნის, რომ სადავო ბინაზე მ. გ.-სთან ერთად თანასაკუთრების უფლება ასევე წარმოეშვათ ზ. ა.-ს, ნ. კ.-ს და ლ. კ.-ს რომელიც იმ დროისთვის იყო არასწულწლოვანი და რომელმაც 2016 წლის 29 იანვარს დამოწმებული სანოტარო აქტით, ნ. კ.-ს სასარგებლოდ დათმო მისი კუთვნილი ¼ წილი უძრავ ქონებაში მდებარე: ქ. თბილისი, ს.-ს ქუჩა, #XX, ბინა #X, (საკადასტრო კოდი # XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX)

4.2.2. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება აპელანტის მიერ მითითებული გარემოება, რომ ნ. კ.-მ და ზ. ა.-მ 07.05.1993წ. და 29.05.1993წ. გაცემული თანხმობებით უარი განაცხადეს საკუთრებაზე და დაკარგეს საკუთრების უფლება მითითებულ ქონებაზე, რადგან მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107-ე დადგენილების მეორე პუნქტის შესაბამისად, „მოქალაქეს მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლი (ბინა) მათი სურვილისამებრ საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით. საცხოვრებელი სახლი (ბინა) მათი სურვილისამებრ შეიძლება გადაეცეს მათ საერთო საკუთრებაში. ოჯახში მცხოვრებ სრულწლოვან წევრთა თანხმობა სავალდებულოა დამოწმებული იყოს სანოტარო წესით. ბინა, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს რამდენიმე დამქირავებელს, მათ საკუთრებაში გადაეცემათ ყველა დამქირავებლის თანხმობით“ .

ამდენად, აღნიშნული დადგენილების საფუძველზე პრივატიზაციაში მონაწილე ყველა პირს, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა ისინი პრივატიზაციის ხელშეკრულების მხარეები, წარმოეშვათ საკუთრება ბინაზე და თუ მათ დადგენილი წესით უარი არ განუცხადებიათ საკუთრებაზე, ისინი რეგისტრირებულ მესაკუთრესთან ერთად ბინის თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ.

მოცემულ შემთხვევაში 07.05.1993წ. და 29.05.1993წ. ნ. კ.-ს და ზ. ა.-ს მიერ გაცემულ თანხმობებში (განცხადებებში) (იხ. ტ.2 ს.ფ. 90-91) არაფერია ნათქვამი საკუთრების უფლების დათმობასთან დაკავშირებით და მათი შინაარსის საფუძველზე ირკვევა, რომ განმცხადებლებმა განაცხადეს თანხმობა მ. გ.-ს უსასყიდლოდ პირად საკუთრებაში გადასცემოდა საცხოვრებელი ბინა, რაც მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107-ე დადგენილების მეორე პუნქტის შესაბამისად, მხოლოდ ბინის ერთ-ერთი დამქირავებლის მესაკუთრედ რეგისტრაციაზე თანხმობას წარმოადგენს და არა საკუთრების უფლებაზე უარის თქმას.

აპელანტის პრეტენზია იმის შესახებ, რომ თანხმობის შესახებ განცხადებაზე ხელი მოწერილი აქვს არა ზ. ა.-ს (მოსარჩელეს), არამედ ზ. ბ.-ს და რომ ზ. ა. და ზ. ბ. სხვადასხვა პირია, პალატის მოსაზრებით არადამაჯერებელია, რამდენადაც დადგენილია, რომ ზ. ა. როგორც მ. გ.-ს ოჯახის წევრი (დედა) და როგორც სადავო ბინაზე უფლებამოპოვებული პირი, უფლებამოსილი იყო გაეცა თანხმობა ოჯახის ერთ-ერთ წევრზე (შვილზე - მ. გ.-ზე) პრივატიზებული ბინის აღრიცხვის მიზნით. ამასთან საგულისხმოა, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროსაც მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადასტურდა, რომ ბინის პრივატიზაციის მომენტისათვის ბინაში ჩაწერილი იყო აპელანტის დედა (ზ. ბ.), რომლის სახელი და გვარი 2006 წლის 17 აპრილს გაცემული პირადობის მოწმობის (იხ. ტ.1, ს.ფ. 68) მიხედვით არის ზ. ა..

4.2.3 სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვის თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. ხანდაზმულობის ვადები ვრცელდება მოთხოვნებზე, რომელთა განხორციელებაც დროში იზღუდება და გარკვეულ ჩარჩოში ექცევა.

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია საკუთრების უფლება, რომლის მიხედვით ცალკეული პირი უფლებამოსილია, კონკრეტულ ნივთზე მოიპოვოს საკუთრების უფლება სათანადო გარიგებით თუ კანონის საფუძველზე. საკუთრების უფლება აბსოლუტური სანივთო უფლების კლასიკური სახეა, რომელიც დროში არ იზღუდება. აბსოლუტური უფლების ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ იგი სხვა პირთა თანაქმედებისაგან დამოუკიდებლად არსებობს. ამ უფლების განხორცილება უფლებამოსილი პირის აბსოლუტური ძალაუფლების სფეროს განეკუთვნება, ხოლო მისი დაცვა უზრუნველყოფილია ნებისმიერი შესაძლო ხელყოფისაგან. ამდენად, მესაკუთრეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებულ ნივთზე უფლების დაცვა და დაუშვებელია საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე გავრცელდეს ხანდაზმულობის ვადა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება მოპოვებული აქვთ „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების საფუძველზე, რის გამოც, მათ უფლება აქვს საკუთრებაში არსებულ ნივთზე უფლების დაცვა ნებისმიერ დროს მიმართონ სასამართლოს და დაუშვებელია აღნიშნულ მოთხოვნაზე გავრცელდეს ხანდაზმულობის ვადა.

4.2.4. სააპელაციო პალატის მოსაზრებით ასევე უსაფუძვლოა აპელანტის პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის განაწილებასთან დაკავშირებით, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს გაზიარებული, შემდეგ გარემოებათა გამო: (იხ. წინამდებარე განჩინებსი 3.4. პუნქტი),

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი კი ადგენს, რომ თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

სამოქალაქო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად კი სასამართლო ხარჯს წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის და საქმის განხილვასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები.

ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის გათვალისინებით, იმის მიუხედავად, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ათავისუფლებს მხარეებს, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით, ამავე კოდექსის 53-ე, 55-ე მუხლები წაგებული მხარეს ათავისუფლებენ მხოლოდ საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდისაგან, რომლიც ამავე კოდექსის 37 მუხლის თანახმად არ მოიცავს სახელმწიფო ბაჟს, რის გამოც სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მოახდინა სახელმწიფო ბაჟის განაწილება მხარეთა შორის.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

6. საპროცესო ხარჯები

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი მ. გ. გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. წინამდებარე განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.




I. შეჯამება:
ყველა პირი, ვინც პრივატიზაციის დროს ცხოვრობდა ბინაში, უნდა ჩაითვალოს ბინის თანამესაკუთრედ.

განმარტებული ნორმები:
(საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი, 1983წ. რედაქცია), 62-ე მუხლის პირველი აბზაცი;
”საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01 თებერვლის #107-ე დადგენილება - 1-ლი პუნქტი; მე-5 პუნქტი;

საკვანძო სიტყვები:
პრივატიზაცია; მესაკუთრე;

განმარტების ტექსტი:
კანონმდებლმა ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც დადგენილი წესით ჩასახლებული იყო ბინაში, დამქირავებელი იქნებოდა იგი, თუ მისი ოჯახის წევრი, მისცა საშუალება, გამხდარიყო ბინის მესაკუთრე. ამ დადგენილების თანახმად, ყველა პირი, ვინც პრივატიზაციის დროს ცხოვრობდა ბინაში, უნდა ჩაითვალოს ბინის თანამესაკუთრედ იმის მიუხედავად, თუ ოჯახის რომელი წევრის სახელზე მოხდა ბინის პრივატიზაცია, ვინაიდან, პრივატიზაციით სახელმწიფომ საკუთრების უფლება მიანიჭა ბინის ყველა დამქირავებელს. თუ ამ უკანასკნელებს კანონით დადგენილი წესით უარი არ განუცხადებიათ საკუთრებაზე, ისინი ბინის მესაკუთრეებს წარმოადგენენ, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა პრივატიზაციის ხელშეკრულების უშუალო მხარეები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი ამ ფართზე უფლებადაკარგულად იქნა ცნობილი ან პრივატიზაციის პერიოდისათვის ამოწერილ იქნა სადავო ბინიდან.

II. შეჯამება:
მესაკუთრედ ყოფნის უფლება (პრივატიზაციის შემთხვევაშიც) პირს წარმოეშობა დაბადებიდანვე

განმარტებული ნორმები:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი: 11-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
(საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი, 1983წ. რედაქცია), 62-ე მუხლის პირველი აბზაცი;

საკვანძო სიტყვები:
ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა; დაბადების მომენტი;

განმარტების ტექსტი:
არასრულწლოვანის მიმართ რაიმე შეზღუდვას აღნიშნული დადგენილება არ ითვალისწინებს. სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა, უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა დაბადების მომენტიდან. ამდენად, მესაკუთრედ ყოფნის უფლება პირს წარმოეშობა დაბადებიდანვე. აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც დამქირავებელი, ისე მისი ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის არასრულწლოვანიც, უნდა ჩაითვალოს ბინის თანამესაკუთრედ მიუხედავად იმისა, ვის სახელზე მოხდა მისი საკუთრებაში აღრიცხვა.

III. შეჯამება:
საკუთრების უფლების დაცვა უზრუნველყოფილია ნებისმიერი შესაძლო ხელყოფისაგან და დაუშვებელია მასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე გავრცელდეს ხანდაზმულობის ვადა.

განმარტებული ნორმები:
საქართველოს კკონსტიტუცია: 21-ე მუხლი

საკვანძო სიტყვები:
ხანდაზმულობა; საკუთრება; საკუთრების უფლება;

განმარტების ტექსტი:
საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია საკუთრების უფლება, რომლის მიხედვით ცალკეული პირი უფლებამოსილია, კონკრეტულ ნივთზე მოიპოვოს საკუთრების უფლება სათანადო გარიგებით თუ კანონის საფუძველზე. საკუთრების უფლება აბსოლუტური სანივთო უფლების კლასიკური სახეა, რომელიც დროში არ იზღუდება. აბსოლუტური უფლების ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ იგი სხვა პირთა თანაქმედებისაგან დამოუკიდებლად არსებობს. ამ უფლების განხორცილება უფლებამოსილი პირის აბსოლუტური ძალაუფლების სფეროს განეკუთვნება, ხოლო მისი დაცვა უზრუნველყოფილია ნებისმიერი შესაძლო ხელყოფისაგან. ამდენად, მესაკუთრეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებულ ნივთზე უფლების დაცვა და დაუშვებელია საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე გავრცელდეს ხანდაზმულობის ვადა.