საქმის ნომერი: 2ბ/2373-12
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: (თავმჯდომარე), გოდერძი გიორგიშვილი, ვანო წიკლაური,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/2373-12 (2012-09-27), www.temida.ge
საქმის № 2ბ/2373-12

განჩინება
საქართველოს სახელით
       27 სექტემბერი, 2012 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო

შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:

მოსამართლეები:
გოდერძი გიორგიშვილი, ვანო წიკლაური,

სხდომის მდივანი _ ნანა კაბულაშვილი

აპელანტი _ დ. ა.

წარმომადგენელი - გ. კ.

მოწინააღმდეგე მხარე _ სს ,,პ.’’

წარმომადგენელი _ რ. გ.

დავის საგანი – დავალიანების გადახდა და დაგირავებული ქონების რეალიზაცია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2012 წლის 17 მაისის საოქმო განჩინება

1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების დასკვნებზე მითითება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს ”პ.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. გ. გ.-სა და დ. ა.-ს სს ”პ.-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 8977,97 აშშ დოლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა, დ. ლ.-ის (პ/ნ: 01029011818) საკუთრებაში არსებული, დაგირავებული ავტომანქანა ფორდ მონდეო 1.8 CLX, სარეგისტრაციო ნომრით XXXXXX, გამოშვების წელი 1993, სატრანსპორტო რეგისტრაციის მოწმობის ნომერი: XXXXXXXXX.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმე სასამართლოს მთავარ (მოსამზადებელ) სხდომაზე განსახილველად დაინიშნა 2012 წლის 27 აპრილს 14:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, მოპასუხეებს გ. გ.-სა და დ. ლ.-ს მთავარი (მოსამზადებელი) სხდომის უწყება ჩაბარდათ 2012 წლის 24 აპრილს, ხოლო დ. ა.-ს 2012 წლის 25 აპრილს, მაგრამ ისინი სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსათვის.

სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. 207-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით, საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის დღეს მოსამართლე ნიშნავს იმ ვარაუდით, რომ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოემზადონ ზეპირი შეჯიბრებისათვის. (მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შემთხვევაში 205-ე მუხლი უნდა მიეთითოს).

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეებს სასამართლო უწყება ჩაბარდათ 2012 წლის 24-25 აპრილს, შესაბამისად, მათ ჰქონდათ საკმაო დრო სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან, მოპასუხე მთავარ სხდომაზე (მოსამზადებელ სხდომაზე) არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის, შესაბამისად, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა იყო არასაპატიო და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად უნდა მიჩნეულიყო.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 278-ე, 316-317-ე, 361-ე, მე-400, 416-418-ე, 873-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მიღებული უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ და გ. გ.-სა და დ. ა.-ს სს ”პ.-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაკისრებოდათ 8977,97 აშშ დოლარის გადახდა, ასევე დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ უნდა მიქცეულიყო დ. ლ.-ის (პ/ნ: XXXXXXXXXXX) საკუთრებაში არსებული, დაგირავებული ავტომანქანა ფორდ მონდეო 1.8 CLX, სარეგისტრაციო ნომრით XXXXXX, გამოშვების წელი 1993, სატრანსპორტო რეგისტრაციის მოწმობის ნომერი: XXXXXXXXX.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა დ. ა.-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის განჩინებით დ. ა.-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 27 აპრილის სასამართლო სხდომის შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გაფრთხილებული იქნა მოპასუხე დ. ა., თუმცა იგი არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე.

სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება იმის თაობაზე, რომ მან სასამართლო სხდომის შესახებ არ იცოდა, რადგან სასამართლო უწყება არ ჩაბარებია.

სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ 2012 წლის 24 აპრილის საფოსტო გზავნილზე, სადაც კურიერის მიერ შედგენილი აქტით განმარტებულია, რომ ადრესატ დ. ა.-ის დამ, მ. ა.-მ უარი განაცხადა სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე (იხ. ს.ფ. 70-71). სასამართლომ ასევე ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ საჩივრის ავტორმა სხდომაზე განმარტა, რომ იგი ნამდვილად ცხოვრობს იმ მისამართზე სადაც გაგზავნილი იქნა სასამართლო უწყება და დაადასტურა ის ფაქტიც, რომ მ. ა. არის მისი და.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის მიერ მისი პოზიციის გასამყარებელად არანაირი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდება თუ სასამრთლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა დარჩენილიყო ძალაში.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

3.1. აპელანტმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ: ა) საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლების თანახმად არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ, და ბ) არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი თანახმად საქართველოს სსკ-ის 230.2. მუხლისა, კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დ. ა.-ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები წარმოადგენს გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც დ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2012 წლის 17 მაისის საოქმო განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სააპელაციო პალატის მსჯელობა ემყარება შემდეგ გარემოებებს:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს ”პ.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. გ. გ.-სა და დ. ა.-ს სს ”პ.-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 8977,97 აშშ დოლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა, დ. ლ.-ის (პ/ნ: XXXXXXXXXXX) საკუთრებაში არსებული, დაგირავებული ავტომანქანა ფორდ მონდეო 1.8 CLX, სარეგისტრაციო ნომრით XXXXXX, გამოშვების წელი 1993, სატრანსპორტო რეგისტრაციის მოწმობის ნომერი: XXXXXXXXX.
დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის განჩინებით დ. ა.-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების (დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ) გამოტანის საფუძვლად მიუთითა მოპასუხეთა გამოუცხადებლობაზე, რომლებსაც სასამართლო უწყება გაეგზავნათ და ჩაბარდათ საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები’’. ხოლო, იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

ამდენად, მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს შუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი დ. ა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს საქართველოს სსკ-ის 233.1. ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს... ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.

საქართველოს სსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლო უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას.

საქართველოს სსკ-ის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,პ.-ის’’ სარჩელის განხილვა მოპასუხეების - დ. ა.-ის, გ. გ.-სა და დ. ლ.-ის მიმართ დავალიანების გადახდისა და დაგირავებული ქონების რეალიზაციის შესახებ დანიშნული იყო 2012 წლის 27 აპრილს 14:00 საათზე, რის შესახებაც მოპასუხეებს გაეგზავნათ სასამართლო უწყება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

სამოქალაქო საქმეთა პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ ერთ-ერთ თანამოპასუხეს დ. ა.-ს სასამართლო უწყება ჩაბარდა საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ 2012 წლის 25 აპრილის საფოსტო გზავნილზე, სადაც მითითებულია, რომ სასამართლო გზავნილის ჩაბარების მომენტში ადრესატი დ. ა. არ იმყოფებოდა მითითებულ მისამართზე, ხოლო მისმა ოჯახის წევრმა (დამ) - მ. ა.-მ უარი განაცხადა სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე (იხ. ს.ფ. 70-71) და ამავდროულად მიუთითა, რომ ადრესატი არ იმყოფებოდა თბილისში.

საქართველოს სსკ-ის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.

ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ უწყების ჩაბარებიდან (25.04.2012 წ.) - სასამართლო პროცესამდე (27.04.2012 წ.) არსებული შუალედი, მხოლოდ 2 დღე, მოპასუხე დ. ა.-თვის არ იყო საკმაო დრო სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ დ. ა.-ის ოჯახის წევრმა (დამ) ფოსტის მუშაკს განუცხადა, რომ იმ მომენტისათვის დ. ა. არ იმყოფებოდა თბილისში.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ის გარემოება, რომ აპელანტი (მოპასუხე) მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლით განსაზღვრულ წანამძღვრებს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

5.1. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კერძოდ, განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, არსებობს გასაჩივრებული განჩინების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

6. საპროცესო ხარჯები

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთათვის დაკისრების საკითხი.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :


1. დ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2012 წლის 17 მაისის საოქმო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.