ნახვები: 50
საქმის ნომერი: 4/ა-301-16
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მერაბ ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: დადგენილება
კანონიერი ძალა:
ინსტანციური ისტორია: №4/1317-16
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, დადგენილება, საქმე №4/ა-301-16 (2016-05-13), www.temida.ge
საქმის № 4/ა-301-16

დადგენილება
საქართველოს სახელით
       13 მაისი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მერაბ ლომიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე მერაბ ლომიძემ, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის გ. თ.-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის №4/1317-16 დადგენილებაზე

2016 წლის 07 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან შევიდა სამართალდარღვევის ოქმი და მასალები შპს ,,თ.-ს’’ მიმართ ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 375-ე მუხლის პირველი პუნქტით, 377-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 374 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის №4/1317-16 დადგენილებით შპს ,,თ.-ს’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი - XXXXXXXXXX; მის: ქ. თბილისი, დ. ა.-ს გამზ. NXXX, კორპ. NX, სარდაფი) ცნობილ იქნა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 375-ე მუხლის პირველი პუნქტის, 377-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 374 მუხლის მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში სამართალდამრღვევად; ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, გათავისუფლდა გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა.

ზემოაღნიშნული დადგენილების მიღებისას საქალაქო სასამართლომ განმარტა, 2016 წლის 24 თებერვალს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ შედგენილი NXXXXXX სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2016 წლის 1 თებერვლის NXX/XX/X და 16 თებერვლის NXX-XX/X ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ 2016 წლის 24 თებერვალს შპს ,,თ.-ში’’ (მდებარე: ქ. თბილისი, დ. ა.-ს ქ. NXXX) განახორციელა ფარმაცევტულ პროდუქტზე ზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები, რის შედეგადაც დაფიქსირდა შპს ,,თ.-ს’’ მიერ საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების გარეშე არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევა, რეალიზაციის დაწყება სააგენტოსათვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე და სამკურნალო საშუალების სერიული აღრიცხვის დადგენილი წესების დარღვევა, კერძოდ: შპს ,,თ.-ში’’ დაფიქსირდა ფარმაცევტული პროდუქტი ,,არტინიბსა 4% 1,8 მლ N50’’, სერია k-12, ვარგისიანობის ვადა - 09.2017წ. მწარმოებელი ,,ლაბორატორიოს ინიბსა, ესპანეთი’’, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების გარეშე არმქონე ფარმაცევტულ პროდუქტს. ზემოაღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტი დაილუქა და ჩამოერთვა შპს ,,თ.-ს’’, რაზეც შედგა შესაბამისი ამოღების (ჩამორთმევის) ოქმი. შპს ,,თ.-ს’’ ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დაწყების თაობაზე სააგენტოში სავალდებულო შეტყობინება არ აქვს. ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების თანმხლები ,,ფარმაცევტული პროდუქტის სერიის აღრიცხვის ფორმა’’.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, სამართალდარღვევის ოქმით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული ფაქტებით დარღვეულია ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის N189 დადგენილების მე-4 დანართის მოთხოვნები.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, თანამდებობის პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ვალდებულია დაადგინოს ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

სასამართლომ განმარტა, რომ ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 374-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამავე კანონის 375 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევა ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით ან/და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 377 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დაწყება და დასრულება სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

საქალაქო სასამართლო განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.

სასამართლომ განმარტა, რომ პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უარის თქმამდე, აუცილებელია საკითხის კომპლექსური განხილვა-შეფასება და იმის გამოკვლევა თუ რამდენად შესაძლებელია ადმინისტრაციული სახდელის ძირითადი დანიშნულებისა და მიზნის მიღწევა სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე.

სასამართლო მიიჩნია, რომ მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის ნორმა - სამართალდამრღვევი გათავისუფლდეს ადმინისტარციული პასუხისმგებლობისაგან და მიეცეს სიტყვიერი შენიშვნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის №X/XXXX-XX დადგენილება გასაჩივრებული იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის გია თვალავაძის მიერ.

საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ, 2016 წლის 24 თებერვალს, შპს ,,თ.-ს’’ (ს/კ: XXXXXXXXX; იურიდიული მის: ქ. თბილისი, დ. ა.-ს გამზ. NXXX, კორპ X, სარდაფი; დირექტორი: ვ. ყ.) მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი NXXXXXX მასზედ, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2016 წლის 01 თებერვლის NXX-XX/X ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ 2016 წლის 24 თებერვალს შპს ,,თ.-ში’’ განახორციელა ფარმაცევტულ პროდუქტზე ზედამხედველობა და კონტროლი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შპს ,,თ.-ს’’ მიერ საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების გარეშე არ მქონე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევა, რეალიზაციის დაწყება სააგენტოსათვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე და სამკურნალო საშუალების სერიული აღრიცხვის დადგენილი წესების დარღვევა. კერძოდ: შპს ,,თ.-ში’’ დაფიქსირდა ფარმაცევტული პროდუქტი ,,არტინიბსა 4% 1,8 მლ N50’’, კერია k-12, ვარგისიანობის ვადა - 09.2017წ. მწარმოებელი ,,ლაბორატორიოს ინიბსა, ესპანეთი’’, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების გარეშე არმქონე ფარმაცევტულ პროდუქტს. ზემოაღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტი დაილუქა და ჩამოერთვა შპს ,,თ.-ს’’, რაზეც შედგა შესაბამისი ამოღების (ჩამორთმევის) ოქმი. შპს ,,თ.-ს’’ ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დაწყების თაობაზე სააგენტოში სავალდებულო შეტყობინება არ აქვს. ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების თანმხლები ,,ფარმაცევტული პროდუქტის სერიის აღრიცხვის ფორმა’’. ზემოაღნიშნული ფაქტებით დარღვეულია ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის ე-5 პუნქტის მოთხოვნები.

საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის დადგენილება (საქმე №4/1317-16 , შპს ,,თ.-ს’’ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით სიტყვიერი შენიშვნის შეფარდების თაობაზე მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს და უნდა გაუქმდეს.

საჩივრის ავტორი ითხოვს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე, 278-ე და 279-ე მუხლების შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის დადგენილება და მიღებულ იქნას გადაწყვეტილება შპს ,,თ.-ს’’ მიმართ საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზეც დგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობა ან არარსებობა, პირის ბრალეულობა მის ჩადენაში და სხვა გარემოებები. მტკიცებულებებს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება და სხვა დოკუმენტები.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ეთანხმება და სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, რის გამოც გასაჩივრებული დადგენილება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჭიროებისას სარეალიზაციო ქსელიდან ფარმაცევტული პროდუქტის ამოღების/განადგურების ზედამხედველობა, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების რეესტრის წარმოება და მათი შერჩევითი კონტროლი. იმავე კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-2 ქვეპუნქტების თანახმად, სააგენტო ვალდებულია განახორციელოს ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების რისკის შეფასებაზე დაფუძნებული შერჩევითი კონტროლი. შერჩევითი კონტროლის დროს სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების მიერ ფარმაცევტული პროდუქტის მიკვლევადობისათვის დადგენილი წესებისა და შენახვის პირობების დაცვის მდგომარეობა.

,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 371 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმს ადგენს სამინისტროს მიერ უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი), ხოლო საქმეს განიხილავს სასამართლო.

,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 374-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამავე კანონის 375 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევა ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით ან/და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 377 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დაწყება და დასრულება სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ 2016 წლის 24 თებერვალს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ შედგენილი სამართალდარღვევის NXXXXXX ოქმი, საიდანაც ირკვევა, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2016 წლის 1 თებერვლის NXX/XX/X და 16 თებერვლის NXX-XX/X ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ 2016 წლის 24 თებერვალს შპს ,,თ.-ში’’ (მდებარე: ქ. თბილისი, დ. ა.-ს ქ. NXXX) განახორციელა ფარმაცევტულ პროდუქტზე ზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები, რის შედეგადაც დაფიქსირდა შპს ,,თ.-ს’’ მიერ საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების გარეშე არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევა, რეალიზაციის დაწყება სააგენტოსათვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე და სამკურნალო საშუალების სერიული აღრიცხვის დადგენილი წესების დარღვევა, კერძოდ: შპს ,,თ.-ში’’ დაფიქსირდა ფარმაცევტული პროდუქტი ,,არტინიბსა 4% 1,8 მლ N50’’, სერია k-12, ვარგისიანობის ვადა - 09.2017წ. მწარმოებელი ,,ლაბორატორიოს ინიბსა, ესპანეთი’’, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების გარეშე არმქონე ფარმაცევტულ პროდუქტს. ზემოაღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტი დაილუქა და ჩამოერთვა შპს ,,თ.-ს’’, რაზეც შედგა შესაბამისი ამოღების (ჩამორთმევის) ოქმი. შპს ,,თ.-ს’’ ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დაწყების თაობაზე სააგენტოში არ აქვს წარდგენილი სავალდებულო შეტყობინება, ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების თანმხლები ,,ფარმაცევტული პროდუქტის სერიის აღრიცხვის ფორმა’’.

სააპელაციო სასამართლოს საქმის მასალებით დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,თ.-ს’’ მიერ ადგილი ჰქონდა ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნის დარღვევას.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მცირემნიშვნელოვან სამართალდარღვევად შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით აკრძალული ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც მართალია შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ ქმედებაში გამოხატული ბრალეულობის ხარისხის, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, მისი გულწრფელი აღიარების საფუძველზე, მიზანშეუწონელს ხდის მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ამოცანებია: ყოველი საქმის გარემოებათა დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამორკვევა, მათი გადაწყვეტა კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით, გამოტანილი დადგენილების აღსრულების უზრუნველყოფა, აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილება, მოქალაქეთა აღზრდა კანონის დაცვის სულისკვეთებით, კანონიერების განმტკიცება.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი გადაცდომა. ყოველი კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში, სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს არსებული სიტუაციის თავისებურება, გადაცდომის ხასიათი და სახდელის შეფარდების პროცესში იხელმძღვანელოს თანაზომიერების პრინციპით, რაც გამოიხატება კანონით დაცულ ინტერესებს შორის ბალანსის დადგენაში.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მკაცრი სახის სახდელის გამოყენება და სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებაზე თავშეკავება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სახდელი ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ ვერ იქნება მიღწეული მიზანი სამართალდამრღვევისათვის შენიშვნის გამოცხადების გზით.

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის არგუმენტებს და მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვისას სწორად გაითვალისწინა, რომ ჩადენილი იყო მცირე მნიშვნელობის მქონე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის №4/1317-16 დადგენილება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე, 273-ე, 276, 278-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის გ. თ.-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის №4/1317-16 დადგენილება;
3. დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება.




1.შეჯამება:
პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებისას აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული სამართალდარღვევის სიმძმე და ის,თუ რამდენად შესაძლებელია სახლდელის დანიშნულების მიღწევა ამ კონკრეტული სახდელით.
განმარტებული ნორმები:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, 22.
თეგები:
სამართალდარღვევის მიჩნევა მცირემნიშვნელოვნად.
განმარტების სრული ტექსტი:
"მცირემნიშვნელოვან სამართალდარღვევად შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით აკრძალული ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც მართალია შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ ქმედებაში გამოხატული ბრალეულობის ხარისხის, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, მისი გულწრფელი აღიარების საფუძველზე, მიზანშეუწონელს ხდის მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას."

2.შეჯამება:
ადმინისტრაციული ორგანო სამართალდარღვევის არსებობისას არ არის ვალდებული ყველა შემთხვევაში გამოიყენოს ადმინისტრაციული სახდელი,წარმოებისას გამოკვლეულ უნდა იქნას ყველა გარემოება,რის შემდეგაც შეფასდება სამართალდარღვევის მნიშვნელობა
განმარტებული ნორმები:
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, 230.
თეგები:
ადმინისტრაციული სახდელის მიზანი,გარემოებათა სრული და ობიექტური გამოკვლევა.
განმარტების სრული ტექსტი:
"ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი გადაცდომა. ყოველი კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში, სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს არსებული სიტუაციის თავისებურება, გადაცდომის ხასიათი და სახდელის შეფარდების პროცესში იხელმძღვანელოს თანაზომიერების პრინციპით, რაც გამოიხატება კანონით დაცულ ინტერესებს შორის ბალანსის დადგენაში.მკაცრი სახის სახდელის გამოყენება და სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებაზე თავშეკავება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სახდელი ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას."