საქმის ნომერი: 1გ/494-2015
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: გელა ბადრიაშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №1გ/494-2015 (2015-04-23), www.temida.ge
საქმის № 1გ/494-2015

განჩინება
საქართველოს სახელით
       23 აპრილი, 2015 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
საგამოძიებო კოლეგია
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
გელა ბადრიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ბრალდებულ ბ. ა.-ს ადვოკატის - დ. ა.-ს საჩივარი, საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილის 2015 წლის 16 აპრილის განჩინებასთან დაკავშირებით,-

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი


საქართველოს შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-X განყოფილება იძიებს სისხლის სამართლის №002060215006 საქმეს ბ. ა.-ს, ლ. ჟ.-ს, ა. ა.-ს და კ. მ.-ს მიმართ, ა. მ.-სთვის ფულადი თანხის - 1 000 აშშ დოლარის გამოძალვისა და მისი ცემის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 125-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, 2015 წლის 16 აპრილს, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ. ქ.-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა განჩინების გაცემა მოწმე ა. (ვ.) კ.-სგან და ბრალდებულების: ა. ა.-ს, ბ. ა.-ს, ლ.ჟ.-ს და კ. მ.-საგან ხმის ნიმუშების ასაღებად იმ საფუძვლით, რომ საქმეზე დანიშნულია ფონოსკოპიური ექსპერტიზა, ხოლო დასახელებულმა პირებმა უარი განაცხადეს ხმის ნიმუშის ნებაყოფლობით მიცემაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილის 2015 წლის 16 აპრილის განჩინებით პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა - საქართველოს შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-X განყოფილების თანამშრომლებს და შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტს ე. კ.-ს ნება დაერთო ა. ა.-საგან (დაბადებული 1971 წლის XX აპრილს, პირადი NXXXXXXXXXXX), ბ. ა.-საგან (დაბადებული 1982 წლის XXივლისს, პირადი NXXXXXXXXXXX), ლ. ჟ.-საგან (დაბადებული 1991 წლის XX იანვარს, პირადი NXXXXXXXXXXX), კ. მ.-საგან (დაბადებული 1975 წლის XX მარტს, პირადი NXXXXXXXXXXX) და ა. (ვ.) კ.-საგან (დაბადებული 1960 წლის XXიანვარს, პირადი NXXXXXXXXXXX) ხმის ნიმუშების აღებაზე.

მოსამართლის განჩინება ბრალდებულ ბ. ა.-ს მიმართ აღსრულებულია 2015 წლის 20 აპრილს.

განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრა ბრალდებულ ბ. ა.-ს ადვოკატმა დ. ა.-მ. ადვოკატი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილის 2015 წლის 16 აპრილის განჩინების გაუქმებას, აგრეთვე, ხმის ნიმუშის აღების ოქმის უკანონოდ, ხოლო მოპოვებული ხმის ნიმუშის დაუშვებლად ცნობას.

საჩივრის მიხედვით, განჩინება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, რის გამოც უნდა გაუქმდეს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებული უფლებამოსილია არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. კანონის აღნიშნული დებულება სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგიის უფლებასთან. თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგია/პრინციპი, ისე როგორც უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი, წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ ასპექტს. თვითინკრიმინაციისაგან თავისუფლება გულისხმობს პირის უფლებას არ გასცეს მისი ნების საწინააღმდეგოდ ისეთი ინფორმაცია ან სხვა მტკიცებულება, რაც შეიძლება ამა თუ იმ ფორმით გამოიყენოს ბრალდების მხარემ მის საწინააღმდეგოდ. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი ადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია საქართველოს კანონმდებლობის ნაწილია და კონვენციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობა პირდაპირ არის შესაძლებელი. ამასთან, კონვენციას უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ქვეყნის შიდა კანონმდებლობასთან მიმართებით. პირს, როგორც ბრალდებულს, ასევე მოწმეს, აქვს უფლება არ მისცეს თავისი თავის საწინააღმდეგო ჩვენება, ხოლო სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-16 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის უფლებების ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და მას შეუძლია პირდაპირ ისარგებლოს ისეთი უფლებებითაც, რაც საქართველოს სხვა კანონმდებლობით, მათ შორის, საერთაშორისო ხელშკრულებებით აქვს მინიჭებული (იხ. საჩივარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მასალები იძლევა ადვოკატის საჩივარში მითითებულ გარემოებებზე ზეპირი მოსმენის გარეშე მსჯელობის შესაძლებლობას და არ არსებობს საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის აუცილებლობა.

სასამართლომ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიაჩნია, რომ საჩივარი არ ინდა იქნეს განხილული და აქედან გამომდინარე, ვერ დაკმაყოფილდება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის პროცესში ზოგადად ნიმუშის აღების და მათ შორის, ხმის ნიმუშის აღების წესს არეგულირებს კოდექსის 147-148-ე მუხლები. საპროცესო კოდექსის 147-ე მუხლში გაწერილია საიდან არის შესაძლებელი ნიმუშის აღება, ვისი მეშვეობით და რა ფორმით ტარდება ეს პროცედურა. აღნიშნული მუხლი განასხვავებს ნიმუშის აღების ჩატარებას იმ პირის თანხმობით, ვისგანაც ნიმუში უნდა იქნეს აღებული, ისეთი შემთხვევისაგან, როდესაც ეს თანხმობა არ არსებობს, ასევე, განსაზღვრავს ნიმუშის აღების წესს მოსამართლის განჩინების საფუძველზე და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 148-ე მუხლი კი ბლანკეტური ფორმით ადგენს ნიმუშის ასაღებად მოსამართლის განჩინების გამოტანის წესს. კერძოდ, სსსკ-ის 148-ე მუხლის მიხედვით, ნიმუშის აღებისთვის სასამართლოს განჩინება გამოიტანება ამ კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით.
ნორმა, რომელზეც ბლანკეტურად მიუთითებს სსსკ-ის 148-ე მუხლი (ანუ 144-ე მუხლის მე-3 ნაწილი), ეხება ექსპერტიზის დანიშვნის საკითხებს. 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მხარე ვერ ახერხებს საექსპერტო კვლევის ობიექტის მეორე მხარისაგან ნებაყოფლობით მიღებას, უფლებამოსილია საექსპერტო კვლევის ობიექტის გადაცემის შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით. ამავე ნორმის ბოლო წინადადების მიხედვით, სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება. 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადების მითითება იმპერატიული ხასიათისაა და ამ მხრივ რაიმე გამონაკლისების დაშვების შესაძლებლობას არ იძლევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 148-ე მუხლის მიხედვით, ნიმუშის ასაღებად სასამართლოს განჩინების გამოტანა ხდება ამავე კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით, ხოლო 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადება იმპერატიულად ადგენს, რომ ეს განჩინება არ გასაჩივრდება, ნიმუშის აღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გასაჩივრებაც დაუშვებელია. შესაბამისად, საგამოძიებო კოლეგია განმარტავს, რომ ნიმუშის აღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გასაჩივრებას მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.

განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულმა ბ. ა.-მ უარი განაცხადა ხმის ნიმუშის მიღებაზე, რის გამოც გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელმა პროკურორმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ბრალდებულისაგან ხმის ნიმუშის მისაღებად მოსამართლის განჩინების გაცემის შესახებ, რაც შუამდგომლობის განმხილველმა მოსამართლემ დააკმაყოფილა. განჩინების გაცემისას, მოსამართლემ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლით და მიუთითა ამავე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ გასაჩივრების წესზე, რაც არასწორია, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ნიმუშის აღების შესახებ მოსამართლის განჩინება არ საჩივრდება. განჩინების გამოტანისას, პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 148-ე მუხლით და 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით და არა ამავე კოდექსის 112-ე მუხლის მე-8 ნაწილით, ვინაიდან 148-ე და 144-ე მუხლები სპეციალური მუხლებია და ეს მუხლები უშუალოდ არეგულირებს ნიმუშის აღების თაობაზე მოსამართლის განჩინების გაცემის და მისი გასაჩივრების (არგასაჩივრების) წესს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად განიხილოს ადვოკატის საჩივარი მაშინ, როდესაც ამ საჩივრის ზემდგომ ინსტანციაში შეტანის უფლებას კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს. რაც შეეხება, საჩივარში აღნიშნულ პრეტენზიებს ბრალდებულის თანხმობის გარეშე ხმის ნიმუშის აღების უკანონობის და თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგიის თაობაზე, დაცვის მხარე უფლებამოსილია აღნიშნულზე ყურადღება გაამახვილოს საქმის წინასასამართლო სხდომაზე განხილვის დროს.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ ადვოკატის საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ იქნება განხილული, რაც საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 95-ე, 97-98-ე, 147-148-ე მუხლებით, 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 207-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :

ადვოკატ დ. ა.-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამო;

წინამდებარე განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს და გასაჩივრებული განჩინების გამომტან სასამართლოს;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.