საქმის ნომერი: 2ბ/2739-12
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე(თავმჯდომარე), მაია თეთრაული, ქეთევან კუჭავა,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები: 2ბ/5087-13,
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/2739-12 (2012-11-06), www.temida.ge
საქმის № 2ბ/2739-12

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       06 ნოემბერი, 2012 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:
თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები:
მაია თეთრაული, ქეთევან კუჭავა,

სხდომის მდივანი - ლელა მეტრეველი
აპელანტი - შპს ,,ჯ”
წამომადგენლები - ლ. გ. (დირექტორი), მ. კ., გ. ფ., დ. კ., მ. ჯ.
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
წარმომადგენელი - რ. ბ.
მესამე პირი - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - გ. მ.
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.06.2012წ. გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

შპს ,,ჯ.-ს’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2010 წლის 25 ოქტომბერის №P43171-IGB_Goods-1.01-L3 ხელშეკრულებით შპს ,,ჯ.-მ’’ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმართ იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა მყიდველისათვის 350 ერთეული 1100 ლიტრიანი ლითონის ნაგვის ურნა ლ.-სა და თ.-ს მუნიციპალიტეტებისათვის, საერთო ღირებულება 124250 ევრო ექვივალენტი ლარში, ხოლო მყიდველმა - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აიღო ვალდებულება, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემდგომ, გადაეხადა მისთვის მიწოდებული საქონლის ღირებულბა 124250 ევროს ექვივალანტი ლარში.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2010 წლის 25 ოქტომბრის №P43171-IGB_Goods-1.01-L3 ხელშეკრულება (ტომი.1, ს.ფ. 45-78);

2.2. დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2010 წლის 25 ოქტომბრის №P43171-IGB_Goods-1.01-L3 ხელშეკრულების პირობების შესაბამისად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შპს ,,ჯ.-სგან’’ მიიღო 350 ერთეული 1100 ლიტრიანი ლითონის ნაგვის ურნა;

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2011 წლის 26 თებერვლის, 2011 წლის 05 მარტის და 2011 წლის 05 მარტის მიღება-ჩაბარების აქტები (ტ.1, ს.ფ. 79,80,81);

2.3. დადგენილია და სადავი არ არის, რომ 2010 წლის 25 ოქტომბრის №P43171-IGB_Goods-1.01-L3 ხელშეკრულების პირობების შესაბამისად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შპს ,,ჯ.-ს’’ ნასყიდობის ხელშეკრულების ღირებულების 124 250 ევროს ექვივალენტი ლარიდან გადახდილ იქნა 232584,61 ლარი;

მხარეთა ახსნა-განმარტებას;

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

2.4. 2010 წლის 25 ოქტომბერის №P43171-IGB_Goods-1.01-L3 ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ჯ.-ს’’ მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის უნდა მიეწოდებინა 350 ერთეული სანაგვე ურნა, ერთი ერთეული ურნის ფასად კი განისაზვღა 355 ევრო. CIP პირობით ურნების მიწოდება თავის მხრივ გულისხმობდა იმას, რომ ტვირთის განბაჟება უნდა განეხორციელებინა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, თვით კონტრაქტორის (მომწოდებლის) მიერ წარმოდგენილი ინვოისის ორიგინალის საფუძველზე. ინვოისში კი დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო შემოტანილი სანაგვე ურნის დასახელება, რაოდენობა, ერთეულის ფასი და საერთო ღირებულება.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2010 წლის 25 ოქტომბრის №P43171-IGB_Goods-1.01-L3 ხელშეკრულება GCC 12.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი -ტ.1.ს.ფ. 53)

2.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მომწოდებელს ინვოისის ორიგინალი და მისი 3 ცალი ასლი, ტვირთის სხვა თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად უნდა გადაეცა მყიდველისათვის ჩამოსვლის ადგილას ან პორტში საქონლის ჩამოსვლამდე სულ მცირე ერთი კვირით ადრე, ხოლო აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მომწოდებელს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ნებისმიერ ხარჯებთან დაკავშირებით;

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს ,,ჯ.-ს’’ შორის 2010 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულება - ტ.1, ს.ფ. 53;

2.6. 2011 წლის 26 თებერვალს და იმავე წლის 5 მარტს ქ. ბ.-ს თავისუფალ საბაჟო საწყობში შეტანილ იქნა 350 ერთეული სანაგვე ურნა, რომლის თანმხლებ ინვოისში ერთი ერთეულის ფასად მითითებული იყო 340 აშშ დოლარი. ამასთან, სხვა გაწეული მომსახურების ხარჯების ანაზღარების შესახებ ვალდებულებას ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულების CIP პირობის მოთხოვნებიდან გამომდინარე შპს ,,ჯ.-ს’’ აუნაზღაურა, 340 აშშ დოლარი თითოეულ ურნაზე, რაც მითითებული იყო ტვირთის თანმხლებ ინვოისში და რაც თავის მხრივ საფუძვლად დაედო თავისუფალი საბაჟო საწყობიდან განბაჟებისათვის ფონდის მეირ წარდგენილ საბაჟო დეკლარაციას; სასამართლო, აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას დადასტურებულად მიიჩნევს საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე;

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2011 წლის 26 თებერვლის შეტყობინება №0011672, და 2011 წლის წლის 5 მარტს შეტყობინება №0013534 ( ტ.1, ს.ფ. 123-132);)

2.7. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხრიდან ხელშეკრულება შესრულდა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, მას სრულად აქვს გადახდილი ნასყიდობის ფასი და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ხელშეკრულების დარღვევას. კერძოდ ხელშეკრულების თანახმად, ორ ეტაპად ტვირთის შემოტანისა და მათზე დართული ინვოისში მითითებული 340 აშშ დოლარის საფუძველზე განბაჟების შემდეგ, შპს ,,ჯ.-მ’’ მუნიციპალური განვითარების ფონდში წარადგინა ე.წ. კომერციული ინვოისი რითაც მტკიცებოდა, რომ რეალურად მისი დანახარჯები შეადგენდა არა 340 აშშ დოლარს არამედ 355 ევროს და მოითხოვა სხვაობის გადახდა, რაზეც სრულიად სამართლიანად ეუქვა უარი იმ მოტივით, რომ ეს იქნებოდა გადახდა DDP პირობით ანუ ხელშეკრულების შესრულების ადგილზე საბოლოო გადახდით, რაც ეწინააღმდეგება გადახდასთან დაკავშირებულ მხარეებს შორის შეთანხმებულ და დონორის მიერ მოწონებულ CIP პირობას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– 2010 წლის 25 ოქტომბრის №P43171-IGB_Goods-1.01-L3 ხელშეკრულება (ტომი.1, ს.ფ. 45-78);

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებულ გარემოებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხელშეკრულეთ ნაკისრი ვალდებულება ნასყიდობის ფასი სრულად არ არის გადახდილი.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2010 წლის 25 ოქტომბერის №P43171-IGB_Goods-1.01-L3 ხელშეკრულებით ერთი ერთეული ურნის ფასი განისაზვღა 355 ევრო, მაგრამ CIP პირობით ურნების მიწოდება თავის მხრივ გულისხმობდა იმას, რომ ტვირთის განბაჟება უნდა განეხორციელებინა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, თვით კონტრაქტორის (მომწოდებლის) მიერ წარმოდგენილი ინვოისის ორიგინალის საფუძველზე. განსახილევ შემხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ჯ.-ს’’ მიერ მიწოდებულ ინვოისში ერთი ერთეული ურნის ფასად დაფიქსირებული იყო 340 აშშ დოლარი, რაც გადახდილ იქნა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ; მოსარჩელემ ამასთან დაკავშირებით მიმართა კიდეც შემოსავლების სამსახურს საბაჟო დეკლარაციაში ცვლილიბების შესატანის მოთხოვნით, კერძოდ ერთი ერთეული სანაგვე ურნის ღირებულებად მიეთითებინა არა 340 აშშ დოლარი, არამედ 355 ევრო, რაც სრულიად სამართლიანად არ დაკმაყოფილდა იმაზე მითითებით, რომ ეს იქნებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების დარღვევა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა, რომლის მიერაც სასარჩელო მოთხოვნა სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ შპს ,,ჯ.-ს’’ სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

3.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მიმწოდებელს ინვოისის ორიგინალი და მისი სამი ასლი ტვირთის სხვა თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად მყიდველისთვის უნდა გადაეცა საქონლის ჩამოსვლამდე სულ მცირე ერთი კვირით ადრე მაინც და აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ნებისმიერ ხარჯთან დაკავშირებით. სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა ხელშეკრულების 12.1 პუნქტით, ნაცვლად ხელშეკრულების 16.1 პუნქტისა, სადაც ასეთი ვალდებულება მითითებული არ არის.

საგულისხმოა, რომ სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს შპს ,,ჯ.-ს’’ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. მუნიციპალური განვითარების ფონდს დღემდე არც წერილობით და არც ზეპირად არ გამოუთქვამს პრეტენზია შპს ,,ჯ.-ს’’ მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევაზე.

3.2. სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. „ინვოისი“, სადაც ერთი ერთეული ურნის ფასი ფიქსირდება 340 აშშ დოლარი, გამოწერილია მყიდველის - შპს ,,ჯ.-ს’’ მიმართ მწარმოებელი თურქული კომპანიის მიერ. აღნიშნულ ინვოისს მუნიციპალური განვითარების ფონდი განბაჟებისთვის ვერ გამოიყენებდა, ვინაიდან მასში მუნიციპალური განვითარების ფონდი არ არის მითითებული. ამდენად, სასამართლოს მითითება მასზედ, რომ ერთი ერთეული ნაგვის ურნის ღირებულება 340 აშშ დოლარს შეადგენს, საფუძველს მოკლებულია. რაც შეეხება „ინვოისებს“, რის საფუძველზეც მოხდა საქონლის განბაჟება და დეკლარაციის გამოწერა, ეს არის სწორედ შპს ,,ჯ.-ს’’ მიერ გამოწერილი ინვოისი, სადაც მიმღებია მუნიციპალური განვითარების ფონდი და ამ ინვოისის შესაბამისად ერთი ერთეული ურნის ღირებულება შეადგენს 355 ევროს. აღნიშნული გარემოება დასტურდება თავად მოპასუხის შესაგებელზე დართული მტკიცებულებით, სადაც „ინვოისის“ გრაფაში მითითებულია სწორედ შპს ,,ჯ.-ს’’ მიერ გამოწერილი ინვოისი და არა თურქული კომპანიის ინვოისი.

სასამართლო უსაფუძვლოდ უთითებს CIP და DDP პირობას, რადგან ამას კავშირი არ აქვს მოცემულ შემთხვევასთან. გაუგებარია, რა დანახარჯებზე უთითებს სასამართლო, როდესაც თავად მოპასუხე არ საუბრობს დანახარჯების შესახებ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასი არის 355 ევრო.

3.3. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც მყიდველი მოვალეა გამყიდველს გადაუხადოს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიიღო ნაყიდი ქონება, რაც სადავოს არ წარმოადგენს, ხოლო მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. შპს ,,ჯ.-ს’’ იკისრა ვალდებულება მყიდველისათვის მიეწოდებინა 350 ერთეული 1100 ლიტრიანი ლითონის ნაგვის ურნა ლ.სა და თ.-ის მუნიციპალიტეტებში საერთო ღირებულებით 124250 ევროს ეკვივალენტი ლარში. ანუ, ხელშეკრულებით წინასწარ იყო განსაზღვრული გადასახდელი თანხის ოდენობა, რა პირობებითაც ჩატარდა ტენდერი. სწორედ აღნიშნული ფასი წარმოადგენდა მყიდველსა და გამყიდველს შორის წინასწარ შეთანხმებულ ფასს. სასამართლო გადაწყვეტილებაში ვერ ასაბუთებს იმ გარემობას, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადაიხადა შეთანხმებული ფასი.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. 385-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

ფაქტობრივი დასაბუთება

4.1. 25.10.2010წ. №P43171-IGB-Goods-1.01-L3 ხელშეკრულებით შპს ,,ჯ.-მ’’ (მიმწოდებელმა) საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (მყიდველის) მიმართ იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა 350 ერთეული 1100 ლიტრიანი ლითონის ნაგვის ურნა ლ.-სა და თ.-ს მუნიციპალიტეტებისათვის, საერთო ღირებულებით 124 250 ევროს ექვივალენტი ლარში, ხოლო მყიდველმა აიღო ვალდებულება, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემდგომ, გადაეხადა მისთვის მიწოდებული საქონლის ღირებულება 124 250 ევროს ეკვივალანტი ლარში (ტ.I, ს.ფ. 45-78).

2010 წლის 25 ოქტომბერის ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა ერთი ერთეული ურნის ფასი - 355 ევრო (ტ.I, ს.ფ. 50).

ხელშეკრულების სპეციალური პირობების 15.2 მუხლის შესაბამისად, ფასები არ ექვემდებარება დარეგულირებას (ტ. I, ს.ფ. 53).

ამდენად, დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2010 წლის 25 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ როგორც მისაწოდებელი საქონლის ფიქსირებულ ოდენობაზე (350 ერთეული), ისე
მის ფიქსირებულ ფასზე (ერთი ერთეულის ფასსა და ნასყიდობის მთლიანი ფასზე - 124250 ევროს ეკვივალენტი ლარში).

4.2. მხარეთა შორის უდავოა, რომ შპს ,,ჯ.-მ’’ დათქმულ დროში და დათქმულ ადგილას შეასრულა 2010 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გადასცა 350 ერთეული 1100 ლიტრიანი ლითონის ნაგვის ურნა (იხ.: მიღება ჩაბარების აქტები, ტ.I, ს.ფ.79-81, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.10.2012წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 12:25:25 - 12:25:53). ამასთან, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოში 16.10.2012წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა განმარტა, რაიმე დამატებითი ხარჯი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს არ გაუწევია.
ამდენად, მიმწოდებელმა საქონლის მიწოდების ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

4.3. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (მყიდველს) სახელშეკრულებო ვალდებულება (ფიქსირებული ფორმით შეთანხმებული სყიდვის ფასის გადახდა) სრულად შესრულებული არ აქვს.

მხარეთა შორის სადავო არაა, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შპს ,,ჯ.-ს’’ 2010 წლის 25 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით გადაუხადა 232 584,61 ლარი (ტ.I, ს.ფ. 82).

ფაქტობრივად, მყიდველმა მიმწოდებელს გადაუხადა არა მათ შორის შეთანხმებული სყიდვის ფასი, არამედ მიმწოდებლის მიერ საქონლის მწარმოებლისათვის გადახდილი თანხა. ამასთან, მიმწოდებელს, რომელმაც შეიძინა საქონელი მისი შემდგომ მყიდველისათვის მიწოდების მიზნით, უნდა მიეღო უშუალოდ მასსა და მყიდველს შორის დისპოზიციური ნების საფუძველზე ფიქსირებული ფორმით შეთანხმებული საზღაური.

საქმის მასალებით დასტურდება და არც მოპასუხე ხდის სადავოდ, რომ ევროში განსაზღვრულ სყიდვის ფასსა და გადახდილ თანხას შორის სხვაობა ლარში შეადგენს სარჩელით მოთხოვნილ თანხას - 66 682.95 ლარს (იხ.: დაანგარიშების ცხრილი, ტ.I, ს.ფ. 82).

სამართლებრივი დასაბუთება

4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

მოცემულ შემთხვევაში, მიმწოდებელს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროს და ადგილას აქვს შესრულებული ვალდებულება, რაც შეეხება მყიდველს, მას მიღებული აქვს ნაყიდი ქონება, მაგრამ სყიდვის ფასი სრულად ანაზღაურებული არ აქვს. შესაბამისად, საფუძვლიანია მოთხოვნა ფიქსირებული ფასის აუნაზღაურებელი ნაწილის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.

სააპელაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის იმთავითვე არსებობდა შეთანხმება ნასყიდობის ფიქსირებულ ფასზე, ის ფაქტი, რომ 2011 წლის 26 თებერვალს და იმავე წლის 5 მარტს ქ. ბ.-ს თავისუფალ საბაჟო საწყობში შეტანილ იქნა 350 ერთეული სანაგვე ურნა, რომლის თანმხლებ ინვოისში ერთი ერთეულის ფასად მითითებული იყო 340 აშშ დოლარი (ანუ საქონლის მწარმოებლის ფასი), სამართლებრივად უმნიშვნელოა და არ ათავისუფლებს მოპასუხეს დარჩენილი აუნაზღაურებელი თანხის გადახდის ვალდებულებისაგან. უსაფუძვლოა გადაწყვეტილებაში მოცემული მსჯელობა მასზედ, რომ საქონლის თანმხლებ ინვოისში მითითებული ერთი ერთეულის ღირებულების შესაბამისად უნდა მომხდარიყო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა. დამატებით შეიძლება აღინიშნოს, რომ შპს ,,ჯ.-ს’’ მიერ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სახელზე გამოწერილ ინვოისებში (#GT 1008/1; #GT 1008/2; #GT 1008/3; #GT 1008/4; #GT 1008/5; #GT 1008/6) ერთი ერთეული საქონლის ღირებულებად მითითებულია 355 ევრო (ტ.I, ს.ფ. 133-145). სწორედ ამ ინვოისებზე, როგორც საქონლის შესყიდვის დოკუმენტებზე, უთითებდა თავად დეკლარანტი შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობისას (ტ.I, ს.ფ.122, 128). არსებობს სააპელაციო საჩივრის, შესაბამისად სარჩელის, დაკმაყოფილების ფაქტობრივი, სამართლებრივი საფუძველი.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ვინაიდან დადგენილია, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს სრულად არ აქვს შესრულებული სახელშეკრულებო ვალდებულება (სყიდვის ფასი არასრულად არის გადახდილი), საფუძვლიანია სარჩელი მისი მოპასუხისათის დაკისრების თაობაზე.

6. საპროცესო ხარჯები

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამდენად, კანონი ადგენს ოდენობის მაქსიმალურ ზღვარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების არა უმეტეს 4%-ს. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს დავის საგნის ღირებულების 4% პროცენტის - 2667,31 (66682.95-ის 4%) ლარის ოდენობით.

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით იმ პირის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დაკმაყოფილდა შპს ,,ჯ.-ს’’ სააპელაციო საჩივარი, შეიცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სრულად დაკმაყოფილდა შპს ,,ჯ.-ს’’ სარჩელი, სასამართლო მიიჩნევს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული სასამართლო ხარჯი (დავის საგნის ღირებულების 3% სარჩელზე, დავის საგნის ღირებულების 4% სააპელაციო საჩივარზე), ანუ 4 668 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა


1. შპს ,,ჯ.-ს’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.06.2012წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
2. შპს ,,ჯ.-ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
3. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შპს ,,ჯ.-ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 66 682,95 ლარის გადახდა.
4. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შპს ,,ჯ.-ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 2 667,31 ლარის ოდენობით.
5. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შპს ,,ჯ.-ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 4 668 ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.