ნახვები: 451
საქმის ნომერი: 4/ა-1047-15
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მერაბ ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: დადგენილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, დადგენილება, საქმე №4/ა-1047-15 (2016-01-29), www.temida.ge
საქმის № 4/ა-1047-15

დადგენილება
საქართველოს სახელით
       29 იანვარი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მერაბ ლომიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე მერაბ ლომიძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა პ. ბ.-ს, თ. მ.-ს, ნ. გ.-ს, ვ. ბ.-ს და ლ. გ.-ს საჩივრები მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის №4-ა/654-15 დადგენილებაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2015 წლის 02 დეკემბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოდან შევიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები ბ. ბ.-ს, პ. ბ.-ს, თ. მ.-ს, ნ. გ.-ს, ვ. ბ.-ს და ლ. გ.-ს მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის თაობაზე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის №X-ა/XXX-XX დადგენილებით თ. მ. (პ/ნ XXXXXXXXXXX; დაბ. 12.02.1985წ.) ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის და სახდელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 700 ლარი; პ.ბ. (პ/ნ XXXXXXXXXXX; დაბ. 19.05.1977წ.) ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის და სახდელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 700 ლარი; ლ.გ. (პ/ნ XXXXXXXXXXX; დაბ. 06.06.1990წ.) ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის და სახდელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 700 ლარი; ნ. გ (პ/ნ XXXXXXXXXXX; დაბ. 22.03.1989წ.) ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის და სახდელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 700 ლარი; ვ. ბ. (პ/ნ XXXXXXXXXXX; დაბ. 23.05.1995წ.) ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის და სახდელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 700 ლარი; შეწყდა ბ. ბ.-ს (პ/ნ XXXXXXXXXXX; დაბ. 24.09.1993წ.) მიმართ 2015 წლის 1 დეკემბერს შედგენილი №XXXXXXXXX სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევის საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 1 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა თ. მ.-მ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი NXXXXXXXXX ბ. ბ.-ს, ოქმი N XXXXXXXXX თ. მ.-ს, ოქმი N XXXXXXXXX ლ. გ.-ს, ოქმი N XXXXXXXXX ვ. ბ.-ს, ოქმი N XXXXXXXXX ნ. გ.-ს, ოქმი N XXXXXXXXX პ.ბ.-ს მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენის შესახებ. ოქმებში მითითებულია, რომ 2015 წლის 30 ნოემბერს ბ. ბ., პ. ბ., თ. მ., ნ. გ., ვ. ბ. და ლ. გ. ბოროტად არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელს უშლიდნენ მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბერის საოქმო განჩინებით სამართალდარღვევის საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის თანახმად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი. ამავე კოდექსის 236-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე ორგანო დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას. ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა ფიზიკური შეურაცხყოფისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარიდან 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება პ. ბ.-ს, თ. მ.-ს, ნ. გ.-ს, ვ. ბ.-ს და ლ. გ.-ს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენა.

რაიონული სასამართლოს მითითებით, სასამართლოში წარდგენილ იქნა პატრულ-ინსპექტორის სამხრე ვიდეო-კამერის და საპატრულო ავტომობილის საბორტე კამერის ჩანაწერები, რომლითაც დადასტურებულია სამართალდარღვევის ოქმში აღწერილი გარემოებები. კერძოდ, ვიდეო-ჩანაწერით ირკვევა, რომ 2015 წლის 30 ნოემბერს ღამის საათებში დუშეთის რაიონის სოფელ ბოდორნასთან პატრულირების დროს პატრულ-ინსპექტორებმა თ. მ.-მ და მ. ჯ.-მ გააჩერეს ავტომობილი XXXX ნომრით SSS-XXX, რომელსაც მართავდა თ. მ., ხოლო მგზავრები იყვნენ პ. ბ. და ლ. გ. ავტომობილის გაჩერების შემდგომ თ. მ.-ს და პოლიციელებს შორის საუბარი წარიმართა მშვიდ, უკონფლიქტო ვითარებაში. თუმცა მოგვიანებით ავტომობილთან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომელთა გამოჩენის შემდეგ შეიქმნა კონფლიქტური ვითარება. მანქანასთან შეკრებილები არიან მოქალაქეები ნ. გ., ვ. ბ., ბ. ბ. ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ნ. გ. საუბრობს მობილურ ტელეფონზე და მოსაუბრეს განუმარტავს, რომ გაჩერებულები არის პოლიციის მიერ და სთხოვს მოსვლას. ვიდეოჩანაწერით და ნ. გ.-ს განმარტებით დასტურდება, რომ იგი არათავაზიანი, უხეში ფორმით მიმართავს პოლიციელებს. ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ მოქალაქეები არიან შეკრებილები საპატრულო ავტომანქანის წინ, ისინი ეკამათებიან პოლიციელებს და სთხოვენ, არ დააკავონ ნ. გ. და სხვა პიროვნებები. მათი თხოვნა არათავაზიანი და პოლიციელების მიმართ უპატივცემლო ტონით გამოირჩევა, პოლიციელებისგან მოითხოვენ შევიდნენ ნასვამი ადამიანის მდგომარეობაში. ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ ისინი პიროვნებების დაკავებას აპროტესტებდნენ არა მარტო სიტყვიერად, არამედ პოლიციელებს უწევდნენ ფიზიკურ წინააღმდეგობას, ცდილობენ ხელით პოლიციელის დაკავებას.

რაიონული სასამართლოს მითითებით, ვიდეო-ჩანაწერით დასტურდება, რომ საპატრულო ავტომობილთან შეკრებილები არიან პ. ბ., თ. მ., ლ. გ., ნ. გ., ვ. ბ., ბ. ბ. ვიდეო-ჩანაწერების თანახმად, პოლიციელი გასცემს პიროვნების დაკავების, ხელბორკილების დადების განკარგულებას, რასაც წინააღმდეგობას უწევენ შეკრებილი მოქალაქეები.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების ის განმარტება, რომ პოლიციელებმა მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა. ვიდეო ჩანაწერით არ დასტურდება, რომ პოლიციელებმა ჩაიდინეს თვითნებობა და გადააჭარბეს თავიანთ უფლებამოსილებას. ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ავტომობილის გაჩერების დროს პოლიციელები და მოქალაქეები მშვიდ ვითარებაში საუბრობენ, ხოლო კონფლიქტი გამოიწვია ნასვამი მოქალაქის მიერ პოლიციელების სიტყვიერმა შეურაცხყოფამ და მის დაკავებისათვის წინააღმდეგობის გაწევამ.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ პოლიციის მოხელეს კანონის საფუძველზე მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი წესრიგის, საჯარო ინტერესების, კანონის მოთხოვნათა დაცვის უფლებამოსილება, ხოლო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მისი კანონიერი მოთხოვნა თუ განკარგულება ნებისმიერი პირისათვის შესასრულებლად სავალდებულოა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოტორად დაუმორჩილებლობისთვის, სამსახურებრივი საქმიანობისათვის ხელშეშლისათვის პასუხისმგებლობას აწესებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი. ამ ნორმით სამართალდარღვევად მიჩნეულია სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება. ამ მუხლით ადმინისტრაციული სახდელი დაკისრებულია პოლიციელის შეურაცხყოფისათვის, მის მიმართ უპატივცემულობის გამოვლენისათვის.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში პოლიციელების მოთხოვნა კანონიერი იყო, რადგან პოლიციელს კანონით აქვს მინიჭებული უფლება მართვას ჩამოაშოროს ნასვამი მძღოლი. ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ”თ” ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციის უფლებამოსილებას წარმოადგენს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა. ამდენად, სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირის დაკავება არის პოლიციელის უფლებამოსილება, რომლის შესრულების დროს წინააღმდეგობის გაწევა წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევას, რაც ჩაიდინეს თ. მ.-მ, ლ. გ.-მ, ნ.გ.-მ, ვ.ბ.-მ და პ. ბ.-მ.

ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა მიეკუთვნება მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფ სამართალდარღვევებს, რომლის ობიექტიც არის მმართველობის დადგენილი წესის სრულფასოვნად განხორციელება, მათ შორის - სამართალდამცავი ორგანოების გამართული და შეუფერხებელი საქმიანობა. რაიონული სასამართლოს მითითებით, სამართალდამრღვევებმა თავიანთი მოქმედებით არსებითად შეუშალეს ხელი პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, მათ გაუწიეს აქტიური წინააღმდეგობა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო მიაყენებს პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც უნდა დაეკისროთ ასკ 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება ბრალეულის გულწრფელი მონანიება. იმავე კოდექსის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებად ითვლება მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა მისი შეწყვეტის შესახებ საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში. ამავე ნორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელის დამდებ ორგანოს (თანამდებობის პირს) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათის კვალობაზე შეუძლია არ ცნოს ეს გარემოება დამამძიმებლად.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ნ. გ.-მ სამართალდამრღვევა ჩაიდინა ნასვამ მდგომარეობაში, თუმცა მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრისას ეს დამამძიმებელ გარემოებად არ უნდა იქნეს გათვალისწინებული, რადგან სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ იგი პოლიციაში ნებაყოფლობით გამოცხადდა, სხდომაზე მოინანია ჩადენილი ქმედება, რის გამოც მისთვის მკაცრი სახდელის - პატიმრობის გამოყენების აუციელებლობა არ არსებობს და სახდელის სახედ უნდა განესაზღვროს ჯარიმა. ასევე ჯარიმა უნდა შეეფარდოთ თ. მ.-ს, ლ. გ.-ს, ვ. ბ.-ს და პ. ბ.-ს, რადგან ისინი პოლიციაში ნებაყოფლობით გამოცხადნენ, ამასთან, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი სამართალდარღვევა სხვა დროს არ ჩაუდენიათ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათის გამო მათ უნდა დაეკისროთ სახდელის ზომად ჯარიმის 700 ლარის გადახდა, რადგან მათი ქმედებით არსებითად შეფერხდა პოლიციელების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, რის გამოც ჯარიმის მინიმალური ოდენობის დაკისრება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათის თანაზომიერი სანქცია არ არის.

ამასთან, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ. ბ.-ს მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, რადგან არ დასტურდება მის მიერ პოლიციელების შეურაცხყოფის ან პოლიციელებისათვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. ვიდეოჩანაწერების თანახმად, იგი სხვა მოქალაქეებთან ერთად იმყოფება თ. მ.-ს ავტომობილთან, ასევე საპატრულო ავტომობილთან შეკრებილ მოქალაქეებთან, თუმცა ვიდეოკადრებით არ დასტურდება, რომ იგი პირადად რაიმე წინააღმდეგობას უწევს პოლიციელებს ან მიმართავს მათ უხეში ფორმით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს 232-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 267-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დადგენილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მიიღება ზეპირი შენიშვნის გამოცხადების, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის განსახილველად, ანდა პროკურორისათვის ან გამოძიების ორგანოსათვის მასალების გადაცემის დროს, აგრეთვე ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობისას. აღნიშნული ნორმების საფუძველზე, ბ. ბ.-ს მიმართ სამართალდარღვევის საქმე უნდა შეწყდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის №4-ა/654-15 დადგენილება გასაჩივრებული იქნა პ. ბ.-ს, თ. მ.-ს, ნ. გ.-ს, ვ. ბ.-ს და ლ. გ.-ს მიერ.

საჩივრის ავტორის პ. ბ.-ს განმარტებით, გასაჩივრებული დადგენილება მიღებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის თანახმად, საქმის განმხილველმა ორგანომ უნდა გამოარკვიოს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი. იმავე კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისათვის.

საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო განმარტავს, რომ ვიდეოჩანაწერის თანახმად, საჩივრის ავტორი უწევდა პოლიციელს ფიზიკურ წინააღმდეგობას და აპროტესტებდა პოლიციელების მოთხოვნას და აყენებდა შეურაცხოფას, თუმცა მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და არც ვიდეოჩანაწერით დასტურდება, პოლიციელები თვითონ იყვნენ აგრესიულები და ვინმეს რომც ეცადა ხელის შეშლა, პოლიციელები შეიარაღებულები არიან და ისინი იძულების ღონისძიებებსაც გამოიყენებდნენ მათ წინააღმდეგ. ვიდეოფირზე აშკარად ჩანს, რომ იგი თხოვნით მიმართავს პოლიციელებს დამშვიდდნენ, მაგრამ პირიქით, ისინი არიან აგრესიულები ყველას მიმართ.

საჩივრის ავტორის განმარტებით, არცერთ იქ მყოფს პოლიციის თანამშრომლისათვის შეურაცხოფა არ მიუყენებია, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა მათგანს იქვე დააკავებდნენ. რამდენიმე ეკიპაჟი იყო გამოძახებული პოლიციელების მიერ და მათ არ გაუჭირდებოდათ ყველა მათგანის დაკავება, ვინაიდან ისინი არსად წასულან, მაგრამ არც მას და არც მასთან ერთად მყოფ პირებს არ ჩაუდენიათ არანაირი გადაცდომა და შესაბამისად, პოლიციელებს მათ მიმართ პრეტენზია არ ჰქონიათ.

საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არც ის გარემოება გაითვალისწინა, რომ ერთ-ერთი პოლიციელი (თ. მ.), რომელიც შემთხვევის ადგილზეც აშკარად გამოირჩეოდა აგრესიულობით, სასამართლო პროცესზე ცდილობდა სასამართლოს შეცდომაში შეყვანას და განზრახ ამახინჯებდა ფაქტებს. კერძოდ: თ. მ. აღნიშნავდა, რომ საჩივრის ავტორი და მასთან ერთად მყოფი პირები აყენებდნენ შეურაცხოფას და დაუხიეს ტანსაცმელი, შემდეგ მძღოლი მ. ავტომანქანით გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, რომელსაც იგი დაედევნა და ხმოვანი სიგნალით მოუწოდებდა გაეჩერებინა ავტომანქანა, მაგრამ მ. არ დაემორჩილა. სასამართლოზე წარმოდგენილი ვიდეოფირით დადასტურდა, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია საერთოდ და თ. მ. ცრუობდა, განზრახ ამძიმებდა მომხდარს და ცდილობდა სასამართლოზე ზემოქმედებას და შეცდომაში შეყვანას. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის დადებისას საერთოდ არ გაითვალისწინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 20015 წლის 10 დეკემბრის დადგენილება პ. ბ.-ს მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების ნაწილში და შეწყდეს მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

საჩივრის ავტორის თ. მ.-ს განმარტებით, გასაჩივრებული დადგენილება მიღებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის თანახმად საქმის განმხილველმა ორგანომ უნდა გამოარკვიოს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნისშვნელობის მქონე გარემოებანი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცვდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისათვის.

საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ განმარტა, რომ ვიდეოჩანაწერის თანახმად, საჩივრის ავტორი უწევდა პოლიციელს ფიზიკურ წინააღმდეგობას და აპროტესტებდა პოლიციელების მოთხოვნას და აყენებდა შეურაცხოფას, თუმცა მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და არც ვიდეოჩანაწერით დასტურდება. სასამართლო სხდომაზე პოლიციის თანამშრომელი თ. მ. აღნიშნავდა, რომ საჩივრის ავტორი და მასთან ერთად მყოფი პირები აყენებდნენ შეურაცხოფას და დაუხიეს ტანსაცმელი, შემდეგ საჩივრის ავტორი ავტომანქანით გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, რომელსაც იგი დაედევნა და ხმოვანი სიგნალით მოუწოდებდა გაეჩერებინა ავტომანქანა, მაგრამ საჩივრის ავტორი არ დაემორჩილა. სასამართლოზე წარმოდგენილი ვიდეოფირით დადასტურდა, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია და თ. მ. ცრუობდა, განზრახ ამძიმებდა მომხდარს და ცდილობდა სასამართლოზე ზემოქმედებას და შეცდომაში შეყვანას. საჩივრის ავტორის განმარტებით, როდესაც პატრულის თანამშრომლებმა გააჩერეს, სთხოვეს ალკოტესტით შემოწმება და ისიც დათანხმდა. ამ დროს მათთან მივიდა ნ. გ. და მას და პატრულის თანამშრომელს მოუვიდათ შელაპარაკება ერთმანეთში. პატრულის თანამშრომლები მას გაეკიდნენ. იგი, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში იდგა ადგილზე, ხოლო შემდეგ დაჯდა მანქანაში და გააგრძელა მოძრაობა სახლის მიმართულებით. მეორე დღეს ტელეფონზე დაუკავშირდნენ პოლიციიდან და სთხოვეს საპატრულო პოლიციაში მისვლა. როდესაც მივიდა, საპატრულო პოლიციამ მის მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები ასკ-ის 173-ე და 116-1 და 123-4 მუხლით გათვალისწინებული გადაცდომისათვის. 116-1 და 123-4 მუხლით შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი ამჟამად გასაჩივრებული აქვს ზემდგომ ორგანოში შსს მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციაში, ვინაიდან ოქმის შემდგენი თ. მ. აშკარად ცრუობს, რაც დასტურდება ვიდეოჩანაწერით.

საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის დადებისას საერთოდ არ გაითვალისწინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 20015 წლის 10 დეკემბრის დადგენილება თ. მ.-ს მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების ნაწილში და შეწყდეს მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება.

საჩივრის ავტორის ნ. გ.-ს განმარტებით, გასაჩივრებული დადგენილება მიღებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის თანახმად, საქმის განმხილველმა ორგანომ უნდა გამოარკვიოს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. განსახილველ შემთხვევაში მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, ადმინისტრაციული სახდელის დადებისას არ გამოიკვლია და მხედველობაში არ მიიღო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები: საჩივრის ავტორის ქონებრივი მდგომარეობა, რომ არ არის ადმინისტრაციულ სახდელ დადებული, რომ თვითონ გამოცხადდა პოლიციაში, რომ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი. აღნიშნულმა კი გამოიწვია სასამართლოს მიერ უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილების მიღება. სასამართლომ სამართალდარღვევის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში არ მიიჩნია დამამძიმებელ გარემოებად და ზემოაღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, ჯარიმის სახით 700 ლარის დაკისრება მიაჩნია უსამართლოდ. საჩივრის ავტორის ითხოვს გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის დადგენილება ნ. გ.-ს მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის - 700 ლარის დაკისრების ნაწილში და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებული ჯარიმის ოდენობა შეუმცირდეს მინიმალურ ოდენობამდე - 250 ლარამდე.

საჩივრის ავტორის ვ. ბ.-ს განმარტებით, გასაჩივრებული დადგენილება მიღებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის თანახმად, საქმის განმხილველმა ორგანომ უნდა გამოარკვიოს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისათვის.

საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ ვიდეოჩანაწერის თანახმად, საჩივრის ავტორი უწევდა პოლიციელს ფიზიკურ წინააღმდეგობას და აპროტესტებდა პოლიციელების მოთხოვნას და აყენებდა შეურაცხოფას, თუმცა მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და არც ვიდეოჩანაწერით დასტურდება. საჩივრის ავტორის განმარტებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ იგი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, არ ნიშნავს იმას, რომ მან წინააღმდეგობა გაუწია და ხელი შეუშალა პოლიციის თანამშრომლებს მოვალეობის შესრულებაში. სასამართლომ განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ ნ. გ.-ს დაკავებას, რაშიც საჩივრის ავტორმა აქტიურად შეუშალა ხელი. იგი აღნიშნავს, რომ, რომც მოესურვებინა პოლიციელთათვის ხელის შეშლა, ვერ შეძლებდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ როდესაც იგი და ბ. ბ. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, ნ. გ. უკვე გაქცეული იყო და რა ფორმით უნდა შეეშალა ხელი მის დაკავებაში. ფაქტიურად სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო ისეთი გადაცდომის ჩადენაში, რომლის ჩადენა ფიზიკურად არ შეეძლო, ვინაიდან პირი ვისი დაკავებაც უნდოდა პოლიციას, მისი მოსვლის დროს იქ არ იყო და ვის დაკავებაში შეუშალე ხელი პოლიციას გაუგებარია.

საჩივრის ავტორის განმარტებით, არცერთ იქ მყოფს პოლიციის თანამშრომლისათვის შეურაცხოფა არ მიუყენებია, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა მათგანს იქვე დააკავებდნენ. რამდენიმე ეკიპაჟი იყო გამოძახებული პოლიციელების მიერ და მათ არ გაუჭირდებოდათ ყველა მათგანის დაკავება, ვინაიდან ისინი არსად წასულან, მაგრამ არც საჩივრის ავტორი და არც მასთან ერთად მყოფი პირებს არ ჩაუდენიათ არანაირი გადაცდომა და შესაბამისად პოლიციელებს მათ მიმართ პრეტენზია არ ჰქონიათ. სასამართლომ არც ის გარემოება გაითვალისწინა, რომ ერთ-ერთი პოლიციელი (თ. მ.), სასამართლო პროცესზე ცდილობდა სასამართლოს შეცდომაში შეყვანას და განზრახ ამახინჯებდა ფაქტებს, კერძოდ: თ. მ.აღნიშნავდა, რომ საჩივრის ავტორი და მასთან ერთად მყოფი პირები აყენებდნენ შეურაცხოფას და დაუხიეს ტანსაცმელი, შემდეგ მძღოლი მ. ავტომანქანით გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, რომელსაც იგი დაედევნა და ხმოვანი სიგნალით მოუწოდებდა გაეჩერებინა ავტომანქანა, მაგრამ მ. არ დაემორჩილა. სასამართლოზე წარმოდგენილი ვიდეოფირით დადასტურდა, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია და თ. მ. ცრუობდა, განზრახ ამძიმებდა მომხდარს და ცდილობდა სასამართლოზე ზემოქმედებას და შეცდომაში შეყვანას.

საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ, ადმინისტრაციული სახდელის დადებისას არ გამოიკვლია და მხედველობაში არ მიიღო ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, როგორიცაა მისი ქონებრივი მდგომარეობა, ის და თავისი ოჯახი რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და სახელმწიფოსგან იღებენ დახმარებას. ასეთი პირობების არსებობისას ჯარიმის ასეთი ოდენობის გამოყენება არასამართლიანია, თანაც ჩადენილი რომ ჰქონოდა გადაცდომა, მაგრამ კიდევ ერთხელ აღნიშნავს რომ, სასამართლომ სცნო სამართალდამრღვევად ისეთი გადაცდომის ჩადენაში, რომელსაც ვერ შეძლებდა, ვინაიდან ნ. გ., ვისი დაკავების ხელშეშლაშიც სცნეს დამრღვევად, მისი მოსვლის დროს შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, შესაბამისად, მისთვის გაუგებარია როგორ უნდა შეეშალა ხელი პოლიციისათვის მის დაკავებაში. საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 20015 წლის 10 დეკემბრის დადგენილება ვ. ბ.-ს მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების ნაწილში და შეწყდეს მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

საჩივრის ავტორის ლ. გ.-ს განმარტებით, გასაჩივრებული დადგენილება მიღებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის თანახმად, საქმის განმხილველმა ორგანომ უნდა გამოარკვიოს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისათვის.

საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო განმარტავს, რომ ვიდეოჩანაწერის თანახმად, საჩივრის ავტორი უწევდა პოლიციელს ფიზიკურ წინააღმდეგობას და აპროტესტებდა პოლიციელების მოთხოვნას და აყენებდა შეურაცხოფას, თუმცა მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და არც ვიდეოჩანაწერით დასტურდება.

საჩივრის ავტორის განმარტებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ იგი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და მოუწოდება ყველას სიმშვიდისაკენ, არ ნიშნავს იმას, რომ მან წინააღმდეგობა გაუწია და ხელი შეუშალა პოლიციის თანამშრომლებს მოვალეობის შესრულებაში. პოლიციელები თვითონ იყვნენ აგრესიულები და ვინმეს რომც ეცადა ხელის შეშლა, პოლიციელები შეიარაღებულები არიან და ისინი იძულების ღონისძიებებსაც გამოიყენებდნენ მათ წინააღმდეგ.

საჩივრის ავტორის განმარტებით, ვიდეოფირზე აშკარად ჩანს, რომ იგი თხოვნით მიმართავს პოლიციელებს დამშვიდდნენ, მაგრამ პირიქით ისინი არიან აგრესიულები ყველას მიმართ. არცერთ იქ მყოფს პოლიციის თანამშრომლისათვის შეურაცხოფა არ მიუყენებია, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა მათგანს იქვე დააკავებდნენ, ვინაიდან რამდენიმე ეკიპაჟი იყო გამოძახებული პოლიციელების მიერ და მათ არ გაუჭირდებოდათ ყველა მათგანის დაკავება, ვინაიდან ისინი არსად წასულან, მაგრამ არც მას და არც მასთან ერთად მყოფ პირებს არ ჩაუდენიათ არანაირი გადაცდომა და შესაბამისად, პოლიციელებს მათ მიმართ პრეტენზია არ ჰქონიათ.

საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არც ის გარემოება გაითვალისწინა, რომ ერთ-ერთი პოლიციელი (თ. მ.), რომელიც შემთხვევის ადგილზეც აშკარად გამოირჩეოდა აგრესიულობით, სასამართლო პროცესზე ცდილობდა სასამართლოს შეცდომაში შეყვანას და განზრახ ამახინჯებდა ფაქტებს, კერძოდ: თ. მ. აღნიშნავდა, რომ საჩივრის ავტორი და მასთან ერთად მყოფი პირები აყენებდნენ შეურაცხოფას და დაუხიეს ტანსაცმელი, შემდეგ მძღოლი მ. ავტომანქანით გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, რომელსაც იგი დაედევნა და ხმოვანი სიგნალით მოუწოდებდა გაეჩერებინა ავტომანქანა, მაგრამ მ. არ დაემორჩილა. სასამართლოზე წარმოდგენილი ვიდეოფირით დადასტურდა, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია და თ. მ. ცრუობდა, განზრახ ამძიმებდა მომხდარს და ცდილობდა სასამართლოზე ზემოქმედებას და შეცდომაში შეყვანას.

საჩივრის ავტორის განმარტებით, თუმდაც რომ ჩაედინა გადაცდომა, სასამართლომ, ადმინისტრაციული სახდელის დადებისას საერთოდ არ გაითვალისწინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 20015 წლის 10 დეკემბრის დადგენილება ლ. გ.-ს მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების ნაწილში და შეწყდეს მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, ,,სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობა - გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარიდან 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით’’.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის თანახმად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 1 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა თ. მ.-მ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი NXXXXXXXXX ბ. ბ.-ს, ოქმი N XXXXXXXXX თ. მ.-ს, ოქმი N XXXXXXXXX ლ. გ.-ს, ოქმი N XXXXXXXXX ვ. ბ.-ს, ოქმი N XXXXXXXXX ნ. გ.-ს, ოქმი N XXXXXXXXX პ.ბ.-ს მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენის შესახებ. ოქმებში მითითებულია, რომ 2015 წლის 30 ნოემბერს ბ. ბ., პ. ბ., თ. მ., ნ. გ., ვ. ბ. და ლ. გ. ბოროტად არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელს უშლიდნენ მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.

სააპელაციო სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულად მიაჩნია თ. მ.-ს, ლ. გ.-ს, ნ. გ.-ს, ვ. ბ.-ს და პ. ბ.-ს მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რის გამოც მათ სწორად შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა კანონით დადგენილი ოდენობით.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მსჯელობას იმის თაობაზე, თითქოს საქმის მასალებით არ დასტურდება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში კი, მოცემული საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

მოწმის ჩვენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე არის მტკიცების წყარო, მოწმის სახით შესაძლოა მოწვეულ იქნეს პოლიციის მუშაკი, სამართალდარღვევის აღმკვეთი სხვა პირები. მტკიცების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თვითმხილველი მოწმეები, რომელთა ჩვენებები, ახსნა-განმარტებები, მომეტებული ინფორმაციულობით გამოირჩევა და წარმოადგენს საქმის მტკიცებულების უმნიშვნელოვანეს წყაროს. მოწმეთა ეს ჯგუფი შედარებით მცირეა, მას ძირითადად პოლიციის ოპერატიული მუშაკები, საპატრულო სამსახურის მუშაკები შეადგენენ. თვითმხილველთა ამ ჯგუფს მიზანმიმართული ყურადღება ახასიათებთ, რაც პროფესიული საქმიანობის შინაარსით, თავისი საზოგადოებრივი და მოქალაქეობრივი ვალის გაცნობიერებით არის განპირობებული. თვითმხილველ მოწმეთა ამ ჯგუფის მიერ სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღება უკავშირდება მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ისინი ასრულებენ გარკვეულ გარემოებებზე, მოქმედებებზე, ობიექტებზე, ადამიანებზე გაცნობიერებულად მიზანმიმართული ყურადღების მეშვეობით, ასეთი თვითმხილველის აღქმის მაღალი ხარისხი, ჩვენების სისრულე, უკავშირდება იმას, რომ მუშაკმა წინასწარ, თუნდაც ზოგადად იცის აღსაქმელი სიტუაციის, მოვლენის ნიშნები.

რაც შეეხება იმ პირის ახსნა-განმარტებას, რომლის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, სასამართლო განმარტავს შემდეგს: იურისდიქციული საქმიანობის ფარგლებში ქცევის ნეგატიური შეფასება იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, რის გამო იმ პირის ახსნა-განმარტება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, არ არის სარწმუნო, მისი, როგორც საქმის შედეგში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს დარღვევის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით. ასეთი პირის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები, რომ იმ პირისაგან განსხვავებით, რომლის მიმართაც მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და რომელიც არ აგებს პასუხს ცრუ ჩვენების, ახსნა-განმარტების მიცემისათვის, მიცემაზე უარის თქმისათვის, დაინტერესებული და ტენდენციურია, სამართალდამცავი ორგანოს მუშაკი ჩვენებას იძლევა არა უფლების, არამედ თავისი მორალური და იურიდიული ვალდებულების გამო, რომლის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს მის მიმართ სახელმწიფო იძულების ზომების გამოყენება (დისციპლინური, ადმინისტრაციული, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა). ვინაიდან საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის კანონმდებელი არ ითხოვს სხვა მოწმეთა სავალდებულო დასწრებას, ივარაუდება, რომ სამართალდარღვევის გამომვლენ პოლიციის მოხელეს გააჩნია შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევები, რათა ადეკვატურად შეაფასოს მოვლენა. მისი ახსნა-განმარტება თვით სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის ხილვით, თანდასწრებით არის შექმნილი და შესაბამისად, მტკიცებულების ეს წყარო არის შეუცვლელი. ფაქტების და გარემოებების წრე, რომლის შესახებაც იძლევა ჩვენებას პოლიციის მოხელე, განპირობებულია საქმეზე მტკიცების საგნით, უკანასკნელი, თავის მხრივ, უმთავრესად განპირობებულია სამართალდარღვევის შემადგენლობით. სხვა მოწმეების ჩვენებებისაგან განსხვავებით, სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ჩვენებას, რომელიც უშუალოდ შეესწრო სამართალდარღვევას, ყოველთვის აქვს უშუალო კავშირი საქმესთან, შეიცავს სასამართლოს მიერ შესაფასებელი ფაქტების შესახებ ინფორმაციას და პასუხობს მტკიცებულების დასაშვებობის მოთხოვნას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო მოსამსახურის ახსნა-განმარტება შეიცავს სანდოობის ნიშანს, რასაც მნიშვნელობა აქვს მოსამართლის შინაგანი რწმენის ფორმირებისათვის. სზაკ-ის 5.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც განაპირობებს კეთილსინდისიერი მმართველობის პრეზიუმირებას, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი, შეჯიბრებითობის საწყისებზე დაყრდნობით, მოწინააღმდეგე მხარეს ეკისრება.

ასევე, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართლის მიერ სამართალურთიერთობათა ფართო სპექტრის რეგულირების, მმართველობის სფეროს სირთულის, მართვის პროცესების ინტეგრაციის და დიფერენციაციის დაჩქარების გამო, ადმინისტრაციული საქმეების წარმოებაში სულ უფრო იზრდება სპეციალური ცოდნის მნიშვნელობა, პრაქტიკული ჩვევების, მომზადების და გამოცდილების მქონე პირების მიერ მოპოვებული ინფორმაციის მნიშვნელობა, რომელსაც მიაწვდიან სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოების მუშაკები. სახელმწიფო მმართველობის სპეციფიკა იმდენადაა მნიშვნელოვანი, რომ მისი გათვალისწინებითაა შესაძლებელი დავის კანონიერი გადაწყვეტა. ჩვეულებისამებრ მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ფაქტებს უნდა ეხებოდეს, მოწმის აზრს, დასკვნებს როგორც წესი არ აქვს მნიშვნელობა საქმისათვის და არაფერს არ ავალდებულებს სასამართლოს. ამასთანავე, პროცესის ინკვიზიტიური ხასიათის გამო, სამართალდარღვევის აღმკვეთის, როგორც პროცესის აქტიური მონაწილის, კანონიერების დამცველის აზრი და დასკვნა არ უნდა იქნეს რეაგირების გარეშე დარჩენილი. იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული (სამართალდამცავი) ორგანოს მუშაკი მოვლენებს აღიქვამს პროფესიული მოვალეობების შესრულების ძალით, ამასთანავე კანონის საფუძველზე აქვს მინიჭებული საზოგადოებრივი წესრიგის, საჯარო ინტერესების დაცვის, საზოგადოებრვი ურთიერთობების მონაწილეთა ქცევის მართლზომიერების შეფასების უფლებამოსილება, რაც პოლიციის მოხელის ადმინისტრაციული უფლება – და ქმედუნარიანობის პრაქტიკული რეალიზაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, სხვა მოწმის ჩვენებისაგან, ახსნა-განმარტებისაგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ ფაქტებს ეხება, სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, როგორც წესი, შეიცავს არა მხოლოდ ცნობებს გარკვეული მოვლენების მიმართ, არამედ აგრეთვე დასკვნებს და განმარტებებს მის შესახებ, მისი ჩვენების ღირებულება განისაზღვრება არა მხოლოდ პროფესიული მოვალეობის აღსრულების შედეგად ცნობილად გამხდარი ფაქტების მიუკერძოებელი გადმოცემით, არამედ ამ ფაქტების ახსნის, ფაქტებიდან დასკვნის გამოტანის უნარით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო იზიარებს მცხეთის რაიონული სასამართლოს დასკვნას საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და თვლის, რომ პ. ბ.-ს, თ. მ.-ს, ნ. გ.-ს, ვ. ბ.-ს და ლ. გ.-ს საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო და უცვლელად უნდა დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის №4-ა/654-15 დადგენილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე, 273-ე, 278-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა
1. პ. ბ.-ს, თ. მ.-ს, ნ. გ.-ს, ვ. ბ.-ს და ლ. გ.-ს საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის №4-ა/654-15 დადგენილება;
3. დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება.




I.შეჯამება:
საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა.
განმარტებული ნორმა: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 264.
თეგები:
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მსჯელობას იმის თაობაზე, თითქოს საქმის მასალებით არ დასტურდება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში კი, მოცემული საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

I.შეჯამება:
იმ პირის ახსნა-განმარტება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, არ არის სარწმუნო. ასეთი პირის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან.
განმარტებული ნორმა:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 256
თეგები:
რაც შეეხება იმ პირის ახსნა-განმარტებას, რომლის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, სასამართლო განმარტავს შემდეგს: იურისდიქციული საქმიანობის ფარგლებში ქცევის ნეგატიური შეფასება იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, რის გამო იმ პირის ახსნა-განმარტება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, არ არის სარწმუნო, მისი, როგორც საქმის შედეგში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს დარღვევის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით. ასეთი პირის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან. სამართალდარღვევის გამომვლენ პოლიციის მოხელეს გააჩნია შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევები, რათა ადეკვატურად შეაფასოს მოვლენა. მისი ახსნა-განმარტება თვით სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის ხილვით, თანდასწრებით არის შექმნილი და შესაბამისად, მტკიცებულების ეს წყარო არის შეუცვლელი. სხვა მოწმეების ჩვენებებისაგან განსხვავებით, სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ჩვენებას, რომელიც უშუალოდ შეესწრო სამართალდარღვევას, ყოველთვის აქვს უშუალო კავშირი საქმესთან, შეიცავს სასამართლოს მიერ შესაფასებელი ფაქტების შესახებ ინფორმაციას და პასუხობს მტკიცებულების დასაშვებობის მოთხოვნას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო მოსამსახურის ახსნა-განმარტება შეიცავს სანდოობის ნიშანს, რასაც მნიშვნელობა აქვს მოსამართლის შინაგანი რწმენის ფორმირებისათვის.