საქმის ნომერი: 1გ/945-15
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: გელა ბადრიაშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №1გ/945-15 (2015-07-03), www.temida.ge
საქმის № 1გ/945-15

განჩინება
საქართველოს სახელით
       03 ივლისი, 2015 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
საგამოძიებო კოლეგია
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
გელა ბადრიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის - მარიკა ქიტოშვილის და ბრალდებულ ბ. ა.-ს ადვოკატის - დ.ა.-ს საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის 2015 წლის 24 ივნისის წინასასამართლო სხდომის საოქმო განჩინებაზე, ბრალდების მხარის ცალკეულ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით,

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :

2015 წლის 24 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ, ბ. ა.-ს, ლ. ჟ.-ს, კ. მ.-ს, ა. ა.-ს და ა. კ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, წინასასამართლო სხდომაზე განიხილა მხარეთა შუამდგომლობები მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის თაობაზე. მოსამართლის საოქმო განჩინებით, ბრალდების მხარის მიერ წინასასამართლო სხდომაზე წარდგენილ მტკიცებულებათა ნაწილი ცნობილ იქნა დაუშვებლად. კერძოდ, მოსამართლემ დაუშვებლად ცნო ბრალდებულების: ბ. ა.-ს, ლ.ჟ.-ს, კ. მ.-ს, ა. ა.-ს ხმის ნიმუშის აღების ოქმები, ბ.ა.-ს, ლ. ჟ.-ს, კ. მ.-ს, ა. ა.-ს ხმის ნიმუშები, აგრეთვე, ფონოსკოპიური ექსპერტიზის N58/ფ დასკვნის ის ნაწილი, რომელიც ეხება იდენტურობას ბრალდებულების: ბ. ა.-ს, ლ.ჟ.-ს, კ. მ.-ს, ა. ა.-ს ხმის ნიმუშებსა და საექსპერტო კვლევის ობიექტებს შორის.

აღნიშნული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიკა ქიტოშვილმა. სააპელაციო სასამართლოში შემოტანილია ბრალდებულ ბ. ა.-ს ადვოკატის - დ. ა.-ს საჩივარიც წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის დანარჩენი მტკიცებულებების დაშვებასთან დაკავშირებით.

პროკურორი ითხოვს წინასასამართლო სხდომაზე დაუშვებლად ცნობილი ბრალდების მხარის ზემოაღნიშნული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობას. საჩივარში მითითებულია, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, უკანონოა და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან, ხმის ნიმუშების აღება ჩატარდა საპროცესო მოთხოვნების სრული დაცვით. ბრალდებულთაგან ხმის ნიმუშების აღება მოხდა სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, მას ესწრებოდნენ ბრალდებულთა ადვოკატები და ექსპერტი, რა დროსაც რაიმე ძალადობრივ ქმედებას, ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალდატანებას, შეურაცხყოფას ან სხვაგვარ იძულებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებების მოპოვების დროს, ბრალდების მხარის მიერ დაცულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ყველა მოთხოვნა, რაც მათი დასაშვებად ცნობის საფუძველია (იხ. საჩივარი).

ბრალდებულ ბ. ა.-ს ადვოკატი დ. ა. საჩივრით ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის 2015 წლის 24 ივნისის წინასასამართლო სხდომის საოქმო განჩინება და დაუშვებლად იქნეს ცნობილი სასამართლო სხდომაზე გაცხადებული მოცემულობით ბრალდების მხარის ყველა დასაშვებად ცნობილი მტკიცებულება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მასალები იძლევა საჩივრებში მითითებული გარემოებების ზეპირი მოსმენის გარეშე სრულყოფილად შეფასების, ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და არ არსებობს მათი ზეპირი მოსმენით განხილვის აუცილებლობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ განიხილა საჩივრები, წარმოდგენილი საქმის მასალები, წინასასამართლო სხდომის ოქმი და მიაჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადვოკატის საჩივართან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ ერთჯერადად, 5 დღის ვადაში საჩივრდება გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მეშვეობით, რომელიც საჩივარს, საქმის მასალებსა და წინასასამართლო სხდომის ოქმს დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე განიხილავს საჩივარს მისი შესვლიდან 5 დღის ვადაში. წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განჩინება მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ არ საჩივრდება, გასაჩივრების ასეთ წესს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი საერთოდ არ ითვალისწინებს. ხსენებულ მუხლში მითითებული გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის პროცედურა ეხება მხოლოდ წინასასამართლო სხდომაზე გამოტანილ გადაწყვეტილებას მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით (მის გასაჩივრებას) და არა იმ მტკიცებულებებს, რომლებიც დასაშვებად ცნო წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ და დამტკიცებული მტკიცებულებათა ნუსხით გადასცა საქმის არსებითი განხილვისთვის. ამიტომ, ადვოკატის საჩივარი ვერ იქნება განხილული არსებითად და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს ზემოაღნიშნული გარემოებების გამო.

რაც შეეხება პროკურორის საჩივარს, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნაწილი დაუშვებლად ცნო მათი მოპოვების დროს საპროცესო ნორმების მოთხოვნათა არსებითი დარღვევის გამო. წინასასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით, მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდებულთაგან ხმის ნიმუშის აღების და ექსპერტიზის ჩატარების დროს მათი იდენტიფიკაციისას ადგილი ჰქონდა ბრალდებულთა კანონით გათვალისწინებული უფლების დარღვევას, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული უფლებამოსილია არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში.

სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია ეთანხმება წინასასამართლო სხდომის მოსამართლეს და მიაჩნია, რომ ბრალდებულისგან ხმის ნიმუშის აღება თუნდაც მოსამართლის განჩინების საფუძველზე, როდესაც ის უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე (მიცემაზე), არღვევს საქართველოს კონსტიტუციით და საპროცესო კანონმდებლობით ბრალდებულისთვის მინიჭებულ უფლებებს. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი საწინააღმდეგო ჩვენება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მიხედვით, ბრალდებულს აქვს დუმილის უფლება, კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება, უფლება არ დაიბრალოს დანაშაული. ბრალდებულის მიერ დუმილის უფლების გამოყენება არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ბრალდებული უფლებამოსილია არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლში მითითებული ჩამონათვალი არ ზღუდავს ბრალდებულის უფლებას, განახორციელოს ყველა სხვა უფლება, რომელიც მას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებებით აქვს მინიჭებული. ბრალდებულის მიერ თავისი უფლებების გამოყენება ან გამოუყენებლობა არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, პირის კანონიერ ინტერესს პრიორიტეტი აქვს დანაშაულის გახსნის და დამნაშავის დასჯის საჯარო ინტერესთან შედარებით. პირის კანონიერი ინტერესის დაცვა სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოების ინტერესებს ემსახურება.

წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა: ბ.ა.-მ, ლ. ჟ.-მ, კ. მ.-მ და ა. ა.-მ უარი განაცხადეს ხმის ნიმუშის მიცემაზე (აღებაზე) (იხ. ტ.3, ს.ფ. 93-108). აღნიშნულის შემდეგ, დაცვის მხარემ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბრალდებულთაგან ხმის ნიმუშის აღებაზე ნებართვის განჩინება, რომელიც მხოლოდ იმის გამო არ დაკმაყოფილდა, რომ ეს განჩინება არ საჩივრდება. წინასასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა აღნიშნულთან დაკავშირებით ყურადღება. ზემოაღნიშნული გარემოებები უტყუარად მიუთითებს იმაზე, რომ ბრალდებულები გამოძიებისთვის ხმის ნიმუშის მიცემის წინააღმდეგნი იყვნენ, რაც, როგორც აღინიშნა, მათი უფლებაა და ნიმუშების აღების მიზნით სასამართლოს ნებართვის გაცემა არ უნდა მომხდარიყო. განსახილველი სიტუაცია დაახლოებით ემსგავსება ამოცნობის ჩატარების წესს. ცნობილია, რომ პროცესუალური უფლების რეალიზაციის ფარგლებში, ბრალდებულს უფლება აქვს არ მიიღოს მონაწილეობა ამოცნობაში და პრაქტიკაში ბრალდებულები ხშირად სარგებლობენ ამ უფლებით. ასეა ამ შემთხვევაშიც. ბრალდებულს უფლება აქვს არ მისცეს გამოძიებას ხმის ნიმუში თუ ფიქრობს, რომ ეს მის საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული. ბრალდებულის აღნიშნული უფლებამოსილება რა თქმა უნდა არ ართმევს უფლებას გამოძიებას სხვა კანონიერი მეთოდებით და საშუალებებით მოიპოს ხმის შესადარებელი ნიმუშები, თუ ასეთი არსებობს, და ჩაატაროს ფონოსკოპიური ექსპერტიზა პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით. იმ მოცემულობით ხმის ნიმუშების აღება და ექსპერტიზის ჩატარება კი, რასაც ადგილი აქვს განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად ითვლება ბრალდებულის კანონიერი უფლების არსებით დარღვევად, რაც მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

საგამოძიებო კოლეგია განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილი არეგულირებს მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლის განჩინების გაცემის საკითხს, თუ პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე. აღნიშნული ნორმის განმარტებისას, კოლეგია ბრალდების მხარის ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ, როგორც ვხედავთ, კანონმდებელი იყენებს სიტყვას „პირი“. ეს ნორმა ეხება ზოგადად იმ პირს, ვინც უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე (მიცემაზე) და არა უშუალოდ ბრალდებულს, რომლის სტატუსიც ამ უკანასკნელს ანიჭებს უფლებამოსილებას არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში, ამ შემთხვევაში, ხმის ნიმუშის აღებაში.

წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ არ ცნო დაუშვებლად ა. კ.-სგან ხმის ნიმუშის აღების ოქმი, ხმის ნიმუში და ფონოსკოპიური ექსპერტიზის ის ნაწილი, რომელიც ამ ნიმუშის შესადარებელ კვლევის ობიექტთან იდენტიფიკაციას ეხება, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განჩინება ხმის ნიმუშის აღებაზე ნებართვის შესახებ, ა. (ვ.) კ.-საც ეხებოდა. საქმე იმაშია, რომ ხმის ნიმუშის აღების მომენტისთვის ბრალდებული ა. კ. სარგებლობდა მოწმის პროცესუალური სტატუსით, რაც მას ავალდებულებდა მოქცეულიყო სასამართლოს განჩინების შესაბამისად - მიეცა ხმის ნიმუში, რასაც ვერ ვიტყვით საქმეში ბრალდებულის სტატუსით მყოფ პირებზე. საგამოძიებო კოლეგიას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულთა კანონიერი ინტერესის დაცვას, რომელიც კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით არის გარანტირებული, პრიორიტეტი აქვს დანაშაულის გახსნისა და დამნაშავის დასჯის საჯარო ინტერესთან შედარებით, ვინაიდან ბრალდებულთა კანონიერი ინტერესების განუხრელად დაცვა საზოგადოების ინტერესებს ემსახურება.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების: ბ. ა.-ს, ლ. ჟ.-ს, კ. მ.-ს, ა. ა.-ს ხმის ნიმუშები მოპოვებულია საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევით და დაუშვებელია. მათი საქმეზე პროცესუალურად დამაგრებაც ხმის ნიმუშის აღების ოქმებით მოხდა საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით (ვინაიდან ნიმუშების აღება და მათი დაოქმება არ უნდა მომხდარიყო), რაც ამ საპროცესო დოკუმენტების (ხმის ნიმუშის აღების ოქმების) დაუშვებლად ცნობის საფუძველია. შესაბამისად, ფონოსკოპიური ექსპერტიზის ის ნაწილიც, რომელიც, მართალია, მოპოვებულია ექსპერტიზის ჩატარებისთვის დადგენილი წესების დაცვით და კანონიერად, მაგრამ მას საფუძვლად უდევს კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები (ხმის ნიმუშები), ასევე დაუშვებელია.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას მიაჩნია, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნაწილის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, ხოლო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-7 ნაწილით და



დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორის და ადვოკატის საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის 2015 წლის 24 ივნისის წინასასამართლო სხდომის განჩინება ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნაწილის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით, დარჩეს უცვლელად;

განჩინების ასლები გადაეცეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს და მხარეებს;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.