ნახვები: 278
საქმის ნომერი: 330310015690958 (3ბ/324-16)
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მერაბ ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №330310015690958 (3ბ/324-16) (2021-12-07), www.temida.ge
საქმის № 330310015690958 (3ბ/324-16)

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       07 დეკემბერი, 2021 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მერაბ ლომიძე

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
წარმომადგენელი - ნ. მ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ც. დ.

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ც. დ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება დ. ლ.-ის გარდაცვალების გამო მისი 10 წლის ხელფასის ოდენობით ფულადი კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაევალა, 1 თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ც. დ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სარჩელისათვის მის მიერ 2015 წლის 23 იანვარს N385360428 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დმანისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დ. ლ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა 2007 წლის 10 სექტემბერს დმანისის რაიონულ სასამართლოში სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას გაუარესდა ძლიერი თავის ტკივილითა და თავბრუსხვევით, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური იქნა გამოძახებული. აღნიშნული სამსახურის მიერ დადგენილი დიაგნოზის მიხედვით, დ. ლ.-ს ქალის შიდა სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი მოშლა აღენიშნა. ინფუზიური თერაპიისა და მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ დ. ლ. თბილისში გადაიყვანეს.

2.2. 2007 წლის 11 სექტემბერს, დილით, დ. ლ.-ს მაღალი არტერიული წნევის ფონზე მარჯვენა კიდურების სისუსტე განუვითარდა და თანდათან გონება დაებინდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სტაციონარში გადაიყვანა, სადაც კლინიკური დიაგნოზი - თავის ტვინის მარცხენა შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმის გასკდომა დაუდგინდა ტვინის ნივთიერებებში დიდი ზომის სისხლჩაქცევით, რაც სასწრაფო ოპერაციის ჩატარების საფუძველი გახდა. ოპერაციის მიმდინარეობისას, ტრეპანაციის შემდეგ სისხლდენა ანევრიზმიდან განახლდა, რის გამოც გამოტანილ იქნა განმეორებითი ჰემორაგიის დიაგნოზი.

2.3. 2007 წლის 11 სექტემბრის ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდეგ 52 დღე დ. ლ. ინტენსიურ თერაპიას თბილისის NX კლინიკურ საავადმყოფოში გადიოდა, ხოლო შემდეგ სახლში იქნა გადაყვანილი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველგვარი გაუმჯობესების გარეშე, კომატოზურ მდგომარეობაში და ასეთ მდგომარეობაში გარდაცვალებამდე - 2008 წლის 28 ივლისამდე იმყოფებოდა.

2.4. თბილისის შპს NX მ. პ.-ს ექიმ-ნევროპათოლოგ ლ. გ.-ს მიერ დ. ლ.-ს მიმართ გაცემული სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ყუა N112-ის მიხედვით, სიკვდილის მიზეზად დაფიქსირებულია: თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებითი მოშლა (ანევრიზმის გასკდომა), კომატოზური მდგომარეობა.

2.5. დ. ლ.-ს გარდაცვალების მოწმობაში გარდაცვალების მიზეზად თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებით მოშლა არის დაფიქსირებული.

2.6. დ. ლ. იყო ც. დ.-ს მეუღლე.

2.7. 2013 წლის 30 ოქტომბერს ც. დ.-მ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა განცხადებით დ. ლ.-ს გარდაცვალების გამო დახმარების გაცემის მოთხოვნით.

2.8. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა დ. ლ.-ს გარდაცვალების გამო მოსამართლის 10 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ერთჯერადი დახმარების გაცემის თაობაზე (პუნქტი 1) და დადგინდა მისთვის შრომისუნარიანობის დაკარგვის გამო მოსამართლის 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით დახმარების გაცემა (პუნქტი 2).

სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.9. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 8 მაისის N1/40 გადაწყვეტილება გამოტანილია საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის პირველად - 2007 წლის 10 სექტემბერს მოშლა დ. ლ.-ს აღენიშნა რა თავის ტვინში ანევრიზმის გასკდომისა და სისხლის ჩაქცევით სახით (დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს „ვ.-ს“ N01-04/21 დასკვნაში ასახული ავადმყოფის სამედიცინო ბარათი NXXXX), რაც პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნების ალბათობას უკვე მინიმუმამდე ამცირებდა (დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს „ვ.-ს“ N01-04/21 დასკვნა, ხელწერილი პაციენტისათვის მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე - ს.ფ. 32, ექიმ-ნევროპათოლოგ ლ. გ.-ს ახსნა- განმარტება - ს.ფ. 39), გადაწყდა სასწრაფო ნეიროქირგიული ოპერაციის ჩატარება, ოპერაციის მიმდინარეობისას კი, დიდი ზომის ანევრიზმის კედლის დეფექტიდან ინტენსიური სისხლდენა განახლდა (დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს „ვ.-ს“ N01-04/21 დასკვნაში ასახული ოპერაციის ოქმი N305), რაც შეფასებულ იქნა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებით მოშლად (ექიმ- ნევროპათოლოგ ლ. გ.-ს ახსნა-განმარტება - ს.ფ. 39). ოპერაციის ოქმისა და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ შპს „ვ.-ს“ N01-04/21 დასკვნიდან გამომდინარე, ოპერაცია ჩატარდა ტექნიკური წუნის გარეშე და სისხლის მიმოქცევის განმეორებით მოშლა, ანუ სისხლძარღვის დაზიანებული კედლიდან სისხლდენის განახლება 2007 წლის 10 სექტემბერს განვითარებულმა დარღვევამ განაპირობა.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, დასახელებული დასკვნის მიხედვით, ე.წ. სისხლის მიმოქცევის განმეორებით მოშლა თავის ტვინის 2007 წლის 10 სექტემბერს დაზიანების ერთიანი პათოლოგიური პროცესის შემადგენელი ნაწილი იყო. დასახელებული გარემოებები, ისევე, როგორც დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ შპს „ვ.-ს“ N01-04/21 დასკვნა, რომელიც სადავო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაიცა, მოპასუხის მიერ შეფასებული არ ყოფილა. ამასთან, გარდაცვალების მიზეზზე მსჯელობისას აქცენტი გაკეთდა მხოლოდ გარდაცვალების მოწმობაში მითითებულ გარემოებაზე და ყურადღება არ ყოფილა გამახვილებული გარდაცვალების მოწმობაში ინფორმაციის ასახვის საფუძვლად არსებულ სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ყუა N112-ზე და მისი შემდგენი ექიმის განმარტებაზე, რომლის შესაბამისად, დ. ლ.-ს გარდაცვალების მიზეზია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებითი მოშლა (ანევრიზმის გასკდომა) და კომატოზური მდგომარეობა (ს.ფ. 41), რაც ოპერაციის განხორციელებამდეც, სტაციონარში შესვლისას უკვე აღინიშნებოდა (სტაციონარის ავადმყოფის სამედიცინო ბარათი NXXXX, ასახული დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს „ვ.-ს“ N01-04/21 დასკვნაში, ექიმ გ. მ.-ს ახსნა-განმარტება - 37).

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსამართლე დ. ლ.-თან დაკავშირებით დახმარების გაცემის თაობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 8 მაისის N1/40 გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

2.11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსიდან გამომდინარე, მისი კანონიერება უნდა იქნეს შეფასებული მოსამართლეთა სოციალური დაცვის განმსაზღვრელი კანონმდელობის საფუძველზე. დ. ლ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და მისი გარდაცვალების პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამართლის შრომიუნარიანობის დაკარგვისა და/ან მისი გარდაცვალების შემთხვევაში დახმარების გაცემის საკითხი დარეგულირებული იყო საქართველოს კანონით „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“. მითითებული კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად: 1. სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას გარდაცვლილი მოსამართლის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. მოსამართლის დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. 2. მოსამართლეს, რომელმაც შრომის უნარი დაკარგა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, მიეცემა დახმარება: ა) შრომის უნარის ნაწილობრივ დაკარგვისას – 1 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; ბ) შრომის უნარის სრულად დაკარგვისას – 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოყვანილი ნორმა დახმარების გაცემის საფუძვლად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მომხდარ კონკრეტულ გარემოებას ადგენს, თუმცა შესაბამისი გარემოების შეფასება მისგან უშუალოდ გამომდინარე შედეგის მხედველობაში მიღების გარეშე დაუშვებელია, რამეთუ ამგვარი მიდგომა წარმოადგენს ურთიერთობის ფორმალურ განხილვას მისი არსის უგულებელყოფით. ამასთან, მიზეზობრივი კავშირი სამართლის ნორმით განსაზღვრულ ფაქტებთან მიმართებით კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკისა და კანონით გარანტირებული უფლების ხასიათის მხედველობაში მიღებით უნდა იქნეს დადგენილი. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, დ. ლ.-ს მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 2007 წლის 10 სექტემბერს მომხდარ ფაქტს - თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვან მოშლასა და ანევრიზმის გასკდომას მისი კომატოზური მდგომარეობა და რამდენიმე თვის შემდეგ გარდაცვალება მოჰყვა. ის ფაქტი, რომ კომატოზური მდგომარეობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მომხდარი ფაქტის - თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი მოშლის შედეგია, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია და ამ მხრივ სრულიად მართლზომიერად იქნა შეფასებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მომხდარი ფაქტი, როგორც შრომისუნარიანობის სრული დაკარგვის განმაპირობებელი გარემოება. თუმცა, გარდაცვალებამდე არსებული მდგომარეობა, რაც დ. ლ.-ს სიცოცხლისუნარიანობას მეტად პირობითად აქცევდა, და მიზეზობრივი კავშირის სრული ბმა სადავო გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული არ ყოფილა და შეფასება არ მისცემია გარდაცვალების საფუძვლად მითითებულ გარემოებებს - სისხლის მიმოქცევის განმეორებით მოშლასა და კომატოზურ მდგომარეობას, რაც, დ. ლ.-ს გარდაცვალების უშუალო მიზეზი გახდა. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე, რაც მათ სათანადო შეფასებასა და კანონის ნორმის არასწორად გამოყენებას განაპირობებს.

2.12. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და არ იძლევა გადაწყვეტილებაში მითითებული სამართლებრივი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განმცხადებლის მიერ იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ დ. ლ.-ს მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას უკავშირდებოდა მისი გარდაცვალება ან შრომის უნარის სრული დაკარგვა, წარმოდგენილ იქნა შემდეგი მტკიცებულებები: 1. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური 03-ის გამოძახების ბარათი. სამედიცინო ბარათი არის ბუნდოვანი და თითქმის შეუძლებელია მისი წაკითვა; 2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. დასკვნაში მითითებულია, რომ 2008 წლის სექტემბერში, სამსახურში ყოფნის დროს გაუსკდა დ. ლ.-ს ანევრიზმა თავის ტვინში; 3. დმანისის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის წერილი. აღნიშნული წერილი ზოგადი ხასიათისაა და არ იძლევა წარმოდგენილი შემთხვევის მიმდინარეობის პროცესის სრულყოფილად აღწერას; 4. ექიმების ახსნა-განმარტებები. აღნიშნული ახსნა-განმარტებები ეხება უშუალოდ 2007 წლის 11 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებს; 5. ც. დ.-ს ახსნა-განმარტება; 6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დ. ლ.-ს ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ; 7. მეურვის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ,,2007 წლის 9 სექტემბრიდან დ. ლ. იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში’’. აპელანტი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რა დროსაც დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა დ. ლ.-ს მიერ სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელებისას შრომის უნარის სრულად დაკარგვის ფაქტს. აღნიშნული ფაქტი მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მე-2 ნაწილი, რომელიც ამ ფაქტს ადგენს, შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება წარმოადგენს ერთიან დოკუმენტს და საჭიროებს პირველი და მე-2 ნაწილების ერთობლიობაში განხილვას. გადაწყვეტილების მხოლოდ პირველ ნაწილზე მსჯელობა შეუძლებელია, ვინაიდან პირველ ნაწილში მითითებული ფაქტის დადასტურება გამორიცხავს მე-2 ნაწილით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში მოსარჩელის მიერ დამატებით იქნა წარმოდგენილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტ შპს ,,ვ.-ს’’ დასკვნა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ექსპერტიზის დასკვნა გადაეცა სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის დროს. სწორედ ამ დასკვნით ირკვევა, რომ დ. ლ. განმეორებით საკუთარ სახლში გახდა ცუდად, რასაც შედეგად მოჰყვა თავის ტვინის მარცხენა შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმის გასკდომა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის არ იყო ცნობილი აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, რაც წარმოადგენდა სასამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას შრომის უნარის სრულად დაკარგვის საფუძვლით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მნიშვნელოვან გარემოებას. ამ ფაქტის ცოდნის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შესაძლოა სხვა გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული, რადგან განმცხადებლის მიერ მოსამართლე დ. ლ.-ს მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვან მოშლასა და თავის ტვინის მარცხენა შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმის გასკდომას შორის მიზეზობრივი კავშირი მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნებოდა დადასტურებული. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ შპს ,,ვ.-ს’’ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ,,დ. ლ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკული დამძიმება თავისი შედეგებითურთ პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია 2007 წლის 10 სექტემბერს თავის ტვინის მარცხენა შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმის გასკდომასთან. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების მიხედვით, ანევრიზმის გასკდომა მოხდა არა 2007 წლის 10 სექტემბერს, არამედ 11 სექტემბერს. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნაში მოცემულია არსებითად მცდარი ფაქტი.

3.3. აპელანტის განმარტებით, განმცხადებლის მიერ დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე 2007 წლის 10 სექტემბერს დ. ლ.-ს მიმართ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ დასმული დიაგნოზი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი მოშლა, არ იძლევა დ. ლ.-ს მიმართ 2007 წლის 11 სექტემბერს დამდგარ შედეგთან ზემოაღნიშნული ფაქტის დაკავშირების შესაძლებლობას. მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ დ. ლ.-ს მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი მოშლა დაედო საფუძვლად მეორე დღეს, 2007 წლის 11 სექტემბერს, განხორციელებულ თავის ტვინში შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმის გასკდომას. ამასთან, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება შეიძლებოდა თუ არა 2007 წლის 10 სექტემბერს სრულყოფილი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ დამდგარი შედეგის თავიდან აცილება. განსახილველ საკითხთან მიმართებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დ. ლ. ჰიპერტონულ დაავადებაზე მკურნალობდა რამდენიმე წელი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებული, იგი საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ,,მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი გარანტიების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით დადგენილ ,,სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელებისას’’ გარდაცვალებად. აღნიშნული საკითხის განმარტების შეფასების გარეშე კი შეუძლებელია სადავო საკითხის გადაწყვეტა.

3.4. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია. კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ. ლ.-ს გარდაცვალების გამო 10 წლის ხელფასის ოდენობით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის საკითხთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი, რომელიც ეხება სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას მოსამართლე დ. ლ.-ს შრომის უნარის სრულად დაკარგვის გამო ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას, კანონიერ ძალაშია შესული, აღსრულებულია და არც მოსარჩელეს გაუხდია სადავოდ აღნიშნული პუნქტი. აქედან გამომდინარე, ბუნდოვანია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მოახდინოს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას გარდაცვალების გამო ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა, რაც შეუძლებელია, ვინაიდან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მოახდინოს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას შრომის უნარის სრულად დაკარგვის გამო ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა, ხოლო ორმაგი კომპენსაციის გაცემა დაუშვებელია, თუ უნდა მოხდეს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას მოსამართლის გარდაცვალების გამო ფულადი დახმარების გაცემისას მოსარჩელისათვის უკვე გაცემული კომპენსაციის ჩათვლა. აღნიშნული ფაქტი კი ეწინააღმდეგება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მე-2 ნაწილს, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულებულია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო ის რაც დასაბუთებულია, იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

3.5. აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიყენა ,,მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი, თუმცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება არ მისცა აღნიშნული ნორმით დადგენილ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას გარდაცვალების ფაქტს, რაც დავის საგნის საფუძველს წარმოადგენს.

3.6. აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი. კერძოდ, მან არ გაითვალისწინა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება წარმოადგენდა ერთიან აქტს და მხოლოდ მისი ნაწილის ბათილად ცნობა არ იქნებოდა მიზანშეწონილი, ვინაიდან პირველ ნაწილში მითითებული ფაქტის დადასტურება გამორიცხავდა მე-2 ნაწილით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც უკვე კანონიერ ძალაში იყო შესული და აღსრულებული.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც მიღებული იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

ფაქტობრივი დასაბუთება

4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დმანისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დ. ლ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა 2007 წლის 10 სექტემბერს დმანისის რაიონულ სასამართლოში სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას გაუარესდა ძლიერი თავის ტკივილითა და თავბრუსხვევით, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური იქნა გამოძახებული. აღნიშნული სამსახურის მიერ დადგენილი დიაგნოზის მიხედვით, დ. ლ.-ს ქალის შიდა სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი მოშლა აღენიშნა. ინფუზიური თერაპიისა და მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ დ. ლ. თბილისში გადაიყვანეს.

4.2. 2007 წლის 11 სექტემბერს, დილით, დ. ლ.-ს მაღალი არტერიული წნევის ფონზე მარჯვენა კიდურების სისუსტე განუვითარდა და თანდათან გონება დაებინდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სტაციონარში გადაიყვანა, სადაც კლინიკური დიაგნოზი - თავის ტვინის მარცხენა შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმის გასკდომა დაუდგინდა ტვინის ნივთიერებებში დიდი ზომის სისხლჩაქცევით, რაც სასწრაფო ოპერაციის ჩატარების საფუძველი გახდა. ოპერაციის მიმდინარეობისას, ტრეპანაციის შემდეგ სისხლდენა ანევრიზმიდან განახლდა, რის გამოც გამოტანილ იქნა განმეორებითი ჰემორაგიის დიაგნოზი.

4.3. 2007 წლის 11 სექტემბრის ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდეგ 52 დღე დ. ლ. ინტენსიურ თერაპიას თბილისის NX კლინიკურ საავადმყოფოში გადიოდა, ხოლო შემდეგ სახლში იქნა გადაყვანილი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველგვარი გაუმჯობესების გარეშე, კომატოზურ მდგომარეობაში და ასეთ მდგომარეობაში გარდაცვალებამდე - 2008 წლის 28 ივლისამდე იმყოფებოდა.

4.4. თბილისის შპს NX მ. პოლიკლინიკის ექიმ-ნევროპათოლოგ ლ. გ.-ს მიერ დ. ლ.-ს მიმართ გაცემული სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ყუა N112-ის მიხედვით, სიკვდილის მიზეზად დაფიქსირებულია: თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებითი მოშლა (ანევრიზმის გასკდომა), კომატოზური მდგომარეობა.

4.5. დ. ლ.-ს გარდაცვალების მოწმობაში გარდაცვალების მიზეზად თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებით მოშლა არის დაფიქსირებული.

4.6. დ. ლ. იყო ც. დ.-ს მეუღლე.

4.7. 2013 წლის 30 ოქტომბერს ც. დ.-მ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა განცხადებით დ. ლ.-ს გარდაცვალების გამო დახმარების გაცემის მოთხოვნით.

4.8. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა დ. ლ.-ს გარდაცვალების გამო მოსამართლის 10 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ერთჯერადი დახმარების გაცემის თაობაზე (პუნქტი 1) და დადგინდა მისთვის შრომისუნარიანობის დაკარგვის გამო მოსამართლის 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით დახმარების გაცემა (პუნქტი 2

სამართლებრივი დასაბუთება

4.9. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე კოდექსის 386-ე მუხლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 393-ე მუხლის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც მიღებული იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

4.10. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

4.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი კანონს არ ეწინააღმდეგება, ასევე, ის არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

4.12. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

4.13. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, რის გამოც არ არსებობდა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული დ. ლ.-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებული ყველა სამედიცინო დოკუმენტაცია და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა მტკიცებულებები, რის შემდეგაც მოსარჩელეს კანონის მოთხოვნათა დაცვით ეთქვა უარი ერთჯერადი დახმარების სახით 10 წლის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების მოთხოვნაზე. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში სათანადოდ არ არის დასაბუთებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები არ გამოიკვლია საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და რომელი კონკრებული მტკიცებულებებისა და გარემოებების შესწავლა დაევალა მას თავიდან. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

4.14. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დ. ლ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და მისი გარდაცვალების პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამართლის შრომისუნარიანობის დაკარგვისა და/ან მისი გარდაცვალების შემთხვევაში დახმარების გაცემის საკითხი დარეგულირებული იყო საქართველოს კანონით „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“. მითითებული კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად: 1. სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას გარდაცვლილი მოსამართლის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. მოსამართლის დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. 2. მოსამართლეს, რომელმაც შრომის უნარი დაკარგა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, მიეცემა დახმარება: ა) შრომის უნარის ნაწილობრივ დაკარგვისას - 1 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; ბ) შრომის უნარის სრულად დაკარგვისას - 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმით ცალსახად იყო დადგენილი, რომ მოსამართლის ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით მიეცემოდა მხოლოდ მაშინ, თუ მის (მოსამართლის) გარდაცვალებას ადგილი ექნებოდა სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში, ხოლო თუ მოსამართლე შრომის უნარს დაკარგავდა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, მაშინ მას ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით მიეცემოდა არა ათი წლის, არამედ შრომის უნარის დაკარგვის ხარისხის მიხედვით ერთი ან ხუთი წლის თანამდებობრივი სარგო. განსახილველ შემთხვევაში სადავოა საკითხი იმის შესახებ, დ. ლ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და მისი გარდაცვალება უნდა ჩაითვალოს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას გარდაცვალებად თუ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას შრომის უნარის სრულად დაკარგვად. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსამართლე დ. ლ.-თან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა არა სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას გარდაცვალების ფაქტს, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას შრომის უნარის სრულად დაკარგვის ფაქტს, რის გამოც მის ოჯახს სწორად მიეცა 5 წლის ერთჯერადი დახმარება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ დმანისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დ. .-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა 2007 წლის 10 სექტემბერს დმანისის რაიონულ სასამართლოში სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას გაუარესდა ძლიერი თავის ტკივილითა და თავბრუსხვევით, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური იქნა გამოძახებული. აღნიშნული სამსახურის მიერ დადგენილი დიაგნოზის მიხედვით, დ. ლ.-ს ქალის შიდა სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი მოშლა აღენიშნა. ინფუზიური თერაპიისა და მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ დ. ლ. თბილისში გადაიყვანეს. 2007 წლის 11 სექტემბერს, დილით, დ. ლ.-ს მაღალი არტერიული წნევის ფონზე მარჯვენა კიდურების სისუსტე განუვითარდა და თანდათან გონება დაებინდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სტაციონარში გადაიყვანა, სადაც კლინიკური დიაგნოზი - თავის ტვინის მარცხენა შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმის გასკდომა დაუდგინდა ტვინის ნივთიერებებში დიდი ზომის სისხლჩაქცევით, რაც სასწრაფო ოპერაციის ჩატარების საფუძველი გახდა. ოპერაციის მიმდინარეობისას, ტრეპანაციის შემდეგ სისხლდენა ანევრიზმიდან განახლდა, რის გამოც გამოტანილ იქნა განმეორებითი ჰემორაგიის დიაგნოზი. 2007 წლის 11 სექტემბრის ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდეგ 52 დღე დ. ლ. ინტენსიურ თერაპიას თბილისის N4 კლინიკურ საავადმყოფოში გადიოდა, ხოლო შემდეგ სახლში იქნა გადაყვანილი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველგვარი გაუმჯობესების გარეშე, კომატოზურ მდგომარეობაში და ასეთ მდგომარეობაში გარდაცვალებამდე - 2008 წლის 28 ივლისამდე იმყოფებოდა. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ თბილისის შპს N1 მ. პოლიკლინიკის ექიმ-ნევროპათოლოგ ლ. გ.-ს მიერ დ. ლ.-ს მიმართ გაცემული სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ყუა N112-ს, რომლის მიხედვითაც სიკვდილის მიზეზად დაფიქსირებულია: თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებითი მოშლა (ანევრიზმის გასკდომა), კომატოზური მდგომარეობა. ასევე, დ. ლ.-ს გარდაცვალების მოწმობაში გარდაცვალების მიზეზად თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებით მოშლა არის დაფიქსირებული. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. ლ.-ს გარდაცვალების მიზეზი გახდა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებით მოშლა, რასაც ადგილი არ ჰქონია სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას.

4.15. სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ 2007 წლის 10 სექტემბერს დ. ლ.-ს მიმართ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ დასმული დიაგნოზი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი მოშლა, არ იძლევა დ. ლ.-ს მიმართ 2007 წლის 11 სექტემბერს დამდგარ შედეგთან ზემოაღნიშნული ფაქტის დაკავშირების შესაძლებლობას. მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ დ. ლ.-ს მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი მოშლა დაედო საფუძვლად მეორე დღეს, 2007 წლის 11 სექტემბერს, განხორციელებულ თავის ტვინში შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმის გასკდომას. ამასთან, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, შეიძლებოდა თუ არა 2007 წლის 10 სექტემბერს სრულყოფილი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ დამდგარი შედეგის თავიდან აცილება. აპელანტმა სწორად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზეც, რომ დ. ლ. ჰიპერტონულ დაავადებაზე მკურნალობდა რამდენიმე წელი.

4.16. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას,უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტ შპს ,,ვ.-ს’’ დასკვნაში განვითარებულ მსჯელობას იმის შესახებ, რომ ,,ადგილი ჰქონდა არა ე.წ. თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებითი მოშლას, როგორც ეს დ. ლ.-ს სიკვდილის სამედიცინო მოწმობაშია მითითებული, არამედ ოპერაციის დროს განვითარებულ განახლებულ სისხლდენას, რომლიც თავის ტვინის დაზიანების ერთიანი პათოლოგიური პროცესის შედეგი იყო’’. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შპს ,,ვ.-ს’’ დასკვნა ეფუძნება ც. დ.-ს განცხადებისა და დ. ლ.-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებს, ხოლო ამ პირველადი სამედიცინო დოკუმენტაციით, კერძოდ, თბილისის შპს NX მ. პოლიკლინიკის ექიმ-ნევროპათოლოგ ლ. გ.-ს მიერ დ. ლ.-ს მიმართ გაცემული სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ყუა N112-ით და დ. ლ.-ს გარდაცვალების მოწმობით ცალსახად არის დადგენილი, რომ დ. ლ.-ს გარდაცვალების მიზეზი გახდა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებითი მოშლა, რასაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადგილი არ ჰქონია სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების დროს.



5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ც. დ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ც. დ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.




შეჯამება
დახმარების გაცემისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში მოსამართლე შრომის უნარს დაკარგავს თუ მოხდება მისი გარდაცვალება.

განმარტებული ნორმა
„მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“. მითითებული კანონის მე-14
მუხლი

თეგები
მოსამართლის ოჯახისითვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა


განმარტების სრული ტექსტი
მოსამართლის ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით მიეცემოდა მხოლოდ მაშინ, თუ მის (მოსამართლის) გარდაცვალებას ადგილი ექნებოდა სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში, ხოლო თუ მოსამართლე შრომის უნარს დაკარგავდა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, მაშინ მას ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით მიეცემოდა არა ათი წლის, არამედ შრომის უნარის დაკარგვის ხარისხის მიხედვით ერთი ან ხუთი წლის თანამდებობრივი სარგო.