ნახვები: 150
საქმის ნომერი: 330310015321747 (3ბ/224-15)
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მერაბ ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №330310015321747 (3ბ/224-15) (2015-03-26), www.temida.ge
საქმის № 330310015321747 (3ბ/224-15)

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       26 მარტი, 2015 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მერაბ ლომიძე

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

აპელანტი - დ. ლ.

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - გ. გ.

დავის საგანი - პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებიდან გამომდინარე ფულადი კომპენსაციის მიღება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ლ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელე დ.ლ.-ის, როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის და როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირების - შ.ჯ.-ის და ნ.- ჯ.-ის პირველი რიგის მემკვიდრის სასარგებლოდ, ფულადი კომპენსაციის გაცემა 500 ლარის ოდენობით.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1998 წლის 13 ნოემბრის №2/2473 გადაწყვეტილებით დ. ლ. აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.11.2012 წლის №3/1900-12 გადაწყვეტილებით მოსარჩელის მამა - შ.ჯ. და დედა - ნ. ჯ. აღიარებულ იქნენ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად.
დ. ჯ. არის შ.ჯ.-სა და ნ.ჯ.-ის შვილს და პირველი რიგის მემკვიდრეს. მოსარჩელე გვარი ,,ლ.” მიენიჭა ქორწინების შემდგომ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქალაქო სასამართლოს მითითებით, განჩინებაში კლაუს და იური კილაძეები საქართველოს
წინააღმდეგ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა საკანონმდებლო ვაკუუმის პრობლემა და მიუთითა საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და საბიუჯეტო ღონსძიებების გატარების აუცილებლობაზე, რათა 1997 წლის 11 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლში გათვალისიწნებულ პირებს მიეცეთ აღნიშნული დებულებით გარანტირებული უფლებით ეფექტური სარგებლობის შესაძლებლობა (განჩინების 85-ე პარაგრაფი); სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული სასამართლოს განჩინება არ უთითებს ასანაზღაურებელი კომპენსაციის კონკრეტულ ოდენობაზე, არამედ უთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე განჩინებით განსაზღვრულ ღონისძიებათა ფარგლებში და საკუთარი დისკრეციის შესაბამისად, უზრუნველყოს საკანონმდებლო ვაკუუმის აღმოფხვრა. ევროსასამართლოს ზემოთ აღნიშნული განჩინების აღსრულების მიზნით საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ შემუშავებული იქნა საკანონმდებლო რეგულაციები და განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები 1997 წლის საქართველოს კანონში „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში. კერძოდ, ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მითითებული კანონის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: 1. პირს, რომელმაც რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით ან გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად და აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, შეიძლება მიეცეს ფულადი კომპენსაცია. ამ პირის გარდაცვალების შემთხვევაში ფულადი კომპენსაცია შეიძლება მიეცეს მის პირველი რიგის მემკვიდრეს. 2. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი წარუდგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს. 3. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი განიხილება ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ფულადი კომპენსაციის ოდენობას, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ადგენს სასამართლო.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2126-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ამ მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს წარუდგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს არა უგვიანეს 2014 წლის 1 იანვრისა. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სასარჩელო განცხადებისათვის დასართავი დოკუმენტების ნუსხას და განსაზღვრავს, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს: ა) პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) პირველი რიგის მემკვიდრის მიერ სარჩელის წარდგენისას − მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) სანოტარო წესით დამოწმებული გარიგება ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე, თუ არსებობს რამდენიმე პირველი რიგის მემკვიდრე და ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას ეს მემკვიდრეები თმობენ ერთი ან რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის რამდენიმე პირველი რიგის მემკვიდრის არსებობის შემთხვევაში მათზე გაიცემა ერთიანი ფულადი კომპენსაცია.

სასამართლომ მიუთითა, რომ იმოქმედა რა ევროპული სასამართლოს განჩინების 85-ე პარაგრაფში ჩამოყალიბებული სამი ძირითადი ასპექტით (საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და საბიუჯეტო ზომები) საქართველოს სახელმწიფომ უზრუნველყო საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორება, კომპენსაციის გაცემის ეფექტური მექანიზმის შექმნა და მისი რეალური ამოქმედება. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონსა და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაში მოვიდა ევროპული კონვენციითა და ევროსასამართლოს პრაქტიკით დადგენილ სტანდარტებთან.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ მოსარჩელე და მისი მშობლები - შალვა არიან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები, რაც დადასტურებულია თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1998 წლის 13 ნოემბრის და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით მათი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების თაობაზე. რაც შეეხება ფულადი კომპენსაციის ოდენობას, სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: 1) კლაუს და იური კილაძეების საქმეზე ევროსასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში საუბარია სახელმწიფოს ვალდებულებაზე უზრუნველყოს არსებული საკანონმდებლო ვაკუუმის აღმოფხვრა. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით შემოღებული რეგულაციების პირობებში კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, ეროვნული სასამართლოები არიან დისკრეციულები და მათ გააჩნიათ მოქმედების ფართო ფარგლები, რაც ასევე გამომდინარეობს ევროპული სასამართლოს ზემოხსენებული განჩინებიდან, სადაც ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო თავისუფალია, მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ, შეარჩიოს ის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფოს მიერ ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას (განჩინების 82-ე პარაგრაფი). 2) ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ ფულადი კომპენსაციის ოდენობას, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ადგენს სასამართლო. ამდენად, ფულადი კომპენსაციის ოდენობის დადგენა წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, რა დროსაც სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმე, რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა ობიექტური ფაქტორები. 3) ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ გარდა მორალური კომპენსაციისა, სახელმწიფომ, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, მსხვერპლთა რეაბილიტაციისა და ზემოხსენებული კანონის მიღების გზით, დაადგინა რეპრესირებულთა სოციალური დაცვის სხვადასხვა გარანტიები და გამოხატა თანადგომა კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა მიმართ მათ მიერ განცდილი ზიანის შეძლებისდაგვარად შემსუბუქების მიზნით. კერძოდ, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირს, ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში, პირველი რიგის მემკვიდრეს, ეძლევათ ყოველთვიური პენსია, ისინი გათავისუფლებულები არიან სხვადასხვა გადასახადისაგან და სარგებლობენ შეღავათებით კომუნალურ გადასახადებზე. 4) კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, სახელმწიფოს საბიუჯეტო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს რეპრესირებულთა რაოდენობას. ამ თვალსაზრისით, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ ათასობით საქართველოს მოქალაქე გახდა პოლიტიკური რეპრესიებისა და ანტიჰუმანურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ტოტალიტალური კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლი. 5) ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, ზემოხსენებული გარემოებების დამატებით, სასამართლო მხედველობაში იღებს ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმს, შესაბამისად, ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მინიჭებული კომპენსაცია არ უნდა იყოს დადგენილ საარსებო მინიმუმზე ნაკლები. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, საარსებო მინიმუმის ოდენობა შეადგენს 155,8 ლარს.

სასამართლომ ასევე მიუთითა ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” 1997 წლის კანონის პრეამბულაზე, რომლის მიხედვითაც ქართული სახელმწიფო აღიარებს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიერ განცდილ მორალურ და ფიზიკურ ზიანს, რომელიც არ შეერაცხება ქართულ სახელმწიფოს, ასევე მათ მიერ შეტანილ წვლილს თავისუფალი საქართველოს შექმნის საქმეში. ამასთან, სასამართლო აცნობიერებს, რომ პოლიტიკური რეპრესიების უშუალო მსხვერპლთა მიერ რეალურად განცდილი უსამართლობისა და ტანჯვის გათვალისწინებით, პრაქტიკულად შეუძლებელია ზემოაღნიშნულმა ღონისძიებებმა, მათ შორის მიკუთვნებულმა კომპენსაციამ, სრულად აანაზღაუროს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიერ განცდილი ზიანი. შესაბამისად, კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე გაცემულ კომპენსაციას სიმბოლური ხასიათი ენიჭება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მხედველობაში მიიღო მითითებული ყველა გარემოება, მოსარჩელის მშობლების მიმართ განხორციელებული ქმედების სიმძიმე, მოსარჩელის ასაკი, ასევე ზემოხსენებული ობიექტური ფაქტორები და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2126 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს განუსაზღვრა განკუთვნილი ფულადი კომპენსაცია 500 ლარის ოდენობით, როგორც მოსარჩელის და მოსარჩელის მამკვიდრებლების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებიდან გამომდინარე.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, 2015 წლის 01 იანვრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს კანონში ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ’’, რომლის მიხედვით, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთათვის გასაცემი ფულადი კომპენსაციის ზღვრული ოდენობები განისაზღვრა, კერძოდ, არანაკლებ 1000 და არაუმეტეს 2000 ლარისა. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები წარმოშობს ლეგიტიმურ ინტერესს მოითხოვოს და მიიღოს კომპენსაცია კანონით განსაზღვრულ ფარგლებში.

აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეუსაბამოა განხორციელებულ ცვლილებებთან, სახეზეა ახლად გამოვლენილი გარემოება, კერძოდ, კანონით რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულებისათვის კომპენსაციის ოდენობა უნდა იყო არანაკლებ 1000 და არაუმეტეს 2000 ლარისა, რაც საფუძველია იმისა, რომ გაუქმებული იქნეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უსამართლოა და დაუსაბუთებელია თანხის განსაზღვრის ნაწილში,
აპელანტის მითითებით, ფულადი კომპენსაციის ოდენობის დადგენისას მხედველობაშია მისაღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 02 თებერვლის გაადწყვეტილება საქმეზე ,,კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ’’, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპული სასამართლოს განსახილველი საკითხი სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა და მოქალაქეთა დიდ რაოდენობას ეხებოდა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ლ.-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ განჩინებაში კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა საკანონმდებლო ვაკუუმის პრობლემა და მიუთითა საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და საბიუჯეტო ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე, რათა 1997 წლის 11 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლში გათვალისწინებულ პირებს მიეცეთ აღნიშნული დებულებით გარანტირებული უფლებით ეფექტური სარგებლობის შესაძლებლობა (განჩინების 85-ე პარაგრაფი); სააპელაციო სასამართლო აღინიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს განჩინება არ უთითებს ასანაზღაურებელი კომპენსაციის კონკრეტულ ოდენობაზე, არამედ უთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე განჩინებით განსაზღვრულ ღონისძიებათა ფარგლებში და საკუთარი დისკრეციის შესაბამისად, უზრუნველყოს საკანონმდებლო ვაკუუმის აღმოფხვრა. ევროსასამართლოს ზემოთ აღნიშნული განჩინების აღსრულების მიზნით საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ შემუშავებული იქნა საკანონმდებლო რეგულაციები და განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები 1997 წლის საქართველოს კანონში „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ და ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ იმოქმედა რა ევროპული სასამართლოს განჩინების 85-ე პარაგრაფში ჩამოყალიბებული სამი ძირითადი ასპექტით (საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და საბიუჯეტო ზომები), საქართველოს სახელმწიფომ უზრუნველყო საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორება, კომპენსაციის გაცემის ეფექტური მექანიზმის შექმნა და მისი რეალური ამოქმედება. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ გარდა მორალური კომპენსაციისა, სახელმწიფომ, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, მსხვერპლთა რეაბილიტაციისა და ზემოხსენებული კანონის მიღების გზით, დაადგინა რეპრესირებულთა სოციალური დაცვის სხვადასხვა გარანტიები და გამოხატა თანადგომა კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა მიმართ მათ მიერ განცდილი ზიანის შეძლებისდაგვარად შემსუბუქების მიზნით. კერძოდ, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირს, ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში, პირველი რიგის მემკვიდრეს, ეძლევათ ყოველთვიური პენსია, ისინი გათავისუფლებულები არიან სხვადასხვა გადასახადისაგან და სარგებლობენ შეღავათებით კომუნალურ გადასახადებზე.
რაც შეეხება ფულადი კომპენსაციის ოდენობას, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:

1) კლაუს და იური კილაძეების საქმეზე ევროსასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში საუბარია სახელმწიფოს ვალდებულებაზე უზრუნველყოს არსებული საკანონმდებლო ვაკუუმის აღმოფხვრა. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით შემოღებული რეგულაციების პირობებში კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, ეროვნული სასამართლოები არიან დისკრეციულები და მათ გააჩნიათ მოქმედების ფართო ფარგლები, რაც ასევე გამომდინარეობს ევროპული სასამართლოს ზემოხსენებული განჩინებიდან, სადაც ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო თავისუფალია, მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ, შეარჩიოს ის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფოს მიერ ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას (განჩინების 82-ე პარაგრაფი).

2) სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2014 წლის 31 ოქტომბერს ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ფულადი კომპენსაციის ოდენობას, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ადგენს სასამართლო. ფულადი კომპენსაციის ოდენობაა არანაკლებ 1000 და არაუმეტეს 2000 ლარისა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ფულადი კომპენსაციის განსაზღვრისას ითვალისწინებს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილელებს ფულადი კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით, ასევე რეპრესირებული პირის მიმართ გამოყენებული იძულების ფორმის სიმძიმეს (გადასახლება), მოსარჩელის ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობას და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ერთიანი ფულადი კომპენსაციის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით. ამასთან, სააპელაციო სასამართლო აცნობიერებს, რომ პოლიტიკური რეპრესიების უშუალო მსხვერპლთა მიერ რეალურად განცდილი უსამართლობისა და ტანჯვის გათვალისწინებით, პრაქტიკულად შეუძლებელია ზემოაღნიშნულმა ღონისძიებებმა, მათ შორის მიკუთვნებულმა კომპენსაციამ, სრულად აანაზღაუროს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიერ განცდილი ზიანი. შესაბამისად, კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე გაცემულ კომპენსაციას სიმბოლური ხასიათი ენიჭება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე და 331-ე მუხლების თანახმად, უნდა დაეკისროს დ.ლ.-ის სასარგებლოდ ერთიანი ფულადი კომპენსაციის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოქმედების განუხორციელებლობა – ფულადი კომპენსაციის გაუცემლობა პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას მიიღოს კუთვნილი ფულადი კომპენსაცია. ამასთან, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კომპენსაციის ანაზღაურება თითოეული რეპრესირებული პირის - როგორც მისი, ასევე მისი მშობლების მიხედვით თოთოეულზე 2000 ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ სამართლებრივ ნორმას არც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი და არც ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონი არ ითვალისწინებს.

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. ლ.-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; დ.ლ.-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2129-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და



გ ა დ აწ ყ ვ ი ტ ა:
1. დ.ლ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დ.ლ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალოს დ. ლ.-ის სასარგებლოდ ერთიანი ფულადი კომპენსაციის ანაზღაურება საერთო ჯამში 2000 ლარის ოდენობით;
5. მხარეები გათავისუფლებული არინ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;
6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.