საქმის ნომერი: 4/ა-405-15
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მერაბ ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: დადგენილება
კანონიერი ძალა:
ინსტანციური ისტორია: 4/2100-15
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, დადგენილება, საქმე №4/ა-405-15 (2015-05-29), www.temida.ge
საქმის № 4/ა-405-15

დადგენილება
საქართველოს სახელით
       29 მაისი, 2015 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მერაბ ლომიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე მერაბ ლომიძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის ზ. ჩ.-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 აპრილის №4/2100-15 დადგენილებაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2015 წლის 03 აპრილს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან შევიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები შ. ყ.-ს მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 1282 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 აპრილის №4/2100-15 დადგენილებით შ. ყ. (დაბ. 06.11.1976 წ პ/ნ XXXXXXXXXXX მცხ. მისამართი ქ. აბროლაური, ჭ.-ს №XX) ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1282 მუხლის მე-4 ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; შ.ყ.-სათვის ჩამორთმეული საგანი - 97 ცალი სოჭის ჯიშის ხე-მცენარე დაექვემდებარა კონფისკაციას; შ. ყ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ნაწილში ქმედების მცირე მნიშვნელობის გამო გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და გამოუცხადდა სიტყვიერი შენიშვნა.

საქალაქო სასამართლომ სამართალდარღვევის მასალებით და სასამართლო განხილვისას დადგენილად მიიჩნია შემდეგი: 2015 წლის 1 აპრილის შედგენილი იქნა №XXXXXX სამართალდარღვევის ოქმი, სადაც მითითებულია, რომ 2014 წლის 23 დეკემბერს ქ. თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარედ გამოვლენილი იქნა მწვანე წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი. კერძოდ, მოქალაქე შ.ყ.-ს ავტომანქანა ფორდ ტრანზიტით სახ. ნომრით UZU - XXX გადაჰქონდა 97 ერთეული სავარაუდოდ სოჭის ჯიშის ხე-მცენარეები. ოქმის თანახმად, მიუხედავად მათი არაერთი მოთხოვნისა შეჩერებულიყო და წარედგინა ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტები, მან უგულვებელყო არაერთი კანონიერი მოთხოვნა, ხელი შეუშალა მათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში და ადგილიდან მიიმალა ავტომანქანით. ოქმში ასევე მითითებულია, რომ მათ მიერ მოგვიანებით ნაპოვნი იქნა შ. ყ..

2015 წლის 1 აპრილის ასევე შედგენილი იქნა №XXXXXX სამართალდარღვევის ოქმი, სადაც მითითებულია, რომ 2014 წლის 23 დეკემბერს ქ. თბილისში სპორტის სასახლის მიმდებარედ გამოვლენილი იქნა მწვანე წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი. კერძოდ, მოქალაქე შ. ყ.-ს ავტომანქანა „ფორდ ტრანზიტით“ სახ. ნომრით UZU - XXX გადაჰქონდა 97 ერთეული სავარაუდოდ სოჭის ჯიშის ხე-მცენარე. ოქმის თანახმად, მათ მოთხოვნაზე შ. ყ.-მ ვერ წარადგინა აღნიშნული 97 ცალი წიწვოვანი ხის - სავარაუდოდ სოჭის ჯიშის ხე-მცენარეების წარმოშობისა და ტრანსპორტირების დოკუმენტი.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1282-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება (გარდა ამ მუხლის მე-6−მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით და მხარეთა და მოწმის ახსნა-განმარტებებით დადასტურდა შ. ყ.-ს მიერ ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მის მიერ ჩადენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1282-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომა, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს ამ მუხლით გათვალისწინებული სახდელი - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 და 41 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის ხელის შეშლა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

ამავე კოდექსის 22-ე მუხლი საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) ანიჭებს უფლებამოსილებას, ქმედების მცირე მნიშვნელობის გამო გაათავისუფლოს პირი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა და მოწმის ახსნა-განმარტებების და საქმეში წარმოდგენილი მასალების ანალიზით სასამართლომ მიიჩნია, რომ დადასტურებულია შ. ყ.-ს მიერ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტი, კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ყ.-მ, მიუხედავად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლის მოთხოვნისა, წარედგინა ხე-მცენარეების ტრანსპორტირების დამადასტურებელი დოკუმენტები, დატოვა ტერიტორია მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით, რაც წარმოადგენს ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას. სასამართლომ არ გაიზიარა მისი განმარტება, რომ მიმალვის მიზანი არ ჰქონია, რადგან აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის მოწმის ჩვენებით დადასტურებულ ფაქტთან, ასევე - საქმეში წარმოდგენილ მის წერილობით ახსნა-განმარტებასთან, სადაც იგი წერს, რომ ადგილი დატოვა დაბნეულობის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის ხელის შეშლას. თუმცა, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იგი დაახლოებით 30 წუთის შემდეგ საკუთარი ნებით დაბრუნდა უკან, რითაც იგი დაემორჩილა სატელეფონო კონტაქტის საშუალებით წარდგენილ მოთხოვნას. სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებს დამატებითი ძალისხმევა (მათ შორის - საპატრულო პოლიციის გამოძახება) აღარ დასჭირვებიათ მის მოსაძებნად, ასევე ხე-მცენარის აღმოსაჩენად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შ. ყ.-ს მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, ვინაიდან მისი გადაადგილების მიზანი იყო პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება. ამასთან, ქმედება არის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული, ანუ ფორმალურად მოიცავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ყველა სავალდებულო ელემენტს, რაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია, მაგრამ ჩადენილი ქმედება არის მცირე მნიშვნელობის. შესაბამისად, ქმედების მცირე მნიშვნელობის გამო, შ. ყ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის უნდა გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და გამოუცხადდეს სიტყვიერი შენიშვნა.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 267-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დადგენილება: ა) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ; ბ) საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ; გ) ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე, თუ შეუძლებელია პირველად დადებული ადმინისტრაციული სახდელის აღსრულება; დ) საურავის დარიცხვის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, ზეპირი შენიშვნის გამოცხადების შემთხვევაში მიიღება დადგენილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ შ. ყ. ექვემდებარება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1282 მუხლის მე-4 ნაწილით, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ნაწილში იგი უნდა გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და გამოუცხადდეს სიტყვიერი შენიშვნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 აპრილის №4/2100-15 დადგენილება გასაჩივრებული იქნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის ზ. ჩ.-ს მიერ.

საჩივრის ავტორის განმარტებით, საქმეზე დარღვეული იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ სასამართლოს არ უნდა შეწყვიტა საქმის წარმოება, ვინაიდან როგორც საქმეში არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი მტკიცებულებებიდან ირკვევა, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლით გათვალისწინებული განზრახი მოქმედება, ადმინისტრაციული გადაცდომა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, 2015 წლის 1 აპრილს შედგენილი იქნა №XXXXXX სამართალდარღვევის ოქმი მასზედ, რომ ქ. თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოვლენილი იქნა ხე-ტყის ტრანსპორტირების უკანონო ფაქტი. კერძოდ, მოქალაქე შ. ყ.-ს ავტომანქანა ფორდ ტრანზიტით სახ. ნომრით UZU - XXX გადაჰქონდა 97 ერთეული სავარაუდოდ სოჭის ჯიშის ხე-ტყე. მიუხედავად დეპარტამენტის თანამშრომლების არაერთი მოთხოვნისა შეჩერებულიყო და წარედგინა ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტები, მოქალაქემ ზემოხსენებული ავტომანქანით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, შესაბამისად, სახეზეა ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის ხელის შეშლა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტება, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენება, ექსპერტის დასკვნა, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგები, ვიდეოფირი ან ფოტოფირი, ნივთიერი მტკიცებულები, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმი და სხვა დოკუმენტები. სწორედ ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს ის სატრანსპორტო საშუალება და მერქანი, რომლის უკანონო ტრანსპორტირებასაც ახდენდა შ. ყ.. არ შეძლება ცალკე-ცალკე იქნეს განხილული ავტოსატრანსპორტო საშუალება და მასზე დატვირთული მერქანი, როგორც სხვადასხვა მტკიცებულება, ვინაიდან კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთული კონკრეტული მერქანი წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელიც თავისი თვისებებითა და ნიშნებით, წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, მასზე დარჩენილი კვალით დაკავშირებულია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ჭეშმარიტების დადგენას. აღნიშნულიდან გამომდინარე ხე-ტყის უკანონოდ ტრანსპორტირების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში უნდა მომხდარიყო ავტოსატრანსპორტო საშუალების სათანადო ადგილზე გადაყვანა და დალუქვა, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული უკანონოდ ტრანსპორტირებული მერქნის მთლიანობის დარღვევა ან სხვა რაიმე ფაქტორით ზემოქმედება. მუხედავად ამისა, შ. ყ.-მ დაძრა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა და ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

საჩივრის ავტორის განმარტებით,შ. ყ.-ს მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი ვერ იქნა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობას. ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მის მიერ სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენა გამოწვეული იყო რაიმე იმგვარი ობიექტური მიზეზებით, რაც გამორიცხავდა მის ბრალეულობას.

საჩივრის ავტორის მითითებით, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ დადასტურებულია შ. ყ.-ს მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1282-ე მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ არ იძლევა მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევის დეფინიციას. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ცნება, რომლის მნიშვნელობის ხარისხის განსაზღვრა უკავშირდება ქმედების ობიექტურ მხარეს, თუ რაში გამოიხატა ობიექტურად დამრღვევის მოქმედება. განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევის მეტ-ნაკლები მნიშვნელობა ვერ იქნება განპირობებული სამართალდამრღვევის პიროვნებით, რადგან აღნიშნული კრიტერიუმი სასამართლოს მიერ შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული მხოლოდ სახდელის დადებისას, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად და ვერ შეამცირებს ჩადენილ გადაცდომის მნიშვნელობას.

საჩივრის ავტორის განმარტებით, ვერ იქნება გაზიარებული სასამართოს მოსაზრება, რომ შ. ყ.-ს მიერ ჩადენილი ქმედება მცირემნიშვნელოვანია მისი ხასიათიდან გამომდინარე, რადგან მაკონტროლებელი ორგანოს თანამშრომელთა უფლებების განხორციელებისა და მოვალეობები შესრულებისათვის ხელის შეშლა განხილულ უნდა იქნეს სერიოზულ და სახელმწიფო ორგანოს საქმიანობისათვის მეტად ხელისშემშლელ სამართალდარღვევად, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მავნე შედეგი სახელმწიფო მმართველობის ისეთი მკაცრი რეგულაციის სფეროში, როგორიცაა ბუნებათსარგებლობის საქმიანობა.

სასამართლომ ასევე არ გამოიყენა თავისი დასკვნის დასასაბუთებლად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით. რომ არაფერი ითქვას ადმინისტრაციული სახდელის ზოგადი და კერძო პრევენციის პრინციპების ხელყოფაზე, შესაძლოა სტიმული მიეცეს მეტად სახიფათო პრეცედენტის შექმნას სასამართლო პრაქტიკაში და გადაცდომის ჩამდენი პირების მიმართ, ადმინისტრაციული ზემოქმედების შესაბამისი ზომების გატარების მიუხედავად მიუღწეველი დარჩეს როგორც ადმინისტრაციული სახდელის, ასევე ზოგადად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობის მიზნები და ამოცანები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორს აუცილებლად მიაჩნია მოხდეს საქმის ხელახალი განხილვა, რა დროსაც სასამართლო გამოიკვლევს და სათანადო შეფასებას მისცემს საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას და გამოიტანს კანონშესაბამის გადაწყვეტილებას.

საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 აპრილის №4/2100-15 დადგენილება შ. ყ.-ს მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში და საქმე დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა საჩივრის ფარგლებში საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზეც დგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობა ან არარსებობა, პირის ბრალეულობა მის ჩადენაში და სხვა გარემოებები. მტკიცებულებებს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება და სხვა დოკუმენტები.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ეთანხმება და სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, რის გამოც გასაჩივრებული დადგენილება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

დადგენილია, რომ 2015 წლის 1 აპრილს შედგენილი იქნა №XXXXXX სამართალდარღვევის ოქმი, სადაც მითითებულია, რომ 2014 წლის 23 დეკემბერს ქ. თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარედ გამოვლენილი იქნა მწვანე წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი. კერძოდ, მოქალაქე შ. ყ.-ს ავტომანქანა ფორდ ტრანზიტით სახ. ნომრით UZU - XXX გადაჰქონდა 97 ერთეული სავარაუდოდ სოჭის ჯიშის ხე-მცენარეები. ოქმის თანახმად, მიუხედავად მათი არაერთი მოთხოვნისა შეჩერებულიყო და წარედგინა ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტები, მან უგულვებელყო არაერთი კანონიერი მოთხოვნა, ხელი შეუშალა მათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში და ადგილიდან მიიმალა ავტომანქანით. ოქმში ასევე მითითებულია, რომ მათ მიერ მოგვიანებით ნაპოვნი იქნა შ. ყ..

დადგენილა, რომ 2015 წლის 1 აპრილის ასევე შედგენილი იქნა №XXXXXX სამართალდარღვევის ოქმი, სადაც მითითებულია, რომ 2014 წლის 23 დეკემბერს ქ. თბილისში სპორტის სასახლის მიმდებარედ გამოვლენილი იქნა მწვანე წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი. კერძოდ, მოქალაქე შ. ყ.-ს ავტომანქანა „ფორდ ტრანზიტით“ სახ. ნომრით UZU - XXX გადაჰქონდა 97 ერთეული სავარაუდოდ სოჭის ჯიშის ხე-მცენარე. ოქმის თანახმად, მათ მოთხოვნაზე შ. ყ.-მ ვერ წარადგინა აღნიშნული 97 ცალი წიწვოვანი ხის - სავარაუდოდ სოჭის ჯიშის ხე-მცენარეების წარმოშობისა და ტრანსპორტირების დოკუმენტი.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1282-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება (გარდა ამ მუხლის მე-6−მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 და 41 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის ხელის შეშლა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია და სადავოც არ არის ის გარემოება, რომ შ. ყ.-ს მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1282-ე მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მცირემნიშვნელოვან სამართალდარღვევად შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით აკრძალული ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც მართალია შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ ქმედებაში გამოხატული ბრალეულობის ხარისხის, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, მისი გულწრფელი აღიარების საფუძველზე, მიზანშეუწონელს ხდის მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ამოცანებია: ყოველი საქმის გარემოებათა დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამორკვევა, მათი გადაწყვეტა კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით, გამოტანილი დადგენილების აღსრულების უზრუნველყოფა, აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილება, მოქალაქეთა აღზრდა კანონის დაცვის სულისკვეთებით, კანონიერების განმტკიცება.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი გადაცდომა. ყოველი კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში, სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს არსებული სიტუაციის თავისებურება, გადაცდომის ხასიათი და სახდელის შეფარდების პროცესში იხელმძღვანელოს თანაზომიერების პრინციპით, რაც გამოიხატება კანონით დაცულ ინტერესებს შორის ბალანსის დადგენაში.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მკაცრი სახის სახდელის გამოყენება და სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებაზე თავშეკავება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სახდელი ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ ვერ იქნება მიღწეული მიზანი სამართალდამრღვევისათვის შენიშვნის გამოცხადების გზით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სამართალდამრღვევი ადრე მხილებული არ არის ადმინისტრაციულ გადაცდომაში, პირმა აღიარა და დაადასტურა გადაცდომის ჩადენის ფაქტი, ყოველივე აღნიშნული კი სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იძლევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას.

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის არგუმენტებს და მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვისას სწორად გაითვალისწინა, რომ ჩადენილი იყო მცირემნიშვნელობის მქონე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და შესაბამისად, სახდელის შეფარდების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაურღვევია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმები და სახდელი დადებულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 აპრილის №4/2100-15 დადგენილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე, 273-ე, 276, 278-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის ზ. ჩ.-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 აპრილის №4/2100-15 დადგენილება;

3. დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება.