საქმის ნომერი: 1გ/395-18
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: გელა ბადრიაშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №1გ/395-18 (2018-04-11), www.temida.ge
საქმის № 1გ/395-18

განჩინება
საქართველოს სახელით
       11 აპრილი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
საგამოძიებო კოლეგია
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
გელა ბადრიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბრალდებულ მ.ფ.-ს ადვოკატის - ა. ბ.-ს საჩივარი, მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე კობა გოცირიძის 2018 წლის 05 აპრილის განჩინებაზე, მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - გვამიდან სისხლის ნიმუშის აღების კანონიერების შემოწმებასთან დაკავშირებით,-

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი


საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს სისხლის სამართლის №087030418001 საქმეს მ. ფ.-ს მიერ ზ. ბ.-ს განზრახ მკვლელობიის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, 2018 წლის 04 აპრილს, მცხეთის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა გ. წ.-მ და ითხოვა საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელ თ. ი.-ს მიერ, 2018 წლის 4 აპრილს, ექსპერტ გ. მ.-ს მონაწილეობით, ქ.თბილისში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო დეპარტამენტის შენობაში გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ჩატარებული ზ. ბ.-ს გვამიდან სისხლის ნიმუშის აღების კანონიერების შემოწმება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე კობა გოცირიძის 2018 წლის 05 აპრილის განჩინებით, კანონიერად იქნა ცნობილი 2018 წლის 4 აპრილს, საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელ თ. ი.-ს მიერ ექსპერტ გ. მ.-ს მონაწილეობით ქალაქ თბილისში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ესპერტიზის ეროვნულ ბიუროში ზ. ბ.-ს გვამიდან სისხლის ნიმუშის აღება.

აღნიშნული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრა ბრალდებულ მ. ფ.-ს ადვოკატმა ა. ბ.-მ. ადვოკატი ითხოვს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე კ. გ.-ს 2018 წლის 05 აპრილის განჩინების გაუქმებას, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ, ხოლო მიღებული ინფორმაციის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას.

საჩივარში აღნიშნულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ზ. ბ.-ს გვამი იმყოფებოდა ლ.სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში 3 აპრილს, რისი გათვალისწინებითაც გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურების ან დაკარგვის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობდა. რადგან გვამი უკვე იმყოფებოდა ექსპერტიზის ბიუროში, უსაფრთხო ადგილას, უსაფრთხო პირთან, ბრალდების მხარეს ჰქონდა საკმარისი დრო და საშუალება მიემართა სასამართლოსთვის საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის თაობაზე. ბრალდების მხარემ ვერ მიუთითა იმ ინფორმაციათა ერთობლიობაზე, რომელიც წარმოშობდა დასაბუთებულ ვარაუდს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობის შესახებ. ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ წარმოადგენდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 111-ე მუხლით. თუ ნიმუშის აღება არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას და პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე ან პირს უნარი არა აქვს, გამოხატოს ნება მისგან ნიმუშის აღების შესახებ, ნიმუშის აღება ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. თუ არსებობს ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა, ნიმუშის აღება შესაძლებელია სასამართლოს განჩინების გარეშე გამომძიებლის დადგენილებით. შესაბამისად, ბრალდების მხარემ სასამართლოს კონტროლის გარეშე, კანონის უხეში დარღვევით ჩაატარა ხსენებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რამდენადაც სახეზე იყო ყველა პირობა იმისა, რომ ბრალდების მხარეს მიემართა სასამართლოსათვის საქმისათვის შესაძლო მნიშვნელოვანი მონაცემების კანონიერი გზით მოსაპოვებლად (იხ. საჩივარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს საჩივარი, რომელიც არ შეეხება აღკვეთის ღონისძიების შესახებ განჩინებას.

მოცემულ შემთხვევაში, საჩივარი არ ეხება აღკვეთის ღონისძიების შესახებ განჩინებას. საგამოძიებო კოლეგიას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მასალები იძლევა ადვოკატის საჩივარში მითითებული გარემოებების ზეპირი მოსმენის გარეშე სრულყოფილად შეფასების შესაძლებლობას და არ არსებობს საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის აუცილებლობა.

სასამართლომ განიხილა საჩივარი, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიაჩნია, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დროს მხარის მიერ ნიმუშის აღების პროცესუალურ რეგლამენტაციას ახდენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 147-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს თუ ვის, საიდან, ვისი მონაწილეობით და როგორი წესით შეუძლია ნიმუშის აღება. კერძოდ, მხარეს უფლება აქვს აიღოს ადამიანის, გვამის, ცხოველის, ნივთიერების, საგნის ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის თვისებების ამსახველი ნიმუში. თუ ნიმუშის აღებისთვის აუცილებელია ქირურგიული ან სამედიცინო საშუალებების გამოყენება, ნიმუშს იღებს ექსპერტი.

ხსენებული მუხლი ითვალისწინებს ნიმუშის აღების დროს სასამართლო კონტროლის განხორციელებას ორ შემთხვევაში: (1) თუ ნიმუშის აღება არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას და პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე; (2) როდესაც პირს უნარი არ აქვს გამოხატოს ნება მისგან ნიმუშის აღების შესახებ. ეს ორი წინაპირობა შეეხება როგორც წინასწარ სასამართლო კონტროლს, ისე შემდგომსაც ანუ ნორმა ითვალისწინებს სასამართლოს განჩინების აღებას როგორც საპროცესო მოქმედების ჩატარებამდე, ისე განჩინების გამოტანას გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში უკვე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმების შემდეგ. ნიმუშის აღების სხვა შემთხვევებისთვის კანონმდებელი არ აწესებს სასამართლო კონტროლის განხორციელების ვალდებულებას. ამასთან, ნიმუშის აღების ჩასატარებლად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 147-ე მუხლი არის სპეციალური ნორმა და გააჩნია უპირატესი იურიდიული ძალა სხვა ზოგად ნორმებთან შედარებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია განმარტავს, რომ გვამიდან ნიმუშის (ნებისმიერი ნიმუშის) აღება არ საჭიროებს სასამართლო კონტროლის განხორციელებას, რადგან ეს შემთხვევა არ ემთხვევა არცერთ იმ მოცემულობას, რომლისთვისაც დაწესებულია სასამართლოს განჩინების წინასწარ აღება (წინასწარი სასამართლო კონტროლი) ან გადაუდებელი აუცილებლობის ვითარებაში ჩატარებული საპროცესო მოქმედების კანონიერების შემოწმება (შემდგომი სასამართლო კონტროლი). გვამიდან ნიმუშის აღების დროს ტკივილის შეგრძნების განცდასა და უარის გაცხადებაზე მსჯელობაც კი ნონსენსია გარდა იმ გამონაკლისისა, როდესაც გვამი ასვენია ოჯახში ან სხვა კერძო მფლობელობაში არსებულ ფართში და ჭირისუფალნი უარს აცხადებენ მისგან ნიმუშის აღებაზე. ასევე, შეუძლებელია სერიოზული მსჯელობა ნიმუშის აღებასთან დაკავშირებით გვამის მიერ ნების გამოხატვაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაშიც, გამომძიებლის დავალებით, ექსპერტის მიერ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად პროზექტურაში მყოფი ზ. ბ.-ს გვამიდან სისხლის ნიმუშის აღება არ საჭიროებდა სასამართლოს ნებართვას და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, არ წარმოშობდა არც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევას და არც ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების კანონიერების შემოწმების აუცილებლობას.

მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარემ მაინც მიმართა ჩატარებული საპროცესო მოქმედების კანონიერების შესამოწმებლად სასამართლოს. სასამართლომ შეამოწმა მისი კანონიერება და გასცა შესაბამისი განჩინება, მაგრამ საგამოძიებო კოლეგია განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულების მოსაპოვებლად იმაზე მაღალი სტანდარტის დაწესება, ვიდრე სისხლის სამართლის საპროცესო კანონით არის გათვალისწინებული, ვერ გახდება სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველი. რადგან მხარემ მიმართა სასამართლოს, მოსამართლემაც შეამოწმა ჩატარებული მოქმედების კანონიერება, მაგრამ კანონიერების შესამოწმებლად რომ არ მიემართა პროკურორს სასამართლოსთვის, ამით რომელიმე საპროცესო ნორმა არ დაირღვეოდა, კერძოდ, ადგილი არ ექნებოდა საქართველოს სსსკ-ის 147-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევას, რომელიც ნიმუშის აღების დროს მოსამართლის ნებართვის გაცემის შემთხვევებს ადგენს. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, საგამოძიებო კოლეგიას მიაჩნია, რომ საჩივარში მითითებული არგუმენტაცია უსაფუძვლოა და ვერ გახდება სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველი.

გარდა ამისა, საგამოძიებო კოლეგია საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 148-ე მუხლზე, სადაც მითითებულია, რომ ნიმუშის აღებისათვის სასამართლოს განჩინება გამოიტანება ამ კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით. ეს დებულება ვრცელდება გადაუდებელი აუცილებლობის ვითარებაში ჩატარებული ნიმუშის აღების შემთხვევებზეც, ვინაიდან თუ არ არსებობს სასამართლოს განჩინების გაცემის აუცილებლობა, ვერც გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება იარსებებს. სსსკ-ის 148-ე მუხლში კანონმდებელი ბლანკეტურად მიუთითებს, რომ სასამართლომ და მხარეებმა იხელმძღვანელონ 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით. განჩინების გამოტანა გულისხმობს მის ჩამოყალიბებას არსობრივად, ძირითადი დებულებების გადმოცემას და გადაწყვეტილების დაფიქსირებას, მათ შორის ამ განჩინების გასაჩივრების წესის განსაზღვრასაც.
ნორმა, რომელზეც ბლანკეტურად მიუთითებს სსსკ-ის 148-ე მუხლი (ანუ 144-ე მუხლის მე-3 ნაწილი), ეხება ექსპერტიზის დანიშვნის საკითხებს. 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მხარე ვერ ახერხებს საექსპერტო კვლევის ობიექტის მეორე მხარისაგან ნებაყოფლობით მიღებას, უფლებამოსილია საექსპერტო კვლევის ობიექტის გადაცემის შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით. ამავე ნორმის ბოლო წინადადების მიხედვით, სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება. 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადების მითითება იმპერატიული ხასიათისაა და ამ მხრივ რაიმე გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას არ იძლევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 148-ე მუხლის მიხედვით, ნიმუშის ასაღებად სასამართლოს განჩინების გამოტანა ხდება ამავე კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით, ხოლო 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადება იმპერატიულად ადგენს, რომ ეს განჩინება არ გასაჩივრდება, ნიმუშის აღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გასაჩივრებაც დაუშვებელია. შესაბამისად, საგამოძიებო კოლეგია განმარტავს, რომ ნიმუშის აღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გასაჩივრებას მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.

განსახილველ შემთხვევაში, მოსამართლემ შეამოწმა ზ. ბ.-ს გვამიდან სისხლის ნიმუშის არების კანონიერება და გასცა შესაბამისი განჩინება. განჩინების გაცემისას, მოსამართლემ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლით და მიუთითა ამავე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ გასაჩივრების წესზე, რაც არასწორია, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ნიმუშის აღების შესახებ მოსამართლის განჩინება არ საჩივრდება. განჩინების გამოტანისას, პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 148-ე მუხლით და 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით და არა ამავე კოდექსის 112-ე მუხლის მე-8 ნაწილით, ვინაიდან 148-ე და 144-ე მუხლები სპეციალური მუხლებია და ეს მუხლები უშუალოდ არეგულირებს ნიმუშის აღების თაობაზე მოსამართლის განჩინების გაცემის და მისი გასაჩივრების (არგასაჩივრების) წესს. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს ადვოკატის საჩივარი, ვინაიდან ამ საჩივრის ზემდგომ ინსტანციაში შეტანის უფლებას კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს. ის გარემოებები, რომ განსახილველ შემთხვევაში, გვამიდან სისხლის ნიმუშის აღება საერთოდ არ საჭიროებს სასამართლოს კონტროლს და ნიმუშის აღების შესახებ სასამართლოს განჩინება არ საჩივრდება ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას მიაჩნია, რომ საჩივარი უსაფუძვლოა, არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების მოთხოვნებიდან და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 97-98-ე, 144-ე, 147-ე - 148-ე, 207-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ადვოკატის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს (უარყოფილ იქნეს);

წინამდებარე განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს და გასაჩივრებული განჩინების გამომტან სასამართლოს;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.