საქმის ნომერი: 1გ/970-17
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: გელა ბადრიაშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №1გ/970-17 (2017-07-21), www.temida.ge
საქმის № 1გ/970-17

განჩინება
საქართველოს სახელით
       21 ივლისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
საგამოძიებო კოლეგია
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
გელა ბადრიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის - ლევან კოპალიანის საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის 2017 წლის 12 ივლისის წინასასამართლო სხდომის საოქმო განჩინებაზე, დ. ნ.-ს, ზ. გ.-ს და ვ. ც.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის ცალკეულ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით,-

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :

2017 წლის 12 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ დ. ნ.-ს, ზ. გ.-ს და ვ. ც.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპოზიდი), წინასასამართლო სხდომაზე განიხილა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის - ლევან კოპალიანის შუამდგომლობა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის თაობაზე.

მოსამართლის 2017 წლის 12 ივლისის წინასასამართლოს სხდომის საოქმო განჩინებით, დაუშვებელ მტკიცებულებებად იქნა ცნობილი ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა ნაწილი, კერძოდ: ოქმი ვ. ც.-საგან ნერწყვის ნიმუშის აღების შესახებ 23.06.2017; ოქმი ვ. ც.-სგან სუნის ნიმუშის აღების შესახებ 23.06.2017; ოქმი ვ. ც.-სგან ხელის კვლების ნიმუშის აღების შესახებ 23.06.2017.

ბრალდების მხარის მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას მოსამართლემ საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ბრალდებულ ვ. ც.-საგან ნიმუშების აღების დროს არსებითად დაირღვა საპროცესო კანონმდებლობის მოთოვნები, კერძოდ ბრალდების მხარემ არ მისცა გონივრული ვადა ადვოკატს საპროცესო მოქმედების ადგილზე გამოცხადებისთვის და მის გარეშე ჩაატარა ბრალდებულისგან ნიმუშების აღება.

აღნიშნული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან კოპალიანმა. პროკურორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და დაუშვებლად ცნობილი მტკიცებულების დასაშვებად ცნობას.

საჩივარში მითითებულია, რომ მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის სრული დაცვით. მოსამართლემ არ შეაფასა ფაქტები და ინფორმაცია იმგვარად, რაც შესაძლებლობას მისცემდა აღნიშნული მტკიცებულებების საქმეზე დართვას. კერძოდ, საქმეზე დართული ოქმებით დადგენილია, რომ ბრალდების მხარემ 25 მაისს ბრალდებულს ადვოკატის თანდასწრებით შესთავაზა ნიმუშების ნებაყოფლობით აღება (ნერწყვის, სუნის და ხელის კვლების) შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის, რაზედაც ამ უკანასკნელმა ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის გაწევის შემდეგ, განაცხადა უარი. მას შემდეგ, როდესაც ბრალდების მხარემ მიმართა შუამდგომლობით ბრალდებულებისაგან ნიმუშების აღების შესახებ ნებართვის გაცემის შესახებ და სასამართლოს მიერ მოხდა შესაბამისი განჩინების გაცემა, გამომძიებელი დ. კ. დაუკავშირდა ბრალდებულების ადვოკატებს და აცნობა, რომ 2017 წლის 5 ივნისს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდებოდა ბრალდებულებისაგან ნიმუშის აღება. აღნიშნულ დღეს NX პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადდა ბრალდებულის ადვოკატი, თუმცა ბრალდებულებისაგან ვერ მოხერხდა ნიმუშების აღება, რაზედაც გაკეთდა შესაბამისი ოქმი. 2017 წლის 21 ივნისს, გამომძიებელი დ. კ. დაუკავშირდა ბრალდებულების ადვოკატებს და შეატყობინა, რომ 23 ივნისს, 12:00 საათიდან მოხდებოდა განმეორებით NX პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა და ბრალდებულებისაგან ნიმუშების აღება. 2017 წლის 23 ივნისს, 12:00 საათიდან გამომძიებელი 3 საათის განმავლობაში ელოდებოდა ვ. ც.-ს ადვოკატს კ. ბ.-ს, თუმცა იმის გამო, რომ ის არ გამოცხადდა საპროცესო მოქმედებაზე, აშკარა იყო, რომ დაცვა აჭიანურებდა პროცესს და ხელს უშლიდა გამოძიებას მტკიცებულებების მოპოვებაში. 15:15 საათზე გამომძიებელმა დაიწყო ვ. ც.-საგან ნერწყვის, სუნის და ხელის კვლების ნიმუშის აღება, რაც გაგრძელდა 16:10 საათამდე. წინასასამართლო სხდომაზე ადვოკატმა კ. ბ.-მ განაცხადა, რომ 2017 წლის 23 ივნისს, 12:00 საათზე იგი იმყოფებოდა სააპელაციო სასამართლოში პროცესზე 12:45 საათამდე და მისი გამოუცხადებლობა პენიტენციურ დაწესებულებაში საპროცესო მოქმედებაზე დასასწრებად იყო საპატიო, ხოლო საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, გამომძიებელი ვალდებული იყო საპროცესო მოქმედება გადაედო არაუგვიანეს 5 დღისა, რაც მოსამართლის მიერ იქნა გაზიარებული. მოსამართლის გადაწყვეტილება დასაბუთებული იქნებოდა თუ საპროცესო მოქმედების მიმდინარეობის დრო და კ. ბ.-ს მიერ 2017 წლის 23 ივნისს 12:00 საათიდან 12:45 საათამდე დროის შუალედი თბილისის სააპელაციო სასამართლოში ყოფნის შესახებ, დაახლოებით მაინც დაემთხვეოდა ერთმანეთს. ადვოკატს NX პენიტენციურ დაწესებულებაში საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად ჰქონდა 2 საათი და 30 წუთი, რაც სრულიად საკმარისი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოდან NX დაწესებულებაში მისასვლელად. აღნიშნული დროის შუალედში თუ რა საქმით იყო დაკავებული ადვოკატი, რომელიც საპატიოდ შეიძლება ჩაითვალოს, საქმის მასალებით არ დასტურდება და არც წინასასამართლო სხდომაზე განუცხადებია ადვოკატს თუ რატომ არ გამოცხადდა ის სააპელაციო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ, არსებობდა თუ არა მისთვის საპატიო მიზეზი. ადვოკატმა ასევე სხდომაზე განაცხადა, რომ მან აცნობა გამომძიებელს, რომ 12:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში უნდა დასწრებოდა სასამართლო სხდომას და ინფორმირებული იყო ამის შესახებ. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს გამოუცხადებლობიდან 5 დღეში. აღნიშნული ნორმა ავალდებულებს მხარეს 5 დღის ვადაში წარმოადგინოს დოკუმენტი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ. თუ ადვოკატი 2017 წლის 23 ივნისიდან 5 დღის განმავლობაში წარმოადგენდა რაიმე ცნობას, იმის შესახებ თუ რატომ ვერ მოახერხა 2017 წლის 23 ივნისს 15:15 საათიდან 16:10 საათამდე პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადება, ბრალდების მხარე თავად ჩათვლიდა ვ. ც.-სთან ჩატარებულ მოქმედებას დარღვევად და შესაძლებლობა იქნებოდა თავად ჩაეტარებინა საპროცესო მოქმედება ადვოკატის მონაწილეობით და აეღო შესაბამისი ნიმუშები. ბრალდების მხარემ ვ. ც.-საგან აღებულ ნიმუშებზე დაქტილოსკოპიური, ოდოროლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზები დანიშნა მას შემდეგ, რაც ადვოკატმა 5 დღის ვადაში ვერ წარმოადგინა ცნობა საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ და აშკარა გახდა გამომძიებლის მიერ ჩატარებული მოქმედების კანონიერება. ამით გამომძიებელმა თავიდან აიცილა კიდევ უფრო გაჭიანურებულიყო გამოძიება. ის ფაქტი, რომ ადვოკატმა მხოლოდ წინასასამართლო სხდომის გამართვამდე 5 დღით ადრე წარმოადგინა ცნობა და ისიც მხოლოდ 12:00 საათიდან 12:45 საათამდე დროის მონაკვეთში საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ, ვერანაირად ვერ გაამართლებს ბრალდების მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის კანონიერებასა და სამართლიანობას, ვინაიდან ეს ცნობა წარმოდგენილია საპროცესო მოქმედების ჩატარებიდან 14 დღის შემდეგ და ამასთან საპატიო მიზეზის დრო არ ემთხვევა საპროცესო მოქმედების ჩატარების დროს (იხ. საჩივარი).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე უფლებამოსილია მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განჩინებასთან დაკავშირებული საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე.

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მასალები იძლევა საჩივარში მითითებული გარემოებების ზეპირი მოსმენის გარეშე სრულყოფილად შეფასების, ობიექტური, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და არ არსებობს საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის აუცილებლობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ განიხილა საჩივარი, წარმოდგენილი საქმის მასალები, წინასასამართლო სხდომის საოქმო განჩინება და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ადვოკატი საპატიო მიზეზით არ იღებს მონაწილეობას დანიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში, პროკურორი ვალდებულია იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელშიც ადვოკატს უნდა მიეღო მონაწილეობა, ერთჯერადად გადადოს გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 5 დღისა. ამ ვადის გასვლისთანავე პროკურორი საგამოძიებო მოქმედებას ატარებს ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, თუ არ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა. ადვოკატის გამოუცხადებლობა არ იწვევს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების გადადებას.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბრალდებულ ვ. ც.-სგან ნიმუშების აღების ჩატარება გამომძიებელმა დაგეგმა 2017 წლის 23 ივნისს, 12:00 საათისთვის. ბრალდებულის ადვოკატი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის დადგენილ დროს ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით, რადგან 12:00 – 12:45 სთ დროის მონაკვეთში მონაწილეობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვაში. ამასთან, მან გამომძიებელს აცნობა, რომ აღნიშნულ დროს ვერ შეძლებდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას საპატიო მიზეზით და საგამოძიებო მოქმედება დაეგეგმა სხვა დროისთვის, რაც გამომძიებელმა არ გაითვალისწინა. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ბრალდებულ ვ. ც.-სგან ნიმუშების აღება დაიწყო 15:15 სთ-ზე, ამის შესახებ გამომძიებელს ადვოკატისთვის დამატებით არ უცნობებია. ე.ი. ადვოკატისთვის უცნობი იყო, რომ გამომძიებელი დაგეგმილ საპროცესო მოქმედებას ჩაატარებდა დაახლოებით 3 საათის დაგვიანებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გამომძიებელი არ დაინტერესდა, სურდა თუ არა ბრალდებულს საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა ადვოკატის გარეშე და აღნიშნული საკითხის გარკვევის გარეშე აიღო მისგან ნიმუშები.

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება წინასასამართლო სხდომის მოსამართლეს, რომ საგამოძიებო მოქმედების დროის შეცვლის შესახებ გამომძიებელს დამატებით უნდა ეცნობებინა ადვოკატისთვის, რომელიც თავად ვერ დაასკვნიდა, რომ 12:00 სთ-ზე ჩასატარებელი საპროცესო მოქმედება შესაძლებელია გამომძიებელს დაეწყო 15:15 სთ-ზე. იმავდროულად, გამომძიებელს უნდა გაერკვია, სურდა თუ არა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა ბრალდებულს თავისი ადვოკატის გარეშე, რაც არ გააკეთა. შედეგად, გამომძიებელმა ისე აუღო ნიმუშები ბრალდებულ ცქვიტაიას, რომ არ გაარკვია მისი პოზიცია ადვოკატის გარეშე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით და არ აცნობა ადვოკატს ნიმუშების აღების ჩატარების შეცვლილი დრო, რამაც არსებითად დაარღვია ბრალდებულის დაცვის უფლება. საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევით (სსსკ-ის მე-40 მუხ. მე-3 ნაწ. და 38-ე მუხ. მე-7 ნაწ.) ჩატარებული აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებებით, უსაფუძვლოდ შეიზღუდა ბრალდებულ ვ. ც.-ს უფლება მოეთხოვა ადვოკატის დასწრება მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების დროს ან საერთოდ არ მიეღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში (სსსკ-ის 38-ე მუხ. მე-17 ნაწ.).

ზემოაღნიშნული მოცემულობის ფონზე, საგამოძიებო კოლეგია ვერ გაიზიარებს წინასასამართლო სხდომაზე პროკურორის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ადვოკატს უნდა ევარაუდა, რომ 15:00 საათზეც ბრალდებულთან იმყოფებოდა გამომძიებელი და აპირებდა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას. შესაბამისად, კოლეგიას მიაჩნია, რომ ბრალდებულის მონაწილეობით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ადვოკატის სათანადო ინფორმირების გარეშე, ხოლო ბრალდებულს არ განემარტა საგამოძიებო მოქმედებაში მის მონაწილეობასთან დაკავშირებული უფლებები, რითაც არსებითად დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნორმებით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გარანტირებული ბრალდებულის დაცვის უფლება.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის 2017 წლის 12 ივლისის წინასასამართლო სხდომის საოქმო განჩინება ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნაწილის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, დასაბუთებულია, ხოლო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3, მე-20, 38-ე, მე-40, 97-98-ე, 219-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის 2017 წლის 12 ივლისის წინასასამართლო სხდომის საოქმო განჩინება დ. ნ.-ს, ზ. გ.-ს და ვ. ც.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის ცალკეულ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის თაობაზე, დარჩეს უცვლელად;

განჩინება გადაეცეს მხარეებს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.