საქმის ნომერი: 330310014586163 (3ბ/180-15
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მერაბ ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №330310014586163 (3ბ/180-15 (2015-04-08), www.temida.ge
საქმის № 330310014586163 (3ბ/180-15

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       08 აპრილი, 2015 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მერაბ ლომიძე

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

აპელანტი (მოსარჩელე) - ფ. მ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - გ. ლ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

წარმომადგენლები - ნ. თ., ა. ჯ.

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება

1.1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ფ. მ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ. მ. 2013 წლის 14 მაისიდან მუშაობდა საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალურ სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე.

2.2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 18 თებერვლის №XX-XX/XX ბრძანებით ფ. მ. დაინიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორის (II კატეგორია) თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით 2014 წლის 18 თებერვლიდან 2014 წლის 18 მაისამდე. (ს.ფ. 53)

2.3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის უფროსმა 2014 წლის 28 აპრილს №XX-XX/XXX მოხსენებითი ბარათით მიმართა იმავე დეპარტამენტის უფროსს და განუმარტა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის სწრაფი რეაგირების განყოფილების სრულფასოვანი მუშაობისათვის აუცილებელი გახდა ორი ოთახის გაერთიანება, რასაც ხელს უშლიდა ამავე სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორი ფ. მ., რომელიც უარს აცხადებდა გასაერთიანებელი ერთ-ერთი ოთახის დატოვებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის გამოყოფილი იყო ადგილი ინსპექტირებისათვის განკუთვნილ ოთახში, არ ემორჩილებოდა მის მოთხოვნას და ითხოვდა ცალკე ოთახის გამოყოფას.

2.4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის უფროსმა მ. ქ.-მ 2014 წლის 15 მაისს №XX-XX/XXX მოხსენებითი ბარათით მიმართა ამავე დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს და განუმარტა, რომ ფ. მ. 2014 წლის 18 თებერვლიდან 2014 წლის 18 მაისამდე გამოსაცდელი ვადით დანიშნული იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე, აღნიშნული პერიოდი მან პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის გათვალისწინებით გაიარა არადამაკმაყოფილებლად.
2.5. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 16 მაისის №XX-XX/XXX ბრძანებით ფ. მ. გათავისუფლდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობიდან 2014 წლის 18 მაისიდან.

2.6. ფ. მ.-მ მისი გათავისუფლების შესახებ მიღებული ბრძანება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაასაჩივრა.

2.7. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 ივლისის №X-XXX ბრძანებით ფ. მ.-ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივ აქტებს.

2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, პირს, რომელსაც მოხელის სამსახურში მიღების უფლება აქვს, შეუძლია მოხელის თანამდებობაზე დანიშვნისას გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს 6 თვისა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან. არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ამ კანონით დადგენილი წესით. იმავე კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე. იმავე კანონის მე-100 მუხლის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების’’ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ს’’ ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს დამოუკიდებლად, გარდა ამ პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეებისა, ასევე საშტატო-ნუსხით გათვალისწინებული ინსპექტორებისა, რომელთა დანიშვნის და გათავისუფლების საკითხს ათანხმებს მთავარ სახელმწიფო ინსპექტორთან. საქალაქო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ მოსარჩელე ფ. მ. დაინიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მთავარი ისნპექტორის (II გატეგორია) თანამდებობაზე სამი თვის გამოსაცდელი ვადით 2014 წლის 18 თებერვლიდან 2014 წლის 18 მაისამდე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის უფროსმა ფ. მ. პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის გათვალისწინებით არადამაკმაყოფილებლად დაახასიათა.

2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ლ” ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტრესების დაცვის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორობასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში. ამასთან, დაუშვებელია სხვა ნებისმიერი ორგანოსა თუ პირის ჩარევა ადმინისტრაციული ორგანოსთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რასაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების შეზღუდვა და აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებაში მისთვის დაბრკოლების შექმნა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს არადამაკმაყოფილებელი დახასიათება ჰქონდა, გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ გაათავისუფლა სამსახურიდან.

2.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებანი. საქალაქო სასამართლოს მითითებით, კანონის აღნიშნული ნორმები ადგენენ მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს გამონაკლის შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ადასტურებს სადავო აქტის დასაბუთებულობას, ხოლო მოსარჩელე ვერ აბათილებს აქტის დასაბუთებას წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით და მასში მოყვანილი ფაქტებით.

2.12. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანხამად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შეთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის დარღვევას. ფ. მ.-ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ ეწინააღნდეგება კანონს, შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 16 მაისის №XX XX/XXX ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის და განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.

2.13. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე ასევე ითხოვს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 ივლისის №X-XXX ბრძანების ბათილად ცნობას. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები. იმავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ და შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 ივლისის №X-XXX ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

3.1. აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა საკითხი, რომელიც ეხებოდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 16 მაისის №XX XX/XXX ბრძანების დასაბუთებულობის ნაწილს, უკანონოდ მიიჩნია ის საკმარისად დასაბუთებულად და შესაბამისად გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

3.2. აპელანტის მითითებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 16 მაისის №XX XX/XXX ბრძანების მატერიალურ საფუძვლად მითითებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51.1 და 53-ე მუხლები, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24.2, 93 და 98.1.ა. მუხლები. ბრძანების პრიამბულა მითითებას აკეთებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 15 მაისის №XX XX/XXX მოხსენებით ბარათზე. აპელანტის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1.1 მუხლის შესაბამისად, „ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების წესებს“. იმავე კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, მოცემული ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებზე, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად. ამდენად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი აქტის გამოცემის დროს ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ, 5.1. მუხლის შესაბამისად, „ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება“. იმავე კოდექსის 5.3. მუხლის გათვალისწინებით, „უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.“ მოცემული აქტის თანახმად, ის წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (სზაკ-ის 51.1 მუხლი), ასევე დასაბუთებაში საუბარია სზაკ-ის 53-ე მუხლზე. მოცემული მუხლის ანალიზის მიხედვით ნათელია, რომ: 1. სახეზეა წერილობით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; 2. დასაბუთება წინ უნდა უძღვოდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას; 3. მასში უნდა მიეთითოს ყველა ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოიცა; 4. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში უნდა მიეთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. 5. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. აპელანტის განმარტებით, მხოლოდ მოცემული მუხლების მითითება აქტში, მისი დასაბუთების ნაწილში საკმარისად ვერ ჩაითვლება, რადგან სწორედ მოცემული ნორმა აწესებს ვალდებულებას, აქტში აისახოს არა მარტო მუხლების და პუნქტების ჩამონათვალი, რომელსაც ეს უკანასკნელი ეფუძნება, არამედ დასაბუთება კონკრეტული გარემოების. მით უფრო, როდესაც სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევა. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სათანადოდ გამოიკვლიოს და შეისწავლოს ყველა გარემოება, ფაქტი ან არგუმენტი, რომელზეც დააფუძნა გამოცემული სამართლებრივი აქტი.

3.3. აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული აქტის გამოცემის დროს ადმინისტრაციული ორგანო სწორედ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა. რადგან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24.2 მუხლის შესაბამისად „გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან. არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ამ კანონით დადგენილი წესით.“ იგივე შესაძლებლობაზე საუბრობს ამავე კანონის 93 და 98.1.ა მუხლები. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების მომენტში ადმინისტრაციული ორგანო იყენებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, და დანაწესს „შესაძლებელია გათავისუფლდეს“ უნდა წყვეტდეს ზაკ-ის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულად. სამართლებრივად დასაბუთებისათვის დამატებით მხედველობაშია მისაღები ზემოთ მოყვანილი ზაკ-ის 53.4 მუხლი. რაც შეეხება ამ ბრძანების პრიამბულაში მითითებას სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 15 მაისის №XX XX/XXX მოხსენებით ბარათზე, აპელანტის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოხსენებითი ბარათის მიხედვით კი არ არის საუბარი იმ კონკრეტულ გარემოებებზე და პირობებზე, იმ უნარ-ჩვევებზე, რომელთა გამოც მოხდა, პირველ რიგში, აპელანტის არადამაკმაყოფილებლად შეფასება და შემდგომ სწორედ ამ მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მისი სამსახურიდან გათავისუფლება. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამსახურის უფროსის ბრძანების შესახებ, კერძოდ: „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს არადამაკმაყოფილებელი დახასიათება ჰქონდა, გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ გაათავისუფლა სამსახურიდან“ არ არის სათანადო მსჯელობა, რადგან დისკრეცია, როგორც ასეთი, თავის თავში არ გულისხმობს განუსაზღვრელი შესაძლებლობის მინიჭებას და არც სასამართლოა შებოჭილი ასეთ შემთხვევაში გამოიკვლიოს საჯარო და კერძო ინტერესთა დაცვის პროპორციულობა, კერძოდ, რამდენად შეესაბამებოდა გამოყენებული ზომა მოცემულ დისკრეციის ფარგლებს, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ისეთი საკითხი, რომელიც ეხებოდა სწორედ კერძო და საჯარო ინტერესთა თანაფარდობას მოცემული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების დროს.

3.4. აპელანტის განმარტებით, საინტერესოა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ, საქმეზე №ბს-44-43(კ-14) უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას შებოჭილია კანონიერების პრინციპით, კონკრეტულად, კანონისმიერი დათქმის პრინციპით, რომელიც, თავის მხრივ, კონსტიტუციაში განმტკიცებულია დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას უნდა გამოიკვლიონ რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები, ოპტიმალური იყო არსებული შესაძლებლობიდან და არა თავად განუსაზღვრონ ორგანოს რამდენიმე ალტერნატიული ღონისძიებიდან რომელი უნდა გამოიყენოს. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება-დასაბუთებულობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე ვრცელდება იმ მასშტაბით, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო გადაწყვეტილებაში გამოყენებულია თუ არა საკითხის გადაწყვეტის ყველაზე მისაღები საშუალება და დასაბუთებულია თუ არა გამოყენებული ღონისძიების ყველაზე მისაღები ხასიათი შესაძლო ალტერნატიულ ღონისძიებებთან შედარებით.“

3.5. აპელანტისათვის გაუგებარია სასამართლოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ „მოცემულ შემთხვევაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ადასტურებს სადავო აქტის დასაბუთებულობას“, სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი არ ყოფილა არცერთი სახის მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა აპელანტის მხრიდან რაიმე სახის დარღვევა-გადაცდომასა ან/და მის მოცემულ თანამდებობასთან შეუსაბამობას. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს გავლილი აქვს კონკურსი, რომელიც თავის თავში მოიცავდა ტესტირების ეტაპს, თეორიული ცოდნის შესამოწმებლად, და გასაუბრებას მისი პიროვნული უნარ-ჩვევების შესაბამისობის დასადგენად. ამასთან მოცემულ სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების განმავლობაში მის მიმართ არ ყოფილა არანაირი სახის პასუხისმგებლობის ზომა გამოყენებული. შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენლის აზრით, შეუძლებელია სათანადო დასაბუთებად ჩათვლილიყო დახასიათება, რომელიც შედგენილია უშუალოდ იმ პირის მიერ, ვინც დახასიათების დაწერის მომდევნო დღეს უკვე გამოსცა ბრძანება აპელანტის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ამასთან, აპელანტის მიერ მოყვანილი იქნა შესაბამისი მტკიცებულება იმისა, რომ სწორედ ბრძანების ავტორი ახორციელებდა ზეწოლას, მოახდინა მისი თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და მოცემულ საკითხზე მიმდინარეობს საქმის გამოკვლევა პროკურატურის ორგანოებში. ამასთან, პროცესის მიმდინარეობისას, არაერთხელ წამოიჭრა საკითხი, მოპასუხე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამსახურის წარმომადგენლის მხრიდან პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილი ანონიმური წერილის თაობაზე, რომლის გაგზავნას მთელი პროცესის განმავლობაში აბრალებდნენ აპელანტს და წარმოაჩენდნენ, რომ ეს იყო რეალური მიზეზი მისი სამსახურიდან გათავისუფლების. აპელანტის წარმომადგენლის განცხადებით, სასამართლოს მხრიდან არც მოცემულ გარემოებას მისცემია სწორი სამართლებრივი შეფასება, პირიქით ეს ყველაფერი ჩაითვალა ბრძანების გამოცემის სათანადო დასაბუთებად.

3.6. აპელანტის განმარტებით, საქმეზე №ბს-301-292(2კ-13) უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ: „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტილებამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ, როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.“

3.7. აპელანტის განმარტებით, მოხსენებით ბარათში მოყვანილ ფაქტები და გარემოებები სიმართლეს არ შეესაბამება. აპელანტისათვის ინსპექტორის მოვალეობები უცხო არ იყო, კონკურსის წესით თანამდებობის დაკავებამდე, 2013 წლის 14 მაისიდან ასრულებდა როგორც მთავარი ინსპექტორის, ასევე სხვადასხვა განყოფილებაში სპეციალისტის მოვალეობას. მთელი ამ ხნის განმავლობაში მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული არც ერთი სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება. ამასთან, წარმატებით გაიარა კონკურსი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მისი კანდიდატურა დასანიშნად წამოაყენა მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე. რის შემდეგაც დაინიშნა კიდეც. არც ბრძანების გამოცემის მომენტში და არც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე რაიმე სახის მტკიცებულება მოხსენებით ბარათში მოყვანილი ფაქტების დასადასტურებლად არ ყოფილა წარმოდგენილი. ზემოთ მოყვანილი გარემოებებიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა თითოეული კონკრეტული გარემოების ირგვლივ, რომელთა გამოც აპელანტი გაშვებულ იქნა სამსახურიდან.

3.8. ზემოთ მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით, აპელანტს მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 16 მაისის №XX XX/XXX ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექს. ის არ არის საკმარისად დასაბუთებული, ფაქტები და გარემოებები, რომელსაც ეყრდნობა არ არის ყოველმხრივ შესწავლილი და გამოკვლეული, ბრძანების გამოცემის ეტაპზე არ მიეცა შესაძლებლობა, როგორც დაინტერესებულ მხარეს, რომელსაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოცემული აქტი, მონაწილეობა მიეღო მისი გამოცემისათვის აუცილებელ წარმოებაში, წარედგინა მისი მოსაზრებები და არგუმენტები მოხსენებით ბარათში მოყვანილ სადაო საკითხებზე.

3.9. აპელანტის განმარტებით, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ 112-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეს უფლება აქვს მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იმავე კოდექსის 127.1 მუხლის გათვალისწინებით, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოს სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც მიღებული იქნა ნაწილობრივ სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

ფაქტობრივი დასაბუთება

4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფ. მ. 2013 წლის 14 მაისიდან მუშაობდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალურ სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე.

4.2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 18 თებერვლის №XX-XX/XX ბრძანებით ფ. მ. დაინიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორის (II კატეგორია) თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით 2014 წლის 18 თებერვლიდან 2014 წლის 18 მაისამდე. (ს.ფ. 53)

4.3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის უფროსმა 2014 წლის 28 აპრილს №XX-XX/XXX მოხსენებითი ბარათით მიმართა იმავე დეპარტამენტის უფროსს და განუმარტა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის სწრაფი რეაგირების განყოფილების სრულფასოვანი მუშაობისათვის აუცილებელი გახდა ორი ოთახის გაერთიანება, რასაც ხელს უშლიდა ამავე სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორი ფ. მ., რომელიც უარს აცხადებდა გასაერთიანებელი ერთ-ერთი ოთახის დატოვებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის გამოყოფილი იყო ადგილი ინსპექტირებისათვის განკუთვნილ ოთახში, არ ემორჩილებოდა მის მოთხოვნას და ითხოვდა ცალკე ოთახის გამოყოფას.

4.4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის უფროსმა მ. ქ.-მ 2014 წლის 15 მაისს №XX-XX/XXX მოხსენებითი ბარათით მიმართა იმავე დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს და განუმარტა, რომ ფ. მ. 2014 წლის 18 თებერვლიდან 2014 წლის 18 მაისამდე გამოსაცდელი ვადით დანიშნული იყო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე, აღნიშნული პერიოდი მან პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის გათვალისწინებით გაიარა არადამაკმაყოფილებლად.

4.5. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 16 მაისის №XX-XX/XXX ბრძანებით ფ. მ. გათავისუფლდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობიდან 2014 წლის 18 მაისიდან.

4.6. ფ. მ.-მ მისი გათავისუფლების შესახებ მიღებული ბრძანება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაასაჩივრა.

4.7. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 ივლისის №X-XXX ბრძანებით ფ. მ.-ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

სამართლებრივი დასაბუთება

4.8. განსახილველ საქმეზე მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს: 1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 16 მაისის №XX-XX/XXX ბრძანება ფ. მ.-ს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; 2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 ივლისის №X-XXX ბრძანება ფ. მ,-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; 3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაევალოს ფ. მ.-ს სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

4.9. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 ივლისის №X-XXX ბრძანება ფ. მ.-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და არსებობს მისი სრულად ბათილად ცნობის საფუძველი.

4.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 ივლისის №X-XXX ბრძანება ფ. მ.-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ კანონს ეწინააღმდეგება, ასევე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს აპელანტის კანონიერ უფლებას და ინტერესებს, რის გამოც არსებობს მისი ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისა და ამ აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

4.11. სააპელაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

4.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 16 მაისის №XX-XX/XXX ბრძანება ფ. მ.-ს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს ამ გარემოებათა ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

4.13. ფ. მ.-ს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 16 მაისის №XX-XX/XXX ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51.1 და 53-ე მუხლები, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24.2, 93 და 98.1.ა. მუხლები. ასევე, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 15 მაისის №XX XX/XXX მოხსენებითი ბარათი. თავის მხრივ, ზემოაღნიშნულ მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ ფ. მ. 2014 წლის 18 თებერვლიდან 2014 წლის 18 მაისამდე დაინიშნა გამოსაცდელი ვადით და აღნიშნული პერიოდი პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის გათვალისწინებით გაიარა არადამაკმაყოფილებლად.

4.14. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, პირს, რომელსაც მოხელის სამსახურში მიღების უფლება აქვს, შეუძლია მოხელის თანამდებობაზე დანიშვნისას გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს 6 თვისა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან. არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ამ კანონით დადგენილი წესით. იმავე კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე. იმავე კანონის მე-100 მუხლის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების’’ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ს’’ ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს დამოუკიდებლად, გარდა ამ პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეებისა, ასევე საშტატო-ნუსხით გათვალისწინებული ინსპექტორებისა, რომელთა დანიშვნის და გათავისუფლების საკითხს ათანხმებს მთავარ სახელმწიფო ინსპექტორთან.

4.15. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აპელანტმა სწორად გააკეთა მითითება უზენაესი სასამართლოს მსჯელობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებასთან დაკავშირებით, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც. უზენაესმა სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტილებამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ, როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. ამდენად, საქართველოს კანომდებლობა ცალსახად მოითხოვს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა იყოს როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი კუთხით სათანადოდ დასაბუთებული. განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელის გათავისუფლება სამსახურიდან მოხდა იმის გამო, რომ მან გამოსაცდელი ვადის პერიოდი პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის გათვალისწინებით გაიარა არადამაკმაყოფილებლად. თუმცა, არც სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაში და არც მოხსენებით ბარათში, რომელიც ამ ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა, არ არის მითითებული, თუ რატომ გაიარა ფ. მ.-მ გამოსაცდელი ვადა არადამაკმაყოფილებლად, რატომ იქნა მიჩნეული მისი პროფესიული ჩვევები, შესაძლებლობები და პირადი თვისებები დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამოდ. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საჯარო მოსამსახურის პროფესიული ჩვევები, შესაძლებლობები და პირადი თვისებები არ შეესებამება მის მიერ დაკავებულ თანამდებობას მაშინ, თუ საჯარო მოსამსახურე ვერ ასრულებს ან არასათანადოდ ასრულებს მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას, თავისი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით არ შეესებამება დაკავებულ თანამდებობას, პირადი თვისებების გამო არ შეუძლია სხვა საჯარო მოსამსახურეებთან ნორმალური ურთიერთობა, ხშირად არღვევს კანონმდებლობისა და შინაგანაწესის მოთხოვნებს და ა.შ. განსახილველ შემთხვევაში სადავო ბრძანება ფ. მ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ისეა გამოცემული, რომ არ არის დასაბუთებული, თუ კონკრეტულად რომელი ფაქტების, გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ მისი პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. შესაბამისად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო ისეთი გარემოება, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი კი ცალსახად მოითხოვს, რომ წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, საქმის გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების დროს კონკრეტულად მიუთითოს იმ ფაქტების, გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ, რომელთა საფუძველზეც მიიჩნია, რომ ფ. მ.-მ გამოსაცდელი ვადა გაიარა არადამაკმაყოფილებლად და მისი პროფესიული ჩვევები, შესაძლებლობები და პირადი თვისებები ჩაითვალა დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამოდ.

4.16. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 28 აპრილის №XX XX/XXX მოხსენებითი ბარათი, სადაც მითითებულია, რომ სამსახურის სრულფასოვანი მუშაობისათვის აუცილებელი გახდა ორი ოთახის გაერთიანება, რასაც ხელს უშლის ამავე სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორი ფ. მ., რომელიც უარს აცხადებს გასაერთიანებელი ერთ-ერთი ოთახის დატოვებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის გამოყოფილია ადგილი ინსპექტირებისათვის განკუთვნილ ოთახში, არ ემორჩილება ოთახის დაცლის შესახებ მოთხოვნას და ითხოვს ცალკე ოთახის გამოყოფას. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ეს მოხსენებითი ბარათი არ არის მითითებული მოსარჩელის სამსახურიდან გათავისფლების შესახებ ბრძანებაში, მაგრამ როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან და საქმის სხვა მასალებიდან ირკვევა, ფ. მ.-ს სამსახურიდან გათავისფლების საფუძველი გახდა სწორედ ის გარემოება, რომ იგი არ დაემორჩილა მოთხოვნას მის მიერ დაკავებული ოთახის დატოვებისა და სხვა სამუშაო ოთახში გადასვლის შესახებ. ამასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ ასეთ დაუმორჩილებლობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და იგი გადავიდა სხვა სამუშაო ოთახში სამუშაოდ, უბრალოდ, ითხოვდა ისეთ სამუშაო ოთახს, სადაც ელემენტარული სამუშაო პირობები ექნებოდა. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციულ წარმოებაში მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებითა და შესაძლებლობებით. კერძოდ, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. უფრო მეტიც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები ვერ ასაბუთებენ და სასამართლოში არ წარმოუდგენიათ უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ფ. მ.-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობას ოთახის დატოვებასთან და სხვა სამუშაო ოთახში გადასვლასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სამუშაო ოთახის დაცლის სანაცვლოდ სხვა სამუშაო ოთახში გადასვლის შემთხვევაში საჯარო მოხელის მოთხოვნა ახალ ოთახში ელემენტარული სამუშაო პირობების შესახებ, არ წარმოადგენს კანონის მოთხოვნათა დარღვევას და შესაბამისად, დისციპლინურ გადაცდომას, მით უფრო ისეთს, რომელსაც შეიძლება საჯარო მოხელის პირდაპირ სამსახურიდან განთავისუფლება მოჰყვეს.

4.17. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ლ” ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. იმავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, ადმინისტრაციულ ორგანოს გარკვეული საკითხების გადაწყვეტის დროს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება ანუ თავისუფლება კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თუმცა, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ევალება კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვა, კერძოდ, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება უნდა მოხდეს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონით დადგენილ ფარგლებში, მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს, დაუშვებელი დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების დროს ისეთი აქტის გამოცემა, რომლითაც პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ასევე, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დისკრეციული უფლებამოსილებაზე მსჯელობისას აპელანტმა სწორად გააკეთა მითითება უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც, კერძოდ, უზენაესმა სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ „ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას შებოჭილია კანონიერების პრინციპით, კონკრეტულად, კანონისმიერი დათქმის პრინციპით, რომელიც, თავის მხრივ, კონსტიტუციაში განმტკიცებულია დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას უნდა გამოიკვლიონ რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები, ოპტიმალური იყო არსებული შესაძლებლობიდან და არა თავად განუსაზღვრონ ორგანოს რამდენიმე ალტერნატიული ღონისძიებიდან რომელი უნდა გამოიყენოს. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება-დასაბუთებულობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე ვრცელდება იმ მასშტაბით, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო გადაწყვეტილებაში გამოყენებულია თუ არა საკითხის გადაწყვეტის ყველაზე მისაღები საშუალება და დასაბუთებულია თუ არა გამოყენებული ღონისძიების ყველაზე მისაღები ხასიათი შესაძლო ალტერნატიულ ღონისძიებებთან შედარებით.“ სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩაითვლება, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა დისციპლინურ გადაცდომას, მაინც საკმარისად არ არის დასაბუთებული, თუ რატომ იყო აუცილებელი მისი პირდაპირ სამსახურიდან გათავისფლება და არა სხვა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება, მით უფრო მაშინ, როდესაც მას მანამდე საჯარო სამსახურში საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობის პერიოდში (როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა) არანაირი დისციპლინური სახდელი არ ჰქონია შეფარდებული და მისივე მითითებით, წარმატებით გაიარა კონკურსი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მისი კანდიდატურა დასანიშნად წამოაყენა მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე.

4.18. სააპელაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხიმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა. ხოლო, მე-3 პუნქტის მიხედვით, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორანოების მიერ არ არის დასაბუთებული, მოსარჩელის მხრიდან კიდევაც რომ ჰქონოდა ადგილი დისციპლინურ გადაცდომას, რატომ მოხდა მისი პირდაპირ სამსახურიდან გათავისუფლება და არ შეეფარდა სხვა ნებისმიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა იმ პირობებში, როდესაც მას მანამდე არანაირი დისციპლინური სახდელი არ ჰქონია შეფარდებული. ასევე, არ არის დასაბუთებული, მოსარჩელის ქმედება - სამუშაო ოთახის გამონთავისუფლებაზე დროებით უარის თქმა რატომ წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევას და მისი ქმედებით რა არსებითი ზიანი მიადგა სამსახურის ინტერესებს. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის უმაღლეს, უკიდურეს ზომას, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ მაშინ, თუ საჯარო მოხელე სისტემატურად არღვევს მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას ან/და მისი მხრიდან დისციპლინური გადაცდომა გამოიხატება ისეთ უხეში ხასიათის ქმედებაში, რაც შეუძლებელს ხდის მის საჯარო სამსახურში შემდგომი მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახალი შესწავლის დროს უნდა იმსჯელოს იმის თაობაზეც, ფ. მ.-ს მიერ სამსახურებრივი ოთახის დატოვებაზე უარი (ასეთს რომც ჰქონოდა ადგილი), რატომ წარმოადგენს მისი მხრიდან ისეთი უხეში ხასიათის ქმედებას, რაც შეუძლებელს ხდის მის საჯარო სამსახურში შემდგომი მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას.

4.19. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ, ვინაიდან ფ. მ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებების ხელახალი შესწავლა და გამოკვლევა, ამიტომ ამ ეტაპზე არ არსებობს სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ფ. მ.-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ფ. მ.-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 ივლისის №XX-XXX ბრძანება ფ. მ.-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 16 მაისის №XX-XX/XXX ბრძანებით ფ. მ.-ს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში იმავე საკითხზე გამოსცეს ახალი დასაბუთებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ფ. მ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ფ. მ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 ივლისის №X-XXX ბრძანება ფ. მ.-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
5. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 16 მაისის №XX-XX/XXX ბრძანებით ფ. მ.-ს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში იმავე საკითხზე გამოსცეს ახალი დასაბუთებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
6. მოსარჩელეს უარი ეთქვას სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;
7. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.