ნახვები: 345
საქმის ნომერი: 3ბ/45-16
საქმეთა კატეგორიები: საგადასახადო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მერაბ ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: ბრძანება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, ბრძანება, საქმე №3ბ/45-16 (2016-02-12), www.temida.ge
საქმის № 3ბ/45-16

ბრძანება
საქართველოს სახელით
       12 თებერვალი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო

შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მერაბ ლომიძე

სხდომის მდივანი - ოთარი ბუკია


საჩივრის ავტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე - ი/მ ,,ჯ. კ.’’

დავის საგანი - დაყადაღებული ქონების აუქციონზე რეალიზაცია

გასაჩივრებული ბრძანება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 08 დეკემბრის ბრძანება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 08 დეკემბრის ბრძანების გაუქმება

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით
გასაჩივრებული ბრძანების დასკვნებზე მითითება:

2015 წლის 20 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ახალციხის რაიონულ სასამართლოში განსჯადობით გადაგზავნილ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის სასამართლო დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მ. ზ.-ს შუამდგომლობა ი.მ. „ჯ. კ.-ს“ (პ/ნXXXXXXXXXXX) ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე. შუამდგომლობის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 15 დეკემბრის NXXX-XXX ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ’’ ბრძანების საფუძველზე ი.მ. „ჯ. კ.-ს“ (პ/ნXXXXXXXXXXX) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, ყადაღა დაედო ი.მ. „ჯ. კ.-ს“ (პ/ნ XXXXXXXXXXX, მისამართი - ახალციხე, სოფელი ტ.) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. შუამდგომლობის მიხედვით, ი.მ. „ჯ. კ.-ს“ (პ/ნXXXXXXXXXXX) აღიარებული საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის წინაშე შეადგენს 56736,53 ლარს (მათ შორის , ძირითადი 48219,96 ლარი, საურავი - 8516,57 ლარი და ზედმეტობა 00,00 ლარი). შემოსავლების სამსახურის მიერ ქონებაზე ყადაღის დადების აქტი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და იგი ჩაჰბარდა გადასახადის გადამხდელს, რაც დასტურდება მისივე ხელმოწერით. საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქონებაზე რეგისტრირებულია ყადაღა. შესაბამისად, დგინდება, რომ ქონებაზე ყადაღის დადება მოხდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. შემოსავლების სამსახური შუამდგომლობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-VII პრიმა მეხუთე თავის შესაბამისად, ი.მ. „ჯ. კ.-ს“ (პ/ნ XXXXXXXXXXX) ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ ბრძანების გამოცემაზე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 04 სექტემბრის ბრძანებით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 15 დეკემბრის და 2015 წლის 12 იანვრის აქტებში მითითებული გადასახადის გადამხდელის ი/მ „ჯ. კ.-ს“ (პ/ნXXXXXXXXXXX) კუთვნილი ყადაღადადებული ქონება (გარდა დახერხილი ფიცრებისა, რომელთა რეალიზაციაზეც უარი განაცხადა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა) სარეალიზაციოდ მიექცა აუქციონის წესით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 04 სექტემბრის ზემოაღნიშნული ბრძანება გასაჩივრებულ იქნა ი/მ „ჯ. კ.-ს“ მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის N3/ბ-1600-15 ბრძანებით ი/მ „ჯ. კ.-ს“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ახალციხის რაიონული სამართლოს 2015 წლის 04 სექტემბრის ბრძანება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ ბრძანებაში მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე გამოსაკვლევი იყო წარმოადგენდა თუ არა ი/მ „ჯ. კ.-ს“ მიმართ არსებული დავალიანება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას, ასევე ხომ არ იყო აღნიშნული მოთხოვნა ხანდაზმული.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 08 დეკემბრის ბრძანებით უარი ეთქვა სსიპ შემოსავლების სამსახურს შუამდგომლობისა და გადასახადის გადამხდელის ი.მ. „ჯ. კ.-ს“ (პ/ნXXXXXXXXXXX)) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანების გადახდის უზრუნველსაყოფად ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 15 დეკემბრის და 2015 წლის 12 იანვრის N1 აქტებში მითითებული ი.მ. „ჯ. კ.-ს“ (პ/ნXXXXXXXXXXX) კუთვნილი ყადაღადადებული ქონების რეალიზების დაკმაყოფილებაზე, საგადასახადო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

ზემოაღნიშნული ბრძანების მიღებისას რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ,,საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ,,დაყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ამავე კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს (აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების შემთხვევაში) შუამდგომლობას პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121-ე მუხლის თანახმად: ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით.

მხარეთა განმარტებებით და მათ მიერვე წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. ახალციხის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2006 წლის 14 მარტს გამოცემული N243 საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, გადასახადის გადამხდელს ჯ. კ.-ს 2006 წლის 14 მარტის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის მიმართ 248,5 ლარი. აღნიშნული დავალიანების გადაუხდელობის გამო ინდ. საწარმო ჯ. კ.-ს 2006 წლის 09 დეკემბერს გაეგზავნა შეტყობინება NXXX-XXX საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ და მიეთითა, რომ 09.12.2006 წლის მდგომარეობით სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ გააჩნდა დავალიანება 289,79 ლარი. რის გამოც 2006 წლის 14 დეკემბრის NXXX-XXX შეტყობინებით ეცნობა ჯ. კ.-ს ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანების გამო ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ი/მ ჯ. კ.-ს გაეგზავნა საგადასახადო მოთხოვნა №XXXX, რომლის მიხედვით მისი დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენდა სულ 31707.45 ლარს, საიდანაც ძირი თანხა იყო 5370,56 ლარი, სანქცია 25133,07 ლარი, საურავი 1253,82 ლარი, ხოლო ზედმეტად გადახდილი 50 ლარი. აღნიშნული 2006 წელს წარმოშობილი დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 15 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ი/მ ჯ. კ.- ს ქონებაზე - საკონტროლო სალარო აპარატზე და დახერხილ ფიცარზე ყადაღის დადება, რაც რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში, ხოლო 2015 წლის 12 იანვარს ასევე ყადაღის დადება მოხდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქალაქი ახალციხე, 9 აპრილის ქუჩა NXX-ში საკ. კოდით XX.XX.XX.XXX.XX.XXX (იხ.ს.ფ.7-10- 12).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი ვადა განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან დროის მონაკვეთით, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, თვეებით, დღეებით ან/და იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ვადა, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, მთავრდება ვადის ბოლო წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ან საბანკო დაწესებულებისათვის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, რომელიც აითვლება ამ დავალიანების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეთა განმარტებებით და წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. ახალციხის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2006 წლის 14 მარტს გამოცემული NXXX საგადასახადო მოთხოვნით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს ი/მ ჯ. კ.-ს მოცემულ შუამდგომლობაში მითითებული სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანება წარმოშობილი აქვს 2006 წლიდან, რომლის დაფარვის უზრუნველსაყოფად საგადასახადო ორგანოს მიერ 2014 წლის 15 დეკემბერს გამოცემული აქტი (ბრძანება) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, სასამართლომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადა გაშვებულია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე საგადასახადო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

ამასთანავე, სასამართლომ არ გაიზიარა ჯ. კ.-ს განმარტება 2009-2010 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ მის მიერ თანხის გადახდასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 08 დეკემბრის ბრძანება გასაჩივრებული იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს მიერ არასრულყოფილად შეფასდა ფაქტობრივი გარემოებები და გაკეთდა არასწორი და არასრული სამართლებრივი დასკვნები. საგადასახადო ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, უზრუნველყოფის ერთ-ერთ ღონისძიებას წარმოადგენს ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია. საგადასახადო ორგანოს მიერ ქონებაზე ყადაღის დადება, როგორც გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ საგადასახადო დავალიანებაზე, რომელიც საგადასახადო კოდექსის თანახმად აღიარებულია. ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარეს აქვს აღიარებული საგადასახადო ვალდებულება, არის უდავო და დადასტურებული ფაქტი.

საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს მიერ შეფასებული არ ყოფილა ის გარემოება, რომ ყადაღის დადების შესახებ ბრძანება გადამხდელის მიერ არ გასაჩივრებულა, რის გამოც იგი შევიდა კანონიერ ძალაში და იგი არის შესასრულებლად სავალდებულო ადმინისტრაციული აქტი. შესაბამისად, როდესაც საგადასახდო ვალდებულება არის აღიარებული საგადასახადო კოდექსის შესაბამისად და როდესაც მხარეს არ აქვს გასაჩივრებული ყადაღის შესახებ ბრძანება, არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 08 დეკემბრის ბრძანება და ახალი ბრძანების მიღებით დაკმაყოფილდეს შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ი/მ ჯ. კ.-ს დაყადაღებული ქონების რეალიზაციის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, გაანალიზა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს ქონებაზე ყადაღის დადება და მოითხოვოს ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს მსჯელობას ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ან საბანკო დაწესებულებისათვის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, რომელიც აითვლება ამ დავალიანების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად, ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარუდგინოს ანუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდა მოსთხოვოს ამ დავალიანების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში.

განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. ახალციხის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2006 წლის 14 მარტს გამოცემული NXXX საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, გადასახადის გადამხდელს ჯ. კ.-ს 2006 წლის 14 მარტის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის მიმართ 248,5 ლარი. აღნიშნული დავალიანების გადაუხდელობის გამო ინდ. საწარმო ჯ. კ.-ს 2006 წლის 09 დეკემბერს გაეგზავნა შეტყობინება NXXX-XXX საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ და მიეთითა, რომ 09.12.2006 წლის მდგომარეობით სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ გააჩნდა დავალიანება 289,79 ლარი. რის გამოც 2006 წლის 14 დეკემბრის NXXX-XXX შეტყობინებით ეცნობა ჯ. კ.-ს ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანების გამო ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ი/მ ჯ. კ.-ს გაეგზავნა საგადასახადო მოთხოვნა №XXXX, რომლის მიხედვით მისი დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენდა სულ 31707.45 ლარს, საიდანაც ძირი თანხა იყო 5370,56 ლარი, სანქცია 25133,07 ლარი, საურავი 1253,82 ლარი, ხოლო ზედმეტად გადახდილი 50 ლარი. აღნიშნული 2006 წელს წარმოშობილი დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 15 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ი/მ ჯ. კ.-ს ქონებაზე - საკონტროლო სალარო აპარატზე და დახერხილ ფიცარზე ყადაღის დადება, რაც რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში, ხოლო 2015 წლის 12 იანვარს ასევე ყადაღის დადება მოხდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქალაქი ახალციხე, 9 აპრილის ქუჩა NXX-ში საკ. კოდით XX.XX.XX.XXX.XX.XXX(იხ.ს.ფ.7-10- 12).

საქმეში ასევე წარმოდგენილია ახალციხის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 16 ოქტომბრის №XXXX ბრძანება, რომლის მიხედვითაც ი/მ ჯ. კ.-ს დარიცხული აქვს გადასახადი საერთო ჯამში 50440.11 ლარის ოდენობით. თუმცა, სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული ბრძანების ი/მ ჯ. კ.-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი მათ მიერ ვერ იქნა მოძიებული.

საქმეში ასევე წარმოდგენილია ახალციხის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 18 ოქტომბრის საგადასახადო მოთხოვნა №XXXX, რომლის მიხედვით ი/მ ჯ. კ.-ს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს სულ 34256.12 ლარს, თუმცა აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის ი/მ ჯ. კ.-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ არის წარმოდგენილი.

სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო პალატაში წარმოდგენილია ასევე ი/მ ჯ. კ.-ს მიერ საგადასახადო ორგანოში 2007-2008 წლებში წარდგენილი ორი საგადასახადო დეკლარაცია.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს 2006-2008 წლებში წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების ფარგლებში ი/მ ჯ. კ.-ს ქონების რეალიზაციის საფუძველი, ვინაიდან გასულია საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა. გარდა ამისა, საქმის მასალებით ვერ დასტურდება ახალციხის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 16 ოქტომბრის №XXXX ბრძანების (რომლის მიხედვითაც ი/მ ჯ. კ.-ს დარიცხული აქვს გადასახადი საერთო ჯამში 50440.11 ლარი) ან მის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის ი/მ ჯ. კ.-სთვის ჩაბარების და მის მიერ ამ აქტების გასაჩივრების ვადის გაშვების ფაქტი.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის საგადასახადო დავალიანება, თუ: ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია; ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა; გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება; დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

სსიპ შემოსავლების სამსახური აპელირებს ასევე შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 იანვრის №XXXXXX საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმზე, რომლის მიხედვითაც ი/მ ჯ. კ.-ს დარიცხული აქვს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. სსიპ შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მითითებული დავალიანების ფარგლებშიც უნდა მოხდეს დაყადაღებული ქონების რეალიზაცია. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამ ეტაპზე არ არსებობს 2015 წლის 29 იანვრის №XXXXXX საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დარიცხული 5000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული ქონების რეალიზაციის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მითითებული 2015 წლის 29 იანვრის №XXXXXX საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ი/მ ჯ. კ.-ს გასაჩივრებული აქვს სასამართლოში და მასზე სამართალწარმოება ჯერ დასრულებული არ არის.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან ი/მ ჯ. კ.-ს ბიუჯეტის მიმართ გააჩნია გარკვეული სახის აღიარებული საგადასახადო დავალიანება, კერძოდ:

საქმეში წარმოდგენილია სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2015 წლის 12 იანვრის №XXXXXX საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვითაც ი/მ ჯ. კ.-ს დარიცხული აქვს ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. როგორც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ი/მ ჯ. კ.-მ განაცხადა, მას მითითებული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ჩაბარებული აქვს, თუმცა არც საგადასახადო ორგანოთა სისტემაში და არც სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2015 წლის 12 იანვრის №XXXXXX საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დარიცხული დავალიანება 400 ლარის ოდენობით, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას.

საქმეში ასევე წარმოდგენილია ი/მ ,,ჯ. კ.-ს” მიერ საგადასახადო ორგანოში 2014 წლის 14 აპრილს წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური (2013 წლის) ელექტრონული დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც ი/მ ,,ჯ. კ.-ს” საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 2104,17 ლარს. მითითებულ დეკლარაციას მინიჭებული აქვს სარეგისტრაციო ნომერი, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით ადასტურებს იმას, რომ ი/მ ,,ჯ. კ.-ს” მითითებული დეკლარაცია ნამდვილად წარდგენილი აქვს საგადასახადო ორგანოში. გარდა ამისა, საქმეში საგადასახადო ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მითითებული საგადასახადო დეკლარაციის საფუძველზე ი/მ ,,ჯ. კ.-ს” დარიცხული აქვს ე.წ. სავადოები 4 ეტაპად, თითოეული 526 ლარის ოდენობით (ჯამში ოთხივე 2104 ლარი). შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2014 წლის 14 აპრილს წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური (2013 წლის) ელექტრონული დეკლარაციით დარიცხული თანხა 2104,17 ლარი და ამ დეკლარაციის საფუძველზე დარიცხული სავადოები (ჯამში ოთხივე 2104 ლარი), საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, ასევე წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას.

ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამ დროისათვის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ი/მ ,,ჯ. კ.-ს” ბიუჯეტის მიმართ გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება საერთო ჯამში 4608 ლარისა და 17 თეთრის ოდენობით, საიდანაც 400 ლარის არის სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2015 წლის 12 იანვრის №XXXXXX საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული თანხა, რომელიც გადასახადის გადამხდელს სადავოდ არ გაუხდია და დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებია, 2104 ლარი და 17 თეთრი არის 2014 წლის 14 აპრილს წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური (2013 წლის) ელექტრონული დეკლარაციის საფუძველზე დარიცხული თანხა და 2104 ლარი (ოთხჯერ დარიცხული სავადო 526 ლარის ოდენობით) არის ზემოაღნიშნული საგადასახადო დეკლარაციის საფუძველზე დარიცხული სავადოების თანხა.

შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა მხოლოდ აღიარებული საგადასახადო დავალიანების - 4608 ლარისა და 17 თეთრის ფარგლებში, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.

ამასთან, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მსჯელობას შუამდგომლობის მთლიანად დაკმაყოფილების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ი/მ ,,ჯ. კ.-ს” ჩაბარებული აქვს და არ გაუსაჩივრებია ქონების დაყადაღების შესახებ საგადასახადო ორგანოს ბრძანება. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქონების დაყადაღების შესახებ საგადასახადო ორგანოს ბრძანების ჩაბარება და მისი გაუსაჩივრებლობა არ წარმოადგენს დავალიანების აღიარებულ დავალიანებად მიჩნევის საფუძველს, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად, აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა და არა ქონების დაყადაღების შესახებ ბრძანების გასაჩივრების ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121-2123 მუხლებით და

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 08 დეკემბრის ბრძანება და მიღებულ იქნეს ახალი ბრძანება;
3. სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა გადასახადის გადამხდელის ი/მ ,,ჯ. კ.-ს” ყადაღადადებული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. იძულებითი ღია აუქციონის წესით რეალიზებულ იქნას გადასახადის გადამხდელის ი/მ ,,ჯ. კ.-ს” (პ/ნ XXXXXXXXXXX; ს/ნ XXXXXXXXX; იურიდიული მისამართი: ახალციხის რაიონი, სოფელი ტ.) ყადაღადადებული ქონება მხოლოდ აღიარებული საგადასახადო დავალიანების - 4608 (ოთხი ათას ექვსას რვა) ლარისა და 17 (ჩვიდმეტი) თეთრის ფარგლებში;
5. ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.




შეჯამება I

საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარუდგინოს, ანუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდა მოსთხოვოს ამ დავალიანების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში. (P.S. 22/12/2016 წლამდე მოქმედი რედაქციით 6 წლის, ხოლო 22/12/2016-დან 3-წლის განმავლობაში).

განმარტებული ნორმები: საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-9 ნაწილი

საკვანძო სიტყვები: საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობა, აღიარებული საგადასახადო დავალიანება

განმარტების სრული ტექსტი:

,,სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს მსჯელობას ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ან საბანკო დაწესებულებისათვის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, რომელიც აითვლება ამ დავალიანების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან“



შეჯამება II

აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა და არა ქონების დაყადაღების შესახებ ბრძანების გასაჩივრების ვადა.

განმარტებული ნორმები: საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი

საკვანძო სიტყვები: აღიარებული საგადასახადო მოთხოვნა, გასაჩივრების ვადის გაშვება

განმარტების სრული ტექსტი: ,,ამასთან, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მსჯელობას შუამდგომლობის მთლიანად დაკმაყოფილების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ი/მ ,,ჯ. კ.-ს” ჩაბარებული აქვს და არ გაუსაჩივრებია ქონების დაყადაღების შესახებ საგადასახადო ორგანოს ბრძანება. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქონების დაყადაღების შესახებ საგადასახადო ორგანოს ბრძანების ჩაბარება და მისი გაუსაჩივრებლობა არ წარმოადგენს დავალიანების აღიარებულ დავალიანებად მიჩნევის საფუძველს, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად, აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა და არა ქონების დაყადაღების შესახებ ბრძანების გასაჩივრების ვადა“