ნახვები: 390
საქმის ნომერი: (3ბ/1167-16)
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მერაბ ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: ბრძანება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, ბრძანება, საქმე №(3ბ/1167-16) (2016-07-29), www.temida.ge
საქმის № (3ბ/1167-16)

ბრძანება
საქართველოს სახელით
       29 ივლისი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მერაბ ლომიძე

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

საჩივრის ავტორი - პაციენტ თ. ი.-ს ადვოკატი ა. გ.

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ფ. ჯ. დ. ნ. პ. ც.’’

პაციენტის ნათესავი (და) - ნ. ი.

გასაჩივრებული ბრძანება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ივნისის ბრძანება

დავის საგანი - არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსება

სააპელაციო პალატამ დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა პაციენტ თ. ი.-ს ადვოკატის ა. გ.-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ივნისის ბრძანებაზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ.

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით
გასაჩივრებული ბრძანების დასკვნებზე მითითება:

2016 წლის 17 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა შპს ,,ფ. ჯ. დ. ნ. პ. ც.-მ’’, რომელმაც ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად მოითხოვა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით თ. ი.-ს სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანების გამოცემა. ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნის თანახმად, თ. ი.-ს დაესვა წინასწარი დიაგნოზი - ბოდვითი აშლილობა. დასკვნის დასაბუთებაში მითითებულია, რომ პაციენტი ბოლო 1 წელია მკვეთრად შეიცვალა, გახდა ეჭვიანი, დაძაბული, შეწყვიტა სოციალური კავშირები. აცხადებდა, რომ დასდევენ, უთვალთვალებენ, იმალებოდა სახლში, აფარებდა ფარდებს და აცხადებდა, რომ უნდა მოკლას მის ირგვლივ მყოფი კონკრეტული ადამიანები, ვინაიდან ყველანი შეკრულები არიან მის წინააღმდეგ. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ პაციენტმა ოჯახის მალულად შეიძინა იარაღი, რომელსაც გულმოდგინედ მალავდა და დღემდე არ იციან სად აქვს, ხოლო შვილებმა შემთხვევით ნახეს იარაღის დამადასტურებელი საბუთი და სია, სადაც ჩამოწერილი იყო დასახოცი ადამიანების სახელები. სტაციონირების წინა დღეს საკუთარი დის მიმართ გამოხატა სიტყვიერი და ფიზიკური აგრესია, რომელსაც ადანაშაულებდა მტრულ დამოკიდებულებაში, რაც გახდა ოჯახის წევრების მიერ სტაციონირების მიზნით კლინიკაში მიყვანის საფუძველი.

2016 წლის 18 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მორიგე ექიმმა ნ. კ.-მ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და დამატებით განმარტა, რომ პაციენტის მდგომარეობა გამწვავებულია და ვერ დაექვემდებარება ამბოლატორიულ მკურნალობას. შესაბამისად, მორიგე ექიმი მიიჩნევს, რომ პაციენტს სჭირდება მედიკამენტოზური მკურნალობა სტაციონარში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია მდგომარეობის კიდევ უფრო გართულება.

სასამართლოს სხდომაზე პაციენტის დამ ნ. ი.-მ განმარტა, რომ მისი ძმა 5 წელი უმუშევარი იყო, ხოლო როცა დაიწყო მუშაობა, ეგონა, რომ ყველა მის წინააღმდეგ იყო განწყობილი და გაანება სამსახურს თავი. მისივე განმარტებით, თ. ი. თვლიდა, რომ დასდევდნენ, ემუქრებოდა მეგობრებს, კლასელებს, არ ეძინა ღამე, არ უნდოდა კონტაქტი არავისთან და ყველაზე ეჭვიანობდა. შესაბამისად, ნ. ი.-მ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი ძმის სტაციონარში დარჩენა მკურნალობის მიზნით.

პაციენტმა თ. ი.-მ უარი განაცხადა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში დარჩენაზე და განმარტა, რომ მკურნალობას არ საჭიროებს. რაც შეეხება იარაღს, აღნიშნულთან დაკავშირებით პაციენტმა აღნიშნა, რომ მართალია იყიდა მაღაზიაში ჩამოწერილი იარაღი, თუმცა არ აქვს ტარების უფლება და სახლში უდევს. მისივე განმარტებით, არც ის იცის რომელ სიაზეა ლაპარაკი, ვინაიდან არ აქვს კონფლიქტი არავისთან, არც ვინმესთვის რამე დაუშავებია. მიიჩნევს, რომ მისი ოჯახის წევრები იტყუებიან და თავად გადაწყვეტს მივიდეს თუ არა რომელიმე ექიმთან სამკურნალოდ. შესაბამისად, თვლის, რომ არ საჭიროებს სტაციონარში დარჩენას და იქ მკურნალობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ივნისის ბრძანებით პაციენტი თ. ი. (დაბ.: XX.XX.XXXXწ.; მცხ: ქარელის რაიონი,
ვარძელაშვილის ქ. №XX; პირადი №XXXXXXXXXXX) არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით მოთავსდა შპს ,,ფ. ჯ. დ. ნ. პ. ც.-ში’’ არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, მაგრამ არა უმეტეს 06 (ექვსი) თვის ვადით; თ. ი.-ს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსების ვადა აითვალა დაეწყო მისი სტაციონარში მოთავსებიდან - 2016 წლის 16 ივნისის 21:40 საათიდან; ბრძანების შესრულება დაევალა შპს ,,ფ. ჯ. დ. ნ. პ. ც.-ს’’.

ზემოაღნიშნული ბრძანების მიღებისას საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არსებობს ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები, კერძოდ, პაციენტს აღენიშნება ფსიქიკური აშლილობა, რის შედეგადაც საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ივნისის ბრძანება გასაჩივრებული იქნა პაციენტ თ. ი.-ს ადვოკატის ა. გ.-ს მიერ.

საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს ბრძანება არის დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს.

საჩივრის ავტორის განმარტებით, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარება ტარდება, როდესაც პირს ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე, აგრეთვე თუ: ა) დახმარების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის პაციენტის ან სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას; ბ) პაციენტმა საკუთარი მოქმედებით შეიძლება მიიღოს ან სხვას მიაყენოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი.“

საჩივრის ავტორის მითითებით, ექიმ ფსიქიატრთა კომისიის დასკვნა ემყარება მხოლოდ პაციენტი თ. ი.-ს დის ნ. ი.-ს მიერ გადაცემულ ინფორმაციას, ხოლო თ. ი.-მ უარი განაცხადა მკურნალობაზე, მან განაცხადა, რომ ექიმმა სულ ორი შეკითხვა დაუსვა და მისთვის გაუგებარია, თუ რის საფუძველზე დაადგინა ექიმმა მისი წინასწარი დიაგნოზი.

საჩივრის ავტორის მითითებით, ექიმმა დაადასტურა, რომ პაციენტ თ. ი.-ს მკურნალობა შესაძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშეც, თუ ის დაიცავს ექიმის დანიშნულებას და მიიღებს მედიკამენტებს. შესაბამისად, არ არსებობს საფრთხე, რომ თ. ი. ზიანს მიაყენებს საკუთარ თავს ან სხვას.

საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ივნისის ბრძანება და დაუყონებლივ გაიწეროს თ. ი. სტაციონარიდან.

სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული ბრძანების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული ბრძანების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი ადგენს, თუ რა შემთხვევაში და რა საფუძვლების არსებობისას უნდა მოხდეს პაციენტის იძულებითი მოთავსება სტაციონარში ფსიქიატრიული დახმარების მიზნით: 1) თუ პირს ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე; 2) თუკი დახმარების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის პაციენტის ან სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას; 3) თუ პაციენტმა საკუთარი მოქმედებით შეიძლება მიიღოს ან სხვას მიაყენოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.“

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსაზრებას და მიაჩნია, რომ პაციენტ თ. ი.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია მისთვის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევა.

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ბრძანების გაუქმების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2116, 2118, 2119, 2120 მუხლებით და

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

1. პაციენტ თ. ი.-ს ადვოკატის ა. გ.-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ივნისის ბრძანება;
3. ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.




I შეჯამება:
პაციენტის მოთავსება სტაციონარში აუცილებელია,როცა იგი საფრთხეს უქმნის ან/და შესაძლებელია მატერიალური ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს ან სხვას და როცა სხვა გზით შეუძლებელია მისი მკურნალობა.
განმარტებული ნორმები:
კანონი ფიქიატრიული დახმარების შესახებ, 10.1.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, 2116, 2118, 2119, 2120.
თეგები :
არანებაყოფლობითი ფსიქიატიული დახმარება,იძულებითი მკურნალობა.
განმარტების სრული ტექსტი:
"სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი ადგენს, თუ რა შემთხვევაში და რა საფუძვლების არსებობისას უნდა მოხდეს პაციენტის იძულებითი მოთავსება სტაციონარში ფსიქიატრიული დახმარების მიზნით: 1) თუ პირს ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე; 2) თუკი დახმარების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის პაციენტის ან სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას; 3) თუ პაციენტმა საკუთარი მოქმედებით შეიძლება მიიღოს ან სხვას მიაყენოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.“